- შენც ნუ გამიხვრიტე ტვინი. მიდი, დროზე ჩაიცვი და გავიდეთ, თორემ დაღამდა. სადმე მოვსხდეთ.
წამებში გავემზადე. მებო ჩემებს დაემშვიდობა, კვირას გამოგივლითო, მამას შეჰპირდა და ჰოლისკენ დავიძარით.
- შენებიც წამოიყვანე, რამდენი ხანია, გენრისთან ნარდი არ გამიგორებია! - დააწია მამამ, სანამ გავიდოდით.
- აუცილებლად! - ხელი დაუქნია მებომ.
ჩავსხედით თუ არა მანქანაში, ეგრევე მკითხა:
- შენი პირადი ცხოვრების ამბები როგორაა, ნენე?
ჩავიფხუკუნე.
- როგორც შენი. განა დღეს ვინმეს აქვს პირადი ცხოვრება?
- ის ხისთავიანი თალაკვაძე კიდევ გიყვარს?
გაოცებისგან თვალები წარბებზე ამიხტა.
- შენ საიდან იცი? - ამის შესახებ არავინ იცოდა, გარდა საშკასი. იმასაც იმიტომ მოვუყევი, რომ, უბრალოდ, სხვა არჩევანი არ მქონდა. ელომ და ეთომაც იცოდნენ, მაგრამ მებოს მათთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია.
- მივხვდი. დედაჩემმა მითხრა, სამსახურიდან წამოვიდა და იქ დაბრუნებას არ აპირებსო. ეს კი, ჩემი აზრით, რაღაცნაირად უფროსთანაა დაკავშირებული, სხვა ვარიანტი არ არსებობს. შენ ზედმეტად მიეჩვიე საკუთარ საქმეს, იმაზე მეტს აკეთებდი, ვიდრე გევალებოდა. ამასთან, კარგად გამოგდიოდა, კარიერა გეჭყანებოდა, არა მგონია, რამე შეცდომა დაგეშვა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი ვარაუდი მართალია.
პასუხი არ გამიცია.
მებომ გულთან ახლოს მიიტანა ჩემი სიტუაცია და ალერსიანად მკითხა:
- მაგრა ცუდად ხარ, არა? კიდევ გაწუხებს ეს ამბავი?
მინდოდა სიამაყით განმეცხადებინა, ერთი მაგის დედაც, აღარც კი მახსოვს-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე, ხელოვნურად არ გამომივიდეს-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ დიდად მართლა აღარ განვიცდიდი, ამიტომ მშვიდად მივუგე:
- ყველაფერი დამთავრდა.
ამდენი წელი ვფიქრობდი, რომ რეზი მიყვარდა და მხოლოდ ახლა ვეკითხებოდი ჩემს თავს, იყო თუ არა ეს გრძნობა სიყვარული. მართლა მიყვარდა თუ, უბრალოდ, მივეჩვიე ამ თავაზიან, ჭკვიან მამაკაცს და ამიტომაც იწვევდა ჩემში აღფრთოვანებას?
- შენ რას აპირებ? ცირასთან შერიგება არ გიცდია? - მისთვის მტკივნეულ თემას ახლაღა შევეხე. მეც მტკენდა გულს მისი შეუმდგარი ცხოვრება. ჩემი დეიდაშვილი ძალიან მიყვარდა, ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით და ღვიძლ და-ძმასავით ვიზრდებოდით, - მართალია, თქვენი ქორწინება იდეალურისგან ყოველთვის შორს იდგა, მაგრამ…
- შორს იდგა კი არა, საშინელება იყო. ექვს თვეზე მეტია, არ მინახავს. მე კი მინდა დაბრუნდეს, მაგრამ რაც ერთად არ ვართ, მივხვდი, რომ არ ღირს მისი კუდში დევნა, - თანაგრძნობის ნიშნად ხელზე შევეხე, მან კი გამიღიმა, - არა უშავს, ზღვაში კიდევ უამრავი თევზია. ერთხელაც ისევ გადავისვრი ანკესს. მაგის დროც მოვა. - მხიარული ტონით დაამატა, - შენს კლასელებთან ისევ ურთიერთობ?
- ბოლო დროს არც ისე ხშირად, როგორც ადრე.
- არ დაკარგო ისინი, კარგი გოგოები არიან.
ერთმანეთს გავუღიმეთ და როგორც კი მანქანა გაჩერდა, თითქმის ერთდროულად გადავედით…
სასიამოვნო იყო მებოს გვერდით დროის გატარება. კარგი მეგობრები ჰყავდა, მათთან თავს მუდამ ხალისიანად ვგრძნობდი, ნებისმიერ თემაზე შეგვეძლო გვესაუბრა და გვეკამათა კიდევაც. გვიან ავიშალეთ. როცა უკან ვბრუნდებოდით, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანს დავყავით ერთად, არ მახსოვდა, რაზე ვსაუბრობდით.
- აღარ აგაცილებ, - მითხრა დეიდაშვილმა, კორპუსთან რომ მიმიყვანა, - კვირას კი ყველა ვარიანტში ამოვალთ სამივე. ვნახოთ. დაგირეკავ.
ხელი დავუქნიე და სადარბაზოში შევედი.
ბინაში შესულს ესმა შემომეგება, რომელსაც საშინელი გაღიზიანება ეხატა სახეზე.
უკვე აღარ შეიძლებოდა მეტის მოთმენა. ბინა უნდა მომეძებნა. ისე ვიყავი სამსახურში დაკავებული, ამისთვის ვეღარ ვიცლიდი. ამიტომ გადავწყვიტე, რომელიმე სააგენტოსთვის მიმემართა.
ხვალ დავრეკავ-მეთქი, მტკიცედ გადავწყვიტე, მაგრამ მეორე დღეს დილიდან ჯერ სახლის დალაგებას მოვუნდი, მერე ბაზარში ბოდიალს, რათა კვირისთვის კარგი სადილი მომემზადებინა და დეიდაჩემის ოჯახს სათანადოდ დავხვედროდი.
როგორ მიხაროდა მათი სტუმრობა. თავი არ დავზოგე. სულ ნაირ-ნაირი კერძებით გავავსე სუფრა. სტუმრებს მე და მამაჩემი შევეგებეთ. ნუცის ხელში რაღაც საქაღალდე ეჭირა, რამაც გამაკვირვა. როდის იყო სტუმრად სამსახურის საქმეებით დადიოდა?
ესმაც თბილად შეხვდა ქმრის ყოფილ ნათესავებს, თუმცა შეეძლო ასე არ მოქცეულიყო. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ გიორგის ყოფილი ცოლის ოჯახის წევრები იყვნენ. გენრიმ ხელზე აკოცა ჩემს დედინაცვალს და კომპლიმენტიც უთხრა, არაჩვეულებრივად გამოიყურებითო, რაზეც ესმა გაიბადრა.
ვახშმის შემდეგ ყავა დავლიეთ. მერე ესმამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და თავის ოთახს მიაშურა ბოდიშის მოხდით, უნდა წამოვწვე, თორემ ამ შაკიკმა ხელში შემიკლაო. კაცები ნარდის სათამაშოდ მიუსხდნენ მაგიდას, მე და ნუცი კი აივანზე გავედით.
- ნენე, - ყოყმანით წამოიწყო დეიდაჩემმა, როცა მარტონი დავრჩით, - შენი დახმარება მჭირდება.
მისმა მორიდებულმა ტონმა, ცოტა არ იყოს, გამაოცა. ნეტავ რაში ვჭირდები, ასე რომ უჭირს ახსნა?
- მითხარი, ნუცი, რა პრობლემაა, თუკი შემიძლია.
- ოჰ… არ მითხრა. მოხსენება მქონდა დასაბეჭდი და დამაღალატეს.
შეხვედრაზე სიტყვით უნდა გამოვიდე. ახალი პროექტი მაქვს, რაც უნდა დავამტკიცოთ და მერე გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ. ჰოდა, ჩემმა თანაშემწემ მითხრა, არანაირი პრობლემა არ გექნებაო. მაგრამ დამირეკა ამ დილით, კოვიდი მაქვს და ვეღარ დავბეჭდავო. მერე სხვა თანამშრომელს მივეცი, იმან კი ისე აურია ყველაფერი, ნუ იტყვი. რაც დაბეჭდა, ისიც კი არ შეინახა კომპიუტერში, მთლიანად წაეშალა.
- დაგეხმარები, ადამიანო, რა ბოდიშებით მელაპარაკები. როდისთვის გინდა?
- ხვალ დილით მზად უნდა მქონდეს.
- ააა. ბევრია?
- საკმაოდ. შეძლებ? თან ხელნაწერიდან მოგიწევს ბეჭდვა.
- არაა პრობლემა. გაგიკეთებ, - შევპირდი, - ცხრისთვის გაწყობს?
- კი, როგორ არა. ცუდი დეიდა ვარ, ხომ?
- კარგი რა, ეგრე ნუ ამბობ. ხომ იცი, მწყინს.. შენ რამდენჯერ დამხმარებიხარ, როცა გამჭირვებია. - ვუთხარი, თან იმაზე ვფიქრობდი, ძილისთვის დრო დამრჩებოდა თუ არა.
რა თქმა უნდა, სანამ სტუმრები არ წავიდოდნენ, მუშაობას ვერ დავიწყებდი. ამან კი დრო წაიღო, რადგან ნარდის თამაში გვიანობამდე გაგრძელდა.
მერე ჩემები გავაცილე, მაგრამ სანამ სუფრა ავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და იქაურობა მივალაგე, შუაღამეც დადგა. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიცალე და ლეპტოპს მივუჯექი. კინაღამ გული შემიღონდა, ნაწერს რომ გადავხედე. გარდა იმისა, რომ უზარმაზარი იყო, ზოგ ადგილას ხელნაწერის გარჩევაც გამიჭირდებოდა.
სხვა გზა არ მქონდა, საქმეს უნდა შევდგომოდი…
ხუთი ხდებოდა, ბეჭდვას რომ მოვრჩი. მერე გადავიკითხე, შეცდომები არ გაიპაროს-მეთქი და ბოლოს გაგზავნა დავაპირე, მაგრამ აღმოვაჩინე - ინტერნეტი გათიშულიყო. გამახსენდა, რომ ამ თვის ფული არ მქონდა გადახდილი, თუმცა ახლა ვეღარაფერს ვუშველიდი. დილით მე თვითონ უნდა გამეტანა ფლეში ნუცისთვის სამსახურში, რათა ამობეჭდვა მოესწრო.
ასე რომ, ზუსტად ექვს საათზე დავწექი დასაძინებლად, თან "შინაგანი მაღვიძარაც" ჩავრთე - თავს ჩავაგონე, რომ დილით რვის ნახევარზე გამღვიძებოდა.
ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა, ნუცისთან რომ შევირბინე. მოკლედ მოვუყევი, რაც დამემართა და ფლეში დავუტოვე, სამსახურში კი დამაგვიანდა.
ქეთი არ იყო მოსული. ალბათ, ისევ ცუდად იყო, რახან არ მოვიდა. არც მე ვგრძნობდი თავს კარგად, ღამენათევს თავი მიყანყალებდა და თვალის უპეებიც შემშუპებოდა.
როგორც კი დავჯექი, საშკას კაბინეტი კარი გაიღო:
- როგორც ჩანს, დასვენების დღეები კარგად გაგიტარებია. - თითქოს ირონია გაურია ხმაში.
ალბათ, ფიქრობს, რომ მებოსთან ერთად მთელი ღამე "ვიკუნტრუშე". ხა-ხა-ხა!
- თანაც როგორ! - ნიშნის მოგებით მივუგე და კმაყოფილი ღიმილი გადავიფინე ტუჩებზე.
შუბლი შეიკრა:
- ჰაჰ! რა სწრაფად დაგივიწყებია თალაკვაძე!
- მერედა, ვინ გითხრა, რომ დავივიწყე? - ავიძაგრე.
არადა, მართალი იყო, მე ის, ფაქტობრივად, არც მახსოვდა.
- ფჰჰჰ, - ცხენივით დაიფრუტუნა ჩემმა ბოსმა და თაბახის ორი ფურცელი მაგიდაზე დამიდო, სასწრაფოდ მჭირდება ეგ ტექსტი და ამიკრიფეო.
ქეთი ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა. ისიც ისევე გასავათებულად გამოიყურებოდა, როგორც მე, მაგრამ მაჭავარიანმა მის მიმართ მეტი ლმობიერება გამოიჩინა.
რატომღაც, მთელი დილა საშკას კაბინეტის კარი ღია იყო. არ ვიცი, რატომ დატოვა. ადრე ასეთი რამ არ გაუკეთებია. სულაც არ მინდოდა ჩემთვის ეყურებინა, მით უფრო, ამ მდგომარეობაში, მაგრამ თავზევით ძალა არ იყო. მე კარს ვერ მივხურავდი, თუ თვითონ არ მოისურვებდა. არადა, წარამარა მამთქნარებდა. როგორც ჩანს, ბოლოს მანაც შეამჩნია, "რა დღეშიც" ვიყავი, წამოდგა და კარი თვითონ მიხურა.
რამდენიმე დღეში კვლავ აღვიდგინე წონასწორობა. ჩემს საქმეს გულმოდგინედ ვაკეთებდი და საშკას საყვედურის მიზეზს აღარ ვაძლევდი. იმასაც გამოუკეთდა ხასიათი, რაც, ალბათ, თავისი "ახალი ვარსკვლავის", მე ასე მოვნათლე მისი ქალები, გააქტიურებით თუ აიხსნებოდა. ლიზი ტალახაძე გამუდმებით ურეკავდა, მოსვენებას არ აძლევდა. ისიც დაუზარებლად პასუხობდა მის ყოველ ზარს, ოღონდ დიდხანს არასდროს ესაუბრებოდა.
ის კვირა ერთობ დამღლელი აღმოჩნდა და შვებით ამოვისუნთქე, როცა პარასკევი გათენდა. წინ გამოსასვლელი დღეები მელოდა. როგორმე უნდა მეცადა, კარგად დამესვენა.
არჩევანი მქონდა - ან გოგოებთან გავიდოდი, ან მებოსთან ერთად გავივლიდი სადმე. შეიძლება ორივე ვარიანტი მომესწრო, ვინ დამიშლიდა?
თუმცა პარასკევი ცუდად დაიწყო. შესვენების დრომ რომ მოაწია, ქეთი ბუფეტში ჩავიდა, მჭადს და ყველს ამოვიტან, რატომღაც მომინდაო. მაინცდამაინც არ მშიოდა, ამიტომ საქმე გავაგრძელე. თუ რამეა, უცებ ჩავირბენდი მერე ბუფეტში და ხაჭაპურს მაინც ამოვიტანდი.
საქმეში გართულს კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი დამადგა თავს, ავთო მელაძე. სიმპათიური მამაკაცი იყო, სასიამოვნო ხმა ჰქონდა. მასზე ამბობდნენ, მესამე ცოლი ჰყავს და თავს მაინც უბედურად გრძნობსო.
- როგორ მიდის საქმეები? - ღიმილით მკითხა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა.
- ფანტასტიკურად, - მეც ღიმილით მივუგე და ავხედე.
- კარგია. უფროსს როგორ შეეწყვე?
- ზეფანტასტიკურად, - კიდევ ერთხელ შევაფრქვიე ჩემი ატმის ყვავილივით სურნელოვანი ღიმილი.
- ვაუ! მიხარია, რომ ასე მორგებიხარ სიტუაციას. ეს ყველას კი არ გამოსდის. არ გინდა საღამოს გავისეირნოთ?
ტუჩები დავბრიცე.
- არაა.
გაგრძელება იქნება