მუყაოს ფრთები - თავი 18 - Marao

მუყაოს ფრთები - თავი 18

2022-08-16 11:13:37+04:00


წინა თავი

ზღვასთანაც კი ვერ მივედი ახლოს, არათუ საშკასთან… ტყუილად წავიღე საცურაო კოსტიუმები… თანაც ერთი კი არა, ორი…

შინ მისულს სიურპრიზი დამხვდა. ესმას ახალი მოსამსახურე აეყვანა. დაახლოებით ჩემი დედინაცვლის ასაკის იქნებოდა და გარეგნობითაც რაღაცით ჰგავდა მას. გავიფიქრე, ესენი დაჭამენ ერთმანეთს-მეთქი. აბა, წარმოიდგინეთ მეორე ესმასნარი _ რომელი არჩევდა დათმობას?

თუმცა მისმა გამოჩენამ გვარიანად შემიმსუბუქა ყოფა. ახლა მე აღარაფერი მქონდა გასაკეთებელი, ყველაფერს ბროლია აკეთებდა. ასე ერქვა `მეორე ესმას~.

ამიტომაც შაბათი მთლიანად გამომითავისუფლდა. ჩემს ჩანაწერებს ჩავუჯექი. ყველაფერი უნდა მომეწესრიგებინა, ხელახლა დამებეჭდა და ორშაბათს საშკასთვის მიმეტანა. თუ ისევ `გრძელი ცხვირით~ დამხვდებოდა, აუცილებლად ვკითხავდი მიზეზს და `საქმესაც გავურჩევდი~. სწორედ სამსახურის საქმით ვიყავი დაკავებული, დეიდაჩემმა რომ დამირეკა.

_ საღამოს რა გეგმები გაქვს? _ მკითხა მოკითხვის შემდეგ, _ უკვე ვიცი, რომ საოჯახო საქმეებით აღარ ხარ დაკავებული, _ და გაიცინა.

_ ვაა, საიდან იცი? _ გამიკვირდა.

_ მე გამოვუგზავნე ბროლია შენს დედინაცვალს. შთამაგონებელი ქალია, ძალიან მოუხდება ესმას. _ ახლა უფრო გულიანად გაიცინა.

_ გამოუსწორებელი ხარ, ნუცი, _ მეც ვერ შევიკავე თავი და ავფხუკუნდი.

_ ნენე, მჭირდები. დარხეული მაქვს და უნდა მიშველო.

_ რა მოხდა? რა გაგიკეთო? შემიძლია რამე?

_ შეგიძლია. საღამოს საქმიანი ვახშამი მყავს და დამხმარე მჭირდება. სულ რამდენიმე საათით. ასე უცებ ვერავინ ვიშოვე, თანაც ბევრის გადახდის თავიც არა მაქვს. _ თქვა და გაჩუმდა.

ღმერთო! რაღა მაინცდამაინც დღეს! თავზე მაყრია ჩემი საქმე! მაგრამ ნუცის უარს ვერ ვეტყოდი. მიყვარდა დეიდაჩემი და იმხელა ამაგი ჰქონდა ჩემზე, ვალდებულიც კი ვიყავი, გაჭირვების ჟამს დავხმარებოდი. ასე რომ, არჩევანი არ მქონდა.

_ რა კერძები უნდა მოვამზადო?

_ გაგიჟდი? ყველაფერი მოგვარებულია მაგ მხრივ, მზარეულობას კი არ გთხოვ ან ოფიციანტობას. უბრალოდ, სტუმრები უნდა მიიღო. `ნაითოტელში~ გვაქვს მიღება და ადამიანი მჭირდება, ვინც სტუმრებს კართან დახვდება და შემოიპატიჟებს, ეგ არის და ეგ. სიმართლე რომ გითხრა, არც უცხო მინდა ვინმე დავაყენო, თან ლამაზი და მიმზიდველი ადამიანი მჭირდება. ამიტომ გთხოვ. თანაც ბევრი უცხოელი იქნება, შენ კი იმდენი ენა იცი, მეც თავს მოვიწონებ.

_ ვაა, ასე შორს წავიდა შენი დასაქმების ბიურო?

_ ეგ არ არის დასაქმების ბიუროს ვახშამი, სხვა რამეა, მერე აგიხსნი. ახალ ბიზნესს ვიწყებ, პრეზენტაცია მაქვს.

_ ოოო, ეგ სხვა საქმეა. კარგი, მოვალ. რომელ საათზე?

მითხრა, რომელ საათზე და სად, თუმცა `ნაითოტელის~ მისამართი ისედაც ვიცოდი ჩემი ორივე შეფის `დამსახურებით~. ადრეც მქონია შეხება იქაურობასთან და არა ერთხელ და ორჯერ.

სულაც არ მხიბლავდა ეს საღამო, მაგრამ დეიდას ვერ გავაწბილებდი. ბოლოს და ბოლოს, მან მიშოვა დროებითი სამსახური, როცა ძალიან მიჭირდა და მისი გამოისობით გავიცანი საშკა მაჭავარიანი. ის რომ არა, საშკას ვერასდროს შევხვდებოდი. მამაკაცის გახსენებამ ისევ დამასევდიანა. მეუცნაურა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი მასზე.

ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ჩემი მობილური ისევ ახმიანდა. ნუცი მეგონა და არც დამიხედავს, ისე დავაჭირე მწვანე ღილაკს, თან კომპიუტერში ვწერდი.

_ ალო!

საშკა აღმოჩნდა. გულმა მოღალატური დარტყმა განახორციელა. ზაფრა მეცა მისი ხმის გაგონებაზე.

_ სასწრაფოდ მჭირდები. ჩემთან უნდა გამოხვიდე! _ ყოველგვარი შესავლის გარეშე დამაჯახა.

სად შენთან-მეთქი, უნდა მეკითხა, მაგრამ დამასწრო:

_ ჩემთან, სახლში!

_ რა ხდება?

_ მოხვალ და გაიგებ. რაც შეიძლება სწრაფად, გთხოვ! დრო არ ითმენს!

_ ვეცდები.

_ რამდენ ხანში გამოხვალ? ტაქსი გამოგიძახო?

_ არა, ჩემი მანქანით გამოვალ.

_ ა, შენ ხომ მანქანა გყავს. კარგი, მაშინ გელოდები.

_ დიდი ხნის საქმე მექნება?

_ ეს შენზეა დამოკიდებული. დროს ნუ კარგავ. მართლა ძალიან მეჩქარება.

_ კარგი, ჩავიცვამ და წამოვალ. მაქსიმუმ ნახევარ საათში იქ ვიქნები.

საშკა ნუცუბიძეზე ცხოვრობდა, კერძო სახლში. მართალია, არასდროს ვყოფილვარ მასთან, მაგრამ მისამართი ვიცოდი. ყველა საბუთი ჩემს ხელში გადიოდა და ეგ გამომეპარებოდა? მისი პირადი საქმე ლამის დაზეპირებული მქონდა.

_ მისამართი იცი?

შევცბი. არ მინდოდა მეთქვა, ვიცი-მეთქი, ამიტომ დაყოვნებლივ მივუგე:

_ იმედია, მეტყვი.

_ მობილურზე მოგწერ! – მოკლედ მომიჭრა და გამითიშა.

მაშინვე ნუცის გადავურეკე, ავუხსენი, რაც მოხდა და შევპირდი, ვეცდები, არ დავაგვიანო-მეთქი.

მგონი, გაუტყდა, მაგრამ რას გავაწყობდი, თავზევით ძალა არ იყო, უფროსი მიბარებდა.

წავედი. ტანსაცმელი, რომელიც საღამოს უნდა ჩამეცვა, მაინც ჩავდე მანქანაში, ვინიცობაა, შინ დაბრუნება და გამოცვლა ვერ მოვასწრო-მეთქი.

უკვე ოთხი საათი ხდებოდა. შვიდზე კი სასტუმროში უნდა ვყოფილიყავი, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ საშკას რვა საათზე მაგიდა ჰქონდა რესტორაში შეკვეთილი და დიდხანს არ დამაყოვნებდა.

ზარი როგორც კი დავრეკე, მაშინვე გამიღო და შინ შემიძღვა.

_ ყავას დალევ? _ მკითხა, სანამ კაბინეტამდე მიმაცილებდა.

_ არა, მადლობა, უკვე დავლიე.

_ სხვა არაფერი მაქვს, რომ შემოგთავაზო.

_ არცაა საჭირო. მირჩევნია, დროზე შევუდგე საქმეს, მეჩქარება მეც.

_ სად, პაემანზე?

_ ჰო. რა, არ შეიძლება?

ნაბიჯი არ შეუნებელია, მხოლოდ თავი მოაბრუნა წინ მიმავალმა:

_ შენთვის ყველაფერი შეიძლება, _ და კაბინეტის კარი შეაღო.

დიდი და ნათელი კაბინეტი ჰქონდა, იმაზე ნათელი, ვიდრე ოფისში.

მაგიდას მიუახლოვდა და თაბახის ფურცლები აიღო.

_ აი, ეს უნდა მითარგმნო იტალიურად და ლეპტოპში ამიკრიფო. დღესვე მაქვს გასაგზავნი.

კინაღამ წამომცდა, აქამდე სად იყავი-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. თუმცა უკმაყოფილება სახეზე შემეტყო.

_ ვიცი, რომ დღეს ისვენებ და შენი შეწუხების უფლება არ მქონდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. ნუ გეშინია, დამატებითი სამუშაოსთვის პრემიას გამოგიწერ.

_ არაა საჭირო, უმაგისოდაც გავაკეთებ, _ ჩავიბუზღუნე და ტექსტს ჩავხედე.

ჩვეულებრივი ხელშეკრულების ტექსტი იყო, თარგმნას და აკრეფას დიდი დრო არ უნდა დასჭირდებოდა.

_ აგერ ლეპტოპი, ეგერ მასალა. მე გჭირდები რამეში? _ გულგრილად მკითხა.

_ არაფერში, _ გულგრილადვე ვუპასუხე და მის სავარძელში მყუდროდ მოვკალათდი.

ორ საათზე მეტხანს მოვუნდი საქმის დასრულებას. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შემოიხედა, რამე ხომ არ გჭირდებაო და როცა ჩემგან უარი მიიღო, ისევ გავიდა.

ვთარგმნე თუ არა, მაშინვე ბეჭდვას შევუდექი. ნახევარი საათი და ცოტა მეტი ამანაც წაიღო. როგორც იქნა, მოვრჩი. მობილურს დავხედე, შვიდი უკვე გამხდარიყო. ხელშეკრულება ლეპტოპის გვერდით დავდე და გამოვედი.

საიდანღაც ზუზუნის ხმა ისმოდა. იმ ხმას მივყევი და სააბაზანოს მივადექი. საშკა წვერს იპარსავდა. სარესტორნოდ ემზადებოდა ბიჭი!

_ მოვრჩი და გავიქეცი. _ ვუთხარი, როგორც კი წვერის საპარსი გამორთო.

_ ყველაფერი რიგზეა?

_ როგორც ყოველთვის. _ ჯიბრიანად მივუგე.

_ მოიცა, გაგაცილებ.

_ არ მინდა, მეჩქარება. ნახვამდის, _ დავემშვიდობე და ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე.

რვას ოცი წუთი აკლდა, როცა ნუცისთან მივედი. გაუხარდა ჩემი დანახვა.

_ ძალიან დავაგვიანე?

_ არა, არა, ეს რა არის?

ახლაღა გავაცნობიერე, რომ ტანსაცმელი, რომლის ჩაცმასაც ვაპირებდი, ხელში მეჭირა.

_ უი, ეს უნდა ჩავიცვა.

_ იქით არის გასახდელი ოთახი, _ ხელით მანიშნა, _ არ იჩქარო, მიღება რვაზე იწყება.

თავი დავუქნიე და იქით გავეშურე, საითაც მიმანიშნა. სწრაფად გამოვიცვალე, თმა გადავივარცხნე და სარკეში ჩავიხედე. არა უშავს, ცუდად არ გამოვიყურებოდი. ყოველ შემთხვევაში, მის სტუმრებს არ დავაფრთხობდი.

ათ წუთში უკვე კართან ვიდექი სტუმრების მოლოდინში. ცოტას კი ვღელავდი, მაგრამ ვცდილობდი, თავი მომეთოკა. ასეთ სიტუაციაში პირველად არ ვიყავი, რეზის დროსაც ბევრჯერ შემისრულებია ამგვარი მოვალეობა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, აქ არავის ვიცნობდი და არც ის ვიცოდი, სტუმრები ვინ იქნებოდნენ.

ყველას ღიმილით ვხვდებოდი, ვესალმებოდი და ვეუბნებოდი, საით წასულიყვნენ. ჩემს მოვალეობაში მხოლოდ ეს შედიოდა. თავისუფალ დროს ნუცის მივაჭრიდი, ხომ არაფერი მეშლება, ხომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ-მეთქი, ვეკითხებოდი. ასე გავრბი-გამოვრბოდი. ამასობაში ისიც გავარკვიე, რომ დეიდაჩემი საქველმოქმედო ფონდს ხსნიდა მარტოხელა დედებისთვის. გამეღიმა. ფულის იოლად შოვნის კარგი მიგნება იყო. ნუცის ასეთი რამეები არ ეშლებოდა.

_ მებო არ მოვა?

_ რას გაიგებ. შემპირდა, მოვალო, მაგრამ ვიცი? გენრიც იგვიანებს. მოვკლავ ორივეს! _ `წაიბობოქრა~ თავისებურად და დაყენებული ღიმილით მორიგ სტუმარს ჩემთან ერთად შეეგება.

`მორიგი სტურის~ დანახვაზე პირკატა მეცა. იგი, არც მეტი, არც ნაკლები, საშკა მაჭავარიანი აღმოჩნდა. ჩემზე არანაკლებ გაოცებული ისე დაიბნა, წესიერად ვერც მიესალმა ნუცის. ხან მას შეხედავდა, ხან მე.

როგორც იქნა, დეიდაჩემმა ხელკავი გამოსდო და თან გაიყოლა, მე კი შემდეგი სტუმრის მისაღებად მოვემზადე.

კი მაგრამ, აქ რა უნდა? ის ხომ რესტორანში უნდა ყოფილიყო? განა მე არ შევუკვეთე ორ კაცზე მაგიდა? გუნება წამიხდა. სულაც არ მინდოდა აქ ვენახე, თანაც ამ საქმიანობით გართული. რას იფიქრებდა ჩემზე? თან როგორ ამაყად გამოვუცხადე, პაემანზე მივდივარ-მეთქი!

როცა ყველა შეგროვდა და სუფრას მიუსხდნენ, მე გავერიდე, ვერანდაზე გავედი. სახე ღამის ნიავს მივუშვირე და მოაჯირს დავეყრდენი. რა თქმა უნდა, დაინტერესდება, აქ როგორ მოხვდიო და რა ვუპასუხო? რა მოვიფიქრო? ვუთხრა სიმართლე თუ არა? ნეტავი ერთი, რაზე ვნერვიულობ, რა მისი საქმეა, შაბათობით მე რას ვაკეთებ? ვაითუ ამის გამო ამითვალწუნოს! არაა გამორიცხული.

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ თავზე წამომადგა.

_ ისვენებ? _ დამცინავი ღიმილით მითხრა.

ყაყაჩოსავით ავღაღანდი.

_ ჰო, _ ცივად მივუგე.

_ ამნაირ პაემნებზე დადიხარ შაბათობით ხოლმე? _ ჩაიცინა და მოაჯირს ორივე ხელი ჩაავლო, თან აქანავდა.

_ ჰო, _ იმავე ტონით გავიმეორე.

_ კარგია, _ თქვა და ისევ დარბაზში შებრუნდა.

ნეტავ რა იყო კარგი? არ ვიცოდი და დიდად არც მაინტერესებდა…

შაბათის უძილო ღამის შემდეგ იმის შიშმა შემიპყრო, მაჭავარიანმა სამსახურიდან არ დამითხოვოს-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ შაბათის თემაზე აუცილებლად მომიწევდა მასთან საუბარი. ისედაც დროებით ვიყავი მის კორპორაციაში და ახლა მიზეზიც მიეცა ეთქვა, ქუდი დაიხურე და აქედან დაახვიეო. ამის სრული უფლება ჰქონდა, მე კი არ მინდოდა მისგან წასვლა, არც სამსახურის დაკარგვა, თუნდაც დროებითის. მომწონდა ჩემი სამუშაო და მასთან ყოფნაც _ კომპანიის ჭკვიან და სიტყვაძვირ დამფუძნებელთან. ზუსტად ვიცოდი, ჩემს იქ დანახვაზე რაც იფიქრა _ რომ მე სხვაგანაც ვმუშაობდი და `ფეხის ქირას~ გამოვიმუშავებდი. მართალია, შაბათ-კვირას, მაგრამ მაინც.

ესმა და ბროლია სამზარეულოში რაღაცაზე კამათობდნენ. მათი თავი არ მქონდა, ყურებში ბამბა ჩავიტენე და მუშაობა გავაგრძელე. ბათუმის ჩანაწერები უნდა დამემთავრებინა. ვინ იცის, იქნე უკანასკნელადაც ვასრულლებდი ჩემს სამუშაოს.

ორშაბათს გაირკვეოდა, რა მელოდა.

ორშაბათ დილით საგანგებოდ გამოვიპრანჭე. თუ კარისკენ მიმითითებენ, ლამაზად მაინც დავტოვო იქაურობა-მეთქი, ვფიქრობდი.

საშკა, როგორც ყოველთვის, ჩემზე ადრე მოსულიყო. მისთვლისთანავე ლეპტოპი გავხსენი, საჭირო ფაილები მოვძებნე და კაბინეტის კარზე მხოლოდ ამის მერე დავაკაკუნე.

_ შემოდი! _ გამომძახა. ყოველთვის ხვდებოდა, მე როდის ვაკაკუნებდი. თითქოს პაროლივით გამომდიოდა _ ერთი დაკაკუნება, მოკლე პაუზა და მერე ორი _ მიყოლებით.

მხრებში თამამად გავიმართე და კარი შევაღე. მან თავი ასწია და არაფრისმთქმელი მზერით შემომხედა.

_ დილა მშვიდობისა, _ მივესალმე, _ აი, მზადაა ყველაფერი.

_ რა არის ეს? _ ცივად მკითხა, როცა გახსნილი ლეპტოპი წინ დავუდე.

_ ბათუმის შეხვედრები. ყველაფერი მიყოლებით დავალაგე. შეგიძლია ნახო.

ახლა მეტყვის, სულ კარგად იყავი, შენ ჩვენთან არ მუშაობო.

_ დაჯექი! _ სწორედ ისე მომმართა, როგორც არასასურველ თანამშრომელს გაბრაზებული უფროსი მიმართავს.

დავჯექი. გულმა თითქოს პაუზა გააკეთა, არც `ბაგა~ ისმოდა მისგან და არც `ბუგი~.

_ რატომ არ მითხარი, სხვაგანაც რომ დაგიწყია მუშაობა?

ვიცოდი. ვიცოდი, რომ ამას მკითხავდა.

თამამად გავუსწორე მზერა.

_ იმიტომ, რომ არსადაც არ დამიწყია.

_ აბა, `ნაითოტელში~ რა გინდოდა? სტუმრებს, მგონი, შენ ხვდებოდი, თუ მე რამე მომეჩვენა?

_ არ მოგჩვენებია, ნამდვილად მე ვხვდებოდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ვმუშაობ.

_ იქ შეიძლება არ მუშაობ, მაგრამ მაგ ფონდთან რა კავშირი გაქვს მაშინ? _ თავისი ლამაზი თვალებით ჩემი სახის შესწავლას შეუდგა.

_ იმ ფონდის დამფუძნებელი დეიდაჩემია და მთხოვა დავხმარებოდი.

_ აჰა. და შენი შეყვარებული?

_ ჩემი შეყვარებული რა შუაშია?

_ იცის, შაბათობით დედატერეზობანას რომ თამაშობ?

სიბრაზისგან ღაწვები ამეწვა.

_ ჯერ ერთი, ეს მხოლოდ ამ შაბათს მოხდა და მეორეც…

_ სხვა შაბათს იმ ვიღაც მებოს ხვდები, არა? ის შენი საყვარელია?

ავპილპილდი. წინადადების დამთავრებაც არ მაცალა.

_ გეკითხები, ის შენი საყვარელია?

_ ვინ ის?

_ ვინც იმ დღეს მოგაკითხა. აქ. ჩემს აბაზანაში რომ ინირვანე იმის მერე.

_ ეგ შენი საქმე არ არის! _ შევუღრინე.

_ ეს ჩემი საქმეა! _ ხმას ოდნავ აუწია. _ ეს მე მეხება იმ შემთხვევაში, თუ მასთან გატარებული ღამის შემდეგ აქ მოდიხარ, ჩემს კომპანიაში და მთელ დღეს მთქნარებაში ატარებ გამოუძინებელი!

მე ვამთქნარებ? ღმერთო ჩემო! კი, მართალია, წინა ორშაბათს მართლა მომიწია ღამის გათევამ, რადგან დეიდაჩემს უზარმაზარი მასალა დავუბეჭდე, მაგრამ ხომ არაფერი გამიფუჭებია ამით?

_ იმ ღამეს თითქმის არ მიძინია, _ გამოვტყდი.

_ არაფერში მჭირდება შენი ინტიმური ცხოვრების დეტალების მოსმენა!

_ შენ, მომისმინე! _ ავფეთქდი და წამოვხტი, _ არანაირი სამსახური არ მიღირს ასეთ შეურაცხყოფად! არ მიძინია იმიტომ, რომ სასწრაფო მოხსენებას ვბეჭდავდი. და…

_ კიდევ ერთი დროებითი სამუშაო? ისიც დეიდაშენთან? _ დამცინა.

_ ჰო, მაგრამ მე მასთან არ ვმუშაობ. უბრალოდ, დეიდაა ჩემი, მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი!

_ თუ შეიძლება დაჯექი! _ ავად გაისმა მისი ბრძანება.

ისევ დავჯექი, მაგრამ ისე ვიყავი აღელვებული, რომ იტყვიან, გული ხელით მეჭირა.

_ მე კი მითხარი, პაემანზე ვიყავიო. შაბათსაც იგივე გამიმეორე.

_ მოგატყუე! _ ისევ დავიღრინე.

საშკა სავარძლის საზურგეს ნებიერად მიაწვა და ყურადღებით შემათვალიერა.

_ რატომ?

არ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მისი ლამაზი თვალები ისევ განაგრძობდნენ ჩემი სახის შესწავლას.

_ იმიტომ, რომ შენ სცადე ჩემი პროვოცირება. არ მინდოდა გცოდნოდა, რომ საღამოობით სახლში ვზივარ და არსადაც არ გავდივარ.

_ იმიტომ, რომ მებოს ცოლს არ სურს ქმართან გაშორება?

_ არა.

_ თუ შენს `დაკარგულ~ სიყვარულს მისტირი ისევ?

დაკარგულ სიყვარულსო?

ახლაღა მივხვდი, ის რეზის გულისხმობდა. კი მაგრამ, ხომ მოვუყევი, რაც მაკავშირებდა თალაკვაძესთან? როგორი უგულოა! არაფრის დიდებით არ ვეტყვი, რომ რეზი თურმე არც არასდროს მყვარებია!

_ მე…

_ მოუღე ბოლო ამას! დაამთავრე! _ უხეშად მომახალა.

_ რა დავამთავრო?

_ შენ მნიშვნელოვანი საქმე გაქვს. არ მინდა, რომ ჩემი პირადი თანაშემწე, არა აქვს მნიშვნელობა, დროებითია თუ მუდმივი, საღამოობით და შაბათ-კვირას სადღაც-სადღაც კიდევ მუშაობდეს. როცა ძირითად სამსახურში მოდიხარ, დაღლილობისგან არ უნდა ეცემოდე.

ამან ცოტა იმედი ჩამისახა. ესე იგი, ჩემს გაშვებას არ აპირებს?

_ ეს არც ისე ადვილია.

_ შენ თუ გინდა აქ მუშაობა გააგრძელო, ამის პირობა უნდა მომცე.

_ არ შემიძლია.

_ არ შეგიძლია?

გაგრძელება იქნება