გარკვეული ხნის შემდეგ, ცოტა აზრზე რომ მოვედი და ასე თუ ისე, თავბრუს ხვევამაც გამიარა, როზა წინ გამიძღვა და ლადოს კაბინეტამდე მიმაცილა. ქალმა ფრთხილად დააკაკუნა კარზე და კიდევ უფრო ფრთხილად შეაღო იგი. მერე საჩვენებელი თითით მანიშნა, შედიო.
კი არ შევედი, შევლასლასდი. გავიგონე, როგორ მიიხურა ჩემ უკან მძიმე კარი და ადგილს მიველურსმნე. კვლავ მომეკვეთა მუხლები. კიდევ ერთხელ მიწევდა ამ ენერგეტიკული ვამპირის ხილვა, რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა უკვე.
ლადო ფანჯარასთან ზურგშექცევით იდგა და ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელები უკან შემოეწყო. ახლა კიდევ უფრო უზარმაზარი მომეჩვენა, ვეება მხრები ჰქონდა.
მამაკაცი მომიახლოვდა, უთქმელად ჩამავლო ძლიერი ხელები მხრებში და იქვე მდგარ სავარძელში ჩამსვა, თვითონ კი წინ დამიჯდა ზუსტად იმავენაირ მეორე სავარძელში.
საზარელმა სიჩუმემ დაისადგურა ირგვლივ. პაუზა კარგა ხანს გაიწელა.
- კარგად ხარ? - მომეჩვენა, რომ რბილად მკითხა.
- დ…დიახ.
- ცოტა არ იყოს, შემაშინე.
- არ ვიცი, რა დამემართა.
- სამაგიეროდ, მე ვიცი…. შეგეშინდა… და ეს კარგია, ძალიან კარგი.
- რითია კარგი? - თვალები გამიფართოვდა.
- იმით, რომ შენი სიმართლე დაამტკიცე. ამასთან, სანამ შენ გულწასული იყავი, მე ყველაფერი გავარკვიე.
- რა გაარკვიეთ?
- ის, რომ შენ მართალი ხარ. ის, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, რომ საერთო არაფერი გაქვს ვასიკოს გაქცევასთან.
- და?
- და თავისუფლად შეგიძლია საკუთარ საქმეებს დაუბრუნდე. მაპატიე ჩემი უხეშობა.
- ღმერთო… - აღმომხდა.
- ნამდვილად კარგად ხართ? - რატომღაც მიმართვის ფორმა შეცვალა ლადომ და «თქვენობითზე» გადავიდა.
ამან გამათამამა.
- არა, არ ვარ კარგად! - ავიმაღლე ხმა, - წასვლა მინდა აქედან! თანაც, რაც შეიძლება სწრაფად! ახლავე!
- რა თქმა უნდა, ასეც იქნება. თავს ალბათ შეურაცხყოფილად გრძნობთ, არა? რით შემიძლია გამოვისყიდო ჩემი დანაშაული? უნდა გამიგოთ, სხვა გამოსავალი არ მქონდა…
- არ გქონდათ?! - მისმა მობოდიშებამ დიდ გულზე დამაყენა, - თქვენი აზრით, რადგან მდიდარი ხართ, გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ? შეგიძლიათ ნებისმიერს ისე მოექცეთ, თითქოს თქვენი მონა იყოს?
- ეგ რა შუაშ…
- შუაში კი არა, თავშია! - ლამის ვიყვირე.
მამაკაცმა ორივე ხელი ასწია და მანიშნა, გავჩუმებულიყავი.
- ნუ ცხარობთ, ანა! გთხოვთ, მომისმინოთ. აბა, როგორ მოვქცეულიყავი? ბიჭი ორი კვირაა, ბავშვთა სახლიდან გაქრა. მასზე ძებნა გვქონდა გამოცხადებული. ამ დროს მოდიხართ თქვენ, სრულიად მშვიდი სახით და მოგყავთ იგი ჩემთან. მე უკვე ყველანაირი იმედი გადავიწურე, არ მეგონა, თუ ცოცხალს ვნახავდი. თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემს ადგილას, რას იფიქრებდით?
დავდუმდი…. კი არ დავდუმდი, ენა მუცელში ჩამივარდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ახლაღა ვიგრძენი, რომ ძალა სრულიად გამომცლოდა.
- არ ვიცი, რას ვიზამდი, მაგრამ თქვენ მაინც არ გქონდათ უფლება, ასე მომქცეოდით. მეგონა, კარგი გავაკეთე, ბავშვი სახლამდე მოვაცილე, თქვენ კი… მტერს არ შეხვდებიან ისე, მე რომ შემხვდით. რა საჭირო იყო ასეთი მუქარა? ადამიანებს ადამიანურად უნდა ელაპარაკოთ. თუ გეგონათ, რომ ბოროტმოქმედი ვიყავი, რატომ მაშინვე პოლიციას არ გამოუძახეთ და არ დააპატიმრებინეთ ჩემი თავი? როგორი წნეხის ქვეშ გამატარეთ! ეს არის სიმართლის გარკვევის თქვენეული მეთოდი? თუ ასეა, უნდა გითხრათ, რომ საშინელი მეთოდია. ასე შეიძლება სიკვდილის პირას მიიყვანოთ ადამიანი!
- რას ამბობთ! თქვენ სრულიად უსაფრთხოდ იყავით ჩემთან! - შორს დაიჭირა ყოფილმა «დემონმა».
- მაგრამ მე საიდან ვიცოდი ეს? თუ დაგავიწყდათ, როგორ შემხვდით? - ნიშნის მოგებით შევღიმე.
კი არის ღირსი, მე თვითონ ვუჩივლო და ვაწკმუტუნო, მაგრამ ღირს კი? რას მივაღწევ ამით? არ არის საჭირო. ისედაც ბევრი გადავიტანე ჩემი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში და კიდევ ბევრის გადატანა მომიწევს. ამ პირქუში ბიძიას დაპატიმრება არაფერში მაწყობს, თან არც ისეთი საშინელი ყოფილა, პირველ წუთებში რომ მომეჩვენა. უფრო მეტიც, ერთობ სიმპათიური ვინმეა! აი, უკვე რაებზე ვფიქრობ! ბედის ირონია ამას ჰქვია სწორედაც!
- წასვლა მინდა! - მტკიცედ წარმოვთქვი.
- შემიძლია ფული გადაგიხადოთ მორალური ზარალისთვის.
- თქვენი ფული არაფერში მჭირდება! უბრალოდ, აქაურობის დატოვება მინდა, სხვა არაფერი. ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება?
- საქმიანი წინადადება მაქვს თქვენთან.
- ძალიან ცუდი დრო შეარჩიეთ თქვენი საქმიანი წინადადებისთვის! - უფრო და უფრო ვთავხედდებოდი, - ამასთან, საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი წინადადება!
- მაგრამ შენ არც კი მოგისმენია იგი, - კვლავ «შენობით» მომმართა.
- დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი თქვენი საქმიანი წინადადება ვერ მომხიბლავს. ამიტომ ტყიულად ნუ გაირჯებით! არც ეცადოთ! კარგად ბრძანდებოდეთ! - ამაყად წამოვდექი და დემონსტრაციულად გავემართე კარისკენ.
ზურგს უკან მესმოდა, როგორ გაიხრიგინა სკამმა და როგორ შეიგინა ლადომ. წამიც და ვიგრძენი, ძლიერად რომ მწვდა უკნიდან მაჯაში. მსუბუქად შევკივლე, რადგან არ მოველოდი.
- მომისმინე და მერე წადი! - სისინივით გაისმა მისი ხმა.
- ხელი გამიშვით, მეტკინა, - ამის თქმაღა მოვახერხე შიშისგან თავზარდაცემულმა.
მისი არაადეკვატური საქციელი საგონებელში მაგდებდა.
- მომისმინე-მეთქი! - აგდებით თუ ზიზღით გაიმეორა.
- ვიყვირებ, იცოდეთ! - დავემუქრე.
- იყვირე, რამდენიც გაგიხარდება!
- სასამართლოში გიჩივლებთ! - «უმაღლეს» ზომებს მივმართე.
არც ამან გაჭრა. ის უფრო და უფრო მიჭერდა თითებს. ამეწვა მაჯა.
- რას აკეთებთ! - ჩავიჩურჩულე გაფითრებულმა.
მამაკაცი უეცრად მოეშვა, ხელებიც შემიშვა და დაბნეულობა აღებეჭდა სახეზე.
- ლევანი წაგიყვანთ მანქანით, - თითქოს მომიბოდიშასავით.
ოთახიდან გამოვედი თუ არა, ლევანი დაბარებულივით წინ ამესვეტა, მერე გამატარა, უკან გამომყვა და ქუჩაში რონ გავედით, იქვე მდგარი ჯიპის კარი გააღო და დამელოდა, სანამ ჩავჯდებოდი. იმდენად ცუდად ვიყავი, თავპატიჟი არ გამომიდია. ერთიანად ვკანკალებდი. არ ვიცი, რა იყო ეს - შიში თუ გაბრაზება. სამაგიეროდ, ერთი რამ ვიცოდი ზუსტად - კარგად არ ვიყავი…
ლევანმა სახლამდე მიმიყვანა. დავემშვიდობე და არეული ნაბიჯებით გავიარე მანძილი ჩემს ბინამდე. როგორც კი შინ შევედი, საწოლზე მივეგდე და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით. ეს რა კოშმარი გამოვიარე! რა მრჯიდა? რა მზრუნველობა ამიტყდა? ახლა ხომ დარწმუნდით, ქალბატონო ანა, რომ საშკა მართალი ყოფილა? ნუთუ გული უგრძნობდა, რომ უსიამოვნებას გადავეყრებოდი?
სამსახური! ახლაღა გამახსენდა, რომ მე ვმუშაობ, სამსახური მაქვს და რომ დავაგვიანე. დავაგვიანე კი არა, საერთოდ გადავივიწყე! შინ რა მომარბენინებდა? რატომ პირდაპირ სააგენტოში არ წავაყვანინე ლადოს «თანაშემწეს» თავი? არა, არა, ახლა სამსახური კი არა, თავი აღარ მახსოვს. კიდევ ცოტა ხანს რომ გაგრძელებულიყო ეს უსიამოვნო ვიზიტი, მეორედ გავიშხლართებოდი ალბათ ლადოს ფეხებთან! კიდევ კარგი, ასე თუ ისე, უვნებლად მოვაღწიე სახლამდე!
კარგა ხანს ვიწექი. მერე ავდექი, ტელეფონთან მივედი და ავტომოპასუხე ჩავრთე. როგორც მოველოდი, საშკას შეტყობინება დამხვდა.
- ხომ კარგად ხარ? სად დაიკარგე? იმ ბავშვმა შარში ხომ არ გაგხვია? დამირეკე, როგორც კი დაბრუნდები! და იქნებ გაგახსენდეს, რომ შენ ჩემი თანამშრომელი ხარ და დროზე უნდა გამოცხადდე სამსახურში? დაისჯები ამისთვის! და თუ ასე არ მოვიქცევი, იძულებული გავხდები, სხვებიც დავინდო სხვა დროს! ასე რომ, დასკვნები შენ თვითონ გამოიტანე!
გამაღიზიანა საშკას ხმამ. რას მსაყვედურობს, რომ მსაყვედურობს? როდის იყო, სამსახურს ვაცდენდი? ცრემლი მომერია. როგორი პრეტენზიული გახდა უცებ! მბრძანებლობა დამიწყო! რადგან ერთად ვართ, ჰგონია, ამის უფლება აქვს? იქნებ მოვკვდი? იქნება და, რა მჭირს? იმის მაგივრად, გაიგოს, რა გადამხდა თავს, საყვედურებით მავსებს? უსინდისო!
ტელეფონი გამოვრთე და კვლავ საწოლზე დავემხე. ვცდილობდი, ცრემლებს არ დავეჯაბნე და ჯიუტად ვიკავებდი თავს, არ ავტირებულიყავი.
აწეწილი ნერვები თანდათან დამიწყნარდა და მალევე ჩამეძინა…