ნოველები

ყალბი ლტოლვა - თავი 12

ყალბი ლტოლვა - თავი 12
_ ანა! _ შესძახა მან ჩემს დანახვაზე, _ რა ლამაზი ხარ დღეს! _ და ხელეგბაშლილი ჩემკენ გამოემართა.

ადგილზე გავხევდი. მოვიდა და გადამეხვია. ფეხის ფრჩხილებამდე გავწითლდი მგონი.

_ როგორ არის დედაჩვენი? _ მკითხა, მხრებში ხელები ჩამავლო, თავი უკან გადასწია და თვალებში ჩამაცქერდა.

«დედაჩვენი» საშინლად მტკივნეულად მომხვდა გულზე. ის არც დაფიქრებულა, როგორ შეეძლო ამ ერთ სიტყვას ჩემზე ემოქმედა… ისე წარმოთქვა, შინაურულად, მე კი ჩემი დამემართა.

_ სადილობს, _ ყრუდ ვუპასუხე და შევეცადე, მისი ხელებისგან გავთავისუფლებულიყავი.

_ რატომ
გამირბიხარ? _ მოფლირტავე მამაკაცის ტონით მკითხა.

_ იმიტომ, რომ მე თქვენი მეგობარი არ ვარ, _ მკვახედ მივუგე.

_ რატომ არ ხარ? ამ სახლში ყველა ჩემი მეგობარია. ასე არ არის, ტასიკო? _ მიუბრუნდა დედის დაქალს, რომელიც სუფრას შლიდა.

_ ნუ შეუწუხე ადამიანს გული, ისედაც შეღონებულია დედაშენის გადამკიდე, _ უკმეხად უპასუხა ტასომ, _ მოდით, ახლა, დავსხდეთ.

_ მე… არ მშია, ქალბატონო, წავალ, ჩემს საქმეს მივხედავ, _ საცოდავად ავლუღლუღდი და მიუხედავად ორივეს ხვეწნისა, სადილზე უარი ვთქვი და სააბაზანოში შევედი, რათა დალაგება გამეგრძელებინა.

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ლევანი და ვასიკო ოთხჯერ იყვნენ თუ ხუთჯერ ჩემთან. რაც უფრო ხშირად მოდიოდნენ, მით უფრო მიმძაფრდებოდა სიყვარული ბავშვის მიმართ. ისეთი გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა ხოლმე, გული მეთუთქებოდა, თითქოს ჩემში ხედავდა ხსნას, შველას… თითქოს ჩემს იქით მისთვის სხვა, უფრო ძვირფასი ადამიანი არ არსებობდა. ვგრძნობდი, ჩემ გვერდით ყოფნა ბედნიერებას ანიჭებდა. პირველ ხანებში თავს ვიჭერდი ზედმეტი ემოციებისგან, მოფერებისგან, რადგან ლევანის მრცხვენოდა. მერე და მერე, ნელ-ნელა გავთავისუფლდი შებოჭილობისგან და ხანდახან ისე მოწყურებულად ჩავკოცნიდი ბიჭუნას, თითქოს მთელი წლის უნახავი მყოლოდა. 2-3 საათი რჩებოდნენ ჩემთან. ხან მულტფილმებს ვაყურებინებდი, ხან წიგნებს ვუკითხავდი, ხანაც ისე, უბრალოდ, ვსაუბრობდით. მათი წასვლის შემდეგ გუნება მიფუჭდებოდა. თუ საშკა მოვიდოდა, ხომ კარგი, თუ არადა, მთელი ღამე არ მეძინა და გათენებამდე ვბორგავდი ლოგინში. ერთი სიტყვით, ვასიკოსთან ურთიერთობა სულს მიშფოთებდა. გული მიგრძნობდა, რომ ასე ადვილად არ დამთავრდებოდა ეს მისვლა-მოსვლა, რომ რაღაც სერიოზული ამბავი უნდა მოჰყოლოდა ამ ვიზიტებს.

საშკა სულ მეჩხუბებოდა. რაში გჭირდება, რისთვის შეიჩვიეს ეგ ბიჭი, რა ძალა გადგია, აუტკივარ თავს რისთვის იტკიებო. შეიძლება მართალიც იყო, მაგრამ მაინც არ ვიშლიდი ჩემსას. თავს მხოლოდ ერთი რამით ვიმართლებდი _ სახლში მოსულ სტუმარს კარს ხომ არ მივუკეტავ-მეთქი? არადა, შინაგანად გამოუცნობი ძალა მეწეოდა მისკენ. ის კი არა, თუ ზუსტად დათქმულ დროზე არ მოვიდოდნენ ორივენი, მოუსვენრობა მიპყრობდა, რატომ დააგვიანეს-მეთქი.

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მე და საშკამ კიდევ ერთხელ ვიჩხუბეთ. ისიც კიდევ ერთხელ ადგა და წავიდა. ამჯერად არ შემიჩერებია. მერჩივნა, საშკა დამეკარგა, ვიდრე ვასიკოსთვის ჩემთან მოსვლა ამეკრძალა. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ გუმანით ვგრძნობდი, თავგადასავალს ვეძებდი და ეს შესაძლო თავგადასავალი ვასიკოს ვიზიტებს უკავშირდებოდა.

იმ დღესაც, მეხუთედ რომ მესტუმრნენ, ლევანმა გამომცდელი მზერა მესროლა და უცებ მომახალა.

_ ყოველ ჩვენს მოსვლაზე უფრო და უფრო ცუდად გამოიყურებით, ანა…

მისმა კომენტარმა იმდენად განმაცვიფრა, რომ თვალებდაჭყეტილმა ტუჩი ავიბზუე. არც ისეთი ახლო ურთიერთობა გვქონდა, ასე მოემართა ჩემთვის.

_ მანდილოსანს ასეთ რამეს არ ეუბნებიან, _ ჭკუის სწავლება დავუწყე.

_ სუფთა ჰაერი გჭირდებათ, ეს აშკარაა, _ უკან არ დაიხია.

_ რას მელაპარაკებით, _ დამცინავად ვუპასუხე.

_ არ არის საჭირო ირონია, მართალს გეუბნებით. იქნებ გაგავესეირნა? მშვენიერი საღამოა, პარკში გავლა არ გვაწყენდა, ვასიკოსაც გაუხარდება.

სანამ რამეს ვიტყოდი, ბიჭუნა ახმაურდა, ფეხები სიხარულით დააბაკუნა იაატაკზე, მერე მომვარდა და ხელები წელზე შემომხვია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლევანის წინადადებას უნდა დავთანხმებულიყავი.

«ამ კაცს ხომ არ შევუყვარდი, შემთხვევით», _ გამიელვა გონებაში და შეშინებულმა ავხედე ლადოს «ლაქიას», იქნებ რამე მსგავსი შევატყო-მეთქი და მაშინვე დავმშვიდდი. «სასიყვარულო შუქ-ჩრდილები» სულაც არ ციმციმებდა მის არც თვალებში და არც გამოხედვაში.

_ კარგი, გავისეირნოთ, წინააღმდეგი სულაც არ ვარ, _ მოულოდნელად დავთანხმდი შემოთავაზებას და გავემზადე.

პარკის კენჭებით მოკირწყლულ წითელ ბილიკზე მე და ვასიკო ხელიხელჩაკიდებული მივსეირნებდით და გუშინ ნანახ მულტფილმზე გატაცებით ვსაუბრობდით. მიხაროდა, ბავშვი ასე კარგად რომ გრძნობდა თავს ჩემთან. მერე ნაყინი ვუყიდე. ლევანი უკან მოგვყვებოდა დაცვასავით.

_ ძალიან ნუ გაანებივრებთ, _ გაფრთხილება მომცა «დაცვამ».

_ გგონიათ, მას ერთი ნაყინი გაანებივრებს? და თუკი ასეა, გამიხარდება კიდეც. თუ არა მე, მაშ ვინ? სხვა, მე მგონი, არც არავინ ზრუნავს მასზე, _ მწარედ გადავუკარი.

უეცრად ჩემი მზერა ვიღაცის ნაცნობმა სილუეტმა მიიპყრო. თითქოს სადღაც მენახა ეს ვიღაც, მაგრამ სად, ვერაფრით აღვიდგინე მეხსიერებაში. ის ვიღაცა ჩვენკენ მოემართებოდა ნელი ნაბიჯებით. მერე შედგა და ჩემზე შეაჩერა მზერა… შემდეგ ისევ დაიძრა და ნაბიჯსაც აუჩქარა.

გავფითრდი… რაც უფრო მიახლოვდებოდა მამაკაცი, მით უფრო მეკვეთებოდა მუხლები და მიჩქარდებოდა გული. ამ სახეს რა დამავიწყებდა! ეს ლადო იყო, ვასიკოს «ლეგენდარული» ბიძა, პირველსავე შეხვედრაზე სიცოცხლე რომ გამინახევრა!

_ ლადო ბიძია! _ ვასიკოს შეშინებული ხმა აღმოხდა… როგორც ჩანს, მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა «დემონის» პარკში გამოჩენა.

ახლა კი ყველაფერს მივხვდი. ჩვენი «მოულოდნელი» შეხვედრა ჩაწყობილი ამბავი იყო. ლევანმა ესა ყველაფერი იცოდა და იმიტომაც გამომიტყუა პარკში. რატომ, რა საჭირო იყო? თუ ამ «ნეანდერტალელს» ჩემი ნახვა უნდოდა, ხომ შეეძლო, დავებარებინე და ჩემი ფეხით მივსულიყავი მასთან? მაგრამ მივიდოდი? არა, არ მივიდოდი! ეს მან მშვენივრად იცოდა და იმიტომაც ჩაიფიქრა მზაკვრული გეგმა! ასე «შემთხვევით» შეხვედრის შემდეგ ხომ ვერ ვეტყოდი, სპეციალურად მოიქეცი ასე-მეთქი? რით დავუმტკიცებდი? ვერაფრით!

თავზარდაცემული «ვეომებოდი» მის გამჭოლ მზერას. როგორც ჩანს, მოვიდა ჩემი აღსასრულის დღე! რა უნდა? რას გადამეკიდა? ჩემი დევნის მეტი სხვა საქმე არაფერი აქვს? ვიგრძენი, როგორ გამიოფლიანდა ხელისგულები და ბავშვს უნებლიეთ შევუშვი ხელი. საუკეთესო ვარიანტი, რაც იმწუთას მომაფიქრდა, დაუპატიჟებელ სტუმარზე თავდასხმა იყო. დავასწარი, სანამ რამეს მეტყოდა და კუშტად მივმართე.

_ თქვენ რა, მე მითვალთვალებთ?

_ თქვენ არ გითვალთვალებთ, _ ჩემდა გასაოცრად, მშვიდი და ამავდროულად, თბილი ხმით მომიგო.

_ ნუთუ? _ ხელოვნურად გავიკვირვე და საბოლოოდ ავიყვანე თავი ხელში, ახლა უკვე აღარაფრის მეშინოდა.

_ უბრალოდ, თქვენთან დალაპარაკება მინდა, მეტი არაფერი, _ გულღიად კი გამოუვიდა.

«აჰა!.. დალაპარაკება! ჰო, რა თქმა უნდა! იმისთვის, რომ «დემონი» არ განვარისხოთ, სასურველია, მოვუსმინოთ მას!» _ «მოვეთათბირე» საკუთარ თავს ფიქრებში და გაბედულად შევხედე ვასიკოს პირქუშ, თუმცა კი ერთობ სიმპათიურ ბიძას.

_ მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან საშინლად უსიამოვნო მოგონება მაკავშირებს, მზად ვარ, მოგისმინოთ! _ ოფიციალური ხასიათი მივეცი ჩემს ნათქვამს და თვალი თვალში ჯიქურ გავუყარე, თუმცა ბოლომდე ვერ გავუძელი მის მზერას და ჩავიმუხლე, რათა ჩემს კალთაზე მოტმასნილი ბავშვისთვის ხელი მომეხვია. ამით ადვილად შევძელი, მის დაჟინებულ მზერას გავქცეოდი.

ვითომ აქ არაფერი, ვასიკოს ლოყაზე მსუბუქად ვუჩქმიტე, თავზე ხელი გადავუსვი და ჩურჩულით ვუთხარი.

_ ცოტა ხანს ლევანთან მიდი, მე და ბიძაშენს სალაპარაკო გვაქვს, _ და ხელით ვუბიძგე შორიახლოს მდგარი მამაკაცისკენ.

ბიჭუნა ერთ ადგილას იდგა ტუჩებგაბუშტული და ყოყმანობდა.

_ მიდი! ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება! _ შევაგულიანე და მიმავალს თვალი გავაყოლე.

_ კარგი აზრია, _ მომიწონა საქციელი «დემონმა».

_ რას გულისხმობთ? _ ვითომ ვერ მივუხვდი.

_ ბავშვი ლევანთან რომ გაგზავნე, _ განმიმარტა.

_ ეს მისი კეთილდღეობისთვის გავაკეთე და არა თქვენ გამო. ასე რომ… _ ცივად ავხსენი ჩემი საქციელი.

ტუჩები რაღაცნაირად მოეღრიცა, გაიღიმასავით.

_ ესე იგი, ომს მიცხადებ? _ კვლავ გამჭოლი მზერა ვიგრძენი.

_ ღმერთო ჩემო! თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მე თქვენთან შებრძოლება შემიძლია, თუ დამცინით? _ აღვშფოთდი.

_ შენი სიტყვები იმას ნიშნავს, რომ მზად ხარ, მომისმინო?

_ სხვა არჩევანს არ მიტოვებთ და რა გზაა? უკვე მერამდენედ, დაჟინებით მოითხოვთ ერთსა და იმავეს! მაგრამ თუ თქვენ მხედველობაში თქვენს სახლში მომხდარი ინციდენტის განხილვა გაქვთ, ამაზე საუბარი არ მსურს!

_ რომელ ინციდენტზე მელაპარაკებით, პოლიციით რომ მემუქრებოდი?

_ თუნდაც… მე არ ვაპირებ…

_ ვიცი, ვიცი, _ შემაწყვეტინა, _ გეშლება, თუ ფიქრობ, რომ ამის გარშემო მსურს შენთან ლაპარაკი. მე სულ სხვა რამის თქმა მინდა. შენი მუქარა მხედველობაში არც მქონია.

ცოტა არ იყოს, დავიბენი. აბა, სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდა ჩემთან? რა, ვასიკოს გაშვილებას ხომ არ აპირებს?

_ გისმენთ.

_ იცი, რა ვიფიქრე? სამსახური მინდა შემოგთავაზო.

_ რა-ა? _ გაოგნებისგან თვალები დავაჭყიტე, ასეთ წინადადებას ნამდვილად არ ველოდი.

_ სამსახურს გთავაზობ-მეთქი. რა ვთქვი ასეთი გაუგებარი?

_ მენეჯერად მნიშნავთ, თუ… _ ირონია არ დავიშურე, მიუხედავად იმისა, რომ განცვიფრებას ვერ ვმალავდი.

_ არა, მენეჯერობას არა. შედარებით დაბალ თანამდებობას, თუმცა, არცთუ ურიგო ანაზღაურებით.

სიცილი ვერ შევიკავე. ახლა ამანაც დამლაგებლობა რომ შემომთავაზოს!

_ რამე არასერიოზული ვთქვი?

_ ჯერ არა, მაგრამ გული მიგრძნობს, დაახლოებით მსგავსს მოვისმენ, თუმცა წინასწარ არ მინდა დასკვნები გამოვიტანო. გისმენთ, ბატონო ლადო, გულისყურით გისმენთ!

_ მინდა ვასიკოს აღმზრდელი გახდე. ეს არის ჩემი წინადადება.

კიდევ უფრო გავოგნდი, საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ხომ არ მომესმა? იქნებ სიზმარში ვარ და ეს ყველაფერი მელანდება? რა უბედურებაა ჩემს თავს? იქ მოსამსახურეო, აქ აღმზრდელიო… რა უცნაურ საქმიანობებს მთავაზობენ ბოლო ხანებში? ამისთვის დავამთავრე «მეფისტოლა» უნივერსიტეტი? აფსუს, ანა, რა დღე დაგიდგა?!

_ არ მესმის თქვენი… მაგრამ რატომ? რატომ მაინცდამაინც მე?

_ იმიტომ, რომ, ჩემთვის ჯერ კიდევ აუხსნელი მიზეზის გამო, ჩემმა ძმისშვილმა შენ გამოგიცხადა ნდობა. შეიძლება ძალიან ოფიციალური ფორმულირება გამომივიდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რასაც ვერ გავექცევი, _ მხრები აიჩეჩა ლადომ.

ოჰ! ამაში მართალი იყო, არ ტყუოდა. ეს მეც დიდი ხანია, შევამჩნიე, ჩვენი გაცნობის დღიდან… ბავშვი უკვე ვეღარ ძლებდა უჩემოდ. და რა იყო, პირველ რიგში ამის მიზეზი? ის, რომ საკუთარ ბიძასთან ვერ შეძლო საერთო ენის გამონახვა. ვერ შეძლო კი არა, ტყვიასავით ეშინოდა მისი. ეს კარგად გამოჩნდა იმ დღეს, როცა მის სახლში მივედი ბავშვთან ერთად. ერთიც კი მიახლოებია ვასიკოს, არც კი უკითხავს, როგორ ხარო, მაშინვე სადღაც ოთახში გამოამწყვდევინა ლევანს, მაგას რა დამავიწყებს! თან როგორ ცივად ამბობს «ჩემი ძმისშვილი»… თითქოს ძმისშვილი კი არა, ვიღაცის ნაბიჭვარი იყოს!

_ ცოტა უფრო თბილი რომ ყოფილიყავით ვასიკოს მიმართ, თავად მოიპოვებდით მის ნდობას და არც მას მოუწევდა «ნდობით აღჭურვილი პირის» სხვაგან ძებნა! _ გავკაპასდი.

სახე უცნაურად დაეღმიჭა.

_ მე არ ვაპირებ შენთან ბავშვთან ჩემი დამოკიდებულების განხილვას. ეს შენი საქმე არა არის, _ უკმეხად მომიგო.

მივხვდი, რომ აკრძალულ ტერიტორიაზე შევიჭერი.

_ გასაგებია… უკაცრავად, თუკი ზედმეტი წამომცდა, _ ვამჯობინე, არ დამეძაბა სიტუაცია და შევეცადე, მშვიდად გამეგრძელებინა, _ და რას მთავაზობთ? რაში გამოიხატება ჩემი აღმზრდელობითი საქმიანობა? რა მევალება? ეს მაინც ხომ არის ჩემი საქმე? _ მაინც ვერ მოვითმინე ბოლოს და წავუგველე.

_ გამოდის, უკვე თანახმა ხარ? _ გაეღიმა.

_ არა, რა თქმა უნდა, _ უარის ნიშნად თავი გავაქნიე, _ ჯერ უნდა დავფიქრდე, თუმცა წვრილმანები მაინტერესებს. ხომ უნდა ვიცოდე, რას მთავაზობთ და მიღირს თუ არა თქვენი წინადადება რამედ, _ და იქვე სასწრაფოდ დავამატე, _ ხომ უნდა მიღირდეს ჩემი სამსახურის მიტოვება ამად?

_ გასაოცარი სიფრთხილეა შენი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, რა მხურვალე გრძნობებიც გაკავშირებს ჩემს ძმისშვილთან, _ ხაზგასმით აღნიშნა.

_ ეს თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, _ შევეწინააღმდეგე.

_ რაც ვიცი, ისიც საკმარისია ჩემთვის, _ კვლავ გაიღიმა, _ თუმცა, არ ვიცოდი, თუ მუშაობდი. იქნებ მითხრა, რას საქმიანობ და რამდენი გაქვს ხელფასი?

_ ამის დაკონკრეტების აუცილებლობას ვერ ვხედავ, ბატონო ლადო, _ არ ვუთხარი, შემეშინდა, იქნებ უკვე გაიკითხა და ყველაფერი იცის-მეთქი, _ ჯერ თქვენ მითხარით, რას მთავაზობთ და მერე დავფიქრდები. მით უმეტეს, ჩემთვის ადვილი არ იქნება თქვენი წინადადების მიღება, რაც უნდა მაცდუნებელი იყოს იგი და როგორი მაღალი ხელფასიც არ უნდა დამინიშნოთ.

_ ვითომ რატომ? _ კოპები შეკრა.

_ იმიტომ, რომ, თუ თქვენს შემოთავაზებას დავთანხმდები, გამუდმებით თქვენს სიახლოვეს მომიწევს ყოფნა, ძალაუნებურად ხშირი შეხება მექნება თქვენთან, რაც, არ დაგიმალავთ და, უკიდურეს დისკომფორტს შემიქნის. გარკვეული შთაბეჭდილება უკვე ჩამომიყალიბდა თქვენზე, ხომ იცით, არა? _ თამამად გადმოვულაგე ჩემი შეხედულება მასზე, რადგან ამჯერად არც ისე საშიში მეჩვენა, როგორც პირველ შეხვედრაზე. ყოველ შემთხვევაში, მთლად მონსტრი რომ არ იყო, მივხვდი.

ცოტა კი გავთამამდი და თავი ვერ შევიკავე, მაგრამ უკან უკვე ვეღარ დავიხევდი. სათქმელი გამექცა და ახლა აზრი არ ჰქონდა, ენას კბილს დავაჭერდი თუ არა.

უცნაურად სხვანაირი მზერა მესროლა და მივხვდი, აუცილებლად მაზღვევინებდა ჩემი სიტყვების გამო. ასეც მოხდა.

_ მომბეზრდა ეს მასკარადი! _ იფექთა უცებ, _ გადავიფიქრე. უკან მიმაქვს ჩემი წინადადება და ბიჭისთვის სხვა ვინმეს მოვძებნი. დღეიდან კი, რომ იცოდეთ, ვუკრძალავ მას შენთან მოსვლას. კარგად ბრძანდებოდე, ანა! _ კბილებში გამოცრა, გაბრუნდა და ფართო ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს.

მივხვდი, რომ დავიღუპე. ადვილად გამშიფრა! იცოდა, რომ ვასიკო უკვე ჩემი სუსტი წერტილი იყო და მასთან კავშირის გაწყვეტით დამაშანტაჟა. წარმოვიდგინე, რა დღეში ჩავარდებოდა ბიჭუნა, როცა ამის შესახებ გაიგებდა. მკერდში ტკივილი ვიგრძენი. თვალწინ ვასიკოს თავზარდაცემული სახე დამიდგა _ საწყალი, უიმედო და სასოწარკვეთილი. ჩემი სითამამისთვის დამსაჯა! არადა, ამ დროს, ჩემზე მეტად ბავშვი დააზარალა! ჩემზე ჯავრს ვეღარ იყრის, მას კი რას უზამს, კაცმა არ იცის. შეიძლება უკანაც დააბრუნოს, ბავშვთა სახლში! რა, ჭკუა დაუშლის, თუ გონება? აქამდე იქ არ ჰყავდა გამომწყვედული? ახია ჩემზე, რატომ ჩავიგდე თავი ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში? რა მრჯიდა? მაგრამ ახლა სინანაულის დრო არ იყო, როგორმე უნდა გამომესწორებინა ვითარება.

დრო არ ითმენდა. ერთი ღრმად ამოვიოხრე, გაოფლიანებული ხელისგულები ერთმანეთს გავუსვი და სწრაფად მიმავალს უკან გავეკიდე.

_ მოიცადეთ! ერთი წუთით, თუ შეიძლება! _ მივდევდი და ვეძახდი.

როგორც იქნა, შეჩერდა და თავი ნელა მოაბრუნა, მერე მთლიანად შემოტრიალდა. მივუახლოვდი და ჩემი უმწეობა ხელის აქნევით გამოვხატე.

_ იცით რა… მე… მოდით, მოვილაპარაკოთ როგორმე, _ ამოვთქვი შეშინებულმა, _ რა უცნაური ადამიანი ხართ… ყოველთვის ასე აწარმოებთ მოლაპარაკებებს? მიკვირს, აქამდე რომ არ გაკოტრდით!

წარბები უკმაყოფილოდ აზიდა და ხმადაბლა თქვა.

_ მე არ მიყვარს, როცა ჩემდამი სიძულვილს ასე დაუფარავად გამოხატავენ. შესახვეწი არაფერი მაქვს, ეს ბიზნესწინადადება კი არ არის, _ ცინიკურად დაამატა.

_ მე კი არ მიყვარს, როცა მაშანტაჟებენ, _ არ დავუთმე.

_ გაშანტაჟებენ? _ გაიკვირვა.

_ კარგი რა, _ უკმაყოფილება დამეტყო ხმაში, _ ძალიან კარგად ხვდებით, რაც ვიგულისხმე. უნდა ვაღიარო, რომ ადამიანების გადაბირების არაჩვეულებრივი სტრატეგია გქონიათ. იცით, ანკესი სად ჩააგდოთ. არ ვარ მართალი?

ორივენი ჯიქურ მივაჩერდით ერთმანეთს.

_ მოდი, ჩემს სტრატეგიულ ცოდნას თავი დავანებოთ. ბავშვი ძალიან მოგეჩვია, ამის უარყოფა სისულელე იქნება. ამას მეც კარგად ვხედავ და შენც. როცა შენგან მოდის, ისეთი აჟიტირებულია, ძლივს ვაწყნარებთ ორი კაცი. შენი თანხმობა ყველა პრობლემას ადვილად გადაჭრიდა.

_ ვისთვის გადაჭრიდა პრობლემას, თუ საიდუმლო არ არის? _ ავიმრიზე.

_ ჩემთვისაც და მისთვისაც, _ ვასიკოსკენ გაიხედა.

თვალები დავხუჭე. ვყოყმანობდი. არ ვიცოდი, დავთანხმებოდი თუ არა მის წინადადებას. თან ასე მალე. ღირდა კი? ან საშკა როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს? ან იქ რა უნდა მექნა, დედაჩემის სახლში? იქიდან ჯერ წამოსვლა არ მინდოდა. ჯერ კიდევ გასარკვევი მქონდა ყველაფერი.

_ კარგი, ეგრე იყოს, _ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე წამოვროშე მაინც…

_ ეგრე იყოს ნიშნავს, რომ თანახმა ხარ? _ დაკონკრეტება მოითხოვა «დემონმა».

_ ძალიან გთხოვთ, ირონიის გარეშე.

_ ირონია რა შუაშია. უბრალოდ, ბედნიერი გამხადა შენმა გადაწყვეტილებამ, _ აი, ეს კი მართლა ირონია იყო.

_ ეჭვიც არ მეპარება ამაში! _ მის ირონიას ირონია დავუხვედრე და ცალი წარბი ავზიდე, _ ოღონდ მე ჩემი პირობები მაქვს და თუ ამ პირობებს არ გაითვალისწინებთ, უარს ვიტყვი შემოთავაზებაზე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93