ყალბი ლტოლვა - თავი 18 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 18

2022-09-12 09:57:16+04:00


წინა თავი

- მე ამ საქმის არაფერი გამეგება. არ ვარ მიჩვეული… თან ამხელა სახლის მოვლა-პატრონობას ვერ შევძლებ… არა, ძალიან გთხოვთ!

- ანა, მომისმინე, - ლადომ ჭამა შეწყვიტა, - ამწუთას მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. უცხოს ასე უცებ სახლში ვერ შემოვუშვებ. ლევანი ხვალ ჩამოვა და ის შემოგეშველება. ყველაფერი მოგვარდება, ნუ გეშინია. შენ გარდა, არავის იმედი არ მაქვს. უნდა დამეხმარო, კარგი? თუ როზა კარგად იქნა და დაბრუნდა, ხომ კარგი, თუ არადა, მერე ვიღაცას ვიშოვი. ეს ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა. იქამდე შენ უნდა მოგვხედო ყველას, ძალიან გთხოვ…

ენაჩავარდნილი ვიდექი და სასოწარკვეთილი მივჩერებოდი ლადოს… იმწუთას ისეთი უმწეო იყო, უარის თქმა მიძნელდებოდა…

ლადო ჩემს პასუხს ელოდებოდა.

მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მიკნავებული ხმით ამოვთქვი:

- არა…

«სალი კლდე» თეფშს დააჩერდა… სინდისის ქენჯნა ვიგრძენი ჩემი სიჯიუტის გამო, მაგრამ უკან დახევა გვიანი იყო.

- კარგი, - თქვა ბოლოს, - ვერ გაიძულებ. ნება შენია. ისე, ეს როზას თხოვნა იყო, თავად მოისურვა ასე. პირადად მე, რომ არ დაგიმალო, თავშიც არ გამივლია ეგ აზრი… - დაასრულა, დანა-ჩანგალი უხეშად დააგდო თეფშზე და ისეთი წკარუნის ხმა გამოსცა, მეგონა, ფაიფურის ჭურჭელი ნამსხვრევებად იქცა. შეშინებულმა თვალები დავხუჭე. ლადო წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. ხელები ზურგს უკან დაიწყო და ფეხის თითებზე აქანავდა. მივხვდი, ბრაზობდა… და იმასაც მივხვდი, თუ დროზე არ გავერიდებოდი, მისი რისხვა არ ამცდებოდა.

კარისკენ გავემართე. სწრაფ და მოკლე ნაბიჯებს ვდგამდი, რათა ნაკლებად მეხმაურა და დროზე დამეტოვებინა სამზარეულო.

- იმედია, წასვლამდე აალაგებ… - დამაწია.

არც შევჩერებულვარ, არც პასუხი გამიცია, არც მიმიხედავს… იმდენად უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამწუთას არაფერი შემეძლო, გარდა იმისა, იქიდან გავსულიყავი. ჩემი თავი მძულდა.

რატომ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ? უფრო მეტიც, მოღალატედ? როზამ გთხოვაო… მისი სურვილი იყოო… დავიჯერო, ასე მოკლე დროში ასეთი შინაური გავხდი? ან როზას ნათქვამს იგი ამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა? აქვს კი მას ამხელა გავლენა ლადოზე? იმიტომ, რომ მისი გაზრდილია? ყველაფერზე ვფიქრობდი, ყველანაირ უაზრობაზე, ოღონდ კი იმაზე არ მეფიქრა, რაზეც «სალი კლდე» მელაპარაკებოდა.

სანამ კარს მივხურავდი, თვალი მისკენ გავაპარე. იგი კვლავ ფანჯარაში იყურებოდა… და კვლავ მარტოსულად მომეჩვენა. ამან უარესად დამაფრთხო და სასწრაფოდ შევიმალე სათამაშოების ოთახში.

კარგა ხანს განადგურებული ვცემდი ბოლთას ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში. ვასიკოს ხმა მესმოდა, გაკვეთილის ტექსტს უკვე მერამდენედ იმეორებდა, იზეპირებდა ალბათ. იმდენად უხაროდა, მე რომ მის გვერდით ვიყავი, ცდილობდა, თავი გამოეჩინა და თავისით მოემზადებინა დავალებები.

ადგილს ვერ ვპოულობდი. მთელი ძალისხმევით ვცდილობდი, მოვრეოდი ჩემს ემოციებს და გულთან ახლოს არ მიმეტანა ჩვენი საუბრის შინაარსი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

ცოტა ხნის შემდეგ ხმაური შემომესმა. მივხვდი, ლადო გავიდა სამზარეულოდან. ერთხანს კიდევ დაველოდე და ნაბიჯების ხმა საბოლოოდ რომ მიწყდა, გავედი და მაგიდა ავალაგე. ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინე, ჭურჭელიც დავრეცხე და დავგავე კიდეც. როცა საქმიანობას მოვრჩი, მხოლოდ მერეღა ჩავვარდი საგონებელში. ვიცოდი, რაც უნდა მომხდარიყო, ამაღამ მაინც მომიწევდა აქ დარჩენა, რადგან ლევანი ჯერ არ ჩანდა და ვასიკოს ლადოს ანაბარა ვერ დავტოვებდი. ამიტომ არ ღირდა ახლა მასთან შესვლა და წასვლა-დარჩენაზე ლაპარაკი, უარესად გავაღიზიანებდი. ის კი არა, შეიძლება სამუდამოდაც გავეძევებინე სახლიდან.

როცა ეს ყველაფერი ავწონ-დავწონე, ცოტათი დავმშვიდდი. სათამაშოების ოთახში შევიძურწე ჩუმად და დავწექი… გვიან ჩამეძინა…

8 8 8

დილით ლევანის ხმამ გამომაღვიძა. გამიხარდა, თითქოს შვება ვიგრძენი. ვასიკოს წაყვანაც არ მომიწევდა სკოლაში. საღამომდე არ ღირდა შინ გასვლა. გადავწყვიტე, მთელი დღით დავრჩენილიყავი და სახლისთვის მიმეხედა.

ლევანი გაბადრული სახით შემხვდა.

- გადმოსახლდი? - გამოაჩინა თავისი «დიდრონი» კბილები.

- არა, - ყრუდ ვუპასუხე.

- მოგიწევს, - ეშმაკურად შემომღიმა და თვალი ჩამიკრა.

- არა, - ისევ იმავე ხმით გავუმეორე.

- ვიცი მე შენი გულის ამბავი. აგერ ნახავ, თუ არა, - საჩვენებელი თითი დამიქნია და გავიდა.

როცა ვასიკო მაგიდას მიუჯდა, ზედმეტად მოწყენილი მეჩვენა… არ მომეწონა.

- რა გჭირს, პატარავ? - მივეფერე.

- როზა ბებო მოკვდება? - საცოდავად ამომხედა.

- რას ამბობ, რატომ უნდა მოკვდეს? სულ მალე კარგად გახდება და დაგვიბრუნდება.

- მართლა?

- მართლა, აბა რა! ოდესმე მომიტყუებიხარ?

- არა, - თავი გადააქნია.

- ჰოდა, არც ახლა გატყუებ, - თავზე ხელი გადავუსვი და «ყიყლიყოებით» სავსე თეფში წინ დავუდე.

თითქოს უგემურად დაიწყო ჭამა. დამიჯერა და არც დამიჯერა… ვასიკო კი არა, მეც მიმკვდარებული ვიყავი. როზაზე დარდი გულიდან არ გადამდიოდა. ჩვენ კი არა, თითქოს მთელი სახლი მოწყენილი იყო, ისეთი სიჩუმე იდგა ყველგან - ამაზრზენი. კიდევ კარგი, ლევანი ჩამოვიდა და მისმა როხროხა ხმამ ცოტათი გამოაცოცხლა იქაურობა.

როცა ლევანი და ვასიკო გავისტუმრე, საქმეს შევუდექი. რამდენჯერმე დავიჭირე ჩემი თავი იმაში, რომ წამიერად გავირინდებოდი და უაზროდ მივშტერებოდი კედელზე რომელიღაც წერტილს… ვერა და ვერ მივხვდი, სწორად მოვიქეცი თუ არა, როცა ლადოს თხოვნაზე უარი ვუთხარი.

მოულოდნელად კარი გაიღო და მოღუშული ლევანი შემოვიდა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. კითხვით სავსე მზერა მივაპყარი.

- ლადომ დარეკა, ოპერაციამ კარგად ჩაიარაო.

- უკვე? ასე მალე?

- რაღა მალე, ორი საათი გახდება, საცაა.

- მართლა? არც გამიგია დროის გასვლა. ვასიკო რომ გამოსაყვანია?

- გამოვიყვანე, აქ არის, ეზოში.

- და… - შევყოვნდი, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ჩემთან რომ არ მოირბინა, - რას აკეთებს?

- კიბეზე ზის, ბავშვიც განიცდის.

- ჰო, განიცდის. შემოიყვანე, სადილი მზადაა.

- კი შევჭამდი, ძალიან მომშივდა.

- მერე? როგორ არისო?

- მეტი არაფერი ვიცი. მოვა და თვითონ იტყვის. მხოლოდ ის მითხრა, ყველაფერმა კარგად ჩაიარაო.

- და ამდენი ხანი თვითონ იქ იყო? იქ ელოდებოდა?

- ალბათ. მთლად ეგეთი უგულოც კი არ არის, ტყუილად გაქვს მასზე ცუდი წარმოდგენა.

- სულაც არა! - განაწყენებული კილოთი ვუპასუხე და სუფრის გაწყობას შევუდექი.

უეცრად სლუკუნის ხმა შემომესმა. მოვტრიალდი და ვასიკო… ტიროდა. მივუახლოვდი და ჩავიხუტე.

- რა გატირებს ამხელა ბიჭს?

- ვიცი, მოკვდებააა, - აზლუქუნდა.

მისმა სიტყვებმა უარესად გამხადა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. ნიკაპში ამოვდე ხელი და მტკიცე ხმით ვუთხარი:

- პირობას გაძლევ, რომ როზა გამოჯანმრთელდება, გესმის? ჩემი ხომ გჯერა?

თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ტირილი შეწყვიტა.

- ყოველთვის კარგის უნდა გჯეროდეს ადამიანს და იმედი არასდროს უნდა გადაიწურო. ეს დაიმახსოვრე, გასაგებია?

ისევ დამიქნია თავი და მაგიდას მიუჯდა.

სადილის შემდეგ, სანამ მე სამზარეულო მივალაგე და ვასიკოსთან გავედი, დრო გავიდა. ბავშვს ამასობაში ჩასძინებოდა. საყვარლად ამოედო ხელისგული თავქვეშ და თანაბრად სუნთქავდა. გამეღიმა. აღარ გავაღვიძე, მაინც მოვასწრებდით მეცადინეობას, საღამომდე არც არსად მეჩქარებოდა.

სწორედ ამ დროს ლადოც დაბრუნდა. როცა მისი მანქანის ხმა გავიგონე, ლამის გული გამიჩერდა. არ ვიცი, რამ ამანერვიულა ასე - როზაზე ახალი ამბის გაგებამ და თუ მისმა მოსვლამ… ახლა არ მინდოდა ამაზე მეფიქრა. უეცრად საშინელი ყვირილის ხმა მომესმა. ვასიკო იყო. გულგახეთქილი შევვარდი საძინებელში. ბავშვი ძილში ხელებს იქნევდა და მთელი ხმით გაჰყვიროდა. მივხვდი, რაღაც კოშმარი ესიზმრებოდა. ხელ-ფეხი გამიცივდა ნერვიულობისგან.

- ვასიკო, გაიღვიძე, პატარავ, - ალერსით ჩავჩურჩულე და შევეხე.

დაფეთებულმა გაახილა თვალები და რომ დამინახა, შეშინებული მომეკრო მკერდზე.

- აქ ვარ, ნურაფრის გეშინია, - გულში ვიხუტებდი და თავზე ვკოცნიდი.

ლევანიც შემოვარდა.

- რა ყვირილია? რა მოხდა?

არ ვუპასუხე, თვალით ვანიშნე, ბავშვი იყო-მეთქი. ისიც მიხვდა, რაშიც იყო საქმე და დოინჯშემოყრილმა ღრმად ამოიხვნეშა, რა გული გამიხეთქეთო.

- მორჩა, ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო, საყვარელო, დამშვიდდი, - ვუთხარი ბიჭუნას, თვალებში ჩავხედე და გავუღიმე.

- ისევ ის საშინელებები გესიზმრა? - გაეცინა ლევანს.

- რა საშინელებები? - გავიოცე.

- რაღაცები ესიზმრება ხოლმე, - ამიხსნა მამაკაცმა.

- მერე მე რატომ არ ვიცოდი?

- როზამ გააფრთხილა, არ უთხრა, ინერვიულებსო. ის იწვა ხოლმე მის გვერდით, ღამით მარტოს არ ტოვებდა.

- მაგრამ ის ახლა აქ არ არის, - წამოვიძახე.

- სამაგიეროდ, შენ ხარ, - გამიღიმა ლევანმა, - ხომ გითხარი, მოგიწევს დარჩენა-მეთქი.

- რა ხდება აქ? - ამ დროს ლადო გამოჩნდა ზღურბლზე.

მის დანახვაზე გამაჟრჟოლა. ხმააკანკალებულმა ავუხსენი, რაც მოხდა. თან ჩემთვის ვფიქრობდი. კიდევ რომ დაესიზმროს? თან ღამით? და მე რომ არ ვიქნები მის გვერდით? არა, ასე როგორ შეიძლება!

- ყველაფერი რიგზეა? - «სალი კლდის» ხმამ გამომარკვია.

- ბატონო ლადო, - მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე, - მე არ ვიყავი მართალი წუხელ, უარი რომ გითხარით… ახლა მესმის, რომ აქ საჭირო ვარ. თუ არ გადაგიფიქრებიათ და ძალიან არ მიბრაზდებით…

- ანუ დარჩენა გადაწყვიტე? - სრულიად უემოციოდ მკითხა.

- დიახ.

- კარგი, - მოწყვეტით წარმოთქვა და ეგრევე გავიდა.

- მართლა რჩები? - გამოცოცხლდა ვასიკო.

- ვრჩები, პატარავ.

- ბოლომდე?

- სანამ როზა არ დაბრუნდება. ახლა კი შეკითხვებს მოეშვი, პირი დაიბანე, ტანსაცმელი გამოიცვალე და საქმეს შევუდგეთ.

ბავშვმა ყურებამდე გაიღიმა, მერე პაწია ხელი გამომიწოდა და მეც შევაგებე გაშლილი ხელისგული… ლევანმა თვალი ჩამიკრა და კმაყოფილმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.

8 8 8

ღამით ვასიკოს მივუწექი. ჩამძინებია… არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, რომ მოულოდნელად უცნაურმა ბიძგმა გამაღვიძა თითქოს. შეშფოთებულმა დავაჭყიტე თვალები და რას ვხედავ! ლადო თავზე წამომდგომია და მიყურებს. რამდენიმე წამის განმავლობაში უაზროდ ვახამხამებდი წამწამებს, რათა გამოვრკვეულიყავი, სად მთავრდებოდა სიზმარი და სად იწყებოდა რეალობა. ვერაფრით დავიჯერე, რომ ის თავზე მადგა და დამჩერებოდა. მერე გამახსენდა შუადღის ამბავი და მზერა ბიჭუნაზე გადავიტანე. მას მშვიდად ეძინა. კვლავ ლადოს მივაჩერდი. მან თვალით მანიშნა, გამომყევიო და უხმაუროდ გავიდა საძინებლიდან. მაშინვე წამოვხტი და გავეკიდე.

- შენ შეგიძლია გვერდითა ოთახში დაწვე. ახლოს იქნები მასთან.

- არა უშავს, მე აქაც…

- გააკეთე, რასაც გეუბნები! - წარბები შეჭმუხნა.

- გასაგებია. ისე მოვიქცევი, როგორც მითხარით, - მორჩილად დავთანხმდი და ვასიკოს საძინებლის გვერდით მდებარე ოთახს მივაშურე.

კარი გამოვაღე, შუქი ავანთე, მერე უკან მოვიხედე და იქვე მდგარ ლადოს დავემშვიდობე.

- დიდი მადლობა. ღამე მშვიდობისა.

მან მხოლოდ თავი დამიქნია და გაქრა. მე კი, როგორც იქნა, ძლივს ადამიანურად გავშალე საწოლში ფეხები და ღრმა, მშვიდი ძილით დავიძინე…

არც მეორე დღეს მოუტანია სასიამოვნო სიახლეები. როზას მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა, მაგრამ სტაბილური, როგორც იციან ხოლმე ექიმებმა თქმა. შემჯავრდა ეს სიტყვა. საკმარისია, ტელევიზორი ჩართო, საინფორმაციოს მოუსმინო და თუ რამე უბედური შემთხვევა მოხდა, სასწრაფოდ მიაჩეჩებენ ხოლმე სამედიცინო პერსონალს მიკროფონს და ისიც რობოტივით იმეორებს ამ საშინელ სიტყვებს - მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური! როგორი მოსასმენია?

მე მაინც ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. თუ არ გაუარესებულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ესე იგი, ჯერ კიდევ არის იმედი. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა! მთავარია, რომ უარესად არ არის. უკვე ისე ვიყავი, მიხაროდა კიდეც, ამდენი საქმე რომ მქონდა გასაკეთებელი. ეს დარდს მიმსუბუქებდა, დროებით მაინც მავიწყებდა როზას ამბავს.

საღამოხანს ლადო ჩვეულებრივზე ადრე მოვიდა.

- როზამ მადლობა შემოგითვალა, - ცალწარბაწეული მომიახლოვდა და მითხრა.

- რისთვის? კარგად არის? - თვალები გამიბრწყინდა.

- იმისთვის, რომ მისი თხოვნა შეასრულე. არა უშავს, ცოტა უკეთ არის. ლაპარაკი შეუძლია, - ძალიან ხმადაბლა მომიგო და გავიდა, მეტი ვერაფერი დავაცდევინე.

იქვე, სკამზე ჩამოვჯექი. ჯერ კიდევ ჩამესმოდა ყურში მისი ხმა - მსუბუქი და თბილი, თითქოს როზა კი არა, შეფარვით თვითონ მიხდიდა დარჩენისთვის მადლობას.

სწორედ ამ დღიდან შეიცვალა სახლში ყველაფერი… უფრო სწორად, ლადო შეიცვალა. იგი უკვე აღარ რჩებოდა გვიანობამდე სამსახურში. საღამოს, როგორც კი დაბრუნდებოდა, ჩვენთან შემოდიოდა და როზას ამბავს მოგვიყვებოდა. დღეს ასე იყო, ეს თქვა, ის ჭამა, გაიცინა, მოგიკითხათ და ა.შ.

ის კი არა, ბოლო დროს ჩამოგვიჯდებოდა კიდეც ცოტა ხნით და დღის ამბებს გამოგვკითხავდა. ეს კიდევ არაფერი. ჩემდა გასაკვირად, უკვე მესამე დღე იყო, შევამჩნიე, რომ, როგორც კი ლადო მოვიდოდა, ვასიკო კართან მიირბენდა და ზღურბლზე ხვდებოდა ბიძას, მგონი, უხაროდა მისი გამოჩენა.

ლადოც ძალიან უცნაური გახდა. თავიდან ცდილობდა, არ გაემჟღავნებინა თავი, მაგრამ ნელ-ნელა ალბათ შეეჩვია კიდეც «ახალ მდგომარეობას». ის ძმისშვილის ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდა. ყოველდღე უფრო და უფრო მეტ ინტერესს იჩენდა ბავშვის მიმართ. რა ხდება სკოლაში, რა ქულები დაგიწერეს, მასწავლებელმა რა გითხრა, გაკვეთილი როგორ მოყევი…

და ერთხელაც… თავზე ხელი გადაუსვა ბიჭუნას. მოდი და, ნუ დაიჯერებ, რომ სასწაულები არ ხდება!

თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით, რა მოხდა ამ დღეებში, რამ შეცვალა «სალი კლდე» ასე?! ასეთი უეცარი შემობრუნება ჩემთვის დიდი გამოცანა იყო, რომლის ამოხსნას ვერა და ვერ ვახერხებდი. თავგზა იმანაც ამიბნია, რომ ლადო მხოლოდ ვასიკოს მიმართ არ იჩენდა ინტერესს… ჩემ მიმართაც და… არანაკლებად. ბევრჯერ ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა, რის გამოც გული ისე ამიძგერდებოდა, რომ სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. თავში სულელური აზრები მიტრიალებდა უკვე. სულელური და უცნაური. ჩემთვის მთავარი მხოლოდ მისი გაცხოველებული ინტერესი არ იყო. მთავარი თვითონ იყო. ჩემდა გასაოცრად, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ გარეგნულად საოცრად სიმპათიური ვინმე გახლდათ და ვიგრძენი, როგორც მამაკაცი, ძალიანაც მიზიდავდა. თუკი ადრე მის გარეგნობაში რაღაც ფრაგმენტები იქცევდა ჩემს ყურადღებას (მაგალითად, ვნებიანი ტუჩები ან თბილი ღიმილი, რომელიც ასე ცვლიდა მის გამომეტყველებას), ახლა მთლიანობაში დავინახე იგი. და ამ აღმოჩენამ თავზარი დამცა: ლადო ძალიან ლამაზი, სექსუალური და მომნუსხველი მამაკაცი ყოფილა! ამან შემაძრწუნა. ამჯერად იმას ვნატრობდი, ნეტავ, ძველებურად პირქუში გახდეს, რომ მისმა ერთმა ცივმა, გამჭოლმა მზერამ ისევ ისე, ადგილზე გამაქვავოს-მეთქი. მაგრამ, თითქოს ჯიბრზე, იგი უკვე აღარ იღუშებოდა, პირიქით, მის თვალებში დღითი დღე მეტი და მეტი სითბო გროვდებოდა. ეს კი თავბრუდამხვევად მოქმედებდა ჩემზე და ვატყობდი, «ცუდ, საშიშ» ფიქრებში მხვევდა.

ყოველგვარი ანტიპათია გამიქრა მის მიმართ.

ამ ყველა დადებით გარდაქმნასთან ერთად, კიდევ ერთი რამ გამოიკვეთა განსაკუთრებულად. ის უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა ვასიკოსთან. რაღაცებს ელაპარაკებოდა, უხსნიდა, ასწავლიდა… და რადგან ბიჭუნა თითქმის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, ძალაუნებურად ლადო ჩემთანაც ბევრ დროს ატარებდა. ეს კი, ვხვდებოდი, საშიში ხდებოდა ჩემთვის. ჩემს სიმშვიდეს ყოველდღე მეტად და მეტად ემუქრებოდა საფრთხე. ლადომ თანდათან ისე დაიპყრო ჩემი გონება, ისე შემომიძვრა ფიქრებში, რომ ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებდი. საშკა საერთოდ გადამავიწყდა. დღეები ისე გავიდოდა, ერთხელაც არ გამახსენდებოდა. ნუთუ არ მიყვარდა? მაშინ, რატომ ვხვდებოდი მას? და თუ მიყვარდა, ასე უცებ რა მოხდა, რატომ გახდა მისი არსებობა ჩემთვის ასეთი სულერთი? რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვიძაბებოდი და ვიკეტებოდი საკუთარ თავში. ვცდილობდი, ოდნავადაც არ გამომეჟღავნებინა, რა ცვლილებები ხდებოდა ჩემში, რომ თავი არ გამეყიდა და მამაკაცს არაფერი შეემჩნია.

შვება მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როცა, ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებულმა ლადომ გვახარა, როზა კარგად არის და ამ დღეებში გამოწერენო. ყველაზე მეტად ალბათ მე გამიხარდა, რადგან როზას დაბრუნება ერთადერთი საშუალება იყო, ცდუნება დამეძლია.

- ანა! საღამოს სტუმრებს ველოდები, - ეს განცხადება დილით, საუზმეზე «გააკეთა» ლადომ და გამომცდელი მზერა მომაპყრო.

დავიბენი და მერე როგორ! სუნთქვა შემეკრა და გული გამიჩერდა.

- გასაგებია, მაგრამ მე… მე რა შემიძლია? არც ისეთი კარგი დიასახლისი ვარ, - მოვისაწყლე თავი.

- არ არის საჭირო შენი კულინარიული გამოცდა. მზა კერძებს მოვიტან რესტორნიდან, შენ მხოლოდ სუფრის გაშლა გევალება.

- რა თქმა უნდა, ეს ადვილია, მაგას როგორმე შევძლებ. მაგრამ… ვასიკო… ალბათ აჯობებს, თავისი ოთახიდან არ გამოვიდეს, - შევაპარე.

- შენს ადგილას, მოვლენების ასეთ დრამატიზებას არ მოვახდენდი. მე პირიქით მირჩევნია, შენც და ვასიკოც ჩემ გვერდით იყოთ. მინდა, ბავშვი ჩემს სტუმრებს გავაცნო, - მშვიდად მომიგო, ადგა და გავიდა.

ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან. თავი სიზმარში მეგონა. რა ხდება? რა მოელანდა ამ კაცს? ათი დღის წინ ნამდვილი სალი კლდე იყო და დღეს რამ დაათბო ასე? ვეღარ ვცნობდი. და რაც მეტს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, მით უფრო მიპყრობდა ცნობისმოყვარეობა, მის საიდუმლოს ჩავწვდომოდი.

არადა, ჩემს სიტყვებს რომ ჩავუღრმავდი, ვასიკოს ხსენებით თითქოს მისი პროვოცირება მინდოდა. მინდოდა, ისევ ის ძველებური ლადო დამენახა, ძმისშვილს თვალის დასანახავად რომ ვერ იტანდა. მან კი ისეთი რამ მითხრა, გამაოგნა… თითქოს ცხვირზე წკიპურტი გამკრეს! ვგრძნობდი, ამგვარი წინააღმდეგობრივი ქმედებებით ვცდილობდი ჩამეხშო ის სიმპათია, ასე უხილავად რომ აღმოცენდა ჩემში. მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე ისევ და ისევ მარცხს განვიცდიდი. ლადო უფრო და უფრო დამთმობი და მომთმენი ხდებოდა ჩემ მიმართ. თითქოს ვერ ამჩნევდა, რომ შეგნებულად ვცდილობდი მის გამოწვევას. ეს უარესად მაგიჟებდა.

ნაშუადღევს ლევანმა ნაირნაირი კერძებით დატვირთული მანქანა მოაყენა ჭიშკარს. თავიდან კი ხალისით შევუდექი სუფრის გაშლას, მაგრამ ბოლოს, როცა მაგიდას გადავხედე, შურით გავსკდი. ალბათ ვერასდროს შევძლებდი ასეთი კერძების მომზადებას, შესაბამისად, ვერასდროს გავხდებოდი კარგი დიასახლისი, რომელსაც გემრიელობების გაკეთება შეუძლია. მით უმეტეს, ასეთი სახლის დიასახლისი ვერ გავხდებოდი ვერასდროს! როცა გავააანალიზე, საითკენაც იყო მიმართული ჩემი აზრები, შევშინდი. არ მქონდა უფლება, ქვეცნობიერადაც კი შევხებოდი ამ თემას, რადგან ჩემი ფიქრები ნამდვილი სიგიჟე იყო!

როცა ყველაფერს მოვრჩი, ვასიკოს ხელი დავავლე და პარკში წავიყვანე სასეირნოდ. ლევანიც თან გავიყოლეთ. ბევრი ვიხეტიალეთ, მანამ, სანამ ლევანმა არ გამოგვიცხადა, შინ დაბრუნების დრო დადგაო.

ეზოში შემოსვლისთანავე ვასიკო წინ გავარდა. მეც სასწრაფოდ უკან მივყევი. ჰოლში შევედი თუ არა, დაზაფრული ადგილზე გავშეშდი. სარკეებიან კედელთან ქალი იდგა… ჩვენ დანახვაზე ქალმა სარკეში საკუთარი სილამაზით ტკბობას თავი დაანება და მზერა ჩემზე გადმოიტანა.

უცნობი მოდების ჟურნალიდან გადმომხტარ მანეკენს ჰგავდა. მაღალი იყო და ტანკენარი, გრძელი ფეხებით. შავი, სხეულზე მოტმასნილი მოკლე კაბის დეკოლტედან ქათქათა მკერდი მოუჩანდა, ზომაზე მეტად მადის აღმძვრელი. ქალი ვარ და, მე ვერ დავმალე აღფრთოვანება. წარმოვიდგინე, მამაკაცები რა დღეში ვარდებოდნენ მისი შემხედვარე. სახითაც ულამაზესი იყო. სქელი წითელი ტუჩები განსაკუთრებით უსვამდა ხაზს მის სექსუალურობას. და კიდევ… ეს მიბნედილი მზერა… ვნებიანი გამოხედვა… ვულგარული, ველური და… გამომწვევი…

ერთხანს თვალი ვერ მოვწყვიტე. მერე უცებ ვიაზრე, რომ სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ვასიკოსკენ გავიხედე. არადა, ვიგრძენი, როგორ დამწყდა გული, რომ მე არ ვიყავი მისნაირი ლამაზი. მისნაირი კი არა, ახლოსაც ვერ მივიდოდი მასთან. სრულყოფილების განსახიერება გახლდათ, სილამაზის ეტალონიო, რომ იტყვიან, ისეთი. ბავშვმა ერთი მომხედა და კვლავ წინ გავარდა. ორიოდე ნაბიჯი გადავდგი მისკენ და ისევ გავშეშდი. ბავშვს ლადო მიუახლოვდა და… მხარზე გადახვია ხელი, თან რაღაცას უხსნიდა მის გვერდით მდგარ უცხო მამაკაცს… სწრაფად მივეახლე მოსაუბრეებს და უცნობს თავაზიანად მივესალმე. მეშინოდა, ლადოსთვის შემეხედა, რათა მის სახეზე უკმაყოფილება არ ამომეკითხა… შევცდი. თურმე ლადო სტუმარს სწორედ ვასიკოზე ელაპარაკებოდა, თანაც ძალზე მშვიდად და ხალისიანადაც. ესე იგი, არ გამიბრაზდება? კიდევ კარგი…

ახლა სამივეს ყურადღება ჩემზე გადმოვიდა.

- ეს კი ანაა, ჩემი მეგობარი და ვასიკოს აღმზრდელი, - მოულოდნელად ასე წარმადგინა ლადომ და მის სახეზე საოცრად თბილი ღიმილი გაკრთა.

გაოგნებულმა შევხედე და როგორც არაერთხელ, ახლაც მის გამომცდელ მზერას წავაწყდი.

- ანა, გაიცანი, ჩემი ბიზნესპარტნიორი, ძალიან კარგი ადამიანი პაატა გაბაშვილი, - გამაცნო სტუმარი.

გაბაშვილმა ღიმილით შემათვალიერა. ისიც მაღალი იყო, ქერა და სიმპათიური. განსაკუთრებით მისი თითები მომხვდა თვალში, თხელი, გრძელი და ქალივით ნატიფი.

- გამარჯობა, ანა! სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - ხელი ჩამომართვა ბიზნესპარტნიორმა, - ის კი, ეგერ, სარკესთან რომ კეკლუცობს, ჩემი დაა, - დააყოლა ბოლოს და ლამაზი ქალისკენ მიმითითა, რომელიც კვლავ კეკლუცად ათვალიერებდა საკუთარ სხეულს უზარმაზარ სარკეში.

- ჩემთვისაც სასიამოვნოა, - ამოვილუღლუღე აფორაჯებულმა და წასვლა დავაპირე.

- ლადო, ძვირფასო, ეს შენი მოსამსახურეა? - ამ დროს ლამაზი ქალი ჩვენკენ წამოვიდა.

შევამჩნიე, როგორ მოექცა მის ძმას სახე. როგორც ჩანს, დის უტაქტობამ ხასიათი გაუფუჭა.

- მარიამ, ძალიან გთხოვ, - საყვედურით სავსე ტონით მიმართა დას, მერე მე მომიბრუნდა, - ანა, მაპატიეთ…

- რა იყო, რა ვთქვი ასეთი? განა ასე არ არის? რამე შემეშალა? მართლა! სად არის როზა? რაღაც ვერ ვხედავ! - წამოიძახა ქალმა და მაცდური მზერა ლადოს მიაპყრო.

- ანა მოსამსახურე არ არის, მარიამ, - აუხსნა ძმამ და უსაყვედურა, - ის ბავშვის აღმზრდელია. და თუნდაც ასე იყოს, ამის ხმამაღლა აფიშირება ლამაზი არ არის. პატარა აღარ ხარ და ამდენი უნდა გესმოდეს.

- თანაც ჩემს სახლში, - ხაზგასმით დაამატა ლადომ.

- მაპატიეთ… მე წავალ, - თავდახრილმა ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და ვასიკოს წავავლე ხელი. დროზე უნდა გავცლოდი იქაურობას, რათა კონფლიქტის მიზეზი არ გავმხდარიყავი…

მარიამი მიხვდა, რომ ვერ მოიქცა მთლად «ელიტურად» და ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა.

- უკაცრავად, არც მიფიქრია ვინმეს განაწყენება. ნუთუ ასე ცუდად გამომივიდა? ქალბატონო. მაპატიეთ, თუკი რამე არ მოგეწონათ, - შეწუხებული სახით მომიბრუნდა.

«ქალბატონო»! რისი ხაზგასმა სურს ამითი? რომ ჩემზე უმცროსია? მე რას მეჯიბრება? ან მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მასზე უფროსი ვარ თუ უმცროსი? მე ხომ მის მეტოქედ არ მოვიაზრები? ღმერთო! რა ჯურის ადამიანები არ არსებობენ ქვეყანაზე! ზოგიერთს როგორ თავში უვარდება, რაღაცას რომ მიაღწევს… ამ დროს თავი შეუდარებელი ჰგონიათ! არადა…

- არა, რას ამბობთ, ყველაფერი რიგზეა, - ჩავიდუდღუნე და აჩქარებით ავუარე გვერდი სტუმრებს.

ბოღმა მახრჩობდა… ცრემლებიც. თავის ძლივს ვიკავებდი. რა უსამართლოა ხანდახან ცხოვრება! რითია ჩემზე უკეთესი, ასე რომ გაუმართლა? იმით, რომ გარეგნულად უფრო ლამაზია? და რა დიდი ბედენაა მხოლოდ გარეგნობა ქალისთვის? ნუთუ მთავარი შინაგანი ბუნება არ არის?..

- არ მომწონს ეგ მარიამია თუ ვიღაცა, - უეცრად გაბრაზებული ტონით ჩაილაპარაკა ვასიკომ, როგორც კი სათამაშო ოთახში შევედით და კარი მოვიხურე.

- რატომ? - ძალაუნებურად გამეღიმა, - ძალიან ლამაზია…

- მერე რა? ლამაზია და მეტი არაფერი. ვერ ნახე, როგორი ცარიელი თვალები აქვს? ბარბივით… და შიგნითაც სულ გამოცარიელებულია, - დიდი კაცივით დააყოლა.

გაოგნებულმა გავხედე. ეს ლაწირაკი ჯერ მიწას არ ასცილებია და ასეთი აზრები საიდან მოსდის? რა იცის, რას ნიშნავს ცარიელი თვალები? არადა, მეც ზუსტად იგივე ვიგრძენი. მიუხედავად ამისა, ბიჭუნას მაინც მივეცი შენიშვნა.

- შენი ბიძის სტუმრებზე ასე არ უნდა ილაპარაკო, არ შეგშვენის. ეს უზრდელობაა.

- ყველა ადამიანის საქციელი მისი აღზრდით განისაზღვრება და კიდევ მისი შინაგანი ხასიათით. მაგას კი არც აღზრდა აქვს, არც ჭკუა. ტყუილად ჰგონია თავი შენზე უკეთესი. შენ ყველაზე ლამაზი ხარ და ყველაზე შინაარსიანი, - ფილოსოფიური აზრების კორიანტელი დააყენა ვასიკომ.

ყურებს არ ვუჯერებდი. ნუთუ ამას 7 წლის მოზარდი ლაპარაკობს? ვისგან მოისმინა ასეთი შეფასებები? ჩვენდა სამწუხაროდ, შეიძლება ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმა ვერ შეძლოს ასე მსჯელობა. უყურე შენ! ნუთუ სკოლის მასწავლებლის გავლენაა? იქნებ როზასი? მე ნამდვილად არ მილაპარაკია მასთან ჯერ ასეთ თემებზე.

იმდენად ჩამივარდა ენა მის შენიშვნებზე, რომ სწრაფად ვერც მოვისაზრე, რა მეპასუხა. ასე ჯერ არ გავუოცებივარ. გადავწყვიტე, არ განმევრცო ეს საუბარი და «დისკუსია» ამით დამემთავრებინა, მით უფრო, რომ ბავშვმა მაჭამეო, მთხოვა. იმდენ ხანს ვისეირნეთ სუფთა ჰაერზე, რომ მოშივდა.

როცა ჭამას მორჩა, სახატავი რვეული გამოვიტანე და ხატვას შევუდექით. არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. ხატვის საოცარ ნიჭს ავლენდა, რაც ძალიან მახარებდა. კედლებზე უკვე გავაკარით რამდენიმე ნახატი და თვითონაც კმაყოფილი შეავლებდა ხოლმე თვალს თავის «შედევრებს». მერე რამდენიმე თავსატეხი ამოვხსენით და ბოლოს კომპიუტერზეც ჩავუტარე ორმოცწუთიანი გაკვეთილი. მინდოდა, ყველაფერზე ჰქონოდა წარმოდგენა, ყველაფერში გარკვეულიყო და ბიძამისის წინაშეც პირნათლად მომეხადა ჩემი ვალი. მგონი, ვახერხებდი ამას, თუმცა მისი სწავლებისთვის ჯერ ჩემთვის მადლობა არავის უთქვამს.

ძილის წინ ცოტა წავიკითხეთ კიდეც. ამჯერად «ტომ სოიერის თავგადასავალს» ვუკითხავდი. შიგადაშიგ ახითხითდებოდა ხოლმე, მოსწონდა ტომის ოინები. ბოლოს ვაბანავე და დავაწვინე. როგორც კი თავი ბალიშზე მიდო, მაშინვე ჩაეძინა…

მე კი ჯერ უნდა დავლოდებოდი სტუმრების წასვლას, რომ ჭურჭელი ამელაგებინა, დამერეცხა, ყავა დამელია და მერე დავწოლილიყავი. დილის მერე ვეღარ მოვასწარი მეორე ფინჯანი ყავის დალევა. არადა, იმდენად გადამივიდა ჩვეულებაში დღეში ორჯერ ფინჯანი ყავა, ამის გარეშე დაძინება აღარ შემეძლო.

ჩემი მეორე თუ მესამე სრული სამუშაო დღეც ამით დამთავრდებოდა.

გადავწყვიტე, დროის გაყვანის მიზნით, ჯერ ყავა დამელია. სამზარეულოში გავედი და წყალი ავადუღე. სასტუმრო ოთახიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტად გამოდიოდა ლაპარაკის ხმები, რომელსაც მარიამის კეკლუცი სიცილი ერთვოდა. ერთი წუთით წარმოვიდგინე, როგორ პოზაში იქნებოდა მოკალათებული ლამაზი ქალბატონი - ალბათ ფეხი ფეხზე სექსუალურად აქვს გადადებული და ბოკალიც ნატიფი მანერით მიაქვს ტუჩებთან. ასევე, ადვილად წარმოვიდგინე მისი თავი ამ სახლის დიასახლისის როლში, რომელიც თავად ხელსაც არ გაანძრევდა, მაგრამ მოსამსახურეებს დაიქირავებდა და თითის ერთი გატკაცუნებით არბენინებდა აქეთ-იქით. როგორი ცოლი იქნება ნეტავ? ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა. საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი შიგნით. მარიამს ჰქონდა ყველაფერი ის, რასაც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მივაღწევდი. მივხვდი, რა შორს ვიდექი ამ ადამიანებისგან. ლადოსგანაც, მათ შორის!..

სევდიანი აზრების მოძალება რაღაც ფაჩუნმა შემაწყვეტინა. კარი გამოვაღე და გარეთ გავიხედე. კიბესთან მოძრავი ლანდი შევნიშნე. საფეხურები ჩავირბინე და მივუახლოვდი. პაატა აღმოჩნდა. იგი ადგილზე ბანცალებდა და სასაცილოდ ცდილობდა, კედელს მიყრდნობოდა. როგორ დამთვრალა! იქნებ მთვრალი არც არის და ცუდად გახდა ადამიანი? როგორც ჩანს, ჩემი ფეხის ხმა გაიგონა, თავი ასწია და უაზრო თვალებით შემომაშტერდა. ახლა კი დავრწმუნდი, რომ უგონოდ იყო მთვრალი. ჩემ დანახვაზე ფართო ღიმილი გადაეფინა სახეზე, თუმცა ოდნავ დაღრეცილი…

- რამე ხომ არ გჭირდებათ, ბატონო პაატა? - ფრთხილად ვკითხე.

- ანა… ანნა… - ძლივს ამოილუღლუღა და მაშინვე მეცა ალკოჰოლის მძაფრი სუნი, - ტუალეტს ვეძებდი, - მამაკაცი შეირხა და შებარბაცდა.

ლადოს სტუმრისგან ასეთ საქციელს სწორედ რომ არ ველოდი. როგორი ინტელექტუალური ჩანდა ფხიზელი, რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ გალეშილს წავაწყდებოდი. ესეც შენი «ელიტა»!

- უკაცრავად, ლამაზო ქალბატონო, რა დროს ტუალეტია… - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა, - მე შენთან მინდოდა გასაუბრება… რა თქმა უნდა… სხვა… სხვადასხვა თემაზე… - დაამთავრა და ამოასლოკინა.

ლამის გული ამერია. როგორ მომეწონა, პირველად რომ ვნახე, ახლა კი… როგორ ცვლის სასმელი ადამიანს!

- იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ საუბარი? წამოდით, სასტუმრო ოთახამდე მიგაცილებთ, - მორიდებით ვუთხარი.

გაგრძელება იქნება