ყალბი ლტოლვა - თავი 23 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 23

2022-09-19 10:14:00+04:00


წინა თავი

აბეზარი სტუმარი წასვლას არ აპირებდა. ახლა უკვე თითის აუღებლად, გაბმულად რეკავდა. იძულებული გავხდი, ავმდგარიყავი. ფეხები გადმოვყავი საწოლიდან და სევდიანად გავხედე მანძილს, რომელიც კარამდე მაშორებდა. ღმერთო, როგორ მივაღწევ იქამდე! - გავიფიქრე სასოწარკვეთილმა. ამწუთას ჩემი პატარა ბინა უზარმაზარ სასახლედ მომეჩვენა. ძლივს მივლასლასდი კართან. ზარის ხმა უკვე ბრახუნში გადაიზარდა. ვაიმე! ასე მხოლოდ პოლიციას შეუძლია დააბრახუნოს. რამე მოხდა? დაკეტილ კარს ჯაჭვი ჩამოვაცვი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაღე.

- მოხსენი ჯაჭვი! - ამ ხმამ ადგილზე გამაქვავა…

ეს ლადო იყო.

მისი ყინულივით ცივი ხმის გაგონებაზე თითქოს ოთახში ტემპერატურა დაეცა, ისე ამაცახცახა. კბილი კბილს დავაჭირე და შუბლშეკრულმა გავხედე, კარის გაღება გონებაშიც არ გამივლია.

- გააღე კარი! - ისე დაიქუხა, შემეშინდა, მეზობლები არ შემიყაროს-მეთქი.

ვგრძნობდი, როგორ ამებურძგლა სხეულზე თითოეული ბეწვი, ზუსტად ისე, კატა რომ აიჯაგრება ხოლმე უცხო კატის დანახვაზე.

- არა! - რაც შეიძლებოდა, მტკიცე ხმით შევეწინააღმდეგე და კარს მივაწექი, რომ კვლავ გასაღებით ჩამეკეტა.

ხელი მძლავრად ჩაავლო ძგიდეს და არ დამანება. ცოტა არ იყოს, უკან დავიხიე, ხელს ხომ არ მოვაყოლებდი, თუმცა ისე დავიბენი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.

- მოხსენი ეს დაწყევლილი ჯაჭვი, თორემ ჩამოვიღებ კარს, იცოდე!

მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა. სასწრაფოდ უნდა ჩამომეხსნა ჯაჭვი, სანამ კიბის მოედანზე ცნობისმოყვარე მეზობლები გამოჩნდებოდნენ. ძალიანაც კარგი! გავაღებ, შემოვუშვებ და ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამ წერტილს ამ ურთიერთობას! აჯობებს, სამუდამოდ დაიკარგოს ჩემი ცხოვრებიდან, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის. და რა შეიძლება «გვიან» იყოს? რა და… რა და… ამის ფიქრის დრო აღარ მქონდა, არც სურვილი, რადგან ვიცოდი, ამ კითხვის პასუხი კიდევ ერთხელ მომაყენებდა საშინელ ტკივილს. მხრები ჩამოვუშვი, ოდნავ მივხურე კარი და ჯაჭვი ავხსენი.

ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან გვიან გამახსენდა, რა ამაზრზენად გამოვიყურებოდი. სულაც არ მინდოდა, ასეთ მდგომარეობაში ვენახე მას, მაგრამ უკვე გვიან იყო. გარდა ამისა, «სალი კლდე» ისეთი გაცოფებული შემოიჭრა ოთახში, არა მგონია, ჩემი დაკვირვების სურვილი ჰქონოდა.

შეშლილი სახით შემომაცქერდა. უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. თვალები ჩასისხლიანებოდა.

- სად იყავი?!

- მგონი, ეს უკვე აღარ არის თქვენი საქმე! - თავადაც გამიკვირდა, ისე მშვიდად წარმოვთქვი.

- ჩემი საქმე არ არის?! - თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა.

ჩემდა უნებურად, აბურდულ თმაზე ხელი გადავისვი. ჰო, ეს უნებლიე რეაქცია იყო და არა მის მოსაწონად გაკეთებული ჟესტი.

- სად არის? ი-იქ? - სააბაზანოსკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი.

ვერც პასუხის გაცემა მოვასწარი და ვერც იმის გააზრება, ვის ეძებდა ჩემს ბინაში, რადგან გიჟივით შევარდა სააბაზანოში. სანამ უკან მივყევი, ის უკვე გამოვიდა იქიდან. ველურივით იქცეოდა. მსგავსი არაფერი მინახავს ცხოვრებაში. შემდეგ მზერა არეულ-დარეულ ლოგინზე გადაიტანა და წამით გაქვავდა.

- სად არის?! - შეკითხვა გამიმეორა და მიიხედ-მოიხედა.

- ვინ?

- შენი საყვარელი! - ზიზღით მომახალა.

წამიერად უძლიერესი ბიძგები ვიგრძენი შიგნიდან და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს გულის ბაგაბუგი იყო.

- რა-ა? - გაოცებულმა თვალები დავაჭყიტე.

- მე ხომ გაგაფრთხილე შენ, ანა!…

გარკვევით გავიგონე, როგორ გააღრჭიალა კბილები.

ის იყო, პასუხის გაცემა დავაპირე, რომ ხმა გაისმა.

- ანა, ხომ მშვიდობაა? კარი რატომ გაქვს ღია?

ორივე ერთდროულად შევბრუნდით. ზღურბლთან ნუკრი იდგა.

- აი, ისიც! - ისე დაიღრიალა ლადომ, მეგონა, ჰაერმა ვიბრაცია განიცადა.

ნუკრი ადგილზე გაშეშდა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მე კი მუხლები მომეკვეთა. ლადოს აბსურულ ბრალდებას საზღვარი არ ჰქონდა, მე კი თავის მართლებას ვერ ვახერხებდი. ჩემი ნახევარძმა ერთხანს ორივეს გამომცდელად გვიმზერდა. როგორც ჩანს, ვერაფერს მიხვდა და დაინტერესდა.

- რატომ გამითიშე, რომ მირეკავდი? მცხეთაში ვიყავი და მაშინვე ვერ მოვედი. ვიფიქრე, რაღაც უჭირს-მეთქი და ჩამოვედი თუ არა, მოგაკითხე… რა ხდება აქ?

- ჰო, აუხსენი, აუხსენი ამ კაცს, რა ხდება აქ! - უაზრო მზერით მომიბრუნდა ლადო.

ამწუთას იგი სიკვდილის მანქანას ჰგავდა, ტერმინატორს, რომელიც მზადაა, ყველაფერი გაანადგუროს, რაც გზაზე გადაეღობება. თუმცა მთლად რობოტი არ იყო, რაღაც-რაღაც მცირე «დეტალები» აკავშირებდა ცივილიზაციასთან, რადგან არ მიეჭრა ნუკრის და «შუაზე არ გაგლიჯა», თუმცა არც ამას გამოვრიცხავდი უახლოეს ერთ წუთში.

- ბატონო ლადო, - ჩახრინწული, მაგრამ აუღელვებელი ხმით დავიწყე, რადგან მივხვდი, რამაც გაამწარა, - ვერ ვხვდები, რა საერთო აქვს ნუკრის ამ ყველაფერთან? ის არაფერ შუაშია.

როგორ შემომხედა! მის მზერას ვინმეს მოკვლა რომ შეძლებოდა, უკვე განგმირული ვიქნებოდი.

- გაჩუმდი, შენი!.. - ლამის შემაგინა, თუმცა მაინც თავის შეკავება ამჯობინა.

- ერთი წუთით, ერთი წუთით! - ამრეზით შესძახა ნუკრიმ და ნაბიჯი გადმოდგა, - არ ვიცი, ვინ ხართ ან რატომ ხართ აქ, მაგრამ ანასთან ასეთი ტონით ლაპარაკს გიკრძალავთ, გასაგებია?! ახლავე დატოვეთ აქაურობა, თორემ… ამ ღამეს ცუდად დაამთავრებთ! - «მეტოქის» მკაცრმა ხმამ უარესად გააცოფა ლადო.

შეშინებული ნუკრის მივვარდი და მაჯაში ვწვდი.

- ძალიან გთხოვ, შენი ჭირიმე, შენ არ ჩაერიო, კარგი? მე თვითონ მივხედავ, გესმის?

- ვინ არის ეს კაცი და რას აკეთებს შენთან? რაღაც ვერ გავიგე! - უფრო აუწია ჩემმა ძმამ ხმას.

- მე ჩემს საყვარელთან მოვედი, რომელიც ჩემთან წევს და მას ამაში ფულს ვუხდი. ასე რომ, მე კი არა, შენ არ გესაქმება აქ არაფერი.

ლამის გული წამივიდა ლადოს ამ განაცხადის მოსმენისას. შევამჩნიე, როგორ გაუნაცრისფრდა ნუკრის სახე. რაღაც გმინვისმაგვარი აღმოხდა.

- რაო? რა თქვა? - გადმომხედა გაფართოებული თვალებით.

ნუკრის ხელი ვუშვი და სასომიხდილი კედელს მივეყრდენი. შეძრწუნებული მივაჩერდი ლადოს. ვერ გამოვხატავ, იმწუთას რა ხდებოდა ჩემს გულში. როგორ არ მინდოდა ეს ამბავი ნუკრის და ნანას გაეგოთ. როგორ არ მინდოდა, დავკნინებულიყავი მათ თვალში.

- მართალი თქვა… - ჩურჩულით ამოვთქვი და თვალები დავხუჭე.

- რაღაც ვერ გავიგე… - ნუკრი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.

- მე მართლა ვაკეთებ ამას…

- გაიგე? ახლა კი, თუ შეიძლება მარტო დაგვტოვე, - მომესმა ლადოს ხმა.

ჩემს ნახევარძმას ხმა არ ამოუღია. როგორც ჩანს, მიხვდა, რასაც უნდა მიმხვდარიყო.

- ანუ ის ფული… - კვლავ გავიგონე მისი ხმა და თვალები ძლივძლივობით გავახილე.

- ჰო, ის ფული… ათი ათასი დოლარი მან შენ მოგცა! მას კი მე მივეცი! და იმისთვის მოვედი, რისთვისაც მივეცი! - ნიშნის მოგებით წარმოთქვა ლადომ.

ნუკრის კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. მერე ერთი ამოიქშინა, თავის კანტურით გატრიალდა და გავიდა…

- ახლა კი, კეთილს ინებებ, ჩამიჯდები მანქანაში და უკან დაბრუნდები, ჩემთან! - დამიღრინა ლადომ.

მექანიკურად დავუქნიე თავი, უმწეოდ მიმოვიხედე ირგვლივ და მორჩილად მივყევი უკან…

კიდევ კარგი, ხელი ჩამკიდა, თორემ ჩემით ვერ ჩავიდოდი კიბეზე. სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, გავუძელი, მაგრამ როგორც კი სავარძელზე მივესვენე, მივხვდი, რომ გონებას ვკარგავდი…. როგორც ჩანს, გული წამივიდა…

8 8 8

ვიღაცის ცივი ხელის შეხებამ გამომაფხიზლა. თვალები გავახილე, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი, სად ვიმყოფებოდი. ლადო თავზე დამდგომოდა, მე კი მის სახლში ვიყავი და ჩემს საწოლზე ვიწექი.

უხმოდ ამოვიოხრე.

- როგორ ხარ? - კუშტად მკითხა.

- მარტო დამტოვეთ!

- ამ სახლიდან ჩემი ნებართვის გარეშე დღეიდან ნაბიჯს ვერ გაადგამ. მე თვითონ გავაკონტროლებ ამას! გასაგებია? არასდროს მოგცემ უფლებას, აქედან წახვიდე, მით უმეტეს, მასთან! - მისი ბოლო სიტყვები მუქარად გაისმა.

- დამტოვეთ, თუ შეიძლება, - იმავე ხმით დავიჩურჩულე, არაფრის ახსნის თავი არ მქონდა.

ან ეს კაცი შეიშალა ჭკუიდან, ან მე მესიზმრება ყველაფერი. ჩემს თავში ნამდვილი ქაოსი ტრიალებდა და მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა - თვალით არ დამენახა ადამიანი, რომელმაც ასე დამამცირა და ამხელა ტკივილი მომაყენა.

- მე ვხედავდი, როგორი თვალებით უყურებდი მას! შენ ის გიყვარს!

ახლა კი ვეღარ მოვითმინე. მისმა «განაცხადმა» წყობილებიდან გამომიყვანა და ავყვირდი, თან ბოლო ხმაზე.

- შე ავადმყოფო! შენ რა გესმის საერთოდ! ჰო, მიყვარს! დიახაც, რომ მიყვარს! მაგრამ შენ ამას ვერასდროს გაიგებ, შე პირუტყვო. ვერ გაიგებ, რადგან უგრძნობელი ხარ! იმიტომ, რომ შენთვის არაფერი ნათესაური ამქვეყნად არ არსებობს! ნუთუ არასდროს გყოლია ან და, ან ძმა, ან ბიძაშვილ-მამიდაშვილი?! რა დღეში ჩააგდე ის ბიჭი!.. და მეც როგორ დამამცირე მის თვალში! - ახლა უკვე აღარ მერიდებოდა, «შენობით» მიმემართა და გემრიელად გამომელანძღა. თითქოს ერთბაშად ამოხეთქა აქამდე შეკავებულმა და გულში დაგროვილმა ბოღმამ.

- ნათესაურიო? ეგ ახალი მოდური ტერმინია? ახლა ამ ურთიერთობას ასე ეძახიან? - გესლიანად ჩაიქირქილა, - გუშინ ისე ეხვეოდით ერთმანეთს შუა ქუჩაში და ისე კოცნიდით, შენი მოკვლა მინდოდა, იცი?! ხომ გაგაფრთხილე, რომ არც ერთი მამაკაცი…

- ამისთვის დაგჭირდა ეს უნიჭო სპექტაკლი? შენი აზრით, საკუთარ ძმას რომ ვაკოცო, ამორალობაა? მეგონა, უფრო საზრიანი იყავი! - არ დავინდე.

მოულოდნელად საწოლზე ჩამოჯდა, მხრებში მძლავრად ჩამავლო ხელები და წამომწია. შეშლილი სახე ჰქონდა.

- რა-ა? შენი ძმა? ჩემს თვალის ახვევას ცდილობ?! დაგავიწყდა ჩვენი კონტრაქტი?! სად გყავს ძმა, ვის ატყუებ! გგონია, ამით შეძლებ მის გამართლებას?! - და ისე შემაჯანჯღარა, მხრის ძვლებმა ტკაცუნი გაიღო.

ნაპირზე ამოგდებული თევზივით ვაღებდი პირს, სუნთქვა შემეკრა. რა სისულელეა, ღმერთო! მას ნუკრი ჩემი საყვარელი ჰგონია! უარესად შემიპყრო სიბრაზემ.

- მოლაპარაკება? მიმიფურთხებია შენი კონტრაქტისთვის! ის ჩემი ძმაა, გესმის? ძმა, ძმა!!! რომელიც ახლახან შევიძინე! მაგრამ შენ ვერასდროს გაიგებ ამას! - ბოლო წინადადება ჩურჩულით დავამთავრე და ღონემიხდილმა თვალები დავხუჭე. აუტანელი იყო იმის გახსენება, როგორ დამამცირა ნუკრის წინაშე. ამწუთას მხოლოდ ის მინდოდა, მარტო დავრჩენილიყავი და საერთოდ არ მაინტერესებდა, სჯეროდა თუ არა ჩემი.

მარტო მინდოდა ეს ტკივილი გადამეტანა… ან მოვმკვდარიყავი… ეს უფრო მაწყობდა…

- შემომხედე! - მითხრა მან, რადგან იგრძნო, რომ კვლავ გული მიმდიოდა. სისუსტისგან ისე მოვეშვი, ხელი რომ შეეშვა, საწოლზე დავეხეთქებოდი.

ისეთი ტონით იყო ნათქვამი ეს სიტყვები, ჩემდა უნებურად გავახილე თვალები და შევხედე… ერთხანს მზერა არ მოუცილებია ჩემთვის… როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, მან იქ სიმართლე დაინახა, თუმცა უკან დახევა არც უფიქრია, - ფული რისთვის დასჭირდა? - ეჭვნარევი ხმით მკითხა, - შენ ხომ მისთვის გადადგი ეს ნაბიჯი?

- ეს შენი საქმე არ არის!

- ახლა უკვე არის! მითხარი, მისთვის გააკეთე ეს ყველაფერი?

- არა მხოლოდ მისთვის. ჩემს დას უფრო სჭირდებოდა, ვიდრე მას.

- მაგრამ… მაგრამ… თუ ასე იყო, რაში დაგჭირდა თამაში? ვითომ გრძნობების გამოხატვა და რაღაცები? - უცნაური ნაპერწკალი გაუკრთა მზერაში.

- არავითარი თამაში არ ყოფილა. ეს უბრალო გარიგება იყო და მეტი არაფერი. წინადადება კი შენგან წამოვიდა და უფრო ადრე, ვიდრე მე ფულს გთხოვდი. ასე არ იყო?

როგორც კი ეს ვთქვი, მის თვალებში გამკრთალი ნაპერწკალი მსწრაფლ ჩაქრა, მაგრამ დაკითხვა არ შეუწყვეტია.

- რისთვის სჭირდებოდათ ფული, მითხარი! მე უნდა ვიცოდე ეს!

- რა მნიშვნელობა აქვს? თუკი ასე მნიშვნელოვანია შენთვის ამის გაგება, თავად გაარკვიე. შენ ხომ არაჩვეულებრივი დეტექტიური ნიჭი გაქვს! ამას დღეს მივხვდი! არაფერი არ მინდა, ოღონდ გადი აქედან და მარტო დამტოვე! არანაირი სურვილი არ მაქვს, შენთან რაიმე საერთო მქონდეს!

როგორც იქნა, შემეშვა. ხელებით დავეყრდენი საწოლს, რომ თავი შემეკავებინა. ის წამოდგა, მაგრამ ოთახიდან არ გასულა. ზურგშექცევით დადგა და გაირინდა. აუტანელმა სიჩუმემ მოიცვა იქაურობა. ძალიან ცუდად გავხდი. ერთბაშად მოვეშვი და ვიგრძენი, როგორ მომაწვა თვალებზე ცრემლი. რაც შეიძლებოდა, ფართოდ გავახილე თვალები, რომ ტირილი შემეკავებინა, მაგრამ ვერ შევძელი… წამიც და… ღაწვებზე უხმო ცრემლის ნაკადი დამედინა. სწრაფად წამოვდექი, ტანსაცმელი მოვიწესრიგე და კარისკენ დავიძარი.

მეგონა, კვლავ შეეცდებოდა ჩემ შეჩერებას, მაგრამ არა. ისე ჩამოვედი დაბლა, უკან არ გამომყოლია…

- ანა, საით? - ლევანი გადამიდგა წინ, - რატომ ტირი? მოხდა რამე?

- სახლში უნდა წავიდე, ლევან. ავად ვარ და არ მინდა, ჩემი ავადმყოფობით ვინმე შევაწუხო. მეშინია, არ გადაგდოთ რომელიმეს… დაგირეკავთ, როგორც კი უკეთ გავხდები. - ჩემი ბოლო სიტყვები აშკარად ყალბად ჟღერდა, რადგან არც დარეკვას ვაპირებდი და არც დაბრუნებას.

- მე წაგიყვან!

უარი მინდოდა მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე. ვიცოდი, ასეთ მდგომარეობაში ორ ნაბიჯსაც ვერ გავივლიდი და სადმე იქვე მოვადენდი ზღართანს…

კორპუსამდე ისე მიმიყვანა, არაფერი უკითხავს. მეც ჩუმად, ჩემთვის ვიცრემლებოდი მხოლოდ. გადმოსვლის წინ საწყლად გავუღიმე, მადლობა გადავუხადე და სადარბაზოში შევიძურწე. ფეხის წვერებზე ავიარე კიბის საფეხურები, რომ მეზობლებს არ გაღვიძებოდათ. ასე მეგონა, ყველამ ყველაფერი გაიგონა და ახლა მხოლოდ ჩემზე ლაპარაკობდნენ.

პირველ რიგში, რაც გავაკეთე, წყლის გადავლება იყო. ახლა სხვა არაფერი მინდოდა, მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებდა - ცხელი წყლით ჩამომერეცხა ლადოსთან გატარებული ყველა ღამის კვალი…

როგორც იქნა, დავმშვიდდი. ლოგინში ჩავწექი და მობილური ჩავრთე. ნუკრის დავურეკე. პირველსავე ზარზე მიპასუხა.

- გესმის ჩემი? - ძლივს გასაგონად ვკითხე.

- მესმის, კი, - თბილი ხმით მომიგო.

- მაპატიე, კარგი? და ნანასთან ნუ მომჭრი თავს…

- რას ამბობ, ანა! რა გჭირს ჩემი საპატიებელი? ცოტა არ იყოს, თავიდან დამშოკა იმან, რაც მოვისმინე, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მე თვითონ შემრცხვა. ჩვენი გულისთვის რამხელა რამეზე წასულხარ! მე აუცილებლად გადაგიხდი მაგ ფულს, გესმის? აუცილებლად და რაც შეიძლება მალე, რომ მისი სალაპარაკო არ გახდე! ნანა ამას ვერასდროს გაიგებს… სად ხარ ახლა?

- სახლში.

- გინდა, მოვიდე?

- არა, ნუკრი, ახლა მარტო მინდა ყოფნა. დიდი მადლობა… ყველაფრისთვის დიდი მადლობა!

- ისა და… 10000 რატომ თქვა იმან, შენ ხომ…

- 10 გამოვართვი და იმიტომ, - გავაწყვეტინე, - ნაკლებად არ მინდოდა ჩემი თავი შემეფასებინა, - მწარედ გავუღიმე სიბნელეს, - დანარჩენი ფული ჩემთანაა. ვიფიქრე, როცა ბოლომდე მოვაგროვებ, ერთად დავუბრუნებ-მეთქი.

- მე შენ ძალიან მალე დაგაბრუნებინებ მაგ ფულს, გპირდები! ოღონდ კი ახლოს არ გაიკარო ის არაკაცი, გაიგე?

- ჰო, გავიგე…

- ყველაფერი კარგად იქნება, ანა. მინდა ეს იცოდე! ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეს ჩემი!

- მჯერა, ნუკრი… მიყვარხარ, საყვარელო, ორივენი მიყვარხართ.

- ჩვენც გვიყვარხარ, ანა, ორივეს გვიყვარხარ…

8 8 8

ერთი კვირის მერე ისე გამოვიყურებოდი, თითქოს მშრალი შიმშილობა მქონოდა გამოცხადებული. ისე გავხდი, რომ იტყვიან, ერთი დაბანაღა დავრჩი. მთელი დღეები ვიწექი, საღამოს ვდგებოდი მხოლოდ, რომ სახლი დამელაგებინა. ამ დროს განსაკუთრებულად ბევრს ვმუშაობდი, რომ დავღლილიყავი, რათა ღრმად დამძინებოდა ღამით, მაგრამ მაინც არაფერი გამომდიოდა. როგორც კი ძილი თავს წამართმევდა, მაშინვე ლადო შემოიჭრებოდა ჩემს სიზმრებში და მოსვენებას არ მაძლევდა. ვერაფერს ვუხერხებდი ჩემს თავს. სწორედ ეს იყო ჩემი უბედურება, ამ მამაკაცის დავიწყება არ შემეძლო. ისე ძალიან მიყვარდა, ვგრძნობდი, წლები დამჭირდებოდა, მისი სიყვარული გულიდან ამომეგდო. სულ მასზე ვფიქრობდი, ვლანძღავდი, ვთათხავდი, ყველაფერში ვადანაშულებდი, მაგრამ მაინც მიყვარდა. მტანჯავდა მისი გახსენება და მაინც მახსენდებოდა.

ნუკრი ყოველდღე მოდიოდა, მამშვიდებდა, მეფერებოდა. ამ ამბავმა ძალიან დაგვაახლოვა ერთმანეთს. ერთი დღე არ დავუტოვებივარ მარტო. მეხვეწებოდა, სადმე გავიდეთ, გავისეირნოთ, ან თეატრში წავიდეთ, ან კინოშიო, მაგრამ ცოცხალი თავით არსად მივყვებოდი. სახლიდან გასვლა მეზიზღებოდა.

ამ ხნის განმავლობაში ლადოსგან არაფერი ისმოდა. არც უცდია, დამკავშირებოდა, რაც უფრო აძლიერებდა ჩემს წყენას. მიუხედავად ამისა, მისმა სიჩუმემ და გულგრილობამაც კი ვერაფერი უყო ჩემს გრძნობებს. ჩემი წამება გრძელდებოდა.

უღიმღამოდ გადიოდა დღეები. ყოველი ახალი დღე წინაზე უფრო მოსაწყენი მეჩვენებოდა.

ერთი კვირის შემდეგ კი საოცრება მოხდა…

როზამ დამირეკა.

- ანა, როგორ ხარ, შვილო? - თბილად მომიკითხა ქალმა.

- არა მიშავს, ქალბატონო როზა, თავად როგორ ბრძანდებით?

- რა ვიცი, დედი, ახლა კარგად ვარ, არაფერი მიჭირს… შენი ნახვა მინდა, უნდა დაგელაპარაკო, შეგიძლია?

- მაპატიეთ, მაგრამ… მაგრამ ახლა არ შემიძლია, - შეცბუნებულმა თავიდან ავირიდე მასთან შეხვედრა, - მეჩქარება, გავრბივარ… მე თვითონ შეგეხმიანებით მოგვიანებით, - სწრაფად ვიპოვე გამოსავალი და გავთიშე.

როზას ჩემთან ნამდვილად არ დაუმსახურებია, ასე მოვპყრობოდი, მაგრამ ახლა მასთან შეხვედრა არ შემეძლო. ჯერ კიდევ დიდი დრო მჭირდებოდა, ჭრილობები მომეშუშებინა. მისი დანახვის კი ყველაზე მეტად მრცხვენოდა. არ ვიცოდი, იყო თუ არა იგი საქმის კურსში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუ არ იცოდა, მით უფრო რთული იქნებოდა მასთან შეხვედრა, აუცილებლად გავცემდი ჩემს თავს.

მეორე დილით, ზუსტად 8 საათზე, კარზე ზარის ხმა გაისმა. ვიფიქრე, ნუკრი მოვიდა-მეთქი. გამიკვირდა, დილაუთენია რომ მომადგა და ცოტა არ იყოს, შემეშინდა. რამე ხომ არ უჭირთ? ეს ერთადერთი იყო, რამაც გონებაში გამიელვა.

კარი გავაღე და… საკუთარ თვალებს არ დავუჯერე - სადარბაზოში როზა იდგა.

- დილა მშვიდობისა, ანა… შეიძლება შემოვიდე? - ღიმილით მკითხა, როცა ჩემს გაოცებულ მზერას წააწყდა და დუმილიც გაიწელა.

- ოჰ, რა თქმა უნდა… მაპატიეთ… ცოტა არ იყოს, დავიბენი… მობრძანდით, როზა დეიდა, უბრალოდ, არ გელოდით და… როგორ ხართ? ვასიკო როგორ არის?

- კარგად, რა უჭირს, დაატარებს ლევანი სკოლაში.

- რატომ არ მოიყვანეთ?

- აბა, როგორ მოვიყვანდი, გაკვეთილებს ხომ ვერ გააცდენდა.

- ჰო, რა თქმა უნდა… ეგ კი ვეღარ მოვიფიქრე.

როზა ტახტზე დაჯდა თუ არა, შორიდან შემოვლა არ უცდია, პირდაპირ დაიწყო.

- ანა, რა მოხდა? რატომ აღარ მოდიხარ ჩვენთან?

- მე… დავეთხოვე ბატონ ლადოს… - თვალებდახრილმა მივუგე, თან გავწითლდი, - მე უკვე აღარ ვჭირდები ვასიკოს… ყოველ შემთხვევაში, ისე აღარ, როგორც ადრე, - სასწრაფოდ დავამატე, რომ არ გაეპროტესტებინა, - მაგრამ მას ნებისმიერ დროს შეუძლია მესტუმროს… როზა დეიდა, ძალიან გამიხარდა, რომ მოხვედით. - არეულ-დარეულად ვლაპარაკობდი.

თუმცა ამას გულწრფელად ვამბობდი. და მისგანაც გულწრფელ სითბოს ვგრძნობდი. ერთხანს ვილაპარაკეთ. როზას ერთხელაც არ უხსენებია ლადო, მე - მით უმეტეს. მხოლოდ მოგვიანებით, როცა სალაპარაკო თემები ამოვწურეთ, ავწრიალდი, რადგან რაღაც იდეა გამიჩნდა.

- როზა დეიდა, ერთი თხოვნა მექნება თქვენთან…

- მითხარი, შვილო, შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყველას ისე შეგვაყვარე თავი, გული მწყდება, რომ აღარ ხარ ჩვენთან.

საძინებელეში გავედი და ნაჭერში გადახვეული ფული გამოვიტანე.

- თუ არ შეწუხდებით, ეს ბატონ ლადოს გადაეცით.

- რა არის ეს?

- ფულია. მისი ვალი მმართებს და მინდა დავუბრუნო. მართალია, ნაწილი აკლია, მაგრამ ორ თვეში იმასაც გავუსტუმრებ.

- მაგრამ მე… იქნებ ჯობია, შენ თვითონ მიუტანო?

- მე ძალიან დაკავებული ვარ, ვერ ვიცლი. თანაც… ცოტა არ იყოს, მერიდება, რომ დავუგვიანე… მრცხვენია… - ვიმართლე თავი.

- იცი რა, ანა? სიმართლე გითხრა, სულ სხვა რამის გამო მოვედი შენთან, იცი?

- რა მითხარით? - ამის გაგონებაზე გავფითრდი. ვიფიქრე, ალბათ ლადომ გამოგზავნა და დამიმალა-მეთქი.

- მინდა ერთი ისტორია მოგიყვე, თუ მომისმენ და ამის დრო გაქვს.

მისი სახის იდუმალმა გამომეტყველებამ მიმახვედრა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოეთხრო, რომ სწორედ ამიტომ დამადგა თავს ამ დილაუთენია.

- რა თქმა უნდა, ჯერ არსად მეჩქარება, როზა დეიდა, გულისყურით მოგისმენთ. ოღონდ ჯერ ყავას მოვადუღებ.

- არ მინდა, შვილო, ყავა ჩემთვის არ შეიძლება. ორიოდე წუთით დაჯექი აქ და მომისმინე.

მუხლები წამერთვა. მივხვდი, რაღაც ძალიან დიდი საიდუმლო უნდა გამეგო. ამიტომ მის გვერდით დავჯექი და სმენად ვიქეცი.

- შენ უკვე იცი, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება იმ სახლში გავატარე. ჯერ კიდევ ლადოს დაბადებამდე ვცხოვრობდი მათთან. გარდა იმისა, რომ ნათესავად ვეკუთვნი, დედამისი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. მერე ის ცხონებული რომ გარდაიცვალა, სადღა წავიდოდი? ლადო კი უკვე დიდი იყო, მაგრამ სახლსაც და მასაც მომვლელი ხომ სჭირდებოდა? მეც დავრჩი. მერე ცოლი შეირთო… იმასაც ანა ერქვა. ისიც შენსავით ლამაზი იყო… შეიძლება უფრო ლამაზიც… არ იცოდი? როგორ გაგიკვირდა… ჰო, ასე იყო. მარტო ლამაზი კი არა, ჭკვიანიც იყო, განათლებულიც, თან ძალიან ახალგაზრდა, 4 წლით ლადოზე უმცროსი. კარგი გოგო, გადასარევი ოჯახის შვილი. 24 წლის იყო ლადო, მასზე რომ დაქორწინდა. ისე უყვარდა ცოლი, ისე უყვარდა, რომ ამის გადმოცემა სიტყვებით გამიჭირდება. არაფერს აკლებდა, ყველანაირად ანებივრებდა. თან ბევრს მუშაობდა, დღე და ღამე საქმეში იყო ჩაფლული, ძალიან დაღლილი ბრუნდებოდა შინ. ანას კი მუშაობის უფლებას არ აძლევდა, ცოლი შინ უნდა იჯდესო, აჩემებული ჰქონდა… იმ გოგოსაც, როგორც ჩანს, მოაკლდა ქმრის ყურადღება. ახალგაზრდების ამბავი ხომ იცი… ერთი სიტყვით, რომ არ გამიჭიანურდეს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ანა ლადოს გერ ძმასთან ერთად გაიქცა. აი, იმ ძმასთან, ყველას რომ ვასიკოს მამა ჰგონია და რომელიც არათუ ძმა, ბიზნესპარტნიორი და მარჯვენა ხელი იყო ლადოსი.

- რას ამბობთ! - ხელი შემოვირტყი ლოყაზე, იმდენად გამაოგნებელი ამბავი იყო ჩემთვის.

- ლადოსთვის, იცი, რამხელა დარტყმა იყო ეს ყველაფერი? მოკვდა კაცი და აღარ დარჩა! თვეების განმავლობაში ეძებდა ორივეს. ბოლოს, როგორც იქნა, ცოლს მიაგნო, თანაც მარტო ნახა, ვიღაც სხვა გოგოსთან ბინაში. უკვე განარკომანებულს, გაუბედურებულს… მის ძმას მიუტოვებია და გადაკარგულა. მას მერე საზღვარგარეთაა, რადგან იცის, თბილისში ვეღარ გამოჩნდება ლადოს შიშით. მოსაკლავად დასდევდა. ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო და, ანა რომ იპოვა, გაიგო, რომ ორსულად იყო… ვასიკო ანას შვილია…

ვიგრძენი, რომ როზას მონათხრობმა თმა ყალყზე დამიყენა. ხელები და ფეხები გამეყინა.

- ამიტომაც ვერ იტანდა ბავშვს… - მინდოდა მეთქვა, მაგრამ მხოლოდ ტუჩები გავარხიე, ჩემი ხმა არ მესმოდა.

- რა მითხარი, შვილო? - ჩემკენ გადმოიხარა ქალი.

- ალბათ ამის გამო მოიძულა ვასიკო-მეთქი, - როგორც იქნა, ამოვთქვი.

- ჰო, ამის გამო. როგორია, როცა ცოლი გამოგიცხადებს, ორსულად კი ვარ, მაგრამ ეს ჩვენი შვილი კი არა, შენი ნახევარძმის შვილიაო? გაგიჟდა კაცი. მიუხედავად ამისა, ანაზე შურისძიება წამითაც არ გაუვლია გულში. მოჰკიდა ცოლს ხელი და თბილისში ჩამოიყვანა. დააწვინა კლინიკაში, უმკურნალა, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო.

- შერიგება სცადა? - ვიგრძენი, რომ გავფითრდი.

- არა, შერიგებაზე საუბარი არ ყოფილა. ამის სურვილი არც გასჩენია. წმინდა ადამიანური საქციელი იყო მისი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის გამუდმებით უყვიროდა, მეზიზღებიო, ვერ გიტანო, მძულხარო. მაპატიე, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა… შენთან სექსიც არ მქონია ნორმალურიო… შენმა ძმამ მაგრძნობინა პირველად, რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაციო. ბავშვი მისია და მოდი ახლა, მომკალი მეც და ამასაც მოუსწრაფე სიცოცხლეო.

- ღმერთო ჩემო, როგორ აპატია ამდენი? - ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და იმდენად შემაძრწუნებელი იყო ამის მოსმენა, რომ ნაფიქრი ხმამაღლა წამომცდა.

- ხომ გითხარი, ძალიან დიდსულოვანი ადამიანია-მეთქი. შენ არ იცნობ მას ბოლომდე. უაღრესად კეთილშობილი კაცია.

- მე კი მეგონა, შურისძიება მისი მოგონილია-მეთქი. ისეთი დაბოღმილი იყო სულ…

- ისეთი ცხოვრება გამოიარა, შვილო. აბა, წარმოიდგინე, რა გადაიტანა! ყველა ვერ გაუძლებდა ამას.

- მართალი ხართ… ვერ გაუძლებდა… და მერე ის?..

- ვინ, ცოლი?

- არა, ძმა… შვილის ბედით არ დაინტერესებულა?

- ის თბილისში ვერასდროს ჩამოვა. მისთვის შვილი მთავარი რომ ყოფილიყო, ფეხმძიმე ქალს არ მიატოვებდა და ბედის ანაბარა არ დააგდებდა. როგორც ჩანს, თავიდანვე უვარგისი კაცი იყო და ლადო ვერ ამჩნევდა ამას, ან ამჩნევდა და თვალს ხუჭავდა. აბა, რა გითხრა.

- მერე? მერე რა მოხდა, როზა დეიდა? - უკვე ხმაც მიკანკალებდა.

- მერე უდღეური ბავშვი გააჩინა. ორი თვე ინკუბატორში გვყავდა. იმასაც მიხედა ლადომ, არაფერი დაუკლია. ექიმები გაოცებულები იყვნენ. სულ არ ეტყობა ამ პატარას, რომ დღენაკლულიაო, ამბობდნენ გინეკოლოგები. არადა, ანა ამტკიცებდა, შვიდთვიანიაო. ექოსკოპიამაც დროული მშობიარობა დაადგინა. ასე იყო თუ ისე, ვასიკო მართლაც უმწეო და უსუსური დაიბადა. ლადოს ნათქვამი ჰქონდა, თუ გადარჩება, ორივეს ბინას ვუყიდი და ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ არაფერი გაუჭირდეთო.

- რატომ აკეთებდა ამას? ცოლმა ხომ უღალატა?

- კი უღალატა, საყვარელო, მაგრამ ეს კაცი იმასაც გრძნობდა, რომ მომხდარში არანაკლები დანაშაული თვითონაც მიუძღოდა. არ უნდა გამომეკეტა სახლშიო, ნანობდა მერე. ბოლო დროს საერთოდ ვერ ვაქცევდი ყურადღებას და ბევრი რამ გამომეპარაო.

- და ამ ყველაფრით დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა?

- როგორც ჩანს. ეს კი არ უთქვამს ჩვენთვის, მაგრამ ვგრძნობდით, როგორ იტანჯებოდა, თითქოს სინდისი ქენჯნიდა. ვინ გააკეთებს დღეს ამას? ვინ გაპატიებს ან ღალატს, ან ოჯახის სახელის შებღალვას? მაგრამ ასეთი ადამიანია. დედა ჰყავდა საოცარი ქალი, სწორედ მან გაზარდა ეგეთი.

- ის ძმა…

როზა მიმიხვდა, რაც მაინტერესებდა.

- მამით იყვნენ ღვიძლი ძმები. მამამისს პირველი ცოლი საშვილოსნოს კიბოთი დაეღუპა და რადგან ბიჭი სულ რაღაც თვეების იყო, სასწრაფოდ შეირთო სხვა, ერთ წელიწადში.

- ერთად იზრდებოდნენ?

- არა, დედი, ერთად არ იზრდებოდნენ. როგორც კი გოგლამ მეორე ცოლი შეირთო, ნიკო ანას მშობლებმა წაიყვანეს და ახლოსაც არ გააკარეს მას შემდეგ მამას. ძმებმა გვიან გაიცნეს ერთმანეთი, გოგლას გარდაცვალების დღეს და ძალიან დაახლოვდნენ. მერე ლადომ თავის ბიზნესში ჩართო, ელოლიავებოდა, გვერდით ედგა, ყველაფერში ეხმარებოდა… რა ვიცი, არც ის ჩანდა ცუდი კაცი. თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან, გვეხუმრებოდა, გვეფერებოდა… ძალიან ლამაზი კაცი იყო, ისეთი, ისეთი… ქალები ჭკუას კარგავდნენ მასზე. არაჩვეულებრივი თამადობა იცოდა, ხუმარა იყო და ამით იზიდავდა ყველას. ის საწყალი გოგოც ალბათ ამ თვისებებით გააბრუა… თან საოცარი ის იყო, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ან კი რა უნდა ეფიქრათ? რძალი და მაზლი რომ ერთად გაივლიდნენ, მიუღებელი და უცნაური რა უნდა ყოფილიყო ამაში? იმას კიდევ ცოლ-შვილი არ ჰყავდა და… ერთხელაც, აი, ეს მოხდა.

- კიდევ კარგი, არ ჩამოვიდა თბილისში, - ჩურჩულით ვთქვი და ისეთი ამოვიკვნესე, მეგონა, გულიც თან ამოვაყოლე.

- ღმერთს მადლობა, რომ ასე არ მოხდა. მოკლავდა იმ უბედურს ლადო, წამით არ აცოცხლებდა. ვიცი მაგის ხასიათი. ისეთი შეურაცხყოფილი იყო, არაფრით აპატიებდა. აუცილებლად ციხეში მოხვდებოდა, ნიკო რომ გამოჩენილიყო.

- და მეც ვერ გავიცნობდი, - ჩემდა უნებურად გამექცა სიტყვები.

როზას მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა. ალმურმა ამკრა. უხერხულობის დასაფარავად, სასწრაფოდ შეკითხვა დავსვი.

- იმ ქალს რა დაემართა?

გაგრძელება იქნება