მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 5 - Marao

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 5

2022-09-27 10:42:37+04:00


წინა თავი

ზარს დიდხანს ვრეკავდი, ვიცოდი გაბრუებულს ეძინებოდა და მოთმინებით ვიცდიდი როდის გამიღებდა. კარი ფრთხილად გამოაღო და რამდენიმე წამი დამაკვირდა, მერე გვერდით გადგა და შინ შემიშვა. ყვავილები და შოკოლადები გავუწოდე და ჩავეხუტე. მაშო გავაცანი და სამზარეულოში შევყევი, რატომღაც ყოველთვის იქ ვსხდებოდით ხოლმე.

შიზოაფექტური აშლილობის დიაგნოზი ირაკლის დაბადებიდან 7 წელიწადში დაუსვეს, მას შემდეგ იტანჯება ლილი და ირაკლი საკუთარი ცნობიერების დღიდან ალბათ. ლილის და ამბობს რომ ქმრის სტაჟიანმა საყვარელმა გააგიჟა, ჯადოებს უკეთებდაო. ამ ამბის ზოგჯერ მჯერა და ზოგჯერ არა, მაინც მგონია რომ ყველას ჩვენ ჩვენი უბედურება გვარგუნა ბედმა და ამაში სხვა არ არის დამნაშავე, ზოგჯერ კიდევ იმასაც ვფიქრობ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოვჩნდით და ჩვენი ბედიც ამან განსაზღვრა... მოკლედ რას გაიგებ... ჩემი საქმრო რომ 10 წლის გახდა მამამისმა ბარგი ჩაულაგა ორივეს და სიდედრთან გამოისტუმრა. ლილის მდგომარეობა უმართავი გახდა როცა გადაბარგებიდან 2 თვეში დედამისი დაიღუპა.

ირაკლისთვის ამ თემას ტაბუ ადევს, მხოლოდ მაშინ როცა ურთიერთობა დავიწყეთ ბევრი წლის წინ მოყვა როგორ ეშინოდა რომ ერთ დღეს საბოლოოდ დაკარგავდა დედამისი აწმყოს შეგრძნებას, დაავიწყდებოდა საკუთარი შვილის სახელი და არსებობა და სამუდამოდ დაიდებდა ბინას შორეულ წარსულში, გააცოცხლებდა მიცვალებულებს და სიკვდილამდე იცხოვრებდა ირეალურ განზომილებაში.

მამა ძველ საყვარელს დაუბრუნდა, პარალელურად შვილი შეეძინა ოღონდ სულ სხვა ქალთან, თავისი მრავალფეროვანი ცხოვრების გამო მხოლოდ ფინანსური პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ირაკლი მაინც მშიერი დაწანწალებდა ქუჩა-ქუჩა და საჭმელს მეგობრის მშობლები უნაწილებდნენ.

დრო და დრო როცა სხვა ყველაფერი სწყინდებოდა ირაკლი თავისთან მიჰყავდა, წელიწადში ორჯერ. გამუდმებით საყვედურობდა, გახსნილი თასმის გამო, ჭამის მანერის გამო, საუბრის გამო... ყველაფრის გამო... უსაშველოდ აყვედრიდა გაგზავნილ თეთრებს რომელიც ირაკლიმდე არასდროს მისულა... უყვიროდა რომ ისეთი არ იყო როგორიც მას სურდა, ყოველ წამს ახსენებდა რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა, იმიტომ რომ ისეთი იყო როგორიც იყო...

ბოლოს 17 წლის წაიყვანა და მას მერე გადაჭრით თქვა შეურაცხყოფილმა თინეიჯერმა უარი ყოველგვარ ურთიერთობაზე მამასთან, პარალელურად დეიდამისი და ნათესავები ირიბად მიუთითებდნენ რომ დედის ავად ყოფნაში ლომის წილი მამამისს მიუძღვოდა.

ასაკთან ერთად აგრესია, რომ დედა მამამისის ავადმყოფური ხასიათის გამო გახდა ავად და თან ამის შემდეგ მიატოვა - მოჭარბებულად იგრძნო, მთლიანი ძალები მიმართა სწავლისკენ და უმაღლესში მოეწყო სამედიცინო ფაკულტეტზე, დედისთვის უნდა ეშველა, სხვა თუ ვერ შეძლებდა მას მაინც თავად უნდა ეცადა.

ლილი იჯდა მშვიდად თავისთვის, ხელებს დაჰყურებდა და დროდადრო ჩემს დასმულ შეკითხვებზე მოკლედ მპასუხობდა, რამოდენიმე სიტყვით, საუბრის მანერა შენელებული ჰქონდა, უემოციო... ამას შეჩვეული ვიყავი მე, მაგრამ მაშო აშკარად ოდნავ შეშფოთებული ჩქარობდა იქიდან წამოსვლას.

_თმა შეგიღებია და შეგიჭრია, ლამაზი ხარ. _მივეფერე.

_ირაკლიმ დამაძალა, აღარ მივალ იქ…

_სალონში იყავი?

_ჰო და ძალიან მაწიწკნიდნენ. მტკიოდა თავი, ტირილი მინდოდა.

ცოტაც და ავბღავლდებოდი, სამი წლის ობოლი ბავშვივით იყო და გული მიკვდებოდა ყველა მის სიტყვაზე. მაშოს ენა ჩაუვარდა, ეუხერხულა ასე რომ მისჩერებოდა და თავი ჩახარა.

_იცი რა, 2 კვირა გქონდეს, მანამდე თავის ტკივილი გაგივლის და მერე მოვალ და მე შეგღებავ.

თავი დამიქნია და ფანჯარაში გაიხედა, ასე იჯდა რამდენიმე წუთს, მივხვდი რომ ჩვენი წასვლის დრო იყო და ავდექი, ვკითხე რაიმე ხომ არ სჭირდებოდა და კარისკენ დავიძარი ბოლოს. უკვე კიბესთან ვიდექი რომ ძალიან ხმადაბლა მომაძახა.

_ირაკლი ჩამოვა აქ თუ შენ უნდა წახვიდე?

_ირაკლი ჩამოვა, არსად წავალ...

კიბეზე დავეშვი და უკან აღარ გამიხედია, ორი სართული ჩავირბინე და ეზოში გავედი.

_საშინელი აურაა მართა, აქ არ იცხოვრებ იმედია, ეს ამდენი შავთეთრი გადიდებული ფოტო ყველგან რა ჯანდაბაა, კედლებზე, კარადაზე, მაგიდაზე, რა გამოაკეთებს ამას თუ უყურებს წლებია?!

_ისედაც ვერაფერი გამოაკეთებს...

_რატომ არ აძალებს ირაკლი რომ ესენი ჩამოხსნან და აალაგონ?

_ვერ გეტყვი... არ ლაპარაკობს მაგაზე, საერთოდ რა ვიცი? ალბათ მაგასაც არ მეტყოდა რაც დედამისს ჭირს ასე აშკარად რომ არ ეტყობოდეს... _სიბრალული ისე გადამეზარდა ბრაზში საერთოდ ვერ გავიაზრე როდის და რატომ, მოვდიოდი და ნერვები მეშლებოდა, მეტირებოდა, ოღონდ არა ლილიზე...საკუთარი თავი მებრალებოდა.

***

გამოუძინებელი ავდექი, ნახევარი ღამე ნერვიულობაში გავატარე რომ მეორე დღეს ისევ დალაგებაზე მიწევდა წასვლა, ერთი პირობა გადავიფიქრე კიდეც მაგრამ კვირის ბოლოს საწვავის ფული რომ დედას გამოვართვი მაშინვე უარი ვთქვი განზრახულზე.

სალომემ აითვისა სამუშაო და ვითომ მისი დარდი მქონდა რომ ესწავლა რაიმე, სამსახურში მთელი დღე არაფერი ვაკეთე გარდა მთქნარებისა. საღამოს 2 საათით ადრე გავუშვი და დარჩენილ საქმეს მივხედე, გასვლისას დალი შემოვიდა, შემახსენა რომ დღეს დალაგების დღე მქონდა.

_გასაღები ხომ გახსოვს სადაცაა?

_კი და იმედია სახლში არ დამხვდება.

_მაგაზე არ იდარდო.

_რაიმე ხომ არ უთქვამს... დალაგებულზე? _შევიშმუშნე.

_სარეცხზე ისევ მადლობები გადამიხადა, ვუთხარი სხვა იყო მაგრამ ჩემი გოგოა და ისევე მიხედავს როგორც მე მეთქი. _დამცხა და ოფლმა დამასხა.

_მერე?

_არაფერი, იმისთვის მთავარია მოწესრიგებული იყოს, რას უცვლის ვინ დაალაგებს??!

_თავის დროზე მივალ და გამოვალ.

_დამირეკე თუ რამე გაგიჭირდა... ზეგ ორსართულიანი სახლი მაქვს და თუ გინდა წაგიყვან, მარტივ საქმეებს დაგავალებ.

_ხვალ გეტყვი პასუხს, იქაც არავინ იქნება?

_იქ იქნებიან, მაგრამ ადგილობრივები არ არიან დაჩად აქვთ და არავის ეცნობები, ნუ დარდობ მაგაზე, ყურადღებას არავინ მოგაქცევს შენ.

_მადლობა დალი. _საწყლად გავუღიმე და ნივთები წამოვკრიფე მაგიდიდან.

ისევ ავადური ნერვიულობა ამიყვა, მთელი ეს დღეები ვუმეორებდი ჩემს თავს რომ ეს ფული ძალიან მჭირდებოდა, რა მანერვიულებდა ნეტა, დიდი დიდი დალაგებისას წამდგომოდა თავზე და სულ ეს იყო, არც ვატყუებდი რაიმეს და არც დიდად სამარცხვინო იყო, თავად თუ ეხამუშებოდა და შთაბეჭდილება წაუხდებოდა მე რას ვკარგავდი, ვინ იყო ჩემი ბოლოს და ბოლოს, რაში მადარდება მისი შეხედულებები გინდ ჩემზე და გინდ ზოგადად?!

გასღები მოვძებნე მაგრამ მაშინვე ჩამივარდა ხელიდან. ლიფტი ისევ ზლაზვნით და ღრჭიალით აცოცდა მეცხრე სართულზე, ხელები მიკანკალებდა და ძლივს მოვარგე გასაღები საკეტს.

შევედი და კარი ზურგსუკან ორპირი ქარის გამო მაგრად დამიბრახუნდა. შევდგი თუ არა მისაღებში ფეხი სუნამოს სუნმა გამაბრუა, შემომცხა და ადგილზე გავძეგლდი. მივაყურადე, ჩამიჩუმი არ ისმოდა. მერე ფეხაკრეფით შევიხედე ჯერ საძინებელში და ბოლოს აბაზანაში. დავრწმუნდი რომ უბრალოდ ახალი გასხურებული ჰქონდა და სახლში ნამდვილად არ იყო.

დასალაგებელი არაფერი ჰქონდა, კალათაში არაფერი ეყარა, სარეცხი აივანზე იყო გაფენილი, შევეხე, ყველაზე დიდი 1 საათის გამოტანილი იქნებოდა ჯერ ისევ სველი იყო. ნიჟარაში ჭურჭელი არ ელაგა. ნერვებმა შემომიტია, ზუსტად ვიცოდი რომ ბოლოჯერ მოვედი და არაფრის კეთებაში ფულს ვეღარ ავიღებდი, თავბრუ დამეხვა და დივანზე ჩამოვჯექი, კიდევ ერთხელ მოვათვალიერე რა ჯანდაბა უნდა მეკეთებინა თუნდაც ერთი საათი დალაგებულ სახლში, ბოლოს მტვერსასრუტი ჩავრთე, ხალიჩას და იატაკებს მოვატარე და ისევ ჩამოვჯექი. თავს ვებრძოდი. გადასაფარებლებს დავაკვირდი იქნებ რომელიმე ოდნავ მაინც იყო შეჭუჭყული, და ნერვებმა პიკს მიაღწია როცა საძინებელში საწოლს გადავხადე, ზეწრებს ნაკეცები ეტყობოდა, ბალიშზე თავი შეხებულიც კი არ იყო, მორჩა სახლში მივდიოდი, დავურეკავდი ახლა დალის და ვეტყოდი რომ დალაგებული დამხვდა, ფული არ მინდოდა და მეტჯერაც აღარ მოვიდოდი. რომელი ნორმალური ადამიანი ტოვებს გასაღებს დამლაგებლისთვის მაშინ როცა თეთრეული გამოცვალა, სარეცხი დარეცხა, ჭურჭელიც... ნაგვის ჩასაყრელიც კი ცარიელი იყო. ნერვიულად შევქანდი სააბაზანოში, ხსნარები მოვასხი ყველგან და სუფთა აბაზანა გავხეხე, უნიტაზიც... დრო ხომ დავკარგე, ჰოდა ავიღებდი ფულსაც, მერე აივანზე გავედი, პერანგები და მაისურები წამოვკრიფე და დავაუთავე, საკიდზეე დავკიდე და ჩემს თავს შემოვუძახე რომ დიახ, ვიშრომე და ვიმსახურებდი ანაზღაურებას.

საათსა და ათ წუთში გავედი, კარი ჩავკეტე და ლიფტის ღილაკს ნერვიულად ასჯერ დავაჭირე თითი, მაგრამ არ მიშველა, ლიფტიც ნერვიულად ადიოდა და ჩადიოდა, კიბეზე დავეშვი, ასვლაა რთული თორე ჩავირბენდი უცებ, მეც ახლა შრომით არ ვყოფილიყავი ქანცგაწყვეტილი.

სანამ სადარბაზოდან გავიდოდი განათებულ ქუჩში ჯერ კარგად მოვათვალიერე ხომ არავინ იყო და მერე გავედი. ის ის იყო გასაღებს ვდებდი დენის ამთვლელის ყუთში რომ ქალებმა ჩამიარეს სეირნობით. გარკვევით ჩამესმა თვითოეული სიტყვა და შემობრუნება ვერ შევძელი.

_აღარ აქვთ ნამუსი, მეხუთეზე შედი გადია მთელი დღე, საათობრივად ქირავდება ჩემს წინ ბინა, შეხედავ მშვენიერი გოგოები არიან, რას მიხვდები ახლა ისენი რომ ოჯახში შემოგივლენ...

ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, მორჩა, ეს ბოლო იყო, ასეთ სისულელეს აღარ ვიზამდი, სირცხვილისგან ლამის მუხლები მომეკეცა, მანქანამდე ძლივს მივედი და რომ ჩავჯექი შუშა ჩამოვწიე რომ მესუნთქა. იქით გავიხედე ის ორი ქალი რომ ტაატით მიდიოდა, აგერ ამ ორი წუთის წინ ბოზის იარლიყი რომ ამარტყეს და თან ისე სასხვათაშორისოდ რომ პასუხის დაბრუნების შანსი არ დამიტოვეს. სქელ და უხეირო ფეხებს აქეთ იქით ნება ნება ადგამდნენ, იქნებ შურდათ კიდეც იმ გოგოების საათობრივად ნაქირავებ ბინაში რომ ვნებით და სიყვარულით ტკბებოდნენ, და მე რა ჯანდაბა მაღელვებდა ამ დედაკაცების ნაბოდვარზე... როდის უნდა დამეძლია აი ეს აუტანელი ნერვიულობა ყველაფერზე, თუნდაც ეფიქრათ რომ საათობრივად გაქირავებულ ბინაში ვიყავი, ვინ იყვნენ...რას ცვლიდა, რა მაღელვებდა, თავი ხელებში ჩავრგე, საკუთარ თავზე მრისხანებამ ყველაფრის უნარი წამართვა, მოვდუნდი და ცრემლები მომაწვა, ვისთვის შემეჩივლა, დედაჩემი გაგიჟდებოდა რომ უმაღლესდამთავრებული სახლებს ვალაგებდი, მამაჩემი ისევ იკითხავდა რისთვის მასწავლა?! ირაკლი ? ირაკლი არ ვიცი გაბრაზდებოდა თუ არა, მაგრამ ხანგრძლივ ლექციას წამიკითხავდა როგორ ვკარგავდი ძვირფას დროს, რომ რასაც მოინდომებ ყველაფრის გაკეთებას შეძლებ ადამიანი უბრალოდ მე არ ვცდილობ, რომ ასე ვერ განვვითარდები, რომ საკუთარ თავზე არ ვმუშაობ, რომ რაც მაქვს რესურსი არ ვიყენებ საკუთარი თავისგან კარგი პროდუქტის შესაქმნელად...

მერე ამაში ცუდი რა არის?! არაფერი, გარდა იმისა რომ აი ამ ლექციის შემდეგ საკუთარ თვითშეფასებასთან ბრძოლაში საბოლოოდ ვმარცხდები... რომ იმ ყველაფერს რასაც ირაკლი იაზრებს და აკეთებს მე ვერ შევძელი, ვერც გააზრება და ვერც გაკეთება, რომ ჩემზე უკეთესს იმსახურებს, რომ ვერ ვიგებ საიდან დავიწყო და რა ვაკეთო, ისევ ვიკარგები და ისევ მეწყება საკუთარი თავის მიმართ ენით აღუწერელი სიძულვილი. ბიძგს ვერ მაძლევს, არ არის ეს ყველაფერი ჩემი მოტივატორი, რა გავაკეთო ვიღაცაზე ან უმეტესობაზე თუ დადებითად აისახება... ხომ მაქვს უფლება იმ უმცირესობას ვეკუთვნოდე ვისაც სჭირდება მოფერება, ჩახუტება და იმის მოსმენა რომ დიახ, ასეთი შეუმდგარიც შეუცვლელია... იქნებ მერე უფრო გამომივიდეს, იქნებ მერე უფრო ვირწმუნო საკუთარი თავის...

გასაღები აქაც ძლივს მოვარგე და უკუსვლით დავწიე მანქანა, ისევ წითელი ალფა რომეო იდგა, ძალიან ახლოს გაჩერებული, მივუხლოვდი თუ არა შუქი ამინთო და ააციმციმა.

_დებილი ვგონივარ... _თვალები ავატრიალე, მაგრამ სამჯერ რომ ერთი და იგივე გაიმეორა ნერვებმა საბოლოოდ მიმტყუნა, თავი გადავყავი და ვუყვრე.

_გხედავ, გხედავ, არ დაგეჯახები. _კარები გამოაღო და გადმოვიდა, ზუსტად წამის მეასედში გავიაზრე ვინ იყო და მომზადებული მორიგი სიტყვა ყელში გამეჩხირა. ფანჯარასთან მოვიდა და გაჩერდა. ენა გადავყლაპე მგონი, მხოლოდ იმაში გამიმართლა რომ ღამე იყო და სავარაუდოთ ვერ შეამჩნევდა სახეზე მონაცვლეობით როგორ დამთამაშებდა თეთრი და მწვანე ფერი.

_ შუქი დაგრჩენია ანთებული, ეტყობა ჩქარობდი. _მითხრა და სავარაუდოთ თავის ფანჯრებს ახედა.

_შეიძლება დამრჩა. _ისე ხმადაბლა ვთქვი თვითონაც ძლივს გავიგონე. ღრმად ამოისუნთქა.

_ჩააქრე მანქანა ცოტახანს და გადმოდი. _არ იღიმოდა, ისეთი სახე ჰქონდა ცოტაც და ვიფიქრებდი რომ რაღაც დავაშავე.

_სახლში უნდა წავიდე. _თვალი ავარიდე და საჭეს დავაშტერდი.

_ხომ ჩემს სახლში უნდა ყოფილიყავი წესით ბევრი საქმე რომ დაგხვედროდა? _გამომცდელად შემომხედა. მანქანა ჩავაქრე, ყველაფერს ინსტიქტურად ვაკეთებდი, ხელები და ფეხები მიკანკალებდა, წინ წავიდა და უკან გავყევი. ჩემი 2 წუთის წინ დადებული გასაღები გამოიღო და ლიფტთან შეჩერდა, შიშმა ამიტანა, მისი კი არ მეშინოდა, სიტუაციის რაც დამატყდა.

კარი გახსნა და წინ შემიშვა, მისაღებში შევედი და სავარძელზე ჩამოვჯექი.

_გისმენ. მალე უნდა წავიდე. _ძალა მოვიკრიბე და მოჩვენებითი სიმშვიდით ავხედე, თავზე მედგა და დამშტერებოდა.

_რამ მოგაფიქრა აქ ხელახლა მოსვლა იმ მიზეზით რა მიზეზითაც მოხვედი ორჯერ?

_არ ვიცოდი რომ აქ მოვდიოდი.

გაეცინა და წინ ჩამოჯდა, ჟურნალების მაგიდაზე, ძველმა ნაკეთობამ ხმა გამოსცა, ვიფიქრე სადაცაა დაიშლება მეთქი.

_როდის მიხვდი აქ რომ მოდიოდი? _გამომცდელად ჩამხედა თვალებში, თხელი ტუჩები ერთმანეთს რამდენჯერმე მიაწება და მერე გაათავისუფლა.

_სადარბაზოსთან რომ ვიდექი უკვე მაშინ. _ვუპასუხე ისე რომ თვალი აღარ ამირიდებია.

_რომ არ მჯერა?! _თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.

_კარგი, მაშინ შენი მიკიმაუსიანი საცვლების კიდევ ერთხელ ნახვის სურვილმა მძლია, მერე გავიკითხე სანტექნიკი, დამლაგებელი ან მზარეული ხომ არ გჭირდებოდა და გამიმართლა... მოვედი. რაიმე სხვა ვერსია თუ გაქვს შემიძლია იმაზეც დაგეთანხმო წინასწარ.

სახე შეეცვალა, იატაკს დახედა და მერე ისევ მე შემომხედა.

_შეიძლება ახლა წავიდე? _ვკითხე და უარესად დავიძაბე. _ან დავაშავე რამე დაკითხვაზე რომ ამომაბრუნე?

_აღარ დამჭირდება სახლის მოწესრიგება მართა, კარგად ვარ უკვე, გავართმევ თავს.

სულ ერთი წუთი, ან წამები იყო დარჩენილი და ავღრიალდებოდი, ცრემლები მომაწვა ყველგან, ყელში თვალებში, პირი ნერწყვთ ამევსო და წამოვდექი, უნდა გამესწრო, აქედან უნდა გავქცეულიყავი, და ამ ქუჩაზეც კი აღარ ვიყავი გამვლელი, ოღონდ აღარცერთი სიტყვა აღარ ეთქვა, ოღონდ უბრალოდ მოეცა საშუალება გავსულიყავი.

_არაფერი გამიკეთებია, ფული არ მჭირდება... _ვთქვი და ბოლო სიტყვა თითქმის გადამეყლაპა. კარს მივუახლოვდი და გამოვხსენი, უკან აღარ გამიხედია, მაგრამ კარამდე რომ მომყვებოდა ვგრძნობდი. კიბეზე დავეშვი, გიჟივით ჩავრბოდი და ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა, ალბათ სადღაც შუა სართულზე ორ კიბეზე თითქმის ჩავვარდი, ფეხი დამისრიალდა მაგრამ არ დავცემულვარ, ოდნავ შევანელე სვლა და სადარბაზოდან გავვარდი. ირიბად გაჩერებულ მანქანაში ჩავჯექი თუ არა მაშინვე დავძარი და ადგილს მოვწყდი, წესიერად ვერ ვხედავდი გზას, ცრემლებს მაჯით ვიმშრალებდი რომ არაფერს დავჯახებოდი, ბოლოს რომ დავრწმუნდი არავინ მომდევდა და სამშვიდობოს ვიყავი გამოსული მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავეყენე და ავღრიალდი. მთელი ბრაზი და ბოღმა ღაპაღუპით მცვიოდა თვალებიდან, მაგრამ ზიზღი ვერაფრით გადმოვღვარე, საკუთარი თავის ზიზღი სადღაც ღრმად მქონდა ჩაბიუდებული და არსად წასვლას არ აპირებდა.

გაგრძელება იქნება