მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 7 - Marao

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 7

2022-09-29 10:29:14+04:00


წინა თავი

სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებს დაუსრულებლად ვეძებდი, მაგრამ ყველა ჯერზე მაშფოთებდა ის აზრი რომ ვილების დამლაგებლად დავწინაურდებოდი და ჩემი კარიერული მწვერვალიც ეს იქნებოდა, ყოველ დღე თუ არა კვირაში ოთხი დღე რომ სახლები მელაგებინა ჩემს არსებულ ხელფასს გვარიანად გადავაჭარბებდი, თუმცაღა სოციალური სტატუსის ეს ფორმა გულს მიკლავდა, ჯერ ისედაც ირაკლის ღირსად არავის მივაჩნდი, მგონი ჩემებიც კი ასე თვლიდნენ და ახლა ექიმ კაცს დამლაგებელი ცოლი არანაირად არ შეეფერებოდა, საწყისი გამოცდილებაც სახარბიელო არ მქონდა და ეს მაკავებდა რომ კაპიკებზე არსებულ სამსახურში ვრჩებოდი, თუმცაღა ერთი მსუყე მიზეზი და აუცილებლად გადავდგამდი ამ ნაბიჯს.

სალომე მეტისმეტად დამიახლოვდა, არავითარ მიზეზს არ მაძლევდა დაგროვილი ნეგატივი მასზე გადამეფრქვია, მთელი დღე იღიმებოდა, სასაცილო ამბებს ყვებოდა, რაც ისწავლა ბოლომდე იხარჯებოდა, ზარებს უწყვეტ რეჟიმში პასუხობდა, თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა თუ არა შესვენებაზე გარბოდა ისიც იმისთვის, რომ წასახემსებლად რაიმე მოეტანა, მერე ზუსტად შუაზე ყოფდა და ყავასაც თავად მიმზადებდა, არ ვიცი თავს დამნაშავედ გრძნობდა და გამოსყიდვას ცდილობდა თუ მართლა დაუჯერებლად კარგი ვინმე იყო. არასდროს უხსენებია პრობლემა რაც ჰქონდა, არ წუწუნებდა, არც შვილებზე საუბრობდა, თავს ისე ვგრძნობდი მასთან თითქოს ორი სტუდენტი ვიყავით და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვქონდა.

შევეჩვიე, ზოგჯერ სამსახურში მისვლა მხოლოდ მის გამო მიხაროდა, საოცარი აურა ჰქონდა, სიმსუბუქის და სილაღის შეგრძნებას ასხივებდა, გადამდები პოზიტივი და შესანიშნავი იუმორი.

შუადღეს სამსახურიდან გამოვედი, ირაკლის საბუთები უნდა მიმეტანა სათარგმნად, მერე დამემოწმებინა ნოტარიულად და უნდა მომესწრო იმ დღესვე გაგზავნა. შევატოვე სალომეს ყველაფერი, გულწრფელად ავუხსენი რომ 1 საათში ვერ მოვაგვარებდი და დიდი ალბათობით დღეს ვეღარ დავბრუნდებოდი, ჯერ სულ ბედნიერი ღიმილით აქეთ მამშვიდებდა, არაფერია ისეთი და თავს გავართმევო, მერე თავის ნაცნობს დაურეკა და საბუთების მოგვარებაში დახმარება სთხოვა, მიყვარდებოდა მგონი უთავბოლოდ.

სანამ საქმის კეთებას შევუდგებოდი მარკეტში შევიარე, ხუთვა იყო და რაიმე ცივი რომ არ დამელია ალბათ ვერ გადავრჩებოდი... პარკირებიდან რომ გამოვედი და გზაზე ჩავდექი მანქანების გრძელ რიგში ნამდვილად არაფერი დამინახავს, როდის წამომეწია და იქ საიდან გაჩნდა ახლაც ვერ ვხვდები, უკან მომყვებოდა წითელი ალფა რომეო, ისე სასხვათაშორისოდ, არც ისე ახლოს, მაგრამ მე მომენტალურად ამერდამერია წვენი რომელ ხელში უნდა დამეჭრა და საჭე რომელში, სულ ერთი წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ მასთან ვალში არ ვიყავი, არც არაფერი დანაშაული მქონდა ჩადენილი და თანაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადამეყარა. მერე მეორეც... იქნებ მე სულაც არ მომდევდა, ხომ არ დაესიზმრებოდა რომ ამ დროს აქ ვიქნბოდი. ეს რომ გავიაზრე თითქოს ცოტა მომეშვა, მაგრამ დაახლოებით შვიდი წუთი სტაბილურად მომდევდა შუა ზოლზე გაჩხერილი.

მანქანის საპარკინგე ადგილის ძებნაში ხუთი წრე დავარტყი შორიახლო მიდამოებს და ბოლოს თვალთახედვიდან გამიქრა. საკმაოდ შორს ვიპოვე გასაჩერებელი, მაგრამ მაინც იღბლიანი ვიყავი, უზარმაზარი ხის ჩრდილქვეშ მოვთავსდი.

საბუთები ნოტარიუსთან დავტოვე, ერთ საათში ვიყავი დაბარებული და გამზადებულს დამახვედრებდნენ, შემეძლო სეირნობით დავბრუნებულიყავი, ან იქვე სკვერში ჩამოვმჯდარიყავი, მაგრამ ისეთი კოცნაობა იყო გაჩაღებული ამ სექსუალურ დახუთულობას ერთი საათი ვერ ავიტანდი, ამიტომ ტაატით ავუყევი ტროტუარს.

მანქანის კარის სახელურს შევეხე თუ არა საკუთარი სახელი შემომესმა, უკვე ნაცნობი ხმა იყო.

_მართა!

შევტრიალდი, იმ ერთმა წამმა ვიდრე შევხედავდი ძალა შემმატა. თავზე წამდგომოდა, ალბათ რამოდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს. შავი მაისური და რუხი ჯინსის შარვალი ეცვა და კიდევ უფრო თეთრი სახე უჩანდა, რომ შევხედე თხელი ტუჩები ერთმანეთს შეაწება, დროს იგებდა, სიტყვებს არჩევდა სათქმელად. სანამ პირველ სიტყვას წარმოთქვამდა დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და საბოლოოდ გავმხნევდი. მერე დიდი ლურჯი თვალებით ამომხედა და ისევ თვალი ამარიდა.

_ბევრი წვრილმანი რომ აღარ ავხსნა და თავი არ შეგაწყინო მარტივად გეტყვი რომ ვიცი არასწორად მოგექეცი.

_არაფრის ვალდებულება არ გაქვს ჩემთნ, მით უფრო ბოდიშის.

_ვალდებულება და ბოდიში სხვადასხვა მხარეს მიმავალი ცნებებია, კვეთა არ აქვს, ბოდიშის ვალდებულება არ არსებობს. _ შეყოვნდა _რაღაცეები უბრალო დამთხვევას ვერ მივაწერე... სულ ეს იყო.

_მაინც რა იფიქრე? რა მიზნები მამოძრავებდა?

_თუ დამიჯერებ იმ ღამესვე ვინანე, კარში გახვედი თუ არა მაშინვე.

_საიდან გაიგე რომ მე დავდიოდი... _იმ სიტყვის თქმა არ მინდოდა ასე რომ მაკნინებდა. _სახლში რომ მე ვიყავი?

_პირველივე ჯერზე როცა მოვედი სახლში შენი მანქანა დავინახე პარკინგზე, უკან გავაჩერე, აზრად არ მომსვლია რომ ჩემს სახლში იქნებოდი, ვიფიქრე ან სტუმრად იყავი ვინმესთან, ან რავიცი... გელოდებოდი, რომ მომეკითხე. ზუსტად ამ დროს სადარბაზოდან გამოხვედი და დენის ამთვლელი მოწყობილობის ყუთი გამოხსენი, ერთადერთი რაც ვიფიქრე იმ წუთას... ის არ ვიფიქრე მოკლედ, არ ვიფიქრე კი არა სხვა რაღაც ვიფიქრე... _დაიბნა, და გაჩუმდა.

_შენც შენი მეზობლებივით განიხილე მაშინვე რომ დღიურად გასაქირავებელი ბინის სტუმარი ვიყავი?! _ირონიულად ჩამეცინა.

_ჰო, მაგრამ ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ ჰქონდა, შენ ახლა რისკენაც მიმანიშნებ რომ მე რაღაც ცუდი ვიფიქრე, არ არის ასე....უფროსწორად გაფიქრება ვერ მოვასწარი, ყუთის ამბავმა ამრია...

_ რატომ არ გადმოხვედი მანქანიდან?

_იმიტომ, რომ იქნებ ვიღაც სხვაც უნდა გამოსულიყო...

_მთელი ნოველა მოგიფიქრებია...

_მერე წახვედი... ჯერ ვიჯექი, ვფიქრობდი რატომ არ გნახე, აი იმყუთში რაღაცის დატოვებამ დამაბნია. მივედი ყუთი გამოვაღე და არაფერი... მხოლოდ ჩემი გასაღები, მეორე დღეს დალის დავურეკე... მოკლედ გავარკვიე ყველაფერი...უფროსწორად თავისით დალაგდა მოვლენები...

_და დალაგებული სახლის დახვედრება რაღა იყო?

_აღარ გაწვალე... _გაეცინა და გვერდით მდგომ მანქანას თვალი შეავლო.

_არა, ნამიოკი იყო, უბრალოდ გაინტერესებდა დამლაგებლის კვალობაზე რამდენად ჭკვიანი და გათვლილი შეიძლება აღმოვჩენილიყავი რომ ეგ გამეაზრებინა.

_მოკლედ ბოდიში, რა დამემართა არ ვიცი... _არც დამეთანხმა ბოლო წინადადებაზე და არც უარყო. _მართა, დამთხვევას ვერ მივაწერე, მხოლოდ აქ შევცდი, ვერ გეტყვი რა ვიფიქრე კონკრეტულად, არც კი გიცნობ, მაგრამ რამდენადაც გიცნობდი არ წარმოვიდგინე რომ საკუთარი ავტომობილით, ჭკვიანი და გააზრებული ქალი ზუტად იმ ბინაში მოხვდებოდა სრულიად შემთხვევით და თან დასალაგებლად, სადაც ერთხელ უკვე ნამყოფი იყო, მაგრამ მაშინ სულ სხვა მიზეზით... იცი რა, მოდი ბოლომდე გეტყვი, ისიც კი ვიფიქრე რაღაც სამსახურიდან იყავი და იმას ეძებდი რა... აი რის გამოც ჩანთა და ჯიბეები ამომატრიალებინე მანქანაში რომ ჩაგიჯექი... შენც დაგაბნევდა ეს ყველაფერი, დამიჯერე.

_თუ ახლა მაინც დარწმუნდი რომ მანქანიანი, ჭკვიანი ვიპ დამლაგებელი ვარ და ეჭვები აღარ გაქვს, დაგემშიდობები, ისე დალაგება თუ დაგჭირდეს არ მოგერიდოს, მაგ ბოდიშის და პლიუს გულწრფელობის გათვალისწინებით 50 პროცენტიანი ფასდაკლებით დაგიწკრიალებ ყველაფერს, მაქედან 5% ის დაკლება მარტო იმად ღირს რომ შენი დისნეის საცვლების კოლექცია დავათვალიერო სააბაზანოში.

ბოლო სიტყვებზე სიცილი ამიტყდა, ისტერიკულად ვხარხარებდი და ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა, ეს გულწრფელი სიცილი არ იყო, არც ბედნიერი, დამცირებული და ბოროტი სიცილი იყო, და ის ცრემლები, ისევ ჩაბუდებულ სიმწარეს ვღვრიდი თვალებიდან. ის ვერაფერს მიხვდა და სიცილში ამყვა, იცინოდა ვიდრე მე წარმოდგენის ფინალურ ნაწილს ვთამშობდი.

_მართა! _ჩამოწეულ ფანჯარასთან ჩამოეყუდა.

_გისმენ ალექსანდრე!

_გამოსყიდვის უფლება მომეცი, გთხოვ!

_რა უნდა გამოისყიდო?

_ის საღამო...

_ჩვენ ერთმანეთის მეგობრები არ ვართ წყენა რომ ჩავიდოთ გულში, და დამატებითი ვალდებულებები ავკიდოთ ჩვენს თავებს, ჩათვალე რომ ეგ სიტყვიერი ბოდიში სრულიად საკმარისია.

_ვალდებულება მეორედ ახსენე, არ ვთვლი არაფერში ვალდებულად თავს...

_კარგად ალექსანდრე. _გავუღიმე, ამჯერად ირონიის გარეშე მაგრამ არ ვიცი რაიმე განსხვავება იმ ორ ღიმილს შორის დაინახა თუ არა...

_კარგად მართა. _გამიღიმა და მხარზე შემეხო.

უკუსვლით გამოვედი სამოძრაო ზოლში, ნეტა სად ჯანდაბაში მივდიოდი, იქ ვაპირებდი დგომას, ხის ქვეშ ვიდრე საბუთების თაობაზე დამირეკავდნენ, მაგრამ ახლა ამაზე დარდი დაგვიანებული იყო, გზას გავუყევი, თავში ისეთი საგიჟთი მქონდა ცოტაც და ყურებიდან წამომივიდოდა ბოლო რამდენიმე წუთში დაგროვილი მთელი ეს ამბები. ცენტრალური გზიდან გადავედი და მიტოვებულ შენობასთან გავჩერდი, ვიცოდი ნაძვის ქვეშ რაც ელოდა ჩემს მანქანას მაგრამ ესეც კი ვერ მაიძულებდა ადგილიდან გატოკებას. რაზე ვფიქრობდი? ვერაფერზე... გული სადღაც ყელის მიდამოში მიცემდა და ყურებში გაბმით წივილს ვგრძნობდი. დაწყნარდი მართა, დაწყნარდი, ამეორებდა გონება უწყვეტ რეჟიმში... ერთ რამეს იმ წუთასვე მივხვდი, სულაც აღარ ვგრძნობდი თავს დამცირებულად იმის გამო რაც მოხდა, გულწრფელი თუ ვიქნები სადღაც სიამაყის მარცვალი ჩამივარდა და გაღივებას ლამობდა.

****

ემოციებისგან დაცლილი და გაბრუებული მივლასლასდი სახლში, შიმშილი გაღიზიანებაში მქონდა გადასული, მაგრამ ჭამის თავი არ მქონდა, დავწექი და ჰორიზონტალურმა მდგომარეობამ მომენტალურად მომგვარა შვება, სღამოს რვის ნახევრიდან დილის რვა საათამდე ისე მეძინა გვერდი არ შემიცვლია.

სამსახურში წასვლამდე მისაღებში გავედი, დედა სუფრას შლიდა, დილის ცხრა საათზე. შემინული კარადიდან სერვიზის თეფშებს რუდუნებით აწყობდა მაგიდაზე და ჩაის ტილოთი სათითაოს წმენდდა.

_შენც გაიგე რომ მეორედ მოსვლა ახლოსაა და გადაწყვიტე ჩაზინებული თეფშებით თავი გაინებივრო თუ სერვიზს რატომ შლი ამ დილაუთენია?

_ეკა და თამაზი უნდა მოვიდნენ, ველოდები.

_ახლა? სტუმრობისთვის დაწესებული საათების ასეთი მკაცრი დარღვევა ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა.

_ოჰ, მოსულა ქალბატონი ხასიათზე. _საქმიანობა შეწყვიტა და ამათვალიერა. _საუზმე მინდა დავახვედრო...

_იმათზე ნაკლები რითი ვარ ჩემთვის რომ არ შეიძლება ამ ჭურჭლის გამოყენება?

_ყოველდღიურად რომ ეს გამოვიყენოთ და რეცხვაში დაიმტვრას, მერე ნაკლული დავალაგო „ვიტრინაში“?

_ახლა დაზღვეულია?

_არა, არც ახლა არ არის...

_ანუ აღიარებ რომ უბრალოდ დამჩაგრე?

_მართა, კარგ ხასიათზეც რა აუტანელი ხარ დედი...

_წავედი მე, ისენი პირზე კოცნით მომიკითხე.

_აქ დარჩებიან დღეს, ასე რომ მოგიწევს შეხვედრა. _გამახარა და თან საქმიანობა განაგრძო, მაგრძნობინა რომ უკვე დროს ვაკარგინებდი უმიზნო ღლიცინით.

_ისევე აღტაცებული ვარ, როგორც მაშინ დაუბანელ სახეზე რომ მკოცნიდნენ და ბედნიერები იღიმოდნენ იმის მიუხედავად რომ გულები ერეოდათ.

_რა უმადური გოგო ხარ... _ისევ შეჩერდა და განრისხებული მომაჩერდა. _საიდან მოიტანე რომ დაუბანელი იყავი და გულისამრევი?

_ეგ მამაჩემმა უკვე აღნიშნა გუშინ, და მსგავსად, იმავე შინაარსის სიტყვებზე ძალიან გთხოვ მამას საავტორო უფლება ჩამოართვი.

სანამ მიპასუხებდა ჩანთას დავავლე ხელი და სახლიდან გავედი, მერე კიბეზე მხიარულად ჩავირბინე და ჩემს მანქანას მივაშურე. მზე ანათებდა, დილიდან გვარიანად ცხელოდა, მშვენიერ განწყობაზე ვიყავი... კიდევ ერთხელ დავაფასე საკუთარი თავი იმის გამო რომ ამ ხუთვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მიწევდა მგზავრობა და ნაირნაირი იღლიებიდან გამოსული სურნელის ყნოსვა.

თამაზი და ეკა დედაჩემის ბიძაშვილები იყვნენ, დედა გარდაეცვალათ და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, რამოდენიმე თვეში ბიჭი შეეძინათ, დედინაცვალმა არც აცია არც აცხელა, ეზედმეტა ბავშვები და განაჩენი გამოიტანა, ძნელად აღსაზრდელი ბავშვია თამაზიო და ბავშვთა სახლში განამწესა, ეკა დედამისის ნათესავებს გადასცა გასაზრდელად. ბავშვთა სახლში ერთმა შუახნის ქალმა აღმოაჩინა, რომ საოცრად ხატავდა და ხელი წააშველა, დიდი ბიძგი არ დასჭირვებია, ზედმეტად ნიჭიერი აღმოჩნდა და ბავშვთა სახლიდან მალე შეძლებულ, განათლებულ და რესპექტაბელურ ულვაშებიან ჯენლტმენად იქცა.

მერე თავისი ნახევარძმა მოძებნა, დედამისი თუ უვარგისი იყო და გაწირა, შვილს რა ხელი ჰქონდა ამ საქმეში, უნდოდა თბილი დაძმური ურთიერთობა ჰქონოდათ...ასეც იყო, და გრძელდებოდა ერთ საბედისწერო დღემდე.

და-ძმას ოჯახებით მიმოსვლა და შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთ დღესაც თამაზი სახლში რომ დაბრუნდა და ზარი დარეკა ხანგრძლივად დააყოვნეს, კარი თავისმა მეუღლემ გაუღო, სველი თმა ჰქონდა და ხალათი ეცვა ტანზე... სახლში იყო მისი ნახევარძმაც... ყველაფერი აქ დასრულდა, ცოლთანაც და ძმასთანაც.

ეს ამბავი რომ გასკდა მათ ნახევარძმას დედაჩემისთვის უთქვამს მე რადიოს ვუსმენდი და ხმა ვერ გავიგონე კარზე ზარის, და მისი ცოლი ბანაობდაო... დედას თამაზი უზომოდ უყვარდა, თუმცა ამბობდა ხოლმე რთული და ეჭვიანი კაცია და იქნებ მართლა არც არაფერი ყოფილაო, მე ეს ამბები ბებიაჩემის და დედაჩემის დიალოგებიდან ფრაგმენტებად მახსოვს, ისიც მახსოვს ოჯახში იმდენად საპატიო სტუმრად ითვლებოდა რომ შემინული კარადიდან ხელუხლებელი ჭურჭელი მხოლოდ მათ გამო იშლებოდა. სახლში მისაღები ოთახის ფერდაკარგულ კედლებს ამშვენებდა თამაზის შექმნილი თაბაშირის ჯვარცმა და ქრისტეს პორტრეტი ეკლიანი გვიგვინით.

ჩემს ბავშვობაში, სადაც არავითარი გასართობი და თავშესაქცევი არ გვქონდა მე და ჩემს ძმას, _ მათი სტუმრობა ნამდვილი დღესასწაული იყო ხოლმე, ჩვენ არავინ გვაქცევდა ყურადღებას ასეთ დროს, თუმცა ჩვენ შევყურებდით ლამაზად ჩაცმულ დახურულ, განსხვავებული მანერით მოსაუბრე სტუმრებს და გვიხაროდა რომ ,,დღეს რაღაც ახალი ხდებოდა" რომ წინა დღისგან განსხვავებული დღე იყო...მაშინ ესეც საკმარისი იყო აღტაცებისა და ბედნიერებისთვის... თუმცა ახლა ვიჯექი და ვფიქრობდი მაშო ხომ არ შემეთანხმებინა საღამოს უმიზნო ბოდიალითვის, სუფრის და სტუმრების არც სურვილი მქონდა და არც ინტერესი.

გაგრძელება იქნება