ნოველები

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 11

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 11
წინა თავი

ვიჯექი და მთელი დღე ვფიქრობდი, აწი როგორ იქნებოდა ყველაფერი, რა უნდა მომეხერხებინა. ვერაფერი მოვიფიქრე. ასე მეგონა, ჩიხში შევედი და უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარასდროს ვნახავდი. ზუსტად ახლა მოუნდა ბიძაჩემს სიკვდილი და ლილის სუიციდი, იმ დროს, როცა ყველაზე ფერად სამყაროს ვეზიარე.

სახლამდე ხმას არ იღებდა. სიტყვებს ვარჩევდი და ასე მეგონა, ალექსანდრესთან ურთიერთობის შემდეგ კიდევ და კიდევ მეტ მიზეზს ვპოულობდი ჩემს თავში, რომ ეს ურთიერთობა დამესრულებინა. იმაზე ვფიქრობდი, რომ მასთან არასდროს მიწევდა შესაფერისი სიტყვების ძებნა, შემეძლო
ჩამოვმჯდარიყავი და ყოველგვარი უაზრო ამბავი და სისულელე მომეყოლა, მერე მისი ამბები მესმინა და თავზე დაგვთენებოდა ლაპარაკში.

ჩემთან დარჩენა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა, დეიდაჩემი დღეს ღამე დაბრუნდება და მასთან დავრჩები, მანამდე სახლში მირჩევნიაო. კარი იმ სახლს აღარ ჰქონდა და სამზარეულო, წყალი ისევ წვეთავდა ქვედა სართულზე.

- ირაკლი, იქნებ დაისვენო ჩემთან, გამოიძინო და სახლს მერე დახედო. - მეორედ შევთავაზე. ხმას არ იღებდა. აი, კიდევ ერთი უბედურება, ყველა ჯერზე სამჯერ მაინც თუ არ გაუმეორებდი კითხვის შემცველ ტექსტს, პასუხს არ გცემდა. ახლა კი არა, სტრესის ფონზე, ზოგადადაც ასე იქცეოდა.
- ირაკლი... - გავუმეორე.
- რომ მინდოდეს, ხომ წამოვიდოდი, აღარ მინდა დაძალება, ათასი რაღაც მაქვს მოსაფიქრებელი.
- როგორც გინდა. - დავეთანხმე.

სახლთან დავტოვე და ალექსანდრესთან წავედი. ჩვენი მოკლეხნიანი ურთიერთობის მანძილზე პირველი რთული დიალოგი მიწევდა და მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, რომ ეს დიალოგი მაინც ჩამოშლიდა ჩემს იდეალურ წარმოდგენას მასზე. არადა, იქნებ ზუსტად ეს იყო ახლა საუკეთესო გამოსავალი?!

ფეხით ავირბინე ოთხი სართული და მერე გამოვიძახე ლიფტი, დროს ვწელავდი... რა უნდა მეთქვა, საკუთარ თავთანაც კი მიჭირდა იმის აღიარება, რომ ვიდრე ჭურჭელს ბოლომდე არ დაცლი, მისი ხელახლა გავსება არ უნდა დაიწყო...

ზარი არ დამირეკია კარზე, მითხრა, რომ როცა მელოდება, კარს ყოველთვის ღიას ტოვებს. საძინებელში იჯდა, საწოლის კიდეზე. ქვემოდან ამომხედა, ცალი წარბი ოდნავ ასწია, ხელით ზეწარს შეეხო რამოდენიმეჯერ, ჩამოჯექიო, მანიშნა.

ჩემი ხელი ხელებს შორის მოიქცია. ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა. ორივემ ვიცოდით, ჩემი ლაპარაკის ჯერი რომ იყო.

- ცოტა არეული ვარ და რომ არ ვითვალთმაქცო, რასაც შენთან, როგორც წესი, არასდროს ვაკეთებ...
- სხვებთან თვალთმაქცობ? - შემაწყვეტინა.
- ჰო, ზოგჯერ... არ ვამაყობ ამით და არც ისე დიდი ხანია მიწევს... მოკლედ, იმხელა ამბავში მაქვს თავი გაყოფილი.
- გვაქვს... - შემისწორა.
- კი, გვაქვს, მაგრამ შენ ცოლთან მაინც ხარ განქორწინებული, ალექსანდრე.
- შენ კიდევ დაქორწინებულიც არ ხარ...
გავღიზიანდი, აშკარად ფუჭი ცდა იყო იმის, რომ ის ზუსტად მიხვდებოდა, რა მდგომარეობაშიც მე ახლა ვიყავი.
- დაქორწინების პირას მყოფი დაქორწინებულზე უარესია.
- რა თვალსაზრისით?
- ყველანაირი... ამ ეტაპამდე, როგორც წესი, ისინი მიდიან, ვისაც ორმხრივი ძლიერი სურვილის საფუძველზე ერთად ყოფნა აქვს გადაწყვეტილი. ახლა საქმე ბევრად რთულადაა... ურთულესად. - საუბარი აღარ შეუწყვეტინებია, ჩემი პაუზის მიუხედავად.. - ამ საქმეში ჩართულია მთელი ჩემი ოჯახი, მისიც. მოსასმენად თითქოს ისეთი არაფერი... მაგრამ ახლა დედაჩემისთვის, რომელმაც ძმა გუშინ დაკრძალა და მამაჩემისთვის, რომელსაც დღემდე პრობლემა აქვს იმაზე, რომ სახლში ათ საათამდე არ ვბრუნდები, ამ ყველაფრის ახსნა, რომ უნდა დავშორდე კაცს, რომელიც სახლში მივიყვანე და საქმროდ გავაცანი სულ ცოტა ხნის წინ... მოკლედ, მეწარმოუდგენლება.... მიზეზი რა ვთქვა? რატომ აღარ მინდა-მეთქი, ის, რომ სხვა გავიცანი, რომელთანაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში და ამჯერად მასთან მინდა-მეთქი? ალექსანდრე... ეს როგორ ვთქვა?! რომ ერთთვიანი ნაცნობობის გამო მრავალწლიანი ურთიერთობა უნიტაზში ერთი ხელის მოსმით ჩავრეცხე...

ღრმად ამოისუნთქა, ისევ ასწია ცალი წარბი და ისევ ქვემოდან ამომხედა. მივხვდი, ნათქვამმა ატკინა.

- ჰო, ასე თუ მიუდექი... ერთთვიანი ნაცნობობა... მაშინ მართალი ხარ. მე რა შემიძლია ამ წუთას? შენ რომ მშვიდად იყო და სტრესი არ გქონდეს, მე როგორ მოვიქცე? უნდა გაგიშვა?
- ალექსანდრე... მისმინე, ახლა ირაკლისთვის იმის თქმა, რომ აი, ამ ურთულეს პერიოდში, როცა დედამისი ავადაა ასე მძიმედ, სახლი დაეწვა და სწავლა და მუშაობა შეწყვიტა... კიდევ იმის დამატება, რომ დაშორება მინდა... მიტოვება... - სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი.
- ანუ მიდიხარ? სულ?
როგორ მტანჯავდა, მაინცდამაინც ეს სიტყვები უნდა მეთქვა, რაც მე თვითონაც მატკენდა, მასაც, მაგრამ სამაგიეროდ, ყველაფერს გასაგებს და გარკვეულს გახდიდა.
- წარმოიდგინე, რა მდგომარეობაში ვარ, ალექსანდრე...
- ანუ შეგიძლია. კი, ერთად არაჩვეულებრივად ვართ, მიყვარხარ, მაგრამ მაინც მიდიხარ კაცთან, რომელიც აღარ გიყვარს... სწორად გავიგე?
- არ გიყვარვარ. - მხოლოდ თავდაცვის მიზნით წამოვიყვირე, რომ პასუხისმგებლობა ამერიდებინა თავიდან, ეს სიყვარული რომ არ მეტვირთა.
- მიყვარხარ. - გაიმეორა.
ფეხზე წამოვხტი და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით გავემართე. წამომეწია მისაღებში, ხელით დამიჭირა და თავისკენ შემაბრუნა.
- ახლა გაღიზიანებული ხარ, გამოუვალ მდგომარეობაში გგონია შენი თავი. სინამდვილეში ეს მარტივი ამბავია რთული წვრილმანებით. უბრალოდ ძალა უნდა მოიკრიბო. მთელი ცხოვრება სხვისი ინტერესების და კომფორტისთვის თუ აპირებ ცხოვრებას, შენი უკან მოგრჩება... იმდენად მაინც მიცნობ, იცი, ვერაფერს დაგაძალებ, მაგრამ კარი ღია იქნება. სულერთია, მაშინ შემოხვალ, როცა მეძინება თუ მაშინ, როცა არ ვიქნები და სახლში დამხვდები... უბრალოდ, მთელი ცხოვრება ამის მოლოდინში ვერ დავრჩები... ცოტა ხანი გაქვს, რომ დაფიქრდე...
- ცოტა ხანი რამდენია? - ენა გამიბუჟდა და წავიბლუყუნე.
- საკმარისი დრო, რაიმეს გადაფიქრება თუ მართლა გადაწყვიტე.

უკან აღარ გამომკიდებია. ორი სართულით ქვემოთ რომ ჩავედი და მივხვდი, არ მომყვებოდა, ავბღავლდი. მოთქმით ვტიროდი. კიბეები ცრემლებში გადაიდღაბნა და ერთ მთლიან ნაცრისფერ ლაქად იქცა. ბოლო საფეხურზე ფეხი რომ დამისრიალდა, წამოდგომა აღარც მიცდია, ხელებში ჩავრგე თავი და საშუალება მივეცი, ამოეღო ყველაფერი, რაც აწუხებდა.

სახლის კარს რომ შევხედე, მივხვდი, ისევ მძულდა, ისევ მეზიზღებოდა ეს სადარბაზო და კედლები, ისევ არ მინდოდა კარს მიღმა ვინმეს დანახვა, ისევ მარტო ყოფნა მერჩივნა, მაგრამ სიურპრიზი დამხვდა, ირაკლიმ მისვლა დამასწრო. დედაჩემს წინა დღეების ტრაგედია ჩაუკლა ექიმი სასიძოს დანახვამ და პირი ყურებამდე ჰქონდა გადახსნილი. მამაჩემი სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა, მე და შიოს გველოდნენ თურმე.

ვიღიმოდი... ისე ვიქცეოდი, ვითომ არაფერი... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ალექსანდრესთან ნებისმიერი შეთანხმება საბოლოო კრახისთვის იქნებოდა განწირული და რომ არაამქვეყნიურად უსინდისო ვყოფილვარ თურმე. უბრალოდ, ნიადაგი სჭირდებოდა ამას, რომ აღმოცენებულიყო.

ვახშამზე უარი განაცხადა, ყავა მიირთვა და კორექტულად დასმული უხერხული შეკითხვების კორიანტელი წამოვიდა. რადგან ლილის მალე წერდნენ და ვითარება უკიდურესად მძიმე არ იყო, მამამ თავს უფლება მისცა, ყოფით პრობლემებზე ესაუბრა.

- როდის აპირებ დაბრუნებას გერმანიაში?
- ერთ კვირაში გავფრინდები, მაგრამ იანვარში ვასრულებ სწავლას. ერთ-ერთი კლინიკიდან აქ შემოთავაზება მაქვს, ხელიდან გასაშვები ვარიანტი არ არის ამ ეტაპზე მაინც... მართა რომც წავიყვანო, დედაჩემს რა ვუყო, თორემ იქ მეტის პერსპექტივა მაქვს.
- წამოსვლა რომ არ მინდა, ხომ იცი ეგ? - თავს ვერ მოვერიე.
- მართა, არ მიდიხარ არსად, დაასრულებინე სათქმელი. - ჩაერია დედაჩემი. ირაკლიმ არ შეიმჩნია ჩემი გამოხტომა და განაგრძო:
- გადადება აღარ ღირს, ნიშნობა მინდა, სანამ გავფრინდები და იანვარში ხელს მოვაწერთ ან ჯვარს დავიწერთ, როგორც მართა გადაწყვეტს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მდუღარე გადამესხა. ასე მეგონა, ვიღაცამ ხელი ჩამიყო თავში და ტვინს მაწიწკნიდა. დედაჩემის და მამაჩემის აჟიტირებული სახეები რომ დავინახე, ენა ჩამივარდა. დიახ, გუშინ სხვა კაცთან ვიწექი, ამ წუთასაც სხვა კაცთან მინდოდა, მაგრამ ენა ვერ მოვაბრუნე პირში. რისი მეშინოდა? ლაპარაკის, სიმართლის...
იმის, რომ ქუჩაში მომისროდნენ; იმის, რომ ასეთ სირცხვილს არავინ მაპატიებდა... უნდა მეთქვა ყველაფერი... ყველაზე სწორი ახლა ეს იქნებოდა, სანამ უარესად გაღრმავდებოდა და გართულდებოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.

- ირაკლი, შვილო, როგორ გაგვახარე. - დედაჩემს ცრემლები წამოსცვივდა და ირაკლის ჩაეხუტა. მამაჩემს ისევ ის თვითკმაყოფილი ღიმილი ეხატა სახეზე. ისეთი გაბრუებული ვიჯექი, შიო როგორ შემოვიდა, ვერ გავიგე.

მაინც სუფრა გაიშალა. შუაღამის სამამდე სვამდნენ. მერე ირაკლი ჩემს საძინებელში დააბინავეს და მე შიოს საძინებელში გამიშალეს ლოგინი. შიო ნასვამი იყო, არ იძინებდა. არც მე მინდოდა დაძინება, მაგრამ სიჩუმე მინდოდა, ის კიდევ გაუჩერებლად ლაქლაქებდა.

- შიო, წადი და მამას სიგარეტი მოჰპარე 1 ღერი. - შევეხვეწე.
- ბოლი გავა, გოგო, შემოვარდება მერე დედაშენი, იკივლებს. რა არ გასვენებს?
- ქვემოთ ჩავიდეთ, იქ მოვწიოთ.
- რა გეწევინება ამ შუაღამეს? მოწევა დაიწყე? თუ ნერვიულობ, რომ თხოვდები?
- ეგ სიტყვა მეზიზღება, აღარ ახსენო. - შევუღრინე.
- სხვა შესატყვისი არ ვიცი მე... მართლა რამე გჭირს? ხომ არ მიმალავ რამეს? გავიდე და იმ შენს საწოლში ხომ არ ჩავგუდო ჩვენი სიძე?
- არა, უბრალოდ სიგარეტი მინდა.
- ოოო, მართა, იცოდე, არ დავიბრალებ, თუ გასკდა, გაიგე? - გამიცინა და გავიდა. ორ წუთში დაბრუნდა, ორი ღერი მსხვილი "მარლბორო" ეჭირა ხელში და ტუმბოზე დაყარა, მერე ტანსაცმლიანი გადავარდა საწოლზე და რამდენიმე წამში ალბათ ჩაეძინა.

***
ლილი სექტემბრის ერთ-ერთ ოთხშაბათს გამოწერეს საავადმყოფოდან. კიდევ უფრო მოშვებული და ჩუმი მეჩვენა. ირაკლიმ ბინა იქირავა და იქ მივიყვანეთ. მისვლის წუთიდან აპროტესტებდა, რომ თავის სახლში უნდოდა. არ ვიცი, არ ახსოვდა, რაც მოხდა თუ ახსოვდა და მიტომ. არ ჯდებოდა არსად, ღელავდა. დავიძაბე და ისევ ალექსანდრესთან გაქცევა მომინდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ იმ ღიად დატოვებული კარის შეხსნის უფლება არ მქონდა. არც მაშინ მქონდა იქნებ, როცა ვხსნიდი…

გაფრენამდე ორი დღით ადრე ლილი და ირაკლი ჩვეთან მოვიდნენ. დედა და მამა ბედნიერებისგან ანათებდნენ და მე სუიციდური აზრები მიტევდა, და რადგან არც იმის ძალა მქონდა, რომ ეს ჩამედინა და არც იმის, რომ ხმა ამომეღო, ჩუმად ვიტანდი მათ ბედნიერებას, მაგრამ მძულდა, ყველა მძულდა დედამიწაზე, ალექსანდრეს გარდა.

კარი შიომ გააღო. წინ ლილი შემოვიდა. შავი სამოსი ეცვა, როგორც ყოველთვის. ეს შეღონებული გული უარესად შემიღონა. უკან ირაკლი მოსდევდა, დიდი წითელი თაიგულითა და მუყაოს ყუთით ხელში.

ვიღიმებოდი. ამაზე მწარე ღიმილი არც მახსოვს. შინაგანად ისევ ჭიანჭველები დაცოცავდნენ ყველგან, მაგრამ ბოროტი ჭიანჭველები, სხეულის ყველა კუნჭულს მისუსხავდნენ. რა მოხდებოდა, იმის გამბედაობა მქონოდა, რომ წამოვმდგარიყავი და მეთქვა, დიდი ბოდიში, მაგრამ სხვაზე უნდა ამ კაცს ქორწინება და მე სხვა ვარ, სხვა ამბიციები აქვთ ჩემს მშობლებს, მაგრამ მე მთელი ეს სტატუსი და როლი საზოგადოებაში ფეხებზე მკიდია. არც ამბიციები გამაჩნია და არც მთელი ცხოვრება სწავლას არ ვაპირებ იმის გამო, რომ სასახლეში რომ ჩამაწვენენ, ჩემს პანაშვიდს ექიმები ან მინისტრები ესწრებოდნენ... მე მართა ვარ და ბედნიერება მინდა. ეს დღე მძულს, იმიტომ, რომ ჩემი სურვილების და ოცნებების პანაშვიდი ნამდვილად დღეს არის... მე 27 წლის მართა ვარ და ბედნიერება მინდა... და დღეს ჩემი სურვილების და ბედნიერების პანაშვიდია.

მოთმინებით ვიტანდი საკუთარ ნიშნობას, მაგრამ ლილიმ რომ ჩანთიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა და ბეჭედი გამომიწოდა უცერემონიოდ, იქ თავი ვეღარ შევიკავე, ცრემლები გადმომცვივდა.

- საკუთარი თავი უნდა დავინიშნო? - გამწარებულმა წამოვიძახე. დედაჩემი გაშრა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. - ასე გამოვართვა და გავიკეთო? სულ ესაა?
- მართა, რა მნიშვნელობა აქვს? რაზე ბრაზდები? დედას უნდოდა, მას მოეცა შენთვის... - იცრუა. ლილის აღარაფერი უნდოდა და აღარაფერი ესმოდა, კიდევ უფრო ავად იყო, ვიდრე იქ მოხვედრამდე. ჰაერში ეჭირა ისევ ეს ჩემი ბეჭედი და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მიყურებდა. ბეჭედი გამოვართვი და მაგიდაზე დავდე, მერე ჩემი რგოლი ავიღე და წინ დავუდე.
- დანიშნულები ვართ. - გავუღიმე და ჭიქაში მოელვარე ალკოჰოლი გადავკარი.
- ახლავე ჩხუბობთ, ბავშვებო? - დამიყვავა მამაჩემმა, მაგრამ ხომ ვიცოდი, რასაც ფიქრობდა, გაცეცხლებული იყო და ყველა რომ წავიდოდა, ამ საქციელისთვის პასუხს მომთხოვდა.
- მართა ნერვიულობს... არა უშავს, მე პრობლემა არ მაქვს. - ირაკლიმ რგოლი აიღო და თითზე წამოიცვა. - სულ ვფიქრობდი რომ ჩემს თითებს რაღაც აკლდა და აი, თურმე რა. მგონი, მიხდება, არა? - ბედნიერები ეთანხმებოდნენ ყველანი. მერე ფეხზე ადგა და მომიახლოვდა ზურგიდან, ჩემი სკამი უკან გააცურა და წინ დამიდგა, ხელი გამომიშვირა, ჩემი მარჯვენა ხელი აიღო და ოქროს რგოლი წამომაცვა არათითზე.
- აი, ხომ ხედავთ, რა ხასიათებისაცაა, ჯერ კიდევ დრო გაქვს. - მოელაქუცა დედაჩემი.
- არაჩვეულებრივი იუმორი და ხასიათი აქვს. - გამომესარჩლა შიო.
ირაკლი კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა, რამდენიმე ხანი ჩუმად იჯდა. რამდენიც გავხედე, სხვაგან იყო. მერე უცებ მიმოიხედა, თვალი მოავლო ჩემი ოჯახის წევრებს და შემომხედა.
- მართა... - თავი ჩახარა და დამცხა. ის სამი ჭიქა წითელი სითხე აალდა და ტვინში იწვოდა. უამრავი წელი ვიცნობდი, ვიცოდი, ასე როცა იწყებდა ლაპარაკს. - ცუდად დაემთხვა ჩვენი ნიშნობა და ჩემი არდასრულებული სწავლა, შუა გზაზე ვერ მივატოვებ, მაგრამ რაღაც უნდა გთხოვო ძალიან. - ფანჯარას გავხედე, შეღებული იყო. სიმხნევე შემმატა ალკოჰოლმა, რომ პირდაპირ აქედან მესკუპა და ყველასთვის სამაგიერო გადამეხადა. - დეიდა იქნება ლილისთან დღის მანძილზე, საღამოს სამსახურის შემდეგ რომ ახვიდე და შენ დარჩე ღამით... - ღრმად ამოისუნთქა. ლილი სახეზე მომაჩერდა, ბოკალი ხელიდან დავდე და ირაკლის თვალებში შევხედე.
- რა?
- თუ შეგიძლია... - დაამატა.
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ისევ ფანჯარას გავხედე. რისი შნო მქონდა, სად გადამხტომი ვიყავი, ნიშნობა ვერ ჩავშალე.
- პატარა გოგოა, რა უნდა აკეთოს ჩემთან. - დამარცვლით თქვა ლილიმ და გაიღიმა.
სრული სიჩუმე ჩამოწვა. ყველა მე შემომყურებდა და იცით, რა ვქენი?.. დავთანხმდი, პანაშვიდის მერე კლასიკურად მიწის მიყრის ცერემონიალი გავმართე.

***
ყველანი წავიდნენ. გადაწყდა, მე ირაკლის ნახევრად შეშლილ დედასთან უნდა მძინებოდა ღამე იმ იმედით, რომ წამლების დალევას კონტროლს ამჯერად ორი ადამიანი გავუწევდით და მას მთელი ღამე სათნო ბავშვივით ეძინებოდა. ყოველგვარ ზღვარს გასცდა ირაკლი. მინდოდა, რომ ჯანდაბაში წასულიყო, გამქრალიყო... ოღონდ ის და დედამისი და ეს წამოკიდებული პასუხისმგებლობები არ მეტვირთა.

მისაღებში დავჯექი, გაბრუებული და ნაცემი ძაღლივით ვგრძნობდი თავს. დედა გვერდით მომიჯდა და თავი ამაწევინა.

- მართა, დე, მესმის, რომ სწორად არ მოიქცა, მაგრამ მისი ცოლი ხარ... სხვას ვის სთხოვოს გვერდით დგომა? ახლა რთულ ეტაპს გადის, თქვენი მომავლისთვის შრომობს, ეს ხომ გესმის? ბოლომდე ნუ გავამტყუნებთ.
- ხუმრობ? გესმის, რომ ასე თქვენთან და დედამისთან ერთად მაჯახა? ეს სუფრაზე გასარკვევი საკითხი გგონია, დედა?
- რაზე გვეჩხუბები, მა, ძალით ხომ არ გრთავთ? იარე, იარე, იარე უთავბოლოდ, ქვეყანას გააგებინე, რომ ერთად ხართ, მოგვიყვანე, გაგვაცანი... გინდოდა მიგვეღო და მივიღეთ, ჩვენ რას გვთხოვ?
- მადლობა დიდი ორივეს, თქვენ არაფერს... წავალ, დავწვები. - ამოვილუღლუღე.
ტუალეტიდან რომ გამოვედი, ვიდრე საძინებელში შევიდოდი, სამზარეულოში მოვკარი ყური მათ ლაპარაკს.
- უსინდისობაა, რასაც მართას სთხოვს. გული მისკდება, არაფერი დაუშავოს იმ ქალმა. რა სჭირდა, რანაირად იჯდა... ლამის მე გადავიდე და ეს ბავშვი დავიხსნა. მომვლელი თუ სჭირდებოდა და მაგიტომ დანიშნა სასწრაფოდ, ჯერ ეთქვა, ბატონო, ფაქტის წინაშე რომ დაგვაყენა და მერე შემოგვთავაზა...
- მორჩი, მორჩი ახლა, ვუთხარი თუ არა, როგორც კი გავიგე, ვის ხვდებოდა...
- რა?
- რა და დედამისი არ არის ნორმალური და გაიაზრე, რასთან მოგიწევს შეჭიდება-მეთქი... არ მითხრა ახლა, რომ პატარა იყო... აღარ იყო. ახლა რას ჩხუბობ, ხომ გიხაროდა?
- ამას ვიფიქრებდი?
- ყველაფერი უნდა გეფიქრა, საქმროა და ოჯახია უკვე ერთი, დამთავრდა. როგორც დასჭირდება ახლა სიტუაციას, ისე უნდა მოერგოს... ეგაა თქვენი ორივეს პრობლემა, ჯერ გაყოფთ თავებს და მერე უკან აღარ გამოგეყოფათ.
- რა არხეინად ლაპარაკობ...
- ქმარი და ოჯახი რა ეგონა? დალაპარაკებოდი თავის დროზე, გეთქვა, რის წინაშე მოუწევდა აღმოჩენა, ახლა ყველაფერი გადაწყვეტილია... ხომ უყვარს და უნდა, ჰოდა, ეგაა მაგის არჩეული კაციც და ოჯახიც.
- რატომ ვიწყებ საერთოდ შენთან ლაპარაკს, აი, ამდენი წლის მერე მაინც რატომ მგონია ხოლმე, რომ რამეს გაგაგებინებ... რაიმეში მხარდაჭერას ვიგრძნობ.
- მხარი დაგიჭირეთ. შენ ექიმი სიძე გინდოდა და შენ შვილს ქმარი... ახლა რაში დაგიჭიროთ, მე მივუწვე ლილის? თუ მართას ვუთხრა, ნიშნობა გააუქმოს.
- დამანებე თავი, უარესად მაინც ნუ მანერვიულებ, არ მინდა ყვირილ-წივილი. დაწვა მართა და ნუ გამანერვიულებინებ უარესად.
- დანებებული მაქვს, ბატონო. - მამამ სკამი გააცურა და მივხვდი, დასაძინებლად მიდიოდა. საძინებელში შევედი და კარი ღიად დავტოვე. არ მინდოდა გაეგოთ, რომ ვუსმენდი. მთელი ღამე თვალებღია დავცურავდი სადღაც, წარსულის ნაფლეთებს, დღევანდელ კადრებსა და წარმოდგენილ საზარელ მომავალს შორის. ასე მეგონა, ვიღაცამ ,,გამომრთო“. ემოციებისგან დაცლილი ვეგდე ჩაცმულ-დახურული საწოლზე და ყველა საშინელ ფრაგმენტს შორის ისევ ალექსანდრეს ვხედავდი.
მაშო მჭირდებოდა. როგორც ყოველთვის, ახლაც მისი ხმა და დანახვა მიშველიდა, მაგრამ არაფერს ვგრძნობდი, არც ბრაზს, არც სინანულს, რომ იმ საოცარი დღეების მერე ადგა და არაფრის გამო ყველაზე საშინელი მდუმარე წასვლა გადაწყვიტა. უკან რომ შემძლებოდა დავბრუნებულიყავი, მაინც იმავეს ვიზამდი, იმ დღეებს არაფერში გავცვლიდი, გიჟებივით რომ ვხარხარებდით, ერთმანეთს რომ ვუხსნიდით, რამხელა იღბალი იყო ის დღე, პირველად რომ გადავიკვეთეთ...

გაგრძელება იქნება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლია.
ძალიან საინტერესო ნოველაა.მომწონს და ველოდები მომდევნო 12-ე თავს.მადლობაა.
02:20 / 05-10-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93