როგორც უცხოელი მსახიობი, ვალდებული ვარ, მიღების ოფიციალურ ნაწილს ბოლომდე დავესწრო, მაგრამ პირველი შესაძლებლობისთანავე გავუჩინარდია და პირდაპირ ელოჩკასკენ გავეშურე. ჩემი დები უკვე იქ არიან. როგორც ეს მოსკოვში სჩვევიათ, ავტობუსში მომხდარი სკანდალი უკვე ყველამ იცის. ყველა მამშვიდებს და მირჩევს, ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭო.
შენ არ ჩანხარ და მე ყველაზე საშინელ რამეს ვვარაუდობ.
ღამის პირველ საათზე კარი იღება, არეული ნაბიჯებით შემოდიხარ, მაცდუნებელი ღიმილით და დივანზე ეხეთქები უგონოდ მთვრალი.
მიუხედავად უხერხული სიტუაციისა, წვეულება გრძელდება. ჩემი დები მოსკოვით აღფრთოვანებულები არიან. მეც ვმშვიდდები. მუსიკა, სიცილი, გემრიელი კერძები, სავსე ფუჟერები… შენ ჩემ გვერდით ზიხარ და იღიმი, თუმცა ოდნავ ნაძალადევად. გულში ვფიქრობ: რა ყოჩაღი მყავხარ, თავის დაჭერა რომ შეგიძლია.
მხიარულება გრძელდება…
ცოტა ხნის შემდეგ, სააბაზანოსთან გავლისას, კვნესის ხმა მესმის. ნიჟარასთან ხარ დახრილი, გული გერევა. შიშისგან მაცახცახებს: პირიდან სისხლი გდის, შხეფები აქეთ-იქით ისხმება. სპაზმი კი გაგივლის, მაგრამ ძლივს დგახარ ფეხზე. ამიტომ გეხმარები, ხელზე მეყრდნობი და ტახტისკენ მიმყავხარ.
ერთი სტუმრის რჩევით, ექიმს ვურეკავთ, მსახიობების ახლობელს, სოლიდურ ადამიანს. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას თურმე არაფერი ესმის მედიცინის. ის რაღაც წვეთებს გამოგიწერს. როგორც იქნა, მიწყნარდა სიტუაცია. სტუმრები დაიშალნენ. ჩემი დებიც ნერვიულობენ, ელოდებიან, როდის დავურეკავ მათ სასტუმროში. აინტერესებთ, როგორ იქნები.
ოთხნი დავრჩით - მე, შენ, ელოჩკა და სევა. სისხლმა თითქმის მთელი ტაშტი გაავსო, რომელიც საწოლთან გიდგას. თვალები ღია გაქვს, მზერით დახმარებას მთხოვ. ვითხოვ, სასწრაფო დახმარება გამოიძახონ, რადგან მაჯა არ გესინჯება, მე კი პანიკური შიში მიპყრობს…
ორი ექიმი და ექთანი მოდის. ორივენი ხელებს ასავსავებენ - უკვე ძალიან დაგვიანებულია, დიდია მისი საავადმყოფოში გადაყვანის რისკი, გზაში მოკვდება - ასეთია დიაგნოზი.
ჩემი მეგობრების სახის გამომეტყველებით ვხვდები, რომ განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გიჟს ვემსგავსები, კარის ზღურბლთან ვდგები და მთელი ხმით ვყვირი, თუ ახლავე საავადმყოფოში არ წაგიყვანენ, საერთაშორისო სკანდალს მოვაწყობ!
შეცბუნებული ექიმები ვერ მეწინააღმდეგებიან, თანაც, უკვე იციან, რომ მომაკვდავი - ეს ვისოცკია, ხოლო თმაგაწეწილი და «ისტერიჩკა» ქალი - მისი ცოლი, ფრანგი მსახიობი.
ცოტაოდენი ბჭობის შემდეგ თბილ პლედში გახვეულს გაგიყვანენ ბინიდან. მიუხედავად მათი პროტესტისა, სასწრაფო დახმარების მანქანაში მეც ვჯდები. სასოწარკვეთილება ძალას მმატებს.
სასწრაფოთი საავადმყოფში პაციენტის მიყვანა მოსკოვშიც ისეა, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - კარი ავტომატურად შენ ცხვირწინ იხურება და მორჩა! იმის იქით რა ხდება, არავინ გეტყვის.
ღამის 3 საათია. დერეფანში წამლების მძაფრი სუნი ტრიალებს. რამდენიმე ადამიანს იქვე სკამებზე ჩამოსძინებია.
კარის ღრიჭოში ვიჭყიტები. ღია მწვანე ფორმაში გამოწყობილი ექიმები აქეთ-იქით დარბიან. საოპერაციოს მცირე ნაწილს ვხედავ, იქ შეუსვენებლად დადიან ვიღაცები. ისინი შენ დაგტრიალებენ თავს, ჯერ კიდევ არის გადარჩენის იმედი.
საკაცით ახალგაზრდა ქალის უსიცოცხლო სხეული ჩაატარეს. ასეთი რამეები უარესად მოქმედებს ჩემზე.
გადის რამდენიმე საათი. კარს არ ვშორდები. მეგობრებმა მომიტანეს გრძელი შალი, საჭმელი, სიგარეტი…
დერეფანში ნაცნობებიც გავიჩინე. ერთი ბიჭის მშობლები, რომელიც მრავლობითი დამწვრობით მოიყვანეს. კიდევ - იმ ქალის დედა, წეღან რომ საკაცით ჩაატარეს. თურმე ეჭვიანმა საქმრომ მეცხრე სართულიდან გადმოაგდო. აქვეა მოხუცი ქალი, რომლის ქმარსაც მატარებელი დაეჯახა. ჩვენ ყველას უბედურება გვაერთიანებს.
აღარ არსებობს უცხოელი მსახიობი. ამწუთას ჩვეულებრივი ქალი ვარ, არაფრით განსხვავებული სხვებისგან, რომელიც სუნთქვაშეკრული ელოდება ქმრის გამოჯანმრთელების ამბავს. წარამარა კართან მივდივარ, ღრიჭოში ვიყურები. ექიმების დაღლილ სახეებს ვხედავ.
უსასრულოდ გრძელი დღე, როგორც იქნა, მიიწურა. რამდენჯერმე ვცადე ექიმებთან დალაპარაკება, რათა შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამე შევიტყო. ისინი ჯიუტად დუმან. უნდა ველოდოთ - ასეთია პასუხი.
16 საათი გავიდა. გვიანი საღამოა. ერთმა ექიმმა, ულვაშიანმა, შიგნით შესვლის ნება დამრთო. თავზარდაცემული ვჩერდები - საშინელ ოთახში მოვხვდი, ირგვლივ სისხლიანი ჩვრები ყრია, ცარიელი ამპულები, ტამპონები… იქვე განათებული დარბაზია, სადაც რამდენიმე შიშველი ადამიანი წევს, პირში გაჩრილი რეზინის მილებით. მათ შორის შენც ხარ, უმწეო და ფერმიხდილი. შენი ხროტინის ხმა ჩემამდე აღწევს. ექიმი მამშვიდებს.
- ურთულესი მდგომარეობა ჰქონდა. ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. რამდენიმე წუთით გვიან რომ მოგეყვანათ, ვერ გადავარჩენდით. ახლა ყველაფერი რიგზეა.
ვუსმენ მას და თვალს არ გაშორებ. მეუბნებიან, რომ ყელში მილი გაგისკდა და რომ შენთვის დღეიდან წვეთის დალევა არ შეიძლება, რომ ხანგრძლივი დასვენება გჭირდება. დანარჩენი ექიმები - ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი მილოცავენ შენ გადარჩენას. ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, რადგან ეს შეძლეს. უხარიათ, რომ მეც გამიცნეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სიტუაციაში მოხდა ჩვენი გაცნობა. მაშინვე შემიყვარდა ეს ადამიანები.
უცნაური პროფესიაა ექიმობა. წამის წინ ადამიანი გაჭრეს, გაკერეს და მეორე წუთს ანეკდოტებს ჰყვებიან, იცინიან, ეწევიან სიგარეტს და ხანდახან სვამენ კიდეც ცოტაოდენ სპირტს, ალბათ მხნეობის მოსამატებლად.
პატარა ოთახში შემიპატიჟეს. სკამზე ვჯდები. აქედან შენი დანახვა შემიძლია. გამუდმებით ვიღაც ახალი შემოჰყავთ - განწირული ან იღბლიანი, სწრაფად ხდიან ტანსაცმელს, ჭრიან, კერავენ, ნემსს უკეთებენ ან გადასხმებს, ან გადახვევებს. მე კი შენ გიყურებ.
შენ სუნთქავ! შენ ცოცხალი ხარ!
იგორმა, ვერამ, ვადიმმა, ტოლიამ და ლიონიამ კარგად იმუშავეს. მათი მადლიერი იქნები სიცოცხლის ბოლომდე.
8 8 8
ყოველდღე მოვდივარ. შენთვის საჭმელი მომაქვს. უნდა ჭამო, რომ ცოტა მოღონიერდე. გაძალებ ბულიონს, ბივშტექსებს, ხილს და ბოსტნეულს. როგორც იქნა, გაგივარდისფრდა ლოყები.
პალატაში, სადაც შენ წევხარ, მხოლოდ ყელის პრობლემით დაავადებული პაციენტები წვანან, მაგრამ სულაც არ არის ცუდი ატმოსფერო. ხანშიშესული მომვლელები საყვედურს გეუბნებიან, როცა ჩუმად ეწევი, სხვა დროს კი გეფერებიან და თავს გევლებიან. მათ ძალიან უყვარხარ. აქ ყველასთვის საყვარელი ადამიანი ხარ, გამორჩეული. ჯერ კიდევ სუსტად ხარ, მაგრამ მთხოვ, გიტარა, რვეული და კალამი მოგიტანო.
მღერი დაბალ ხმაზე, ქმნი სასაცილო სიმღერებს პალატის მეზობლებზე, წერ ლექსებს… აქაურობა საკონცერტო დარბაზს ემსგავსება…
უზარმაზარი პალატის კუთხეში მოღუშულსახიანი მამაკაცი წევს. ის საერთო მხიარულებაში არასდროს ერთვება. მას ყელი აქვს დამწვარი, მჟავა არაყში აერია და დალია. რამდენჯერმე გაუკეთეს ოპერაცია, გადანერგვაც სცადეს, მაგრამ უკეთესობა არ ეტყობა. იგი უკვე რამდენიმე წელია, აქ არის. თვალები მხოლოდ მაშინ უბრწყინდება, როცა ექვსი წლის უზბეკ გოგონას ხედავს, შავთვალებას და ნაწნავებიანს. ისიც მასავით იტანჯება - ყელი აქვს გამომწვარი, რაღაც საშინელი სითხე დალია და აი, 3 წელია, ისიც აქ წევს, ოღონდ სხვა პალატაში. ისინი მეგობრობენ. გოგონა ამ კაცის ერთადერთი მეგობარია.
უზბეკი გოგონა ყოველდღე შემოდის მის სანახავად და საათობით ზის მის საწოლთან. ისინი რაღაცაზე ჩურჩულებენ, იცინიან, გოგონა გაპარსულ ლოყებზე ეფერება კაცს.
როცა შენ მღერი, თავით ფეხებამდე გათვალიერებს. მის თვალებში ცნობისმოყვარეობა იგრძნობა. მას მოსწონს შენი ნამღერი. შეიძლება შენც გახდე მისი მეგობარი.
ერთხელ ამ პირქუშ კაცთან ვიღაც ნაცნობი მოდის. ეტყობა, რომ ლოთია. მოაქვს ბოთლი, პორტვეინით სავსე და ბალიშის ქვეშ მალავს. როგორც კი მომვლელები გავლენ, კაცი გამოაძვრენს ბოთლს, მოიყუდებს და სვამს… შეუსვენებლად, თვალის დახამხამებაში…
ეფექტი მომენტალურია. ის იწყებს ხარხარს, იხდის ტანსაცმელს, საწოლიდან დგება და ფეხშიშველი ცეკვას იწყებს. თავიდან ჩვენც ვიცინით, მაგრამ მალე ვხვდებით, რომ უკვე აღარაფერია სასაცილო. კაცი ხელების ქნევით იშორებს თავიდან მომვლელ ქალებს, არავის უჯერებს და ცეკვას და ხარხარს განაგრძობს. უკვე შეშლილს ემსგავსება. ყველა შეშინებულია.
მოულოდნელად იღება კარი და უზბეკი გოგონა შემოდის. ის მშვიდად მიდის სახეარეულ კაცთან, ხელს ჩაჰკიდებს, იატაკიდან მის პიჟამას იღებს და მთვრალი მეგობარი საწოლამდე მიჰყავს, თან რაღაცას ეჩურჩულება. დააწვენს საწოლზე, თვითონ ჩაიმუხლებს და თავს მკერდზე დაადებს უკვე დამშვიდებულ მამაკაცს… ცოტა ხანში პაციენტი იძინებს.
გოგონა დგება, დამნაშავის მზერით ჩვენ გადმოგვხედავს და პალატიდან უხმოდ გადის.
8 8 8
შენი გამოჯანმრთელების პროცესი ბელორუსიაში გრძელდება. ერთ შენს მეგობარს, რეჟისორ ვიტია ტუროვს, რომლის ფილმშიც პარტიზანის როლი ითამაშე, სადღაც სოფელში მივყავართ. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც ომს გადაურჩა.
ჩვენი დიასახლისი საყვარელი მოხუცი ქალია. პატარა ქოხში ვცხოვრობთ, მაგრამ სამაგიეროდ, ჰაერია არაჩვეულებრივი, სუფთა და მშრალი. გვაქვს ბოსტანი, ეზოში დააბოტებს თხა, რომელიც იწველება. ყოველ დილა-საღამოს მისი რძით იკვებები. მთელ დღეებს სეირნობაში ვაღამებთ. ვიტიამ დაგვათვალიერებინა სოფელი, რომლის შემოგარენში მეოთხედი საუკუნის წინ საშინელი ბრძოლები მიმდინარეობდა. აქ საოცარი ბუნებაა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ტბებია, რომელსაც გარშემო ბორცვები არტყია. შემოდგომის დასაწყისია, ირგვლივ ყველაფერი ოქროსფრად ბრწყინავს. ჯერ კიდევ თბილა.
საღამოობით ჩვენი მასპინძელი ლამპას აგვინთებს და მაგიდასთან ვსხდებით. ნავთის სუნი იგრძნობა ქოხში. მოხუცი ქალი თავის წარსულს იხსენებს, ომის დღეებს…
44-ში სოფელში მხოლოდ 9 ქალი დარჩა, 15-დან 45 წლამდე, რამდენიმე მოხუცი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი. მამაკაცები ფრონტზე გაიწვიეს, ასაკის განურჩევლად. გერმანელები უკან იხევენ - მეხივით გავარდა ხმა. სოფელი რაღაც სასწაულად გადაურჩა დანგრევას, მაგრამ საშინელი წინათგრძნობა აქვთ აქ დარჩენილებს - მათი კაცებიდან არც ერთი აღარაა ცოცხალი. რამდენიმე შეტყობინება უკვე მოვიდა - «დაიღუპა გმირულად», «დაიღუპა სამშობლოსთვის». პარტიზანებს შემაძრწუნებელი ამბები მოაქვთ - მეზობელ სოფლებში ყველა ამოხოცეს, გაუკაცრიელებულია იქაურობა.
შემდეგ საბჭოთა ჯარისკაცები შემოდიან სოფელში. ქალები მათთვის აბანოს ახურებენ. ყველას მოაქვს თეთრეული, რათა ჯარისკაცებმა დაბანის შემდეგ გამოცვლა შეძლონ. ბოლოს მკვდრებივით დაეყრებიან დაღლილები და იძინებენ. მათი კაპიტანი ახალგაზრდაა, 25 წლის. ერთი ქალი მიდის მასთან და ეუბნება:
- ალბათ ძალიან გაგაკვირვებს, რასაც ახლა გთხოვთ აქაური ქალები.
კაპიტანს თვალები უფართოვდება.
- ჩვენი კაცები ბრძოლაში დაიღუპნენ. იმისთვის, რომ ცხოვრება გაგრძელდეს, ჩვენ შვილები გვჭირდება. გვაჩუქეთ სიცოცხლე!
რამდენიმე წუთი მოხუცი ქალი ხმას არ იღებს. ბოლოს კვლავ აგრძელებს.
- ჩემ გვერდით ქოხში ერთი ტრაქტორისტი ცხოვრობს. აზიელია, როგორც მამამისი. ფოსტალიონი რომ გვყავს, სომეხია, თავის სომეხ წინაპრებს ჰგავს, კოლმეურნეობის მზარეული კი ციმბირელია…
მე უხმოდ ვტირი. მოხუცის მონათხრობი ნებისმიერ ოფიციალურ პროპაგანდაზე უკეთ მაგრძნობინებს, რა საშინელება იყო სამამულო ომი.
დასაძინებლად მივდივართ საბძელში. ლეიბის მაგივრობას ფაფუკი თივა გვიწევს. იქვე, შემოღობილში, ღორების ღრუტუნი ისმის, რასაც ქანდარაზე შეყუჟული ქათმები კრიახით აპროტესტებენ.
მთელი ღამე ლექსებს თხზავ… ზეპირად, ხმამაღლა. სტროფები ერთიმეორის მიყოლებით იბადებიან. იქმნება მელოდიაც. როგორც ბავშვობაში, რიტმს ხელების ტყაპუნით აყოლებ.
სწორედ ამ სოფელში გატარებულ ღამეებში შეიქმნა ომის თემაზე დაწერილი შენი ლექსების და სიმღერების ციკლი.
არ გიყვარს ისტორიები ომზე, მაგრამ ისინი ყველა საბჭოთა მოქალაქის, მათ შორის შენი, კულტურის ნაწილია. შენს კონცერტებზე ორდენებასხმული ვეტერანები ტირიან, ხოლო ახალგაზრდები ჩაფიქრებული გისმენენ. შენი სიმღერები უფრო ბევრს აკეთებს მშვიდობისა და დაღუპულთა ხსოვნისათვის, ვიდრე ფილმები, დოკუმენტები, ქანდაკებები თუ ოფიციალური სიტყვები ერთად აღებული. ისინი ბევრად ემოციური და სულში ჩამწვდომია. 1938 წელს დაიბადე, ამიტომ ომში არ ყოფილხარ, არ გიბრძოლია. სამაგიეროდ, მაშინ პატარა «გმირობა» მაინც ჩაიდინე, როცა ყველას გასაგონად ყვიროდი, სახურავზე ბომბი ჩამოვარდა და მეხანძრეები გამოიძახეთო.
მეორე ბავშვური მოგონება უფრო სასაცილოა. როცა გერმანელები მოსკოვს მოადგნენ, შენ დედასთან ერთად ზურგში გაგგზავნეს.
ცხოვრობდით ერთ დიდ სოფელში, სადაც ჭარხლისგან სპირტს ხდიდნენ, ტანკებისა და თვითმფრინავების საწვავის მოსამზადებლად. ჭარხლის გამონაწურს საქონელს აჭმევდნენ. ერთხელაც ერთმა მუშა ქალმა ვერ შეამჩნია, როგორ გადმოიღვარა სპირტი და საქონლის საკვებში როგორ ჩაიღვარა. ცხოველებმა და ფრინველებმა სპირტგარეული საკვები შეჭამეს და ყველანი დათვრნენ. დათვრნენ და სოფელში ნამდვილი ბაკქანალია მოაწყვეს. ძროხები ერთმანეთს დასდევდნენ, ცხენები ბოსტნიდან ბაღებში დაჭენაობდნენ, ღორები მიწაზე გორაობდნენ, ხოლო ქათმები, იხვები და ბატები აფრენას ცდილობდნენ.
ქალები და ბავშვები დარბოდნენ სოფელში და არ იცოდნენ, როგორ დაეწყნარებინათ პირუტყვი. თუმცა მათ მალე თვითონვე მოუარეს თავიანთ თავს - ჩაეძინათ. ცოტა ხანში მთელი სოფელი მძინარე სამეფოს დაემსგავსა. ძილში ყველანი თავისებურად «ხვრინავდნენ».
მთელი ომის განმავლობაში დედასთან იცხოვრე. გაჭირვება ერთად გამოიარეთ.
როცა შვიდი წლის გახდი, დედაშენმა გადაწყვიტა, ცოტა მამისთვის გადაელოცა შენი თავი, არცთუ მაღალი ჩინის სამხედრო მოსამსახურისთვის, რომელსაც უკვე სხვა ცოლი ჰყავდა, ჟენია, აღმოსავლური სილამაზის თბილი ქალი. ის უშვილო იყო, ამიტომაც დანახვისთანავე შეუყვარდი. მისი ერთადერთი იმედი იყავი.
თავიდან გაგიჭირდა. დედა გენატრებოდა და სულ მოწყენილი დადიოდი, მაგრამ თანდათან გამხიარულდი. დედინაცვალი პრინცივით გაცმევდა, საჭმელ-სასმელს და ტკბილეულობას არ გაკლებდა. შენც, როგორც სხვა ბავშვები, სტალინის დოგმების გარემოცვაში უნდა გაზრდილიყავი.
მამა პროვინციულ დრამწრეში თამაშობდა. სწორედ ამიტომ მომავალში იგი იტრაბახებს კიდეც, რომ მსახიობი იყო. შენ და რამდენიმე ათეული ოფიცრის შვილი თითქოს შეკრულ წრეში იმყოფებით, ყველასთან მეგობრობის უფლება არ გაქვთ. ის, რაც უამრავი რუსი ბავშვისთვის ნებადართულია, თქვენთვის თითქმის ან მთლიანად აკრძალულია. ეს აკრძალვები იმიტომ, რომ ომის პერიოდში რამდენიმე ხანს გერმანიაში მოგიწია ცხოვრება.
მხოლოდ შენი წრის ბავშვებთან უნდა იმეგობრო, სხვა არჩევანის უფლება არ გაქვს. არავითარი მარტო სეირნობა, შენი ყველა ნაბიჯი კონტროლდება, რომ ბავშვური სიცელქე არ ჩაიდინო, რაც «ყოველთვის ცუდად მთავრდება». და მართალიცაა. ერთხელ სხვა ბიჭებთან ერთად იარაღის საწყობს გადააწყდი და ხელყუმბარები ააფეთქეთ. სამი შენნაირი ბიჭი დაბრმავდა და მთელი ცხოვრება დასახიჩრებული დარჩა. შემთხვევით გადარჩი უვნებელი შენ, ერთადერთი. ამის შემდეგ ქუჩაში აღარ გასულხარ.
სხვებთან შედარებით, გამჭრიახი ხარ, გრძნობ, რომ აქ ვერ ხარ ისეთი თავისუფალი, როგორც გერმანიაში, სტალინის მარწუხები შენც მოგწვდა. ამ ყველაფერს, გაიზრდები და, შენს სიმღერებში გამოხატავ. დასახიჩრებული ხარ, მაგრამ არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. შენი პოეტური და ყმაწვილური ფანტაზიები, მაშინდელ დოგმებთან შეუთავსებელი, თითქოს დასამარდა. მხოლოდ «სანიმუშო ქცევით» უნდა გამოიჩინო თავი, «ხალხში გახვიდე და თავი წარმოაჩინო». არავის აინტერესებს გაღიზიანებული ბავშვი, რომელიც ვახშმის შემდეგ შუბლშეკრული მიდის დასაძინებლად. მამა თითქოს აღარაა შენი მამა. მაგრამ არსებობს დედინაცვალი - თბილი და მოსიყვარულე ქალი. სწორედ ის გიმსუბუქებს იმდროინდელ მძიმე ყოფას თავისი მზრუნველობით. მხოლოდ იმ ქალის გამო გაიძულე, მოგენახულებინა მამა. მთელი ეს წლები ჩაგაგონებდი. მე მოვაწყვე ის შეხვედრები, მე დამყავდი მასთან. შენ მასთან სალაპარაკო არაფერი გქონდა, ამიტომ მე ვლაპარაკობდი.
მოგვიანებით მივხვდი, რომ სწორედ ამ გარემოებებმა - დედამ, მამამ, სიტუაციამ, გარიყვამ განაპირობა, რომ 30 წლის ასაკში სმა დაიწყე.
8 8 8
ყველაფერი ამბების ან ანეკდოტების მოყოლით იწყება. შენს ნაამბობზე ყველა იცინის, მათ შორის - მეც. ასეთია შენი სამსახიობო ხელოვნება. შეიძლება სულაც არ იყოს სასაცილო, მაგრამ ისე მოყვები, ყველა სიცილით იგუდება. მიყვარს, როცა რამეს ჰყვები. ხანდახან გთხოვ, თავიდან გაიმეორო მონათხრობი. შენც გიხარია, ამ დროს თვალები გიბრწყინავს.
მორიგი ეტაპი იწყება. მთხოვ, ვახშამი მოვამზადო და სტუმრად პატიჟებ მეგობრებს, არა ერთსა და ორს, არამედ რამდენიმეს… ბევრს. შენი სურვილია, სახლში მუდამ მხიარულება სუფევდეს. მერე მთელი საღამო თავს დაჰფოფინებ მათ, გინდა, ყველას ასიამოვნო. თვალები ხარბად გიფართოვდება, როცა უყურებ, როგორ სვამენ შენი მეგობრები არაყს. მესამე ან მეოთხე დღეს, გადაბმული სტუმრიანობის ჟამს, შენ უკვე არყის დაყნოსვას იწყებ. თითქოს დიდი გურმანი იყო. და აი, ტუჩებთანაც მიიტანე ჭიქა, თან ამბობ: «მხოლოდ გემოს გავუსინჯავ». ორივემ ვიცით, რომ პროლოგი დამთავრებულია.
იწყება ტრაგედია. მსუბუქი სიმთვრალე მხოლოდ ერთი ან ორი დღე გრძელდება. ცდილობ, დამარწმუნო, რომ შენც შეგიძლია სხვებივით დალიო, რომ ეს ლოთობა არ არის, რომ ავადმყოფი არ ხარ… და სვამ… სვამ… სვამ… ჭიქას ჭიქაზე ცლი…
სახლი ცარიელდება. სტუმრები აღარ მოდიან. ცოტა ხანში შენც ქრები.
ჩვენი თანაცხოვრების პირველ ხანებში ხშირად წამოვეგე ამ ანკესზე და ყოველთვის ერთი და იგივე კითხვა მიჩნდება.
- მე ხომ ვხედავ და შენც გრძნობ, რომ მორიგი შეტევა გეწყება. რატომ არ დაამსხვრევ ამ ბოთლს, სანამ გვიან არ არის?
- იმიტომ, რომ იქამდე ვთვრები, სანამ სმას დავიწყებ. იმიტომ, რომ მინდა დალევა. იმიტომ, რომ ავად ვარ. ეს ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როცა შენ მოსკოვიდან მიემგზავრები, მარინა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი დიდი ხნით გადიხარ ქალაქიდან.
და იწყებ თარიღების ჩამოთვლას, იხსენებ, მართლა ასეა თუ არა. უმრავლეს შემთხვევაში მართლაც ასე ხდება.
მე კი შენს კვალს ვადგავარ ყოველთვის, როცა მოსკოვში ვარ. ყოველთვის ვიცი, სად უნდა გეძებო, თუკი შეგაგვიანდება. მეგობრები ძალიან მეხმარებიან. მათ იციან, რომ დრო ჩვენი მტერია, უნდა ვიჩქაროთ. თუ დაგვაგვიანდა, მერე ყველაფერი რთულდება.
შეიძლება ქალაქიდანაც კი გახვიდე, არავინ უწყის, სად. შეიძლება გემით გაემგზავრო ან თვითმფრინავით გადაფრინდე სადმე. მაშინ შენი მოძებნა მიჭირს.
ხანდახან შენ თვითონ ბრუნდები შინ, როგორც ეს მოხდა გაზაფხულის ერთ საღამოს.
მე შინ ვარ, ბინაში, რომელიც მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს და სადაც ჩვენ ქირით ვცხოვრობთ. ზამთარია, ქუჩები ტალახშია აზელილი. მაღაზიაში რომ გახვიდე, შემოვლითი გზებით უნდა იარო, რომ ფეხი არ დაგესვაროს.
ღამეა. არ მძინავს. კარზე ზარი დაირეკა და შემოსასვლელში გავდივარ. ვიღაც თიხაში ამოსვრილი კაცი ჩემკენ ხელებს იწვდის. სველი თიხა ხალიჩაზე ეცემა და იქაურობას სვრის. უცნობი მთვრალია. შემდეგ იგი ხარხარს იწყებს და მხოლოდ მაშინ ვხვდები, რომ ეს შენ ხარ. იცინი, რადგან გიხარია, რომ შემაშინე. თან მიხსნი, რომ წუხელ გინდოდა მოსულიყავი, მაგრამ ორმოში ჩავარდი და მთელი ღამე და დღე ცდილობდი იქიდან ამოძრომას. რომ არა შემთხვევითი გამვლელი, ახლაც იქ იქნებოდი და სიცივისა და შიმშილისგან სული გაგძვრებოდა. ისე მიხარია შენი გამოჩენა, ვერ ვბრაზდები, შემყავხარ სააბაზანოში და დაბანაში გეხმარები.
მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. უმეტეს შემთხვევაში შენი შინ დაბრუნება მე მიხდება. ეს მაშინ, როცა შენს თანამეინახეებს მდგომარეობა დააფრთხობს, როცა უკვე უფსკრულის პირას ხარ მისული.
თავიდან მათ უხარიათ შენთან ყოფნა, სიამოვნებთ, როცა მღერი. გოგონები თავს გევლებიან. შენი ნებისმიერი სურვილი მათთვის კანონია. ხანდახან სრულიად უცხო ადამიანები გიმასპინძლდებიან, გასმევენ არაყს და შენთან ერთად მიდიან ყველგან, სადაც მოისურვებ… თვითონაც არ იციან, სად. გეხერხება მათი გართობა. ყოველი მომდევნო ქეიფი ხმაურიანია, სადღესასწაულო, გიჟურ გართობას ემსგავსება ხოლმე. მაგრამ ბოლოს დგება მომენტი, როცა არავის აქვს დალევის თავი, როცა ეს ყველაფერი მომაბეზრებელია და ქეიფით დაღლილებს თავთავიანთ სახლში მიეჩქარებათ. ამ დროს შენ ხდები უმართავი, არ გინდა, დაიშალონ, არავის უშვებ. შენი საქციელი აშინებს მათ, შეგიძლია სასიამოვნო სუფრაც კი კოშმარად უქციო ადამიანებს. სწორედ ამ დროს მირეკავენ მე, რომ წამოგიყვანო.
ერთხელ, როცა მსგავსი სიტუაცია შეიქმნება, ერთი გოგონა შენს საავადმყოფოში წაყვანას გადაწყვეტს, სადაც მისი ძმა მუშაობს. ჩვენ მხოლოდ მეხუთუ დღეს გპოულობთ, ურთულეს მდგომარეობაში. იძულებულები ვხდებით, სკლიფოსოვსკის კლინიკაში გადაგიყვანოთ. რადგან შენს ახალ მეგობრებს შენი დათმობა არ სურთ, თანაც, აკრძალულია ერთი საავადმყოფოდან მეორეში პაციენტის უნებართვოდ გადაყვანა, მთავარ ექიმთან მისვლაა საჭირო.
და კიდევ ერთხელ დაგიხსენით სიკვდილის კლანჭებიდან. კვლავ და კვლავ იგორის, ვერას, ვადიმის და მათი ბრიგადის კომპეტენტურობამ გიხსნა.
ხანდახან სრულიად სხვა ქალაქიდან მირეკავენ, შორეული ციმბირიდან ან პორტიდან, სადაც დგას გემი, რომელზეც შენ ხარ ასული. თუკი ჩემთვის, როგორც უცხოელისთვის, იქ მისვლა აკრძალული არ არის, გავრბივარ. თუ არადა, ვიცდი, სანამ მეგობრები დაგაბრუნებენ შინ.
ყველაზე დიდი სირთულე აქედან იწყება. მე მაშინვე გამოგკეტავ ოთახში და გარეთ არ გიშვებ. ორი დღის განმავლობაში არ წყდება შენი ყვირილის, მუდარის ხმა, გამოგიშვა იქიდან. გეწყება გულისრევები, სპაზმები, საშინელი თავის ტკივილი. ყველა სასმელს ვაქრობ სახლში, თუკი სადმე რამე მოიპოვება. შიგადაშიგ მშვიდდები, იძინებ, მე კი ვდარაჯობ შენს ძილს და გაღვიძებ, როცა კოშმარები გესიზმრება. ამ მდგომარეობას შენ მორალურ ნაბახუსევს უწოდებ.
როგორც იქნა, ქარიშხალმა გადაიარა. დაგიბრუნდა ცნობიერება, აანალიზებ მომხდარს და დასკვნებს აკეთებ. ხშირ შემთხვევაში ისინი შემაძრწუნებელია. ჩავარდნილი სპექტაკლები, ლიუბიმოვთან ჩხუბი, გაფლანგული ფული, დაკარგული ან დახეული ტანსაცმელი, სილურჯეები და დანით მიყენებული ჭრილობები… არც ჩემი მდგომარეობაა სახარბიელო - შეწყვეტილი გადაღებები, ამაზრზენი სიტყვები, რომლითაც შემამკე. ვერასდროს დაივიწყებ ამ სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შეგახსენებ მათ.
ამის გამო ნერვიულობ. მე გამშვიდებ და ყველაფერს გპატიობ. შენ გრცხვენია და სანამ არ მოგეფერები და პატარა ბავშვივით არ დაგარწევ ჩემს მკლავებში მოქცეულს, არ მშვიდდები.
ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ არ მეყო ამისთვის ძალა. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა ახალი შეუღლებულები ვიყავით. ძილში სხვისი სახელით მომმართე. ეს ვერ ავიტანე. მეორედ - როდესაც დერეფანში გამაგდე და თვითონ სააბაზანოში ჩაიკეტე, რომ ბოთლში დარჩენილი არაყი დაგელია. გამწარებულმა კარი გამოვიჯახუნე და წავედი.
ორივე შემთხვევაში მთელი ნახევარი წელი ჯოჯოხეთურ ტანჯვაში გაატარე უჩემოდ. მეც… უშენოდ.
გაგრძელება იქნება