შეწყვეტილი ფრენა - თავი 6 - Marao

შეწყვეტილი ფრენა - თავი 6

2022-10-15 09:39:25+04:00


წინა თავი

ჩვენმა ერთად თანაცხოვრებამ კარგად იმოქმედა შენზე. გაწონასწორებული გახდი. არ სვამ, ბევრს მუშაობ და შენი მსახიობური იმიჯი ახალ ფაზაში შედის _ ახლა ფილმებშიც გიღებენ. პუბლიკა აღმერთებს შენს პერსონაჟებს, უარყოფითებს, მაგრამ მაინც… რადგან შენ არ გაქვს უფლება, დადებითი გმირი ითამაშო. თამაშობ ბოროტ ადამიანებს, მაგრამ ისე ბრწყინვალედ!..

მე კი მინდა, პარიზი გაჩვენო. მინდა იცოდე, როგორ ვცხოვრობ, გაგაცნო ჩემი მეგობრები… მინდა, გქონდეს უფლება, ქვეყნიდან გაემგზავრო, რათა ნახო მსოფლიო, რათა თავისუფლად იგრძნო თავი.

ამაზე საუბარში ღამეებს ვათენებთ. ყველაფერს ვაანალიზებთ, რა შეიძლება ამისთვის გავაკეთოთ. თავად არასდროს გიფიქრია საფრანგეთში საცხოვრებლად დარჩენაზე. შენთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა შენი სამშობლოს ფესვების, ენის შენარჩუნება, რომელსაც ასე აღმერთებდი ყოველთვის.

შენ გიჟურ გეგმებს აწყობ…

ოცნებობ ცენზურისგან თავისუფალ კონცერტებსა და ფირფიტებზე, მოგზაურობაზე დედამიწის გარშემო.

როგორც ხდება ხოლმე, აუხდენელი ოცნებები ახდენილი ხდება, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.

ჯერ კი შენ, ფრანგ ქალზე დაქორწინებულ ადამიანს, გჭირდება საფრანგეთის ჩვეულებრივი ვიზა, რათა შვებულება იქ გაატარო. სწორედ ეს წერია განცხადებაში, რომელიც უცხოელთა ვიზების გამცემ ორგანიზაციაში მიგვაქვს.

მომდევნო კვირა ნამდვილი წამება ხდება ჩვენთვის. სარისკო სცენა გავითამაშეთ. თუ წავაგეთ, მთელი ცხოვრება აუხდენელი დარჩება შენი ოცნებები. საფრთხილო თამაშია. ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მაღალ დონეზე უნდა გადაწყდეს.

დღეები გადის, ჩვენ შანსებს ვითვლით. ხანდახან პესიმიზმი გიპყრობს, ამბობ, რომ არაფერი გამოვა, ხანდახან კი ოპტიმიზმით ივსები _ რადგან ამდენ ხანს ვერ გადაწყვიტეს, ესე იგი, იქ ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც შენს მხარესაა და ისინი გაიმარჯვებენ. მეც გამხნევებ, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მიძლიერდება ეჭვი, რომ უარს ჩაგირტყამენ. არადა, შენი შვებულების დრო ახლოვდება.. მათ კი შეუძლიათ იქამდე გაწელონ პასუხი, სანამ კვლავ არ დაგეწყება თეატრის სეზონი. ამ ტრიუკს ხშირად იყენებს ადმინისტრაცია სხვებთან. შენ რატომ იქნები გამონაკლისი? ფორიაქობ, ადგილს ვერ პოულობ, ვერ წერ, ვერ იძინებ და რომ არა ესპერალი, ალბათ სმასაც დაიწყებ.

ერთ დილით, უთენია, 5 საათზე, გვირეკავს ვინმე უცნობი თაყვანისმცემელი, რომელიც სავიზო განყოფილებაში მუშაობს და გვეუბნება, რომ ვიზაზე უარს გეტყვიან.

გამოსავალს ვეძებ და ვპოულობ. ლუსიას დახმარებით სასწრაფოდ ვრეკავ პარიზში როლან ლერუასთან. იგი ფრიად კულტურული ადამიანია, ბრწყინვალე შემოქმედი, რომელსაც უყვარს შენი თეატრი, რომელმაც რამდენჯერმე სცადა ტაგანკა გასტროლებზე მიეწვია საფრანგეთში, თუმცა _ უშედეგოდ.

ვიცი, რომ იგი ძალიან აფასებს შენს სიმღერებს. გარდა ამისა, ის ჩემი ახლობელია და ყველა ჩემი პრობლემა ზეპირად იცის. ორი სიტყვით ვუხსნი სიტუაციას და იგი დახმარებას მპირდება…

8 8 8

დილა თენდება. სპეციალურ კურიერს ჩვენთან საზღვარგარეთის პასპორტი მოაქვს იმ პასპორტის სანაცვლოდ, რომელიც ყველა საბჭოთა ადამიანს უნდა ედოს ჯიბეში. ყველა წესის მიხედვით გაფორმებული ვიზა, რომელსაც ჯერაც არ შეშრობია მელანი…

და აი, საზღვარგარეთის პასპორტი შენს ხელშია! თვალებს არ უჯერებ, ფურცლავ მის გვერდებს, ხელს უსვამ წითელი მუყაოს ყდას და ხმამაღლა მიკითხავ ყველაფერს, რაც იქ წერია. ერთდროულად ვიცინით და ვტირით სიხარულისგან!

მხოლოდ მოგვიანებით ვიგებთ დაუჯერებელ სიმართლეს შენს ვიზასთან შექმნილ სიტუაციაზე. ჯერ ერთი, ვინც ვიზა მოიტანა, ოფიცერი გახლდათ და არა ჩვეულებრივი კურიერი. მეორეც, ხალხი საათობით დგას რიგში, რომ საჭირო დოკუმენტაცია მიიღოს, შენ კი სახლში მოგიტანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძანება ზემოდან უნდა მოსულიყო, ყველაზე მაღალი ეშელონებიდან.

მაშინვე პუშკინი მოგყავს მაგალითად, რომლის პერსონალურ ცენზორს თავად იმპერატორი წარმოადგენდა, მაგრამ ვერასდროს ეღირსა საზღვარგარეთ გამგზავრებას. ჩვენ კი… ჩვენ მხსნელად თურმე ჟორჟ მარშიე მოგვევლინა, რომელმაც თვით ბრეჟნევი «შეაწრიალა» ჩვენი გულისთვის.

ასე რომ, შენ უფრო მეტად გაგიმართლა, ვიდრე პუშკინს.

8 8 8

ერთადერთხელ ცხოვრებაში, კინაღამ ციხეში მოხვდი. ეს ოდესაში მოხდა. შენ თვითმფრინავში იჯექი, მოსკოვში უნდა გადაფრენილიყავი. ამ დროს ორი «კგბ»-ს თანამშრომელი დაგადგა თავს და გაყოლა მოგთხოვეს.

მოხდა გაუპატიურება. მსხვერპლი პატარა გოგონა იყო, იგი ბავშვებმა დაინახეს მამაკაცთან, რომელიც აღწერილობით შენ გგავდა. გოგონას ფრჩხილებიდან აღებული სისხლის ჯგუფი შენსას დაემთხვა.

პანიკა გიპყრობს. ტყუილად ცდილობ ახსნას, რომ იმ დღეს 40 ადამიანთან ერთად გადაღებებზე იმყოფებოდი ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან ძალიან შორს, ასეულობით კილომეტრზე. არაფერი გშველის. გიბრძანეს, დარჩე სასტუმროში და დაელოდო, როდის დაგაპირისპირებენ მოწმეებთან და დაზარალებულთან. კარგად იცი, როგორაა შენით დაინტერესებული ადგილობრივი «კგბ». შენ კარიერის მწვერვალებს იპყრობ, შენი სიმღერები კი არ მოსწონს ადგილობრივ ხელისუფლებას. ყველა ქალაქს თავისი პატარა მეფე ჰყავს, ოდესისას კი შენი იუმორი არაფრად ეპიტნავება, გერჩის და სურს, ანგარიში გაგისწოროს.

უბრალო დამთხვევააა, თუ სპეციალურად შეთითხნილი ბრალდება, არავინ იცის. ფაქტი ერთია _ ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ დამნაშავე ტყუპისცალივით გგავს. დღის მეორე ნახევარში შენთან დაახლოებით 30 წლის მამაკაცი მოდის, რომელიც თავისი აღნაგობით და გამოხედვით უცებ შეიძლება გამოიცნო, რას წარმოადგენს _ ის ორგანოს თანამშრომელია, მაგრამ, ამავდროულად, შენი თაყვანისმცემელი. შენ ხომ ყველგან გყავს თაყვანისმცემლები, ადამიანები, რომლებიც შენს ნიჭს აფასებენ.

მამაკაცი გიხსნის, რომ მთავარია, დაპირისპირებაზე არ დათანხმდე. დამნაშავე ბავშვებმა ნახეს, ამიტომ მათზე ზეგავლენის მოხდენა ადვილია. ამიტომ თუ საქმეს მსვლელობა მიეცა, მერე პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდება. ის გირჩევს, ახლავე გაქრე, მოგვიანებით კი წარმოადგინო მტკიცებულება, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს გადაღებებზე იმყოფებოდი. ურეკავ რეჟისორს, უხსნი სიტუაციას და ისიც იმწუთას ბეჭდავს ფოტოფირებს, რომლებზეც შენი თამაშის ეპიზოდებია გადაღებული. ასისტენტს და ხმის ოპერატორს საათები და წუთებიც კი აქვს მითითებული ფოტოებზე. სწორედ ამ დღეზეა ლაპარაკი.

ყველა ამ ადამიანის თამამი ნაბიჯით (არადა, მართლაც დიდი სითამამე სჭირდებოდა კგბ-სთან კამათს), განსაკუთრებით შენი თაყვანისმცემლის რჩევით, თავს იძვრენ ამ უსიამოვნო ისტორიიდან, რომელიც ერთ-ერთი საშინელი ეპიზოდი იყო შენს ცხოვრებაში.

8 8 8

ყოველთვის აღნიშნავ, რომ დასავლეთში ადამიანები გაოგნებულები არიან იმ ისტორიებით, რომლითაც გაზეთებია აჭრელებული _ გულისხმობ სახაროვის, რეჟიმის წინააღმდეგ ამხედრებულების, დისიდენტების საქმეებს, მაგრამ მათ არაფერი იციან იმ ყოველდღიურ ზეწოლაზე, რასაც რიგითი ადამიანები განიცდიან. ამას შენ უწოდებ «ბამბის კედლის წინააღმდეგ ბრძოლას». და ყველაზე საშინელი ამ ყველაფერში ის არის, რომ შეუძლებელია თვალით ნახო ის უჩინარი ჩინოვნიკი, ვისზედაც არის დამოკიდებული ადამიანის კარიერა, პირადი ცხოვრება, თავისუფლება…

ვიხსენებ იმ საბედისწერო წუთებს, ტაგანკის თეატრში რომ გავატარე, როცა იური ლიუბიმოვმა და მისმა დასმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გაუმართეს «კულტურის წარმომადგენლებს». ამ ადამიანებს ერთი სიტყვით შეეძლოთ ხაზი გადაესვათ თქვენს თვეებით ნამუშევარზე, ცენზურის ბრჭყალებში მოექციათ და…

მათ ეს სიამოვნება ხელიდან არ გაუშვეს… ახლაც თვალწინ მიდგას თითოეული თქვენგანის სახე…

თქვენი ყოველი ახალი სპექტაკლის ბედი ბეწვზე ეკიდა…

8 8 8

შენს კონცერტებს ხანდახან სცენაზე გასვლამდე აუქმებენ ხოლმე, უმრავლეს შემთხვევაში, მიზეზად შენს ავადმყოფობას ასახელებენ. ამას წონასწორობიდან გამოჰყავხარ. მხოლოდ სიმღერას კი არ გიკრძალავენ, ჩაშლილ კონცერტსაც შენ გაბრალებენ. ფილმებში გამოყენებულ სიმღერებს ცენზურა პრემიერის დღესვე კრძალავს, რის გამოც ფილმებს თაროზე ალაგებენ რეჟისორები. გამომცემლობაში გაგზავნილ შენს ლექსებს თავაზიანი უარით და მოკრძალებული ბოდიშებით გიბრუნებენ უკან, ვერ დაგიბეჭდავთო…

რამდენიმე პატარა ფირფიტაზე, რომელიც 20 წლის მუშაობის შემდეგ გამოჩნდა, ყველაზე უწყინარი სიმღერებია ჩაწერილი. ტელევიზიაში, რადიოსა და პრესაში სრული სიჩუმეა, შენს ლექსებს და სიმღერებს ტაბუ აქვს დადებული. ამ დროს, არ არსებობს ოჯახი ქვეყანაში, შენს სიმღერებს ყოველდღე არ უსმენდეს.

ეს გაუთავებელი წნეხი თავგზას გაკარგვინებს, გაცოფებს, რადგან შენი საყოველთაო პოპულარობა მავანთა ახირების გამო ჩრდილშია მოქცეული.

ხშირად მიკვირს, რატომ გაღელვებს ეს, ნუთუ მთავარი არ არის, რომ ხალხს უყვარხარ, რა თავში იხლი ოფიციალურ აღიარებას.

შენ კი მპასუხობ.

_ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ ვიარსებო, როგორც პიროვნებამ. უბრალოდ, არ არსებობს ასეთი ვინმე და მორჩა! აი, რატომ მაღელვებს!

ვიცი შენი ხასიათი. სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებ, რომ აიძულო ისინი, პოეტად გაღიარონ, მაგრამ უშედეგოდ.

8 8 8

ბაქოში ვართ. პორტში. ჩემს შვილებს დიდი ხანია, სურთ ნახონ, როგორ ხტები სიმაღლიდან წყალში, იციან, რომ ლამაზ ნახტომს აკეთებ ჰაერში.

ემზადები. სანამ ფიცარნაგზე აიწევი, წამიერად ქვავდები ხელებგაშლილი, წინ იყურები და საკმაოდ მოკლე მანძილიდან ცდილობ, ორმაგი სალტო გააკეთო ჰაერში. არ გამოგდის. ცოტა დაგაკლდა, კინაღამ ქვის ზღუდეს დაარტყი შუბლი. საშინლად შეგვეშინდა.

შენც შეგეშინდა და ამის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვარჯიშობ. კუნთებს იმაგრებ, აჭიმვებს და ბუქნებს ერთიმეორეს უთავსებ. ხანგრძლივად ვარჯიშობ, მანამ, სანამ ძალა არ გამოგეცლება.

39 წლის ხარ. შენი სხეული, რომლისგანაც ამდენს ითხოვდი, ძველებურად აღარ გემორჩილება. ბავშვობიდან დადიოდი სპორტზე, აკრობატობა გიზიდავდა. სტუდენტობის დროსაც არ შეშვებიხარ ვარჯიშს. ფარიკაობა გამოგდიოდა კარგად. ცეკვასაც სწავლობდი…

ძალიან ნიჭიერი ხარ. სპექტაკლებზე დაუჯერებლად კარგად ართმევ როლებს თავს. «გალილეის ცხოვრებაში» მონოლოგი გაქვს, რომელსაც დიდხანს კითხულობ, თან თავდაყირა დგახარ იატაკზე.

სპექტაკლში _ «ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო», თან ლაპარაკობ, თან რთულ აკრობატულ ილეთებს აკეთებ.

«პუგაჩოვში», მონოლოგის წაკითხვის პარალელურად, ცდილობ თავი დააღწიო მიმე ჯაჭვებს, რომლის ყოველი მოქნევა წითელ ზოლს მართლა ტოვებს შენს სხეულზე.

ასეთი ნიჭიერი ხარ…

8 8 8

ზაფხულია. მოსკოვის გარეუბანში გავდივართ, პლაჟზე, რომელიც სპეციალურად დიპლომატებისთვისაა მოწყობილი. გაზონზე, სადაც მოვკალათდით, შენ კვლავ ვარჯიშების გაკეთებას იწყებ. იქ მყოფი ადამიანები _ ბრეჟნევის თარჯიმანი, მინისტრის შვილები, კინორეჟისორები, პოეტები, მოდური ჟურნალისტები _ აპლოდისმენტებს არ იშურებენ, როცა შენ აკეთებ ილეთს _ «ნიანგი ცალ თათზე». ეს რთული ვარჯიშია, ათლეტი იდაყვში მოხრილი ცალი ხელით ეყრდნობა მიწას, სხეული კი ჰაერში აქვს აწეული.

ერთ საღამოს ჩემმა ვაჟმა, ვლადიმირმა, რომელიც 6 წლისაა, მდინარის მეორე ნაპირამდე გაცურა და უკან ვეღარ შეძლო გამოსვლა. მის გამოსაყვანად მიშა ბარიშნიკოვმა გაცურა. როცა უკან გამოცურეს, მე ვეკითხები მიშას, ხომ არა აქვს ჩემს შვილს ცეკვის ნიჭი. მიშა მეთანხმება. მირჩევს, ვალოდია ცეკვაზე ვატარო.

საღამოს კი, როცა მას ვაძინებ, მოულოდნელად გაღიზიანებული ხმით მეუბნება, რომ ცეკვაზე არ ივლის, რადგან ცეკვა გოგოების საქმეა და არა ბიჭების. როცა ამის შესახებ გიყვები, გეღიმება.

_ ცუდია, რომ არ უნდა… არადა, მართლა აქვს ნიჭი. მაგრამ ერთ დროს ხომ მეც უარი ვთქვი სპორტზე და თეატრი ავირჩიე. მგონი, არაფერი წამიგია. მიუშვი, არ დააძალო, თავად გააკეთოს არჩევანი.

ყოველდღე ვხედავ, ამდენი ვარჯიშით როგორ აყალიბებ შენი სხეულისგან «დაზგას»,

მერე მკლავებდაკუნთული დგები სარკის წინ და ამაყად უცქერ შენს ორეულს. ბატიბუტებივით დაყრილ კუნთებს შენეული სახელი შეარქვი _ «შოკოლადის ფილები».

საშუალო სიმაღლის ხარ, 170 სმ, მაგრამ ძალიან პროპორციული აღნაგობის, სპორტული ფიგურით, ვიწრო წელითა და განიერი ბეჭებით. სწორედ ეს გაძლევს შესაძლებლობას, კრივის ილეთებით დაიტვირთო თავი, ამით ძალიან კმაყოფილი რჩები. რამდენჯერ მინახავს, ჩხუბის დროს, შენზე ორჯერ უფრო ძლიერები დაგიგდია ძირს.

შენი ერთი ყველაზე ლამაზი დარტყმა მახსოვს. ქართულ რესტორან «არაგვიდან» გამოვდიოდით. პალტოს ვიცვამდი. ამ დროს ვიღაც გოლიათური აღნაგობის მამაკაცი მომიახლოვდა, ხელი მხრებზე გადამხვია და მითხრა.

_ აბა, მარინა, ერთი შემობრუნდი და დამენახვე! _ მან ფრაზის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ შენი მოქნეული მარცხენა პირდაპირ ყბაში მოხვდა და ჰორიზონტალური მიმართულებით გაფრენილი პირდაპირ ბუჩქებში გადავარდა. ორი მოხეული მამაკაცი, რომელიც იქვე, შორიახლოს იდგა, გაოცებული გვიყურებდა ხან ჩვენ, ხანაც იმ ტიპს. ჩვენც ვიდექით და ველოდებოდით, რა მოჰყვებოდა ამ ინციდენტს, გამოიძახებდნენ თუ არა პოლიციას, მაგრამ მოულოდნელად იმ ტიპებმა ხარხარი ატეხეს, მოვიდნენ შენთან, მხარზე მოწონების ნიშნად ხელი მოგითათუნეს და შემდეგ ორივენი მანქანამდე მიგვაცილეს.

სხვათა შორის, მამაჩემიც იყო კრივით გატაცებული. ვინ იცის, რამდენჯერ გამოუყენებია თავისი ძლიერი მუშტები ჩხუბის დროს. მან ასე იცოდა თქმა: «მარჯვნიდან დარტყმა _ საავადმყოფო, მარცხნიდან დარტყმა _ სიკვდილი».

ერთადერთხელ ვნახე, როგორ ააცილე. ეს ამბავიც რესტორანში მოხდა, როცა ერთი ძალიან მთვრალი კაცი გაიძულებდა, გინდა თუ არა, ერთი ჭიქა არაყი დალიეო. როცა მოთმინება გამოგელია, ხელი მოუქნიე, მაგრამ ნახევარი ძალით და არ გამოგივიდა. გვერდულად დარტყმისას მოწინააღმდეგე უკან გადაიხარა და შენ ცერა თითი უშნოდ მოგიხვდა მის ნიკაპზე. სახე ისე დაგეღმიჭა, მივხვდი, როგორ გეტკინა, მაგრამ მე მაინც სიცილი ამიტყდა. ამან უარესად გაგაბრაზა და სუფრის დამთავრებამდე დაბოღმილი იყავი.

გაგრძელება იქნება