ნოველები

ყინულზე მოსრიალე - თავი 1

ყინულზე მოსრიალე - თავი 1
ნეილის მთელი ცხოვრება ყინულზე უნიჭოდ სრიალს ჰგავს. სულ ფეხი უცურდება, მყარად ვერ დგება და წარამარა ეცემა, თუმცა წამოდგომას და სრიალის გაგრძელებას ახერხებს. ამას თვითონ ვერასდროს მიხვდებოდა, მეგობრებს რომ არ შეენიშნათ. პირველად ლიზამ უთხრა და მერე ლიკამაც აიტაცა, რა ზუსტი ნათქვამიაო. მას მერე გოგოებმა ყინულზე მოსრიალე შეარქვეს.

უკვე 22 წლისაა და დიდად არაფერში უმართლებს. სწავლა რომ სწავლაა, იმასაც ვერ მოაბა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერია. ეკონომიურზე სწავლობდა და მეოთხე კურსი ვერ დახურა, რადგან მშობლებმა ბოლო წლის
სწავლის ქირა ვერ გადაუხადეს. დიდად არც განიცდის. იმხელა გამოცდილება დააგროვა სტუდენტობის წლებში მამამისთან მუშაობით, სულ რომ არ აეღო დიპლომი, მაინც მოახერხებდა თავის რჩენას. თან ადმინისტრატორობდა მამის მარკეტებში, თან ბუღალტრობდა. სპეციალური კურსებიც კი გაიარა თავის დროზე და ტრენინგებზეც დადიოდა.

სამაგიეროდ, იმაში გაუმართლა, რომ ღმერთმა სილამაზე უბოძა. ქუჩაში კაცებს კისრები ეგრიხებათ მის ყურებაში. ყველა ურჩევდა, ამისთანა გოგო მოდელად უნდა მუშაობდე, რაში გჭირდება ეკონომისტობა, როცა უფრო იოლად შეგიძლია მომავალი მოიწყოო. დედამისიც სწორედ მაგას ურჩევდა და როცა ნეილი მოზარდი იყო, ძალით დაათრევდა სააგენტოდან სააგენტოში, მაგრამ როგორც კი გოგონამ სკოლა დაამთავრა, დედას აღარ დაუჯერა და მოდელობაზე ხელი აიღო. ციციმ ქვეყანა დააქცია, ქმარს ეხვეწა, შენც დამიჭირე მხარი, როგორმე დავითანხმოთ ეს ერთადერთი შვილი და გზაზე დავაყენოთო, მაგრამ ვალიკომ ხელი აიქნია, თუ არ უნდა, ხომ არ დავაძალებ, ბოლოს და ბოლოს, შვილია ჩემი, გერი ხომ არ არისო.

ვალიკოს საქმე კარგად მისდიოდა. ოჯახს საწუწუნო არაფერი ჰქონდა. ნეილმაც ისე აუღო ალღო მამის ბიზნესს, ამაყად ყელმოღერებული დადიოდა. მაგრამ აი, ექვსი თვის წინ ყველაფერი შეიცვალა. ვალიკოს ჩხუბი მოუვიდა ვიღაც პარლამენტართან, თანაც მმართველი პარტიის წევრთან. იმან კიდევ საგადასახადო შეუგზავნა სამივე მარკეტში და ისეთ წნეხში გაატარეს საწყალი კაცი, ლამის საციხოდ გაუხადეს საქმე. ვერაფერი ვერ გააწყო. რაც წლების განმავლობაში იშოვა და იწვალა, წაართვეს და მშრალზე დასვეს.

ეს კიდევ არაფერი. ვალები დარჩა. ცალკე ბანკიდან ჰქონად სესხი გამოტანილი, ცალკე კიდევ… ხშირად ნისიად იღებდა პროდუქციას, გაყიდდა და ფულს მერე აძლევდა შემომტან ფირმებს. ამიტომ როცა ყველაფერი წაართვეს, ფულის დაბრუნებაც ვეღარ შეძლო. ერთი-ორი კვირა კი აცალეს, მაგრამ მერე, თითქოს პირი შეკრესო, ყველამ ერთბაშად მოსთხოვა ვალის დაბრუნება. გარდა ამისა, ჩინოვნიკების მოსყიდვაც მოუწია, რათა ვალიკო არ დაეჭირათ. პარლამენტარი ისე იყო გამწარებული, არაფრის დათმობა არ სურდა. ძლივძლივობით მოაგვარეს ეს საქმე.

ასე დაირღვა ნეილის ოჯახური იდილია. არადა, საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ მის მშობლებს. ეს იყო ოჯახი, სადაც ხმამაღალი ლაპარაკი და ჩხუბი ცუდ ტონად ითვლებოდა. დედას და მამას განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდათ, სკოლის პერიოდიდან იყვნენ შეყვარებულები და დღემდე სულ თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. გოგონას არასდროს უნახავს მისი მშობლებისნაირი წყვილი - ასე ყველაფერში რომ უგებდნენ ერთმანეთს. მაშინაც, იმ ავბედით დღეებში, დედა ერთი წუთითაც არ მოსცილებია მამას, სულ გვერდში ედგა, ამხნევებდა, ჭირსაც წაუღია ყველაფერი, რაღაცას მოვიფიქრებთ, ოღონდ გული არ გაგისკდესო. თუ რამე გააჩნდათ ოჯახში დანაზოგი, მოაქუჩეს და ვალებში გაუშვეს.

მამასთან ერთად ნეილიც უმუშევარი დარჩა. დედა ისედაც არ მუშაობდა, სახლში იჯდა და ქმარ-შვილს უვლიდა. არადა, როგორ უყვარდა ნეილს თავისი სამუშაო. რაც უფრო მეტ საქმეს იტვირთავდა, მით უფრო კმაყოფილი იყო ხოლმე. გამოსდიოდა და იმიტომ.
მამა განადგურებული იყო, მაგრამ დედას არ დაუყრია ფარ-ხმალი. ციცი დიდებულად იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ რაც მოხდა, მისთვისაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. თუმცა არ იმჩნევდა.

- ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა ასეთი? ყველაფერს ეშველება. რა იყო მერე, წაგართვეს და წაგართვეს! ჩვენი ჭირიც წაუღია. სიმწარეში მოიხმაროს, ვინც ხელში ჩაიგდო! სულაც არ განვიცდი ამ ამბავს. ჩვენ ძლიერები ვართ, გავუძლებთ და ისევ წამოვდგებით ფეხზე. რა იყო, შე კაცო, რა ცხვირი ჩამოუშვი? აგერ არ ვარ? ერთად გავქაჩოთ. აი, საყვარელი რომ გაგეჩინა, არ შეგარჩენდი, თორემ ეს რა არის? წვრილმანია. დამიჯერე, ვალიკო, არ ღირს ნერვიულობად. დამშვიდდი, ნერვები დაიწყნარე, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. - ასე ქაქანებდა ციცი ლამის ნახევარი დღე.

ნეილსაც ჰქონდა დანაზოგი. ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე თვე მაინც ეყოფოდათ საჭმელ-სასმელად. ჯერ სასტიკ უარზე იყო მამა, მაგ ფულს არ გამოგართმევ, აჯობებს, სწავლის ქირისთვის გადადო, ემანდ უდიპლომოდ არ დამრჩეო, მაგრამ გოგონამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, რა თავში ვიხლი სწავლას, როცა ჩემებს გიჭირთო.

- არა, არ ავიღებ მაგ ფულს, შვილო. ის ფული შენია, - თავისაზე იდგა ვალიკო.
- ეს ფული ჩვენია, მამა! - გაწიწმატდა ნეილი, - ამიტომ, როგორც საჭიროა, ისე უნდა მოვიხმაროთ.

თუმცა ასეთ გაჭირვებას შვილის დანაზოგი რას უშველიდა? ნათესაობაშიც არავინ ჰყავდათ ისეთი ფულიანი, ხელი გაემართა გაჭირვებაში ჩავარდნილი ოჯახისთვის. უკვე დანამდვილებით იცოდნენ, რომ ბანკი მათ ბინას, საბურთალოს ცენტრში რომ იყო წამოჭიმული, აუცილებლად წაართმევდათ, რადგან როცა მამამ ბიზნესსესხი აიღო, სწორედ ის ბინა ჩადო, სადაც ცხოვრობდნენ - სამოთახიანი, ევრორემონტიანი.

გადაწყვიტეს, სარფიანად გაეყიდათ, ბანკის და სხვა დანარჩენი ვალი გადაეხადათ და დარჩენილი ფულით რამე ეგირავებინათ. "სხვა დანარჩენი ვალი" სულ რაღაც 6 ათას ლარამდე ადიოდა, ამიტომ ეს არც ღირდა ნერვიულობად, მაგრამ სამაგიეროდ, ბანკის სესხი იყო "შთამბეჭდავი", 69 ათას ლარს უკაკუნებდა.

მართლაც, გაყიდეს ბინა, თანაც კარგ ფასად და ყველა ვალი დაფარეს. სამაგიეროდ, უსახსროდ დარჩნენ. რა თანხაც დარჩა, იმ ფულით ვერაფრის დაგირავება ვერ მოახერხეს, ისე კატასტროფულაად იყო ფასები გაზრდილი. არადა, საბურთალოზე ნაცხოვრებ კაცს სულაც არ სურდა გარეუბანში საცხოვრებლად გადასვლა, თუმცა იქაც ერთოთახიანს თუ შესწვდებოდნენ.

და აი, როცა ოჯახს ყველა იმედი გადაეწურა, ღმერთმა სამივეს გადმოხედა. ციცის დედამ, რომელიც შვილს მას მერე არ ელაპარაკებოდა, რაც ვალიკოს ცოლად გაჰყვა, გაიგო თუ არა ქალიშვილის უბედურების ამბავი, დაიბარა თავისთან მცხეთაში და ყოველგვარი საყვედურისა და კომენტარების გარეშე რაღაც საბუთები წინ დაუდო. თურმე თავისი პატარა, კოხტა სახლი ასეთივე პატარა კოხტა ეზოთი წლების წინ ანდერძით ნეილისთვის უჩუქებია და არ ამხელდა. როცა მოვკვდები, მერე დაიბარებს ნოტარიუსი და გაუხარდებათო.

ციციმ ეს ამბავი რომ გაიგო, ტირილით გასკდა. გადაეხვია ნორას და სულ ბოდიშები უხადა, კარგი შვილობა ვერ გაგიწიე, იმედები გაგიცრუე და მაპატიეო.

ასე და ამგვარად, საცხოვრებლის პრობლემა მოგვარდა. ნორა ბებიას ისეთი ლამაზი კარ-მიდამო ჰქონდა, ცქერით ვერ გაძღებოდი. ამიტომ დედაც და მამაც უყოყმანოდ დათანხმდნენ მოხუცს ასეთ საჩუქარზე.

ნათქვამია, რაც ხდება, უკეთესობისკენო და მართლაც ასე გამოვიდა. ნეილს კი შეუღონდა გული, მცხეთაში რა უნდა ვაკეთო, სად უნდა ვიმუშაო, თუ თბილისში ვიშოვი რამე სამსახურს, მცხეთიდან როგორ ვიარო ყოველდღეო და მშობლების უჩუმრად აღვარღვარებდა ცრემლებს საბნის ქვეშ შემალული.

მაგრამ რადგან ერთხელ გაუღიმა ამ გემრიელ ოჯახს ბედმა, მომდევნო სიკეთემაც არ დააყოვნა. ერთ დღესაც, სულ რაღაც ორი კვირის გადასულები რომ იყვნენ მცხეთაში, ვალიკოს ერთ-ერთმა მომმარაგებელმა დარეკა, ჰამლეტ ბათიაშვილმა, რომელიც საბითუმო მწვანილებითა და ხილით ვაჭრობდა.

ნეილის მობილურზე კი დარეკა, მაგრამ გოგონამ იფიქრა, ალბათ მამასთან ვერ მოახერხა დაკავშირება და მე იმიტომ მირეკავსო.

- გამარჯობა, ბატონო ჰამლეტ. დავუძახო მამას? - შეეკითხა. მისი ვალი გადახდილი ჰქონდათ, ამიტომ ნეილს არ შეშინებია, მშვიდად დაელაპარაკა მამაკაცს.
- ამჯერად შენთან მინდოდა ლაპარაკი, ნეილ, შენ მჭირდები, - გამოუცხადა მან და მოუყვა, თუ რა პრობლემები ჰქონდა თავის კომპანიაში, - შენნაირი მკვირცხლი გოგო მინდა გვერდით მყავდეს, საქმეში ჩახედული და ყველაფრის მცოდნე. ვიცი, როგორ უძღვებოდი ვალიკოს საქმეებს და იქნებ დაგეწყო ჩემთან მუშაობა? თუ უკვე არ გქონია რაიმე შემოთავაზება.

ისე გაოგნდა ნეილი, აზრზე მოსვლა გაუჭირდა. უკვე მეორედ გაუღიმა "შესანიშნავ სამეულს" იღბალმა. როგორც ჩანს, ჩვენს ბედ-იღბალს ღიმილი პირზე შეეყინა და მას მერე სულ ასე გაღიმებული გადმოგვცქერისო, გაიფიქრა გოგონამ.

- სიმართლე გითხრათ, ჯერ არც დამიწყია სამუშაოს ძებნა. - დაიმორცხვა გოგონამ.
- აგაშენა ღმერთმა! იმედია, ვალიკო და ციცი უარზე არ იქნებიან, ჩემთან რომ დაგაწყებინო მუშაობა, რას იტყვი? მართალია, იმდენი შემოსავალი არ გექნება, რამდენიც მამაშენთან გქონდა, მაგრამ გულს მაინც არ დაგწყვეტ, კარგ ხელფასს გადაგიხდი, - გული მოეცა ბათიაშვილს.
- არა, მამა უარს არ მეტყვის. მეც მინდა მუშაობის მალე დაწყება, ამიტომ თანახმა ვარ. და როგორ უნდა მოვიქცე, გასაუბრებაზე მოვიდე?
- არა, კაცო, რა გასაუბრებაზე! რაში მჭირდება შენთან გასაუბრება, ისედაც ზეპირად ვიცი, როგორ შეგიძლია მუშაობა. ასე რომ, ადგილი შენია, თუ თანახმა იქნები. იმ თვის პირველივე რიცხვიდან შეგიძლია მოხვიდე და საქმეს შეუდგე.
- და ისა… შეიძლება დავფიქრდე? - დაინტერესდა ნეილი, რომელიც გრძნობდა, რომ უნდა დათანხმებულიყო, მაგრამ ამავდროულად, იმას შიშობდა, ვაითუ ჩემები გამიბრაზდნენ, თბილისში სად უნდა იცხოვრო, თუ იქ დაიწყებ მუშაობასო.
- კი ბატონო, დაფიქრდი, რა პრობლემაა. მაშინ ხვალ შენ თვითონ დამირეკე, კარგი? - შესთავაზა.
აირია გოგონა, დაირია. იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეწყო ამ თემაზე ლაპარაკი დედ-მამასთან. ის იყო, ტელეფონი გათიშა და მოტრიალდა, რომ უეცრად ციცისა და ვალიკოს ცნობისმოყვარე მზერებს გადააწყდა.
- ვის ელაპარაკებოდი?
- რაზე ელაპარაკებოდი? - ერთმაც დაუსვა შეკითხვა და მეორემაც.
ნეილმა მზერა მამიდან დედაზე გადაიტანა. კიდევ არ სჯეროდა, რომ ასე სასიკეთოდ შემოუბრუნდა საქმე.
- მე მგონი… ამწუთას… - ენა დაებორკა, - სამსახური გამომიჩნდა, - და ნერვიული სიცილი აუტყდა. ყველაფერი ხომ ისე მოულოდნელად მოხდა. - შენი ძმაკაცი იყო, ჰამლეტი. თავისთან მუშაობა შემომთავაზა.
ამის მერე ყველაფერი სწრაფად მოხდა. ჯერ აწუწუნდა ციცი, მცხეთიდან თბილისში ყოველდღე როგორ უნდა იარო და მერე შუაღამეს იქიდან რითი გინდა წამოხვიდეო. მერე იმაზეც დაფიქრდა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლება, რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთო.
იპოვეს… თანაც მაშინვე. ვალიკომ თქვა, ფული ხომ დაგვეზოგა, ავდგეთ და ნეილს ერთი პატარა მანქანა ვუყიდოთ, რათა კომფორტულად იაროსო. არც ტრანსპორტის ცდა მოუწევს და არც ვინმეს შეწუხება, რომ თბილისიდან მცხეთაში ჩამოიყვანოსო.
- ვალი, მანქანა კარგი იდეაა, მაგრამ ხომ გამისკდება გული, ყოველდღე ველოდო, ეს სახლში როდის დაბრუნდება?
- კარგი რა, დედა, ტარება ხომ ვიცი, სანერვიულო რა არის?
- რას ამბობ, ნეილ. ისეთი ავარიები ხდება, სულ რომ პირველი კლასის მძღოლი იყო, მაინც შეიძლება ვინმე გადარეული დაგეჯახოს. ისედაც ნანერვიულებს კიდევ ამის დამატება მინდა?
- მაგასაც მოევლება, ციცი, შენ არ იდარდო. მამა, იცი რა ვქნათ? საერთოდაც, დარჩი თბილისში, ჩვენ შაბათ-კვირას ჩამოგვაკითხე და ეგ იქნება.
- სად დარჩეს, ადამიანო, ვისთან? - გაიგიჟა თავი დედამ, - თუ ბინას უქირავებ და შენ გადაუხდი? - შემოიყარა ციციმ დოინჯი.
- შენი ნათესავი რომაა, ლიკა. ის ხომ ცხოვრობს სადღაც ქავთარაძეზე ნაქირავებში?
- უი, ხო, ლიკა სულ არ გამხსენებია. ნათესავი კი არა, მამიდაშვილის შვილია, ადამიანო! - იწყინა ცოლმა.
- აბა, რა ვთქვი მე! - გაბრაზდა ვალიკო, - მამიდაშვილის შვილი ნათესავი არაა? - გაოცების გამოსახატავად ორივე ხელი განზე გაშალა.
ციცის ტკარცალი აუტყდა.
- იცინე, ხო. მაგას ჯობია, ადგე და დაურეკო. შეიკედლოს ნეილიც და გაიყოფენ ქირას. განა რას უნდა იხდიდეს ახლა მაგდენს, რომ ვერ გავწვდეთ.
დედამ მაშინვე საქმიანი იერი დაიჭირა და ლიკასთან დარეკა. თან ელაპარაკებოდა, თან მიმიკები წარამარა ეცვლებოდა. ხან გაუნათდებოდა სახე, ხან დაემანჭებოდა. ბოლოს უთხრა, ნეილს დაველაპარაკები და ორ წუთში გადმოგირეკავო.
- ჰა, რაო? - ვერ ითმენდა ვალიკო.
- რა და, სამნი ვართ დაქალები და ქირის გადასახადს ვიყოფთო. ბინა დიდია და მეოთხის დამატებაც შეგვიძლია, თუ მისთვის დისკომფორტი არ იქნებაო. - და ციციმ შეშინებული მზერით გადახედა ქალიშვილს.
ნეილი დიდად ვერ მოხიბლა სამ არადაქალთან ცხოვრების პერსპექტივამ, მაგრამ ახლა დაწუნების დრო არ იყო.
- არა, რატომ მექნება დისკომფორტი. რაში უნდა შემიშალონ ხელი, ისედაც ადრე მომიწევს სახლიდან გასვლა და გვიან მოსვლა. შეიძლება დღე ისე გავიდეს, ვერც კი ვნახო ისინი, - უფრო მშობლების გასამხნევებლად თქვა.
- მაშინ დავურეკავ და ვეტყვი, რომ თანახმა ხარ. და როდის მიხვალ სანახავად? - ციციმ ტელეფონი ისევ მოიმარჯვა.
- თუნდაც დღესვე, თუ შინ იქნებიან.
- ჯობია, დღესვე ჯობია, - აჩქარებით წამოიძახა დედამ, - ვინმე სხვა არ მოიყვანონ, სანამ ჩვენ აქ რამეს გადავწყვეტთ, - და იმწუთასვე დარეკა.

ეს საქმეც მოგვარდა. გოგონები ოთხას ლარს იხდიდნენ. თუ ნეილიც შეუამხანაგდებოდა, თითოს ას-ასი ლარის გადახდა მოუწევდა. ბინა სამოთახიანი იყო, "ხრუშჩოვკა", მაგრამ ლოჯიაც ჰქონდა და ნეილს იქ შეეძლო ეცხოვრა, თუმცა ლიკამ, როგორც ნათესავმა, შესთავაზა, მე და შენ ერთ ოთახში ვიცხოვროთ, საკმაოდ დიდია ჩემი საძინებელი და დავეტევითო.

შეთანხმდნენ. ლიზა და ნია სასიამოვნო გოგონები აღმოჩნდნენ. ლიკას კი იცნობდა, მაგრამ დიდად არ ახლობლობდნენ, სულ სამჯერ თუ ოთხჯერ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი. მიუხედავად ამისა, ნეილი მალევე შეეწყო მასაც და დანარჩენ გოგონებსაც. ასაკით თვითონ ყველაზე პატარა იყო. ლიზა განათხოვარი აღმოჩნდა, შვილიც ჰყავდა, მაგრამ ქმარს არ დაუნებებია და დედამთილი ზრდიდა, თუმცა სულ დადიოდა მის სანახავად და აქეთაც მოჰყავდა ხოლმე, გოგოებთან რამდენიმე საათით. ზოგჯერ შაბათ-კვირასაც იტოვებდა, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა, რადგან ყოფილ ქმარს არ მოსწონდა, როცა ბავშვი დედასთან ღამისთევით რჩებოდა.

ლიკა და ნია გასათხოვარი გოგოები იყვნენ. ნიას საქმროც კი ჰყავდა. აი, ლიკას საქმე კი ამ მხრივ ვერ იყო კარგად. არც არავინ უყვარდა და არც აქეთ აკლავდა ვინმე თავს, რადგან პუტკუნა გოგოს მაინცდამაინც არ უმართლებდა ამ საკითხში.

პირველი შეხვედრა მათთან მთლად სასიამოვნო არ აღმოჩნდა. უცხო გოგოებმა ამ ულამაზეს "მეოთხე მდგმურს" თავიდან შურის თვალით შეხედეს, მის გვერდით არ დავიჩაგროთო, მაგრამ როცა საუბარი გააბეს, ისე მოიხიბლნენ ნეილით, რომ სულ გადავიწყდათ მისი მზეთუნახაობა.

ერთი სიტყვით, ორ კვირაში ყველაფერი მოგვარდა. მამამ მანქანა ჩაახუტა, დედამ ბინა უშოვა, ჰამლეტმა სამსახური და გაილაღა ნეილმა. ყინულზე უშნოდ მოსრიალების შემდეგ კვლავ გაიმართა მხრებში და ისეთი "შეხტა", რომ "სალტოც" კი გამოუვიდა.

ერთადერთი, რამაც შეაშფოთა, ბათიაშვილის ფირმა იყო. ისეთი არეული დახვდა საბუღალტრო საქმეები, შეეშინდა, ვაითუ ვერ მოვაბა თავიო. არც ისე ადვილი ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა მუშაობას მაინც შეუდგა.

პირველ დღეებში ერთი წამი არ რჩებოდა თავისუფალი დრო. იმისთვის, რომ შრომა ცოტათი გაეიოლებინა, ნეილმა თავისი ეფექტური სისტემის გამოყენება სცადა და გამოუვიდა კიდევაც. ნელ-ნელა დაალაგა ყველაფერი და შვებითაც ამოისუნთქა. ამიერიდან ძველებური დატვირთვით აღარ მოუწევდა მუშაობა.
ბათიაშვილმა 900 ლარი დაუნიშნა ხელფასი და სამ თვეში ერთხელ პრემიასაც შეჰპირდა. ცოტა მაცალე და მერე კიდევ მოგიმატებო, დააყოლა ბოლოს.

ნეილს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ძლივს ჰყოფნიდა ფული თვიდან თვემდე, რადგან ცალკე ბინის ქირა ჰქონდა გადასახდელი, ცალკე ჭამა-სმა სჭირდებოდა. აქეთ მანქანის საწვავის ხარჯი, იქით მის ხელებს შემყურე დედ-მამა, ჯერჯერობით ორივე უმუშევარი. მათთვისაც ხომ უნდა მიეცა ორიოდე თეთრი? მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ მარტო თვითონ არ იყო ამ დღეში. მასთან მცხოვრები გოგონებიც ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე იდგნენ.

ეს ყველაფერი ხდებოდა სულ რაღაც 6 თვის წინ. და აი, ახლა, 6 თვის შემდეგ, ერთ კვირა საღამოს ნეილი მცხეთიდან გოგონებთან ბრუნდებოდა. შაბათ-კვირას დაბარებულივით ჩადიოდა მშობლებთან, რათა მიტოვებულად არ ეგრძნოთ თავი. თუ ხელფასი ახალი აღებული ჰქონდა, ფულიც ჩაჰქონდა მათთან და პროდუქტებიც. აუვსებდა მაცივარს და ამით კმაყოფილი რჩებოდა. განსაკუთრებით ნორა ბებოს უხაროდა მისი დანახვა. მოხუცი ქალი გამუდმებით იმეორებდა, არ შევმცდარვარ, ეს სახლი შენ რომ გაჩუქეო. რამდენი დრო დამიკარგავს, რომ არ გაგიცანი, ეს რა შეცდომა მომსვლიაო. ნეილსაც შეუყვარდა ბებო, რომელიც თვალით არ ენახა მანამდე და 22 წლამდე მხოლოდ ფოტოებში ჰყავდა ნანახი.

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ირინა
მომწონს კარგია როგორც ყოველთვის ცხოვრებისეულია თქვენი ფანი ვარქალბატონო სვეტა მომწონსთქვენი წერის მანერა არ ხართ ერთფეროვანი ყოველთვის რაღაც ახალს გვთავაზობ გმადლობთ????????
13:50 / 03-11-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93