...სკოლის საზაფხულო გამოცდები, როგორც იქნა, დასრულდა. დასამშვიდობებელი ფოტოც დაიდო. რამხელა ბედნიერებას იტევს ეს კადრი. თითოეულს სახეზე ეტყობა: ,,ვაშა თავისუფლებას, ძირს სწავლა”, ნუ, სექტემბრამდე მაინც. ვერანაირად ვერ მოდის თანხვედრაში ბავშვების ემოციები ფოტოზე პედაგოგების ჰაბიტუსებთან. მკაცრი, შეუვალი, საბჭოთა სახეები. დაკვირვებულ თვალს არ გამორჩება მათ გამოხედვაში: ,,ცოტა ხანს იბაირამეთ, მაინც აქ არ მოხვალთ?”
არა, მაინც რა ბედნიერება იყო არდადეგები, განსაკუთრებით, ზაფხულის. სამი თვე ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიდი განათლების წინაშე. თუ, რა თქმა უნდა, მუსიკის მასწავლებელი გასარჩევ ნაწარმოებს არ დაგაყრიდა თავზე, ზაფხულში ფორმიდან რომ არ ამოვარდნილიყავი და უფროსი, მეტიჩარა, წიგნის ჭია დედმამიშვილი ზაფხულში წასაკითხი ლიტერატურის ჩამონათვალს არ აგიფრიალებდა თვალებთან. ჩავიდეს სოფელში და მერე თვითონ იცის. მთავარია, აქ არ შეატყონ, რაზე გადის მისი ოცნებები და იქ უკვე გაშლის ფრთებს. თან მშობლებს შვებულება კიდე ორი თვე არ ექნებათ და... სრული თავისუფლება გარანტირებული აქვს.
კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ცხადია, გაგონილი გექნებათ და მუსიკამ გასარჩევი ნაწარმოებიც ბლომად მისცა და წასაკითხი წიგნების ჩამონათვალიც საზიზღრად აუფრიალდა თვალწინ. სოფელში ,,შავი ყუთი” მათ მეზობელს ჰქონდა და ალბათ იქ მოუწევდა კლავიშებთან ბრძოლა, წესების გარეშე. აქაც არის გამოსავალი. ბებო, იმედია, ჯილდა მასწივით არ მოუჯდება გვერდით და, აბა, ძალიან არ გაიგოს, ,,შუბერტს” უკრავს თუ ბახის ,,ფუგებს”. მთავარია, გული არ გაიტეხოს და ამაზე წინასწარ არ ინერვიულოს. მოკლედ, პოზიტიური განწყობით გაემგზავრა სოფელში.
ბავშვობიდან ერთი ზაფხულიც არ ,,გაუმაზავს”, სოფელში რომ არ გაეტარებინა არდადეგები. სოფელიც რომ გულში იხუტებდა? არ უყვართ იქ სახედაყენებული, მანერებიანი ქალაქელები. თუ გინდა მიგიღონ, მარტო ქუდი კი არ უნდა დაიმხო თავზე, სისხლიც უნდა გადაისხა მათი, მთელი ზაფხული რომ გეყოს, იმდენი მაინც. ნუ, ახლა ბუნებრივად თუ გაქვს მათი ჩვევები, დაბადებიდან შენგან დამოუკიდებლად, ჩათვალე, რომ არც ქალაქად დაიკარგები და არც სოფლად.
სულ პატარა ასაკიდან რჩებოდა სოფელში ბებოსთან. გვერდიდან არ სცილდებოდა. ბაღ-ბოსტანი იქნებოდა, მეზობლის ქალებთან ჭორაობა თუ სატირალი. მაღაზიაში კი თავად ეგზავნებოდა, ისე უყვარდა სოფლის ხალხში გარევა. მაღაზია და ბიბლიოთეკა ერთ ძველ ხის შენობაში იყო. იქაურობის სუნი ახლაც ახსოვს. ხის, ნესტის და რაღაც ტკბილი და თითქოს მომჟავო. მაღაზიასთან მუდმივად მომლოდინე ხალხი იდგა. მგონი, განგებ აგვიანებდა ,,ნოქარი”, ხალხს რომ მოესწრო სოფელში მიმდინარე მოვლენების კარგად დამუშავება, დახარისხება, ნაწილის შენახვა და ნაწილის გაცხრილვა.
ბიბლიოთეკარი ნათელა კი საერთოდ შუადღეს აღებდა ლიტერატურული სამყაროს კარებს. ბებია სულ წყევლიდა ნათელას გვარს და ჯილაგს. ,,მიწა კი დაეყაროს”, წიგნები მოწმენდს მაგათ გვარს ადამიანთა სისხლსო?
წინა საუკუნეში თავადი რევაზიშვილი ცხოვრობდა ამ სოფელში. დღესაც არსებობს სოფლის შესასვლელში ხეებით დაჩრდილული ადგილი, ბატონის ბაღს რომ ეძახიან. თავის დროზე რომ მშვენიერი იქნებოდა ბატონთა მოსასვენებელი, უდავოა. მაგრამ იმდენი სახეცვლილება განიცადა, კომუნისტებიდან მოყოლებული, ახლა მისი დიდებიდან აღარაფერი იყო შერჩენილი. სწორედ ბოლშევიკები იყვნენ, დედაწულიანად რომ ამოხოცეს მთელი ოჯახი. იმასაც ამბობდნენ, ბავშვები სულ თავისი ,,რეიტუზებით” დაახრჩვესო და ამაში მთავარი მონაწილე სულით, ხორცით ბოლშევიკი, ბიბლიოთეკარის მამა ყოფილა. ძველ ხალხს ისიც ახსოვდა, თავადის სახლიდან წამოღებული ,,კნიაჟნას” კაბებით, თავს როგორ იწონებდა სოფელში ნათელას დედა. არავის უყვარდა ეს ოჯახი. სისხლის სუნად ყარანო, მაგრამ მაღაზიიდან გამოსული, ლამის იღლიაში ამოჩრილი პურებით ქალები, ნათელასთან შემოვლის გარეშე ხის სავაჭრო ცენტრს მაინც არ ტოვებდნენ და იყო ერთი ,,მაა გენა და ა.შ.”
ჩვენს ქალაქელს კი პატარაობიდან უყვარდა ქორწილები და პატარძლები. სოფელში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისე უყვარდათ ეს გასრუტული, სიცოცხლით სავსე გოგო, რომელიც მათი უფრო იყო, ვიდრე ქალაქელი, მთელი სულით და გულით იღებდნენ. მასაც მეტი რა უნდოდა და ქორწილში თუ არ იყო დაპატიჟებული, მესამე დღეს პატარძალს ეჯდა დიდი დაქალივით. რაზე ებაასებოდნენ ერთმანეთს ეს ასაკით ვერანაირად ვერ თანხვედრილები, გაიგე, აბა? ერთია, რომ საღამომდე შეეძლო იმ ოჯახის რძალთან ყოფნა. აბა, მაშინ სად იცოდა, რა თაფლობის წუთებს უკარგავდა უბნის პატარძალს.
ერთი ასეთი მთელი დღით დაკარგვა ძვირად დაუჯდა. რომ აღარ დაბრუნდა მაღაზიიდან, ლამის მთელი სოფელი შეყარა ბებომ. ჭაშიც კი ჩაიხედა გულგახეთქილმა და გვიან გაუნათდა გონება. გაახსენდა ორი დღის წინ ქორწილი გვერდით უბანში და მიხვდა, სად იქნებოდა ის სასიკვდილე. რაც იმ დღეს მის ტრაკს მოხვდა, იმდენი ქორწილის მედოლეს არ უბრაგუნებია თავისი დოლისთვის. კი სდიოდა ცრემლი, მაგრამ ოღონდ ბებოს დაქადნებული არ აესრულებინა, დედაშენს ვეტყვი ყველაფერსო... მაშინ თმა აღარ შერჩებოდა თავზე და კარგა ხანი ექნებოდა მის ლოყას დედამისის ხუთი თითი მაცივარზე მიკრული ,,ნაკლეიკასავით”.
ისევ ქორწილის თემა... მეორე ზაფხულს, ერთ შაბათ დღეს, სოფლის დასაწყისში, ერთ ოჯახში დიდი გუზგუზი იყო. სიძე-პატარძალს ელოდნენ. გული შეუღონა ბიცოლას, პატარძალი მაჩვენეო და წაიყვანა ამანაც. პატარძლის ნახვის მოლოდინი იქით იყოს და, ისეთი ლავაშები ცხვებოდა თონეშიი... უუფ, აი, ქაღალდივით თხელი. პატარძალიც მოიყვანეს. სავალდებულო ცეკვაც შესრულდა ეზო-კარს, პატარძლის თითებში ნაგროვები, საბჭოთა ათმანეთიანებიც დაიყარა დამკვრელებთან, მაგრამ ეს არ მოჰყვება სახლში ბიცოლას. ლავაშს სანამ არ მაჭმევ, არ წამოვალო. ერთი კი დააპირა ბიცოლამ თმის მოწიწკნა, მაგრამ ვინ დაანებებდა? ბებოს ძღვენით მოადგა სახლში. აფსუს ბებო? ქალი ბუზს არ იჯენდა თავზე და ეს უსირცხვილო შვილიშვილი ნამდვილი სასჯელი იყო. მაინც რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი? მეორე წუთს აღარ ახსოვდათ წყენა და სულს უბერავდნენ ერთმანეთს. ლოგინში ბებოსთან იწვა წლები და თუ ცივი ჰქონდა ფეხები, სულ გულში იხუტებდა ბებო, რომ გაეთბო. თვითონ კი დღესაც ახსოვს მისი დამჭკნარი კანი ხელებზე, მზით დაშაშრული...
აბა, ზაფხულის სოფელს ყველაზე მეტად რა უხდება? ჩემი აზრით, ამ დროს კოლორიტი სოფლის კლუბში მოტანილი ინდური ფილმია. აი, ცენტრში ბირჟაზე, ,,ზაბორზე” მიკრულ თეთრ ქაღალდზე წითელი ,,კრასკით” რომ აწერია: რვა საათზე გავა ,,ზიტა და გიტა”ან თუგინდ ,,მაგდანას ლურჯა”, მაინც ძალიან არ გაიგონ შინაარსი. სხვა სოფლის კლუბში არ ვიცი, როგორ იყო, მაგრამ ამ ჩემი ნოველის მოქმედ კლუბში სრული ქაოსი იყო ყოველთვის. სიტყვას ვერ ჩააგდებდი. ის კი არა, ლამის ფილმის გმირებს შემოეძახათ: ,,კარგით, მაშინ თქვენ ილაპარაკეთ და ჩვენ გავჩერდებითო”. სოფელში მისალმების ფორმა ძირითადად ,,ზდაროვა” იყო. მეტი იმიჯისთვის ,,მესემიჩკე” ლიდას მოხალული ,,სემიჩკა” უნდა გჭეროდა მუჭში და დინჯად უნდა გეტრიალებინა პირში. რაც ლიდას სახლში წიგნები იხეოდა, კოხტად კი იცოდა, ფურცლიდან ,,სემიჩკის” კონუსის ფორმის ჩასაყრელის მოხვევა. ჰო, ,,სემიჩკას” ხომ ატრიალებდი დინჯად და თუ ვინმეს ,,ლევისებიც” ეცვა, პირველობა მისი იყო უპირობოდ.
ზაფხულში ივსებოდა სოფელი ქალაქიდან ჩამოსული დამსვენებლებით. ვინ თავის მიწა-წყალს სტუმრობდა და ვინ ნათესავს. ეგრევე გამოცოცხლდებოდა ხოლმე სოფლის ყმაწვილქალობა. ვისაც სტუმარი ჰყავდა, ყოველ საღამოს მისი ეზოს კარის წინ მინი-ბირჟა იმართებოდა. რა კარგი ასაკია...
ამ ჩვენს გასრუტულ გოგოზეც შეუვარდათ გული ნამეტნავად. სოფლის დასაწყისში ცხოვრობდა ,,რომეო”. ერთი გაძვალტყავებული ოჯახიდან იყო, მაგრამ სოფლის თვალი, სკოლაში საუკეთესო მოსწავლე. ისეთ წერილებს სწერდა თავის ,,ჯულიეტას”, თინა მასწ-ს რომ წაეკითხა, ესეც კი ეყოფოდა მისი შრომის დაფასებად. სულ ამათ ღობეს იყო აკრული. სასაცილოდ არ ჰყოფნიდა გოგოს. არც იმ ასაკის იყო, სიყვარულის გაეგო რამე და იმ ასაკის კი, სარკე რომ უცებ შეუყვარდებათ ხოლმე.
მაგრამ რად გინდა, ვინ შეარგო ქალური საწყისის პირველი შეგრძნება. ჯერ ხომ ბებიამისმა დაუფრთხო საწყალ ბიჭს ანგელოზები და შვილიშვილს სულ ძირით ძირამდე გადმოულაგა მათი ოჯახის გენეალოგია, ვინ ბოზი ჰყავდათ გვარ-ჯილაგში, ვინ ლოთი და არაფრისმაქნისი. ნუ, დახტაკნები რომ იყვნენ, ეს სალი კლდესავით შეუვალი სტატუსი იყო.
- ჯერ ჩამოვიდეს დედაშენიო? - დაექადნა ბებია. არადა, რა მოწონება, რის მოწონება. პირველად შეეჩეხა ამ გრძნობას მეშვიდე კლასელი გოგო და შეარგეთ რა... ბებიამისი იყო და დენიკინისდროინდელი უნარ-ჩვევები, დედას კი სტალინური და სულ თავზე გადააფხრიწა, სოფელში რომ ჩამოვიდა, დედამთილისგან შეგულიანებულმა, ბიჭის გამოგზავნილი წერილები. არადა, ისეთი სიყვარულით იყო გაჯერებული, ასაკშიც რომ სითბოდ დაგივლიდა სხეულში. სითბოდ, რომელიც წარსულ ზაფხულებში დაგაბრუნებდა, გულს გაგითბობდა და ბურთიც მოგებჯინებოდა ყელზე. დედამისმა სულ თვალები უქაჩა და ბოლო ხმაზე სოფლელი უძახა ,,რომეოს”. ღობესთან მიახლოებაც კი აუკრძალა და ამ საწყალ გოგოს, მართლა ლამის პირდაპირი გაგებით, ახლევინა პიანინოზე თავი. მეცადინეობის დროს კარგი მუსიკამცოდნესავით გვერდით ეჯდა. ყლაპავდა ცრემლებს საწყალი, მაგრამ თავს ზემოთ იყო ძალა? ძვლებამდე ეცოდებოდათ ,,შუბერტს” და ,,ბახს” მათი შედევრების შემსრულებელი, მაგრამ ჰა?..
ჩაშხამდა ზაფხული. შავ ყუთს რომ მოსცილდებოდა, მერე წიგნი უნდა აეღო ხელში. სოფლის დაქალობა აქეთ უნდა სწვეოდა და ჭორაობას საპატიო წევრად ან დედა უნდა დასწრებოდა, ან ბებია. აბა, ღობის იქით არ უშვებდნენ ,,მიმრები”. ამასობაში ზაფხულიც მიილია. ყველა სტუმარი თავის ბუდეს დაუბრუნდა და სოფელიც ცხოვრების ჩვეულ რიტმში ჩადგა მომავალ ზაფხულამდე.
წლები გადიოდა. მოდიოდა და მიდიოდა ზაფხულები. ისევ ივსებოდა სოფელი ქალაქიდან ჩამოსული სტუმრებით. კლუბში ისევ გადიოდა ინდური ფილმები. სიყვარული ისევ დაფრინავდა გოგო-ბიჭებში. მერე ეს გოგო-ბიჭები იზრდებოდნენ და ღიმილით იხსენებდნენ წარსულ ზაფხულებს.
ნინო ზღუდაძე