ნეილი გაუბედავად შეუდგა მოყოლას. მოკლედ, რამდენიმე წინადადებაში ჩაატია თავისი ოჯახის ბოლოდროინდელი თავგადასავალი, რათა მოსაუბრისთვის მოსაწყენი არ ყოფილიყო.
ამ დროს ოფიციანტი მოვიდა და მათი ცარიელი თეფშები ახლით შეცვალა. ნეილმა გაოცებული მზერა მიადევნა გამხდარ ბიჭს. ვერც გაიაზრა, ისე მოუსუფთავებია თავისი თეფში. მადაც ამას ჰქვია. რა სირცხვილია!
- ახლა მწვადი შევუკვეთოთ, - მიუხვდა სიმონი და გამამხნევებლად გაუღიმა.
- არა, მადლობა. მეტი არაფერი მინდა.
- მაშინ დესერტი.
- დესერტი შეიძლება, - მორჩილად დააქნია გოგონამ თავი და ღაწვები შეუხურდა.
- მწვადი მართლა არ გინდათ?
- თქვენ ჩემი არ გჯერათ? - გაიოცა ნეილმა.
სიმმა გაიღიმა.
- რაღაც უცნაურობა დამჩემდა მას შემდეგ, რაც გაგიცანით, - ღიმილი არ მოშორებია მამაკაცის სახეს, - თქვენთან პირველი შეხვედრის შემდეგ მიდრეკილება გამიჩნდა, თქვენი ყველაფერი მჯეროდეს.
ეს ხუმრობით იყო ნათქვამი თუ სერიოზულად? ნეილი დაიბნა. მამაკაცს მზერა მოაშორა და იატაკზე დაგებულ ნოხს ისე მიაჩერდა, თითქოს რაღაც საინტერესო დაინახაო.
რა მოსდის ნეილის გულს, როცა ეს კაცი უღიმის? ამის შეცნობამ გააოგნა.
- თქვენი მანქანის რემონტზე დაელაპარაკეთ ხელოსნებს?
ეს ტაქტიკური შეკითხვა იყო იმის გასაგებად, რისი თავი ჰქონდა ნეილს, შეძლებდა თუ არა დაზარალებულის მანქანის შეკეთებასაც.
- რაც ყველაზე აუცილებელია, იმას გამისწორებენ, დანარჩენი მოიცდის. მანქანა იმისთვის მჭირდება, რომ სამსახურში ვიარო და კიდევ - მშობლებთან, მცხეთაში.
- თქვენი მშობლები მცხეთაში რას საქმიანობენ?
- მამა იქ მუშაობს. რაც იქით გადავიდნენ, ცოტა სული მოითქვეს. ერთი პერიოდი ერთობ ცუდად გვქონდა საქმე, ახლა არა გვიშავს. იღბალმა გადმოგვხედა.
ამ დროს მიმტანმა ნამცხვარი და ნაყინი მოიტანა.
- მომიყევით ერთი მაგ ღიმილიანი იღბლის შესახებ, - თვითონაც იღბალივით გაიღიმა სიმმა.
- ისა… - ნეილი დაფრთხა, - მთელი საღამოა ჩემს თავზე ვლაპარაკობ. ცოტა უხერხულია.
- აი, მაგაში კი არ ხართ მართალი, - შეეწინააღმდეგა მამაკაცი, თან გამჭოლი მზერა ჯერ გოგონას თვალებს მიაპყრო, მერე - ცხვირს, ბოლოს კი ლამაზად გამოყვანილ ტუჩებს, - მაგრამ თუკი არ გსურთ თქვენს ოჯახზე მესაუბროთ, მომიყევით რამე თქვენს მეგობარ ბიჭზე.
- მეგობარი ბიჭი არ არსებობს, - ამოიოხრა გოგონამ.
- ოხ, რას მეუბნებით ახლა! გინდათ ეს დავიჯერო? ამისთანა ლამაზი გოგო და შეყვარებული არ გყავთ? თან რა სინანულით გაჯერებული ხმით გააჟღერეთ.
- როგორ გეკადრებათ! სანანებელი რა არის? არ არსებობს და ნუ არსებობს. ეს სულ არ მადარდებს, - ნაძალადევად გაიღიმა და გადაწყვიტა, ისევ "ღიმილიანი იღბლის" შესახებ მოეყოლა, - ბებიამ, ანუ დედაჩემის დედამ მცხეთაში თავისი ქონება დაგვიმტკიცა. პატარა სახლია, პატარა ეზოთი.
სულზე მოგვისწრო, რომ იტყვიან, თორემ უბინაოდ ვრჩებოდით. - რაც შეიძლებოდა სწრაფად გადაერთო სხვა თემაზე ნეილი და რაოდენ გაუკვირდა, როცა პასუხად სიმონის ხარხარი გაიგონა.
თვითონაც გაიცინა.
ღმერთო, ეს რანაირი საღამოა! საინტერესოა, როგორ გამოსდის ამ კაცს ქალის გულის მოგება. თითქოს სიმპათიური არ არის, მაგრამ არც მახინჯი ეთქმის. სანამ აქამდე მოაღწევდნენ, ნეილი ერთიანად დაძაბული იყო, ახლა კი ამ კაცის წყალობით თავს ისე მსუბუქად და თავისუფლად გრძნობს, რომ მასთან ერთად ლაღადაც კი იცინის. თუმცა წამითაც არ ავიწყდება, რომ ძალზე რთულ საკითხზე უნდა იმსჯელონ. როგორც ჩანს, სიმს არ სურს მაინცდამაინც ვახშმის დროს აცნობოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
თუმცა დესერტის მოტანა უკვე ვახშმობის დასასრულს მიანიშნებდა.
- და თქვენი ოჯახი? მშობლები, დედმამიშვილები გყავთ? თუ ეს საიდუმლოა? - თავისდა უნებურად დასვა შეკითხვა ნეილმა.
- არა, რატომ უნდა იყოს საიდუმლო. მშობლები მყავს, აქ ცხოვრობენ, თბილისში, ოღონდ ცალკე. მყავს ასევე ძმა, დაოჯახებული. ის ინგლისშია, იქ მუშაობს. მე უცოლო ვარ, - დაამატა ბოლოს.
- ვიცი, - ისე მიუგო გოგონამ, არც დაფიქრებულა და მაშინვე გაწითლდა, რადგან საიმონს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ნეილი მისით იყო დაინტერესებული, - ერთ ჩემს დაქალს მეგობარი ჰყავს, ჟურნალისტი და მისგან რაღაცები იცის თქვენ შესახებ. მე პირადად არ გიცნობდით. თქვენი სახელი და გვარიც კი არ გამიგია. - ამის თქმაზე წამოახურა, რა სისულელეებს ვროშავო, - როცა თქვენი სავიზიტო ბარათი ვანახვე ლიზას, მითხრა, ვინც იყავით, - და დადუმდა.
- ესე იგი, მუდმივი მეგობარი მამაკაცი არ გყავთ… - თითქოს ფიქრი გაახმოვანა სიმონმა, - რატომ? გულს ვერ უდებთ ერთსა და იმავეს თუ?
ნეილმა დაჟინებული მზერა მიაპყრო. საით მიჰყავს ამ კაცს საუბარი? რისი გაგება სურს, ხშირად იცვლის თუ არა მამაკაცებს?
- მე, უბრალოდ, არ მაქვს იმის დრო, რომ… - თქვა და გაჩუმდა. დედა ყოველთვის ეუბნებოდა, როცა რამე გულით გსურს, მისთვის დროს ყოველთვის გამონახავო, - ანუ იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერთან პაემანზე არ წავალ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად ვერკვევი მამაკაცებში და არ მოვტყუვდები. სულაც არა. უბრალოდ… - ისევ გაჩუმდა და ელეთ-მელეთი დაემართა, - ფრიგიდული სულაც არ ვარ… - ვაიიი! ნუთუ ეს მან თქვა? რას ბოდავს? იფიქრებს, არაა ნორმალური, აშკარად ნიმფომანიაო! და სასწრაფოდ დაამატა, - მომისმინეთ, არ შეიძლება საუბრის თემა შევცვალოთ?
- რატომ, ინტიმური საკითხების განხილვის გერიდებათ? სექსი გაკომპლექსებთ? - ისე უდარდელად ჰკითხა მამაკაცმა, აშკარა იყო, მას მსგავს თემებზე საუბარი სულაც არ ძაბავდა.
- როგორც ასეთი, მე… ჩვეულებრივ, მე ასეთი რამეებით დაკავებული არ ვარ, - მაინც სიმართლის თქმა ამჯობინა.
წუთიერი დუმილის შემდეგ სიმონი სავარძლის საზურგეს მიაწვა და გოგონას გამომცდელად მიაჩერდა.
- რითი? სექსზე საუბრით თუ სექსით? - ჩააცივდა, - ჩვეულებრივ რითი არ ხართ დაკავებული?
- საუბრით, - ცივად მიუგო გოგონამ, რადგან მამაკაცმა მისი ნათქვამი სწორად ვერ გაიგო.
რამდენიმე წუთის განმავლობაში სიმი უხმოდ მისჩერებოდა ნეილს, მერე კი თითქოს შენიშვნა მისცა:
- ჩემი აზრით, ერთიც აუცილებელია და მეორეც.
ახლა უკვე აღიზიანებდა ეს ბიზნესმენი. წესით, იმის მიხედვით, რაც ნეილმა თქვა, სიმონი უნდა მიმხვდარიყო, რომ გოგონას ახლო ურთიერთობა მამაკაცებთან არასდროს ჰქონია, მაგრამ მიხვდა რო? აღარ ადარდებდა. არც არაფრით უცდია მისი ეჭვების გამყარება ან გაქარწყლება.
- რაც გინდათ ის იფიქრეთ, - შეეცადა რაც შეიძლებოდა თავაზიანად ეპასუხა. მას უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აღელვებდა. ვახშამი დასასრულს მიუახლოვდა, - მაინტერესებს, რა გადაწყვეტილება…
ამ დროს კვლავ მიმტანი გამოტყვრა საიდანღაც და ცივი ყავა მოიტანა ხილთან ერთად, ამიტომ ნეილს სიტყვა შუაზე გაუწყდა. როცა ბიჭი წავიდა, გოგონა კვლავ თავაზიანად შეეცადა ეკითხა მისთვის, რა გადაწყვეტილებამდე მივიდა, მაგრამ ვერ მოასწრო.
- მომავალ შაბათს ბანკეტზე ვარ მიპატიჟებული, - თქვა საიმონმა, - მინდა, რომ ჩემთან ერთად თქვენც წამოხვიდეთ.
ამის გაგონებაზე ნეილი შეცბუნებული მიაჩერდა მამაკაცს. განა ბანკეტს რამე საერთო აქვს საგზაო შემთხვევასთან?
- ეს იმიტომ, რომ თქვენთან ვალში ვარ? თუ?.. რატომ მაინცდამაინც მე? - ჯიქურ ჰკითხა, ამჯერად თავაზიანობა დაივიწყა.
- და რატომ არა თქვენ? - შეუბრუნა კითხვა სიმმა.
- ის ბანკეტი თქვენთვის მნიშვნელოვანია? - დაინტერესდა ნეილი.
- ჩემი მეგობარი ბიზნესმენი, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობაც მაკავშირებს, საღამოს აწყობს. ერთი წელია დაქორწინდა და აღნიშნავს.
იქ, ალბათ, საინტერესო იქნებაო, გაიფიქრა ნეილმა. მაგრამ მაინც, რატომ მაინცდამაინც ის? რა, საიმონს ქალები დაელია? როგორც ლიზიმ თქვა, მათ უკმარისობას არ განიცდის. თუკი აუცილებელია ქალი ახლდეს თან, თავისი ნაცნობებიდან ვერ შეარჩია?
- ჩემთან ერთად რატომ გინდათ წასვლა? გადაწყვიტეთ ვინმე აეჭვიანოთ? - ლოგიკური დასკვნა გამოიტანა.
- არა.
- თქვვენი არჩევანი რატომ შეჩერდა ჩემზე და არა რომელიმე თქვენს მეგობარ ქალზე? - არ მოეშვა ნეილი, - თუკი მოარულ ხმებს დავუჯერებთ, თქვენ ისინი ათობით გყავთ.
- მოარული ხმები აჭარბებენ. ერთი ვიღაცა რომ ეტყვის მეორე ვიღაცას, საიმონს ერთი მეგობარი ქალი ჰყავსო, ის მეორე ვიღაცა მესამე ვიღაცას ჩაუკაკლავს, ერთი კი არა, ორი ჰყოლიაო. მერე მესამე ვიღაცა მეოთხე ვიღაცას გაუბევრებს ჩემი ქალების რაოდენობას და ოთხს გახდის. აი, ასე, გეომეტრიული პროგრესიით კი ათამდე კი არა, ალბათ, ოთხმოცდაცხრამეტამდეც ავა.
- სინამდვილეში რამდენი გყავთ? - წამოსცდა ნეილს.
სიმმა თვალები მოჭუტა:
- ძალიან გაინტერესებთ?
გოგონას ალმური მოასკდა, მიხვდა, რომ თავისი გულუბრყვილობით მახეში გაება და შეკითხვის თავიდან არიდების მიზნით მამაკაცს შეუტია:
- მე ის მაინტერესებს, რის გამო უნდა გამოგყვეთ მე? თუკი სხვა ქალის ეჭვიანობის გამოწვევა არ გსურთ, რა შუაში ვარ მაშინ? თუ კედელთან ვარ მიმწყვდეული და მშვენივრად იცით, რომ უნდა დაგთანხმდეთ, გამიხარდება ამის გაკეთება თუ არა?
მან მხრები აიჩეჩა.
- მერედა, ვინ გითხრათ, რომ ჩემმა მიწვევამ უნდა გაგახაროთ?
- ანუ ეს სასჯელია? მსჯით იმის გამო, რაც თქვენს მანქანას ჩემმა მეგობარმა დამართა?
- ღამეულ გართობებს ყოველთვის ასეთი განწყობით უდგებით? - უცერემონიოდ შეეკითხა.
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არ შემიძლია უარი ვთქვა ისეთ მიპატიჟებაზე, რომელიც არ მაწყობს. - პროტესტის ნიშნად საპასუხო დარტყმა მიაყენა ნეილმა, თუმცა ბანკეტები მოსწონდა, ოღონდ ნამდვილი ბანკეტები, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად იქნებოდა, მაგრამ აშკარ იყო, ჩიხლაძე რაღაცას ბოლომდე არ ამხელდა, - გამოდის, ამგვარად უნდა გადავიხადო თქვენი ვალი, არა? - დაასკვნა გოგონამ, - ნაწილ-ნაწილ.
საიმონის ცალი წარბი შუბლისკენ აიპრიხა.
- მაგრამ თქვენ არ მითხარით ცოტა ხნის წინ, დამატებით სამუშაოს ვეძებო? - შეახსენა მამაკაცმა, - მე ხომ სამუშაო დღეებს არ გართმევთ, მხოლოდ შაბათს ან კვირას.
ღმერთო, განა რამდენი შაბათი და კვირა უნდა ეახლოს ამ კაცს, რომ მისი უზარმაზარი ვალი ბოლომდე გაისტუმროს? და უეცრად თითქოს დენმა დაარტყა. თურმე ტყუილად არ ილაპარაკა წეღან სექსზე. ისე თავისუფლად საუბრობდა ამაზე, თითქოს ამინდის პროგნოზს განიხილავსო. იქნებ იმაზე ამყარებს იმედს, რომ ნეილთან გატარებული შაბათი საღამო სიმონის საწოლში დამთავრდება?
- და თქვენ? - განგაშის სიგნალი ჩაირთო მის გონებაში.
- რა მე? - მთელი საღამოს განმავლობაში პირველად ვერ მიუხვდა მამაკაცი.
- გეგმები ხომ არ დაალაგეთ, რა იქნება ბანკეტის შემდეგ? - ერთი ამოსუნთქვით წარმოთქვა.
- როგორი გეგმები? - ირონიული ღიმილის ნიშნად საიმონს პირის მარცხენა კუთხე განზე გაექცა.
ნეილი მიხვდა, რომ მისგან პირდაპირ პასუხს ვერ მიიღებდა, სანამ არ დაუკონკრეტებდა, რა ჰქონდა მხედველობაში. ამას არ აპირებდა. გადაწყვიტა, თვითონ მოეძებნა პასუხი საკუთარ შეკითხვაზე. ჩიხლაძე ნაღები საზოგადოების წარმომადგენელია, თბილისური ელიტის ნაწილი, ვისაც ნეილის თან ხლება დიდად არ სჭირდება. ამიტომაც უნდა არსებობდეს მიზეზი, რის გამოც მაინცდამაინც მისი წაყვანა მოისურვა.
- თქვენ თანმხლებად ისეთი პარტნიორი გჭირდებათ, ვინც ფურორს მოახდენს და…
- თქვენ ლამაზი ხართ და ეს კარგად იცით! - შეაწყვეტინა სიმმა.
ნეილის გული წამით გაიყურსა. უცნაურად. ქათიანური ესიამოვნა? ნუთუ მართლა თვლის სიმონ ჩიხლაძე მას ლამაზად, თუ თავს უქონავს? გოგონამ მამაკაცის ნათქვამი არად ჩააგდო და იმავე ტონით გააგრძელა:
- ლამაზი და წარმოსადეგი ქალი. და კიდევ ისეთი, რომელიც გართულებებს არ შეგიქმნით. ასე არ არის?
მამაკაცმა არ უპასუხა. უბრალოდ, სუსხიანი მზერა ესროლა. ნეილი დარწმუნდა, რომ მიზანში მოარტყა და უფრო დამაჯერებლად გააგრძელა:
- თქვენი სურვილია, იმ ბანკეტზე ლამაზ და წარმოსადეგ ქალთან ერთად გამოჩნდეთ, ისეთთან, ვისაც თავის დაჭერა შეუძლია და იცის, ასეთ ადგილას როგორ მოიქცეს, მაგრამ ამასთან არ გაართულებს სიტუაციას და არ გამოიტანს დასკვნებს, თითქოს თქვენ იგი სხვა ახლობელი ქალებისგან გამოარჩიეთ და მას, ფაქტობრივად, საცოლის სტატუსი მიანიჭეთ.
სიმის პასუხი ცოტათი დამცინავად გაჟღერდა:
- ნუთუ არ მითქვამს თქვენთვის, რომ ცინცხალი გონებით გამოირჩევით?
- ანუ მე მართალი ვარ?
საიმონი არც დაეთანხმა და არც უარუყვია. უბრალოდ, ჰკითხა:
- და საბოლოოდ რა დაასკვენით?
- ჯერ არ ვიცი, - აღიარა ნეილმა.
- ვიმედოვნებ, თქვენი დასკვნა მთლად დრამატული ხასიათის არ იქნება. - თქვა მან, მერე კი ერთობ თავაზიანად და მშვიდად დაამატა, - წავედით.
"გასცა ბრძანება!" - გაღიზიანებულმა გაიფიქრა ნეილმა. არანაირი სურვილი არ გასჩენია, კიდევ ეთქვა რამე, უსიტყვოდ მიჰყვა უკან.
როცა კორპუსთან მივიდნენ და სიმონმა მანქანა გააჩერა, ნეილმა თავი მიაბრუნა მისკენ, რათა დამშვიდობებოდა და საღამოს გამო მადლობა ეთქვა. მამაკაცი კი ისე გადმოიხარა, თითქოს საკოცნელად იწევსო. აქ კი უღალატა გოგონას თავაზიანობის გამოხატვის ნებისმიერმა ფორმამ.
- არც კი გაბედოთ! - აფეთქდა უცებ, მანქანიდან გადახტა და უკან საიმონის სიცილნარევი ხმაც მიჰყვა:
- მე მხოლოდ მანქანის კარი მინდოდა გამეღო!
ნეილმა საშინლად გაწბილებულად იგრძნო თავი. რა შტერულად გამოუვიდა. საიდან დაასკვნა, რომ ჩიხლაძეს მისი კოცნა ჰქონდა ჩაფიქრებული? ახლა როგორღა დამშვიდობებოდა?
- შაბათს შვიდის ნახევარზე ჩემთან იყავით! - გასცა მორიგი ბრძანება სიმმა, თან ისეთი ტონით, უარის თქმა არ გაბედოო და კარი მოიხურა.
რა სიამოვნებით გაარტყამდა ახლა ამ თვითკმაყოფილ იდიოტს და ფიზიონომიას გაულამაზებდა! ეჰ, ვინ მისცემდა ამის უფლებას!..
როცა სახლში შევიდა, გოგოებს უკვე ეძინათ, ამიტომ არც გაუგიათ ნეილის დაბრუნება. ისე არ უნდოდა ახლა რომელიმესთან საუბარი, რომ ფეხაკრეფით შეიპარა საძინებელში და ლიზას ფრთხილად მიუწვა.
დილით ადრე ადგა, რათა სამსახურში წასვლის წინ წყლის გადავლება მოესწრო. წუხელ არ ისარგებლა სააბაზანოთი იმის შიშით, გოგოები არ გავაღვიძო და კითხვები არ დამაყარონო. არც ახლა უნდოდა ვინმესთან დალაპარაკება, ამიტომ მანამ გავიდა სახლიდან, სანამ რომელიმე ადგებოდა. ასე ადრე პირველად მიდიოდა სამსახურში.
თუმცა საღამოს დაკითხვა მაინც არ ასცდა. იცოდა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ახლა ამისთვის მზად იყო. შეძლებისდაგვარად დამშვიდდა და წუხანდელი საღამო ასე თუ ისე გადახარშა.
დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ხელოსანს დაურეკა, შეხვდა და თავისი მანქანა ავტოსალონში წააყვანინა. რემონტის თანხაზეც შეთანხმდნენ. ორ-სამ დღეში მზად იქნებაო, ხელოსანმა უთხრა. ამან ცოტა შვება აგრძნობინა, რაღაც მაინც ხდება კარგიო და სახლისკენ გაეშურა. ბინის კარი რომ შეაღო, პირდაპირ სადღაც წასასვლელად გამზადებულ ლიზის შეეჩეხა.
- ჰა, როგორ ჩაიარა წუხანდელმა ვახშამმა? - დაინტერესდა დაქალი.
- მოლაპარაკებებმა მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, - ცალყბად გაუღიმა ნეილმა.
ლიზას მეტი არაფერი უკითხავს, მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა მეგობარს და კარი გაიხურა.
ხუთშაბათს ავტოსერვისში დარეკა იმის გასაგებად, რა მდგომარეობაში იყო მისი მანქანა.
- ხვალ შეგიძლიათ მოაკითხოთ, - ახარა ხელოსანმა, - ოთხის მერე მოდით და ჩაიბარეთ.
- ვაიმე, როგორ გამახარეთ! - ლამის იყვირა ნეილმა და მობილური გათიშა.
მთელი ძალისხმევით გააგრძელა მუშაობა. ოფისში გვიანობამდე დარჩა, რადგან პარასკევს ადრე უნდოდა წამოსულიყო, ავტოსერვისშიც უნდა შეევლო და ბანკეტისთვისაც მომზადებულიყო. შაბათი ხომ ულმობლად ახლოვდებოდა.
პარასკევ დილით იმ იმედით გავიდა სახლიდან, იქნებ დღის განმავლობაში სიმონმა დამირეკოს და მითხრას, ბანკეტი გადაიდოო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ოთხი საათისთვის ავტოსალონს მიაკითხა მანქანის წამოსაყვანად. გონებიდან წამითაც არ შორდებოდა აზრი იმის შესახებ, როგორ უბრძანა ჩიხლაძემ, შაბათს შვიდის ნახევარზე ჩემთან იყავიო. მას არ უთქვამს, მე გამოგივლიო, რაც კარგი იყო. სულაც არ სურდა გოგონებს მასზე ეჭორავათ. გარდა ამისა, ნია ოდნავ დამშვიდდა და მისი განერვიულებაც არ უნდოდა. ვინ იცის, რა დაემართებოდა სიმონის ხელახლა დანახვისას.
ავტოსერვისში შესვლისთანავე მოჰკრა თვალი თავის მანქანას. სანამ ხელოსანი ვიღაცას მობილურით ესაუბრებოდა, მანქანასთან მივიდა და ადგილზე გაშეშდა. მისი ავტომობილი თავიდან ბოლომდე გაკეთებული იყო, ერთი ზადიც არ ჰქონდა!
კი მაგრამ, ამ კაცს რაღა მოელანდა? ხომ უთხრა, კარი, უბრალოდ, გამისწორე, შეღებვა არ უნდაო? ან ეს წინა მხარე… ეჩვენება თუ მართლა გამოცვლილია? ერთი ნაკაწრიც კი არსად ჩანს. ავარიის არანაირი კვალი. არც წინიდან, არც გვერდიდან! არადა, იმ დღეს რომ შეხედა, გული შეუღონდა. ღმერთო, ამის ფულს ხომ ვერ გადაიხდის! რა უნდა ქნას?
- მე ხომ ამდენი რამე არ მითხოვია? - შესჩივლა ხელოსანს, როცა ეს უკანასკნელი საუბარს მორჩა და ღიმილით მოუახლოვდა.
- ბატონო?! - გაოცდა კაცი.
- "კრილოც" გამოგიცვლიათ, კარიც შეგიღებავთ, კიდევ ეს… ვინ შეგეხვეწათ? ხომ გითხარით, ბევრის გადახდის თავი რომ არ მქონდა? - დაიწუწუნა გოგონამ. ერთი ჩასუნთქვით ისე მიაყარა წინადადებები ერთმანეთს, ლამის დაიხრჩო.
ხელოსანს გაეღიმა.
- მართალი ხართ, ბოლომდე გავასწორე ყველაფერი, კიდევაც გამოვცვალე, რაც გამოსაცვლელი იყო და კიდევაც გადავღებე. თქვენმა მეგობარმა იმ დღესვე დამირეკა და მითხრა, არაფერი დააკლოო.
- ჩემმა მეგობარმა? ვინ მეგობარმა? - შეცბა ნეილი. ჯერ იფიქრა, ნიამ ხომ არ გამიჩალიჩაო, მაგრამ ისე თქვა ამ კაცმა "თქვენმა მეგობარმაო", აშკარად მამაკაცი იგულისხმა. ან იქნებ ვინმეს მანქანაში შეეშალა და შეცდომით ნეილის მანქანა გააკეთა? ესღა აკლდა, რა.
ის კი გახარებული უხსნიდა:
- თქვენმა მეგობარმა, სიმონ ჩიხლაძემ. მან პირადად დამირეკა და მთხოვა.
- ბატონმა სიმონმა ჩემი მანქანის გულისთვის დაგირეკათ? - ნეილის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
- კი ბატონო. შეხედეთ, "კაპოტიც" კი ახალივითაა. რაც მითხრა, ის გავაკეთე. აბა, შეხედეთ!
ნეილმა ვერაფერიც ვერ გაიგო. რატომ, რისთვის, რა საჭირო იყო? ვინ სთხოვა ჩიხლაძეს, მისი მანქანის რემონტი გაეკონტროლებინა? რა, სამაგიეროს უხდის? სადა აქვს ნეილს ამდენი ფული? ხომ ელაპარაკა ამაზე იმ საღამოს! კი, ნამდვილად ელაპარაკა! როგორ გაბედა მის საქმეში ასე თავხედურად ჩარევა?
- მაგრამ მე ასეთი რემონტის გადასახდელი თანხა რომ არა მაქვს, თუ იცით თქვენ? - უხეშად მიმართა ხელოსანს.
- ნუ დარდობთ, ქალბატონო! ბატონმა სიმონმა მითხრა, შენ ამაზე არ ინერვიულო, რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთე, თან რაც შეიძლება მალეო.
თავხედი! ერთი გემრიელი წიხლი უნდა ჩააზილოს კაცმა ფერდებში! რას მოუხდებოდა?!
ამას კი ფიქრობდა გაცოფებული, მაგრამ გარეგნულად მშვიდად ეჭირა თავი.
ხელოსანი კი არ ჩერდებოდა:
- ამ დილით დავურეკე, რათა მეთქვა, მანქანა მზადაა-მეთქი და თანხაზეც მოვლაპარაკებოდი. თავისი თანაშემწე გამოგზავნა და ფულიც გამოატანა. ასე რომ, ყველაფერი გადახდილია, არ იღელვოთ. გასაღები შიგნითაა ჩატოვებული. შეგიძლიათ წაიყვანოთ.
ნეილი დამბლადაცემულივით იდგა. ხმის ამოღება ვერ შეძლო, ისე გაუჭირდა ამოსუნთქვა. მადლობის ნიშნად ხელოსანს თავი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა…
ისე წამოვიდა, არც უკითხავს, რა დაჯდა მანქანის რემონტი. არც არასდროს იკითხავს. ჯერ ერთი, მას არ უთხოვია არავისთვის, კაპიტალურად გამირემონტეთო. მეორეც, რამდენიც უნდა გადაეხადა ჩიხლაძეს, ნეილი მას მაინც ვერ გაუსწორდებოდა.
მანქანა კორპუსთან დააყენა და სადარბაზოში შევიდა. ბინა ცარიელი დახვდა. გოგოები ჯერ არ მოსულიყვნენ. ის იყო ჩაიდანი დაადგა გაზქურაზე, რომ ნია მოვიდა.
- მანქანა გამოგიყვანია! - შესძახა გოგონამ, - სულ ახალივითაა! ალბათ საშინლად ძვირი დაგიჯდა, არა?
რა უნდა ეპასუხა? ძლივს თვალებში გამოიხედა ამ გოგომ და ისევ ხომ არ გაანერვიულებდა?
- არც ისე, - ძალად გაუღიმა.
- მე ცოტ-ცოტას მოგცემ ყოველ ხელფასზე. ხომ იცი, ჩემმა მენეჯერმა სამსახურში დამაბრუნა, - თქვა ნიამ და თვალები აუწყლიანდა.
- არ გინდა. ნაცნობმა ძალიან იაფად გამიკეთა, ამიტომ ბევრი არ გადამიხდია და ნუ იდანაშულებ თავს, ძალიან გთხოვ, კარგი? - ანუგეშა მეგობარი, რათა ისევ არ ატირებულიყო, - ჩაის დალევ? ყავა შენთვის ჯერ არ შეიძლება, - დაამატა და ახლა უკვე გულწრფელად გაუღიმა.
- როგორ შემაშინა იმ ღამეს იმ კაცმა, - ამოიოხრა ნიამ, როცა ჩაის სმას შეუდგა, - დღემდე მზაფრავს მისი გახსენება.
- სულაც არ ყოფილა ცუდი კაცი. ველაპარაკე, იცი? ძალიან თავაზიანი ვინმეა. იმ ღამეს გაგიჟდებოდა, აბა რა, როცა მოულოდნელად ვიღაც დაგეჯახება… ახლა ყველაფერი ჩავლილია, ამიტომ დაივიწყე. მორჩა შენი ცუდი სიზმარი, - დაუყვავა ნეილმა და გოგონას მკლავზე თითები მზრუნველად ჩამოუსვა.
რაც უფრო ახლოვდებოდა შაბათი, მით უფრო იძაბებოდა ნეილი, უფრო და უფრო ნერვიულობდა. ბოლოს, რომ ვეღარ მოითმინა, პარასკევ საღამოს ტუალეტში შეიკეტა და სიმონს დაურეკა, მაგრამ მან არ უპასუხა. როგორც ჩანს, მორიგ ქალთან პაემანი აქვსო, გაიფიქრა გოგონამ და დაღონებული გამოვიდა საპირფარეშოდან.
როგორ არ უნდოდა ბანკეტზე წასვლა. რა ესაქმებოდა იქ, სრულიად უცხო გარემოში, სრულიად უცხო ადამიანებთან? თოჯინასავით ეფახულებინა თვალები და საიმონის ჯოკრის როლი შეესრულებინა? ხომ აშკარაა, რომ ნეილი მას სამარიაჟოდ მიჰყავს, რათა მორიგი ლამაზი გოგოთი თავი მოიწონოს.
დაღონებული ჩაწვა საწოლში. არანაირი ფული არ უღირდა ამად და სხვა დროს არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა არავის ბანკეტზე თანხლებას, მილიონიც რომ შემოეთავაზებინათ, მაგრამ ახლა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ვალი ასე უნდა გაესტუმრებინა.
შაბათს ადრე გაეღვიძა, მაგრამ სანამ ყველა არ ადგა, არ განძრეულა. ყველაზე ბოლოს გამოძვრა თბილი ლოგინიდან და ჯერ სააბაზანოს მიაშურა, მერე სამზარეულოს. გოგონები მაგიდას უსხდნენ და ყავას აგემოვნებდნენ. თვითონაც გაიმზადა ერთი ფინჯანი და მეგობრებს შეუერთდა.
- საღამოს რა გეგმები გაქვს? - შეეკითხა ლიზი.
- რატომ, რა იყო? - შეკითხვის არიდება სცადა ნეილმა.
- წავსულიყავით სადმე ერთად, ერთხელ არსად არ ვყოფილვართ, - ლიკამ ნამცხვარი ჩაკბიჩა.
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ ამ საღამოს ბანკეტზე მივდივარ, - გამოაცხადა.
- იმ ნაცნობთან ხომ არა, ორშაბათს რომ შეხვდი? - მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა ლიზიმ და ორაზროვნად გაუღიმა.
- ჰო. შემთხვევით მოხდა ასე და უარი ვერ ვთქვი, - თავი იმართლა და უეცრად იგრძნო, რომ წითლდებოდა. ბოლო დღეების გადაღლილობას თუ დაძაბულობას დააბრალა ეს გაწითლება.
- ბოლოს რომ გავწითლდი, მგონი, 16 წლის ვიყავი, - გაიცინა ლიკამ და ლიზის თვალების ბრიალიც დაიმსახურა თავისი უტაქტობის გამო.
- ჩვენ ეს სულაც არ გვიკვირს, - უკბინა ლიკას ნიამ.
- მართლა? გეტყობა, რომ თვალებში გამოიხედე! - ღვარძლიანად შენიშნა ლიკამ, - რა, უკვე კარგად ხარ? გამოკეთდი და სარკაზმის ხასიათზე დადექი?
- უკაცრავად. საწყენად არ მითქვამს.
- მერედა ვინ გითხრა, რომ მეწყინა? პირიქით, მიხარია, რომ ნელ-ნელა ადამიანს ემსგავსები, - ნაწყენი ტონით მიუგო გოგონამ და ნეილს მიუტრიალდა, - კარგი, ბატონო, გასაგებია, რომ არ გინდა გვითხრა, რა ჰქვია შენს "პაკლონიკს" და ის მაინც გვითხარი, რას იცვამ.
ნეილმა თვითონაც არ იცოდა, რა ჩაეცვა. რამდენიმე კარგი კაბა კი ჰქონდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, რომელი აერჩია. აი, ახლა კი გამოადგებოდა დაქალების რჩევა.
- არ ვიცი ჯერ. იქნებ თქვენ მირჩიოთ?
- მე ვიცი, რომელიც! - წამოიძახა ნიამ, - აი, მონაცრისფრო-მომწვანო ფერის კაბა რომ გაქვს, ის ჩაიცვი. ისე გიხდება, ზედ გაკვდება.
- გეთანხმები, - აჰყვა ლიზაც, - ეგ კაბა მეც მაგრად მომწონს.
ნეილმა ლიკას გადახედა.
- შენ რას მირჩევ, ლიკუნა?
- მეც მაგას! - მოკლედ მოჭრა ლიკამ, ჯერ არ განელებოდა ნიას რეპლიკის სიბრაზე.
- მიდი, აბა, ჩაიცვი, ერთხელაც შევაფასოთ. - შეაგულიანა ნიამ.
ნეილს დიდად არ ეხალისებოდა ამწუთას საღამოს კაბის ჩაცმა, მაგრამ გოგოებს ხათრი ვერ გაუტეხა.
გავიდა და რამდენიმე წუთში არჩეული სამოსით გამოცხადდა.
- ნამდვილი შიკია! - შესძახა ნიამ.
- ბრწყინვალეა, როგორ გიხდება! - დაუდასტურა ლიზამ.
- აჰააა, - უინტერესოდ დაეთანხმა მეგობრებს ლიკა და მორჩენილი ნამცხვარი მთლიანად ჩაიტენა პირში.
- ა, შეხედეთ! - ხელი მისკენ გაიშვირა ნიამ, - მერე დაიწუწუნებს, ნეტავ რატომ ვსუქდებიო!
- შენ არავინ გეკითხება, მე რას დავიწუწუნებ! - აყვირდა პირგამოტენილი ლიკა და როცა ნამცხვრის ნამცეცები გასცვივდა პირიდან, ხელი აიფარა და სამზარეულოდან გავარდა.
- ეგ ჩაიცვი, ნეილ, მაგარ ფორმაში იქნები. მე კიდევ ჩემს ჩანთას გათხოვებ, ძაან მოუხდება.
- არა, არ მინ…
- არ დამიწყო ახლა, მინდა-არმინდა! სულ ახალია, ერთი თვის წინ გამოვიწერე და ჯერ არც მჭერია. ნუ, თითქმის არ მჭერია.
- მეც მაქვს საღამოს ჩანთა, ნია, დიდი მადლობა.
- მაგრამ ეს უფრო მოუხდება. თან გამიხარდება. ერთგვარად დანაშაულის გამოსყიდვისმაგვარი იქნება ჩემთვის.
- კარგი რა, მაგაზე უკვე ხომ ვილაპარაკეთ, რატომ ახსენებ წარამარა მაგ ამბავს? - უსაყვედურა ნეილმა, მაგრამ როგორც კი ნიას სახე შეეცვალა მის შენიშვნაზე, იმწამსვე დაამატა, - კარგი, მოიტანე, თანახმა ვარ.
ნია ჩანთის მოსატანად გავიდა.
- ეს ბადრიმ რომ აჩუქა, ის ჩანთა არაა? - გადაუჩურჩულა ნეილმა ლიზის.
- ჰო, მაგრამ არ ამბობს. არ უნდა, რომ ლიკამ გაიგოს.
- და ამიტომაც ამბობს, გამოვიწერეო?
ლიზიმ თავი დაუქნია.
- უარი არ უთხრა, გთხოვ. მართლა გაუხარდება, თუ მაგ ჩანთას დაიჭერ, რაღაცით კომპენსირებულად იგრძნობს თავს.
- მეც მივხვდი და ამიტომ არ ვუთხარი უარი.
- აბაა! როგორია? - ნია ჩანთის ქნევა-ქნევით შემოვიდა.
პატარა ნაცრისფერი ჩანთა იყო, კაბას მართლა მოუხდა.
- ულამაზესია. მადლობა, ნია! - ნეილმა ლოყაზე აკოცა.
- ძაან გამახარებ, თუ გამოიყენებ, - ნიამაც აკოცა.
საღამოსთვის ნეილი საგანგებოდ გამოიპრანჭა. თავისი ჩანთიდან ამოიღო სარკე, ერთჯერადი ცხვირსახოცის პაკეტი, საფულე, კონვერტი, პომადა, ტუში, სუნამოს პატარა ფლაკონი, მობილური და ნიას ჩანთაში გადადო. ახლა უკვე მზად იყო წასასვლელად. გოგოების წინ კიდევ ერთხელ დატრიალდა, მათი მხურვალე კომპლიმენტებიც შეისრუტა და კიბეზე დაეშვა.
საიმონის სახლამდე თავისი მანქანით მივიდა. ღელავდა. გრძნობდა, როგორ უდუღდა შიგნიდან ყველაფერი, თან იმაზე ფიქრით იმტვრევდა თავს, რისთვის დასჭირდა სიმონს ბანკეტზე მისი ხლება.
მანქანა ჭიშკართან დააყენა და ეზოში შესული პარმაღს მიადგა.
- მობრძანდით, ქალბატონო ნეილ, - შეეგება დაცვის ბიჭი.
ნეილს გაუკვირდა, "დაცვამ" მისი სახელი რომ იცოდა.
- მაღლა არ ავალ. უთხარით ბატონ საიმონს, რომ აქ ვარ. თუ არ შეწუხდებით, რა თქმა უნდა.
- აგერ დაბრძანდით. ახლავე ავალ, - ბიჭმა ნეილი ჰოლში შეიყვანა და სავარძელზე მიუთითა.
გოგონა დაჯდა, თან მაქსიმალურად ცდილობდა, შინაგან ღელვას გამკლავებოდა. არადა, ამწუთას რომ მოდუნებულიყო, საკუთარი კბილების კაწკაწს გაიგონებდა.
ცოტა ხანში ზემოდან ნაბიჯების ხმა მოისმა. უხალისოდ მიატრიალა თავი კიბისკენ.
ღმერთო! უცებ რა მამაკაცი გაეჩითა! მახინჯ კაცად თვლიდა და თურმე რა სიმპათიური ყოფილა!
- საღამო მშვიდობისა, ნეილ! - სიმი მიუახლოვდა. შავ კოსტიუმსა და თეთრ პერანგში მართლაც იმპოზანტურად გამოიყურებოდა.
- საღამო მშვიდობისა, - მიესალმა გოგონაც და სავარძლიდან წამოდგა, - ჩემი მანქანით მოვედი, მაგრამ…
- რა პრობლემაა? ბენო შემოიყვანს და აქვე დააყენებს, ეზოში, ოღონდ გასაღები მომეცი.
ნეილმა ნიას ჩანთა გახსნა და გასაღები ამოიღო. ერთიანად აჭარხლებულმა გაუწოდა იგი მამაკაცს.
საიმონმა ბენოს რაღაც უთხრა და გასაღები ხელში მიაჩეჩა. დაცვის ბიჭმა თავი დაუქნია და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
სიმონმა ნეილი წინ გაატარა და თავის მანქანას მიაშურა.
- ეს ის მანქანაა? - მოულოდნელად ხმამაღლა წამოსცდა ნეილს.
- არა, მაგრამ მარკა იგივეა.
- მართლა?
- ჰო, მართლა. რატომ უნდა შევცვალოთ საკუთარი ჩვევები ან ცხოვრების წესი? _ შენიშნა მამაკაცმა, როცა ნეილს წინა სალონის კარი გაუღო, - ვიხუმრე, ის მანქანაა, ოღონდ უკვე გარემონტებული.
- უფულობას არასდროს შეუწუხებიხართ? - დაინტერესდა გოგონა, - მისი დეფიციტი არ გქონიათ?
- ეს თქვენმა მეგობარმა ლიზამ გითხრათ? ჟურნალისტთან რომ დაქალობს?
- არა, რას ამბობთ! ჩვენ თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ არასდროს გვისაუბრია. - ცივად უპასუხა ნეილმა.
სიმონის შეკითხვა ისე გაჟღერდა, თითქოს ნეილი სხვისი ქონების მიტაცებაზე იყო დახარბებული.
- აბა, რაზე ისაუბრეთ? მხოლოდ იმაზე, რომ უცოლო ვარ და სასურველი სასიძო? - გაიცინა სიმმა.
აჰა, ეს კაცი ახლა იმასაც დააბრალებს, რომ ნეილს არა მხოლოდ მისი ქონება, არამედ მისი მიტაცებაც სურს!
- ჩემი გადმოსახედიდან, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჯერ კიდევ უცოლო ხართ, - კბენას კბენით უპასუხა ნეილმა იმ იმედით, რომ ამის შემდეგ სიმონი მთელი გზა კრინტს არ დაძრავდა, მაგრამ რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა მამაკაცს მოულოდნელად სიცილი აუტყდა.
ნეილს ვარაუდი გაუწბილდა. მისმა სარკასტულმა ნათქვამმა პირიქით, გაამხიარულა ეს თავხედი!
- ჰო, მართლა, როგორ არის თქვენი ბინის თანადაქალი? - შეეკითხა უეცრად და იქვე განმარტა, - ის, ისტერიკა რომ მომიწყო.
- შედარებით უკეთ. წამლებს სვამს, - მიუგო ნეილმა და ნაჩქარევად დაამატა, - თუმცა არც ისე კარგად, რომ მსგავს უსიამოვნებებს კიდევ ერთხელ გაუმკლავდეს.
- მე თქვენ კაციჭამია გგონივართ? კანიბალი?
- არა აქვს მნიშვნელობა, მე ვინ მგონიხართ, - მიუგო ნეილმა და უნებურად ორივეს გაეცინა.
- არ მითქვამს, რომ მომაჯადოებლად გამოიყურებით? - ჰკითხა სიმონმა კარგა მანძილის გავლის შემდეგ, როცა სიჩუმე აუტანელი გახდა.
ნეილს გონებაში რამდენიმე სავარაუდო პასუხი ამოუტივტივდა, მაგრამ საიმონ ჩიხლაძისთვის ყველაზე მოულოდნელი შეარჩია:
- თქვენთვის სპეციალურად შევეცადე, - ჩაიდუდუნა და მამაკაცს ალმაცერად გახედა.
სიმონს ტუჩები ოდნავ შეერხა, როგორც ჩანს, ღიმილის ჩახშობას შეეცადა.
- წუხელ თქვენთან დარეკვა ვცადე და არ მიპასუხეთ.
- რატომ მირეკავდით, უარის სათქმელად? - გამოხედა მამაკაცმა.
განა გაბედავდა უარის თქმას? ნეილი ვალში იყო მის წინაშე. ყურებამდე ვალში.
- თქვენ ავტოსერვისში დაგირეკავთ, - თითქოს ბრალს სდებდა, ისეთი ტონით წამოიწყო გოგონამ და როგორც კი შუქნიშანზე სიმმა მანქანა შეაჩერა, ჩანთიდან საგანგებოდ კონვერტში ჩადებული ფული ამოიღო, - აქ ჩემი მანქანის სარემონტო თანხაა. მთლიანად არა, მხოლოდ ნაწილი. როგორც მაშინ გითხარით, მის სრულად გარემონტებას არ ვაპირებდი. დანარჩენსაც ნელ-ნელა გადაგიხ…
- თქვენ ამის საშუალება არ გაქვთ, - შეაწყვეტინა საიმონმა და ლამაზ ცისფერ თვალებში ჩახედა.
- არა! მაქვს. - ჯიქურ მიუგო ნეილმა და უცებ იგრძნო, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა. თავი მიაბრუნა, ფანჯარა ჩამოსწია და სახე საღამოს გრილ ნიავს მიუშვირა.
შუქნიშანზე მწვანე აინთო და ნეილს გაუხარდა, მანქანა რომ დაიძრა. ახლა მას საუბრის გაგრძელების მცირეოდენი სურვილიც არ ჰქონდა და არც კაცს შეუწუხებია თავი ლაყბობით. ასე დამდურებულებივით მიადგნენ სახლს, რომელიც ეზოიანად გაჩახჩახებული იყო. ქუჩის გასწვრივ უამრავი მანქანა იდგა ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული. სულ ცოტა, ასი სტუმარი მაინც იქნებოდა ამ ბანკეტზე. ჯანდაბა!
სიმონმა ძლივს მიაგნო ცარიელ ადგილს, რათა თავისი `ბმვ~ ჩაეყენებინა. მერე სწრაფად გადავიდა, ნეილის მხარეს მიაშურა და კარი გამოაღო.
- ყველაფერი რიგზეა? - დაინტერესდა იგი, როცა გოგონას მანქანიდან გადმოსასვლელად ხელი გაუწოდა.
- ყველაფერი შესანიშნავადაა, - უპასუხა ნეილმა და არ გაუპროტესტებია, როცა საიმონმა ხელკავი გამოსდო და ეზოში შეიყვანა. ჩიხლაძე თავაზიანი ღიმილით ესალმებოდა ყველას, ვინც გზადაგზა ხვდებოდა.
რამინ სხირტლაძე ერთობ მომხიბვლელი მამაკაცი აღმოჩნდა. დაახლოებით სამოცი წლის იქნებოდა, გამხდარი, ჭაღარა და მკვირცხლი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ბევრად უმცროსი ჩანდა ქმარზე, სადღაც ოცი-ოცდაათი წლით მაინც, რამაც ნეილი ძალზე გააკვირვა. ასეთ ახალგაზრდა ქალს ამ ხნის კაცი რამ შეაყვარაო. საოცრად ლამაზი შავგვრემანი მედეა თბილად შეხვდა სიმს და ნეილსაც მიესალმა. სიმონმა ორივეს მიულოცა საიუბილეო თარიღი, ეს ერთი და სხვა მრავალიო, დაამატა და ბიზნესპარტნიორს ხუმრობით მხარზე მსუბუქად დაჰკრა მუშტი.
- სად გიპოვათ ამ იღბლიანმა? - რამინი ნეილისკენ დაიხარა და ხმადაბლა გადაულაპარაკა.
იმწამსვე მიხვდა გოგონა, რატომაც შეუყვარდა ლამაზ შავგვრემან მედეას ქმარი.
სანამ გოგონა მოიფიქრებდა, რა ეპასუხა მასპინძლისთვის, საიმონის ხმა გაისმა:
- როგორც იტყვიან ხოლმე, ჩვენი გზები გადაიკვეთა.
- დამაინტრიგებელი სიტუაციაა, - გამოაცხადა მედეამ და სიმონს გაუღიმა, - დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ?
- საკმაოდ. იმდენად დიდი ხანი, რომ უკვე შევისწავლე ნეილის ხასიათი, მიდრეკილებები და ახირებებიც კი, - მიუგო საიმონმა და სანამ მედეა ფარული ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ნეილს, გააგრძელა, - აი, მაგალითად, ამწუთას, ნამდვილად ვიცი, რომ მას ცეკვა სწყურია.
არადა, სულაც არ იყო ასე!
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: