ოთხშაბათ დილით ადრე ადგა. ყველანაირად ცდილობდა, ამ მგზავრობისთვის ისე შეეხედა, როგორც შვებულებისთვის და არა როგორც დროის იძულებით გატარებისთვის. თუმცა დარწმუნებული იყო, რომ საბერძნეთიდან დაბრუნებისას ყელში ექნებოდა ამოსული საიმონ ჩიხლაძე და მისი აკვიატებები.
სიმონის სახლამდე ტაქსით მივიდა. სულაც არ სურდა, კუნძულიდან დაბრუნებული ისევ მის სახლში აღმოჩენილიყო თავისი მანქანის წამოსაყვანად. ასე რომ, აეროპორტიდან პირდაპირ ტაქსით დაბრუნდებოდა შინ.
კარი არა ბენომ, არამედ სრულიად სხვა ბიჭმა გაუღო. იმ დღეს, სავარადოდ, სხვა მორიგეობდა.
ნეილი ეზოში არ შევიდა. თავისი სამგზავრო ჩანთა გორგოლაჭებით ფეხებთან დაიდგა და დაცვას მიაჩერდა.
- თუ არ შეწუხდებით, გადაეცით ბატონ საიმონს, რომ ველოდები.
ბიჭმა თავი დაუქნია და გაუჩინარდა.
სიმმა დიდხანს არ ალოდინა. ის გოგონაზე უფრო დიდი სამგზავრო ჩემოდნით გამოჩნდა, მხარზე კი ტყავის ჩანთა გადაეკიდა.
- დილა მშვიდობისა, ნეილ, - მიესალმა მამაკაცი და ლოყაზე აკოცა.
- გეყოფა! - გაღიზიანდა გოგონა.
- საყვარელი ბავშვი, - ჩაიცინა სიმმა და სანამ ნეილი იმაზე ფიქრობდა, მართლა ხომ არ გადააჭარბაო, მამაკაცმა გააგრძელა, - შენს მანქანას ახლავე ავტოფარეხში…
- ტაქსით მოვედი, არ შეწუხდე! - ნიშნის მოგებით გამოუცხადა.
წუთიც და ორივენი აეროპორტისკენ მიქროდნენ ჩიხლაძის მანქანით…
მედეას თავი მშვიდად ეჭირა. თითქოს მეგობრულად შეხვდა ნეილს, ოღონდ იოტისოდენა სითბო არ გამოუმჟღავნებია. რამინი ისეთივე მომხიბვლელი იყო, როგორიც ნეილს იმ საღამოდან ახსოვდა. რა იქნებოდა, სიმიც ასეთი წარმოსადეგი ყოფილიყო? კაცი სამოცი წლისაა და პატარა ბიჭივით გამოიყურება. ნეტავ რამ გადარია მისი ცოლი, როცა გვერდით ამისთანა ქმარი ჰყავს? რა აქვს ისეთი საიმონს, რაც რამინს აკლია? ისე მსუბუქად ურთიერთობდა საიმონი მედეასთან, წამით ეჭვიც კი შეეპარა ნეილს თავის დასკვნებში. იქნებ არ არის მართალი და ტყუილად აბუქებს სიტუაციას? მათ ურთიერთობაში რომანტიკა სულაც არ იგრძნობოდა, თორემ აუცილებლად გამოამჟღავნებდა სიმონი. შეუძლებელია იგი ასეთი ორპირი იყოს. ნუთუ შეეძლო ასეთი პატივისცემით მოპყრობოდა რამინს და ზურგს უკან არაკეთილსინდისიერად მოჰქცეოდა?
ეს ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. ნეილი პირველად ჯდებოდა თვითმფრინავში. ადრე მსგავსი პატივი არ რგებია. ასე რომ, ეს იქნებოდა მისთვის არა მხოლოდ პირველი, არამედ, ალბათ, უკანასკნელი გაფრენა-გამოფრენაც. მას არასდროს ექნება იმხელა შემოსავალი, რომ სადმე თვითმფრინავით გაფრინდეს შვებულების გასატარებლად, თუნდაც ქვეყნის შიგნით…
რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, რაც ძირითადად რეგისტრაციას მოუნდა, თვითმფრინავი ჰაერში აიწია და კურსი საბერძნეთისკენ აიღო.
რაღაცნაირად იყო. არა, კი არ გრძნობდა, რომ ჰაერში იყო გამოკიდებული და სამყაროს ზემოდან დასცქეროდა. უბრალოდ, სრულიად განსხვავებული ემოციებით აღავსო ამ მგზავრობამ. და მაინც…
მაინც სიმსა და მედეაზე ფიქრობდა. თუ ნეილი შეცდა და მათ ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობა არ აქვთ, გამოდის, რომ სიმონს იგი შესანიღბად არ სჭირდება. მაშინ რატომ წამოიყვანა? რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ უბრალოდ, თან იახლოს და სხვებთან თავი მოიწონოს. იქ ხომ მათ გარდა ნაცნობი არავინ იქნება?
სავსებით შესაძლებელია იმიტომ მიჰყავს თან, რომ თავი ეულად არ იგრძნოს. არა ეულად კი არა, "მესამე ზედმეტიას" სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. აი, ეს უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. ნეილს მოეწონა ეს იდეა, მაგრამ მეორე წამს გაახსენდა ბანკეტი, როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში სიმი და მედიკო, გაახსენდა მისი ხელი საიმონის მკლავზე, მისი სიყვარულით სავსე მზერა, სიახლოვის სხვა შეგრძნება… თანაც, რა დიასახლისურად დატოვა მეორე დღეს მედეამ მამაკაცის სახლი, როცა ნეილი მასთან ჩანთის წამოსაღებად მივიდა.
დაიღალა. თავი გაუბრუვდა ამაზე ფიქრით. აღარ იცოდა, რა დაეჯერებინა. ისღა დარჩენოდა, ფრთხილად ყოფილიყო. რამინი იმდენად კარგი ადამიანი ჩანდა, ნეილი ვერ დაუშვებდა, სიმსა და მედეას თვალებში ნაცარი შეეყარათ მისთვის.
საბერძნეთი შესანიშნავი ამინდით დახვდა ახალჩამოსულებს. მზე თითქოს ესალმებოდა ოთხივეს, ისე ციალებდა.
- მოდი, ჯერ ვჭამოთ რამე და კოუფონოსიაში მერე წავიდეთ, - წამოაყენა წინადადება რამინმა. ის იმდენად ამაღლებულ განწყობაზე იყო და ისეთი ბედნიერი ჩანდა, რომ ნეილის აზრით, ჯერაც ვერ ხვდებოდა, რამხელა ბზარი გაუჩნდა მის ქორწინებას.
- სიამოვნებით, ძვირფასო, - მხარი დაუჭირა მედეამ.
- ნეილ? - სიმი გოგონას მიუბრუნდა.
- არ არის ცუდი იდეა, - მიუგო მან. მოეწონა საიმონის თავაზიანობა.
საუზმემ მშვიდად ჩაიარა. მერე სანაპიროზე გაისეირნეს წყვილ-წყვილად და ნეილმა აღმოაჩინა, რომ მას სიამოვნებდა სიმთან მარტო სეირნობა. თვითონ წინ მიდიოდნენ, მედეა და რამინი კი უკან მიჰყვებოდნენ.
მაგრამ უეცრად თითქოს ელექტროდენმა დაუარა, ნამდვილი შოკი მიიღო, როცა სიმმა ხელი ჩაჰკიდა და მისი თითები თავის ხელისგულში მოიმწყვდია.
ჰო, ამან ერთიანად დაშალა, ელეთმელეთი დამართა. მაგრამ ზრდილობა გამოიჩინა, გარეგნულად არაფერი შეიმჩნია და დემონსტრაციულად არ გამოსტაცა მამაკაცს ხელი, თუმცა სხვა გზა იპოვა, რათა საიმონს მისთვის ხელი შეეშვა.
- რა ხდება, საიმონ? - თამამად ჰკითხა, - გეშინია არ დაიკარგო?
მისი რეაქცია სრულიად მოულოდნელი იყო - მამაკაცმა გაიცინა.
- ოხ, ნეილ, ნეილ! - ჩაილაპარაკა და გოგონას თითები ტუჩებთან მიიტანა, მერე კი… აკოცა.
ნეილი ხელის გათავისუფლებას შეეცადა და მამაკაცმაც დაუთმო.
მისდა უნებურად, გოგონას გაცინება მოუნდა, მაგრამ შეეცადა თავი შეეკავებინა. სიმს არ გამორჩენია, როგორ ცდილობდა ნეილი თავის შეკავებას და მხიარული შეძახილით გაამხნევა:
- მიდი, გაიცინე, გალაღდი, თამამად ცოტა, შენ ხომ დასასვენებლად ჩამოხვედი აქ!
მანაც ამჯერად თავისუფლად გაიცინა და თავი მიაბრუნა.
- კოუფონოსიაში ორი კუნძულია, - უხსნიდა კატარღაზე საიმონი ნეილს, - ანო და კატო. ანო ზემო კუნძულია, კატო კი ქვემო. ისინი ერთმანეთისგან 200-მეტრიანი საზღვაო არხითაა გამოყოფილი. კატოზე ბევრი ტურისტია, ოღონდ სადაც რამინის ვილაა, იქ ცოტა ხალხია, რადგან ცუდი გზებია და მანქანას იშვიათად თუ შეხვდები.
- სხვათა შორის, აქ ხშირად ხუმრობენ, - ჩაერთო მათ საუბარში რამინი, - კატოში კატარღები უფრო მეტია, ვიდრე ადამიანებიო, მაგრამ ზღაპრული ადგილია, სიმყუროვე და სიმშვიდე.
თუმცა ნაპირზე მაინც დახვდათ მანქანა, რომელმაც ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული და დანჯღრეული გზებით ისინი ვილისკენ გაამგზავრა.
კუნძული მართლაც იდილიური აღმოჩნდა, ამაში საიმონი არ შემცდარა. თავზემოთ კრიალა ცისფერი ცა, ღვთაებრივი სითბო და მწვანე ტყით დაფარული ბორცვები, რომლის საპირისპიროდ ზღვა უკიდეგანოდ გადაჭიმულიყო. ეგეოსის ზღვა! და რაც მთავარია, სამარისებური სიჩუმე და სიმშვიდე!
უცნაურია, რომ მხოლოდ ახლა გაუჩნდა კითხვა - ნეტავ ბოლოს როდის დაისვენა სიმონმა? ის ხომ ძალიან ბევრს მუშაობს. ახლა კი დასვენება დაიმსახურა. ო, ღმერთო! რა აზრები აწუხებს! სასწრაფო შეწყვიტა ფიქრი. მის თავში აშკარად რაღაც ხდებოდა, რაღაც ძალიან უჭირდა მის გონებას. ლიზის თუ დაეჯერება, საიმონი ისევე ერთობა, როგორც მუშაობსო. ჰო, სიტყვასიტყვით ასე უთხრა ნეილს.
ნახევარ საათში მიადგნენ დანიშნულების ადგილს. ვილა ძალზე ლამაზი და დიდი იყო, თეთრი კედლებით და წითელი სახურავით. თავისი უამრავი აივნით სასტუმროს ჰგავდა. და, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა თითქმის ჭიშკართან იყო, ეზოში ლაჟვარდისფერი საცურაო აუზი შენიშნა. აი, მესმის ფუფუნება! - აღტაცება ვერ დამალა გულში ნეილმა, თუმცა ხმამაღალი კომენტარისგან თავი შეიკავა.
შინამოსამსახურე, რომელსაც ტიმონა ერქვა, მთლიანად შავებში იყო ჩაცმული, თუმცა სახეზე მზიანი ღიმილი დასთამაშებდა. თვითონ ცუდად საუბრობდა ინგლისურად, სამაგიეროდ, მისი მეუღლე ეგეონი სხლავდა.
სანამ საუბარი სტუმრების განთავსებას ეხებოდა, ნეილმა სახლი დაათვალიერა, მოეწონა ინტერიერი. ამ დროს საიმონი მიუახლოვდა.
- ნეილ, ზემოთ აგაცილებ, შენს ოთახს გაჩვენებ, ხომ შეიძლება?
გოგონამ თავისი სამგზავრო ჩანთის წამოსაღებად გაიწია, მაგრამ სიმმა დაასწრო და ორივე ჩემოდნის მაღლა ატანამ მას მოუწია. ნეილს უნდოდა შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ იცოდა, მაინც ვერაფერს გააწყობდა და თავი დაანება.
წელიც მოსწყვეტია, რას დაეძებს!
სახლში საოცრად გრილოდა. ყველა ოთახის კარი და ფანჯარა ღია იყო, რათა რაც შეიძლება მეტი ჰაერი შემოსულიყო. გარშემო ორპირი ქროდა. ასვლისთანავე სიმონი გრძელ დერეფანს გაუყვა და დაახლოებით ნახევარი გზის გავლის შემდეგ მარჯვნივ მდებარე კარს მიადგა.
ნეილმა, რომელიც მამაკაცს უკან მიჰყვებოდა, ღია კარში შეიხედა. თვალი მოავლო მუქი ხის ავეჯს, ორადგილიან საწოლს, იასამნისფერ ფარდებს და შევიდა თუ არა შიგნით, მაშინვე აივანზე გავიდა, რომელიც, იმედოვნებდა, რომ ზღვას გადაჰყურებდა. ასეც აღმოჩნდა. გახარებულმა ხარბად შეისრუტა მარილის სუნით გაჯერებული ნოტიო ჰაერი და უკან შებრუნდა. უცნაურია. მარილს სუნი საერთოდ არა აქვს, მაგრამ საკმარისია ზღვაზე აღმოჩნდე, უცებ იგრძნობ მას. რატომ? სინოტივე ამძაფრებს სუნს? ალბათ.
უეცრად სიხარული შიშმა შეცვალა. დაინახა, როგორ შემოდო სიმონმა თავისი ჩემოდანი საწოლზე და მის გახსნას შეუდგა. თავისი ნივთების ამოლაგებას აპირებდა!
ნეილმა მყის კარისკენ გაიხედა. ის მიხურული იყო.
- არავითარ შემთხვევაში! - აღშფოთებულმა წამოისროლა, - არასოდეს! მე ამას არ დავუშვებ!
საიმონმა ჩემოდნის ახდილი თავიდან გამოხედა. მამაკაცი წამსვე მიხვდა, რაც ხდებოდა. ტუჩები შეერხა, აშკარად გაცინება სურდა და თავს იკავებდა.
- როგორ ფიქრობ, იატაკზე უნდა დავწვე? - გაკვირვებული სახით შეეკითხა, მაგრამ როგორც კი ნეილის გაბრაზებულ სახეს შეხედა, პირი მოკუმა და გულში ჩაიცინა.
- სადაც გინდა იქ დაიძინე, მაგრამ არა ჩემს ოთახში! იმ კარს მიღმა სადაც გსურს! - გაცეცხლებულმა ნეილმა საჩვენებელი თითი კარს მიაშვირა. ერთიანად კანკალებდა. თან ისე შემართა მხრები, თითქოს კაცს აჩვენებდა, რომ შემდგომი ბრძოლისთვის მზად იყო. სწორედ ამ დროს შენიშნა: მიუხედავად იმისა, რომ სიმს სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, თვალები მაინც უცინოდა.
- უგულო გოგო! - ჩაიფხუკუნა საიმონმა და ჩემოდნიდან რაღაც ამოიღო. მერე კი, როცა ჩემოდნის ელვა ისევ შეკრა, დაამატა, - ვიფიქრე, იქნებ თვითონ ვერ მოიფიქრა წამოღება-მეთქი და ქუდი გიყიდე. - ამ სიტყვებით ფართოფარფლებიანი ჩალის შლაპა ხელუკუღმა ესროლა, თვითონ კი, ნეილის ნირწამხდარობით დამტკბარი თავისი ჩემოდნით ოთახიდან გავიდა. რაო, ქუდიო? გახევებული გოგონა დაბნეული დასცქეროდა ქუდს, რომელიც სახეში მოხვდა და ძირს დავარდა.
დამპალი! ამაზრზენი ტიპი! როგორ მიხვდა, რომ ნეილს ქუდის წამოღება არც უფიქრია და მისი ღი ფერის კანი მზეზე ადვილად იხრუკება? თავი გააქნია და ჩემოდნის ამოლაგება დაიწყო. არც შეუმჩნევია, რომ იღიმებოდა.
ტანსაცმლის გადარჩევა მალე დაამთავრა. თან იმაზე ფიქრობდა, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. იმ კაცს სულაც არ უფიქრია მასთან დაწოლა, თვითონ კი რა ამბავი ატეხა! თან რა ოსტატურად გააცურა! აბა, იატაკზე ხომ არ დავწვებიო? ამით შიში გაუექვსმაგა!
წესით, ახლა უნდა გაბრაზებულიყო, მაგრამ… სულაც არ ბრაზობდა.
პირიქით, მას სიმი მოსწონდა!
როცა ნივთები კარადაში შეალაგა, სააბაზანოს მიაშურა. წყალი გადაივლო და შორტი და მაისური ჩაიცვა. გადაწყვიტა ცოტა ხნით მზეს მიფიცხებოდა, ამიტომ აივანზე გავიდა. მოაჯირს დაეყრდნო და ძირს ჩაიხედა.
მედეა და რამინი აუზთან შეზლონგებზე გაწოლილიყვნენ. ნეილმა ჩასვლა გადაიფიქრა. არ უნდოდა მათი შეწუხება. საინტერესოა, საიმონიც ასევე ფიქრობდა? ამიტომაც წამოიყვანა ნეილი? რათა სახლის მობინადრეებს არ ეფიქრათ, რაღაცაშია საქმე, რადგან მათთან ცოტა დროს ატარებსო? არაა! ის ალბათ ვერასდროს გაიგებს, სინამდვილეში რა ხდება. გადაწყვიტა, ამაზე აღარ ეფიქრა. ჯანდაბა! უახლოეს მომავალში ალბათ ეს ერთადერთი შვებულებაა, რომელსაც ეღირსა! ასე რომ, აჯობებს ისიამოვნოს და შეირგოს. შეეცადოს მაინც!
ისევ მოუხვდა მზერა შლაპაზე. ადგა, ხელი დაავლო და გადაწყვიტა, დაზვერვაზე წასულიყო. ამისთვის სახლიდან სათადარიგო გასასვლელი უნდა ეპოვა. კიბეზე ანცად ჩაირბინა და ის იყო, იპოვა კიდევაც კარი, რომელიც ზღაპრულ ბაღში გადიოდა, რომ მოულოდნელად შორტსა და სპორტულ პერანგში გამოწყობილ სიმონს შეეჩეხა.
მორცხვი არასდროს ყოფილა, თუმცა ახლა მორიდებით დახარა თვალები.
- ქალივით ლამაზი ფეხები გაქვს, - თქვა ნეილმა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ეთქვა და მისი სანდლების დათვალიერებას ისე შეუდგა, თითქოს ასეთს პირველად ხედავდა.
როცა თვალები ასწია, თავს სრულ იდიოტად თვლიდა და იგრძნო, როგორ აეწვა ღაწვები. კაცის ნაცრისფერი თვალები მის ცისფერ თვალებს შესცქეროდნენ. მამაკაცი დაჟინებით მისჩერებოდა სახეში, ლამის კბენდა მზერით. ნეილმა ვერ მოახერხა, როგორმე შეცბუნება დაემალა.
- ბრწყინვალე გოგო ხარ, განსაკუთრებით, როცა იბნევი! - ალერსიანად წარმოთქვა სიმმა.
- მე… ისა… დაზვერვაზე გამოვედი, - შეატყობინა აალებულმა.
- კარგად თუ მოვიქცევი, თან წამიყვან? მეც მაინტერესებს ეგ დაზვერვა, ბავშვობიდან ვოცნებობდი, მზვერავი გამოვსულიყავი, - გაიხუმრა სიმონმა.
ნეილმა სიცილი ვერ შეიკავა.
- სხვა რა დამრჩენია, წავიდეთ.
მამაკაცი ყურადღებით აკვირდებოდა. მისი მზერა ნეილის თვალებიდან მის მოცინარ ტუჩებზე დაეშვა, შემდეგ შლაპაზე გადასრიალდა, რომელიც ნეილს ორივე ხელის თითებით ეჭირა და კრიალოსანივით ატრიალებდა.
მამაკაცმა ქუდი გამოართვა და თავზე ჩამოიფხატა. ნეილმა თავი ოდნავ უკან გადასწია და ისე მიაჩერდა.
- თანაც ძალიან მაგრად! - ისე გააგრძელა მამაკაცმა, თითქოს ნეილს ეთქვას, როგორ გიხდებაო.
უეცრად გოგონას უცნაური შეგრძნება დაეუფლა. რატომღაც იფიქრა, რომ სიმი საკოცნელად გამოიწევდა. უფრო უცნაური კი ის იყო, რომ ის ამის წინააღმდეგი სულაც არ იქნებოდა…
ერთდროულად დაიხიეს თითო ნაბიჯით უკან და უფრო შორი-შორს აღმოჩნდნენ ერთმანეთისგან.
- შლაპისთვის მადლობა, - თქვა გოგონამ.
- მადლობისთვის მადლობა, - თქვა მამაკაცმა.
როცა ბაღში გადიოდნენ, ნეილმა ჰკითხა:
- შენ თვითონ იყიდე ეს ქუდი?
- არაა გამორიცხული, - ღიმილით მიუგო სიმონმა, - აქეთ წავიდეთ? თუ იმ ზეთისხილის ხეს მარცხნიდან გვერდს ავუვლით, პირდაპირ პლაჟზე გავალთ.
ნეილი მის რჩევას მიჰყვა, თან ფიქრობდა, ალბათ არასდროს მეტყვის, თვითონ იყიდა ეს შლაპა თუ ვინმე გაგზავნა მის საყიდლადო, მაგრამ სიმმა მცირეოდენი დუმილის შემდეგ თქვა:
- გუშინ ჩემს მდივანს სწორედ იმ დროს შევუსწარი, როცა თავის დაქალს ამნაირი შლაპით აწონებდა თავს. შესვენებაზე გასულა და უყიდია.
- იმედია, მისთვის არ წაგირთმევია, - შეძრწუნებული ტონით წამოისროლა ნეილმა.
- რას ამბობ! ისეთი აჟიტირებული იყო თავისი შენაძენით, არა მგონია, ცოცხალი თავით დაეთმო. სამაგიეროდ, ვთხოვე, ჩემთვისაც მოეტანა, რათა ერთი თეთრყირმიზა გოგო მზეზე არ დამწვარიყო.
- მართლა ასე უთხარი? - ეჭვიანი მზერით გახედა ღიმილად დაღვრილმა.
- ასე, - დაუდასტურა სიმმა.
ნეილს სულში ყველა ნოტი ერთად აუმღერდა. უცებ საოცრად კარგ განწყობაზე დადგა.
- მერე რა მოხდა?
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: