თავისი განწყობის მიუხედავად, ფირუზისფერი აბრეშუმის კაბაში გამოეწყო. მაკიაჟი არ გაუკეთებია, მაგრამ თმა ისე გულმოდგინედ დაივარცხნა, რომ დაემუხტა და ლამაზად აუბზინვარდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ეტყოდა სიმს, როცა დაინახავდა. აბა, ერთი ახლაც სცადოს მისი გაცინება! არაფერი გამოუვა! რაც შეეხება მედეას, მის მიმართ რამინის ხათრით თავაზიანობას გამოიჩენს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. საშინლად არ სიამოვნებს იმ ქალთან ურთიერთობა. არანაირი.
თუმცა ჩავიდა თუ არა სასტუმრო ოთახში და თავისი მომხიბვლელი ღიმილი რამინს გულწრფელად, საიმონს კი იძულებით შეაფრქვია, ახალი ამბავი დახვდა - მედეამ თავი ცუდად იგრძნო და ვახშამზე აღარ შემოგვიერთდებაო.
- ძალიან ვწუხვარ. სერიოზული ხომ არაფერია? - შეეკითხა რამინს, რომელიც ოდნავ შეშფოთებული ჩანდა.
- მგონი არა. სავარაუდოდ, მოჰბეზრდა აქაურობა, სახლი ენატრება.
კინაღამ გაეცინა. წამითაც არ დაუჯერებია, რომ მედეას სახლი ენატრებოდა. ამ ამბავმა ოდნავ გამოუკეთა ხასიათი. რადგან მედეამ საქართველოში დაბრუნება მოისურვა, ესე იგი, სიმთან "შურიმური" მთლად ისე არ მიდიოდა, როგორც დაგეგმა. ოხ, რა სამწუხაროა! - გულში გულიანად გაიცინა.
სახლშიო! ნეილი უეცრად მიხვდა, რომ შესაძლებლობა ეძლეოდა, ამ ფარსისთვის ბოლო მოეღო. თვითონაც მოითხოვდა თბილისში დაბრუნებას.
- ეგ საკითხი მეც მაწუხებს, სხვათა შორის, მაგრამ ვერ ვაჟღერებდი, თქვენი მერიდებოდა, დასვენება არ ჩავაშხამო-მეთქი, - წამოიწყო, - ისე ამაღელვა საიმონის შემოთავაზებამ, აქ გამოვყოლოდი, რომ სულ გადამავიწყდა მამაჩემის დაბადების დღე და ისიც, რომ შაბათ-კვირას მცხეთაში ჩასვლას დავპირდი. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ხვალვე გავფრინდეთ? - დაახეთქა და ჯერ სიმს შეხედა, მერე რამინს. უცებ მოეჩვენა, რომ მასპინძელს მისმა ნათქვამმა შვება მოჰგვარა და მაშინვე სხაპასხუპით გააგრძელა, - გამიხარდება, თუ ჩემი პირობის შესრულებას შევძლებ. მშობლები ყველას და ყველაფერს მირჩევნია.
სულ სიმონის ბრალი იყო, რაც ხდებოდა. სწორედ მან აიძულა ეცრუა. მასთან შეხვედრამდე ტყუილი არასდროს დასჭირვებია.
- როგორც იტყვით, ნეილ. აქ დაბრუნება ყოველთვის შეგვიძლია, ნებისმიერ დროს, როცა მოისურვებთ, - სიხარული დაეტყო რამინს ხმაში.
- დიდი მადლობა, სიამოვნებით ჩამოვიდოდი კიდევ ერთხელ. აქაურობა ზღაპრულ სამოთხეს ჰგავს, მაგრამ… - აღარ დაასრულა, რადგან იგრძნო, კიდევ ერთი სიტყვა და ატირდებოდა.
გადაწყვიტა, დიდხანს არ დარჩენილიყო სუფრასთან. ის იყო, ყავის სმა დაამთავრა, რომ რამინს მიუბრუნდა:
- რა ვქნა, რამინ, დავიწყო ჩემი ნივთების ჩალაგება? წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?
- არა, რას ამბობთ, ჩაალაგეთ. მე კი დავრეკავ და ბილეთების საკითხს მოვაგვარებ.
- მაშინ ღამე მშვიდობისა.
- მერე არ ჩამოხვალ? - შეეკითხა სიმონი სრულიად მშვიდი და გაწონასწორებული ხმით.
- მერე როდის?
- მოგვიანებით, როცა ჩალაგებას მორჩები.
ნეილმა კეკლუცად გაიცინა, თუმცა სულაც არ ეცინებოდა:
- როგორ გეტყობა, რომ ასეთ რამეებში ვერ ერკვევი… განა არ იცი, ქალისთვის რამდენს ნიშნავს ნივთების ჩალაგება? ეს მთელი რიტუალია! - თქვა და რამინს შეხედა, საიმონს - არა.
ესეც ერთი ვირტუალური სილის გარტყმა. გოგონა მედიდურად წამოდგა, სიმს გვერდი აუარა, მაღლა ასულმა თავის ოთახს მიაშურა და… სწორედ იქ მოეკვეთა მუხლები, უცებ მოუმჩვარდა სხეული.
მერე არ ჩამოხვალო? - ჰკითხა მან ისეთი ტონით, თითქოს კაცს მისი ნახვა უნდოდა! თითქოს გოგონასაც უნდოდა მისი ნახვა. ჯანდაბა! ნეილს მართლა სურდა მისი ნახვა!
თბილისში რომ ჩაფრინდნენ, აღმოჩნდა, რომ აქ ამინდი საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო. ისე აუტანლად აღარ ცხელოდა, თუმცა ნეილს ამინდის ცვლილება ყველაზე ნაკლებად აწუხებდა ამწუთას.
- თუ არ გეწყინებათ, მე დიდუბეში გავვარდები, რომ მცხეთაში არ დავაგვიანო. ბინაში მისვლას ვეღარ ვასწრებ. - მან დემონსტრაციულად დაიხედა თავის მაჯის საათზე.
- მე მიგიყვან იქამდე, - შესთავაზა სიმონმა.
ესღა აკლდა! ის სულაც არ აპირებდა დიდუბეში გასვლას და, მით უმეტეს, მცხეთაში გამგზავრებას. ალბათ სიმი მიუხვდა ეშმაკობას.
- ჩვენ მაინც იქით არ მივდივართ, რამინიკო? - მთელი ამხელა გზის განმავლობაში მედეამ პირველად ამოიღო ხმა, - საიმონმა გზა რომ არ გაიგრძელოს, ჩვენ წავიყვანოთ სტუმარი.
სტუმარიო! მისი სახელის წარმოთქმაც კი არ იკადრა ამ ნაგავმა! ნეილს ცეცხლი წაეკიდა სახეზე.
რადგან არჩევანის წინაშე დადგა და ან ერთს უნდა გაჰყოლოდა, ან მეორეს, ნეილმა რამინი და მედეა აირჩია. ბოლოს და ბოლოს, სამარშრუტო ტაქსიმდე მაინც არ მიაცილებდნენ და იქიდან შეუმჩნევლად გაძვრებოდა ბინისკენ.
- ჰოდა, მაწყობს, - ღიმილით წარმოთქვა, - თუ მაინც იქით მიდიხართ, დაგემგზავრებით.
სხვა რა დარჩენოდა?
საიმონს ავტოსადგომზე დაშორდნენ. ნეილი დამშვიდობებასაც არ აპირებდა მასთან, მაგრამ მიტრიალდა თუ არა, სიმმა მაჯაზე ხელი სტაცა.
- დაგირეკავ, - შეჰპირდა კაცი, თუმცა ნეილისთვის ცოტა გაუგებარი იყო, ვის სჭირდებოდა ეს ზარი, მას თუ საიმონს.
- მცხეთიდან ორშაბათს ჩამოვალ, - თქვა მან, მიუხედავად იმისა, რომ არსადაც არ აპირებდა წასვლას.
- შენებს ჩემგან მოკითხვა გადაეცი, - ისე რბილად წარმოთქვა სიმმა, თითქოს მის მშობლებს ახლოს იცნობდა. და სანამ ნეილი გონს მოეგებოდა, დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
ეს ლოყა დიდუბეში მისვლამდე უხურდა. თავხედი! არამზადა! უხეში! - წარამარა იმეორებდა გულში და მზად იყო ეტირა. როგორ სძულდა იგი. დაგირეკავო! ნეტავ საერთოდ არ გამოჩნდებოდეს!
ნეილი დარწმუნებული იყო, რომ მედეა მანქანიდან არ გადმოვიდოდა, როცა დიდუბის ავტოსადგურთან მივიდნენ, ამიტომ ქალს დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია, რამინი კი, რომელმაც საბარგულიდან გოგონას სამგზავრო ჩანთა გადმოიტანა, გადაკოცნა და დიდი მადლობა მოახსენა კუნძულზე თბილი მიღებისთვის.
- გმადლობთ, რამინ, - გაუღიმა, - თქვენი ვილა მართლაც საოცარ ადგილას მდებარეობს.
- თქვენ კუნძული არ დაგითვალიერებიათ. იქ უკეთესი ადგილებიც არსებობს, მაგრამ ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებ. - მამაკაცმა ხელი ჩამოართვა და გადაეხვია კიდევაც.
სანამ მანქანა თვალს მიეფარებოდა, ნეილი იდგა და ცოლ-ქმარს ხელს უქნევდა, მერე კი სწრაფი ნაბიჯებით წინ გაიჭრა, რათა ტაქსი გაეჩერებინა.
- ვაა! უკვე? - იყვირა მის დანახვაზე ნიამ, - ჩვენ ორშაბათამდე არ გელოდით. ღმერთო! შემთხვევით ხომ არ იჩხუბეთ? - სახე შეეცვალა უცებ.
- ჰო. მეტჯერ არასდროს არ შევხვდები! - მიუგო ნეილმა ასე ადრე დაბრუნების ასახსნელად. ახლა უკვე ხვდებოდა, რატომ ტიროდა ხოლმე ნია, როცა პაემნიდან ბრუნდებოდა. რა ძნელი ყოფილა სიყვარული! - და ამაზე ლაპარაკი არ მინდა. გთხოვთ, არაფერი მკითხოთ. ოკ? - სწრაფად დაამატა, რათა დაქალებისგან "სამძიმრები" არ მოესმინა.
- ყავას გაგიკეთებ, - დაფაცურდა ნია.
ეჰ, ნეტავ ეგ უშველიდეს!
- სხვები სად არიან?
- საცაა მოვლენ.
- არ მინდა, ნუ მოადუღებ, ძაან დავიღალე, წავალ, წამოვწვები. - თქვა და თავის ოთახში გავიდა.
ბარგის ამოლაგებით იყო გართული, როცა ლიზის ხმა გაიგონა. როცა საქმე მოამთავრა, მაინც გავიდა სამზარეულოში, რათა ლიზას მისალმებოდა.
მეგობარი ჩაეხუტა.
- მიხარია, რომ ჩამოხვედი, - იდუმალი ღიმილით დაასაჩუქრა მეგობარმა და ნეილი მიხვდა, რომ ლიზიმ უკვე ყველაფერი იცოდა.
- მეც მიხარია, გოგოებო. ახლა კი დავიძინებ, იმის თავიც არ მაქვს, საბანაოდ შევიდე. არა უშავს, ხომ? - ნაძალადევად გაიღიმა და კვლავ ოთახში შებრუნდა.
ცოტა ხანში ნეილს დედამ დაურეკა. ტყუილის კორიანტელის დაყენება მოუწია. ისეთი დრო გავატარე, დამავიწყდა დამერეკა, აუზზე ვიყავი წასულიო. თან ელაპარაკებოდა, თან პირი უშრებოდა. არ იყო ტყუილის თქმას მიჩვეული. მით უფრო, მშობლები თითქმის არასდროს მოუტყუებია. საკმარისი იყო დედას მხოლოდ წარმოედგინა, კიდევ რას აკეთებდა მისი ქალიშვილი, რომ გულის შეტევა დაემართებოდა.
თუ დედა ჰკითხავდა, ვისთან ერთად წავიდა აუზზე, ნეილი მზად იყო კიდევ ერთი სიცრუის სათქმელად, მაგრამ შვებით ამოისუნთქა, როცა მოსიყვარულე მშობელმა მხიარულად განაცხადა:
- შენ ყოველთვის შესანიშნავი მოცურავე იყავი, ჩემო საყვარელო, - და მერე დაამატა: - დაგავიწყდა, რომ ერთ კვირაში მამაშენის დაბადების დღეა?
- არ დამვიწყებია, დე, ამიტომ ვერაფერი შემაჩერებს ჩამოსვლასა და მილოცვაში, - დაჰპირდა ნეილი.
როცა დედასთან საუბარი დაამთავრა, გოგონას გონება ჯერ კიდევ მამის დაბადების დღეზე ფიქრობდა და იმაზე, რომ სიმს იგი უკვე მცხეთაში ეგულებოდა, სადაც მამის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მერე ისევ ტელეფონმა დარეკა.
ვინაიდან ეს არაერთხელ მოხდა, ნეილი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ისევ დედა იქნებოდა, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანის თქმა დაავიწყდა.
ნომრისთვის არც დაუხედავს, ისე უპასუხა.
- რამე დაგავიწყდა? - სიცილით წარმოთქვა.
- მე? არაფერი! - გაისმა მსოფლიოში ერთადერთი ხმა, რომელიც მის გულში ქაოსს ქმნიდა, - როგორც ჩანს, შენ დაგავიწყდა… გზა მცხეთისკენ.
თვალებზე ცრემლი მოადგა. სიმ! ეგონა, რომ ის აღარასდროს დარეკავდა.
- და რა ხდება იქ, მცხეთაში? - შეეკითხა მამაკაცი, როცა ნეილმა არ უპასუხა.
- მე… ვიცრუე, - თქვა ძლივსგასაგონი ხმით და გაჭირვებით აიყვანა თავი ხელში.
- ეგ უკვე ვიცი, მაგრამ რატომ?
მისმა გონებამ უარი თქვა გამოსავლის ძიებაზე. ერთი ღირსეული პასუხიც კი ვერ მოიფიქრა. მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს კაცი უყვარდა და მისი ხმის ასე მოულოდნელად გაგონებამ სიხარულისგან დაშალა. მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ საიმონი იმავეს ვერ განიცდიდა მისი ხმის გაგონებისას. იგი მშვენივრად ატარებდა დროს მედეასთან… იგრძნო, როგორ დაუბრუნდა სიმტკიცე და თავდაჯერებულობა, რომელიც ამწუთას ძალიან სჭირდებოდა.
მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა:
- რა გინდა? - ამრეზით ჰკითხა, მაგრამ მისმა არაკეთილსინდისიერმა ტონმა კაცზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
- სასიამოვნოა მეგობარი ქალისგან ასეთი ალერსიანი მისალმების მოსმენა.
გულმა ფეთქვა დაუწყო. საინტერესოა, მოსასმენად "მეგობარი ქალი" უკეთესია თუ "საყვარელი"? იქნებ უარესია?
- რიგის ბოლოში გადაინაცვლე, ჩიხლაძე! - თქვა მკაცრად. მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა, სიმონს მობილური გაეთიშა და მათ შორის გაბმული თხელი ძაფი გაეწყვიტა, სიამაყემ გაიმარჯვა. - დაკავებული ვარ, არ მცალია.
- მარტო არ ხარ? - ამოიოხრა მამაკაცმა.
- ეს შენ არ გეხება! - დაიღრინა. ღმერთო! როგორ სწრაფად შეეცვალა ტონი. უხეში! საბრძოლო განწყობაზეა? დაე, ვიომოთ!
- ააცმევინე იქიდან!
- ამწუთას, როგორ არა! - ჯიბრიანად ჩაიცინა, - შენი ვალი კი არ მაქვს…
- ჩემი ვალი გაქვს და ნუ გავიწყდება. ჩემი მანქანის შეკეთების ხარჯების ანაზღაურება ვის…
მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვა შეეკრა, მაინც მოახერხა და წინადადება შეაწყვიტინა.
- თუ შეიძლება, ნება მომეცი… - დაიწყო მან.
მაგრამ ამჯერად სიმმა შეაწყვეტინა:
- არა, არ მოგცემ! ჯერ მე მომისმინე. ჩვენ ორშაბათამდე შევთანხმდით. არ მოგცემ უფლებას, დაარღვიო ეს შეთანხმება. კვირა-ორშაბათი წინაა და ის მე მეკუთვნის!
- მაგრამ ჩვენ უკვე დავბრუნდით საბერძნეთიდან და…
- და შენ ჩემი ორი დღე გმართებს.
- მაგრამ…
- ამიტომ ხვალ ჩემთან ერთად წამოხვალ საგურამოში.
- საგურამოში?! - დაბნეულმა ნეილმა ღრმად ამოისუნთქა.
- შაბათ-კვირას ქალაქგარეთ ვართ დაპატიჟებული.
აჰა, ესე იგი, ისევ ქეიფზეა საუბარი, რაღაც ახალ წვეულებაზე. იგრძნო, რომ ამ მოწვევის უკან რაღაც იმალებოდა.
- გამათავისუფლე ამისგან, სიმ! აღარ მინდა ეს გარიგებები! - უყოყმანოდ თქვა. - მე არ მოვდივარ! მორჩა! - კატეგორიული ტონით გამოუცხადა. სიმონი დუმდა. ნეილმა გონებაში იგი მინიმუმ ცხრა საშინელი ეპითეტით დააჯილდოვა, რაც კი იმწუთას ენის წვერზე მოადგა, მაგრამ მამაკაცი, თითქოს ფიქრისთვის დროს აძლევსო, დუმდა. და აი, ზუსტად ამ მომენტში მიხვდა, რომ საიმონის მხრიდან მისი საფრად გამოყენება ისევ ძალაში რჩებოდა. რა თავხედობაა! ყველაფერს აქვს საზღვარი!
- არავითარ შემთხვევაში არ წამოვალ, თუ იქ მედეა და რამინი იქნებიან! - გაბრაზებულმა შესძახა. ნაძირალა! თუკი მას ჰგონია, რომ…
- ისინი არ იქნებიან, - მშვიდად მიუგო სიმონმა და სიჩუმე დაარღვია.
ნეილის გაბრაზება მინავლდა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც რომ არ სურს წასვლა, ამას რა ეშველება? სიმს აქვს იმის უნარი, თავდაყირა დააყენოს მისი ცხოვრება… სწორედ ის ართმევს შესაძლებლობას, თავად იყოს საკუთარი თავის გამგებელი, რასაც მის გაცნობამდე ყოველთვის ახერხებდა. მაგრამ გოგონას ახლა ყველაზე მეტად აწუხებდა საკუთარი სისუსტე ნებისმიერ რამეში, რაც სიმს ეხებოდა. სულ ცოტათი მაინც რომ ფიქრობდეს საიმონი მასზე, ერთი ბეწოთი მაინც, სხვა საქმეა, მაგრამ… ღვთის გულისათვის, შეწყვიტე ოცნება, ნეილ! ეს არასდროს მოხდება. იცი, განა არ იცი!
- როდის მიდიხარ?
- ხვალ მივდივართ. - გაამრავლობითა წამსვლელთა რაოდენობა სიმონმა.
ტუტუცი!
- მაგრამ მე თუ უარს ვიტყვი და არ წამოვალ? - გრძნობდა, ეს ნაძალადევი სიამაყე კარგს არაფერს უქადდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
- ნეილ, ძვირფასო, დარწმუნებული ვარ, იცი ამ კითხვაზე პასუხი.
ღმერთო! უყვარდა იგი. ყურებამდე იყო შეყვარებული! სიყვარული კი ისეთი მზაკვრული მონსტრია! ვერაფერს უხერხებდა ამ გრძნობას. უნდოდა მისი ნახვა, მასთან ყოფნა მაშინაც კი, თუ მისი სიტყვები "ნეილ, ძვირფასო" სინამდვილეში არაფერს ნიშნავდა.
- და სულ ესაა? - ჩაეძია, - შენთან თუ წამოვალ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკან დაბრუნებული შენი ვალისგან გავთავისუფლდები?
- ასეა, ჩემი ვალი აღარ გექნება, ყოველგვარი ვალდებულებისგან გაგათავისუფლებ, - შეჰპირდა მამაკაცი.
ნეილმა მტკივნეულად ამოიკვნესა.
- რომელ საათზე?
- საჩქარო არაფერია. თერთმეტზე რომ იყოს?
ნეილმა გათიშა. მოეჩვენა თუ საუბრის ბოლოს მან მართლა გაიცინა? რატომ არ უნდა გაიცინოს, როცა თავის ნებაზე აცეკვებს ამხელა ქალს! იმან მოითხოვა, ამან შეუსრულა. როგორც ჩანს, სიმის სურვილი მისთვის კანონია.
- მან… დამირეკა, - გამოუტყდა ნეილი ლიკას და ნიას შაბათ დილით. - ჩემმა მეგობარმა.…
- შერიგდით?! არ არსებობს! - ნიას თვალები გაუბრწყინდა, გულწრფელად გაუხარდა დაქალის ბედნიერება.
რა შეეძლო ეთქვა? საერთოდ არაფერს ეტყოდა მეგობრებს, მაგრამ როგორ უნდა აეხსნა მათთვის, რატომ გადიოდა სახლიდან სამგზავრო ჩანთით ხელში? უხერხული იყო ტყუილის თქმა, თითქოს მშობლების მონახულებას აპირებდა. თანაც დედამისს შეეძლო ლიკასთან დარეკვა და მისი ამბის გაგება, თუ მას მობილურზე ვერ დაუკავშირდებოდა.
- ქალაქგარეთ დამპატიჟა. ხვალ საღამოს ჩამოვალ.
- ისეთს ნურაფერს გააკეთებ, რასაც მე არ გავაკეთებდი. ბოლოს და ბოლოს, ნათესავები ვართ, - იოხუნჯა ლიკამ. რაც ახლოს გაიცნო, მას მერე უფრო და უფრო მოსწონდა ნეილი.
- შეგიძლია ჩათვალო, რომ ლიკუნას ნებართვა ხელში გიჭირავს! - ჩაერია საუბარში ნია. და სამივე აკისკისდა.
თუმცა სულაც არ იყო სიცილის გუნებაზე, როცა თერთმეტის ნახევარზე მანქანაში ჩაჯდა და სიმონის სახლისკენ გაეშურა. უნდოდა მისი ნახვა. რა თქმა უნდა, უნდოდა. გულის წასვლამდე სურდა მისი ნახვა. თუნდაც სხვა ადამიანების თანდასწრებით.
ყვავილების მაღაზიასთან გააჩერა და სახლის პატრონისთვის თაიგული იყიდა. ხელცარიელი ხომ არ მიადგებოდა უცხო ადამიანებს? იქნებ კარგიც კი იყოს, რომ იქ სხვები იქნებიან. ყველა მისი მეგობრის ცოლი ხომ არ იქნება სიმზე შეყვარებული? მამაკაცის მიმართ გრძნობებმა მისი სიყვარულის ფიალა მთლიანად გადაავსო. ეს სიყვარული ახლა წვეთწვეთად გარეთ იღვრებოდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სიყვარულს ასე შეეძლო ადამიანის შეცვლა. ცხოვრებაში არასდროს მოსურვებია ვინმესთვის სილა გაეწნა, სიმი კი, რომელიც ასე უყვარდა, ყოველთვის აიძულებდა ამაზე ფიქრს!
ზოგჯერ კი მხოლოდ მასთან ყოფნაზე ოცნებობდა. ლაპარაკზე, გვერდით ჯდომაზე, სიცილზე… მისი ჩახუტება და კოცნა უნდებოდა. ერთხელ ისიც მოესურვა, ბოლომდე დანებებოდა. ღმერთო, ნეილი სიმთან სექსზეც კი თანახმა იყო. მას ეს არასდროს განუცდია სხვა მამაკაცთან. არც ერთთან.
ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ორ დღეს მათ გარშემო სხვა ადამიანების ყოფნა. რა თქმა უნდა, კოცნაზეც კი ზედმეტია საუბარი. თვითონ იზრუნებს, რომ ასე არ მოხდეს! მაგრამ უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნებოდა გრძნობების დაფარვა და არც სიტყვით, არც შეხედვით ან მოქმედებით არ გამოემჟღავნებინა, როგორ უყვარდა იგი.
ამასობაში სიმონის სახლამდე მივიდა და მანქანა გააჩერა. ეზოში შევიდა. ბენო გამოეგება. მის დანახვაზე გოგონა რატომღაც გაწითლდა. მოეჩვენა, რომ დაცვა უცნაურად შესცქეროდა. ალბათ სიმის მორიგი ხასა ვგონივარო, გაიფიქრა და გული მოეწურა.
- დილა მშვიდობისა, ქალბატონო ნეილ. ბატონი საიმონი გელოდებათ. მაღლა ახვალთ?
- არა. გთხოვთ უთხრათ, რომ აქ ვარ. მეგობრებთან მივდივართ… და მგონი ცოტათი ვაგვიანებთ, - განუმარტა ბიჭს. კიდევ ერთი უდანაშაულო ტყუილი, მაგრამ ამან თავი უკეთ აგრძნობინა.
ბენომ ცოტა ხანი ისაუბრა ტელეფონზე, შემდეგ კი, როცა შეამჩნია მის ხელში თაიგული და თითზე ჩამოკიდებული მანქანის გასაღები, ჰკითხა:
- თქვენი მანქანით წახვალთ თუ ავტოფარეხში შევიყვანო?
მან დაცვას გასაღებები უსიტყვოდ გაუწოდა და როგორც კი ბიჭი ჭიშკარში გაუჩინარდა, კარის გაღების ხმაც გაიგონა. მაშინვე ზურგი აქცია კარს. გულმა უჩვეულო ბაგუნი ატეხა. მას დრო სჭირდებოდა გრძნობების დასამორჩილებლად.
მერე ვითომ "შემთხვევით" შემობრუნდა. ღმერთო, რა სიმპათიურია! მაღალი, გამხდარი. ჩანთით ხელში. ახლა რაღაც უნდა ეთქვა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა. რაც დრო გადიოდა, ეს კაცი უფრო და უფრო მოსწონდა.
- თქვენი მონა-მორჩილი მორიგეობაზე გამოცხადდა! - ცივად წარმოთქვა, როცა სიმონმა ზღურბლს გადმოაბიჯა და მიუახლოვდა.
მამაკაცმა ზემოდან დახედა და ჰკითხა:
- ეს ისე უნდა გავიგო, რომ ჩემს ყველა მოთხოვნას შეასრულებ?
ამის გაგონებაზე კინაღამ გაეცინა. რატომ ახდენდა ეს კაცი მასზე ასეთ გავლენას?
- არც იოცნებო, - ნიშნის მოგებით უპასუხა და თაიგული ხელში შეაჩეჩა.
- ეს მე? დამატებითი თავსატეხიც ამას ჰქვია.
ნეილი ძლივს იკავებდა სიცილს. ლამის დაფერფლილი მზერა მიაპყრო მამაკაცს და განუმარტა:
- ეს მასპინძელი დიასახლისისთვის.
- ახ! - გაოცებანარევი ხმით შესძახა მამაკაცმა, - შენს ჩანთას ავიღებდი, მაგრამ ორივე ხელი დაკავებული მაქვს.
ნეილმა თავის ჩანთას ხელი მსწრაფლ დაავლო და სიმის მანქანისკენ გადადგა ნაბიჯი, თუმცა იმწუთასვე გაკვირვებული შედგა. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ის მანქანა, რომლითაც საიმონმა ოთხშაბათს აეროპორტში წაიყვანა. სავარძლებიც სხვა ფერის იყო. ნეტავ რამდენი მანქანა უყენია გარაჟში ამ კაცს?
მაგრამ მისი ფიქრები სულ სხვა რამეზე გადაერთო, როგორც კი დაიძრნენ. სულ რამდენიმე წუთის წინ ნეილი მასთან ერთად სიცილზე ოცნებობდა და უკვე გრძნობდა, როგორ შესუსტებულიყო მისი სურვილი. არც ერთი სიტყვა, არც მზერა, არც მოქმედება! - კიდევ ერთხელ შეახსენა თავის თავს, არ უნდა ეჩვენებინა, თუ როგორ უყვარდა იგი. მაგრამ რატომ არ უნდა გაიცინოს მასთან ერთად ისე, როგორც იქ, საბერძნეთში? რატომ არ შეეძლოთ ემეგობრათ? რა იყო ამაში ან ცუდი, ან მიუღებელი, ან შეუძლებელი? ისინი მის კარგ მეგობრებთან დარჩებიან ორი დღე. ზრდილობა მოითხოვდა, მასპინძლებს ეჭვი არ შეჰპარვოდათ იმაში, რომ მათ შორის რაიმე სახის მტრობა არსებობდა.
- აბა? - რამდენიმე წუთის შემდეგ ხმა ამოიღო.
- რა აბა? - ირონიული ტონით შემოუბრუნდა მამაკაცი.
- თუ შეიძლება, - დაიწყო ნეილმა თავაზიანად, - მომიყევი ცოტა რამ მათზე, ვისთანაც მივდივართ.
- რა თქმა უნდა. - სიმონმა საათს დახედა. - წინააღმდეგი ხომ არ იქნები, სადმე ვისაუზმოთ და ყავა დავლიოთ?
- იქ რომელ საათზე გველოდებიან?
- ნებისმიერ დროს, - მშვიდად უპასუხა სიმმა.
ნეილმა არ იცოდა, რამდენი სტუმარი იქნებოდა საგურამოში მიწვეული. შესაძლოა მასპინძლებმა საუზმე ისედაც დაახვედრონ, მაგრამ რომ არ დაახვედრონ? როგორც ჩანს, ამას დილით არ უჭამია და მოშივდა. თუმცა თვითონაც უჭმელი წამოვიდა სახლიდან. მართალია, მუცელი არ უყურყუტებდა, მაგრამ წახემსებაზე უარს არ იტყოდა. ჯობდა ახლა საიმონთან ერთად ესაუზმა, ვიდრე მოშიებული იქ საჭმელს დასცხრომოდა…
- არ უნდა იყოს ცუდი აზრი, - დათანხმდა ნეილი და სიმმა, როგორც ყოველთვის, ინიციატივა თავის თავზე აიღო.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: