მკლავებს ძლიერად ვუსვამ და მივცურავ ლივლივა, მარილიან ტალღებში. დღეს, რატომღაც, საოცრად სუფთაა შავი ზღვა, არც შავია და არც ამღვრეული, გამჭვირვალეა და სალათისფერი უფრო ეთქმის. ბათუმში ბოლო წლებში ასეთი ზღვა იშვიათი სანახავი გახდა. თითქოს მეალერსება წყალი, ხოლო ტალღები მსუბუქად და მზრუნველად მიკრავენ გულში. მზის სხივები ეშმაკურად ბრწყინავენ ზღვის ზედაპირზე და წრიული ჩრდილებით მიიკვლევენ გზას ფსკერისკენ. შიგადაშიგ ჩავყვინთავ, მივიწევ უფრო და უფრო ღრმად, ქვემოთ და ქვემოთ. მინდა, იქ ზღვის წყალმცენარეები და ფერად-ფერადი თევზები დამხვდნენ, გამიცინონ, ახმაურდნენ, როგორც ქართულ ფილმშია, თოჯინები რომ იცინიან ვიტრინიდან. თავს მყუდროდ ვგრძნობ წყალქვეშა სამყაროში, მლაშე წყალი თითქოს ადამიანური პრობლემებისგან მათავისუფლებს. ზღვისთვის მე ამწუთას ერთ-ერთი ქალთევზა ვარ ან, სულაც, დელფინი… კვლავ ამოვყვინთე და ზურგზე გავწექი, თვალმოჭუტულმა გავხედე მცხუნვარე მზეს, რადგან ძნელია, მას თვალი გაუსწორო, ამის უფლებას არასდროს მოგცემს. შემდეგ ამოვტრიალდი და ისევ შევერიე ტალღებს. მივიწევ წინ და ენით აუწერელ სიხარულს და საოცარ, დაუჯერებელ სიმშვიდეს განვიცდი…
როდის-როდის გამოვცურე ნაპირზე, იქვე, მაღლა, კიბის თავთან მდგარ ჩემს «მერსედესს» თვალი შევავლე და ქვებზე გავწექი.
პლაჟზე, როგორც ყოველთვის, სიცოცხლის ხალისი იგრძნობოდა. ისმოდა ბავშვების ჟრიამული, ქალების კისკისი და მამაკაცების გადაძახილი. მე მათგან მოშორებით ვიყავი, არ მიყვარს ხალხმრავლობაში ყოფნა, განმარტოებას ვირჩევ. მიყვარს აქ ყოფნა. დისკომფორტს მხოლოდ ერთი რამ მიქმნის - ქვიანი სანაპირო. მე ქვიშა მიყვარს, რუხი, რბილი ქვიშა, რომელიც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ჩემი ტერფების კვალს იტოვებს თავის ცხელ მკერდზე. ზღვიდან მონაბერი მარილიანი სიო სახეზე მელამუნება.
ეს ადგილი დიდი ხანია, ამოვიჩემე. აქედან ხელისგულივით მოჩანს მთელი სანაპირო. როცა ცურვით გულს ვიჯერებ, ხატვას ვიწყებ. ძირითადად, პეიზაჟებს ვხატავ და მასთან ერთად, ადამიანებს. მზის ამოსვლა, ჩასვლა, დილა, შუადღე, საღამო. ზღვა - წყნარი, ამღვრეული, აბობოქრებული, ზღვაში გასული გემები, კატერები, სკუტერები… ისე არ გაიგოთ, თითქოს მხოლოდ ზღვას ვხატავ, მაგრამ ზაფხულობით სხვა რამის დახატვის სურვილი არ მიჩნდება. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ზღვაზე უგონოდ ვარ შეყვარებული. შარშან წყნარი ოკეანის სანაპიროები მოვინახულე და იქიდან გაოგნებული ჩამოვედი. ოკეანე სულ სხვაა. ის უფრო დინჯია, უფრო წყნარი და მშვიდი, მაგრამ თუ აბობოქრდა, მტრისას - აღელვებული ზღვა, მასთან შედარებით, მდინარედ მოგეჩვენებათ.
აქვე პატარა, კოხტა ბუნგალოა, კიბის გვერდზე, რომლის მფლობელიც ამას წინათ გავიცანი. ჩვენ უკვე დავმეგობრდით. როცა მომშივდება და იქ შევალ, პავლემ იცის, რითაც უნდა გამიმასპინძლდეს, შეკვეთის მიცემა აღარ მჭირდება. თითით მოიხმობს ლენას, თავის ოფიციანტს და თეფშზე დაულაგებს ჩემთვის განკუთვნილ ულუფას.
ლენა კარგი გოგოა, ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე. ის რუსია, მაგრამ ქართულად გამართულად საუბრობს. ყოველთვის შორტით და ტოპით დადის და თავის დიდ, ლამაზ მკერდს საუნჯესავით დაატარებს, რათა ადვილად გაუღვიძოს მამაკაცებს მადა.
გუშინწინ ერთ-ერთი მონადირის ძაღლი დავხატე, რომელიც აქ მოჰყავს ხოლმე პატრონს და ავარჯიშებს. პლასტმასის წყლით სავსე ბოთლს გადაუგდებს ზღვაში, რაც შეიძლება შორს და ლამაზკოპლებიანი კურცხაარიც გავეშებული გადახტება ხოლმე წყალში, ებრძვის, ძლიერი თათებით მიაპობს ტალღებს, სანამ ბოთლს არ იპოვის, კბილებში არ მოიქცევს და პატრონს არ გამოუტანს ნაპირზე. ერთ დღეს დავთვალე და პატრონმა 13-ჯერ გადაუგდო ძაღლს ბოთლი. შემეცოდა ცხოველი. რომლის სახელი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ბესი შევარქვი. ბოლოს ისე იღლება, ენას გადმოადგებს და განძრევის თავი აღარ აქვს. ამ დროს ის ნაპირზე ჯდება, ამაყად ასწევს თავს, წინა ორ თათს მედიდურად დაეყრდნობა და ძალიან დიდხანს გასცქერის ზღვას. სწორედ ამ პოზაში დავხატე იგი და საოცრად ლამაზი სურათი გამომივიდა.
არ ვიცი, მეჩვენება, თუ მართლაც ასეა, მაგრამ აქ, სანაპიროზე შექმნილი ნახატები ბევრად მომწონს, ვიდრე სახლში ან სხვაგან, მწვანე ბუნებაში. თითქოს უფრო ცოცხალი და მეტყველი პეიზაჟები გამომდის. შთაგონებაც უფრო მეძალება, როცა გარუჯულ მამაკაცებს და მათთან მოფლირტავე ქალებს ვუყურებ. ჩემს ყურადღებას ყველაზე მეტად ერთი უცნობი იქცევს, ახალგაზრდა, წვერიანი მამაკაცი, რომელიც ყოველდღე მოდის სანაპიროზე.
ის, ჩვეულებრივ, ნავით მოადგება ხოლმე ნაპირს. რამდენჯერ დავაპირე, დავდარაჯებოდი და მენახა, საიდან გამოცურდებოდა მისი ნავი, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გავაკონტროლე. ისე უცებ გამოჩნდება, გეგონებათ, ზღვის ფსკერიდან ამოიმართაო. ალბათ მეთევზეა, როგორც ჩანს, გაშლილ ზღვაში შეცურავს დილაუთენია და შუადღისას დაღლილი მოადგება ნაპირს. როგორ მინდა, ერთხელაც ვკითხო, რამდენი თევზი დაიჭირა და რა ზომის, მაგრამ მასთან ახლოს მისვლას ვერ ვბედავ, მერიდება. მას ყოველთვის თან აქვს შავი, პატარა ჩემოდანი, თუმცა, რა უდევს შიგნით, ძნელი გამოსაცნობია. ნებისმიერი რამ შეიძლება იქ იდოს - ტანსაცმელი, საჭმელი, ანკესები, ჭიები… ამის გამოცნობა შეუძლებელია, რადგან მას არასდროს გაუხსნია იგი. როცა ნაპირზე გადმოდის, ჩემოდანსაც გამოიტანს და გვერდით დაიდებს ხოლმე. მის შესახებ არაფერი ვიცი და არც პავლესა და ლენასთვის მიკითხავს არასდროს. ვინ იცის, რას იფიქრებენ ჩემზე, უცნობი მამაკაცით დაინტერესდაო, ალბათ მოეწონაო. მერე შეიძლება იმ კაცსაც უთხრან, მხატვარმა ლიკამ გამოგვკითხა შენზეო, ეს კი არ მინდა.
სასიამოვნო მამაკაცი კი არის, ისე. საერთოდ, წვერიანი კაცები დიდად არ მხიბლავს, მაგრამ მას ძალიან უხდება. ვატყობ, რომ გარშემომყოფებსაც მოსწონთ იგი. ვხედავ, როგორ ესალმება ქალებს ხელის აწევით და თავისი საფირმო ღიმილით ასაჩუქრებს. მიუხედავად ამისა, მათთან ახლოს არასდროს მიდის, არც სალაპარაკოდ ჩამოუჯდება არავის. ჩემსავით, განმარტოებით გაწვება თავქვეშ ხელებამოდებული და არის თავისთვის.
ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს… არასდროს… წამითაც არ მოუქცევია ყურადღება. ქალური სიამაყე მელახებოდა ამის გამო და ცნობისმოყვარეობა მკლავდა - რატომ? მე ხომ ლამაზი ვარ. უფრო მეტიც - ძალიან ლამაზი. ბათუმში ერთ-ერთ საუკეთესო ლამაზმანად მოვიაზრები. ძალიან ბევრს მოვწონვარ, თუმცა, თავს მაბეზრებენ ამის აღიარებით-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან საშინლად უკარება ვარ, დაახლოების საშუალებას არავის ვაძლევ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რეზი გავიცანი.
ჩემი სახლი ამ ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ იქ სრულიად სხვა სამყაროა. ნეტავ შემეძლოს, უფრო მეტი დრო გავატარო აქ. მაგრამ ვინ მომცემს ამის საშუალებას? მამაჩემის გარდა, სერიოზულად არავინ აღიქვამს ჩემს ხელოვნებით დაინტერესებას. განსაკუთრებით, დედაჩემი. სულ ბუზღუნებს, მხატვარს რა პერსპექტივა აქვს საქართველოში, რა თავში იხლი ამ პროფესიას, მე შენ გეტყვი, ერთბაშად კამილა კლოდელი არ გახდეო. აი, ხომ ხედავთ! ხელოვნებაში ვერ ერკვევა, მაგრამ მხატვრები იცის და მათ შორის, ქალი-მხატვრებიც. დედა ხომ არა და არ მწყალობს ამ მხრივ, მაგრამ რეზი მთლად მძიმე შემთხვევაა. კატეგორიული წინააღმდეგია, ვხატო, არასერიოზულ საქმიანობად მიიჩნევს ჩემს პროფესიას.
სიმართლე გითხრათ, მათი აზრი საერთოდ არ მანერვიულებს. არ მადარდებს, ვის მოსწონს ჩემი ხატვით გატაცება და ვის არა. მთავარია, ჩემთვისაა მნიშვნელოვანი. მოლბერტისა და ფუნჯის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ყველაფერს დავთმობ ამქვეყნად, მაგრამ ამათ არა.
- ჩემზე კარგად იცი, რა ხშირია პლაჟზე უბედური შემთხვევები. იქაურობა ხულიგნებითაა სავსე. «მერსედესიან» გოგოს გეკადრება იაფფასიან, თითქმის უკაცრიელ ნაპირზე ჯდომა? ცენტრისკენ მაინც გამოიწიე. არ მომწონს, ყოველდღე იქ რომ დადიხარ, მაინცდამაინც ხულიგნებთან უნდა იკონტაქტო? - რეზი ცდილობს, იმბრძანებლოს ჩემზე და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს, თავისი ჭკუით, ამით მამცირებს.
- ხულიგნები რა შუაშია? - მეც ვცოფდები, - იქ ძალიან კარგი ადამიანები დადიან, თუმცა არავისთანაც არ ვმეგობრობ, მე ჩემთვის ვარ, სრულიად ცალკე. შენ კი ამ ბოლო დროს მაგარი სნობი გახდი, თითქოს უცხო პლანეტიდან იყო ჩამოფრენილი, მიწაზე ფეხს აღარ აკარებ.
- ვიცი, რასაც ვამბობ. შენ ახლა ჩამოხვედი თბილისიდან და აქაურობა სამხატვრო აკადემიის ეზო გგონია, მაგრამ ასე არ არის. ერთ მშვენიერ დღესაც ჩაგარტყამს ვიღაცა რაღაცას თავში და დარჩები ფულისა და მანქანის გარეშე. აი, ნახავ!
მის ნათქვამზე გულიანად გადავიხარხარე.
- კარგი რა, გეყოფა! დიდი ხანია, პატარა აღარ ვარ. 23 წლის გავხდი, როგორმე მოვახერხებ საკუთარი თავის დაცვას, შეგონებები არ მჭირდება!
- შენ ყოველთვის დარტყმული იყავი, ლიკა. არ მესმის შენი, გითხარი, არ მომწონს, როგორც იქცევი-მეთქი და მინდა, შეწყვიტო იქ სიარული!
- არ შემიძლია. შენს თხოვნას თუ მოთხოვნას ანგარიშს ვერ გავუწევ, რეზი. ვწუხვარ, რომ ჩემი არ გესმის.
- კი მაგრამ, რა მოგწონს იქ? რა გიზიდავს? ვინმე სიმპათიური მეზღვაური ან თბილისელი «ტო» ხომ არ გაიცანი?
- სისულელეებს ნუ იგონებ, ძალიან გთხოვ!
- მე რა ვიცი, დარწმუნებული არ ვარ. ქალის გონებაში რომ აზრები დატრიალდება, იმას რას გაუგებ!
- თუ ძალიან გაინტერესებს, ადექი და გამომყევი. იყავი ჩემ გვერდით და თვითონ ნახავ, რაც მიზიდავს.
- აუუჰ! ისედაც ვერ ვიტან ზღვას და ახლა კიდევ შენ გამოგყვე! სად მცალია სამაგისოდ, უამრავი საქმე მაქვს, იმხელა ბიზნესს მიხედვა არ უნდა?
- როგორი ტრაბახა ხარ, - გულიანად გავიცინე, - არ გაიშვას შენი ბიზნესი!
მასთან სიტყვა არ დამიძრავს წვერიან უცნობზე. იმაზე, როგორ მაინტერესებდა მისი პიროვნება და რამდენს ვფიქრობდი მასზე. რეზის შეეძლო ნებისმიერზე ეეჭვიანა, ვინც კი ერთხელ მაინც გამაყოლებდა მზერას ქუჩაში. ხანდახან სრულიად უმიზეზოდაც იწყებდა ეჭვიანობას.
ვცდილობდი, მასთან ფერწერაზე არ მელაპარაკა. ასე უკეთესი იყო, თუმცა, მინდოდა, ჩემი პროფესიისთვის პატივი ეცა, მინდოდა, ბოლოს და ბოლოს, შეეგნო, რომ ხატვა ჩემთვის კაპრიზი კი არ იყო ან დროებითი გატაცება, არამედ მოწოდება, ჩემი ცხოვრების მიზანი, საქმიანობა, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებოდი. ხატვის გარეშე ჩემი მომავალი ვერ წარმომედგინა.
ისე, ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. სამხატვრო აკადემიაში ისე ჩავაბარე, არავინ არაფერი იცოდა. მარტო გავემგზავრე თბილისში. არავისთვის მითქვამს, რომელი უნივერსიტეტი ავირჩიე, როცა მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბიზნესის ფაკულტეტს ავირჩევდი და მამაჩემის საქმეს გავაგრძელებდი. მას სასტუმროების ქსელი აქვს ბათუმსა და ქობულეთში და კარგ ფულსაც აკეთებს. ჩემი ოჯახი ცნობილია ბათუმში, მამაჩემს ყველა იცნობს… დედასაც. დღე არ გავა, დედაჩემი სილამაზის სალონს არ ეწვიოს, სჭირდება ეს, თუ არა, მაინც მიდის და ხან რა პროცედურას იტარებს და ხან რას.
როცა ჩავირიცხე, მხოლოდ მაშინ გავამჟღავნე საიდუმლო და ყველა შოკში ჩავარდა, მამაჩემის გარდა.
საოცარი მამა მყავს. ის ადვილად მიგებს. თავი დაანებეთო, ეგრევე მოაკეტინა ყველას. ბავშვს რაც უნდა, ის ისწავლოს, თვითონ ნახოს თავისი გზა და ამ თემაზე მეტი ლაპარაკი აღარ გამაგონოთო.
მაშინ რეზის არ ვიცნობდი, წელიწადია, რაც მას ვხვდები, მაგრამ გაიგო თუ არა, სამხატვრო აკადემია მქონდა დამთავრებული, თავისთვის ჩაიბურტყუნა, მხატვარ ცოლზე არასდროს მიოცნებიაო.
რეზის გახსენებაზე მოვიღუშე. წესით, ახლა ფუნჯი უნდა ავიღო ხელში და ხატვა გავაგრძელო, მაგრამ გადავიფიქრე. როცა რეზიზე ვფიქრობ, ფუნჯის მოსმა არ გამომდის, ყურადღება მეფანტება.
წამოვდექი. ბარჩხალა მზის სხივებმა თვალი მომჭრა. მოლბერტს მივუახლოვდი, რომ დაწყებული სურათისთვის შემეხედა. კარგა ხანს ვათვალიერე, მერე რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, რომ შორიდანაც შემეთვალიერებინა. მოულოდნელად ვიგრძენი, რომ ფეხი რაღაცას დავადგი.
- ვაი! - დავიყვირე შეცბუნებულმა.
- არ უნდა უყუროთ, საით მიდიხართ? - მამაკაცის უხეში ხმა გავიგონე.
შემოვბრუნდი და ადგილზე გავხევდი. სწორედ იმ წვერიანი მამაკაცის ნაცრისფერი თვალების ცხელ მზერას გადავაწყდი. რა ლამაზი თვალები ჰქონია! - ეს იყო პირველი, რამაც გონებაში გამიელვა.
მასთან ასე ახლოს პირველად აღმოვჩნდი და ვიგრძენი, როგორ ერთიანად შემაკანკალა.
- მაპატიეთ, არ შემიმჩნევიხართ, - მოვუბოდიშე.
- შუა პლაჟზე რომ დაგიდგამთ ეს თქვენი მოლბერტი, შეიძლება? ხალხს ხელს უშლით გავლა-გამოვლაში.
ერთი უყურეთ, რა ჯუჯღუნა ვიღაცა ყოფილა! ამას როგორ ვიფიქრებდი? ვერ მოვითმინე:
- უკაცრავად, მაგრამ ეს პლაჟი თქვენ გეკუთვნით, თუ როგორაა საქმე? გაჩუქათ ვინმემ, თუ?
- ეგღა მაკლია!
- მაშინ გამოდის, რომ მეც იმდენივე უფლება მაქვს აქ ყოფნის, რამდენიც თქვენ. ასე არ არის?
შემფასებლური მზერა მესროლა, თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. საინტერესოა, მოეწონა ჩემი გარუჯული სხეული? ტან-ფეხი, მკერდი, თეძოები… ნეტავ, რა გაიფიქრა ამწუთას? ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.
მეც ჯიუტად გავუსწორე თვალი. მიუხედავად იმისა, რომ წვერი ჰქონდა, არ გამჭირვებია მისი სახის საგულდაგულოდ დათვალიერება. ტუჩების მკაცრი მოხაზულობა, გამოკვეთილად მოელვარე თვალები ლამაზი ჭრილით, ხორბლისფერი კანი და ძალიან თეთრი კბილები. აი, ყველაფერი, რისი შეფასებაც მოვასწარი, სანამ კიდევ რამეს მეტყოდა.
- იქნებ დროა, დატოვოთ აქაურობა და შინ დაბრუნდეთ? ჩაჯექით თქვენს ბრწყინვალე «მერსედესში» და ჰაიდა! მოუსვით აქედან!
გაოცებულმა წამწამები ავახამხამე. როგორც ჩანს, მაკვირდებოდა. მე კი მეგონა, საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას-მეთქი. ამას კი ისიც სცოდნია, ბუნგალოს უკან გაჩერებული თეთრი «მერსედესი» რომ ჩემია. კიდევ ის გამიკვირდა, ასე უხეშად რომ მელაპარაკებოდა, თითქოს პატარა ბავშვს ტუქსავდა.
- ჯერ საქმე არ დამიმთავრებია, - ჯიბრიანი ტონით მივუგე.
- საქმე! - ჩაიფხუკუნა, - მე კი მგონია, ეს მოლბერტი უბრალოდ, შირმაა და სხვა არაფერი. არ მითხრათ, რომ თქვენს სტიქიაში ხართ. პლაჟზე სახატავად გამოსული მხატვარი ჯერ არ მინახავს.
- ახლა ხომ ნახეთ? - აღვშფოთდი, - ჰოდა, დამანებეთ თავი! რა თქვენი საქმეა, მე რით ვერთობი და სად? ხელს გიშლით? რამე გაგიფუჭეთ? როგორც ვატყობ, ყელში გაგეჩხირათ ჩემი მოლბერტი!
- თუ თქვენი «მერსედესი»? ეს უფრო უპრიანი იქნებოდა, გეთქვათ. მდიდარი მამიკოს შვილიკოებს ვერ ვიტან.
- ააა, ჩემმა მანქანამ გაგამწარათ ასე? გასაგებია, - ახლა მე ჩავიფხუკუნე.
- დიახაც! საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას არასდროს მივცემ. ზოგიერთებივით ნაქურდალი ქონებით არ ვცხოვრობ, ჩემი შრომით გამოვიმუშავებ ფულს, სხვათა შორის.
- როგორც მილიონობით სხვა ადამიანი, - დავასრულე მისი წინადადება, - და რას საქმიანობთ, თუ საიდუმლო არ არის?
- როგორ ყველანი ერთნაირები ხართ, - ზიზღით მობრიცა ტუჩები და ისე გამომხედა.
- წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობთ. ახლა კი, დიდი ბოდიში, მაგრამ იქნებ დამტოვოთ?..
- მეტიჩრები! დადიან საუკეთესო სკოლებში, მერე ღამის კლუბებში, ბარებში, ხვდებიან ფულიან ბიძებს, მამიკოს ბიჭებს, ასულელებენ ღარიბებს… შენნაირი ბევრი ვიცი!
- თქვენ რა, სიძულვილის პროგრამის სპონსორი ხართ? რა ჰქვია თქვენს გადაცემას? რა სახის პროპაგანდა-აგიტაციას ეწევით? - დავცინე.
- მომისმინეთ. მინდა, რაღაც გირჩიოთ. თუ კიდევ აპირებთ ამ ადგილზე გამოჩენას, ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ, გასაგებია?
- თქვენთვის ხელის შეშლა საერთოდ არ მიფიქრია, - ვუყვირე, - მე მხოლოდ დასახატად მოვდივარ აქ. ყოველდღე გხედავთ, მაგრამ დღემდე არ დაგლაპარაკებივართ. ახლოსაც არ გაგკარებივართ. რატომ მიყვირით, დაგიშავეთ რამე? ვინ გგონიათ თქვენი თავი? შემთხვევით დაგადგით ფეხი და რა ამბავი ამიტეხეთ. კაცი ხართ თუ…
სათქმელი ვერ დავამთავრე. არ ვიცოდი, თუ-ს მერე რა სიტყვა უნდა მეხმარა.
ამის გაგონებაზე შეცბა. სახტად დარჩენილმა რაღაცნაირად შემომხედა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და არც მე და არც ის თვალს არ ვაშორებდით ერთმანეთს. ეს უაზრო სიტუაცია ალბათ ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა, ველოსიპედიანი ბიჭი რომ არ გამოჩენილიყო, რომელმაც სცადა, მოლბერტისთვის გვერდი აექცია და კინაღამ აყირავდა.
- ესეც მე ვარ? - ახლა უკვე მშვიდი ტონით მომიბრუნდა უცნობი, - თქვენ გამო კინაღამ დაიმტვრა ბავშვი. აიღეთ მოლბერტი, შუა გზაზე რომ გაგიშლიათ.
- ჰო, მართალი ხართ, - ცრემლი ყელთან მომებჯინა, - წავალ. ახლა მთელი სანაპირო თქვენს განკარგულებაში დარჩება, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, - ძალიან მშვიდად, სრულიად აუჩქარებლად გავწმინდე ფუნჯები და აკურატულად ჩავალაგე პარკში, საღებავებთან ერთად, ხოლო ჯერ კიდევ ნოტიო ტილო სპეციალურ ყუთში მოვათავსე.
ის არ განძრეულა. მის გამო უკვე აღარ ვნერვიულობდი, მაგრამ უნებლიეთ, პარკი ხელიდან გამივარდა და ფუნჯები და საღებავები აქეთ-იქით მიმოიფანტა. მუხლებზე დავეშვი და მათ მოგროვებას შევუდექი.
- შეგეძლოთ, დამხმარებოდით, - ცალი თვალით გავხედე, მაგრამ უცნობი ადგილიდან არ დაძრულა.
თვალში მომხვდა მისი ტილოს ფეხსაცმელი, არცთუ ისე სუფთა და კარგა გვარიანად ნახმარი გახეხილი ჯინსის შარვალი. წვერიანი გამხდარი იყო, მხარბეჭიანი. მეზღვაურის უმკლავებო მაისური ეცვა. ლურჯი ფერის კეპიდან შავი, დატალღული სქელი თმის ღეროები მოუჩანდა. სამაგიეროდ, ხელები… ისეთი თლილი თითები ჰქონდა, ისეთი სწორი და გრძელი, თვალი ზედ დამრჩა, სულაც არ შეეფერებოდა მის გარეგნობას და ჩაცმულობას. ფრჩხილებმა მთლად გამაგიჟა. ასეთი მოვლილი ფრჩხილები არც ერთ მამაკაცზე არასდროს მენახა. ამასთან, აშკარად ეტყობოდა, ძლიერი ხელების პატრონი უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კოჟრი არ ჰქონდა. არც სხვა რამ ნიშანი ეტყობოდა იმისა, ფიზიკური შრომით ყოფილიყო გადაღლილი. მისი სახე გაკაჟებული მეთევზის ან მეზღვაურისას ნამდვილად არ ჰგავდა.
გაგრძელება იქნება