ნოველები

მგელთან მოხეტიალე - თავი 3

მგელთან მოხეტიალე - თავი 3
წინა თავი

- ჩემი ყველაზე ლამაზი წყვილი! როგორ მიხარია, რომ მოხვედით და დამაფასეთ!

- ეს შენ ჩვენგან, საჩუქარი, - გავუღიმე თინას და მისთვის საგანგებოდ შერჩეული სუნამო მივაწოდე, რომელიც ახლახან პარიზიდან გამოვიწერე.

- აბა, თინათინ, დღეს რა სიურპრიზი გველოდება შენგან? - ჩაიცინა რეზიმ და გახუმრების ნიშნად თინას თვალი ჩაუკრა.

- ისეთი არაფერი. რამდენიმე ახალი ნაცნობი იქნება, რომლებსაც პირველად ნახავთ. ერთი მუსიკოსია, არაჩვეულებრივად უკრავს გიტარაზე; მეორე ერთი ლამაზი გოგონაა, შარშან გავიცანი ბოდრუმში და კიდევ ჩემი ძმისშვილი მყავს
სტუმრად, მაგრამ ცოტა ძნელია ურთიერთობაში, დიდად არავის უმეგობრდება.

- ძმისშვილი? - გამიკვირდა, - არ ვიცოდი, ძმისშვილი თუ გყავდა.

- სიმართლე გითხრა, ჩემი კი არა, კარლოს ძმისშვილია, ჩემი მესამე ქმრის. კარლოს კი დავშორდი, მაგრამ ჩვენ არ ვკარგავთ ერთმანეთს. არაჩვეულებრივი ადამიანია, ოღონდ უნდა გაუგო, ცოტა თავისებური ბიჭია.

- კარლო სადაა? რას შვრება? გეკონტაქტება?

თინიკო ატკარცალდა.

- კარგადაა, რა უჭირს. ხელმეორედ დაქორწინდა. თავისივე მდივანი შეირთო. მე მბაძავს, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო. შენ თუ სამჯერ გათხოვდი, მე რატომ ვერ უნდა შევირთო მეორე ცოლიო და აჰა! შეირთო კიდევაც. იმასაც ჩემსავით არ უმართლებს. დარწმუნებული ვარ, მესამე ცოლზეც მოუწევს ფიქრი. - ხელები გაშალა თინამ და ეზოში შეგვიპატიჟა.

როგორი უცნაური ქალიცაა, ისე უცნაურად აცვია თინას. ჭრელი კაბა, ღრმად ზურგამოჭრილი. ორივე მაჯაზე სამაჯურების მთელი წყება აქვს ჩამოცმული, ყურებზე ვეებერთელა საყურე ჰკიდია და ყველა თითზე მასიური ბეჭდები წამოუცვამს. თმაც კი ალისფრად აქვს შეღებილი, თუმცა მის მწვანე თვალებს ძალიან უხდება.

- თინიკო, რამდენი წლის გახდი? - ჩურჩულით ვკითხე და ხელკავი გამოვდე, როცა კიბეზე ავდიოდით.

- ორმოცდაცამეტის, მაგრამ ჯერ თავს ბებრად არ ვგრძნობ. გული არ ბერდება, ჩემო ლიკა, გულიიი! კიდევ ერთხელ უნდა მოვასწრო გათხოვება, სიმარტოვე არ მიყვარს, ხომ იცი, - იმანაც საიდუმლოდ მიჩურჩულა და ხელზე ხელი მომითათუნა.

სასტუმრო ოთახი გაჩახჩახებული დაგვხვდა. ვერ გეტყვით, რამდენსანთლიანი იყო თინიკოს ჭაღი და ვერც დაითვლიდა ადამიანი, ისე ბრდღვიალებდა, ძნელი იყო თვალის გასწორება.

ძირითადად, ნაცნობი პუბლიკა დამხვდა. რეზიმ ჩემი თითები თავისაში ჩახლართა და წინ გამიძღვა. თვალებით ახალ ნაცნობებს ვეძებდი, მაგრამ ვერც უცნობ მუსიკოსს მივამსგავსე ვინმე, ვერც ბოდრუმში გაცნობილ გოგონას და ვერც კარლოს ძმისშვილს. ვისაც ახლოს ვიცნობდი, ხელის აწევით ვესალმებოდი, ვისაც შორიდან - მხოლოდ თავის დაკვრით.

მაგიდა დაახლოებით 30 კაცზე იყო გაშლილი. თინიკომ მე და რეზი საპატიო ადგილას დაგვსვა. მუსიკის ხმაურში სტუმართა ხმები აღარ ისმოდა.

აი, მუსიკოსიც გამოჩნდა. ამას მხარზე გადებული გიტარით მივხვდი, ცოტა მოგვიანებით უცნობი გოგონაც დავინახე ვარდისფერი მოკლე კაბით. ძალიან დაბნეული ჩანდა, ალბათ არ იყო მიჩვეული უცხო საზოგადოებაში ყოფნას. არ ჩანდა მხოლოდ კარლოს ძმისშვილი და არც მერე გამოჩენილა. როგორც ჩანს, არ ისურვა თინიკოს სამეგობროში დროის გატარება.

მხიარული საღამო გამოვიდა. მოქეიფეები უგემრიელეს კერძებს აგემოვნებდნენ, სვამდნენ, ცეკვავდნენ, ზოგი ამღერდა კიდევაც. მერე იმ მუსიკოსსაც მოუსმინეს. ის მართლაც დიდებულად უკრავდა გიტარაზე. რეზიმაც კი შემოსცხო ტაში, როცა დაკვრა დაამთავრა.

- მთელი საღამო ჩუმად ხარ და ხმას არ იღებ, - მითხრა რეზიმ, როცა საცეკვაოდ გამიწვია, - რამე არ მოგწონს?

- არა, რატომ? ძალიანაც მომწონს. უბრალოდ, ხანდახან ჩუმად ყოფნა უფრო მიზიდავს.

- ყოველთვის ასე იქცევი, როცა მთელ დღეს ჯღაბნაში ატარებ. გაგაგიჟებს ის შენი ფუნჯები და საღებავები, - დამცინა.

- ძალიან გთხოვ, რეზი, მეტჯერ აღარ მითხრა, რომ ვჯღაბნი. ამ პროცესს ხატვა ჰქვია და ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, კარგი? - მსუბუქად ვუსაყვედურე, ძლივს შევიკავე თავი, რომ რამე მწარე არ მეთქვა.

- შენი ჰობის წინააღმდეგი არ ვარ, საყვარელო. ამ მხრივ თანადგომას გიცხადებ, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ზედმეტად ხარ მაგ შენი საქმიანობით გატაცებული.

- ჰო-ო? - ამრეზით გავხედე.

- ჰო, სწორედ რომ ჰო! საქმე იმაშია, რომ დღეს-ხვალ ჩემი ცოლი უნდა გახდე. აი, მაშინ კი მოგიწევს შენი ჰობის დავიწყება.

- ჰო-ო? - ჩავიცინე.

- რა ჰო აგიტყდა? სხვა არაფრის თქმა არ შეგიძლია? - გაღიზიანებულმა შემომიტია, - რაღაც მგონია, რომ არ გინდა ჩემი ცოლობა.

- სისულელეს ნუ ლაპარაკობ. მთელმა ქალაქმა იცის, რომ შენ წლის საუკეთესო სასიძო ხარ, - ახლა მე დავცინე.

ერთი მხრივ, ეს სრული სიმართლე იყო, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ქალი სიხარულისგან გადაირეოდა, მისთვის რეზის ცოლობა რომ ეთხოვა. ის თითქმის აკმაყოფილებდა იდეალური მამაკაცის მონაცემებს. თავზე საყრელი ფული, ცნობილი ოჯახის შვილი, უამრავი ბარ-რესტორანი ბათუმში, ქობულეთსა და თბილისშიც კი. აქ, ამ წვეულებაზეც იგი ყველაზე სიმპათიურ და სასურველ მამაკაცად მოჩანდა. ჰოდა, მე რაღა დამემართა? რატომ ვყოყმანობდი?

- რომ იცოდე, მთელი ცხოვრება შენს ლოდინს არ ვაპირებ, - მისი ხმა გაფრთხილებასავით გაისმა.

საბედნიეროდ, პასუხის გაცემა არ მომიწია, რადგან სწორედ ამ დროს სხვა წყვილს დავეჯახეთ. ჩვენ დავეჯახეთ თუ სრულიად შეგნებულად ისინი დაგვეჯახნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს მათი ინიციატივა იყო, რადგან ჩვენ წინ სალომე იდგა, რეზის ყოფილი შეყვარებული, რომელიც მერიის ერთ-ერთ თანამშრომელთან ცეკვავდა. იმ ბიჭის სახელი არ ვიცოდი, უბრალოდ, როგორც შორეულ ნაცნობს, ვესალმებოდი ხოლმე.

ქერათმიანი სალომე ძალიან ლამაზი და სექსუალურია, შეიძლება ჩემზე ლამაზიც და ჩემზე სექსუალურიც. მასზე აქამდე ვეჭვიანობ, ოღონდ ცოტათი.

- ოი! პრივეტ, აი, შეხვედრაც ამას ჰქვია. რეზი, როგორ ხარ? - სალომემ უხვი ღიმილი მიაფრქვია ჩემს კავალერს, მე კი თითქოს ვერც შემამჩნია.

- დიდებულად. თავად?

- ბრწყინვალედ. არ მეტყობა? გამარჯობა, ლიკა, - როგორც იქნა, მეც მაღირსა სალამი.

- გაგიმარჯოს, - ცივად მივუგე და რეზის მხრებიდან ხელები ჩამოვიღე, აღარ მინდოდა ცეკვის გაგრძელება.

- ფიტნესკლუბში რატომ აღარ დადიხარ? სამი დღეა, არ გამოჩენილხარ, - კვლავ რეზის მიუბრუნდა და კეკლუცად გადახარა გვერდზე თავი, - ხომ მშვიდობაა შენკენ?

რეზი დაიძაბა. ამის შემჩნევა სულაც არ იყო ძნელი. ვერ მოვითმინე და მის მაგივრად მე გავეცი სალომეს პასუხი:

- რეზი მოცლილი არ არის, ყოველდღე ვერ ივლის გასართობად, საქმეები აქვს, - აგრესიულად გამომივიდა.

რეზიმ, დაძაბული სიტუაციის განსამუხტავად, მაჯაში ჩამავლო ხელი და ძლიერად მომიჭირა.

- წამო, ჰაერზე გავიდეთ, აქ ძალიან ჩაიხუთა, - მოგუდული ხმით მითხრა და მთელი სისწრაფით გამომაქცუნა დარბაზიდან.

ხელს არა და არ მიშვებდა. მაჯა მეტკინა.

- ასე რატომ ელაპარაკე სალომეს? ვერ დავინახე ამის საჭიროება. არ გგონია, რომ ცოტა უხეშად გამოგივიდა? - ყვიროდა რეზი, - შენ თუ ასე…

- რა, მე თუ ასე? - გავაწყვეტინე.

მან მკლავებში მომიწყვდია.

- იქნებ აქამდე ეჭვიანობ მასზე?

- მე ის არ მომწონს და არც არასდროს მომწონდა, - ძალიან მშვიდი ტონით მივუგე.

- ჩემ გამო, ხომ? - გამიღიმა სრულიად დაწყნარებულმა.

როგორც ჩანს, ესიამოვნა, კინაღამ ეჭვიანობის სცენა რომ გავმართე. როგორი თავდაჯერებულია. ჰგონია, რომ მის გამო ვერ ვიტან სალომეს. არადა, სად იყო რეზი, როცა მე ეს გოგო ავითვალწუნე. მაშინ მას საერთოდ არ ვიცნობდი.

- ახლა კი, რადგან განვმარტოვდით, დროა, ჩვენს ქორწილზეც ვილაპარაკოთ, - თემას გადაუხვია რეზიმ და უფრო მძლავრად მიმიხუტა მკერდზე…

ეს მოთხოვნა უფრო იყო რეზის მხრიდან, ვიდრე წინადადება. მაღიზიანებდა მისი თავდაჯერებულობა, რომელიც თავმომწონეობაში უფრო გადასდიოდა. რა უცნაურია, ასეთი მამაკაცები არასდროს მხიბლავდა და რა ბზიკმა მიკბინა, როცა მასზე შევაჩერე არჩევანი? რამ მიმიზიდა მასში? ალბათ უფრო გარეგნობამ. სხვა ისეთი, დადებითი და თვალში საცემი არაფერი გააჩნდა. არც დიდი ინტელექტით გამოირჩეოდა და არც ისე საინტერესო მოსაუბრე იყო. იუმორი საერთოდ არ ესმოდა. არადა, საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა, მისი იმედი რომ უნდა გამეცრუებინა. თავს ძალას ვატანდი, ბოლოს და ბოლოს, «ჰო» მეთქვა და წერტილი დამესვა ამ «კატა-თაგვობანა» ურთიერთობისთვის, მაგრამ გამიჭირდა. აშკარა იყო, ისე არ მიყვარდა, როგორც უნდა მყვარებოდა. უსიყვარულოდ გათხოვება კი რა ხეირს მომიტანდა? თუმცა, სიყვარულით შექმნილი და მალევე დანგრეული ოჯახებიც ბევრი მინახავს. ამიტომ წინასწარ არავინ იცის, როდის როგორ ჯობია. არადა, მერამდენე კვირაა, ვებრძვი ჩემს თავს, გამოსავალს კი ვერ ვპოულობ. რა ძნელი ყოფილა, თავისუფლად ამოთქვა ან «ჰო», ან «არა».

- ახლა კი ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ, როდის ვიქორწინოთ. ასჯერ გთხოვე, შენ თვითონ დათქვი თარიღი-მეთქი, მაგრამ არც მახსოვს, მერამდენედ გადადე. რამე ისე ვერ არის, ლიკა?

ღრმად ამოვიოხრე და შევეცადე, რაც შეიძლებოდა, მშვიდად მეპასუხა:

- დრო მჭირდება, რეზი. უბრალოდ, კიდევ მჭირდება ცოტა დრო.

- დრო! მე შენ საკმარისი დრო მოგეცი და მთელი ნახევარი წელია, მოთმინებით გელოდები. შენ კიდევ…

- მე კიდევ ჯერ მზად არ ვარ. რით ვერ გაიგე? ნუთუ ასე გიძნელდება, გამიგო?

- მზად არ არის! გამაგიჟებს ეს გოგო! ეს რა მიზეზია? რა გავაკეთო? ის მაინც მითხარი, ოდესმე იქნები მზად? თუ ჩემს მოთმინებას ცდი?

- რეზი, ძალიან გთხოვ, გამიგო, რა. შეეცადე მაინც. საერთოდ არ გაინტერესებს, რა მდგომარეობაში ვარ, შენ მხოლოდ ერთი რამ გიტრიალებს თავში. მე კი…

- არ მაინტერესებს? მეტს რას მოითხოვ ჩემგან? ვიცეკვო? ვიმღერო, თუ ყირაზე დავდგე? ბოლო დროს სულ გამირბიხარ. ჩემ გვერდით ყოფნას პლაჟზე დგომა და ჯღაბვნა გირჩევნია. გგონია, ვერ ვხვდები?

- შენ ჩემს პროფესიას საერთოდ არ სცემ პატივს და კიდევ ცოლობას მთხოვ! როგორ არ გრცხვენია… - ცრემლები მომერია, იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.

- კარგი, ჰო, მაპატიე. არ მინდოდა შენი გულისტკენა. მითხარი, რა გავაკეთო ან შენ რამდენი დრო გჭირდება, ჯანდაბას ჩემი თავი.

- მინდა ამ ზაფხულს სადმე წავიდე. მარტო ყოფნა მსურს. დრო მჭირდება. უნდა ვხატო, თან უნდა ვიფიქრო, მართლა ის ვარ თუ არა, ვინც შენ გჭირდება. ან შენ ხარ თუ არა ის, ვინც მე მჭირდება.

იმ წუთას რეზის პასუხი არ გაუცია. მისი რეაქციიდან გამომდინარე, ვიფიქრე, საერთოდ არ მისმენს-მეთქი. შემდეგ შევამჩნიე, როგორ დაეჭიმა მხრები.

- აბა, ერთი უყურე! - აბობოქრდა ბოლოს, - და მერე? შენ რომ მერე უარი მითხრა, მე ფუჭად ლოდინი უნდა გამომივიდეს, არა? რატომ გიყვარს სხვის გრძნობებზე თამაში, ლიკა? ნუთუ შენთვის საკმარისი არ არის, რომ მიყვარხარ?

«სამაგიეროდ, მე არ მიყვარხარ», - გავიფიქრე და ზუსტად ისეთი გამომეტყველებით შევხედე, როგორითაც ამ სიტყვებს ვეტყოდი.

მაგრამ ჩემს გამოხედვაში მან ეს ვერ დაიჭირა.

ბოლო დროს გამგზავრება ამეკვიატა. ისე მხიბლავდა ამაზე ფიქრი, სხვა აზრი აღარ მიტრიალებდა გონებაში. მინდოდა, სადმე განმარტოებულ ადგილას მოვხვედრილიყავი, ზღვის სანაპიროზე, სადაც შემეძლო მეხატა, მეხატა, მეხატა… თან ყველაფერი ამეწონ-დამეწონა, გადამაფასებინა ჩემი ცხოვრება და გადამეწყვიტა, რა მომეხერხებინა მისთვის, ასეთი გაურკვეველი რომ არ ყოფილიყო.

- მადლობა იმისთვის, რომ გიყვარვარ, - შევეცადე, გამეღიმა, - მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არ გინდა, მეც იგივე გითხრა? დარწმუნებული ვარ, გინდა, ჰოდა, მაცალე! - ჯიბრში ჩავუდექი.

- რა გადაკრული ნათქვამია, რაღაც ვერ გავიგე.

- არავითარი გადაკრული! მე გითხარი, დრო მჭირდება-მეთქი. მორჩა და გათავდა!

- მაგრამ შენ ხომ მეუბნებოდი, მიყვარხარო? - იდაყვზე მტაცა ხელი და ისე მომიჭირა, ძვლებმა ტკაცანი გაიღო, _ შენ მე უკვე მითხარი ეს! - ამ სიტყვებით მხრებზე მომხვია ხელი და ტუჩებში მაკოცა.

არ გავძალიანებივარ. ეს უფრო დაძაბავდა სიტუაციას, მაგრამ ვიგრძენი, რომ ახლა მისი კოცნაც აღარ მსიამოვნებდა. მერე უცებ შემიშვა ხელი და გვერდულად გამომხედა.

- კი მაგრამ, თუ არ მოვისურვე მთელი ზაფხული შენს მოლოდინში გატარება? რა უნდა ვქნა, დავჯდე და ველოდო, სანამ შენს უაზრო საღებავებთან ერთობი?

მის ტონში სარკაზმი ადვილი შესამჩნევი იყო. მშვიდად შევხვდი მის ნათქვამს, მხრები ავიჩეჩე და დინჯად მივუგე:

- რაც გაგიხარდება, ის თქვი, ჩემთვის სულერთია. საქმე ისაა, რომ ვერავინ გადამათქმევინებს.

- ანუ მაინც წახვალ და შენთვის სულერთია, მე მჭირდები თუ არა? ამის თქმა გინდოდა? გინდა მითხრა, რომ ზურგი ასე მარტივად უნდა შემაქციო?

- ყველა ქალს სჭირდება ცხოვრებაში ერთხელ მაინც განმარტოება.

- პირველად მესმის ასეთი რამე! - გაღიზიანებას ვერ მალავდა რეზი, - ალბათ მხატვრებს გახასიათებთ ასეთი უცნაური ახირებები. არ მესმის, სანამ მე გამიცნობდი, ცოტა დრო გქონდა განმარტოებისთვის? სულ მარტო არ იყავი? რაღა ახლა მოგინდა სიმარტოვე? რა, გათხოვების გეშინია?

შემრიგებლურად გავუცინე, რათა მისი სიბრაზე როგორმე გამენეიტრალებინა.

- რადგან პირველად გესმის, ესე იგი, ქალებს შორის პირველი ვარ ამ მხრივ, მაგრამ სიტუაცია მართლა ასეა, რეზი და გთხოვ, ნუ მიბრაზდები.

მან თავი ნერვულად გადააქნია.

- არ მომწონს ეს ყველაფერი! არ მესმის, რა ახირებაა! შენ რომ წახვალ, მე რა გავაკეთო? უშენოდ რა გამაჩერებს?

- რატომ? ხომ ამბობდი, უამრავი საქმე მაქვსო. მოლაპარაკებებიო, თათბირებიო… იდეალური მომენტია ამისთვის! ასე რომ, ორივესთვის ასე აჯობებს, ერთხელ მეც დამიჯერე.

ვერაფრით დაოკდა. ბოლთის ცემას მოყვა, თან სიგარეტს ეწეოდა. ისეთ ღრმა ნაფაზებს არტყამდა, თითქოს დიდი ხანია, არ მოუწევიაო. ბოლოს, როგორც იქნა, წკიპურტით მოისროლა ნამწვი სიბნელეში და ცივი ხმით ამოთქვა:

- მე დროსტარებას ვაგრძელებ. ყელში ამომივიდა შენი სისულელეების მოსმენა! - ამ სიტყვებით ოთახში შებრუნდა და მარტო დამტოვა.

ვიცოდი, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდებოდა. მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო? ვერაფერს შევცვლიდი. რა, ავმდგარიყავი და ხვალვე გავყოლოდი ცოლად, რადგან მას ასე უნდოდა? არავითარ შემთხვევაში! ეს უსამართლობა იქნებოდა მისთვისაც და ჩემთვისაც. მორჩა! გადაწყვეტილია! ზაფხულს მარტო გავატარებ. ჩავაგდებ მანქანაში საღებავებს, ტილოებს და წავალ. მაგრამ ჯერ უნდა მოვიფიქრო, სად წავიდე.

მეც შევბრუნდი ოთახში და თვალებით თინიკოს დავუწყე ძებნა. უეცრად რეზის მოვკარი თვალი, რომელიც სალომესთან ცეკვავდა. მჭიდროდ მიეხუტებინა ქალი მკერდზე და მასთან ერთად გულიანად იცინოდა. ამის დამნახავს გული რაღაცნაირად შემიტოკდა. როგორც ჩანს, ასე უნდა, ჩემზე შური იძიოს. შემახსენა, რომ სულაც არ ვარ ამ სამყაროში ერთადერთი ლამაზი ქალი.

ამ დროს თინიკოც დავინახე. ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა, რომელიც აქამდე არ შემიმჩნევია, მაგრამ სანამ მოსაუბრეებს მივუახლოვდებოდი, უცნობი თინას დაემშვიდობა და დარბაზიდან გავიდა.

- თინი…

თინიკო ღიმილით შემობრუნდა ჩემი ხმის გაგონებაზე, ბოკალიანი ხელი მაღლა ასწია და მხიარულად შესძახა:

- შენი დღეგრძელობისა იყოს, ჩემო ძალიან ლამაზო! კარგად გაერთე?

- არაჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის. რაღაც მინდა გთხოვო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, კარგი?

თინიკო უფრო ახლოს მოვიდა და გამომცდელი მზერა მესროლა. ის მიჩვეული იყო, მის ირგვლივ ყველასთვის გაეწოდებინა დახმარების ხელი. ამიტომ შემომხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ მისი დახმარება მეც მჭირდებოდა.

- აბა, მითხარი, რა შემიძლია შენთვის? - მოუთმენლობა დაეტყო ხმაში.

- მირჩიე, სად დავისვენო ამ ზაფხულს. საქართველოდან წასვლა არ მინდა, აქვე, სადმე ახლოს, მაგრამ აუცილებლად ზღვაზე…

- ვისთან ერთად? - ხაზგასმით მკითხა.

- არც არავისთან. მარტო, ჩემთვის. მარტოდმარტო მინდა ყოფნა.

- აჰა… გასაგებია. და როგორ ადგილს ეძებ? ქოხი, ქვიშა, პლაჟი და რამე? - გადაიკისკისა.

- ჰო, დაახლოებით, ოღონდ ხალხმრავლობა ნუ იქნება, სიწყნარე მინდა.

- იცი, რა? - წამით ჩაფიქრდა, - მე მაქვს ერთი ვარიანტი, მაგრამ ვაპირებდი… თუმცა, არა უშავს. რას იტყვი, ფოთში რომ გაგიშვა?

- ფოთში? იქ სად? ვისთან?

- ჩემს სახლში. არ იცი, იქ სახლი რომ მაქვს?

- არა, არ ვიცი.

- ეეე. რას ამბობ! ისეთი სახლი მაქვს, ავ თვალს რომ არ ენახვება. მაგრამ ქოხი არ არის. სასტუმრო მინდოდა გამეხსნა. ჯერ კოტეჯი ჩავდგი, მაგრამ მერე უკეთესი მომინდა და ორსართულიანიც ავაშენე ყველანაირი კომფორტით.

- მერე?

- მერე რა, ფოთში ჩამკვდარია ცხოვრება. ადრე რომ იყო, ისე აღარაა. ტურისტები კანტიკუნტად ჩამოდიან. ვის რაში სჭირდება ჩემი სასტუმრო. ამიტომ დაკეტილია. ერთ ცოლ-ქმარს მივაბარე და ისინი უვლიან. აღარც ჩავდივარ. თან ხომ იცი, იქ როგორი «ჯიშიანი» კოღოები იცის, თუმცა სახლში ამას ვერ იგრძნობ, დაგმანულია ყველაფერი.

- კოღოების არ მეშინია, აქაც არ გვაკლია ეგ «ბედნიერება», მაგრამ ახლა იმდენი რაღაც გამოიგონეს კოღოების საწინააღმდეგო, ეგ აღარ არის პრობლემა.

- მაშინ რა გიშლის ხელს? მაგარი სახლია, მაგარ ადგილას. მალთაყვისკენ. დგას განმარტოებით. ორას მეტრში არც ერთი მეზობელი არ ცხოვრობს. მგელი იქ არ არის და დათვი. იქნები შენთვის და ხატე, რამდენიც გინდა.

- მართლა? რა მაგარია! - ისე გამიხარდა, ტაში შემოვკარი.

- ახლა ის მითხარი, ასეთი გადაწყვეტილება რამ მიგაღებინა? რა ხდება შენს ცხოვრებაში? - დაჟინებით შემომხედა, თვალს არ მაცილებდა.

- უნდა ვხატო.

- ეგ პასუხი არ მაკმაყოფილებს. ხატვა რა, აქ არ შეგიძლია? - ეჭვიანი გაუხდა გამოხედვა.

- ჰო, მაგრამ მარტო რომ ხარ, სხვა შეგრძნებაა.

- აქ რაღაც ისე არ არის, როგორც შენ ჩამოარაკრაკე. არ გინდა, მითხრა? არ მენდობი?

- შენ თუ არ გენდობი, ვიღას ვენდობი? - ხელი მოვხვიე და ვაკოცე, - უნდა ვიფიქრო, თინი. არ ვიცი, მინდა თუ არა რეზისთან ურთიერთობის გაგრძელება. არ ვარ დარწმუნებული, რომ მიყვარს. თანაც ეს გათხოვება… მგონია, რომ არ ვარ ამისთვის მზად. სად მეჩქარება? ხომ უნდა დავრწმუნდე, ვდგამ თუ არა სწორ ნაბიჯს?

- აჰაა. ეს უკვე საინტერესოა. გინდა, სიმართლე გითხრა? არასდროს მჯეროდა, რომ რეზი შენთვისაა შექმნილი. ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ შენ სულ სხვანაირი ადამიანი გჭირდება. მაპატიე, მაგრამ არ შემეძლო, არ მეთქვა. ამას იმ დღიდან ვფიქრობ, პირველად რომ დაგინახეთ ერთად. გამორჩეული წყვილი ხართ, მაგრამ… არ გეწყინოს… შენი იდეა ბრწყინვალეა, წადი, ხვალვე წადი, არ გადადო. ახლავე მოგცემ გასაღებს.

- არა, ახლა არ მინდა. ხვალ დილით გამოგივლი. ისე, მე დიდი ხნით მჭირდება სახლი, სექტემბრამდე მაინც.

- რა პრობლემაა? თუ გინდა, იანვრამდე იყოს, - გულღიად გამიცინა.

- ოჰ, თინი! შენ საოცრება ხარ! - გადავეხვიე გულაჩუყებული და ვაკოცე და ვაკოცე.

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93