მოულოდნელად მან ეშმაკური ღიმილით შემომხედა და იდუმალი ხმით ჩაილაპარაკა:
- იმედია, მერე არ გადაიფიქრებ.
- რას? - ვერ მივხვდი, რა იგულისხმა, მაგრამ სანამ შევეკითხებოდი, სწრაფი ნაბიჯებით გამეცალა და სტუმრებს შეუერთდა.
საღამო კი გრძელდებოდა. მამაკაცები დათვრნენ, ქალები იცინოდნენ, წყვილები ცეკვავდნენ. რეზი სალომეს არ შორდებოდა გვერდიდან, თითქოს სამაგიეროს მიხდიდა. შევყურებდი მათ და ვცდილობდი, არ გავღიზიანებულიყავი, მაგრამ როცა მესამედ და მეოთხედაც მასთან გააგრძელა ჩემმა საქმრომ ცეკვა, მოთმინების ფიალა ამევსო. არავისთვის არაფერი მითქვამს, ისე გავედი ქუჩაში, რათა ტაქსი გამეჩერებინა.
როგორც ჩანს, რეზის ცალი თვალი ჩემკენ ჰქონდა. მიხვდა, წასვლას რომ ვაპირებდი და გამომეკიდა.
- რას აპირებ? - აგდებით მკითხა.
- შინ მივდივარ. როგორ მოხდა, რომ «იმას» მოსწყდი? - სახელი არ ვახსენე.
- სალომე კარგი პარტნიორია.
- რა სასიამოვნო მოსასმენია! - გველურად გავიცინე.
- მომისმინე, ლიკა. ამოიგდე თავიდან ეს სისულელეები და ცხოვრებაში არ გავიხედავ სალისკენ.
- სალისკენ… - გავიმეორე, - ახლა სალიც გახდა, არა? - მერე თავი ავწიე და ჯიქურ შევხედე თვალებში, - და თუ ასე არ მოვიქცევი?
რეზიმ სიგარეტს მოუკიდა. სანთებელამ მისი სახე გაანათა. რა ლამაზია, ისე. მახსოვს, მასთან შეხვედრა რომ დავიწყე, აღფრთოვანებული ვიყავი. იქნებ არც შეცვლილა ჩემი გრძნობები და ეს ყველაფერი მხოლოდ უაზრო ახირებაა?
- რატომ იქცევი ასე შტერულად? - რეზიმ სიგარეტი ტუჩებშუა მოიქცია და საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო.
- შტერულად სულაც არ ვიქცევი. უბრალოდ, მინდა ეს ზაფხული მარტომ გავატარო.
- მაგრამ მე არ მომწონს შენი იდეა. რაღაც-რაღაცები საეჭვოდ მეჩვენება. თუ მაინცდამაინც ხატვა გინდა, აქ რა გიშლის ხელს? აქ პლაჟზე არ ხარ მარტო თუ?
- იცი, რა? უკვე აღარ მინდა გეკამათო. თუ ჩემთან ჩხუბი გინდა, აჯობებს, სალომესთან დაბრუნდე.
მან ჩემი მაჯა თითებში მოიმწყვდია და გესლიანად მითხრა:
- თავისუფლად შემიძლია ამის გაკეთება, თუ მოვისურვე. შენ ის მითხარი, საით აპირებ წასვლას? კიდევ ვინ იქნება შენთან ერთად? იქ ვინ გხვდება?
- აიჭერი, არა? - ცივად გავაშვებინე მაჯა, - თინიკოს აქვს სახლში ფოთში და იქ მივდივარ. სახლი დაკეტილია, იქ არავინ ცხოვრობს. ვიქნები მარტო, ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება?
- არავინ! რატომ უნდა ვიყო ამაში დარწმუნებული? რატომ უნდა გენდო სიტყვაზე? აქ არ იკლებ უცნობებთან საუბრით თავის შექცევას, როცა სახატავად გადიხარ და რა გარანტია მაქვს, რომ იქ უარესს არ იზამ? რატომ უნდა დავიჯერო, რომ მარტო იქნები? - დაეჭვებით მკითხა.
ბრაზი უფრო და უფრო მერეოდა. განრისხებისგან გონებას გუგუნი გაუდიოდა.
- რომ გყვარებოდი, მიხვდებოდი, რა მინდა და ცოტა უფრო მეტი ნდობა გექნებოდა ჩემდამი!
რეზიმ სიგარეტი ასფალტზე მოისროლა და მხრებში ჩამავლო ხელი. გაძალიანება ვცადე, მაგრამ ვერ მოვასწარი, კვლავ ტუჩებში წამეტანა. კარგი კოცნა კი იცოდა, მაგრამ ჩემში მისი კოცნა აღარ იწვევდა ვნებათაღელვას.
- არ წახვიდე, პატარავ, გთხოვ, არ დამტოვო!
წამით ცდუნებამ მძლია, ლამის დავთანხმდი მის თხოვნას და გამგზავრებასაც გადავდებდი, მაგრამ მეორე წუთს მსწრაფლ გადავიფიქრე.
- უნდა წავიდე, რეზი… ხვალვე.
მან შეიგინა. კარგა ხანს იყვირა, ეჭვიანობის სცენები გამიმართა. არ ვიცი, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, უეცრად ტაქსი რომ არ გამოჩენილიყო. ხელი ავუწიე და გავაჩერე. ცრემლები მახრჩობდა.
- მიდი, წაეთრიე! - მიღრიალა, როცა მანქანაში ვჯდებოდი, - მე კი შევალ და სალომესთან გავერთობი.
არაფერი ვუპასუხე. არც ის დაელოდა, როდის დაიძვრებოდა ტაქსი, მკვეთრად შეტრიალდა და ეზოში შევიდა.
როგორც კი ტაქსიში ჩავჯექი, ცრემლებმა გზა იპოვა. ძლივძლივობით ვუკარნახე მძღოლს მისამართი. უხმოდ ვტიროდი. აი, მესმის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი! ასეთ სიტუაციაში როგორ წავიდე? ეს ხომ, ფაქტობრივად, დაშორებას ნიშნავს? ამ ფიქრებში გართულმა ვერც გავიგე, როგორ მივაღწიე სახლამდე. მძღოლს ფული მივაწოდე და შინ შევირბინე.
სასტუმრო ოთახში ჯერ კიდევ ენთო შუქი. მამა მაგიდასთან იჯდა და თავის საქაღალდეებს ჩაჰკირკიტებდა, დედა კი სავარძელში მოკალათებულიყო და თვლემდა.
- ასე ადრე რატომ დაბრუნდი? - მამამ კალამი გვერდზე გადადო და საქაღალდე დახურა.
- როგორი დრო ატარე? - დედაც გამოფხიზლდა და თვალების ფშვნეტით შემომხედა.
- ჩვეულებრივად, - უხასიათოდ მივუგე, - მომისმინეთ ორივემ, რაღაც უნდა გითხრათ.
- დათქვით ქორწილის დღე? გეშველათ? აქამდეც უნდა მიგეღო გადაწყვეტილება, - «მიმიხვდა» დედა.
- არა, დე, არაფერიც არ დაგვითქვამს. არსადაც არ მეჩქარება, თუ ძალიან გაინტერესებს. მე ხვალ ბათუმიდან მივდივარ. მთელი ზაფხული არ ვიქნები. თინიკომ თავისი სახლი დამითმო. ვიქნები მარტო და ჩემ გემოზე ვიმუშავებ.
დედა სავარძლიდან წამოხტა. მამამ წარბები აზიდა.
- გაგიჟდი, გოგო? - დედამ დოინჯი შემოიყარა, - როგორ შეგიძლია ასე მოქცევა? იმ ბიჭს რას უპირებ? არ გრცხვენია მაინც?
მამამ კი გაიღიმა და ხმადაბლა მითხრა:
- ესე იგი, გადაწყვიტე, არა? კარგი გიქნია. შენთვის ახლა ეს აუცილებელია, შვილო.
- რას ეუბნები, ადამიანო! კიდევ მაგის თქმა უნდა? ვერ ხედავ, რა აზრები უტრიალებს თავში? - დედამ ჩემკენ გამოიწია, - რეზის მარტო დატოვება იქნება ახლა? არ იცი, ის გოგო როგორ არის ჩასაფრებული?
- ვინ გოგო? - დაინტერესდა მამა.
- ვინ და ის სალომე! ეგრევე ისარგებლებს სიტუაციით. ამ შანსს ხელიდან გაუშვებს? შენ გამო დაშორდა რეზი მაგ ქალს, ნუთუ არ გახსოვს?
- არა, დედა, ჩემ გამო არა, - ხაზგასმით ვიუარე, - როცა რეზი გავიცანი, ისინი უკვე აღარ იყვნენ ერთად.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, - უარესად აფეთქდა დედა, - კაცის დათრევას ერთი წამი უნდა. საკმარისია, ყურადღება მოადუნო, რომ…
- აბა, აბა! - ხმას აუწია მამამ და ისიც წამოდგა, - ასეთი რამეები ჩემს ყურს არ გააგონო, ქალბატონო! - უსაყვედურა დედას, - ბევრჯერ მოგიდუნებია ყურადღება, მაგრამ შენი მიტოვება თავში აზრადაც არ მომსვლია. თუ უყვარს, ვერავინ გადაიბირებს და თუ არ უყვარს, მაშინ ეგეთი კაცი არც არაფერში სჭირდება ჩემს შვილს. არავის შესახვეწი არაფერი სჭირს. «დასტოინი» კაცები დაილია ქვეყანაზე, თუ რა? - მამამ მომხედა და თვალი ჩამიკრა.
- რა საძაგელი კაცი ხარ! - აღშფოთდა დედა, - ამას უნდა ასწავლიდე ერთადერთ შვილს? მთელმა ქვეყანამ იცის, მაგ ბიჭს რომ უნდა გაჰყვეს ცოლად. გინდა, ყველაფერი ჩაუშალო? თვალებში როგორ შევხედო მერე ხალხს?
- ხალხის დედაც… - ხელი აიქნია მამამ, - მთავარია, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი, - ამ სიტყვებით მომიახლოვდა და მხარზე ხელი გადამხვია. - მე მას ვენდობი და შენც იმავეს გირჩევ. ჩვენი გოგონა საამაყო შვილია, არ დაგავიწყდეს!
დედამ ამოიკვნესა და კვლავ სავარძელს მიაშურა. ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენი თავი. დედაჩემის სიტყვები მტკივნეულ ადგილას მომხვდა, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი.
- მოდით, ხვალ დილით ვილაპარაკოთ ამაზე. ორივეს ყველაფერს აგიხსნით, - სიტუაციის განმუხტვა ვცადე.
- ხვალვე აპირებ წასვლას, არა? - დაიხრიალა დედამ, როგორც ჩანს, ყვირილისგან ხმა ჩაუწყდა.
- რაც მალე, მით უკეთესი, - მტკიცედ წარმოვთქვი, - ღამე მშვიდობისა, - დავემშვიდობე ორივეს და საძინებელს მივაშურე.
კიდევ კარგა ხანს მესმოდა ჩემი მშობლების კამათი. სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა? ისინი ჩემ გამო კამათობდნენ, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა.
კარგა ხანს მიმოვდიოდი ოთახში. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. მაინტერესებდა, რეზი ისევ იქ იყო, თინიკოსთან, თუ უკვე წამოვიდა? იქნებ ისევ სალომესთან ცეკვითაა გართული? მერე სახლშიც გააცილებს ალბათ. არა, უნდა დავივიწყო ერთიც და მეორეც და ჩემი ნივთების ჩალაგებას შევუდგე. ჭირსაც წაუღია სალომე, ჯანდაბამდის გზა ჰქონია. ტყუილად არ მეჯავრებოდა მთელი ცხოვრება. ყოველთვის ვიცოდი, რა საზიზღარი ვინმეც იყო.
ბევრ ტანსაცმელს არ წავიღებ, მხოლოდ იმას, რაც აუცილებლად დამჭირდება. თუ რამეა და, ჩამოვალ, აქვე არ არის? რა შორს ფოთია? შორტები არ დამრჩეს, მაისურები, ორიოდე სარაფანი… თბილ ჩასაცმელსაც გავაყოლებ ხელს, იქ ისეთი წვიმები იცის ხანდახან, თუ დაიწყო, კვირობით არ გადაიღებს ხოლმე. საცურაო კოსტიუმები არ დამავიწყდეს. ერთ საღამოს კაბასაც გავაყოლებ, რა იცი, რა ხდება. ამ უკანასკნელზე გამეცინა. ფოთში სად უნდა დამჭირდეს საღამოს კაბა? მე შენ გეტყვი, იქაც დამპატიჟებს ვინმე დაბადების დღეებზე ან რესტორანში. უცებ არ გამომიჩნდნენ თაყვანისმცემლები. თუმცა, რა იცი? ეშმაკს არ სძინავს. მაინც გავიყოლებ, ჩემი რა მიდის? ერთი-ორი გამოსასვლელი კაბა არ დამამძიმებს.
ჩალაგებას მალე მოვრჩი და დასაძინებლად დავწექი, ასეთი შფოთიანი ღამე კარგა ხანია, არ მქონია. ვინ იცის, რამდენჯერ შევცვალე გადაწყვეტილება. ჯერ დარჩენა ვიფიქრე, მერე ისევ გამგზავრება… საბოლოოდ მაინც წასვლა ვამჯობინე და, როგორც იქნა, ფიქრისგან დაღლილს, მშვიდად ჩამეძინა…
8 8 8
დილით დედას შედარებით მშვიდი სახე ჰქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი გამგზავრების იდეას უკვე შეეგუა. ეს უდავოდ მამას დამსახურება იყო.
- ჩემგან რამე გჭირდება? - მკითხა მამამ, - ფული ხომ არ დაგიმატო?
- არა, მამი, ვფიქრობ, მეყოფა. რაში უნდა დამჭირდეს?
- მაინც წაიღე, რა იცი, რა ხდება, - უკმაყოფილო ხმით დააყოლა დედამ და ოთხად გაკეცილი ასლარიანები გამომიწოდა.
- ჩემზე არ იდარდოთ, ეს ორივეს გეხებათ! - ფული გამოვართვი და «მაპატიეს» გამომხატველი ღიმილი მოვიშველიე.
- კი მაგრამ, იმ ბიჭს რა უპირებ? - მაინც ვერ მოითმინა დედამ.
დედაჩემის შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე, რადგან რეზის გახსენებაზე გული უსიამოვნოდ შემეკუმშა. მეგონა, გამგზავრების წინ მაინც დამირეკავდა და შევრიგდებოდით, თუმცა არა. ვიფიქრე, მე თვითონ დავურეკავ-მეთქი, მაგრამ ჩემმა სიამაყემ არ დამანება.
მამა დამეხმარა ნივთების საბარგულში ჩალაგებაში. არაფერს წავიღებ-მეთქი და რამდენი დაგროვდა. ყველა ქალი ერთნაირია, რა! ჩვენი გამოსწორება არ იქნება.
- რეზის არ დაურეკავ, შვილო? - შემახსენა მამამ.
- არა. წუხელ ვიჩხუბეთ, ოღონდ დედას არ უთხრა, ისედაც განერვიულებია.
მამამ თავი გადააქნია.
- ცუდად ვიქცევი, არა? - შევჩივლე, - შენი აზრით, უნდა დავრჩე?
მან სიყვარულით შემომხედა, მხარზე მომხვია ხელი და დაყვავებით მომიგო:
- რეზიზე არ იდარდო, დამშვიდდება. შენ კი უნდა წახვიდე, რახან არ იშლი. გააკეთე შენი საქმე. გიყვარს ხატვა? ხატე, ხელს არავინ შეგიშლის. როცა გათხოვდები, ამის დრო აღარ გექნება. შენ იცი, კარგი დრო გაატარე.
- მიყვარხარ, მამიკო, - მთელი სახე დავუკოცნე ჩემს საოცარ მამას.
თხუთმეტ წუთში თინასთან ვიყავი. ზუსტად საუზმეზე შევუსწარი. თმაც კი არ დაევარცხნა ჯერ, გაბურძგნილი იჯდა. უმაკიაჟოდ აშკარად ეტყობოდა ასაკი. მან ხელი დამიქნია და სანამ მაგიდას მივუჯდებოდი, ფინჯანი ყავა გამიმზადა.
- დაჯექი, რაღაც უნდა გითხრა, - ლუკმით გამოტენილი პირი გამართულად ლაპარაკში ხელს უშლიდა.
- არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა, თინი! გადამარჩინე!
- მთავარია, მოგეწონოს იქაურობა, მადლობა მერე იყოს. დიდი ეჭვი მაქვს, არ მოიწყენ, - მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა.
- ეგ ეჭვი მეც მაქვს, - გავიხუმრე და ფინჯანი ჩემკენ მოვწიე.
- შაქარი არ ჩამიყრია, - თითით ყავაზე მანიშნა.
- იყოს, უშაქრო უფრო გამომაფხიზლებს. წუხელ ცუდად მეძინა.
- არა უშავს, არც ისე შორი გზა გაქვს გასავლელი, - დამამშვიდა თინიკომ, - როგორც კი ფოთში შეხვალ, ბაზართან მეექვსე ჯიხური იკითხე. იქ ახალგაზრდა ცოლქ-მარი მუშაობს - ბიბი და ქეთი, ყველს ყიდიან. თუ რამე დაგჭირდეს, მაგათ დაუკავშირდი. ცუდი ის არის, რომ სახლში ტელეფონი არ მუშაობს, მთელი წელია, არ გადამიხდია. იმედია, მობილური გაქვს.
- არა, შეგნებულად არ წამოვიღე, დავტოვე და ძალიანაც კმაყოფილი ვარ. არ მინდა, ვინმეს ვეკონტაქტო. ვითომ სადმე უკაცრიელ კუნძულზე ვარ. ვითომ შორს ვარ საქართველოდან. ხომ შეიძლება, ასეც იყოს? რა, არ ვყოფილვარ თუ რა?
- შენი საქმისა შენ იცი. მე მაინც გადავიხდი ამ დღეებში ფულს, ინტერნეტი შეიძლება დაგჭირდეს.
- არ შეწუხდე, არც ლეპტოპი მიმაქვს. ნამდვილი ველურივით უნდა ვიცხოვრო.
- გაგიჟდი, გოგო? - შეიცხადა თინამ, - რამე რომ გაგიჭირდეს, ვინ მოგხედავს? ირგვლივ ორას-სამას მეტრში არც ერთი მეზობელი არ ცხოვრობს. სრულიად განმარტოებულად დგას ეგ სახლი სანაპიროზე.
- ჰოდა, მეც სწორედ ეგ მინდა, - უფრო და უფრო კმაყოფილი ვრჩებოდი.
- მაშინ აი, შენ გასაღებები. ეს ჭიშკრისაა, - ყველაზე დიდი გასაღები გამოარჩია ასხმიდან, - ეს ყვითელი - დიდი სახლისაა, ეს პატარა კიდევ კოტეჯის. ესეც - ავტოფარეხის, - სათითაოდ შეავლო ხელი ყველა გასაღებს.
- გასაგებია, თინი, დავიმახსოვრებ, - უნებლიეთ გამეღიმა.
- ნუ იღიმი, შენ კი არა, მეც მეშლება ხანდახან. წუხელ უკვე ველაპარაკე ქეთის და იქაურობა დალაგებულ-დაწკრიალებული დაგხვდება. ონკანია გაფუჭებულიო და ბიბი დღეს საღამოს შეაკეთებსო. პრობლემა არ გექნება, ისინი ყველაფერს მიხედავენ. ცხელი წყალიც გექნება და ცივიც. გათბობა, იმედია, არ დაგჭირდება. არ მითხრა, მცივანა ვარო, - გადაიკისკისა.
- მცივანა ვარ, მაგრამ მხოლოდ ზამთარში, - პატარა ბავშვივით მიხაროდა, რომ მივდიოდი, - მოკლედ, გაჭირვების ტალკვესი ხარ, თინიკო, ოღონდ მართლა! - «სვეტსკურად» მოვუქციე, მაგიდაზე გადავიხარე და თინას ლოყაზე ვაკოცე.
- მიხარია, ჩემს სახლში რომ იცხოვრებ, - ხელზე ხელი მომიჭირა.
- თინი, წუხელ, მე რომ წავედი, მერე…
მიხვდა, რაც მაინტერესებდა. სიგარეტს მოუკიდა, სკამის საზურგეზე გადაწვა და ნებივრად გააბოლა.
- ნუ, რა გითხრა. ის ისე მოიქცა, როგორც მოსალოდნელი იყო, - სერიოზული სახით შეუდგა მოყოლას, - მთელი ღამე სალომესთან ერთობოდა. მერე ბორიას გადაეკიდა და დროზე რომ არ ჩავრეულიყავი, იჩხუბებდნენ კიდევაც. ძალიან გვიან დაიშალნენ. რეზი სალომესთან ერთად გაიპარა, მაგრამ შენ არ ინერვიულო. მან ეს შენს ჯიბრზე გააკეთა, ზუსტად ვიცი. გინდა, ერთი რჩევა მოგცე? - ღრმა ნაფაზი დაარტყა თინამ და მშრალად გააგრძელა, - საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო. არ იჩქარო და დააცადე, როგორ მოიქცევა. მე ყველაფერი უკუღმა გავაკეთე და იცი, რაც დამემართა.
თავი დავუქნიე.
- ვფიქრობ, უნდა დავამთავრო მასთან ყველაფერი. მეც მაქვს თავმოყვარეობა, თინი, მისი თითის დაქნევაზე ვერ ვირბენ.
- აი, ასეთი მომწონხარ! - თინამ სიგარეტი ტუჩებში გაიჩარა და ტაში შემოჰკრა.
- კარგი, წავედი. ერთი სული მაქვს, როდის გავერიდები აქაურობას.
- მიდი, მიდი! - შემაგულიანა ქალმა, - ვიცი, რომ კმაყოფილი დაბრუნდები. იქაურობა ზუსტად ისეთია, როგორიც შენ გინდა.
დამშვიდობების ნიშნად მანქანის დაქოქვისთანავე დავუქნიე ხელი. რატომღაც, მომეჩვენა, რომ იდუმალი ღიმილი მიმალა ტუჩის კუთხეში. ნეტავ, მართლა მომეჩვენა თუ?..
8 8 8
სანამ ფოთში ჩავიდოდი, გზად ორჯერ გავაჩერე მანქანა. პროდუქტები ვიყიდე, რომ იქ არ მეხეტიალა. მინდოდა, რაც შეიძლება ინკოგნიტოდ დავრჩენილიყავი. ფოთი პატარა ქალაქია, შეიძლება უცებ შეგამჩნიოს უცხო თვალმა. იქ ახლა აღარ ჩამოდიან ძველებურად ტურისტები. არადა, ადრე რა ამბავი ყოფილა. მამა მიყვებოდა, რა ჯურის ხალხს არ ნახავდი იქო. არც არის გასაკვირი, რაც უნდა იყოს, საპორტო ქალაქია, უბრალოდ, ჯერ პატრონი არ გამოუჩნდა.
რაც მთავარია, კოღოების საწინააღმდეგო ნაირნაირი საშუალება შევიძინე. კოღო ერთადერთია, რამაც შეიძლება ყველაზე დიდი დისკომფორტი შემიქმნას. განსაკუთრებით საღამოობით იციან ხოლმე შემოტევა. თანაც, ბოლო დროს როგორი გიგანტური ჯიშები გამოჩნდნენ? თითქოს სპეციალურად არის გამოყვანილიო. თან რა საშინლად წუიან. ეს წუილი კიდევ უფრო მაგიჟებს.
რაც უფრო ვშორდებოდი ბათუმს, მით უფრო ვწყნარდებოდი და თავისუფლების შეგრძნება ერთიორად იზრდებოდა. სიბრაზემაც გამიარა. გამიარა კი არა, საერთოდ აღარ მახსოვდა რეზი. სურვილიც აღარ შემრჩა, მასზე მეფიქრა.
აი, ისიც! ფოთი გამოჩნდა. ლამის ავცეკვდი მანქანაში. ხიდი გადავიარე და ბაზარს მივუახლოვდი. ძლივს ვიპოვე მანქანის გასაჩერებელი ადგილი, ყველგან ჩახერგილი იყო სადგომები. მანქანიდან გადმოვედი და გემრიელად გავიზმორე, ოღონდ ხელების გაუშლელად, რომ ვინმეს არ შეემჩნია ჩემი «მავნე ჩვევა». ვიკითხე მეექვსე ჯიხური. იქვე ყოფილა, ორიოდე მეტრში.
ჯიხურში საშუალო ასაკის მამაკაცი დამხვდა, რომელიც ყვინთავდა. ირგვლივ ყველის სუნი იდგა.
- ბიბი თქვენ ხართ? - მივმართე. «ალბათ ჩემსავით მთელი ღამის უძინარია», - გავიფიქრე და გამეღიმა.
- დიახ. თქვენ… თქვენ ლიკა ბრძანდებით? - ფეხზე წამოხტა ბიბი.
სასიამოვნო გარეგნობის კაცი იყო, კეთილმოსურნე ღიმილით.
- დაგირეკათ თინიკომ, არა?
- კი, აბა რა! ქეთინო უკვე იქ არის, ალაგებს. წუხელვე დაალაგა, მაგრამ რაღაცები დარჩა კიდევ და…
- ძალიან კი შეგაწუხეთ, - მოვუბოდიშე.
- რას ბრძანებთ! რა შეწუხება. თინას ენაცვალოს ჩემი თავი! მაგის გამო ყირაზე დავდგებით მთელი ოჯახი! სული მისით გვიდგია.
- არამარტო თქვენ, მგონი, მთელ ბათუმს, - გავუცინე ჩემს ახალ ნაცნობს.
- მაგაში ეჭვიც არ მეპარება, ქალბატონო. რა ვქნათ, წავიდეთ? რამის ყიდვა ხომ არ გინდათ?
- რაღაცებს ვიყიდდი, ისე, - ვიფიქრე, ცოტა ყველს გავიყოლებ, ზრდილობის ამბავია-მეთქი.
- მითხარით და გამოგყვებით, აქაურობა ხუთი თითივით ვიცი. იაფად შეგაძენინებთ.
- არა, არა, ისეთი არაფერი. აი, ყველი მინდა, თუ არ დამზარდებით.
- რა პრობლემაა? ახლავე! რამდენი აგიწონოთ?
- რა ვიცი, ორი თავი ვითომ ერთი კვირა არ მეყოფა?
- თუ მარტო ხართ, როგორ არ გეყოფათ. თუ გინდათ. ერთი წაიღეთ და მერე მე მოგაშველებთ, - გაუხარდა ბიბის, მისი ყველით რომ დავინტერესდი.
მან ერთი თავი ამიწონა, რომელმაც შვიდი ლარი გაჭრა, მეორე კი აუწონლად მომაჩეჩა ხელში, გჩუქნიო. შორს დავიჭირე, უფულოდ არ წავიღებ-მეთქი. არაფრით დამანება და ძალით ჩამიდო პარკში.
უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ საჩუქარზე ხელს ვერ ვუკრავდი.
- გინდათ, კიდევ რაღაც გაჩუქოთ? გაერთობით, - უეცრად სახე გაუნათდა.
- რა უნდა მაჩუქოთ? მეტ საჩუქარს არ ავიღებ თქვენგან, გამორიცხულია! - სასტიკი უარი ვტკიცე.
- ოოო! ამაზე უარს ვერ მეტყვით. მოიცა! - მომაძახა და ჯიხურს უკან გაუჩინარდა.
ორი წუთი არ გასულა და თეთრი, ხუჭუჭა პუდელით დაბრუნდა. ისეთი სასაცილო და ლამაზი ძაღლი იყო, სიხარული ვერ დავმალე.
- ვაიმეეე! რა საყვარელია! ხომ არ იკბინება?
- არა, რა იკბინება. სამი კვირაა, აქ დარბის და პატრონი არ ჩანს.
პუდელმა ყურები დაცქვიტა და ენაგადმოგდებული მომაჩერდა.
ძაღლები ჩემი სისუსტეა. მართალია, სახლში არ გვყავს, მაგრამ ეს სულ დედაჩემის ბრალია, მას არ უყვარს ცხოველები. სწორედ ამ დროს მონადირის ძაღლი გამახსენდა, ბესი რომ შევარქვი იქ, პლაჟზე.
- თუ წაიყვანთ, მეც გამახარებთ. ცოდოა აქ, ყველას ფეხებში ედება. იქ კი უზარმაზარი სივრცეა, გაერთობა და ხელსაც არ შეგიშლით. თან გოგოა.
- რა თქმა უნდა, დიდი მადლობა, - ძაღლი გამოვართვი და გულზე მივიხუტე.
ეგრევე ლოკვა დამიწყო თავისი ხორკლიანი ვარდისფერი ენით.
- რა საყვარელია. წავიყვან, მაგრამ როცა წავალ, უკან დაგიბრუნებთ.
- არ არის პრობლემა, ქალბატონო. რექსი შევარქვით ჩვენ და თქვენ რა ვიცი, რაც გსურთ, ის დაუძახეთ.
- მე ბესი უფრო მომწონს, - გავიღიმე და პუდელს ბეწვში შევუცურე ხელი.
ბოლო დროს ამეკვიატა ძაღლის ეს სახელი. რატომღაც, მომწონს.
- ახლავე დავკეტავ ჯიხურს და წავიდეთ, - დაფაცურდა ბიბი და რკინის ჟალუზს დაეჯაჯგურა…
ლამის გავცდით ქალაქს. მივუხვიეთ, მოვუხვიეთ და ერთ ვიწრო ქუჩაზე გავედით. თანდათან მეჩხერდებოდა კერძო სახლები. ბოლოს პატარა ნაძვნარი გავიარეთ და ზედ სანაპიროზე, სულ ასიოდე მეტრის დაშორებით, ულამაზესი სახლი წამოიმართა, რომელსაც იქვე პატარა, კოხტა კოტეჯი უმშვენებდა გვერდს.
ახლომახლო მართლაც არ ჩანდა მოსახლეობა. რომ დაგეყვირა, მეზობელს ვერ გააგონებდი. ძალიან რომანტიკული გარემო იყო. სანამ ჭიშკარს მივადგებოდით, მეგონა, სახლი ქვიშაზე იყო აშენებული. იქვე, ღობესთან ლურჯი «ოპელი» იდგა, მივხვდი, რომ ბიბის მანქანა იქნებოდა. ქეთი ფეხით აქამდე ვერ მოვიდოდა.
«ეს სახლიც ისეთივე მარტოხელაა, როგორც მე», - სიამოვნებით გავიფიქრე.
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ სასტუმროდ მოაზრებული სახლი წითელი კრამიტით გადაეხურა თინიკოს. რა მაგარი ქალია, ყველაფრით გამორჩეული. რა ჭკვიანურად მოუფიქრებია. თავი იტალიაში მეგონა, როცა არემარეს ვუყურებდი. ასეთ სახლებს იქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.
- აი, ჩვენც მოვედიიით, - წამოიძახა ბიბიმ და მანქანიდან გადავიდა. ბესი ყეფით მიჰყვა უკან ყოფილ პატრონს.
ულამაზესი სახლი იყო, წითელი აგურით ნაგები. მომწონდა ასეთი სახლები.
აღტაცებას ვერ ვმალავდი. ვიყურებოდი აქეთ-იქით და ვქაქანებდი.
- ღმერთო, როგორი იდეალური ადგილია! აი, მესმის! რა ქალია ეს ჩვენი თინიკო, არა? - ენას არ ვაჩერებდი და ბიბის ფეხდაფეხ მივდევდი.
ჭიშკრიდან სახლამდე წითელი კენჭებით მოკირწყლული ბილიკი მიიკლაკნებოდა. აქეთ-იქით ვარდები იყო დარგული, ყვითელი, ვარდისფერი და თეთრი. სხვა უცხო ყვავილებიც შევნიშნე, რომელთა წარმომავლობა და სახელები არ ვიცოდი. აშკარა იყო, ბიბი და ქეთი სათუთად უვლიდნენ აქაურობას.
სახლი მყუდრო ჩანდა. მაღალჭერიანი, ფართო, ინგლისური ფანჯრებით. რა კარგია! ახლა მთელი ეს დიდებულება ჩემს განკარგულებაშია, - ჩემი გული სიხარულს ვერ იტევდა. მეორე სართულზე ასულმა, ფანჯარაში გავიხედე თუ არა, ოხვრა აღმომხდა. ზღვა ხელის ერთ გაწვდენაზე მოჩანდა.
- თავი სამოთხეში მგონია! - გადავულაპარაკე ჩემს თავს და ძირს გადავიხედე, სადაც ბიბი თავის მშვენიერ ცოლს რაღაცაზე ელაპარაკებოდა. ბესიც იქვე დარბოდა და ყეფით იკლებდა არემარეს.
კიბე ასკინკილით ჩავირბინე. ქეთი ისეთივე სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, როგორც მისი ქმარი. ჯერ ერთი, რომ წკრიალი გაჰქონდა იქაურობას. ქალს ყველაფრის გაკეთება მოესწრო. ხუმრობა ხომ არ არის ამხელა სახლის ერთ დღეში დალაგება? დედა ორ ქალს ქირაობს ხოლმე მთლიანი სახლის დასალაგებლად და ისინიც კი ძლივს ასწრებენ.
პუდელმა ჩემთან მოირბინა და ფეხქვეშ გამეგო.
- ბიბიმ, როგორც ჩანს, ახალი პატრონი მოუძებნა რექსის, - გაიღიმა ქეთიმ და ხელი ჩამომართა.
- ახლა უკვე ბესი ჰქვია, - გავუღიმე დიასახლისს, - თქვენ არ მოიწყენთ მის გარეშე?
- ალბათ, მოვიწყენთ, მაგრამ მისთვის ასე ჯობია. საღამოს მისი დაბმა გვიწევდა და მერე მთელი ღამე წკუმუტუნში ატარებდა. აქ ეს არ ემუქრება.
- გაგიკრიალებიათ აქაურობა, ქეთი, დიდი მადლობა. მეუხერხულება, ასე რომ შეგაწუხეთ.
- რას ამბობთ, მეორედ არ გაიმეოროთ, ქალბატონო. არ იყო პრობლემა. ბევრი კი არაფერი გამიკეთებია. კვირაში ერთხელ ისედაც ვალაგებდი. უბრალოდ, დაკეტილი რომ არის, ცოტა განიავება სჭირდებოდა. ფანჯრები ყველგან დავაღე, სუნი რომ გასულიყო.
- ქეთი, ძალიან გთხოვ, ლიკა დამიძახო, შენც და ბიბიმაც. ვერ ვიტან ოფიციალურ ურთიერთობას. ჩვენ ხომ შინაურები ვართ.
- გეთანხმებით, მაგრამ ვფრთხილობ ხოლმე… ზოგიერთს ისე უჭირავს თავი, რომ… - გაწითლდა ქეთი. ის ქმართან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
- მე ეგეთების რიცხვს არ ვეკუთვნი. ჩათვალეთ, რომ თინიკოსნაირი უბრალო ვარ, - თავი შევიქე.
- გაგახარებთ ღმერთი, ჩვენც ეგ გვინდა. წავალთ ახლა, ხელს არ შეგიშლით. თუ რამეა, დამირეკეთ, ტელეფონის ნომერს დაგიტოვებთ.
- სამწუხაროდ, მობილური არ მაქვს, - სიცილით ავიჩეჩე მხრები, - მინდა, ისე ვიყო, რომ გარესამყაროსთან კონტაქტი არ მქონდეს.
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გაოცებით გადახედა. ალბათ ეუცხოვათ ადამიანი, რომელიც მობილურ ტელეფონს არ ცნობდა.
- აბა, როგორ დაგიკავშირდეთ? - შეშფოთდა ქალი.
- არა უშავს, ქეთი. თუ დამჭირდებით, თავად მოვალ, რა შორს თქვენ ხართ. - დავამშვიდე მასპინძელი.
- თინამ თქვა, სახლის ტელეფონს ჩავრთავო და ჩართავს ალბათ, მაგას ტყუილები არ უყვარს, - ბიბიმ გასაღებების აცმა გამომიწოდა.
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ხალხნო, - მადლიერების ნიშნად, ხელისგულები ერთმანეთზე შევატყუპე.
- გაიხარე, ლიკა, ძალიან გვიხარია, რომ გაგიცანით, - შემომღიმა ქეთიმ, - აბა, დროებით. ბესი, ნახვამდიის! - თითების შეთამაშებით დაემშვიდობა ქალი პუდელს და ცოლ-ქმარი ჭიშკრისკენ გაემართა.
როცა «ოპელის» ძრავის თუხთუხის ხმა მიწყდა, სახლში შევედი და მეორე სართულზე ასულმა აივნის კარი გამოვაღე. არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა აქედან. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ასე მეგონა, მთელ სამყაროში ამწუთას მხოლოდ მე ვარსებობდი.
- ბესი, იმედია, შენც ისევე მოგეწონება აქაურობა, როგორც მე მომწონს, - დავხედე ჩემს ფეხებთან ჩამჯდარ პუდელს, რომელიც იატაკს ყნოსავდა.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: