მგელთან მოხეტიალე - თავი 9 - Marao

მგელთან მოხეტიალე - თავი 9

2022-11-30 10:21:08+04:00


წინა თავი

ალთაიმ კვლავ გააქროლა მანქანა, მაგრამ როგორც კი ქალაქიდან გავედით, სვლა შეანელა და უდარდელად გადაწვა საზურგეზე.

- ესეც ასე, აქაურ ცნობისმოყვარე თვალებს გამოვექეცით. ახლა იმაზე ვიფიქროთ, ბათუმში რა მანევრები ჩავატაროთ ამისთვის, - თითები საჭეზე აათამაშა და სტვენას მოჰყვა.

მშვენიერი ამინდი იყო. გზას კარგა ხანს თითქოს ფონად გასდევდა ზღვა და მისი ლივლივა ტალღები. ალთაიმ მინა ჩამოსწია და ზღვის ჰაერი სალონში შემოუშვა. ქარმა თმა ამიწეწა. გამეღიმა. ის დრო გამახსენდა, როცა ზუსტად ასეთ მომენტზე ვოცნებობდი რეზის გაცნობისას.

გზად ძალიან ცოტას ვლაპარაკობდით, ხშირად ვიხედებოდი უკანა სავარძელზე, სადაც ჩემი «ავლადიდება» იყო დალაგებული. ცოტა არ იყოს, ვღელავდი.

- შენს მეგობარს ვითომ დააინტერესებს ჩემი ნახატები? - უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი.

- იმედია. ის კარგად ერკვევა მხატვრობაში. ყველას ნახატებს კი არ ყიდის, მაგრამ რასაც არჩევს, უპირობოდ ეყიდება.

- მგონი, მაქვს შანსი, - ჩემი თავი მევე გავამხნევე და ამოვიოხრე.

- რას ოხრავ, ნერვიულობ?

- ასე ძლიერ ჯერაც არ მინერვიულია, - ვაღიარე.

შეფარვით მომხედა და ფრთხილი ტონით მკითხა:

- ეს შენთვის ბევრს ნიშნავს, არა?

- ჰო, - ისევ ამოვიოხრე.

- მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადო. მართალი ვარ?

- ფულში არ არის საქმე. შენც იცი, ფული არ მაკლია. უბრალოდ, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს სრულყოფილ ადამიანად, როცა ვხატავ. შეიძლება ძნელია ამის გაგება…

მან გულიანად გაიცინა.

- არაჩვეულებრივი გოგო ხარ, ლიკა! ფრთაშესხმული მხატვარი და ხორცშესხმული სილამაზე.

შიშით გავხედე, ხომ არ დამცინის-მეთქი… არა, არ დამცინოდა. ისეთი დაჟინებული მზერით მიყურებდა, ჟრუანტელმა დამიარა. მისი თვალები ქარივით იყო - შემომხედავდა და იდუმალი მზერით შემირხევდა სულის სიმებს.

მესიამოვნა ქათინაური. რეზის კი არ ჰგავს. ის აბუჩად მიგდებს, როცა ხატვის სურვილს გამოვთქვამ. სერიოზულად ვერ აღიქვამს ჩემს პროფესიას. ალთაიმ კი გამიგო… თითქოს წონა დავკარგე, ჰაერში ავიწიე და მართლა ფრთაშესხმულივით ავფრინდი მაღლა და მაღლა, უსასრულობაში… ასეთ უწონო მდგომარეობაში ვიყავი, სანამ ბათუმამდე ჩავიდოდით.

- ესეც შენი ბათუმიიი! - ალთაიმ შუქნიშანთან შეაჩერა, - ახლა მთავარია, შეუმჩნევლად მოვხვდეთ ქალაქის ცენტრში. გენოს მაღაზიაც იქაა.

ძლივს იპოვა პარკირების ადგილი. როგორც იქნა, დააყენა მანქანა და ნახატებიც გადმოიტანა, მაგრამ ყველა ერთად ისეთი მძიმე აღმოჩნდა, ლამის წელში გაწყდა.

მინდოდა, მივხმარებოდი, მაგრამ მომერიდა. მაღაზიის კარი შევაღე და განზე გავდექი, რათა მოხერხებულად შესულიყო შიგნით.

ჩვენ დანახვაზე მაღალი, მელოტი მამაკაცი დახლს მოშორდა და ალთაისკენ გამოქანდა დასახმარებლად.

- ბებერო პროფესორო! აქ რას აკეთებ? - გენო ხელში ეცა და ტილოები ჩამოართვა.

- გენოს გაუმარჯოს. გაიცანი, ეს ლიკაა, ჩემი ახლობელი. დამწყები მხატვარია. მინდა, ნახო მისი ნახატები და შეაფასო.

- ძალიან სასიამოვნოა, - მამაკაცმა ტილოები დახლზე შემოდო, მერე ხელი შარვლის ტოტზე ჩამოისვა და მხოლოდ ამის შემდეგ გამომიწოდა მისასალმებლად, - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შენი საქმეები როგორაა, ისევ უნივერსიტეტში ხარ?

- აბა, სად ვიქნები, მაგრამ ზაფხულს აქ ვატარებ, ბათუმში.

- დიდი ხანია, ჩამოხვედი?

- საკმაოდ.

- და ახლა მოდიხარ ჩემთან, შე მართლა ბებერო? - გენომ მხარზე მოუთათუნა ხელი და თავისი აღნაგობისთვის შუფერებელი წვრილი ხმით გაიცინა.

მასპინძელმა დახლს უკან გამავალი კარი შეაღო და შეგვიპატიჟა. აქ მისი კაბინეტი აღმოჩნდა. ირგვლივ ნატახების გორა იდგა. ზოგი კედლებზე, ზოგი მაგიდასა და სკამებზე, ზოგიც იატაკზე იყო განთავსებული. ალთაიმ სათითაოდ შემოიტანა ჩემი ტილოები და ერთმეორის მიყოლებით ჩაამწკრივა დივანზე.

გენო დიდხანს ათვალიერებდა სურათებს. ნერვიულობისაგან ტუჩებს ვიკვნეტდი. ალთაი მიყურებდა და გამამხნევებლად მიღიმოდა. ამან მიშველა. თავი ავწიე და ამაყი მზერით მივაჩერდი ახალგაცნობილს. რაც უნდა ეთქვა გენოს, ყველანაირი პასუხისთვის მზად ვიყავი.

- აი, ეს მომწონს, მეხუთე სურათი და ის ბოლო, კაცი რომ დგას ზღვასთან. შემთხვევით, შენ ხომ არ ხარ, ბებერო? - როგორც იქნა, ალაპარაკდა გენო.

- ამბობენ, - უხერხულად გაიცინა ალთაიმ და ქვემოდან გამომხედა.

მამაკაცმა ალთაიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა.

- არ ვიცოდი, მენატურედაც თუ მუშაობდი, - გაეხუმრა მეგობარს.

მან მხრები აიჩეჩა.

- ხანდახან მე თვითონაც არ ვიცი, როდის რას მოვიმოქმედებ.

- მაგაში გეთანხმები… ქალბატონო ლიკა, შევეცდები, გავყიდო თქვენი ნახატები. თუ გაგვიმართლებს და ერთი მაინც გაიყიდება, დაგიკავშირდებით. რა თქმა უნდა, მისამართს დამიტოვებთ ან ტელეფონის ნომერს…

- დიახ, აუცილებლად.

სასწრაფოდ წავუწერე ბლოკნოტის ფურცელზე თინიკოს სახლის ტელეფონის და ჩემი მობილურის ნომრები და გავუწოდე. თნ ავუხსენი, როდის რომელ ნომერზე შეეძლო დაერეკა.

- ყველაფრისთვის დიდი მადლობა, - მოწიწებით ჩამოვართვი ხელი, თითქოს გამყიდველი კი არა, დიდი მხატვარი ყოფილიყოს.

- იცი, ვისი შვილია? - მოულოდნელად ალთაი გენოს მიუბრუნდა.

მამაკაცმა შეკითხვის ნიშნად კოპები შეიკრა და თავი გააქნია.

- ეს არც ისე მნიშვნელოვანია, - უხერხულად გავიღიმე და ალთაის სახელოზე დავქაჩე, არაფერი თქვა-მეთქი.

- კარგი, რახან ასე გინდა, არაფერს ვიტყვი, - ჩაიხითხითა მან და მასპინძელს მიუბრუნდა, - წამო, გენო, გავიხსენოთ ძველი დრო და ცოტა წავუქეიფოთ.

- დიდი მადლობა, მეგობარო, მაგრამ ახლა არ მცალია, მაღაზიას ვერ დავკეტავ, სხვა დროს იყოს. თან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მხოლოდ ხელს შეგიშლით, - ეშმაკური მზერა მოგვაპყრო.

ამის გაგონებაზე მე ხომ ჩემი დამემართა, მაგრამ არც ალთაი ჩავარდნილა უკეთეს დღეში, ისიც კი გაწითლდა და თან ისე, რომ გარუჯულ სახეზეც ადვილად შეეტყო.

- უღრმესი მადლობა, გენო, გადამეხადოს, - ხელი მძლავრად ჩამოართვეს ერთმანეთს და დაემშვიდობნენ.

უხმოდ გავემართეთ მანქანისკენ.

- მგონი, მას ჰგონია, რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარა ალთაიმ.

ნაწილობრივ, ეს მართალიც იყო, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ სულ სხვა გაგებით.

- კარგი ქენი, რომ არ უთხარი, ვისი შვილიც იყავი. მაინც სიფრთხილე ჯობია. ხომ იცი, ჭორი ადვილად ედება ქალაქს, სადაც ყველა ყველას იცნობს.

- ჰო, ალბათ, - უსიამოვნოდ ავიწურე მხრები.

- მომისმინე, ლი, - მოულოდნელად ახალი სახელით მომმართა, ეს სავარაუდოდ, მისი გამოგონილი კნინობითი ფორმა იყო, - იქნებ ჯობია, ერთად აღარ დავბრუნდეთ იქ?

- არა! - წამოვისროლე.

- შენ ვერ გამიგე, არ გთხოვ, შენ დატოვო იქაურობა, მე წამოვალ, შენ კი დარჩი.

- არა, ასე არ მინდა, - გავაპროტესტე, - მინდა, სამართლიანი ვიყო. შენ თინიკომ დაგრთო ნება, ზაფხული მის სახლში გაგეტარებინა. მეც იგივე შემომთავაზა. მინდა გითხრა, რომ… - სიტყვა შუაზე გამიწყდა. რა მინდოდა მეთქვა? რომ არ მინდოდა, მარტო დავეტოვებინე? რომ მის გარეშე იქაურობა დაცარიელდებოდა? რომ მივეჩვიე მის მძიმე ხასიათს და მასთან გატარებული ყოველი დღე სიამოვნებას მანიჭებდა?

მანქანაში ჩავსხედით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამყაროში მის გარდა სხვა მამაკაცი არ არსებობდა. ის აჭიანურებდა მანქანის დაძვრას. უეცრად ჩემკენ შემობრუნდა, საჩვენებელი თითით ნიკაპი ამიწია და თვალებში ჩამხედა.

- ლიკა, შენ არ გინდა, მე რომ იქიდან წამოვიდე, ხომ?

არ ვუპასუხე. ჩემკენ დაიხარა. დავინახე მისი იდუმალი სურვილით დანისლული თვალები, სურვილით სავსე ტუჩები და მივხვდი, რომ აუცილებლად მაკოცებდა. მივხვდი და არაფერი გავაკეთე მის შესაჩერებლად. გაუნძრევლად ვიჯექი და ველოდებოდი. ხოლო როცა მისი ტუჩები შემეხო, მკერდიდან თითქოს რაღაც ამომიხტა… ალბათ გული. უწონობის მდგომარეობა კვლავ გამეორდა. მიამიტად გავშალე მკლავები და კისერზე მოვხვიე. ამწუთას არ მადარდებდა, ვინმე დამინახავდა თუ არა, ბათუმის ცენტრში როგრ ვკოცნიდი უცხო მამაკაცს.

ბოლოს ხელი შემიშვა და გასწორდა. მერე წინ გადაიხარა და სარკეში ჩაიხედა. რატომღაც, ტუჩები შეითვალიერა. ამწუთას ისევ ცივი და უკარება გახდა, როგორც ჩვეოდა ხოლმე.

- აზრი არა აქვს, ლი, - დაიწყო მოულოდნელად. - ბოლო დღეებში ყველანაირი უაზრობა მომდის თავში. შეიძლება ძალიანაც მინდოდა, შემყვარებოდი, თან ისე, რომ მარინა დამვიწყებოდა, მაგრამ არ შემიძლია. ვერ ვთავისუფლდები ძველი გრძნობისგან. მაპატიე.

ლამის დავიმტვრიე თითები, რათა მათი კანკალი შემეკავებინა.

- მაშინ, დროა, ახლავე მიიღო ზომები, - ძლივს გასაგონად ამოვთქვი.

- ასეც ვაპირებ. მან წერილი მომწერა და შეხვედრას მთხოვს. უნდა შევხვდე.

გული შუაზე გამეგლიჯა ამ სიტყვების გაგონებაზე. რატომ, რატომ, რატომ? პასუხი ვიცოდი. მე მისი შეყვარება მემუქრებოდა.

- წარმატებას გისურვებ… - ხმაწართმეულმა ვუთხარი, - მირჩევნია, დღეს ჩემებთან დავრჩე, რეზი ვნახო და ვუთხრა, რომ შემოდგომაზე ცოლად გავყვები.

ორივენი დავმუნჯდით, თავს უხერხულდ ვგრძნობდით. სიჩუმე ალთაიმ დაარღვია.

- წამო, ვჭამოთ რამე. ის ადგილი, მე რომ გეუბნებოდი, ბათუმის გასასვლელში მდებარეობს, წეღან დამავიწყდა, მეჩვენებინა. ზედ სანაპიროზეა.

სანაპიროს ხსენებაზე ის ადგილი გამახსენდა, სადაც მას ვნახულობდი ხოლმე, წვერმოშვებულს, მარტოხელას, მგელივით მოხეტიალეს. ადამიანს, რომელსაც ყველა და ყველაფერი მოსწონდა, ჩემ გარდა. ახლა კი ისე შორეულად მეჩვენებოდა წარსულის ის დღეები, თითქოს სხვა დროსა და სხვა სივრცეში ხდებოდა.

სადილმა დიდად არ დაგვაკმაყოფილა. უფრო სწორად, ჩვენი ხასიათის გამოკეთებაზე ვერ იმოქმედა. ორივეს გონება სხვა რამეებით იყო დაკავებული.

პირველი ისევ თვითონ ალაპარაკდა.

- რა თქმა უნდა, შენების ნახვს ვერ დაგიშლი, მაგრამ იქნებ ორიოდე დღით გადაგედო? ჩემი პორტრეტი დასამთავრებელი გაქვს… - დამნაშავის ღიმილით შემომხედა, - თუ არ ღირს გაგრძელება?

- ღირს, - მსწრაფლ მივიღე გადაწყვეტილება, - აჯობებს, უკან გავბრუნდეთ და თუ არ დაგეზარება, დღესვე დავამთავრებ.

- რატომაც არა? - თითქოს გამოცოცხლდა, ოფიციანტს ხელით ანიშნა, ანგარიში მოგვიტანეო და ჯიბიდან საფულე დააძრო.

8 8 8

შინ ისე დავბრუნდით, ბესი არც ერთს გაგვხსენებია, ბიბისთან დავტოვეთ. ხვალ მაინც მომიწევდა უკან მიყვანა, რა აზრი ჰქონდა?

ჩამოსვლისთანავე შევუდექი ხატვას. ალთაი ორი წუთით გაუჩინარდა, კოტეჯში შევიდა და ბლოკნოტი გამოიტანა, რომელშიც პოზირებისას ჩანაწერებს აკეთებდა. მიჭირდა ფუნჯის მოსმა, რადგან ხელები მიცახცახებდა.

ხვალ ის წავა. მეც გავემგზავრები შინ და რეზის ვნახავ… მაგრამ ვეტყვი კი, რომ მის ცოლობაზე თანხმობას ვაცხადებ? ეს ხომ მხოლოდ ალთაიზე გაბრაზებულმა ვთქვი? ისიც არ ვიცი, თავად რეზის მოუნდება ჩემზე დაქორწინება? ვაითუ, სასაცილო მდგომარეობაში ჩავიგდო თავი.

თავაუღებლად ვმუშაობდი. ამ ხნის განმავლობაში წინადადებაც არ მითქვამს. არც ალთაის.

როგორც იქნა, დავამთავრე და გულგრილად ჩავილაპარაკე:

- ახლა შეგიძლია შეხედო.

სწრაფად წამოხტა ფეხზე. დიდხანს მისჩერებოდა ნახატს დაჟინებული მზერით. ხან ახლოს მივიდოდა, ხან შორიდან შეხედავდა.

სიცილი ვერ შევიკავე:

- რამე არ მოგწონს?

- ძალიან მგავს, მაგრამ… ნუთუ მართლა ასეთი ვარ?

- ასეთი როგორი?

- ზუსტ სიტყვას ვერ ვპოულობ. აქედან ვუყურებ და მგონია, რომ ზედმეტად სერიოზულად გამოვიყურები. მეორე მხრიდან შევხედავ და სულ სხვანაირი მზერა მაქვს.

- შენ ხშირად გეცვლება განწყობილება.

- ეს მართალია. შენ? თავად კმაყოფილი ხარ?

- მე კი.

- მთავარი ესაა.

- კარგი მენატურე გამოდექი, ამისთვის დიდი მადლობა, - ძალიან ოფიციალური გავხდი.

- და ასე ოფიციალურად? - მას რას გამოვაპარებდი, ეგრევე მიმიხვდა.

არ ვუპასუხე, ფუნჯის გარეცხვას შევუდექი, შემდეგ კი საღებავების ტუბებს თავსახურები მოვარგე. მხოლოდ ამის შემდეგღა აღმოვაჩინე, რომ ძალა მქონდა გამოცლილი.

- ეს ამბავი არ უნდა აღვნიშნოთ? - ალთაი ურთიერთობის დათბობას შეეცადა.

- სამწუხაროდ, შამპანური არ გვაქვს, - მშრალი ტონით მივუგე.

- მაშინ პლაჟზე გავისეირნოთ. იქნებ ვიბანაოთ კიდევაც. ერთად არასდროს გვიბანავია.

ხვალ ორივენი ვაპირებდით აქაურობის დატოვებას. ის მარინას უნდა შეხვედროდა, მე - რეზის. იქნებ ეს ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი შანსი იყო? ადამიანები ხშირად ვამბობთ უარს შანსზე, რათა გამოვიყენოთ იგი და მივიღოთ ის, რაზეც ვოცნებობთ, რადგან გვეშინია, არ დავკარგოთ ის, რაც უკვე გვაქვს. თუმცა მე დასაკარგი არაფერი მქონდა, ამიტომ დავთანხმდი.

- კარგი, ათ წუთში ჭიშკართან შეგხვდები. - კმაყოფილი ტონით ჩაილაპარაკა და კოტეჯისკენ გასწია.

გავყურებდი მიმავალს და უცებ ვინანე, უარი რომ არ ვუთხარი. ახლა კი გვიან იყო, გადაფიქრება არ გამოვიდოდა. საძინებელში შესულმა საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, ზემოდან სარაფანი გადავიცვი და ორ წუთში ჭიშკართან ავიტუზე. ბესი აშკარად მაკლდა, სულ მასზე მეფიქრებოდა. მალე ალთაიც გამოჩნდა. მომიახლოვდა თუ არა, ხელი გამომიწოდა, მძლავრად ჩამჭიდა და რიხიანად თქვა:

- წავედით, გადავეშვათ მლაშე მორევში.

ტაატით მივაბიჯებდით სანაპიროს ცხელ ქვიშაზე. ტალღები ფეხებს გვისველებდა. ბოლოს ალთაიმ ხელი შემიშვა, ტანთ გაიხადა და ზღვაში შევარდა. როცა ღრმად შევიდა წყალში, გაცურა - სწრაფად და ენერგიულად. მძლავრად უსვამდა მკლავებს და წინ მიიწევდა.

მეც უკან მივყევი. მან შემამჩნია და დამელოდა, როდის მივუახლოვდებოდი. შემდეგ ერთად გავცურეთ. გავცურეთ შორს, ძალიან შორს. დაღლა ვიგრძენი. ალთაი არც გამიფრთხილებია, ისე გამოვბრუნდი უკან და სვენებ-სვენებით მივადექი ნაპირს. ძლივს ვსუნთქავდი. რაღაც მომენტში მეგონა, რომ ტალღებს ვეღარ გავუმკლავდებოდი. ცოტა არ იყოს, შემეშინდა. არა იმის, რომ დავიხრჩობოდი, არ მინდოდა, ის დამხმარებოდა უკან გამოსვლაში.

რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე ერთად ვისხედით ნაცრისფერ ლოდზე.

- ხომ გაჯობე? - ღიმილით მითხრა.

- კი, მაჯობე, - გულგრილად მივუგე, არ გამღიმებია.

შემდეგ ლოდიდან ჩამოვბობღდი და ქვიშაზე გავწექი, სხეული მზეს შევუშვირე. ცაზე აქა-იქ ღრუბლის ნაფლეთები შეიმჩნეოდა და ყველას სხვადასხვა ფერი ჰქონდა. ცხელი ნიავი ქროდა და თმას მიწეწავდა.

თვალები დავხუჭე, ჩემს ფიქრებთან მარტო დავრჩი. სიამოვნებით წავუძინებდი, მაგრამ ალთაის სიახლოვე მაშფოთებდა.

- ლი… - უეცრად ზედ ყურთან მომესმა მისი ჩურჩული. თვალები მსწრაფლ გავახილე და თავი წამოვწიე. იდაყვს დაყრდნობილი შეუმჩნევლად გაწოლილიყო ჩემ გვერდით.

კითხვით სავსე მზერა მივაპყარი.

- როგორია იგი?

დაძაბულმა ამოვიკვნესე. რეზიზე ლაპარაკი ადვილი არ იყო.

- პირველი შთაბეჭდილება საშინელებაა. შეიძლება ისეთ ადამიანად მოგეჩვენოს, რომლის ატანაც არ შეგიძლია. მდიდარი, გაზულუქებული, ტრაბახა, სიმპათიური, მომხიბვლელი…

- გასაგებია, - სახე მოეღუშა.

- მაგრამ არც ეგრე მარტივადაა საქმე, - მწარედ ჩავიცინე.

- ისე ლაპარაკობ, მთლად დარწმუნებული არ უნდა იყო შენს არჩევანში.

- არ მინდა მასზე საუბარი, ალ… - მეც შევამოკლე მისი სახელი. ეს ჩემეული კნინობითი ფორმა იყო.

ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მისი თვალები ნაწვიმარ ცას დამსგავსებოდა, ღრუბლებით დაფარულს. იშვიათად მინახავს თვალები ასეთი ნაცრისფერი… კარგა ხანს მზერა არ მომიშორებია. არც მას დაუხამხამებია წამწამები. მისი კანი სპილენძისფერი მოჩანდა ჩამავალი მზის სხივებზე. ჩემკენ დაიხარა. უნებურად, თვალები კვლავ დავხუჭე. მან მაკოცა. მე დავრთე ამის ნება, თუმცა ამჯერად ხელები არ შემოვხვიე. მერე ერთმანეთს შევხედეთ. მის მზერაში გაოცება იკითხებოდა. წამით გამერიდა, მაგრამ მოულოდნელად კვლავ მკლავებში მომიქცია და ისე ხარბად დამეწაფა, სუნთქვა შემეკრა. გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ მივხვდი, კოცნაზე კოცნით ვპასუხობდი.

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს სიამოვნება. ბოლოს წამოჯდა, ჩემკენ შემოტრიალდა და თმაზე გადამისვა ხელი.

- ალბათ დროა, სახლში დავბრუნდეთ, - დახშული ხმით მაუწყა.

- არაჩვეულებრივი აზრია, - ჩუმად მივუგე და წამოდგომა დავაპირე. ხელი გამომიწოდა და ადგომაში მომეხმარა. ქვიშა ჩამოვიბერტყე სხეულიდან.

ის ჩამეხუტა და ჩემი თმის სურნელი შეისრუტა.

- ლი… - ისე ხმადაბლა თქვა, ძლივს გავიგონე.

- რა?

- რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა გაიყოს ჩვენი გზები, მინდა ერთი რამ იცოდე. შენ გვერდით ძალიან, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. ჩვენი ჩხუბიც კი მომწონდა.

გამეცინა.

- ვერასდროს ვიფიქრებდი, ასეთი რამის თქმას თუ შეძლებდი. არადა, სახლიდან მიპირებდი გაგდებას.

- არც შენ დაგიკლია ჩემთვის, სხვათა შორის.

ორივეს გაგვეცინა.

მერე ჩვენი სახელები დავწერეთ ქვიშაზე, რომელიც ტალღებმა მალევე გადარეცხა.

- ახლა კი გავიქცეთ და ვინც ბოლოს მიირბენს სახლში, ვახშამიც იმან მოამზადოს! - იყვირა ალთაიმ და გავარდა.

არადა, როგორ მინდოდა, გამეგრძელებინა ეს შესანიშნავი დღე მამაკაცთან, რომელსაც თავიდან ვერ ვიტანდი, ახლა კი დასაკარგავად არ მემეტებოდა.

8 8 8

სირბილში გაჯიბრება არც მიცდია, რადგან ვიცოდი, ალთაის ვერ გავასწრებდი. შესაბამისად, ვახშმის თადარიგიც მე დავიჭირე.

მსიამოვნებდა დიასახლისობა, მით უმეტეს, როცა გვერდით ისეთი მამაკაცი მეგულებოდა, რომელსაც ჩემს ფანტაზიებში, ბოლო დროს, ცხოვრების მეგზურად წარმოვიდგენდი.

- გამიხსენებ ხოლმე, როცა აქედან წახვალ? - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია.

გული შემეკუმშა ამის გაგონებაზე.

- რა თქმა უნდა, ეს ზაფხული არასდროს დამავიწყდება, - ჩამწყდარი ხმით მივუგე, - რატომ მეკითხები?

პასუხი არ გამცა. ხელში ქვიშა ეჭირა და მუჭში მოქცეულს ხან ერთ ხელისგულზე დაიყრიდა, ხან მეორეზე.

- ალთაი! ისე მელაპარაკები, თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდე. - თავს მოვერიე და რიხიანად ავლაპარაკდი, - შენ რა, უკან დაბრუნებას არ აპირებ მარინასთან შეხვედრის შემდეგ? წიგნი რომ დასამთავრებელი გაქვს?

მან ყურადღებით შემომხედა, ღრმად ამოიხვნეშა და ყრუდ ამოთქვა:

- ხვალ ვხვდები… ვფიქრობ, აღარ დავბრუნდები. უფრო სწორად, დასარჩენად არ დავბრუნდები, მხოლოდ იმიტომ, რომ ბარგი ჩავალაგო და წავიღო.

- გასაგებია, - ვუპასუხე და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. იქნებ არც არაფერი მითქვამს და მხოლოდ გავიფიქრე? მაშინ ასეთი სასოწარკვეთილი «გასაგებია» საიდან მომესმა? ნუთუ ფიქრშიც კი ასეთი ტონი აქვს წარმოუთქმელ სიტყვას?

რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეჩვენებოდა, რომ ტალღების ხმაურმა იმატა და ნელ-ნელა აუტანელი გახდა. იქნებ ჩემს ყურებს გაუდიოდა გუგუნი და ზღვის ხმად აღვიქვამდი? ძლივძლივობით გადავყლაპე ორიოდე ლუკმა, თვალები ამიცრემლიანდა. მთელი ვახშმის განმავლობაში დაბლა ვიყურებოდი, რომ მას ჩემი ცრემლები არ შეემჩნია.

- მომისმინე, მე და შენ ერთმანეთისთვის მაინც უცხოები ვართ, - ახსნა-განმარტებას შეუდგა ალთაი, თითქოს ჩემი ტკივილის შემსუბუქებას ცდილობდა, - ორი უცნობი პლაჟზე. ეს არის და ეს. მხოლოდ დროებით აღმოვჩნდით ერთად, შემთხვევითობის წყალობით. უფრო მარტივადაც შეიძლება ითქვას - ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ახლა კი…

- ახლა კი მოვიდა დრო, ყველაფერი დავივიწყოთ, - მოჩვენებითი მხიარულებით გავაგრძელე, - მთავარია, ეს ყველაფერი ორივეს მოგვეწონა, ხომ მართალია? კინკლაობაც კი. - ცერა და არათითი ერთდროულად მივიდე თვალებთან, ოსტატური მოძრაობით მოვიწმინდე ცრემლები და შემდეგ იმავე თითებით ჩემს ლამაზ ცხვირს ჩამოვუყევი და მხოლოდ ამის შემდეგ შევხედე.

მისი მზერა არასდროს დამავიწყდება. ეს საოცარი ნაცრისფერი თვალები უცნაური სითბოთი მომაშტერდა, მაგრამ მხოლოდ წამით, შემდეგ ისეთი ცივი გახდა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.

- რა თქმა უნდა, - ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა, - აბა რა!

- ახლა კი გვიანაა, დაწოლის დრო მოვიდა, - გამშრალი ხმით ვთქვი და მაგიდის ალაგებას შევუდექი.

- ჰო, დრო სწრაფად გაიქცა. დილას უთენია უნდა ავდგე. შეიძლება ვერც მოვასწრო დამშვიდობება, ამიტომ ჯობს, ახლა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, რას იტყვი?

- შეხვედრამდე, ალთაი, - ხმაწართმეულმა ძლივს წავილუღლუღე, კიდევ კარგი, უკვე ნიჟარასთან ვიყავი და მოვასწარი თეფშების ჩალაგება, თორემ ალბათ ხელიდან გამივარდებოდა.

- ასე არა… - ის ნელა მომიახლოვდა, - გამომშვიდობების წინ ერთმანეთს არ უნდა ვაკოცოთ? თუნდაც ამდენი დღის ერთად ყოფნის სამახსოვროდ?

გული ჩვეული რიტმიდან ამოვარდა.

- არა, - წავიჩურჩულე და განზე გადგომა დავაპირე, მაგრამ ალთაიმ არ შეისმინა ჩემი უარი. უბოდიშოდ მომხვია ხელი წელზე და ისე მძლავრად მიმიკრა მკერდზე, სუნთქვა შემეკრა. შემდეგ მაკოცა. არ ვიცი, მესიამოვნა თუ არა, რადგან იმდენად დიდი იყო მასთან მოსალოდნელი განშორების ტკივილი, სიამოვნების მისაღებად შეგრძნებები არ მეყო.

ალბათ იმედგაცრუებული ქალის გამოხედვა მქონდა, რადგან როდესაც ხელი შემიშვა და შემომხედა, გაოცებულმა წარბები აზიდა.

- აჯობებს, მარინასთვის შემოინახო საალერსო ძალები, - ასეთი გულგრილი ტონი რამდენი დღეა, არ მქონია.

მან პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან სასწრაფოდ გავედი სამზარეულოდან და მეორე სართულზე ავედი. ვცდილობდი, ნელი ნაბიჯებით ამევლო საფეხურები, რათა თავი არ გამეცა. როგორც კი საძინებელში შევედი, კარი გასაღებით ჩავკეტე და ზურგით მივეყრდენი… განადგურებული ვიყავი.

გაგრძელება იქნება

იხილეთ ასევე:

მგელთან მოხეტიალე - თავი 8

მგელთან მოხეტიალე - თავი 7

მგელთან მოხეტიალე - თავი 6