მგელთან მოხეტიალე - თავი - 10 - Marao

მგელთან მოხეტიალე - თავი - 10

2022-12-01 10:22:41+04:00


წინა თავი

ეს ყველაფერი სიგიჟე იყო, უკვე დამთავრებული სიგიჟე. აქ დარჩენა აღარ მინდოდა. ერთი სული მქონდა, როდის დავტოვებდი ამ სახლს, ამიტომ წამითაც არ მიყოყმანია. ხელის ერთი მოსმით გამოვიცვალე ტანსაცმელი, მანქანის გასაღებს ხელი დავტაცე და გარეთ გამოვვარდი…

რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემი «მერსედესი» ქუჩაში მიქროდა. გზად ბიბის გავუარე, ბოდიში მოვუხადე დაგვიანებისთვის და ვთხოვე, ბესი ცოტა ხნით კვლავ დარჩენილიყო მასთან, სანამ დავბრუნდებოდი.

პირველად მივქროდი ასეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით. თითქოს მდევრების მთელი რაზმი მომდევდა უკან. გამიმართლა. ფოთიდან ბათუმამდე ისე ჩავედი, პატრულის არც ერთი მანქანა არ შემხვედრია, თორემ დაჯარიმება არ ამცდებოდა.

როგორც კი ჩემს მშობლიურ ქალაქში აღმოვჩნდი, მანქანა პირველსავე ტელეფონის ჯიხურთან გავაჩერე და ყრუდ ამოვიოხრე. მერე გადმოვედი მანქანიდან და ცას ავხედე, რომელიც ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. მინდოდა, დავმშვიდებულიყავი და ვარსკვლავების დათვლას შევუდექი. სიმწრით გამეცინა. ადრე ასეთი სისულელეები თავში აზრადაც არ მომივიდოდა. ახლა კი… ჩემდა უნებურად, აკაკის ლექსი გამახსენდა, «ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები»… მორჩა! უნდა მოვეშვა ალთაიზე ფიქრს, უნდა დავივიწყო მასთან გატარებული თითოეული დღე! უნდა დავივიწყო, უნდა დავივიწყო! - დიდხანს ვიმეორებდი გონებაში, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამომდიოდა.

რეზის ნომერი ავკრიფე. რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ვუთხრა სათქმელი, სანამ გადამიფიქრებია. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ იღებდა ყურმილს. შემდეგ დედას დავურეკე მობილურზე. მან მაშინვე მიპასუხა. რომ ვუთხარი, ჩამოვედი-მეთქი, არც მომიკითხა, ისე მომაყარა.

- სასწრაფოდ მოდი, პარკთან რომ რესტორანია, მოცეკვავე შადრევნების გვერდით, დღეს გაიხსნა და დაგვპატიჟეს. ყველანი აქ ვართ, რეზიც ჩვენთანაა და ახლავე ნახე! - ამის თქმა და გამითიშა.

მეც იქვე ვიყავი, რესტორანთან ძალიან ახლოს. ამიტომ მანქანა მოხერხებულად დავაყენე ნებადართულ ადგილზე, დისტანციურით ჩავკეტე და ფეხით გავაგრძელე გზა.

ბათუმში სიცოცხლე დუღდა. ირგვლივ ყველა გასართობი ადგილი ფერადი ნათურებით იყო განათებული. რესტორნიდან ღრიანცელის და მუსიკის ხმა გამოდიოდა. წამით შევჩერდი, არ მინდოდა შესვლა, ლამის გადავიფიქრე. ბოლოს ძალა მოვიკრიბე, ღრმად ამოვიოხრე და კარი შევაღე. სქელ ხალიჩაზე ფეხი უსიამოვნოდ მეფლობოდა. თვალები კი ცდილობდა, შეჩვეოდა მკვეთრ სინათლეს.

- მობრძანდით, - დაცვის ბიჭმა ღიმილით დამიკრა თავი.

პირველად დედას მოვკარი თვალი, თავის დაქალის გვერდით იჯდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. როგორც კი დამინახა, წამოხტა და ჩემკენ გამოიქცა.

- ლიკა! - ხელებგაშლილი ჩამეხუტა და დიდხანს მკოცნა.

უცებ მხარზე ვიღაცის მძიმე ხელი ვიგრძენი. თავი მოვაბრუნე და მამაჩემის გაოცებულ თვალებს წავაწყდი.

- ასე ადრე რატომ ჩამოხვედი, შვილო?

ნაძალადევად გავუღიმე. ნამდვილ მიზეზს ალბათ მამასაც კი ვერასდროს ვეტყვი. იქნებ არც მე ვიცოდი ზუსტად, რატომ ჩამოვედი.

- დედამ შემაშინა, მითხრა, რეზი აუცილებლად უნდა ნახოო…

მამა მოიღუშა.

- აქ არის ეგ ნაძირალა. სალომესთან ცეკვით ირთობს თავს. აი, ეგერ! - საჩვენებელი თითი დარბაზის შუაგულისკენ გაიშვირა, სადაც წყვილები ვალსს ცეკვავდნენ.

თვალი მის თითს გავაყოლე. ჩემდა გასაკვირად, უსიამოვნო რეაქცია არ მქონია. რეზი, როგორც ყოველთვის, გამორჩეულად კარგად გამოიყურებოდა. სალომეს მის მკერდზე მიედო თავი და მასთან ერთად ნელა მოძრაობდა.

- ლამაზი წყვილია, - საჭიროზე მეტხანს მოვუნდი ამ წინადადების წარმოთქმას, გავწელე მარცვლები.

- აბა რა! - გაღიზიანებული ტონით წამოიძახა მამამ, - თან, ყველაფერი გააკეთა შენმა რჩეულმა იმისთვის, რომ მისი თავგასულობა ჩვენთვის დაენახვებინა. წამითაც არ მოგვერიდა არც მე, არც დედაშენს. ვითომ არაფერი. რაც შენ წახვედი, დღე არ გავიდოდა, ერთად არ მენახა ორივე.

- შენ გგონია, სპეციალურად აკეთებს ამას?

- ეჭვიც არ მეპარება. იცოდა, რომ დედაშენი აუცილებლად გაგაგებინებდა ამ ამბავს და მომენტს არ უშვებდა ხელიდან. ისედაც, მთელი ქალაქი მათზე ლაპარაკობს. გულთან ახლოს არ მიიტანო, კარგი? შენ ხომ ჩემი გოგო ხარ, მე მომბაძე. მოთმინება საუკეთესო საშუალებაა სამაგიეროს გადასახდელად.

- არ ვაპირებ სამაგიეროს გადახდას, მამი, დიდად არ მაღელვებს, ვისთან გაერთობა.

- ჰოდა, ძალიანაც კარგი. შენი საქმეები როგორ არის? უფრო გარუჯულხარ. მთლად მულატი გამხდარხარ. - მამამ ვერ მოითმინა და გადამეხვია.

- ჰო, გავირუჯე, დავისვენე და ვიმუშავე კიდევაც, როგორც მე მინდოდა, ისე. ორი დღით ჩამოვედი. მხოლოდ იმიტომ, რომ რეზისთან ყველაფერი გავარკვიო… საბოლოოდ.

- მართლა? და ყველაფრის გარკვევაში რას გულისხმობ?

- ეს მასზეა დამოკიდებული. ასე არ არის?

სწორედ ამ დროს დამინახა რეზიმ. იმდენად დიდი იყო მისი გაოცება, რომ ცეკვა შეწყვიტა. რაღაც უჩურჩულა სალომეს, მაგიდასთან მიაცილა და ჩემკენ დაიძრა. ცივად ვადევნებდი თვალს მის მოახლოებას, თუმცა, ვიგრძენი, რომ იმაზე მეტად მომნატრებოდა, ვიდრე მეგონა.

- ლიკა, აქ რას აკეთებ? - ჩვეული ღიმილი მოიშველია ჩემმა შეყვარებულმა და ჩემგან ორიოდე ნაბიჯში შედგა.

- შენ? - კითხვა შევუბრუნე და გამომცდელად მივაჩერდი.

ერთხანს ხმას არ ვიღებდით, მაგრამ ვიგრძენი, რომ კიდევ ერთხელ დავაყრიდით ერთმანეთს.

- სალომე როგორ გყავს?

ირიბად გამომხედა.

- კარგადაა, - ირონიულად მომიგო, - როგორ მოხდა, შენს ახალ სახლს რომ შეელიე?

- სხვათა შორის, არ გამძნელებია, - ირონიითვე ვუპასუხე.

რეზიმ სკამი გამოწია და დაჯდა. მამაჩემმა ჩაახველა და წამოდგა.

- მაპატიეთ, სიგარეტი გამითავდა, ცოტა ხნით უნდა გავიდე, მალე დავბრუნდები, - თქვა და გაგვერიდა.

ვცდილობდი, რეზისთვის არ შემეხედა. აი, მოვედი, აქ ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მიყვარს კი? ნუთუ მომეჩვენა, რომ ალთაიმ გადაწონა იგი? ან იქნებ, სულაც ალთაი მიყვარს?

- რატომ არ გამაფრთხილე, ჩამოსვლას თუ აპირებდი? - რეზი დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა.

- ამას განა რამე მნიშვნელობა ჰქონდა?

- აბა არ ჰქონდა? გეყოფა, ლიკა, რა!

- თუ შეიძლება, ერთ კითხვაზე მიპასუხე, კარგი? ისევ გაქვს სალომესთან რომანი?

მხოლოდ წამით შეყოყმანდა, მაგრამ მაინც ვერ გამომაპარა.

- არა, - მსწრაფლ მომიგო, - მომისმინე, ლიკა, ჩვენ უნდა დავილაპაროკოთ. მაგრამ არა აქ. მოგვიანებით სახლში მოვალ, კარგი?

- სალომეს რომ აკოცებ, სახლში მიაცილებ და ძილი ნებისას უსურვებ, მერე, არა?

ჯერ ცივად შემომხედა, მერე კი კმაყოფილებით ჩაიღიმა:

- ესე იგი, ეჭვიანობ…

არ ვუპასუხე, რადგან არ ვიცოდი, რა მეპასუხა.

- წამო, ცოტა ხნით გავიდეთ, შადრევნებთან გავიაროთ.

გავყევი. გარეთ დახუთული ჰაერი იდგა. ტროტუარს ტაატით დავუყევით. მან ხელი ჩამკიდა და თავისკენ მიმაბრუნა. შემდეგ მაკოცა. ოდნავ აღელვებული მკერდზე მივეკარი და ხელები მოვხვიე. ვცდილობდი, მაგრამ ის განსაკუთრებლი შეგრძნება ვერ გამოვცადე, რომელიც გულს აჩქარებს და სასიამოვნო ჟრუანტელს იწვევს. არც მიწა გამომცლია ფეხქვეშ, როგორც ეს ალთაის კოცნის დროს მემართებოდა.

- რა კარგია, რომ ჩამოხვედი! - წამჩურჩულა.

- მაგრამ დარჩენას არ ვაპირებ, - ცივად მივუგე.

- რა-ა? - ადგილზე გაშეშდა.

- ორი დღით ჩამოვედი.

- რატომ უნდა დაბრუნდე? დარჩი ჩემთან, გთხოვ!

- ვერა. ჯერ კიდევ დამრჩა სამუშაო, აუცილებლად უნდა დავამთავრო.

ბრაზიანად ამოიხვნეშა.

- მეგონა, ამ სისულელეს დაივიწყებდი.

- ხატვა სისულელე არ არის.

- დარჩი, რა… დარჩი და დავქორწინდეთ.

- მერე სალომე?

ხელზე ხელი მომიჭირა.

- მე შენ მიყვარხარ და არა სალომე.

- მაგრამ ფოთში მაინც არ უნდა დავბრუნდე, არა?

- სწორედ ასეა.

- რა ორიგინალური სიყვარულია, - ჩამეცინა, - ნუთუ არ გესმის, რომ ფერწერა ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია?

მოულოდნელად გაჩერდა და უცნაური რამ მკითხა:

- შენ იქ ვიღაც გყავს, ხომ ასეა?

ტუჩი მოვიკვნიტე და ჯიბრიანად ვუპასუხე:

- ასეთ თამაშს შენ თამაშობ, რეზი! შენ და არა მე!

- შენი იმ კოღოების საბუდარში გამგზავრება ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა!

თვალები დავხუჭე. მის საუბარში ეჭვიანობის ნოტები გამოსჭვიოდა. ადრე საამისო საბაბი არასდროს მიმიცია. როგორ მომინდა, ამწუთას პირი მომეღო და მომეყოლა მისთვის ალთაის შესახებ, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი. ახლა სკანდალი არ მჭირდებოდა. აქეთ მომდებდა შარს და საქვეყნოდ გამომაჭენებდა, მიღალატაო. საკუთარ რეპუტაციას ვერ შევლახავდი მის გამო, ამად არ მიღირდა.

- რას ცდილობ, რეზი? გინდა, მოთმინებიდან გამომიყვანო, გეჩხუბო და მერე სუფთა სინდისით ისევ სალომესთან გაიქცე?

ჩემმა ნათქვამმა გააბრაზა.

- შეიძლება ასეც არის! - ყვირილით მომახალა.

მეტად აღარ მეყო მოთმინება. ამაყად ავწიე თავი და მხრებში გავსწორდი.

- მაშინ დაბრუნდი მასთან! - ზიზღით მივუგე და გამოვტრიალდი. მისი გაღიზიანებული ხმა კვალდაკვალ მომდევდა მანამ, სანამ რესტორნის ხმაურმა არ გადაფარა…

შევედი თუ არა დარბაზში, მამაჩემს ვუთხარი, სახლში წავალ. დაღლილი ვარ-მეთქი.

- რამე მოხდა?

- როგორც ყოველთვის. კიდევ ერთხელ ვიჩხუბეთ. - უდარდელად წარმოვთქვი.

- ცუდია, - თავი გააქნია მამამ, - კარგი, წადი. მეც მოვალ, როგორც კი დედაშენი გულს მოიოხებს თავის დაქალებთან ჭორაობით.

შინ დაბრუნებულმა თავი საოცრად მშვიდად ვიგრძენი, მაგრამ მარტო ყოფნა დიდხანს არ დამცალდა.

მამა და დედა მალევე მოვიდნენ, სააბაზანოდან ახალი გამოსული ვიყავი, თავზე რომ წამომადგნენ. დედამ ნოტაციები წამიკითხა, აუცილებლად უნდა შეურიგდე რეზისო. მამაჩემს კრინტი არ დაუძრავს. ბოლოს დედა დაიღალა შეგონებებით და თავი დამანება, დასაძინებლად გაეშურა, მამა კი გვერდით მომიჯდა.

- შენს თავს რაღაც ხდება, ლიკა. არ გინდა, მომიყვე? - გამომცდელად შემომხედა.

- ოღონდ ახლა არა, მამი, რა.

- ის მაინც მითხარი, რას აპირებ?

- ზეგ უკან დავბრუნდები. ორი დღით დარჩენა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე.

- როგორც გინდა, შვილო. იმედია, იცი, რასაც აკეთებ…

ეს ნამდვილად ვიცოდი, ამიტომ პასუხად მხოლოდ გავუღიმე საყვარელ მამიკოს, რომელიც უთქმელად ხვდებოდა ჩემს გულისნადებს.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

მგელთან მოხეტიალე - თავი 9

მგელთან მოხეტიალე - თავი 8

მგელთან მოხეტიალე - თავი 7