ნოველები

დუმილის შეთქმულება - თავი 3

დუმილის შეთქმულება - თავი 3
წინა თავი

- როგორ მოხდა ეს ყველაფერი? - დახშული ხმით ვკითხე.

- ძრავა გაიჭედა რაღაც მომენტში, რამაც ბორბლების ბლოკირება გამოიწვია. მკვეთრი დამუხრუჭების შედეგად, მანქანა სველ ასფალტზე მოსრიალდა და მოსახვევში, ხრამში რომ არ გადაჩეხილიყო, გარდაცვლილმა კლდისკენ მიატრიალა საჭე. იქ კი მთელი ძალით ბეტონის კედელს შეეჯახა. რომ არ დაემუხრუჭებინა და ნაკლები სიჩქარით ევლო, დიდი არაფერი დაუშავდებოდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ყველაფერი ერთ წამში მოხ
და.

- ძრავა რატომ უნდა გაჭედილიყო?

ქალმა ამოიოხრა, თუჯის მაგიდასთან მივიდა, რკინის წვრილი ძელი აიღო და ისე დაახეთქა ზედაპირს, საშინელი გრუხუნის ხმამ ლამის ყურის ბარაბანი გამიხვრიტა. ის ხელოსანი იყო და, თავად ასეთ ხმაურს მიჩვეული, ვერ გრძნობდა, რამდენად უჩვეულო იყო სხვისთვის მსგავსი ხმაურის მოსმენა, მით უმეტეს, დახურულ სივრცეში. ნეტავ, ქმართანაც ასეთი უხეშია? - შეუმჩნევლად ჩავიღიმე.

- ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, რამ გამოიწვია ძრავის გაჭედვა, - პროფესიონალის კილოთი გააგრძელა ხელოსანმა, - მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. შეხედეთ დგუშის თავსახურს, ხედავთ, როგორი დამწვარია? ძალაყინითაც ვერ მოვამტვრიე გარეთა რგოლი, რკინასავით მაგარია! ვფიქრობ, შიგ რაღაც ჩაასხეს, რამაც აალება გამოიწვია. ცეცხლიც ამიტომ გაუჩნდა ალბათ.

დგუშის ზედაპირს ხელი გადავუსვი, ცეცხლისგან დახორკლილი თავსახური ზეთოვან სითხეში იყო ამოსვრილი.

- ვერასდროს წარმოვიდგენდი, მანქანის ზეთს ხანძრის გამოწვევა თუ შეეძლო, - ვაღიარე.

- რატომ გგონიათ, რომ მანქანის ზეთია? - ქალმა დოინჯი შემოიყარა და გვერდით დამიდგა.

- აბა, რა არის?

ქალმა მხრები აიჩეჩა.

- მგონი, რაღაც მჟავა უნდა იყოს. ასე გამომცდელად ნუ მიყურებთ. ხომ გითხარით, ჩემს პრაქტიკაში მსგავსი არაფერი შემხვედრია-მეთქი. შეიძლება რომელიმე კუსტარული სინთეტიკური ზეთია, რომელიც გახურებისას არაბუნებრივ რეაქციას იძლევა.

- კუსტარული ზეთი?

- ჰო, რა ვიცი… სხვა რა უნდა ვიფიქრო… - დაიბნა ხელოსანი, - შეხედეთ, როგორი ნამწვია… თან მინისებური, თან მყარი, ძალიან მყარი… შეიძლება სპეციალურად გაურიეს ჩვეულებრივ ზეთში და ისე ჩაასხეს ცილინდრში, მერე კი რეაქციაში შევიდა და… ნახეთ, ძრავის კედლები თითქმის დამდნარია. არ არის გამორიცხული, საღებავიც იყოს, რა გითხრათ…

- მაგრამ თქვენ ხომ ჩაატარეთ ექსპერტიზა. ვალდებული ხართ ზუსტად იცოდეთ, რა ნივთიერება ესხა ცილინდრში.

- გეთანხმებით და ასეც მოვიქეცი. ექსპერტიზა ჩავატარე და ავარიის მიზეზებიც დავადგინე. მოვახსენე კიდევაც ამის შესახებ საპატრულო პოლიციას. ცილინდრში ჩასხმულმა უვარგისმა ზეთმა აალება გამოიწვია, რამაც ძრავა გაჭედა და ბორბლებიც დაბლოკა. სულ ეს არის!

- თქვენ ვერ გამიგეთ, - ამოვიხვნეშე დაზაფრულმა, - ჩემი კოლეგა სასეირნოდ კი არ იყო წასული, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა… იქნებ შეგნებულად მოუწყო ვიღაცამ ეს ყველაფერი?

- არ არის გამორიცხული, - სრულიად მშვიდი ხმით დამეთანხმა ქალი.

მან ვერ გაიგო, რა ვიგულისხმე.

- კიდევ ერთი კითხვა. თუ ასეთი რამ მართლა მოუწყვეს, რატომ მაშინვე არ მოხდა აალება? ორი სხვადასხვა სითხის არევას დიდი დრო ხომ არ დასჭირდებოდა?

- არ იყო აუცილებელი, რეაქცია მაშინვე გამოეწვია. სანამ მანქანა დაიქოქებოდა, ძრავა ხომ არ იყო გახურებული? რამდენიმე წუთის შემდეგ კი, როცა მისი გახურება მოხდა…

- დაახლოებით რამდენი წუთის შემდეგ? - შევაწყვეტინე.

- ასეთ ამინდში… სადღაც, თხუთმეტი წუთი მაინც სჭირდება, «ნივის» ძრავა ნორმამდე რომ გახურდეს.

- აჰა… - მისმა ნათქვამმა ახალი თავსატეხი გამიჩინა. ამ დროში საშუალო სიჩქარით დაახლოებით ოცი კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. სწორედ ამხელა მანძილია ახალუბნიდან შემთხვევის ადგილამდე. ამის გაფიქრებაზე თავში ყველაფერი ამერია. ისე ავღელდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. გულის ფეთქვას საფეთქლებთან ვგრძნობდი, ძარღვები დამეჭიმა… არა, არა, არ შეიძლება ნაადრევი დასკვნების გამოტანა, უნდა დავმშვიდდე. ოღონდ კი ვცდებოდე, ღმერთო, ოღონდ კი ვცდებოდე!

ხელოსანს ეჭვის თვალით გავხედე. ის მაგიდის კიდეზე ჩამომჯდარიყო და სიგარეტს ეწეოდა.

- უკაცრავად, - გაუბედავად ვთქვი, - შეიძლება სალონში შევიხედო?

- რა თქმა უნდა, როგორც გნებავთ, ნება თქვენია, - ხელი გაშალა ქალმა თანხმობის ნიშნად.

მძღოლის მხრიდან კარი გამოვაღე და იქაურობას ყურადღებით მოვავლე თვალი. სალონი მინის ნამსხვრევებით იყო გავსებული. უსაფრთხოების ქამარმა დამაინტერესა. ღვედის ბოლო ავიღე და მისი ბუდეში ჩამაგრება დავაპირე, მაგრამ პლასტმასის ფირფიტა რატომღაც, წინააღმდეგობას მიწევდა.

- თუ შეიძლება, სახრახნისი მათხოვეთ, - ხელი ქალისკენ გავიშვირე.

- სახრახნისი რაღაა? - მას გაოცებული შეძახილი აღმოხდა.

- «ატვერკა» მომაწოდეთ, თუ არ შეწუხდებით, - «ხელოსნურ» ენაზე ვუთარგმნე.

ქალი მაგიდიდან ჩამოხტა და სახრახნისით მომიახლოვდა.

- დაგეხმაროთ?

- არა, გმადლობთ.

კარგა ხანს ვეწვალე, სანამ ბუდიდან რაღაც ლითონი არ ამოვაძვრინე. გაოგნებული დავჩერებოდი… ოქროსფერ მონეტას.

- ეს რა არის, ხურდა ფული იყო გაჭედილი?

მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე, ლითონი ავწიე და დათვალიერებას შევუდექი. ჩვეულებრივი მედალი აღმოჩნდა, რომლის ერთ მხარეზე ეწერა: «შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის», ხოლო მეორეზე - «1 ადგილი».

ქალისთვის არც შემიხედავს, მანქანიდან სწრაფად გადმოვედი, თავის დაქნევით დავემშვიდობე მასპინძელს და იქაურობა აცახცახებულმა დავტოვე. გზაში მობილური მოვიმარჯვე, სერგის ნომერი ავკრიფე და მიპასუხა თუ არა, ლამის ყვირილით ვაცნობე:

- უფროსო, ეს მკვლელობა იყო!

- რა-ა? - ვერ მიმიხვდა იგი.

- ყურადღებით მომისმინე, სერგი, - ველაპარაკებოდი, თან სიბნელეში სველ გზას ყურადღებით გავყურებდი, რომ რამეს არ დავჯახებოდი, - დამამტკიცებელი საბუთი მაქვს. თამაზს რაც შეემთხვა, კარგად დაგეგმილი აქცია იყო. ის მოკლეს, გესმის? ძრავა, შეზეთვის სისტემა, უსაფრთხოების ღვედები…

- მოკეტე! - გამაწყვეტინა კაპიტანმა, - კრინტი აღარ დაძრა მეტი, სისულეებს ნუ როშავ, არ მსურს შენი მოსმენა. რა დალიე ამისთანა, რომ მოლანდებები დაგეწყო?

- კარგად მომისმინე, რა. ამწუთას გამოვედი ავტოსერვისიდან. ნასვამი არ ვარ, არც მთვრალი. შეგიძლია მოხვიდე და ჩემი ნათქვამი გადაამოწმო, თავად დარწუნდები, რომ არ ვცდები. ოდესმე გინახავს ცილინდრის დგუშში ნამწვი? ხოლო ძრ…

- კოკა, თუ კიდევ გააგრძელებ, იცოდე, დაგაპატიმრებ არაკანონიერი გამოძიების მცდელობისთვის, - მუქარით შემომიტია სერგიმ, - რაებს ბოდავ, რა მკვლელობა, რის მკვლელობა! გგონია, ექსპერტიზის დასკვნა წაკითხული არ მაქვს? მაგის «ნივა» დენიკინისდროინდელია, ცხოვრებაში ტექდათვალიერება არ გაუვლია. რატომ გაჩუმდი? მე ის მიკვირს, აქამდე როგორ არ მოყვა ავარიაში, ყველა ნაწილი დამპალი ჰქონდა მაგ მანქანას.

ლაპარაკის გაგრძელების საშუალება არ მომცა.

- ბოლოჯერ გაფრთხილებ! თავიდან ამოიგდე ეგ სისულელეები. პრობლემა ახლა ეგ კი არა, მისი პისტოლეტია, რომელსაც ვერსად ვპოულობთ, გასაგებია? ასე რომ, დილიდან ოფისში დაერჭვე და დაელოდე, პოლიციიდან შემოწმებაზე მოვლენ, - დაამთავრა სერგომ და გამითიშა.

სიმწრისგან კბილები გავაკრაჭუნე. აბა რა, რაში აწყობს სერგის ამ საქმის გაქექვა? თუკი მკვლელობის ეჭვი დადასტურდება, ერთი ამბავი ატყდება. დაიწყებენ გამოძიებას, რა უნდოდა თამაზს ახალუბანში, ვინ დართო იქ წასვლის ნება და ა.შ. სერგი აუცილებლად გაიჭყლიტება. მერე მეც დამკითხავენ, ირასაც გამოიძახებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, კაპიტანს ხელს ვერ გადავაფარებთ და ყველაფრის დაფქვა მოგვიწევს. «ლევი» საქმის ხსენება სიკვდილის ტოლფასია, ყველანი დავკარგავთ სამსახურს, პირველ რიგში კი, სერგი.

ოხ, სერგი, სერგი! რა ხარ შენ, ვინც არ გიცნობს! გაბრაზებულმა ხელი მთელი ძალით დავარტყი საჭეს. რა დამპალი სიტუაცია შეიქმნა. რა ვქნა, მივაფურთხო ყველას და დავწერო განცხადება პროკურორის სახელზე თუ… მაგრამ განცხადება თამაზს ვერ გააცოცხლებს, სერგის კი მთელ ცხოვრებას გაუფუჭებს. თავისი გასაჭირიც ეყოფა, ოთხი შვილის მამაა, ცოლი სულ ავადმყოფობს, ძლივს არჩენს ოჯახს. გარდა ამისა, ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია, პირიქით, ბევრ რამეში დამხმარებია კიდეც. როგორ უნდა ვუღალატო ასეთ კაცს? მაგრამ თამაზი? ის ხომ ჩემი მეგობარი იყო?.. დიდი დილემის წინაშე დავდექი.

არა, არა, ასე არაფერი გამოვა. ისე უნდა გავაკეთო, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფური, არავინ დავაზარალო. მორჩა, დღეიდან ერთი წამი თავისუფალი დრო არ მექნება. არც დავისვენებ, არც ვიქეიფებ, არც ირას შევხვდები და არც შვებულებაში გავალ, სანამ ამ ბურუსით მოცულ ამბავს არ გავარკვევ, სანამ თამაზის მკვლელობის საქმეს არ გამოვიძიებ. ახალუბანს ჭიანჭველას ბუდესავით ამოვაყირავებ და მის მკვლელს მაინც ვიპოვი. ბოლოს და ბოლოს, პატივმოყვარეობის ამბავია, სხვა თუ არაფერი!

მთელი სისწრაფით მივაქროლებდი მანქანას. თავადაც არ ვიცოდი, საით მქონდა გეზი აღებული. რამდენჯერმე თვალებზე ლიბრი გადამეკრა, ლამის ბორდიურს შევეჯახე. ალბათ ძალიან გადავიღალე. არა, ისევ უნდა დავიწყო ვარჯიში, ბოლო დროს ძალიან ინერტული გავხდი, კუნთები მომიდუნდა. იძულებული გავხდი, «ჟიგული» გამეჩერებინა. ფანჯარა ჩამოვწიე და ქუჩას გავხედე. გაოცებულმა მიმოვიხედე. დიღმის გასასვლელთან მივსულვარ, ცენტრალურ ტრასამდე! ჯერ კიდევ წვიმდა. მანქანებმა წუილით ჩამიქროლეს. ფეხით მოსიარულე ადამიანები სადღაც მიიჩქაროდნენ, მე კი ვიჯექი ამ საზიზღარ ამინდში გაჩერებულ ავტომანქანაში და არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. ირგვლივ თითქოს სიცარიელემ დაისადგურა.

«ფიზკულტურის მასწავლებელი ჩემს შეცდენას ცდილობს»… - ეწერა წერილში. არა, ასე არა, ცოტა სხვანაირად… მგონი, ჩემი შეყვარებული ეჭვიანობსო. რა დეგენერატი ვარ, რატომ დავწვი? ერთი შეცდომა უკვე დავუშვი! ნამდვილი ხისთავიანი ვარ, მთავარი სამხილი გავანადგურე! თამაზის შეტყობინებაში როგორ იყო? «ეს ეჭვიანობა კი არა, ნამდვილი მანიააო». მანია? მანია თუ სენი? რომელს ამბობდა? თფუ! სკლეროზი დამეწყო!

თავი მთელი ძალით გადავაქნიე, რომ ნახევრადძილის მდგომარეობიდან გამოვსულიყავი და გასაღები გადავატრიალე. მანქანა დავქოქე, მაგრამ არ დამიძრავს. რა ვქნა, საით წავიდე? თუ მარჯვნივ გავუხვევ, პირდაპირ სახლთან მოვხვდები და ცხელ ყავას დავლეთ, თუ პირდაპირ წავალ…

პირდაპირ… ეს ცენტრალური ტრასაა, რომელიც დასავლეთისკენ მიდის. თუ გზას გავაგრძელებ, სულ მცირე, ორსაათ-ნახევარში უღელტეხილზე ვიქნები, იქიდან კი ახალუბანში უპრობლემოდ გადავალ. მშვენიერ დასახლებაში, სადაც ჯერ კიდევ დაბორიალობს მეცნიერული გამოკვლევების საბჭოური აჩრდილი, მოგონებანი გარდასულ დღეთა… განსაკუთრებით დამაინტრიგებელი იქნება იქ ღამით ჩასვლა. რომანტიკა! თან თოვლჭყაპი, თან ქარი, ჩაბნელებული ქუჩები, სულიერი გარეთ არ ჭაჭანებს, აქა-იქ მბჟუტავი ნათურები და მიტოვებული ლაბორატორიის დაჟანგული ჭიშკარი, რომელიც ქარის ყოველ შემობერვაზე გულის გამაწვრილებლად ჭრიალებს… დავივლი მთელ დასახლებას, ყველა კართან დავასიგნალებ, რა თქმა უნდა, არავინ გამომხედავს შუაღამისას და უკან დავბრუნდები… გათოშილი, გაყინული. შევწვები ცივ ლოგინში და როდის-როდის გავთბები. სამაგიეროდ, ვალს მოვიხდი გარდაცვლილი მეგობრის წინაშე. ჰმ…

ჩემს თავზე ბრაზი მომდიოდა. რატომ დავწვი ის წერილი, რას ვერჩოდი? ან თამაზის შეტყობინება რისთვის წავშალე? რეგვენი ვარ, ნამდვილი რეგვენი!

საზურგეზე გადავწექი და თვალები დავხუჭე. რა მაქვს ხელთ? გონება დავძაბე. წერილის შინაარსი, ასე თუ ისე, მახსოვს. სკოლა იყო ნახსენები, ეს უეჭველად ვიცი. კიდევ? წერილი მეთერთმეტეკლასელმა გოგონამ დაწერა. ვიცი ისიც, რომ მას ფიზკულტურის მასწავლებელი უპირებს შეცდენას. კიდევ ის, რომ ვიღაც დედანატირებმა თაზოს მანქანის ღვედის უბეში მონეტა ჩატენა. ხოლო ძრავის კოლოფში რაღაც საზიზღრობა ჩაუსხა, რათა ავარია გამოეწვია და ის ბიჭი დაებრიდა. მაქვს აგრეთვე ბრტყელტუჩა ინიციალებით - მ.ნ. გარდა ამისა, უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რომელიღაც ნაძირალამ თამაზი სასიკვდილოდ გაიმეტა. განა ეს ცოტაა?

კვლავ მობილურს ვეცი.

- სერგი, ახალუბანში მივდივარ.

- კიდევ არ დაოკდი, ბიჭო?! - იღრიალა კაპიტანმა.

- რა გინდა, ხომ არაფერს გთხოვ, უბრალოდ, საქმის კურსში გაყენებ, - მშვიდად ავუხსენი და მაშინვე ვინანე, რომ დავურეკე, მაგრამ უკვე გვიან იყო.

ჩემდა გასაოცრად, სრულიად მოულოდნელი პასუხი გამცა:

- რაც გინდა, ის ქენი, წყალსაც წაუღიხარ. თუ ასეთი მაგარი გგონია შენი თავი, მიდი, ბოლომდე მიაწექი «პირველ ჩვენებას» და საკუთარ პრობლემებს თავად მიხედე.

ღამე მშვიდობისა ვუსურვე და პედალს დავაწექი… ასეთი საუბრის შემდეგ შინ მიბრუნება უკვე აღარ შემეძლო. მაგრამ სანამ დასავლეთის გზას გავუდგებოდი, ერთ ადგილას აუცილებლად უნდა შემევლო, ამიტომ მაინც მომიწია მარჯვნივ მოხვევა.

ლადო ჭელიძესთან შევიარე, გაზეთის რედაქტორთან. მის გამოცემაში კვირის დანაშაულობათა ქრონიკას ვაქვეყნებდი, ასეთი რუბრიკა მქონდა. ვთხოვე, სამივლინებო ცნობა გამოეწერა ჩემთვის.

- ვერ გაგიშვებ, კოკა, სამივლინებო ლიმიტი ჯერ კიდევ წინა თვეში ამოგეწურა, - მომიბოდიშა ლადომ.

- ჩემი ხარჯით წავალ, ოღონდ ბეჭდიანი ცნობა მომეცი, სხვას არაფერს გთხოვ.

- ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ იქნებ ხვალამდე დაგეცადა, რატომ ჩქარობ?

- იმიტომ, რომ ახლავე მივდივარ.

ლადო კომპიუტერს უსიტყვოდ მიუჯდა და ცნობის დაბეჭდვას შეუდგა. სანამ საბუთს გამიმზადებდა, მე თავი მამამისთან საუბრით შევიქციე.

- რამე სერიოზული ხდება? - მკითხა ლადომ, ცნობა რომ მომაწოდა.

- სკოლაზე მინდა დავწერო, მოსწავლეები მასწავლებელს უჩივიან, - ბოლომდე არ გავეცი ჩემი საიდუმლო.

- ხუთდღიანი მივლინება გამოგიწერე, ხომ საკმარისია? - ლადომ კარამდე მიმაცილა.

- როგორ არა, სრულიად საკმარისია, დიდი მადლობა, - ხელი ჩამოვართვი რედაქტორს.

- ახალუბანი… ახალუბანი… - თავისთვის ჩაიბურტყუნა ზღურბლთან მდგარმა, - ახლახან სადღაც რაღაც წავიკითხე მაგ სოფელზე… არა, ვიტყუები, არ წამიკითხავს, სიუჟეტი იყო გუშინწინ საზოგადოებრივ არხზე, არ გიყურებია?

უარის ნიშნად თავი გადავაქნიე, ნახევრად მშრალი ქურთუკი უსიამოვნოდ შევიკარი და ცნობისმოყვარედ მივაჩერდი ჭელიძეს.

- და რა თქვეს?

- რაღაც საზიზღრობა. სამი დღის წინ სოფლის ტყეში დამწვარი «ჯიპი» უპოვიათ, რომელშიც ორი დანახშირებული გვამიც აღმოაჩინეს. გამოძიებას მიახლოებითი ვერსიაც კი არა აქვს თურმე. სულ ეგ არის. წადი, წადი, რად გინდა გამგზავრების წინ ასეთი საშინელებების მოსმენა? აბა, წარმატებები!

კიდევ ერთხელ გავუწოდე ხელი, დავეშვიდობე და კიბეზე ჩავირბინე.

ის იყო, მანქანაში ჩავჯექი, რომ ირამ დამირეკა.

- მადლობა ღმერთს, რომ დაგიჭირე, სად დაიკარგე? - როგორც ყოველთვის, მსუბუქად მისაყვედურა.

- ოფისიდან რომელ საათზე გახვედი, ირინა? - ცივად ვკითხე.

იგი ვერ იტანდა, როცა ვინმე ირინათი მიმართავდა, მე კი შეგნებულად მოვიქეცი ასე, რათა მიმხვდარიყო, გაბრაზებული რომ ვიყავი.

- უი, როგორ დამავიწყდა შენთვის მეთქვა! ჩემმა დამ მთხოვა, ბავშვი ბაღიდან გამოიყვანეო. უარი ვერ ვუთხარი, ხომ იცი, მეორეზეა ორსულად და სიარული უჭირს.

- დღის ორ საათზე?

- ჰო… სურდო აქვს პატარას და საღამომდე არ ტოვებს… თანაც, დღეს ხომ შაბათია, მოკლე სამუშაო დღე, - ენა დაება ირას.

მოთმინების ფიალა ამევსო და ლამის ვუღრიალე.

- სხვათა შორის, უკვე დროა, საკუთარ პატარას დასდევდე უკან, შენ კი ჯერაც სხვის შვილებს ზრდი!.. შენ წააქციე ნაგვის ურნა სამსახურში? - ბოლოს ოდნავ შევარბილე ტონი.

- რა ურნა… არაფერი ვიცი, რატომ უნდა წამექცია? იქნებ თამაზი დაბრუნდა? არ დაურეკე?

სიმართლის დამალვას აზრი არ ჰქონდა.

- თამაზი მოკლეს.

ირამ ისეთი ხმით წამოიკივლა, თითქოს უკნიდან ვიღაც მოულოდნელად მიეპარა და მუხლზე ხელი სტაცაო. კარგა ხანს დუმდა, მხოლოდ მისი სუნთქვის ხმა მესმოდა მობილურში. დაველოდე, სანამ ცოტა აზრზე მოვიდოდა.

- კოკა, მართალს ამბობ? - ნახევრად ჩურჩულით დაიწყო ცოტა ხნის შემდეგ, - რას ნიშნავს, მოკლეს? შენ ხომ… ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა! ნუთუ მართლა?

- ავტოავარია მოუწყვეს უღელტეხილზე. ამის გამო ახლა იქით მივდივარ, მისი მკვლელი უნდა მოვძებნო. ძალიან გთხოვ, პატარავ, სანამ მე არ ვიქნები, დღის განმავლობაში ოფისი არ დატოვო, ვინ იცის, რაწამს დამჭირდები, - და გავუთიშე, პასუხს არ დაველოდე.

ახლა მის ოხვრის და ვაივიშის მოსმენის თავი არ მქონდა. რამდენი დღით მიდიხარ, როდის ჩამოხვალ, მომიყევი, რა მოხდა…

ირას ეზიზღებოდა თაზო, დებილი, ჭუჭყიანი და ამაზრზენი კაციაო, იტყოდა ხოლმე და სულ მეხვეწებოდა, ოღონდ ეგ დაითხოვე სამსახურიდან და რაც გინდა, მთხოვე, ყველაფერს შეგისრულებო. ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ეს არ იყო მისი ანტიპათიის მიზეზი. ირა თამაზის ადგილს უმიზნებდა. მე კი შეგნებულად ვცდილობდი, ამერიდებინა ჩემი საცოლისთვის კრიმინალზე მუშაობა. კრიმინალი ქალის საქმედ არ მიმაჩნდა, მერჩივნა, ისევ ოფისის კომერციული მხარისთვის მიეხედა.

თაზოც გრძნობდა ირას ანტიპათიას, ამიტომაც მომენტს არ უშვებდა ხელიდან, როგორმე საპასუხო «დარტყმა» განეხორციელებინა. მე გულგრილად ვადევნებდი თვალს მათ ფარულ «ორთაბრძოლას», რადგან ჩემი ორი მეგობრის დაპირისპირებას სერიოზულად არ აღვიქვამდი. ირა ცდილობდა, ცხვირი ჩაეყო იმ საგამოძიებო საქმეებში, რომელსაც თამაზი აწარმოებდა. ეს უკანასკნელი ბრაზდებოდა ამაზე, მე კი მეცინებოდა, რადგან ირას კრიმინალური გამოძიებისკენ სწრაფვას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი. სამაგიეროდ, კომერციულ საქმეებში მართლაც რომ პროფესიონალურ ნიჭს ამჟღავნებდა. გარდა იმისა, რომ იურისტის დიპლომი ჰქონდა, საოცარი ალღოთი იყო დაჯილდოებული, ისე კარგად ართმევდა თავს პროფესიულ მოვალეობას, შეუცვლელი თანამშრომლის იმიჯით სარგებლობდა სააგენტოში. თუმცა ერთი გამოუსწორებელი ნაკლი ჰქონდა. იცოდა თავისი თავის ფასი, ჩემი სიყვარულითაც ბოროტად სარგებლობდა და ამის გამო, სამუშაო გრაფიკს, როგორც მოესურვებოდა, ისე არღვევდა. მისთვის არ არსებობდა ცნება «შიდა დისციპლინა», როცა გაუხარდებოდა, მაშინ გააცდენდა სამსახურს, უბოდიშოდ დააგვიანებდა ან, სულაც, დროზე ადრე დატოვებდა ოფისს. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ თავის დანაშაულს არასდროს აღიარებდა. მოკვდებოდა და არ იტყოდა, მაპატიე, შევცდი, ასე არ უნდა მოვქცეულიყავიო და ა.შ. თავის გასამართლებლად საპატიო მიზეზი ყოველთვის ჰქონდა.

გაგრძელება იქნება

წაიკითხეთ ასევე:
დუმილის შეთქმულება - თავი 2
დუმილის შეთქმულება - თავი 1



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93