ნოველები

დუმილის შეთქმულება - თავი 11

დუმილის შეთქმულება - თავი 11
წინა თავი

- წავალ, ვიბანავებ, - თქვა «ქიმიამ», როცა საქმეს მორჩა და გავიდა.

უკეთეს დასაწოლს კაცი ვერ ინატრებდა! წითელი აბრეშუმის სრიალა ზეწარი და ყვავილებით მოქარგული საბნის პირი ნებისმიერ მამაკაცს დააყენებდა სექსის ხასიათზე. არც არაფერი მიშლიდა ხელს და უკვე კარგა ხნის შემზადებულიც ვიყავი ამ პროცესისთვის, რომ არა ერთი რამ - წამით თვალწინ თამაზი წარმომიდგა, ლოგინზე გულაღმა გაშხლართული და ერთიანად ოფლში გაღვრილი… უეცრად თავი შემზიზღდა, უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა ყელში. უსიტყვოდ გამოვტრიალდი და ოთახიდან გამოვედი. ერთიანად მოკუნტული ჩავედი
პირველ სართულზე და ირგვლივ დაკვირვებით მიმოვიხედე.

სახლი ძვირფასი წითელი ხის ავეჯით იყო გაწყობილი. ალბათ შეძლებული ქმარი ჰყავდა, რახან ამდენი შესაძლებლობა ჰქონია, გავიფიქრე ჩემთვის. პირმოკუმული სამზარეულოში გავედი და კარადის უჯრებში ყავის ძებნას შევუდექი. მალევე მივაგენი ყავასაც, შაქარსაც და მადუღარასაც. ყველაფერი გავამზადე და ყავის მოდუღება დავიწყე. როცა საქმეს მოვრჩი, ცხელი სითხე კერამიკის ყავისფერ ფინჯნებში ჩამოვასხი და სანამ თათა ცხელ შხაპს მიიღებდა, ჰოლში გავედი ჩემი ქურთუკისთვის.

ის ზედ კარის ზღურბლთან, იატაკზე ეგდო. ავიღე და გულის ჯიბიდან მობილური ამოვიღე. გამალებით ავკრიფე ნომერი და კვლავ სამზარეულოში შევბრუნდი, თან კარი მჭიდროდ მოვიხურე ზურგს უკან, რომ მასწავლებელი მოულოდნელად თავს არ დამდგომოდა.

- ირა… მე ვარ… მაპატიე, ასე გვიან რომ გირეკავ… მაგრამ სასწრაფო საქმე მაქვს…

ტელეფონში ირას ნამძინარევი და ბუზღუნა ხმა გაისმა.

- კოკა… არა გრცხვენია? რა დროს დარეკვაა ამ შუაღამისას. ისე წახვედი, არც კი გამომიარე. ახლა გაგახსენდი, როცა დაგჭირდი? უკვე ზღაპრულ სიზმრებს ვხედავდი. დილით ვერ მეტყოდი სათქმელს?

- შენი ზღაპრული სიზმრები ჩემს რეალურთან შედარებით, ნაცრისფერი და ბანალურად მოსაწყენია, საყვარელო. ამიტომ გირჩევნია, ყურადღებით მომისმინო. ხვალ დილით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გამიგო ახლახან ახალუბნის ტყეში დამწვარი «ჯიპის» შესახებ.

- რას ამბობ! - შეიცხადა ირამ, - ხვალ დილით არაფრით არ შემიძლია. რვაზე აუზზე მივდივარ, თერთმეტზე მასაჟი მაქვს, თორმეტისთვის კი სოლარიუმში უნდა ვიყო. რამდენი ხანია, ჩავეწერე, ძლივს რიგმა მომიწია. ფული წინასწარ მაქვს გადახდილი, ვერაფრით გავაცდენ. იცი, რა ძვირი მიჯდება ეს ყველაფერი? - წუწუნით ამიკლო.

გაბრაზებულმა პასუხი არ გავეცი და გავუთიშე. მისი მოსმენის სურვილი გამიქრა. პარაზიტი! წამოვედი და აიშვა! როგორც უნდა, ისე დადის. ესე იგი, ხვალ სამსახურშიც დაგვიანებს, ან სულ არ მივა. ახლა რომ თბილისში ვიყო, ამდენს გაბედავდა? ვბრაზობდი შეყვარებულზე.

ჭირის დღესავით მეზარებოდა სერგისთან დარეკვა და მისი შეწუხება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა.

- შენ, რა თქმა უნდა, არ გძინავს, ხომ გამოვიცანი? - რაც შეიძლებოდა მხიარული ხმით ჩავძახე მობილურში.

- ჰო, ახლა უკვე არ მძინავს, ამის დედაც… რა გამიხურე საქმე, არ უნდა მომასვენო? - სერგიმაც საყვედურებით ამავსო, - კიდევ რა გინდა, დაგჭირდა რამე?

- შენა, ამ რამდენიმე დღის წინ რომ აქ მანქანა დაწვეს ორ ტიპთან ერთად, გსმენია რამე?

- მერე?

- უნდა გამიგო, ვინ იყვნენ ის ბიჭები.

- გუშინ ეგვიპტეში მორიგი მუმია ამოუთხრიათ. მისი ვინაობაც ხომ არ გაინტერესებს შემთხვევით? - მომახალა გაბრაზებულმა და ყურმილი დამიკიდა.

არა უშავს, გაბრაზება მალე გაუვლის და ყველაფერს გამიგებს, ვიცი მისი ხასიათი, კარგად ვიცნობ. ეს თათა რატომ აგვიანებს? ახლა მოუნდა სხეულის ხეხვა? კიდევ კარგი, ქურთუკიან-ფეხსაცმლიანად არ ჩამითრია წყალში, თორემ გარეთ ვეღარ გავიდოდი. რა ეშმაკი ქალია, ყოველ ღონეს ხმარობს ჩემი გეგმების ჩასაფუშად, მაგრამ მაინც არ გამოუვა. მან ჯერ კიდევ არ იცის, «კერკეტ კაკალთან» რომ აქვს საქმე.

8 8 8

ინსტიტუტის შენობას მივუახლოვდი თუ არა, იმწამსვე გადამავიწყდა, რომ ღამის პირველი საათი იყო, მშიოდა და სველი ჯინსის შარვალი მეცვა. ახლა უკვე არავინ და არაფერი მიშლიდა ხელს, აქაურობა ზედმიწევნით დამეთვალიერებინა, არც ნერვებს მომიშლიდა ვინმე. ამჯერად ბევრად გამიადვილდა გზის გაგნება. უფრო მეტიც, ყოველივე განცდილის შემდეგ ინსტიტუტის ტერიტორია მშობლიური სახლივით ახლობელი მეჩვენებოდა, თითქოს აქ დავიბადე და გავიზარდე. აქაურობის ბატონ-პატრონად ვგრძნობდი თავს.

გეზი პირდაპირ იმ კოტეჯისმაგვარი ნაგებობისკენ ავიღე, საიდანაც რამდენიმე საათის წინ სანთლის შუქი ციმციმებდა. არც დამალვას ვცდილობდი და არც ფეხის წვერებზე სიარულს. თავისუფლად ვსუნთქავდი და ჯიუტად მივიწევდი მიზნისკენ. ცოტა არ იყოს, მიკვირდა კიდეც - ასეთი თავდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ.

მთავარ კორპუსს გვერდი ავუარე და წყაროს მივადექი. იქაურობა გულდასმით მოვათვალიერე, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შევნიშნე. კვლავ ორსართულიანი კოტეჯისკენ განვაგრძე გზა. ამჯერად ვერც ფანჯარას ვხედავდი და ვერც მოციმციმე შუქს. ნოზაძე ალბათ ან დასაძინებლად დაწვა და სანთელი ჩააქრო, ან მინებზე რაღაც ჩამოაფარა, რომ სინათლეს გარეთ არ გამოეღწია. არც მესამე ვარიანტი იყო გამორიცხული - შესაძლებელია სანთელი იატაკზე იყო დამაგრებული, ამიტომ შუქის შემჩნევა მხოლოდ ზედა სართულებიდან იყო მოსახერხებელი. თუ ფანჯარაზე ფარდაც იყო ჩამოფარებული, ქვემოდან ვერასგზით ვერ დავინახავდი სინათლის მცირედ ანარეკლსაც კი.

როგორც იქნა, სამიზნეს მივუახლოვდი. გამიჭირდება იმის თქმა, რას ემსახურებოდა ეს შენობა წარსულში. არ არის გამორიცხული, სამეთვალყურეო პოსტი ან სადისპეტჩერო პუნქტი ყოფილიყო. სახლს გარშემო შემოვუარე. პირველ სართულს არც ფანჯარა ჰქონდა და არც კარი. მეორე სართულზე რკინის გრეხილი კიბე ადიოდა. აი, იქ კი, ერთი კარი და რამდენიმე ფანჯარა მოჩანდა. უმეტესი მათგანი ბეტონით იყო ამოგმანული. რამდენიმე შეემინათ, მაგრამ სიღრმეში, მინებს მიღმა, შუქისმაგვარი ვერაფერი შევნიშნე.

კიდევ უკეთესი. ჯობს, მამუკა ნოზაძემ «ტკბილად» იხვრინოს, სანამ კიბეზე ავალ და თავზე წავადგები მძინარეს.

როგორც კი კიბეზე ფეხი დავდგი, თუნუქის თხელი ფიფიტებისგან გაკეთებულმა საფეხურმა ისეთი დაიჭრიალა, ადგილზე გავქვავდი. სიჩუმეს ყური მივუგდე, ხმაური არ გამიგია. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა. მეორე საფეხურზე ავედი, მესამეზე… ჩემს ყოველ გადაადგილებაზე სიფრიფანა კიბე ვიბრაციას განიცდიდა, თითქოს ზამბარებზე დავაბიჯებდი. ჯანდაბას ნოზაძის თავი! ტყუილად კი არ აურჩევია თავშესაფრად ეს ადგილი! უჩუმრად ვერავინ მიეპარებოდა. ბოლო საფეხურზე, როგორც ჩანს, ფირფიტა არ იყო კარგად დამაგრებული, რადგან ჩემი სხეულის სიმძიმისგან დაიბრიქა და როცა ნაბიჯი გადავდგი, ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს თოფი გაისროლესო. დაუპატიჟებელი სტუმრისთვის უკეთეს სიგნალიზაციას ვერ გამოიგონებდა კაცი! ის სამი წუთი, რომელიც კიბეზე ასვლას მოვანდომე, სრულიად საკმარისი იყო მამუკასთვის, ათი პისტოლეტი გაეტენა და ბნელ კუთხეში ვერაგულად მიმალული, თავდასხმისთვის მომზადებულიყო.

როგორც იქნა, რკინის კარს მივუახლოვდი. დაკაკუნება სასაცილო იქნებოდა, ამიტომ სახელური თამამად ჩამოვწიე და გავაღე. ჩემდა გასაოცრად, ზამბარაზე დამაგრებული კარი ძალდაუტანებლად გაიღო და ვიგრძენი, როგორ დამეცვარა შუბლი ოფლით…

მართალია, მბჟუტავ სინათლეს ველოდი, მაგრამ, იატაკზე დადებულ საშანდლეში მოციმციმე სანთლის ალი რომ დავინახე, მაინც დავიძაბე. აქ ბოროტმოქმედი იმალებოდა. ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი და რომლისთვისაც ჯერ მეც უცხო ვიყავი. მაგრამ ის აქაურობას კარგად იცნობდა, ამწუთას თავშესაფარში იჯდა და მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ყოვლად გაუთვალისწინებელი ქმედება. ზღურბლს ფრთხილად გადავაბიჯე და სიღრმისკენ წავიწიე. რკინის მძიმე კარი ჩემ უკან ხაფანგივით ტკაცანით დაიკეტა. ახლა უკვე სხვის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი და ველოდებოდი, საიდან ვინ დამესხმებოდა თავს…

მოლოდინი არ გამართლდა. ოთახი ცარიელი დამხვდა. სიჩუმე არც ვინმეს მრისხანე შეკითხვას დაურღვევია და არც იარაღის ჩახმახზე შეყენების ხმას.

კარგა ხანს გაუნძრევლად ვიდექი ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და ყურადღებით ვსწავლობდი მის განლაგებას.

იატაკზე დამაგრებული სანთლის გარდა, პირველი, რაც შევამჩნიე, ხის ნარი იყო, რომელზეც ვიღაცას საძილე ტომარა გაეშალა. იქვე, ახლოს, ამოტრიალებული ხის ყუთი იდგა, მუშამბაგადაფარებული, ზედ კი - ნიკელის პატარა ჩაიდანი, თეთრი ფინჯანი და ემალის მინიატურული ქვაბი.

ოთახი შემოვიარე. შემოსასვლელის მოპირდაპირე მხარეს მეორე კარიც შევნიშნე, რომელიც დაკეტილი აღმოჩნდა. საკმაოდ დიდ ოთახს მხოლოდ ერთი სარკმელი ჰქონდა. სწორედ აქედან გამოსჭვიოდა სანთლის შუქი.

მივხვდი, რომ ცუდ დროს მოვედი, აქაურობის ბატონ-პატრონი სადღაც გასულიყო. მოულოდნელად კუთხეში მიგდებული ზურგჩანთა დავინახე. დავათვალიერე. შიგ ტურისტული კონსერვები, ხსნადი ყავის ნახევრად სავსე კოლოფი და შაქრის რამდენიმე პაკეტი იდო. ზედგამოჭრილი ნაკრები იყო ასკეტური ცხოვრებისთვის. ნარზე ჩამოვჯექი და საძილე ტომარა ხელით მოვსინჯე. ცივი იყო. როგორც ჩანს, კარგა ხანია, აქ არავინ წოლილა.

სანთელს ხელი წამოვავლე და მტვრით დაფარული იატაკის დათვალიერებას შევუდექი… ჩემი ვარაუდი გამართლდა… სპორტული ფეხსაცმლის უკვე ნაცნობი ნაფეხურების გარჩევა სულაც არ იყო ძნელი. ფეხის ზომა აშკარად მოზარდის უნდა ყოფილიყო, ან ქალის. ანუ, ეს ის ადამიანი იყო, ვინც ლუდის ბართან მითვალთვალებდა. ფაქტია, რომ ის ვიღაცა აქ ბინადრობს. სხვა ვინ უნდა იყოს, თუ არა მამუკა ნოზაძე? მაგრამ… ნუთუ ასეთი პატარა ზომის ფეხი აქვს? მერე რა, გასაკვირი არაფერია. კიდევ ერთხელ დავიარე ოთახი. ფინჯანში ჩავიხედე, მასპინძელს ნალექიანი ყავა დაელია. უცებ თვალებს არ დავუჯერე. იქვე, სკამზე, პატარა მრგვალი სარკე იდო, ისეთი, ქალები ჩანთით რომ ატარებენ. ოჰო! როგორც ჩანს, ნოზაძეს ქალებიც აკითხავენ საიმედო სამალავში. აი, კიდევ რაღაც… ეს სალაროს ჩეკია, რომელზეც გარკვევით მოჩანს წარწერა: «შპს «მარგალიტი». თითქოს უცხო ამაში არაფერი იყო, გარდა გამოწერილი თანხისა - რვაათასსამასი ლარი… ნუთუ ეს ჩეკი მამუკას ეკუთვნის? რა იშოვა მასწავლებლობაში იმდენი, რომ ასეთი ძვირად ღირებული ნივთის შეძენა შეძლო? საინტერესოა, რა შეიძინა ამ ფასად და საიდან აქვს ამდენი ფული?

ამ ყოფაში ვიყავი, მოულოდნელად მობილურმა რომ დარეკა. ლამის ადგილზე შევხტი. ეკრანს დავხედე, სერგი იყო.

- გისმენ, უფროსო! - შევეცადე, ომახიანად გამომსვლოდა.

- ერთი სიტყვით, - ჩემი კოლეგა აშკარად რაღაცას ღეჭავდა, ისეთი «წკლაპუნა» ხმით ლაპარაკობდა, - რაც შეეხება «ჯიპის» მარკის ავტომანქანაში აღმოჩენილ ორ დამწვარ გვამს, საქმე შემდეგში მდგომარეობს. გახსოვს, ამას წინათ რომ გიყვებოდი, ნოზაძე ბარში დაიჭირეს ნარკოტიკების გამსაღებლებთან ერთად-მეთქი? ესენი სწორედ ის ტიპები არიან. მათ და იმ შენს ნოზაძეს ჯიბეში აღმოაჩნდათ კუსტარულად დამზადებული ამპულები, რომლებზეც «ნოვოკაინი» ეწერა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ იყო ნოვოკაინი. სითხის ლაბორატიულად შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამპულებში ესხა ორგანული ნაერთი, რომელიც ნარკოტიკს შეიცავდა. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გაათავისუფლეს. ნოზაძის დასაკავებლად სამხილი არ ეყოთ, იმ ორმა კი, ჩემი აზრით, პოლიციის მოსყიდვა მოახერხა. თუმცა, ბოლომდე მაინც არ გაუმართლათ.

- ვინ დაწვა ისინი, გაარკვიეს?

- ვერა, ვერ გაარკვიეს და ალბათ, ვერც გაარკვევენ. არანაირი კვალი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნარკობაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ორმა დაჯგუფებამ ერთმანეთს საქმე გაურჩია.

- ის მაინც თუ იციან, რა უნდოდათ ახალუბანში?

- აი, ეს კი იმ შენს ნოზაძეს ჰკითხე. იპოვე, ბოლოს და ბოლოს?

- ჯერჯერობით მემალება, მაგრამ არ არის პრობლემა, თითქმის ხელში მყავს ჩაჭერილი. სერგი, კიდევ ერთი თხოვნა და მორჩა, აღარ შეგაწუხებ.

მეგონა, ახლა გაბრაზდება და ერთს გემრიელად შემიკურთხებს-მეთქი, მაგრამ შევცდი. მობილურში მისი გულიანი სიცილი გაისმა.

- შენ გამაგიჟებ, როგორც ვხედავ, - გამხიარულდა სერგი, - კარგი, კარგი, მითხარი, რა გინდა.

სალაროს ჩეკი სანთლის შუქზე მოხერხებულად დავიჭირე და მაღაზიის მისამართი და სახელწოდება ვუკარნახე.

- გამირკვიე, რით ვაჭრობს ეს მაღაზია და ვინ შეიძინა ათი დღის წინ ძვირად ღირებული ნივთი. სამწუხაროდ, არ ვიცი, რა ნივთია, მაგრამ გამყიდველებს აუცილებლად დაამახსოვრდებოდათ ადამიანი, რომელმაც ამდენი ფული გადაიხადა. კლიენტის ზუსტი აღწერილობა მჭირდება. სულ ეგ არის.

სერგიმ ამჯერად მშვიდად მოისმინა ჩემი თხოვნა და დახმარებას შემპირდა.

კიდევ ხუთი წუთი დავყავი ოთახში. მოცდას აზრი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ნოზაძემ ადრევე შემამაჩნია და საიმედოდ დაიმალა, ახლა კი ელოდება, როდის წავალ. დილამდეც რომ ვიცადო, სულერთია, არ მოვა. ჯობს, ნიკას მივხედო. მან ბევრი რამ იცის. როცა ყველაფერს დავაფქვევინებ და იზოლატორში ჩავსვამ, ნოზაძე თავისი ფეხით გამოცხადდება, თანაც აღიარებითი ჩვენებით.

8 8 8

თათასთან დაბრუნება არც მიცდია. იქ ჯერ კიდევ დაბორიალობდა თამაზის სული, რის გამოც თავს შებოჭილად ვგრძნობდი. მაცდურმა ქალბატონმა, დაე, თავის მოსწავლეებს დაახვიოს თავბრუ. მე მასთან არაფერი მესაქმება, ბოლოს და ბოლოს, საცოლე მელოდება თბილისში.

ღამის ორი საათი ხდებოდა, სკოლის შენობას რომ მივუახლოვდი. ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდი «ჩემს» ოთახში და სკამ-ლოგინზე მივდებდი თავს, ძალიან მეძინებოდა. როცა კარს მივუახლოვდი და კლიტეზე გასაღების მორგება ვცადე, არაფერი გამომივიდა. როგორც ჩანს, ვიღაცას შიგნიდან ჩაეკეტა კარი. შენობას შემოვუარე, მაგრამ ერთი ფანჯარაც ვერ შევნიშნე, რომელშიც შუქი იქნებოდა ანთებული. საინტერესო ამბავია, პირდაპირ! ვიღაცამ შიგნიდან კარი ჩამიკეტა და საშუალებას არ მაძლევს, ამ დამპალ სოფელში ღამე ადამიანურად გავათიო. გათოშილს მანქანაში მომიწევს დაძინება. არცთუ სასიამოვნო პერსპექტივაა…

უცებ ერთი ღია ფანჯარა შევნიშნე. ქვემოთ, კედელთან, ვიღაცას ხის ყუთი მიედგა, ალბათ იმისთვის, რომ მოხერხებულად გადამძვრალიყო საკლასო ოთახში. ბევრი არ მიფიქრია, ყუთზე შევდექი და რამდენიმე წუთის შემდეგ შენობაში ამოვყავი თავი.

გეზი პირდაპირ შემოსასვლელისკენ ავიღე, რომ გამეგო, ვის მოაფიქრდა «ჟურნალისტის» გარეთ დატოვება. ჩემი ვარაუდი გამართლდა. გასაღები შიგნიდან იყო კლიტეზე მორგებული. გაბრაზებულმა თავი გავაქნიე. გასაღები გამოვაძრე, ჯიბეში ჩავიდე და იდუმალი სტუმრის მოსაძებნად გავემართე.

პირველ სართულზე არავინ აღმოჩნდა. ჩუმად ავუყევი მეორე სართულის საფეხურებს. რამდენიმე საკლასო ოთახი გავიარე, არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. მოულოდნელად დერეფნის შუაგულში სუსტი სინათლე შევნიშნე, რომელიღაც ოთახის კარი გამოღებული იყო. ფეხის წვერებზე მივუახლოვდი კარს, ქიმიის კაბინეტი აღმოჩნდა. ფანჯარაზე სქელი ფარდები ჩამოეფარებინათ, გარედან ამიტომაც არ ჩანდა შუქი.

ერთხანს შევდექი, რომ მომეფიქრებინა, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ მალევე ჩავიქნიე ხელი. რატომ ვიმტვრიო თავი იმაზე ფიქრით, ვინ დამხვდება შიგნით, როცა შემიძლია შევვარდე და მკითხაობის გარეშე დავადგე თავს იმ ვიღაცას? შეღებულ კარში გვერდულად შევედი, რომ შეხებისას ჭრიალი არ დაეწყო. შხამქიმიკატების მძაფრი სუნი მეცა. მიმოვიხედე. კაბინეტში გრძელი მაგიდა იდგა, კედელზე მენდელეევის ტაბულა იყო გაკრული. მის გვერდით კიდევ ერთი კარი დავლანდე, როგორც დავასკვენი - ლაბორატორიის. ის იყო, ნაბიჯი უნდა გადამედგა, რომ მოულოდნელად იქიდან თეთრხალათიანი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა. თვალებს არ დავუჯერე! ნიკა შემრჩა ხელთ, გოგოლაძე! ჩემ დანახვაზე ყმაწვილს სახე შეეშალა, ფერი ეცვალა.

- ნიკას გაუმარჯოს! - მხიარულად დავუქნიე ხელი ბიჭს.

შეშინებულმა უკან დაიწყო დახევა და ლაბორატორიაში სცადა მიმალვა. ვიცოდი, თუ ვერ დავიჭერდი, აუცილებლად გამექცეოდა და უკან დავედევნე. მეორე ოთახში შესულმა რაღაც ყუთში დაიწყო ხელების ფათური. ამასობაში სწრაფად მივეჭერი და მხრებში ხელი ჩავავლე. ყმაწვილი მოტრიალდა და რაღაც საგანი თვალებში დამიმიზნა. მოვასწარი და დავიხარე. კოლბიდან გადმოღვრილი სითხის შხეფები კედელს შეესხა. სანამ წელში გავიმართებოდი, ნიკამ მოასწრო და მოხრილი ფეხი პირდაპირ ცხვირში ამომკრა. ვიგრძენი, როგორ წამსკდა ნესტოებიდან სისხლი. სხვა გზა არ დამრჩენოდა, სანამ იგი მეორედ დამარტყამდა, ცრუ მოძრაობა გავაკეთე და წარჩინებულ მოსწავლეს ჩემი ძლიერი მუშტი ყბაში ვუთავაზე. ბიჭი იატაკზე გაიშხლართა.

აქოშინებულმა ქეჩოში წავავლე ხელი, ლაბორატორიიდან ოთახში გამოვიყვანე და სკამზე დავსვი. მერე მაგიდაზე მდგარ წყლიან გრაფინს ხელი დავავლე და ცივი წყალი სახეზე შევისხი, რომ სისხლი მომეწმინდა.

- აბა, მომიყევი ახლა, ვინ გასწავლა ასეთი ჩინებული ილეთი, ფიზკულტურის მასწავლებელმა? - მრისხანედ შევხედე.

ბიჭმა თავი დახარა, ხმა არ ამოუღია. ლაბორატორიიდან შიშინის ხმა გამოდიოდა. მძაფრმა სუნმა ცხვირი ამიწვა. კვლავ შიგნით შევბრუნდი და მიმოვიხედე. ანთებულ გაზქურაზე კოლბა იდგა, რომელშიც მუქი ფერის სითხე ესხა. ბუშტუკები მკვირცხლად დახტოდნენ სითხის ზედაპირზე. კოლბიდან გადმოსული ქაფი ცეცხლს ესხმებოდა. სწორედ ამიტომ ისმოდა შიშინის ხმა. გაზქურა გადავკეტე და ფანჯარას ვეცი, ჟალუზები გადავწიე, რომ ფანჯარა გამომეღო და ოთახში სუფთა ჰაერი შემომეშვა. უცებ ადგილზე გავშეშდი. მაგიდაზე, სამედიცინო ხელსაწყოებთან ერთად, რამდენიმე ამპულა შევნიშნე, რომლებზეც გარკვევით იკითხებოდა წარწერა: «ნოვოკაინი». ჩემი ყურადღება, პირველ რიგში, ამპულების უჩვეულო ფორმამ მიიქცია, უფრო მოკლე თავი ჰქონდა, ვიდრე ქარხნულად დამზადებულს. ერთი მათგანი ავიღე, იგი ჯერ კიდევ თბილი იყო.

- არ გეჩვენებათ, რომ თქვენი საქციელი დასაშვებ ზღვარს სცილდება? - მომესმა მოულოდნელად ზურგს უკან.

მოვტრიალდი… კარის ზღურბლთან თათა ჭელიძე იდგა.

- გეთანხმები, ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება, - დავეთანხმე მასწავლებელს, - მაპატიე, გოგოლაძე ლაბორატორიაში ცოტა ვიწროდ იყო, ამიტომაც მისი კაბინეტში გაყვანა მომიწია, - ირონიულად შევნიშნე.

- თქვენ ჩემს მოსწავლეს სცემეთ, - ზიზღი აღებეჭდა ქალს სახეზე, - შემოიჭერით ჩემს ლაბორატორიაში… ახლა ავდგები და პოლიციას გამოვიძახებ!

თათა გატრიალდა და ოთახიდან ამაყი გამომეტყველებით გავიდა.

- ქალბატონო თათა, რა საჭიროა იქით გასვლა? ჩემს მობილურს გათხოვებთ და აქედან დარეკეთ! - ორაზროვნად ვთქვი, ჯიბიდან აპარატი დავაძრე და გავუწოდე.

«ქიმია» შემობრუნდა და ცივი თვალებით შემომხედა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ქალი, რომელიც ახლა ჩემ წინ იდგა, რამდენიმე საათის წინ ცხელ აბაზანაში ტანსაცმლიანად ცდილობდა ჩემ ჩათრევას და ვნებიანად მკოცნიდა ტუჩებში…

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:
დუმილის შეთქმულება - თავი 10
დუმილის შეთქმულება - თავი 9
დუმილის შეთქმულება - თავი 8


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93