მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 2 - Marao

მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 2

2022-12-27 11:08:48+04:00


წინა თავი

- უი, გენაცვალე, სულ არ წავალ, - უარობს ცივად. მე ვუღიმი.

- თქვენი ნომერი რომ მომცეთ, გენაცვალე? - მეკითხება შეშინებული პაციენტი.

- ნომერი რეცეპტზეა მითითებული. ჯერ თქვენს ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეთ, - ვუხსნი ღიმილით. ბატონი ვახტანგი დგება. გადავრჩი, ღილი თავის ადგილზეა. კარებთან ტრიალდება და მოულოდნელ კითხვას მისვამს: - დიეტის შემდეგ ხინკალსა და ლუდზე რას იტყვით?

- მე? - ვაფახურებ თვალებს გაკვირვებული.

- დიახ, ერთად აღვნიშნოთ გადარჩენა.

ვბრაზდები.

- ბატონო ვახტანგ, ვახშამზე არც მოქმედ და არც ყოფილ პაციენტებთან არ დავდივარ.

იმედგაცრუებული და ალბათ შეურაცხყოფილი ვახტანგი კარებს კეტავს, მე კი შემდეგი პაციენტის მისაღებად ვემზადები.

ისე არავის ეზიზღება თავისი პროფესია, როგორც მე. არასდროს მდომებია ექიმობა. არც ბავშვობაში მიმკურნალია თოჯინებისთვის. მთელი ცხოვრება ვუყურებდი, როგორ ფრცქვნიდა დედაჩემი მასთან მისულ პაციენტებს. გაჭირვების წლებში, როცა ხალხს პური და ცივი მჭადი ენატრებოდა, დედაჩემთან ბევრჯერ ფულის მაგივრად ქათამი, ყველი ან ძველი კარგი ცხოვრებიდან შემორჩენილი „ჩეხური ბროლის ვაზა“ მოუტანიათ. ისიც ყოველთვის ართმევდა, თან ისე, რომ თვალს არ ახამხამებდა. ჩემი მეზობლები ნახევრად მშივრები რომ დადიოდნენ, მე თაფლი და კარაქი მქონდა ყოველ დილას და ჭამა რომ არ მინდოდა, ფანჯარაში ვყრიდი.

მორიგი პაციენტის მიღების შემდეგ შესვენების დრო დგება. ვდგები, ტანსაცმელს ვისწორებ და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ. კარზე მოკრძალებული კაკუნია. სახეს უკმაყოფილოდ ვმანჭავ. სტუმარი „მობრძანდის“ არ ელოდება, ისე იჭრება ჩემს სივრცეში.

- ქალბატონო თამარ, გამარჯობა, - მესალმება ჩემი უსექსუალურესი თანამშრომელი გიორგი. ჩემი ასაკისაა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის „ქალბატონოთი“ მომმართავს. - ყავას ხომ არ დალევთ ჩემთან ერთად?

თვალები შუბლზე ამდის და კეფაზე გადამდის. ჩვენ აქამდე მხოლოდ შორიდან ვესალმებოდით ერთმანეთს, იშვიათად გვქონია საქმიანი საუბარი. ახლა კი აქ, ჩემს კაბინეტთან დგას და ჩემთვის საძულველ სითხეზე მეპატიჟება. ბევრჯერ შემითვალიერებია მისი ზომიერად დაკუნთული სხეული. ერთი-ორჯერ მსიზმრებია კიდეც საკმაოდ ინტიმურ სიზმრებში, მაგრამ... არასდროს მიფიქრია, გამოვლაპარაკებოდი. არასდროს, არასდროს, არასდროს მიმიცია უფლება თავისთვის, თანამშრომლებთან რამე ურთიერთობა მქონოდა. თუნდაც ყავა/ჩაი დამელია. ეს დაუწერელი კანონია, რომელსაც არასდროს ვარღვევ.

ახლაც, როგორც ყოველთვის, გიორგი მოდების ჟურნალიდან გადმომხტარს ჰგავს. სულ მაინტერესებს, როგორ ახერხებს, პერანგი ისე შეინარჩუნოს ტანზე, თითქოს ორი წუთის წინ აიღო საუთოო მაგიდიდან. შარვალი ისე ჰქონდეს ტანზე, თითქოს არც კი ჩაუმუხლია. თმა ხომ ყოველთვის იდეალურად დალაგებული აქვს და საერთოდაც ანათებს.

მისი მომლოდინე მზერა მაბნევს. ტანზე ვიხედები და მექანიკურად შარვალს ვისწორებ. მიუხედავად იმისა, რომ არც ზედმეტ წონას ვუჩივი და საკმაოდ ლამაზადაც ვითვლები, მის მომხიბვლელობას გვერდით მაინც ვერ ვუდგები. ჩემი ტანსაცმელი უკვე დაკუჭულია, მიუხედავად საავადმყოფოში გატარებული მხოლოდ რამდენიმე საათისა.

- დიახ, გიორგი, სიამოვნებით, - ვპასუხობ და რატომღაც ყავაზე ვთანხმდები, რომლისთვისაც რამდენიმე წელია პირი არ დამიკარებია. ამას თავისი დიდი და ობიექტური მიზეზი აქვს.

სკოლის ბოლო წელს ოჯახში კონსილიუმი შეიკრიბა. უნდა გადაწყვეტილიყო ჩემი მომავალი განათლების და კარიერის ამბავი. ჩემთვის არც აზრი უკითხავთ და არც დაინტერესებულან, საერთოდ მინდოდა თუ არა სწავლის გაგრძელება. დედისერთა გაზულუქებულ გოგოს სერიალების ყურების და წიგნების კითხვის მეტი არაფერი მაინტერესებდა. დედაჩემმა პომპეზურ ვახშამზე ფრთიანი ფრაზა გამოაცხადა: „ჩემი შვილი დოხტორი უნდა გამოვიდეს“. ბებია-ბაბუებმა ისე აიტაცეს ეს იდეა, თითქოს უკვე დიპლომიანი ექიმი ვიყავი და სადღეგრძელოც კი შესვეს რომელიღაც გაძვალტყავებული პაციენტის მიერ დედაჩემისთვის მორთმეული ბროლის ჭიქით. მამას გადავხედე. ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა, მივხვდი, ვერაფერს მიშველიდა და ბედს დავმორჩილდი. მაშინ დაიწყო ჩემი ტანჯვა და ცოტა მოგვიანებით ყავისადმი სიძულვილი.

დედაჩემმა იმდენი მასწავლებელი დამახვია თავს, თითქოს მათ უნდა ესწავლათ ჩემ მაგივრად. ყველა საგანს ორ- ორი რეპეტიტორი მაძულებდა. ერთი რომ მიდიოდა, მეორე მოდიოდა და ამას ტონობით ყავის სმა ემატებოდა. ვასმევდი მათაც და ვსვამდი მეც, განუსაზღვრელი რაოდენობით და დოზით. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველა რეპეტიტორს სისხლს ვუშრობდი, ნელ-ნელა ამბიცია გამიჩნდა. რაღაცის დამტკიცების სურვილით და მომავალში ჩემი პროფესიით დედაჩემისგან თავის დაღწევის იმედით, სწავლაც გავაორმაგე და ყავის სმაც. სკოლის დამთავრებისთვის ჭარბწონიანი, ლოყებწითელა „ბუშტიდან“ გრძელფეხება გამხდარ გოგოდ ვიქეცი. ძლივს კლასიდან კლასში მოჩანჩალედან ტვინგამოტენილ მომავალ ექიმად. სარკეში საკუთარი თავიც მომეწონა და ბიჭების ყუურადღებაც მივიქციე. მაგრამ მე უკვე ტვინი გამოტენილი მქონდა ქიმიის ფორმულებით, ბიოლოგიის საჭმლის მომნელებელი სისტემით, ქართულის შუშანიკითა და აბოთი, ინგლისურის მოდალური ზმნებით და კიდევ ვინ იცის, რით არა.

იმ წლის შემდეგ ყავა არ დამილევია, მწვანე ჩაიზე გადავედი. რადგან სიმსუქნე მთელ სანათესაო ხაზს გასდევს, მუდმივ დიეტაზე ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრონიკულად მშიერი ვარ. მოკლედ, მახინჯი იხვის ჭუკიდან ლამაზ გედამდე მივედი, მაგრამ გულში მაინც იხვის ჭუკი ვარ.

ახლა ჩემი მომხიბვლელი კოლეგა ანესთეზიოლოგი დგას ჩემ წინ და მელოდება. ფართხაფურთხით ვიღებ ჩემს ნივთებს და მივყვები. ისიც ჯელტმენურად მაცილებს საავადმყოფოს პატარა სასადილომდე. კუთხის მაგიდასთან სკამს წევს და მანიშნებს, დაბრძანდიო. თვითონ კი ორიოდე წუთში ყავით და ნამცხვრით ხელდამშვენებული მოაბიჯებს.

უხერხული სიჩუმის დარღვევას გიორგი ცდილობს.

- ქალბატონო თამარ, ლამის საუკუნეა ერთად ვმუშაობთ და რატომ არასდროს დაგვილევია ყავა ერთად? - სვამს რიტორიკულ კითხვას.

- ალბათ იმიტომ, რომ არასდროს დაგიპატიჟებივარ, ბატონო გიორგი და არც ყავას ვსვამ. - ვუღიმი გულიანი ღიმილით.

ბიჭი ცბება.

- არ მეგონა, თუ რომელიმე ექიმი ყავას არ სვამდა. - უკვირს გულწრფელად. - აბა, როგორ ფხიზლდები?

- არც არასდროს მძინავს. - ვპასუხობ არანაკლები გულწრფელობით და ცხელ სითხეს ვეწაფები. თურმე, როგორ მომნატრებია. ოხშივარს ხარბად ვყნოსავ და ფილტვებში ვუშვებ. ერთ დროს მასზე ნარკოტიკივით ვიყავი დამოკიდებული. - თითქმის 15 წელია ყავა არ დამილევია, დღემდე.

- საინტერესოა, დიდი ხანია მინდა შენთან გამოლაპარაკება და ვერასდროს მოვახერხე. ალბათ იმიტომ, რომ კაბინეტის გარეთ იშვიათად გხედავ, - მანათებს თავის ცისფერ თვალებს და თმაზე ხელს ისვამს. ურჩი ქოჩორი ჯერ უკან გადადის მერე ისევ წინ იყრება. მაბნევს. ალბათ ცოტა ვწითლდები კიდეც. იმედია, ამას ვერ ამჩნევს, მე კი ვგრძნობ, როგორ მიხურს ლოყები. თითებს დავჩერებივარ და უნებურად ყელისკენ მიმაქვს. მისი მზერა ყველა მოძრაობას თანმიმდევრულად ირეკლავს. თვალი ჩემს მკერდზე უჩერდება. მერე მიღიმის და ისევ თმას ისწორებს. ვიშმუშნები. საავადმყოფოში ყოველთვის მოკრძალებულად მაცვია და ახლაც დარწმუნებული ვარ, ზედმეტი არაფერი მიჩანს.

- კი, იშვიათად გამოვდივარ კაბინეტიდან, - ვეთანხმები თავის დაქნევით.

- ყველაზე იდუმალი და უკარება თანამშრომელი ხარ, - პირდაპირ ამბობს გიორგი, რასაც ფიქრობს.

- ხო, ცოტა უცნაური ვარ, - ვაღიარებ მეც.

- როგორც ვიცი, ოჯახი არ გყავს, თავისუფალ დროს რას აკეთებ? რითი ერთობი? - არ მეშვება სიმპათიური ანესთეზიოლოგი. მეცინება. ძალიან უნდა ჩემს სამყაროში შემოძრომა. როგორც ჩანს, დაინტერესებულია ბიჭი. არაა ცუდი კანდიდატურა, მაგრამ ჩემი გართობის ობიექტობისთვის ის არ გამოდგება. ღამეული ამბები ჩემი პირადი ცხოვრებაა, რომელსაც დიდი ხანია კარგად ვაკონტროლებ და ახლა საფრთხეს ვერ შევუქმნი. მეოჯახე კაცი კი ის არაა, მეც კი გამიგია მისი რეპუტაციის შესახებ და ჩემამდე რომ მოაღწია ამბავმა, წარმომიდგენია, იმის უკან რა იქნება. ამიტომ გმადლობთ, ბატონო გიორგი!!! ერთი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება, მაგრამ იმის იქით ნუღარ მომიახლოვდები.

- როცა საავადმყოფოში არ ვარ, ვეტერინარულ კლინიკაში ვმუშაობ და როცა არცერთგან ვარ, მაშინ სახლში სადისერტაციო თემას ვწერ.

- დისერტაცია? - უფართოვდება თვალები, - არ ვიცოდი.

- ხო, ბევრმა არ იცის, ცხოველებში სხვადასხვა ტიპის პარაზიტების მიერ გამოწვეულ დაავადებებს ვიკვლევ. მათ გავლენას ღვიძლსა და შინაგან ორგანოებზე.

- ვეტერინარია... რამდენი რამე არ მცოდნია შენზე...

- შენ არაფერი იცი ... ჩემზე, - თვალს თვალში ვუყრი.

- რომ გავიგო, წინააღმდეგი ხარ? - მიჟუჟუნებს თვალებს და ისევ თმას ისწორებს. ეს მისი საფირმო ჟესტია.

- არა, მაგრამ არ დაგაინტერესებს. მადლობა ყავისთვის.

ვდგები, ვუღიმი და ადგილზე ვტოვებ. მადლობა, გიორგი, ყურადღებისთვის, მაგრამ იმ ქალი ექიმების 2/3-ში ვერ შევალ, ვისთანაც უკვე გაიზიარე სარეცელი და ამაზე მთელი საავადმყოფო ლაპარაკობს.

დისერტაციას მართლა ვიცავ და ვეტკლინიკაშიც ვმუშაობ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პატარა ჩავარდნა მქონდა, თუ ამას პატარა შეიძლება ერქვას... ჩემს სახლთან ახლოს ვეტკლინიკა იხსნებოდა. უმუშევარი ვიყავი, მათ კი ექიმის დამხმარე სჭირდებოდათ. არ გამჭირვებია, ალღო ამეღო ახალი პროფესიისთვის. იმდენად დავინტერესდი, რომ ვეტერინარიის სწავლა მომინდა. მესამე კურსზე დამსვეს. ახლა დიპლომიანიც ვარ და დისერტაციაზეც ვმუშაობ.

მართალია, სახლი (ბინა) მამამ მიყიდა უნივერსიტეტში სწავლის პირველ წელს, მაგრამ როცა „პატარა ჩავარდნა“ მქონდა, ანუ ექიმის სალიცენზიო გამოცდაზე ჩავიჭერი, დედამ თავისი წილი დაფინანსება შემიწყვიტა.

უნივერსიტეტის ბოლო კურსზე იმდენად თავდაჯერებული ვიყავი, წინ ვერაფერი დამიდგებოდა, სალიცენზიო გამოცდისთვის ხელი და ტვინი არ გამინძრევია. ხოდა, ბრახ!!! ჩავიჭერი. ორი კვირა ხმას ვერ ვიღებდი, არადა, დედაჩემს უკვე ჩემთვის სამსახურიც გამზადებული ჰქონდა. მირეკავდნენ, რომ მივსულიყავი, მაგრამ როგორ?! იძულებული გავხდი, მშობლებისთვის სიმართლე გამემხილა. მამამ, არა უშავსო, ჩაილაპარაკა და ტელევიზორს მიუჯდა. მისთვის პოლიტიკის იქით არაფერი არსებობდა. თავის დროზე, არ ვიცი, საიდან და როგორ ნაშოვნი ფულით, რამდენიმე უძრავი ქონება შეისყიდა. ახლა გაქირავებული ჰქონდა და ტელევიზორის ყურებაში გართულს ისე მოსდიოდა შემოსავალი, ვერ გებულობდა. მამაჩემსაც და მის ბიუჯეტსაც დედა განკარგავდა.

დედამ ჯერ მე შემომხედა, მერე იქვე, მის ფეხებთან ჩაცუცქულ პეკინესზე მიმითითა და ოლიმპიური სიმშვიდით გამომიცხადა „ამის იმედი უფრო მქონდა, ვიდრე შენი. ისევ მე უნდა გამოვასწორო გაფუჭებული საქმე. აბა, სად გავამხილო, სამედიცინო დაამთავრა და ექიმი ვერ გახდაო“. ისე წამოვედი მშობლების სახლიდან, არც შემოუხედავს.

გაგრძელება იქნება

სალომე ტაბატაძე