მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 4 - Marao

მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 4

2022-12-28 23:29:05+04:00


წინა თავი

- უსაფრთხოება ეთიკაზე მაღლა დგას, თამარა. უკვე დიდი გოგო ხარ, უნდა იცოდე.

- მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ვინმემ რომ გაიგოს, დამიჭერენ. ეს არ არის სწორი, - ხმა სადღაც გამეპარა და სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი.

- შენი ლიცენზიის ამბავიც რომ გაიგონ, არც ეგ იქნება კარგი, - ისევ მელიის ღიმილი გადაეკრა სახეზე კაცს.

მივხვდი, რაც მითხრა. აი, თურმე რატომ ამირჩია მე. იცოდა, უარის თქმა გამიჭირდებოდა.

- მოვიფიქრებ, - ჩავილუღლუღე და ფეხზე წამოვდექი.

- პაციენტი ზეგ უკვე შენთან იქნება. მოემზადე, - დამაწია უკნიდან. არც შევბრუნებულვარ და არც დავმშვიდობებივარ. მანქანაში ჩავჯექი და სახლში ისე მივედი, ვერ გავიგე. მაშანტაჟებდა და მე თავის დაძვრენის საშუალება არ მქონდა. არა, საშუალება კი მქონდა, მაგრამ მაშინ დავკარგავდი ყველაფერს, რაც ამდენი ხნის მანძილზე ვაკოწიწე და სადღაც ჯანდაბაში უნდა გადავსახლებულიყავი, დედამიწიდან შორს, მარსზე ან იუპიტერზე.

მესამე დღეს ტელევიზიების თანხლებით საავადმყოფოში ის პაციენტი შემოიყვანეს, რომელზეც

ვეჭვობდი. ჯერ ერთი - ორი წერილის გაგზავნა მოასწრო ციხიდან, მაგრამ ალბათ ბევრის თქმას აპირებდა.

ბადრაგს ციხის ახალგაზრდა ექიმი მოჰყვა, პაციენტის ისტორია შემომაჩეჩა და გაქრა. საშუალო ასაკის მამაკაცი ოთხად გაკეცილი იჯდა სავარძელში და ბორბლების ყოველ გადატრიალებაზე კვნესოდა. ანამნეზს ჩავხედე.

სხეულის ტემპერატურა 40, 2. ღებინება, 3. პირის სიმშრალე. 4. მუცლის ტკივილი. რომ არ მცოდნოდა, ვისთან მქონდა საქმე, ვერ ვიცნობდი. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ წონაში საგრძნობლად დაეკლო. გათეთრებულიყო და დაბერებულიყო. აღარაფრით ჰგავდა იმ კაცს, აბეზარ ჟურნალისტებს პირად დაცვას რომ მიუქსევდა ხოლმე და გამარჯვებული ღიმილით იშორებდა თავიდან. „დრონი მეფობენ და არა მეფენი“, - გავიფიქრე და ექოსკოპიის გადასაღებად წავაკოკიალე.

მდგომარეობა იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ნაწლავების ნაწილი დაზიანებული, ადგილ-ადგილ სისხლის კოლტები და რაც მთავარია, ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშნები დაწყებული იყო.

საოპერაციო მზად დამხვდა. გვერდიდან არ მოვშორებივარ, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ხელოვნურ კომაში მყოფი, მართვით სუნთქვაზე მშვიდად იყო მიერთებული.

გარეთ ჟურნალისტების რიგი არ წყდებოდა. მე მათთან არაფერი მესაქმებოდა. თვით საავადმყოფოს

დირექტორმა, ბატონმა ლევანმა ინება კაბინეტიდან გამობრძანება და მედიისთვის განცხადების გაკეთება.

დერეფანში შემხვდა, თვალი თვალში გამიყარა და სიტყვა არ უთქვამს. ესეც საკმარი აღმოჩნდა იმის

მისახვედრად, რომ ორივეს ჩვენი საქმე უნდა გვეკეთებინა და პირში წყალი ჩაგვეგუბებინა.

უკვე მეოთხე თვე იწურებოდა, რაც ხელოვნურ კომაში მყოფი პაციენტი სტაბილურად მყავდა მართვით სუნთქვაზე. აღარც ტელევიზიებს ახსოვდათ და აღარც მის ყოფილ თანაგუნდელებს. მაგრამ ეს შენელებული მოქმედების ბომბი როდისმე ამოქმედდებოდა. უსასრულოდ ამ მდგომარეობის გაგრძელება წარმოუდგენელი იყო. ღამეები არ მეძინა, კოშმარები მტანჯავდა, ყოველ ღამე მესიზმრებოდა, როგორ მაპატიმრებდნენ.

ჩემი იდუმალი პაციენტის საავადმყოფოში დაწვენიდან რამდენიმე დღეში ჩემს სახლთან ძველი

„მერსედესის“ მარკის ავტომობილი შევნიშნე, რომელშიც მყოფი ორმეტრიანი კაცები უნიჭოდ ცდილობდნენ შენიღბვას. მითვალთვალებდნენ და ალბათ ჩემს ტელეფონსაც უსმენდნენ. ღამეული თავგადასავლებისთვის ინტერნეტს მოვიხმარდი. სახლიდან ისეთი ჩაცმული გავდიოდი, ისინი კი არა, დედაჩემიც ვერ მიცნობდა.

მსხდარიყვნენ და ეყარაულათ ჩემი სახლისთვის. პირადი დაცვის დაქირავებაში ხალხი ფულს იხდიდა, მე კი ამას სახელმწიფო მთავაზობდა და უარი რატომ უნდა მეთქვა.

ახლა ამ ყველაფრის შემოქმედი ძია ნოდარი საავადმყოფოში ბრძანდებოდა. ჩემი სახლის შესასვლელში ცივ იატაკზე დამჯდარს ფეხები მეყინება. ტვინი ნელ-ნელა მუშაობას იწყებს. „ნეტავ რა დააემართა?“ - ვფიქრობ ჩემთვის და კარადიდან ტანსაცმელს ვყრი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდე საავადმყოფოში. პირველივე წუთიდან ჩემს ხელში უნდა იყოს. არავის მივცემ უფლებას მიახლოების.

საავადმყოფოს მიმღებში ჩემი გამოჩენა უკვირთ. სწრაფი ნაბიჯებით მორიგე ექიმს მივდევ დერეფანში და მეგობრულად მხარზე ვეხები. ბრუნდება და გაკვირვებული აფახურებს დაღლილ თვალებს.

- ქალბატონო თამარ, აქ არ გელოდით, - მეუბნება მოკრძალებით.

- ნოდარ მამასახლისი ჩემი ბიძაა, თუ ნებას მომცემ, მის ანამნეზს გადავხედავ. - ვუღიმი. ახალგაზრდა

დაღლილ ექიმს სახე ებადრება. გადავსებულ მიმღებში ვინმე თუ მიეშველება, უარს როგორ იტყვის.

- აქ არის, - მაჩეჩებს ხელში ფურცლებს. - თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ფორმალურ მხარესაც მოვაგვარებ და გადმოგაბარებთ.

მეც ეს მინდა. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და რეგისტრატურისკენ მივდივარ.

- მუცლის მწვავე ტკივილით შემოიყვანეს. პირის სიმშრალე აქვს. პალპაციით (ხელით მუცლის გასინჯვა) მუცლის კუნთების სიმაგრე და დაჭიმულობა შეინიშნება. სისხლის საერთო ანალიზის პასუხს ველოდები. სავარაუდოდ, ლეიკოციტები მომატებული ექნება. ყველაფერი მწვავე აპენდიციტზე მიუთითებს. ახლა მუცლის ღრუს ექოსკოპიას უკეთებენ. - მოკლე ანამნეზს მაცნობს ექიმი.

- მადლობა, დაჩი, - ვეუბნები ისე, რომ თავს არ ვწევ.

- პირიქით, მადლობა თქვენ, რომ შემომეშველეთ, - მპასუხობს და მშორდება.

ძია ნოდარს ტკივილებისგან ფერები გადასდის. ექოსკოპიის საწოლზე მოკეცილი წევს და ილანძღება. ჩემ დანახვაზე ცოტა ეშვება და გაღიმებას ცდილობს, მაგრამ ტკივილი სახეს უმანჭავს.

- როგორაა საქმე? - ვეკითხები ექიმს, რომელიც ეკრანს გაფაციცებით ათვალიერებს.

- აპენდიციტია. წუთი-წუთზე გასკდება და სითხე მუცელში ჩაიღვრება. სასწრაფო საოპერაციოა, - მპასუხობს თავაუწევლად და ხელსახოცით ძია ნოდარს მუცელს უწმენდს, რასაც მისი მხრიდან თავშეუკავებელი გინება მოჰყვება. უხერხულობისგან ვიწურები. ბორბლებიანი სავარძელი ახლოს მიმაქვს პაციენტთან და გადმოსვლაში ვეხმარები. საოპერაციო უკვე მზადდება. რამდენიმე წუთში ჩემი დამაშანტაჟებელი ძია ნოდარი ჩემი დანის ქვეშ დაწვება.

ოპერაცია ცოტა ხანი და გართულებების გარეშე მიდის. ნარკოზიდან ახალი გამოსული ძია ნოდარი

პალატაში გადამყავს. ცოტაოდენ მორფს ვუშხაპუნებ და გვერდით ვუჯდები.

- ძია ნოდარ, გესმის ჩემი? - ვეკითხები ხმამაღლა. ხელების უნებლიე მოძრაობას წყვეტს და შემომყურებს.

- „თამარ ქალო, ნატვრის თვალო“, შენ ხარ? მტკივა, - მაპყრობს დაბინდულ თვალებს.

- მორფი გაგიკეთე და მალე აღარ გეტკინება, დაგეძინება, - ვაიმედებ კაცს.

- შენი იმედი ყოველთვის მქონდა, - ჩურჩულებს ძია ნოდარი. - ახლოს მოდი, რაღაც მაქვს სათქმელი.

მის ტუჩებთან ვიხრები.

- რამდენიმე დღეში შენთან პაციენტს შემოიყვანენ. ოპერაცია უნდა გაუკეთო და იქიდან ვერ უნდა

გამოვიდეს.

გველნაკბენივით ვხტები. რას მეუბნება ეს კაცი. მგონია, რაღაცას ბოდავს. თვალებში ვუყურებ და ხმას ვერ ვიღებ.

- ჩემი ტელეფონი მომაწოდე.

ინსტინქტურად ვასრულებ მის სურვილს. მძიმედ სუნთქავს. წამალი მოქმედებს. გაჭირვებით ეძებს რაღაცას და პოულობს. ფოტოს მაჩვენებს. თვალები შუბლზე ამდის. ეკრანიდან საკმაოდ ცნობილი და ქვეყანაში გავლენიანი სახე მიღიმის. ქვევით ძირს დახრილი ცერი ახატია.

გაგრძელება იქნება

სალომე ტაბატაძე