5 აპრილი, სამშაბათი
ვცხოვრობ ჩემი ძმის და მისი ცოლის იპოთეკით ნაყიდ ოროთახიან ბინაში. მძინავს დივანზე. დილის 8-დან საღამოს 8-მდე ვუვლი მათ 4 თვის ქალიშვილს. დარჩენილი დრო ვწერ დღიურებს, ვკითხულობ წიგნებს და ველოდები, ზევსი როდის მგლიჯავს ელვას!.. ასე აღარ შემიძლია!..
ელენეს, მგონი, არ მოვწონვარ და არც მე მომწონს ელენე. მოკლედ, ვერაა სიყვარული პირველი ნახვით. როცა ჩხავის, მეც მინდება პირი დავაღო და ავტირდე, ეს კი ყოველ ნახევარ საათში ხდება. დღე თავისთავად დაიყო პატარ-პატარა მონაკვეთებად მის ჩხავილს შორის, როცა შემიძლია ოდნავ მაინც, მაგრამ ვიფიქრო!
ვითარებას ის ართულებს, რომ დედამისი, თათა, ქალბატონი თამარი, ჩემი რძალი, ყოველ საათში ერთხელ რეკავს და ნერვიულად მეკითხება: აბა, როგორ ხართო?..
როგორ ვიქნები ასეთ ვითარებაში? როგორც ექსპერიმენტში მყოფი ცხოველი ლაბორატორიაში, უამრავი გამოცდილი თვალი რომ აკვირდება მინის გაღმიდან და პედანტური სახით იწერს, საცდელმა შიმპანზემ ამჯერად სად რა მიჰქარა და რამდენად წარმატებით მოისაქმა?!..
მიუხედავად ამისა თათას ყოველ ჯერზე მშვიდად ვპასუხობ:
- ყველაფერი რიგზეა! არ ინერვიულო!.. - შემდეგ ტელეფონს ვთიშავ და ვოცნებობ, რომ იქნებ გულმა მგლიჯოს და უმტკივნეულოდ მოვკვდე უცებ. ძილში... ან თუნდაც ღვიძილში!..
ჰმ... შავი იუმორი გვერდით რომ გადავდოთ, რამე უნდა მეღონა და მეც რომ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ელენიკოს Guns N’ Roses-ის 1991 წლის ჰიტი Don’t cry ("არ იტირო") ჩავურთე. გამოცდილი მეთოდია! ასაკით ჩემხელა კი ყოფილა ეს სიმღერა და ისეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია ჩემს პრაქტიკაში, რომელიმე გოგოსთვის ჩამერთო და არ მოსწონებოდა. ახლაც ასე მოხდა. ელენიკომ ინტერესით დაუგდო ყური და ჩემს მხარზე მიყუჩდა. მადლობა გამჩენს!.. ადრე ვერ მითხარი, როკი თუ გიყვარდა, გოგო? მაგის მეტი ბიძაშენმა რა იცის, ჰეჰ!..
ელენიკოს ბიძას, ანუ მე, ცხოვრებაში 3 რამ უყვარდა საკრალური სიყვარულით:
1. არქიტექტურა
2. როკი
3. ქალი, რომლის სახელის ხსენებაც არ შეიძლება.
ვინაიდან ამ ქალმა, რომლის სახელის ხსენებაც არ შეიძლება, ისე გამამწარა, რომ ჩემი საკუთარი სახელი დამევიწყებინა, წავედი ვა-ბანკში და დავივიწყე არა მხოლოდ ქალი, არამედ როკიც და არქიტექტურაც. ჰმ... იქნებ ამაოდ?..
მოგვიანებით ვიფიქრებ ამაზე, ახლა ბავშვმა გაიღვიძა.
***
6 აპრილი, ოთხშაბათი
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, არქიტექტურა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს ფიქრის სტილია. განვმარტავ ყოფა-ცხოვრებიდან მოყვანილი მაგალითებით.
ჩემმა ძმამ ბინა ყაზბეგის გამზირზე შეარჩია. ამიტომ ბავშვი სასეირნოდ ე.წ. წითელ ბაღში დამყავს (ამ ბაღს სხვა, ნაკლებად კულტურული, მაგრამ ბევრად უფრო ცნობილი სახელწოდებაც აქვს, ამიტომ მას აქ არ დავწერ, ქალბატონმა ელენემ რომ არ მიწყინოს). ძალიან ბევრი სივრცე არ არის, მაგრამ 4 თვის ჩვილისთვის მაინც ჰაერის გამოცვლაა ამ დახუთულ საბურთალოზე.
თავიდან ეტლით დამყავდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მე-8 სართულიდან ლიფტით ეტლის ცალი ხელით ჩატანა, გაშლა, შემდეგ ისევ დაკეცვა და ატანა უფრო მღლის, ვიდრე ბავშვის ტარება. გარდა ამისა, აპრილია და ჯერაც ცივა, მიწევდა ბავშვი ჩამეფუთნა და საბანი ცალკე მეთრია... ამიტომ, პირველ რიგში, დავგუგლე, თუ როგორაა მიზანშეწონილი 4 თვის ბავშვის ხელით ტარება და... აღმოჩნდა, რომ 5-6 თვემდე, სანამ ბავშვის ხერხემალი ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა და თავის დაჭერა დამოუკიდებლად არ შეუძლია, მიზანშეწონილია პატარა ვერტიკალურ პოზიციაში დაგვყავდეს ორიდან ერთ-ერთი ვარიანტით:
N1 - ვერტიკალურად, უფროსის მკერდზე მუცლით დაწოლილი, როდესაც ბავშვის ფეხები M-ის მოხაზულობას იმეორებს, მუხლები კუდუსუნთან კი 90-გრადუსიან კუთხეს ქმნის.
N2 - ბავშვი გვიწევს ბარძაყზე, მუცლით უფროსისკენ. ხერხემალი ვერტიკალურია და მოხრილ ბარძაყებთან ქმნის 120-გრადუსიან კუთხეს.
ორივე ვარიანტი ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ გათანგული უფროსისთვის ხელების გასათავისუფლებლად არსებობს თურმე ასეთი ფენომენი, რომელსაც ჰქვია „სლინგი". ესაა გრძელი ნაჭერი დამჭერი რგოლებით, რომლის დახმარებითაც უფროსი ბავშვს ტანზე იკრავს სწორედ საჭირო პოზიციაში. სხვათა შორის, ძუძუთი კვებისას (ან ბოთლიდან, როგორც ჩვენს შემთხვევაშია) N3 პოზიციაც ძალიან ხელსაყრელია. მოკლედ, ე.წ. კენგურუს" ვარიანტია, ოღონდ ჩვილებისთვის. ფოტოებზე რომ დავათვალიერე, ჩავთვალე, რომ მეც კი შემეძლო ასეთის შეკერვა, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, დამეზარა. ამიტომ შევედი ჯადოსნურ საიტზე, სადაც მეორად ნივთებს ყიდიან, დედების და ბავშვების განყოფილებაში ვიპოვე მსგავსი, ავარჩიე კაი, მამაკაცური მუქ-ლურჯი ფერი, რომელიც ჯინსებს უხდება და კურიერმა +5 ლარად პირდაპირ სახლში მომიტანა.
ახლა, როცა კარგი ამინდია, ბავშვს ნამდვილი აფრიკელი დედასავით ტანზე ნაჭრით მოხვეულს ვასეირნებ ხოლმე ბაღში და ყველა ქართველ დედას ჩემი შურს. ბავშვს არ სცივა და მშვიდად სძინავს ჩემს გულზე (თუ ძალიან ცივა, პატარა პლედს ვაფარებ ზურგზე), მე კი საშუალება მაქვს, წიგნები ვიკითხო და ხალხს ხელი ჩამოვართვა, თუ საჭიროდ ჩავთვლი, რა თქმა უნდა.
მოკლედ, ყველა კმაყოფილია!
***
8 აპრილი, პარასკევი
სეირნობის თემა რა მოვაგვარე, ბინის მოწყობის დროც მოვიდა.
ჩემი რძლის დიასახლისობის წინააღმდეგ არაფერი მაქვს, მაგრამ პირველ რიგში, ნებართვა ვითხოვე, რაღაცები გადამეადგილებინა. თათას გაუკვირდა, რა თქმა უნდა, მაგრამ რას გააწყობდა, მითხრა, არქიტექტორი შენა ხარო (რაც იმას ნიშნავს: რაც გინდა, ის ქენიო, მე ვიმედოვნებ)! ამიტომ... Pink Floyd-ის Echoes ჩავრთე, რომლის ლაივიც ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „ლაივი პომპეიში“. ბავშვი მის საწოლში ჩავაწვინე და რწევა და ფიქრი უნისონში დავიწყე. როგორც კი პატარას ჩაეძინა, სამზარეულოში გავცალე ერთი კარადა, სადაც ერთ თაროზე თვალნათლივ გავანაწილე ელენეს სტერილიზებული ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ: საწოვარები, ბოთლები და რეზინის სათამაშოები, რომლებსაც პირში იდებს ხოლმე. მეორე თაროზე სუფთა პირსახოცები, მესამე თაროზე - მისი მშრალი კვება. შემდეგ მაცივარში გავცალე ერთი თარო, რომელზეც თავსდება მხოლოდ ბოთლები დედის რძით და ზუსტად ვხედავ, რამდენი ულუფაა დარჩენილი. ამასობაში კი ელენემაც გაიღვიძა.
მეორე დღეს, ანუ ოთხშაბათს, ვუსმენდით Pink Floyd – Dark Side of the Moon, 1973 წლის უკვდავ ალბომს. მე დიდ ჩემოდანში ჩაყრილი ბავშვის ტანსაცმელი დავახარისხე. პირველ რიგში, თვეების მიხედვით, - ის, რაც უკვე პატარა აქვს, ცალკე დავაწყვე; ის, რაც ჯერ დიდი აქვს, კვლავ ჩემოდანში შევინახე, მიმდინარე თვის ზომები კი დავტოვე და დავყავი ასე: მოსაცმელები ცალკე, ქვეშ ჩასაცმელი ცალკე, წინდები ცალკე, საღამოს კაბები ცალკე... შემდეგ, რადგან ცოტა ზედმეტი დრო დამრჩა, კომპლექტები შევკარი ფერების მიხედვით: ქვეშ ჩასაცმელი ბოდე, შარვალი, მოსაცმელი, წინდები...
"სასოწარკვეთილი არქიტექტორის დღიური" გახლავთ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი მონაწილის, რუსუდან ტყემალაძის რომანი.