ოცნება ავსტრალია - თავი 1 - Marao

ოცნება ავსტრალია - თავი 1

2023-02-09 10:46:24+04:00


მოგზაურობა აცოცხლებს!

***

მეორე შენობას უჩუმრად მივუახლოვდი და ფანჯარასთან აღმოვჩნდი. მის გვერდით კარი მოჩანდა. შიგნით რაიმეს დანახვა ბინძური სარკმლიდან ვცადე, მაგრამ ამოქოლილი დამხვდა. კართან მივიპარე და სახელური მოვსინჯე, ღრმად ჩავისუნთქე და ჩემკენ მოვქაჩე. არ გაიღო, ამიტომ შიგნითა მხარეს მივაწექი. ანჯამებმა დაიჭრიალა და წამიერად ყველაფერი განათდა. აფეთქების ძალამ უკუმიმართულებით მომისროლა და მე, ტკივილის ნაცვლად, ვიგრძენი, რომ უბრალოდ... გავქრი...

ტყვეობა

უსაშველოდ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს ძლივს დავაშორე და დაბინდული მზერა ირგვლივ მოვატარე...

ჩაბნელებული ოთახი, სავსე ტომრებითა და კასრებით, ჭერში მოკონწიალე, ერთადერთი მბჟუტავი ნათურით, რეალობად ვერ აღიქვა გონებამ. აშკარად სიზმარს ვხედავდი და სასწრაფოდ გამოღვიძება ვუბრძანე საკუთარ თავს. თვალები ჯიუტად დავხუჭე და ისევ გავახილე, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ხელის პირისკენ წაღება ვცადე, იქნებ კბენას მაინც გავეღვიძებინე, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. ტვინს განგაშის სიგნალი მისწვდა. მე ხელფეხშეკრული ხის იატაკზე გვერდულად ვეგდე... ძვლები ერთიანად მტეხდა და განძრევას ვერ ვახერხებდი. საშველად დავიყვირე მაგრამ გამშრალი პირიდან ხმაც კი არ ამომსვლია. ღმერთო, ოღონდ ახლა ამ სიზმრიდან გამომაღვიძე და ჩემს ოთახში, ჩემს საწოლზე დამაბრუნე, ჩუმად დავიწყე ლოცვა. წამოჯდომა ვცადე, იდაყვს დავეყრდენი, მთელი ძალით წამოვიწიე, გაბუჟებული მკლავი მყარად ვერ გავაჩერე და ისევ მოწყვეტით დავასკდი იატაკს. ჩუმი კვნესა აღმომხდა. შევისვენე, რამდენიმე წუთს ღრმად ვსუნთქავდი და ძალების მოკრებას ვცდილობდი. მეორე ცდა უკეთ გამომივიდა და ზურგით კედელს მივეყრდენი.

ხის იატაკი და კედლები დაბალ ხმაზე ჭრიალებდა, ყურადღების დაძაბვის შემდეგ კი ჩემს სმენას ტალღების კედელზე მიხეთქების ხმა მოესმა.

სად ვარ, ღმერთო?!

გემის ტრიუმი რომაა, ეს აშკარად ჩანდა, მაგრამ ასე გაკოჭილი რატომ ვარ?! გონების კუნჭულები დავჩხრიკე და უკანასკნელი, რაც გამახსენდა, სამგზავრო გემბანი, ჩემ ირგვლივ მდგარი სხვადასხვა ეროვნების ტურისტი, უეცრად ჩაბნელებული ზეცა და აღელვებული ზღვა იყო. სად გაქრა ამდენი ადამიანი ან მე აქ როგორ მოვხვდი, ამას ვერანაირი მეხსიერების დაძაბვით პასუხი ვერ გავეცი.

დაყვირება მეორედ ვცადე და ისევ ხროტინის მაგვარი ამომცდა პირიდან. ფეხებიც ისე მაგრად მქონდა შეკრული, წამოდგომას ვერანაირად ვერ ვახერხებდი. არც ხოხვით გადაადგილება იქნებოდა რაიმეს მომცემი, რადგან ოთახის უკეთ შესწავლის შემდეგ ურთიერთსაპირისპირო მხარეს, ადამიანის სიმაღლეზე მხოლოდ ორი ფანჯარა შევნიშნე, ისინიც ნახევრად წყალს დაეფარა და მოძრაობისას ხან ივსებოდა და ხან ყრუ ზათქით ეხეთქებოდა გარეთა მხრიდან.

ჩახლეჩილი ხმით რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე. ხის კედლებმა ჩემი ყვირილი თითქოს იქვე ჩაახშო. ჩავახველე და კიდევ ერთხელ დავიძახე. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა, ტალღების ყრუ გუგუნის გარდა.

ესაა ჩემი ოცნება?! მწარედ გავიფიქრე და თავი სიმწრით გავიქნიე.

ყოველთვის ავსტრალიაში მოგზაურობაზე ვოცნებობდი. ახლა კი დავრწმუნდი, რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა მარტო მოგზაურობის გადაწყვეტილება იყო. იმას გარკვევით ვხვდებოდი, რომ ჩვენი სამგზავრო გემი შტორმში მოხვდა. ამას მიდასტურებდა ჩემს მეხსიერებას შემორჩენილი უკანასკნელი ფრაგმენტი, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, აბსოლუტურ სიბნელეში იყო ჩაძირული.

ამასობაში საკმაო დრო გავიდა. შეკრული მაჯები ზურგსუკნიდან გაჭირვებით გამოვწიე და საათს დავხედე, წყალგაუმტარი კორპუსი უტყუარად მუშაობდა, სამ საათს უჩვენებდა. კარგად მახსოვდა, კატასტროფა ავსტრალიის სიახლოვეს მოხდა და თუ გემი, სადაც ვიმყოფებოდი, კონტინენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიცურავდა, საღამოს ცხრა ან ათი საათი უნდა ყოფილიყო, ევროპასა და ავსტრალიას შორის, ექვსაათიანი დროის სხვაობის გათვალისწინებით. ყოველ შემთხვევაში, პატარა ილუმინატორებიდან მცირე სინათლე მაინც აღწევდა.

ჩემი ყურთასმენა გასაღების ჩხრიალის ხმამ მიიპყრო, სამსაფეხურიანი კიბის თავზე გამოჭრილ კარს ვიღაც აღებდა. თვალებად და სმენად ვიქეცი, ადგილზე მივიკუნჭე. კარი გაიღო და მსხვილმა მამაკაცმა კიბეზე მძიმედ ჩამოაბიჯა. ისეთი მზერა მომაპყრო, რომ ხერხემალზე ცივმა ნიავმა გამიარა. მაღალსა და ჩასხმულს, უტეხი და მძიმე გამომეტყველება უფრო მეტად საშიშ იერს აძლევდა. მკრთალად მოკიაფე სინათლეზე თვალები მოვჭუტე და უკეთ დავაკვირდი. მისი სახე თითქოს სიზმრად ნანახს მაგონებდა. ნელა მომიახლოვდა და გამოფხიზლებული და წამომჯდარი რომ დამინახა, რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა. მივხვდი, ხმა უნდა ამომეღო და რაიმე გამერკვია ჩემს მდგომარეობაზე. გამშრალი ტუჩები ერთმანეთს დავაცილე და ინგლისურად „სად ვარ?“ ჩავილაპარაკე. შევეცადე მზერა სხეულს მიღმა მიმემართა, რადგან მის კუშტ სახეს თვალს შიშით ვერ ვუსწორებდი. პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა ან ვერ გაიგო,  რა ვკითხე და ამჯერად რუსულად ვცადე. არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი. იდგა, ჯიუტად მათვალიერებდა და ჩემი თითქოს არც ესმოდა. იტალიურიც მოვსინჯე და რომ მივხვდი, ჩემი ენების მარაგი ამოიწურა და ის პასუხის გაცემას არ აპირებდა, უმწეოდ მივაჩერდი და გავჩუმდი.

უსიტყვოდ შეტრიალდა და კიბე აიარა. კარი გაიხურა, თუმცა გასაღების ხმა აღარ გამიგია. ათიოდე წუთში დაბრუნდა და პატარა ლანგრით საჭმელი ჩამომიტანა. წინ დამიდგა და გატრიალება დააპირა, რომ უცებ მობრუნდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და ზუსგსუკან მტკიცედ გაკრული ხელები შემიხსნა. ასევე ხმისამოუღებლად შებრუნდა და ამჯერად კარი გარედან ისევ ჩაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილით გული მიმდიოდა, ორი ლუკმა ძლივს გავღეჭე და ლანგარი გვერდით მივაცურე. ყოველთვის ასე ვიცოდი, როცა ვნერვიულობდი.

უცებ მივხვდი, რომ ხელები გახსნილი მქონდა და ფეხზე წამოდგომას შეძლებდი. საყრდენად კასრი გამოვიყენე. ფანჯარასთან მისვლა და გარეთ გახედვა მინდოდა, იქნებ სანაპირო დამენახა ან რაიმე, რაც ჩემს ადგილმდებარეობას მიმახვედრებდა. დავიხარე და თოკს დავებღაუჭე, გახსნას შევეცადე, მაგრამ კვანძი ისე იყო გამოკრული, თავი და ბოლო ვერ გავუგე. ისევ კასრები დავიხმარე და ფანჯარამდე სკუპებით მივაღწიე.

არაფერი...

სრულიად არაფერი ღია, უსასრულო ზღვის გარდა. ისეთმა შიშმა შემიპყრო ისტერიკამდე აღარაფერი მაკლდა, ერთიანად კანკალმა ამიტანა და ხელებით ფანჯარას ჩავეჭიდე, რომ არ დავცემულიყავი, ფეხებში ძალა მთლიანად გამომეცალა. რამდენიმე წუთი დამჭირდა თავის ხელში ასაყვანად. ახლა ყველაზე ნაკლებად ისტერიკა მჭირდებოდა, საღი გონებით უნდა მეფიქრა ჩემს მდგომარეობაზე და აქედან თავის დაღწევის საშუალება მომეძებნა. ამ უკანასკნელის იმედი იმდენად მცირე იყო, რომ უსუსურობის განცდამ მახრჩობელასავით ყელში წამიჭირა.

ცხადი მარტო ის იყო, რომ მე მხოლოდ გადარჩენილი არ ვიყავი, ტყვეობაში ვიმყოფებოდი... ვის მიერ ან რატომ, ეჭვადაც ვერ ვხვდებოდი. აქედან თავი რაღაც სასწაულით რომც დამეღწია, შუა ზღვაში თუ ოკეანეში სად უნდა გავქცეულიყავი, ბედს შევგუებოდი და მხოლოდ ღმერთმა იცოდა, რას მიქადდა მომავალი.

ცოტა ხანს მშვიდად მოცდა ვამჯობინე, შემორჩენილი მხნეობა უნდა მომეკრიბა, თუკი საერთოდ კიდევ მქონდა და როგორღაც გამეგო რაიმე, თუნდაც უმცირესი ინფორმაცია. ერთადერთი საშუალება ამისთვის ის იყო, დავბრუნებულიყავი კვლავ იატაკზე და მეთვალყურისთვის დამეცადა, ამჯერად იქნებ ეპასუხა ჩემს კითხვებზე. ისევ ასკინკილით დავბრუნდი უკან და ჩავჯექი. კედელს მივეყრდენი და თავი უსიამოვნო ფიქრებისგან მოსაშორებლად მკვეთრად გავიქნიე. ფეხები წინ გავშალე და ცდა დავიწყე...

ლოდინში გვარიანად ჩამობნელდა. კიდევ ერთი ლუკმა გაჭირვებით გავღეჭე. გადავწყვიტე, მეჭამა და ძალა მომეკრიბა, თუ რაიმე საშუალებას გამოვნახავდი გასაქცევად, ძალ-ღონე დამჭირდებოდა. გემის რწევა, აკვანში დასაძინებლად ჩაკრულივით, მოქმედებდა ჩემზე და თვალებს იძულებით ვახელდი. არავინ ჩანდა...

ის იყო, ჩამთვლიმა, რომ კარი გაიღო და ჩემი გამტაცებელი კვლავ გამოჩნდა. მძიმე ჩექმების ბრაგუნით ჩამოიარა კიბე, ჩემს ნახევრად შეჭმულ ვახშამს უტყვად დახედა და ისევ თოკი აიღო ხელში.

- არა, გთხოვთ, ასე დამტოვეთ, გაქცევას ისედაც ცხადია, ვერ შევძლებ! - მუდარით შევხედე. ღმერთო, მგონი, ყრუ-მუნჯია ეს კაცი, ისე იქცევა, თითქოს არცკი ესმოდეს, რომ ველაპარაკები. უხეშად მოქაჩა ჩემი მაჯები, თოკი მაგრად დამახვია და შეკრა. გატრიალდა, კარი ისევ გადაკეტა და დამტოვა კვლავ საწყის მდგომარეობაში.

მივხვდი, დილამდე აღარავინ მომაკითხავდა და რამდენადაც სიტუაცია მაძლევდა საშუალებას, შევეცადე, ცოტა უკეთ მოვთავსებულიყავი. ზურგსუკან შეკრული ხელები წელქვემოთ გამოვიტარე, შემდეგ ფეხებიც გაჭირვებით მივაყოლე და წინ მოქცეული მკლავებით, ოდნავი შვება ვიგრძენი. უნდა გამომეძინა, სხვანაირად გადარჩენის მცირე შანსიც კი არ მქონდა, საღი გონება და ენერგიით სავსე სხეული მჭირდებოდა. კედელსა და კასრს შორის ზურგით მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. როდის ჩამეძინა, ვერც კი მივხვდი.

დახუჭულ გუგებში მოკაშკაშე სინათლემ ელვასავით შემოაღწია და დაფეთებულმა სასწრაფოდ გავახილე თვალები. გათენებულიყო და პატარა სარკმლიდან მზის სხივები პირდაპირ სახეზე მეცემოდა. ჩემი სმენა გაურკვეველმა ხმაურმა მიიპყრო. წინ შეკრული ხელები დავიხმარე და ფანჯარასთან გადავინაცვლე. გემი ნავსადგურთან იდგა... მაგრამ იმდენად მოშორებით შეეჩერებინათ, რომ რაც უნდა გამეკეთებინა, სანაპიროზე მყოფი ადამიანების ყურადღებას ვერანაირად ვერ მივიპყრობდი.

ზუსტად ჩემ წინ პატარა კატერი წყლის ზედაპირზე უეცრად დაენარცხა. გამოსავალზე ფიქრში გართულს, მოულოდნელობისგან იმდენად შემეშინდა, რომ შევხტი. თავი ვეღარ შევიკავე და უკან გადავვარდი. ხმადაბლა შევიკურთხე და ისევ ავდექი. კატერში უკვე ორი ადამიანი იჯდა და ნაპირისკენ მიცურავდა. ერთ-ერთი მაშინვე ვიცანი, ჩემთვის ნაცნობი გამტაცებელი იყო. მის კისერზე, ზუსტად ყურს ქვემოთ, მორიელის ტატუ მხოლოდ ახლა, დღის სინათლეზე შევნიშნე. მეორე თავგადაპარსული და საყურიანი, შავგვრემანი მამაკაცი იყო.

გადავწყვიტე, ხელსაყრელი სიტუაციისთვის დამეცადა, ახლა რაიმე ხმაურის ატეხა არაფრის მომცემი იქნებოდა და მხოლოდ გამტაცებლებს გავაღიზიანებდი. სავარაუდოდ, გემბანზე ჩემ გარდა, სხვა ვინმეც დარჩებოდა.

კატერი ნაპირს სწრაფად მიუახლოვდა და ორივე მამაკაცი მიწაზე გადავიდა. რამდენიმე წუთში თვალთახედვის არიდან, ორივე ხალხის მასაში დავკარგე. ლოდინი საკმაოდ დიდხანს დამჭირდა, სანამ ისევ დაბრუნდებოდნენ. კიდურები თოკისგან იმდენად მქონდა გაბუჟებული, თავის ფეხზე შეკავებას გაჭირვებით ვახერხებდი.

ამჯერად მესამეც ახლდათ, საკმაოდ მაღალი და ბრგე, ასე, 35 წლამდე იქნებოდა. ნამდვილი სამხედროს მოძრაობა ჰქონდა, ფრთხილი და გამოზომილი. სამივე ისევ კატერში მოთავსდა და გემისკენ წამოვიდნენ.

ძველ ადგილს დავუბრუნდი, ვგრძნობდი, მალე მომაკითხავდნენ. ნავსადგურისა და ხალხის სიახლოვემ გამაღიზიანა, რაკი თავის გადასარჩენად ვერაფერს ვაკეთებდი. ერთადერთ გამოსავლად, შეძლებისდაგვარად მშვიდად ყოფნა და გასაქცევად შესაფერისი მომენტის ლოდინი იყო.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ტრიუმის ლუკთან ინგლისური საუბარი გაისმა. მთელი ყურადღება დავძაბე და სმენად ვიქეცი.

- მარკო!

- ...

- ლამაზია, იცი?!

- თვითონ შევაფასებ!

კარი გაიღო და ახალმოსულმა ჩამოაბიჯა. მბჟუტავ სინათლესთან შესაჩვევად, ორივე თვალი მოწკურა და ისე შემომხედა, თავბრუსხვევა ვიგრძენი. მძიმედ მომიახლოვდა და როცა მივხვდი, ჩემი კარგად გარჩევა შეძლო, ისეთი გამომეტყველება გაუხდა, თითქოს მოჩვენება დაენახოს, თვალები გაუფართოვდა და ყბა დაეძაბა. რამდენიმე წამს გაუნძრევლად მიყურებდა, მაგრამ მალე მის მზერაში ისეთი ტკივილი გაჩნდა, მომენტალურად სიბრალული ვიგრძენი. უცებ ჩემ წინ ჩაიმუხლა, მარჯვენა ხელი ნელ-ნელა მაღლა ასწია და ჩემი სახისკენ წამოიღო, მაგრამ როგორც კი მომიახლოვდა, თითქოს ძილბურანიდან გამოერკვაო, თავი მკვეთრად გაიქნია, ფეხზე სწრაფად წამოდგა და კიბე უკანმოუხედავად აიარა.

მისი საქციელი იმდენად მოულოდნელი და გაურკვეველი იყო ჩემთვის, დიდხანს გაუნძრევლად ვიჯექი და მიზეზზე ვფიქრობდი. ნამდვილად პირველად ვხედავდი, რასაც მისი საქციელიდან გამომდინარე, მასზე ვერ ვიტყოდი.

მალე კარი ისევ გაიღო და ამჯერად მორიელის სვირინგიანმა ჩამოაბიჯა, ჩემთვის განკუთვნილი საკვებით ხელში. კვლავ უსიტყვოდ დამიდო წინ, ხელები გამიხსნა და გაბრუნდა.

ახალმოსული მთელ დღეს აღარ გამოჩენილა. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, გამერკვია, რას ნიშნავდა მისი საქციელი. რაღაც მომენტში საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ გაქცევის გეგმაზე მეტად, მისი უცნაური ქცევის ამოხსნაზე ვფიქრობდი. სწორედ ამ ცნობისმოყვარეობის დამსახურება იყო ჩემი პროფესიაც, მუდამ რაღაც ახლის აღმოჩენას ველტვოდი, მუდამ მაინტერესებდა ისეთ თემებზე მეფიქრა და შემდეგ მეწერა, რაც სხვას ალბათ თავში აზრადაც არ მოუვიდოდა.

მოსაღამოებულზე მორიელი ჩამოვიდა ჭურჭლის წასაღებად. ვინაიდან უკვე ვიცოდი, რომ ინგლისურად საუბრობდნენ, როგორც კი მომიახლოვდა, ხმადაბლა ვთხოვე ჰაერზე აყვანა. შეკრული შუბლით გამომხედა, მაგრამ რატომღაც დაიხარა და თოკის გახსნა დაიწყო. ხელი მომკიდა და ადგომაში დამეხმარა. ფეხებში ძალა თითქმის მთლიანად მქონდა დაკარგული, ჩვილი ხბოსავით წავიბორძიკე და მისი სწრაფი რეაქცია რომ არა, ისევ იატაკზე აღმოვჩნდებოდი. ხელით წინ, მსუბუქად მიბიძგა და მეც კიბეს მივუახლოვდი. ასე მეგონა, ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი ღია სივრცეში.

ჰაერი იმდენად ხარბად ჩავისუნთქე, რომ წამიერად თავბრუსხვევა ვიგრძენი. ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ სანაპიროს გასწვრივ მივცურავდით. შემდეგ გემბანი მოვათვალიერე და აფრების ძელთან ჩამუხლული ახალმოსული დავინახე. ძლიერი მკლავებით თოკს ღონივრად ახვევდა. ალბათ გვერდითი მხედველობით შეგვამჩნია და ამოიხედა. მზერა კვლავინდებურად ჩემზე გაეყინა, თითქოს თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი დაუშრიტესო, ისე ჩაუქრა გამომეტყველება. რამდენიმე წამს მიყურა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა. ხელი მოაჯირს გავაყოლე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. მორიელმა ალბათ იფიქრა, აქედან ვერსად გაიქცევაო, იქვე, გემბანის ლუკთან ჩამოჯდა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. ირგვლივ ვიყურებოდი იმ იმედით, რომ რაიმე უმცირესი მინიშნება მაინც მეპოვა, რომელიც ადგილმდებარეობის დადგენაში დამეხმარებოდა.

სანაპიროს ხშირი ტყის მასივი გასდევდა, მაგრამ ჩემი ყურადღება ხეების უჩვეულო ჯიშმა მიიპყრო, რომელიც ლამიან ნიადაგზე იყო ამოზრდილი. ხეებს ძლიერი, დატოტვილი ფესვების ნახევარი მუქი ლამის ქვეშ ჰქონდა გადგმული და ნახევარი წყლის ზედაპირზე ამოჩრილი, რითაც საკმარის ჟანგბადს იღებდა. ეს უჩვეულო ტყე საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, მაგრამ მის ბოლოს ჩემმა მახვილმა თვალმა პალმების კორომიც შენიშნა.

ევრიკა... სიხარულისაგან ლამის ხმამაღლა წამოვიძახე.

საკუთარმა არაბუნებრივმა დაინტერესებამ ავსტრალიის კონტინენტის მიმართ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია დამიგროვა. კარგად ვიცნობდი მის ფლორასა და ფაუნას, მათმა თვისებებმა დაახლოებით მიმახვედრა ჩემი ამჟამინდელი მდებარეობა. ამ უცნაური ხეების მასივს "მანგროს ტყეებს" ეძახდნენ და ის ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთში იყო გავრცელებული, სადაც ცხელა და თბილი ტენი, მათი არსებობისთვის საუკეთესო კლიმატური ზონაა. ანუ მე კონტინენტის „ზევით“ ვიყავი. ეს ძალიან მწირი ინფორმაცია იყო, რაიმეში რომ გამომდგომოდა, მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად სჯობდა. მოაჯირს ორივე ხელით დავეყრდენი და ფეხების გავარჯიშება დავიწყე, დასუსტებული კიდურები კვლავ არ მემორჩილებოდა.

მოულოდნელად გემბანს, ჩემი მხრიდან, უზარმაზარი ტალღა ძლიერად დაეჯახა. დასუსტებული მკლავებით თავი ვერ შევიკავე და მოაჯირზე მალაყი გავაკეთე, შუბლში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და ყველაფერი წამიერად სიბნელეში გაუჩინარდა...

გაგრძელება იქნება

თინა დალაქიშვილი