ოცნება ავსტრალია - თავი 3: არარეალური რეალობა - Marao

ოცნება ავსტრალია - თავი 3: არარეალური რეალობა

2023-02-13 10:28:49+04:00


არარეალური რეალობა

ირგვლივ ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ხმამაღალი მუსიკა და ხმაური ერთმანეთში ისე არეულიყო, თავი ღამის კლუბში მეგონა. ელეგანტურ კაბებსა და კოსტიუმებში გამოწყობილი სტუმრები დარბაზში ტაატით დასეირნობდნენ და ერთმანეთს კეთილგანწყობილი ღიმილით ეკონტაქტებოდნენ. საუბრის მანერასა და მოძრაობაზე დაკვირვებით, უცხო თვალი იოლად შეამჩნევდა, რომ წვეულებაზე მაღალი საზოგადოება შეკრებილიყო. პოლიტიკოსები, ოლიგარქები და შოუბიზნესის წარმომადგენლები მეორე ნახევრებთან ერთად მოსულიყვნენ საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად.

დარბაზში შესვლამდე პატარა ხელჩანთიდან ტელეფონი ამოვაძვრინე და გონებაში ღრმად ჩამჯდარი ნომერი სწრაფად ავკრიფე.

- მე ვარ! ადგილზე ვარ! - ხმადაბლა ჩავილაპარაკე.

- მიღებულია! - მამაკაცის ხმამ მყისიერად მიპასუხა.

ტელეფონი ადგილზე დავაბრუნე და ჩემი ძვირფასი ქურქი ვესტიბიულში მდგარ პორტიეს გავუწოდე.

- სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ! - გულითადი ღიმილი დილის სხივივით შემომეგება. მადლიერება თავის დაკვრით გამოვხატე და უზარმაზარ დარბაზში თამამად შევაბიჯე.

შემაღლებულ სცენაზე ბენდი ემზადებოდა. თვალი საზოგადოებას გადავავლე და ჩემთვის საინტერესო პიროვნება უმალ დავაფიქსირე. ძვირად ღირებულ პიჯაკში გამოწყობილს ქერა, მაღალი ქალისთვის ხელმკლავი გაეკეთებინა და მთავრობის ორ წარმომადგენელს გაფაციცებული ესაუბრებოდა. ოფიციანტი, სასმელებით სავსე ლანგრით ხელში, მარჯვნიდან მომიახლოვდა. ერთი ბოკალი ავიღე და მოპირდაპირე მხარეს, ფრანგულ ფანჯარასთან აღმართული, მაღალი და მშვენიერი ქანდაკებისკენ გავემართე. ფანჯრიდან ბაღის უხვად განათებული, შესანიშნავი ხედი იშლებოდა. საღამოს ბინდი ხეებს შორის თანაბრად ეშვებოდა და გარემოს შავად მოსავდა.

ქანდაკების ჩრდილში მდგარს წინ მაღალი სილუეტი ჩამომეფარა.

- მიდი! - მხოლოდ ჩემთვის გასაგები ხმით, შემოუბრუნებლად ჩაილაპარაკა.

წაქეზება არც დამჭირვებია, ოდნავ დავიხარე, სკულპტურის ძირას შემალული პისტოლეტი ხელში ავიტაცე და ათასფრად აელვარებული კაბის ნაოჭში, თეძოსთან სხარტად დავიმაგრე. სილუეტი ნელა გამშორდა, შორიდან თვალი გამისწორა და ხალხის მასას შეერია.

ბენდს მომზადება დაესრულებინა და ხმამაღალი მუსიკაც მალე შეწყდა. საზოგადოება სცენისკენ შებრუნებულიყო და გაფაციცებული ელოდა მომღერლის გამოჩენას.

ობიექტს ზურგიდან თვალს არ ვაშორებდი. თანმხლებ ქალთან ერთად, ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა. ყველას ყურადღება სცენისკენ იყო მიმართული. მინი-კონცერტი ნახევარი საათის დაწყებული იქნებოდა, დარბაზში მოულოდნელად ქალის განწირული კივილი რომ გაისმა. ხელი ინსტინქტურად იარაღისკენ გამექცა, მაგრამ მომარჯვება ვერ მოვასწარი. მარცხენა მხარში უცაბედად რაღაც დამეჯახა და რამდენიმე მეტრით უკან მომისროლა. ტკივილმა თვალები წამიერად დამიბნელა და მთელ სხეულში დამსხვრეული მინის ნამცეცებივით გაიშალა.

- ოფიცერი დაჭრილია! - ჩემ სიახლოვეს რაციის ჩუმი შიშინი გაისმა.

გონებამ გათიშვამდე, დარბაზში შემოვარდნილი შავ ფორმებში გამოწყობილი სპეცრაზმი, ჩემს სახესთან დახრილი ნიღბიანი სახე და საფეთქელთან პატარა იარა დაიმახსოვრა...

ზურგიდან ხელნაკრავივით წამოვხტი. გული გუგუნით მიცემდა და ყელში დასახრჩობად მებჯინებოდა. ხელებით მიწას დავეყრდენი და მზერა მარჯვნივ მოძრავი საგნისკენ მივმართე. ასე ორიოდ მეტრში გაწოლილი ყავისფერი გველი ჩემს რეაქციაზე ყალყზე ელვის სისწრაფით შედგა, თანაბარ სიმაღლეზე შეჩერდა და ხახადაფჩენილი ავად მომაჩერდა. პირი საკივლელად გავაღე, მაგრამ თითქოს სხეულზე დამბლა დამეცა, ვერ გავინძერი.

რაღაც ირეალური სამყარო სიზმარივით შემომერტყა გარშემო და გველს სუნთქვაშეკრული მივაშტერდი. დანამდვილებით ვიცოდი, გატოკებას ვერ მოვასწრებდი, ისე მეძგერებოდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, ასე რამდენ ხანს დავყავი, რომ უეცრად ჩემს ყურთან სისინით რაღაცამ ჩაიქროლა და გველს პირდაპირ თვალებს შორის ამოეზარდა დანის შავი ტარი.

ისეთი შემზარავი კივილით დავიხიე უკან, საკუთარმა ხმამ თვითონვე დამახვია თავბრუ. მარკო ფეხზე წამოხტა და მასზე მიმწყდარი ხელებით გამაკავა. ციებიანივით ვკანკალებდი და მისი მკლავებიდან დასხლტომას ვცდილობდი. ტვინი ჯერ ისევ ვერ არჩევდა სიზმარსა და რეალობას.

საღი აზრი ნელ-ნელა დამიბრუნდა. სუნთქვა დამირეგულირდა და ისტერიკამ უკან დაიხია. კოცონთან ფეხმორთხმით ჩავჯექი და ალს თვალები გავუშტერე. მარკო დაკვირვებით მიმზერდა, ალბათ, ცდილობდა გამოეცნო, რამდენად კარგად ვიყავი. წყლის ბოთლი მომაწოდა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ჩემ მოპირდაპირედ, პალმის ხეს ზურგით მიეყრდნო და გარემო ყურადღებით დაზვერა.

ვგრძნობდი, გონება და გული თანდათან საწყის მდგომარეობას უბრუნდებოდა. ზედიზედ გადატანილმა, ამდენმა განსაცდელმა ჩემს ემოციაზე აშკარად საშინლად იმოქმედა. ამ დროს წარმოდგენა არ მქონდა, წინ კიდევ რამდენი მელოდა, ამ ბიჭს სად მივყავდი ან რას მიპირებდა.

ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და ღრმად ჩავისუნთქე. ჩუმად მოტკაცუნე კოცონი დამამშვიდებლად მოქმედებდა და ისეთ სასიამოვნო სითბოს უშვებდა, რომ კანკალმა ნელ-ნელა გამიარა, მარკოს ზედატანში მჭიდროდ გავეხვიე და ირგვლივ მიმოვიხედე.

მშვენიერ გარემოში ვიმყოფებოდი, პალმის ხეების მოშრიალე კორომი და მთვარის შუქზე იდუმალად მოლიცლიცე ოკეანე. შუაღამისას კოცონის მყუდრო გიზგიზი და ძალიან სიმპათიური ბიჭი. სხვა შემთხვევაში თავს, ალბათ, ბედნიერად ვიგრძნობდი, მაგრამ გაურკვეველი მომავლის შიში ამის საშუალებას არ მაძლევდა. შიში, რომელიც მარკოს წყალობით გულის რომელიღაც კუნჭულში ღრმად მიიმალა, მაგრამ რაღაც მომენტებში არ მემორჩილებოდა და მოულოდნელად ფეთქდებოდა.

მზერა კოცონს მოვაცილე და მარკოზე გადავიტანე. წარბები ერთად შეეყარა და ალიდან არეკლილი სინათლისგან მოგიზგიზე თვალებით, იმდენად გამჭოლად მიყურებდა, მივხვდი, ჩემს სახეს ხედავდა, მაგრამ გონება მის მიღმა სხვა რაღაცას აღიქვამდა.

ყურადღება, ჩემდაუნებურად, ჯერ ისევ იქვე მიგდებული მკვდარი ქვეწარმავლისკენ გამექცა. მისი ჩემ სიახლოვეს წარმოდგენაც კი მზარავდა, მაგრამ რატომღაც კარგად დავაკვირდი. დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის გველს ზურგი მთლიანად ყავისფერი ჰქონდა და ქვედა ნაწილისკენ თანდათან ღიავდებოდა. თავში მოულოდნელად ერთმა აზრმა გამიელვა და ფეხზე წამოვიწიე. ჩემს მოძრაობაზე მარკოც თითქოს ბურანიდან გამოერკვა, თვალი მომაცილა და მკვეთრად შეიშმუშნა.

- ეს გველი... აქვე ახლოს გზატკეცილია?.. - მოუთმენლად ვიკითხე.

- საიდან იცი? - წარბშეკრულმა შემომხედა.

- ანუ არის?! - აღმოჩენამ სიხარული მომგვარა.

- კი, არის!

- გველების ამ ჯიშს გზებთან ახლოს უყვარს ყოფნა, რადგან ასფალტის სიმხურვალე იზიდავთ. - მისთვის გასაგებად ახსნა დავიწყე.

- შენ...ეს... - შეყოყმანდა.

- ანაბელი... ანა მქვია!

- ანა! - გაიმეორა და ოდნავ ჩაეღიმა. - ლამაზია!

- რა არის ლამაზი? - უცებ ვერ მივხვდი, რა იგულისხმა.

- შენი სახელი, ლამაზი სახელი გაქვს!

- მადლობა! - მეც გამეღიმა.

- ანაბელ, გველებზე ეს ინფორმაცია საიდან იცი?

- ჩემი ოცნება ავსტრალიაში მოგზაურობა იყო, ფობია კი - გველები... ვინაიდან აქ ერთი მეორისგან განცალკევებით წარმოუდგენელია, მოგზაურობის დაგეგმვა მათზე ინფორმაციის მოძიებით დავიწყე. ყავისფერი გველების ეს ჯიში გზებთან ახლოს ყოფნას ცდილობს, სიცხის სიყვარულის გამო და უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მიმავალი მანქანის ღია ფანჯარაში შემხტარან და მგზავრი დაუგესლავთ. აქედან გავაკეთე დასკვნა, რომ აქვე ახლოს გზატკეცილი უნდა ყოფილიყო.

ინტერესით მისმენდა, შემდეგ ფეხზე ადგა და ხმელი ხის ტოტით მკვდარი ქვეწარმავალი პალმების სიღრმეში წაიღო და შორს გადააგდო. სანამ დაბრუნდებოდა, კოცონს ხმელი რტოები კიდევ დავაყარე და უკვე სრულიად დამშვიდებული, მის ახლოს დავჯექი.

უკან მალე დაბრუნდა. მარჯვენა ხელი ზურგსუკან ჰქონდა შემალული და იდუმალი ღიმილით მიყურებდა. ჩემდაუნებურად მეც გამეცინა და ცნობისმოყვარედ მივაჩერდი. მომიახლოვდა და მეწამული ყვავილებით უხვად დახუნძლული რტო უსიტყვოდ გამომიწოდა. გაოგნებულმა გაუცნობიერებლად გამოვართვი. ჯერ ხასხასა ყვავილებს დავაკვირდი და შემდეგ მას ავხედე ცნობისმოყვარედ. შავი თვალები ოდნავ მოეწკურა და ეშმაკურად უღიმოდა, თითქოს კოცონიდან არეკლილ ნაპერწკლებს ისხლეტდა და უკან გულუხვად მიბრუნებდა. ვერ მივხვდი, რა გააკეთა... ამ დრომდე მაქსიმალურად ცდილობდა, ჩემგან თავი შორს დაეჭირა და მოულოდნელად ყვავილები მომიტანა, ჩაბნელებული ხეების სიღრმიდან.

მზერით ხელებზე მანიშნა. თავი დავხარე და რტოს ხელახლა დავაცქერდი. წითლად მოხასხასე, ჯარად ჩამწკრივებული ულამაზესი ყვავილებით დახუნძლული ტოტი საოცარ სურნელს აფრქვევდა. ცხვირთან მივიტანე და ხარბად შევისუნთქე მისი მოტკბო არომატი. ვიცანი, ვარატა!... ავსტრალიის გაზაფხულის მახარობელი „ია“. ისიც გამახსენდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მის ტკბილ წვენს წურავს და სვამს.

ხმამაღლა გამეცინა, გულიანად. პირველად, ამ რამდენიმე ჯოჯოხეთური დღის შემდეგ. მივხვდი მის ეშმაკურ სვლას, ყვავილები მომიტანა, რომელიც რეალურად საკვებად გამოსადეგი უფრო იყო, ვიდრე მანდილოსნისთვის მისართმევად განკუთვნილი თაიგული.

ავხედე... ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და თვითონაც იცინოდა.

- წვენს ვერ მოვაგროვებთ, არ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები. - მხრები ავიჩეჩე.

- არა უშავს, ჯობს მისი ეგზოტიკური წვენი უფრო სტერილურ გარემოში გასინჯო.

- ანუ გამოცდა ჩავაბარე!

- ამდენად კარგად იცნობ აქაურობას?!

- კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იდეაფიქსად მექცა ეს მატერიკი.

- ბრავა! - ღიმილით, აქცენტით ჩაილაპარაკა... მეუცნაურა...

ისევ ჩემ მოპირდაპირედ ჩამოჯდა და კოცონი გაქექა.

- დაახლოებით ორ საათში ინათებს, გზა უნდა გავაგრძელოთ. შეძლებ სიარულს?

- ვფიქრობ, შევძლებ!

- ძალიან კარგი, არცთუ პატარა გზა გვაქვს გასავლელი და უნდა შეემზადო.

- გზატკეცილზე რომ გავიდეთ და გამვლელ მანქანას გავყვეთ?!.. - გავიმარტივე ამოცანა.

- სახიფათოა.

- კონტინენტის დასავლეთით ვიმყოფებით, ხომ? თუ ჩრდილო-დასავლეთით?!

- ჩრდილო-დასავლეთით. - დამიდასტურა და ისევ გაეღიმა.

- ამას მანგროს ტყეებმა მიმახვედრა. - განვმარტე, სანამ კითხვას დასვამდა.

- აქ მხოლოდ ავსტრალიის სიყვარულმა ჩამოგიყვანა? - უცებ მკითხა.

- ძირითადად კი, მაგრამ უფრო პროფესიულმა ცნობისმოყვარეობამ, ჟურნალისტი ვარ.

- მშვენიერი თავგადასავლის სიუჟეტი გამოგივა! - გაახმოვანა ჩემი ფიქრები.

- სწორედ ამას ვაპირებ! მთავარია, აქედან ცოცხალმა გავაღწიო... - ამომსკდა გულიდან.

- ჩემთან ერთად ნუ გეშინია, გააღწევ! პირობას გაძლევ! - იმდენად დამსხვრეული ხმით ჩაილაპარაკა, გული შემიხტა.

- ახლა სად მივდივართ? - სწრაფად ვიკითხე.

- დაახლოებით იცი, სადაც ვიმყოფებით. ცენტრალურ ქალაქებში მოსახვედრად და მანძილის შესამოკლებლად, კონტინენტის შუაგულს ვერ გადავკვეთთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დაუსახლებელი უდაბნოა და ფაქტობრივად, გაუვალი. ამიტომ მოგვიწევს სამხრეთისკენ მგზავრობა. არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ეს მთლად უხიფათო არ იქნება. უნდა მომენდო. აქედან რამდენიმე კილომეტრში ჩემი ნაცნობი მეთევზის ქოხია. თუ გაგვიმართლა და ახლა იქ იმყოფება, ჩათვალე, რომ ტრანსპორტიც გვაქვს და საკვებიც.

- გზატკეცილზე გასვლას თუ ვერ შევძლებთ, ისევ ჯუნგლებში მოგვიწევს სიარული.

- მის გასწვრივ ვივლით!

- ჯუნგლებში სიარული რომ უსაფრთხო არაა, გასაგებია, მაგრამ ასე მხოლოდ ამიტომ მაფრთხილებ თუ კიდევ რაიმე უნდა ვიცოდე?! - მოჭუტული თვალებით ამომხედა და ხანგრძლივად დამაკვირდა, თითქოს ფიქრობდა, ეთქვა თუ არა.

- წინასწარ მირჩევნია ვიცოდე, სხვა რაიმეც თუ გვემუქრება, გარდა ჯუნგლების და მდევრისა. ასე უფრო უკეთ შევემზადები.

- კარგი, გეტყვი, რადგან ასე არჩევ. ჩვენ ძალიან ახლოს უნდა ჩავუაროთ იმ ადგილს, სადაც... - შეყოყმანდა. - სადაც შენ უნდა მიგვეყვანე. სხვა გამოსავალი არაა.

- ჩემ გამო ასე რატომ გარისკე? - მოულოდნელად ვკითხე.

კითხვა აშკარად მიზანს მოხვდა, შეცბა.

- დაისვენე, მალე გათენდება! - ხმადაბლა მითხრა და ისევ საკუთარ ადგილს დაუბრუნდა პალმის ძირას.

მივხვდი, ამ კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებდი და აღარაფერი მითქვამს.

კოცონთან ჩავჯექი და თავი ისევ ზურგჩანთაზე მივდე. მარკო ზურგით ხეზე მიეყრდნო და თვალები დახუჭა. მას კი აღარ ჩავეძიე, მაგრამ ჩემს ფიქრებში ათასი მიზეზი ერთდროულად მოფრინდა. გარინდულს როდის დამათენდა, ვერ გავიგე.

ქუთუთოებში სინათლემ რომ შემოაღწია, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე. ნელა წამოვჯექი და სისხლისფრად შეფერადებულ აღმოსავლეთს მივაცქერდი. ხეებს შორის ისე ანცად ჭიატებდა ამომავალი მზე, თითქოს დამალობანას მეთამაშებოდა. კამკამა ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და ფეხზე წამოვდექი.

ირგვლივ მიმოვიხედე, მარკო არსად ჩანდა. ცეცხლი ჩამქრალიყო და უსულო არსებასავით გაციებულიყო. ვიდექი და პალმებს შორის მზის სხივების მონაცვლეობას შევცქეროდი, როდესაც ნაბიჯების ხმა მომესმა.

მარკომ ხეებს შორის გამოაბიჯა და ფეხზე მყოფი რომ დამინახა, თავის დაკვრით მომესალმა.

- მზად ხარ?

- კი.

ზურგჩანთას ხელი დაავლო და მარშრუტის მიმართულება უხმოდ მანიშნა. მიმოვიხედე იმ შეგრძნებით, რომ რაღაც მრჩებოდა, მაგრამ ირონიამ არ დააყოვნა და მწარედ გამეცინა. არანაირი ნივთი მე არ გამაჩნდა, რაც შეიძლებოდა დამრჩენოდა. მიუხედავად ამისა, თვალის კუთხე მარკოს მოტანილ სისხლისფერ რტოს მოხვდა. მაშინვე ხელი დავავლე და ცხვირთან მივიტანე, მძაფრ სურნელს ისევ აფრქვევდა, მხოლოდ წვრილ ყვავილებს ემჩნეოდათ მოწყენა.

წინ წასულს სწრაფად დავეწიე და უკან ავედევნე. შედარებით მხნედ მივდიოდი. რამდენ ხანს მეძინა, არ მახსოვდა, მაგრამ აშკარად უკეთ ვგრძობდი თავს. ის მომაკვდინებელი დაღლა, რომელმაც ღამით დამაჩოქა, უკვალოდ გამქრალიყო. საკმაოდ დიდხანს, შეუჩერებლად და უბრად ვიარეთ. ისევ პალმებს შორის მივდიოდით. მთელი ამ დროის მანძილზე, ალბათ ორჯერ თუ გავიგე გზატკეცილზე მიმავალი მანქანის ხმა. ირგვლივ ყურადღებით ვიყურებოდი, წუხანდელი მწარე გაკვეთილი ცხადად მახსოვდა და არანაირი სურვილი არ მქონდა ისევ გამეორების. სახიფათო არაფერი შემიმჩნევია.

მზე თავზე დაგვნათოდა, ნახევარი საათით რომ შევისვენეთ და კვლავ გზა გავაგრძელეთ. ხეების უხვი ჩრდილი მნათობის მწველი სხივებისგან კარგად გვიცავდა. საათს დავხედე. შუადღის ორს აჩვენებდა. პალმების სიმაღლემ თანდათან იკლო და რამდენიმეზე მჭიდროდ მსხმოიარე ბანანი შევნიშნე. თვალით გავზომე მისაწვდომი მანძილი და რომ მივხვდი, თავისუფლად შევძლებდი მოკრეფას, მისკენ გავაბიჯე. კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევდა მეთევზის ქოხამდე სიარული და ახლა ბანანის დანახვა ნამდვილი სასწაული იყო ჩემთვის. ის იყო, ფეხის წვერებზე ავიწიე და ორივე ხელით ნაყოფს წავეტანე, რომ უეცრად კეფაზე ცივი ლულის შეხება ვიგრძენი.

გაგრძელება იქნება

თინა დალაქიშვილი

ოცნება ავსტრალია - თავი 1 - მოგზაურობა აცოცხლებს!

ოცნება ავსტრალია - თავი 2 - გაქცევა