ოცნება ავსტრალია - თავი 10: ჯოჯოხეთი დედამიწაზე - Marao

ოცნება ავსტრალია - თავი 10: ჯოჯოხეთი დედამიწაზე

2023-02-22 11:27:17+04:00


ჯოჯოხეთი დედამიწაზე

ჩვილი ბავშვივით მეძინა. ტვინი მთლიანად გაითიშა და უსიზმრო ძილმა ჩამითრია. დასვენებული აზროვნებით და მომატებული ენერგიით გამეღვიძა. შფოთსა და გადაღლილობას ვეღარ ვგრძნობდი. ყნოსვა ჭუჭყიანი საბნის სუნსაც თითქმის შეეგუა. ჭრილობა აღარ მაწუხებდა, მხოლოდ მხარი მტეხდა ოდნავ. სულიერი სიცარიელე მამძიმებდა უსაშველოდ. ემოციებმა ერთიანად დამტოვა. სტრესმა თითქოს თავი ამოწურა და გაქრა. ერთადერთი, რაც მტანჯავდა, მარკოს არაფრის გამო გაღებული სიცოცხლე იყო. ვინატრე კიდეც, მეც ავარიის დროს დავღუპულიყავი. რა აზრი ჰქონდა ჩემ გადარჩენას, თუ ისევ მტარვალთა ხელით უნდა დავღუპულიყავი?! წინააღმდეგობის გაწევა აღარ შემეძლო... აღარც მინდოდა... ვგრძნობდი, რომ შეცდომას ვუშვებდი და კიდევ ერთხელ უნდა მეცადა, თუნდაც მარკოს გამო. მას ასე ენდომებოდა.

საუზმე მეორე მეთვალყურემ შემომიტანა. ბუტერბროდი და ხილის წვენი იყო. შევჭამე. ერთი საათის შემდეგ ისევ მომაკითხა და ნაცნობ დერეფანს გავუყევით. მზე მხიარულად კაშკაშებდა. ამჯერად ერთი ტერასით ქვემოთ ჩავედით. რამდენიმე წუთში დანარჩენებიც მოიყვანეს და კვლავ უსიტყვოდ დავიწყეთ მუშაობა.

შვედი ანტონი, როგორც შემდეგ გავიგე მისი სახელი, მეტისმეტად ნელა მოძრაობდა და დაკვირვების შემდეგ მისი ტუჩები არაბუნებრივად ლურჯი მომეჩვენა. თავიდან მზისგან თვალის მოჭრას დავაბრალე, მაგრამ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ხელი თავისდაუნებურად გულისკენ წაიღო. ქერა, რომელსაც ვერ გავიგე, რა ერქვა, კვლავ უჩუმრად, ჩვენგან ოდნავ მოშორებით მუშაობდა. ფრანგი სოფი, კაფანდარა გოგო, ჩემსავით ჟურნალისტი აღმოჩნდა. ცდილობდა, ნაკლები ელაპარაკა. ასე მეგონა, არავის ენდობოდა და თავის ნაჭუჭში იკეტებოდა. გუშინდლისგან განსხვავებით, ვეცადე, ჩვენს მდგომარეობაზე მათგან რაიმე მაინც გამეგო. დაუჯერებლად მეჩვენებოდა, ამდენ ხანს იმისთვის მდევნიდნენ, რომ მონად ვექციე და სიცოცხლის დარჩენილი დრო აქ გამეტარებინა.

გარემოს კარგად დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინე, სურვილი რომც მქონოდა, მაინც ვერსად შევძლებდი გაქცევას. პირველი მიზეზი ჩვენ სიახლოვეს მუდმივად მყოფი შეიარაღებული ადამიანი იყო. რამდენიმე ათეული მეტრის გარბენას ვერც მოვასწრებდი, უმალ მისი ცხელი ტყვია დამეწეოდა. მეორე მიზეზი კი თვალუწვდენელი, ერთფეროვანი ტერიტორია იყო. გუმანი მკარნახობდა, რომ ეს ადგილი დანარჩენი, ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტილი იყო. სხვა შემთხვევაში ვერ გაბედავდნენ აქ ასე ღიად ჩვენ ამგვარ მონურ პირობებში გაჩერებას. მიუხედავად ასეთი უიმედო მდგომარეობისა, ოქროს სამი უმცირესი მარცვალი შეუმჩნევლად მოვიპარე და მარჯვენა წინდის საყელოში დავმალე. საყელო რამდენჯერმე გადავკეცე მეტი უსაფრთხოებისთვის. თუ გაქცევას მოვახერხებდი, ნამდვილად გამომადგებოდა, თუ არა და, დასაკარგიც არაფერი მქონდა... უკვე თითქმის იმაშიც დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო ჩემთვის ცნობილი საბადო „სუპერპიტი“. მას ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობდა, მე კი, აქ ჩვენ გარდა, არავინ შემიმჩნევია. ის, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით ვიმყოფებოდით, დანამდვილებით ვიცოდი. მხოლოდ ამ მხარეს მოიპოვებოდა ძვირფასი მეტალები. ეს ალბათ სხვა, შედარებით მცირე საბადო იყო. გაქცევა რომც მომეხერხებინა, ცოცხალი დიდხანს ვერ გავატანდი. საკვებისა და ტრანსპორტის გარეშე თითქმის გაურკვეველ ტერიტორიაზე გადარჩენის ძალიან მცირე შანსი მექნებოდა. ამას გარდა, სხვა საფრთხეც არსებობდა, მშიერი ნადირის სახით. აქ ნამდვილად ვერ ვიპოვიდი კიდევ ერთ ღვთისნიერ ქართველს. მეორედ ასე ნამდვილად აღარ გამიმართლებდა. თანაც, თავის დაღწევა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დანარჩენები არ შეეცდებოდნენ?! ასე, უსიტყვოდ შეეგუებოდნენ მონობას?! სოფისთან ახლოს მივიჩოჩე. რაიმე უნდა დამეცდენინებინა.

- იცი, სადაც ვართ? - ჩურჩულით ვკითხე.

- რა თქმა უნდა, მაგრამ აზრი?! - გაკვირვებულმა ამომხედა.

- გაქცევა არ გიცდიათ? ასე მშვიდად როგორ ხართ?

- და მერე ვინ გითხრა, რომ მშვიდად ვართ?! შენ გგონია, მოვახერხებთ?!

- სცადეთ მაინც? - ვერ ვისვენებდი.

- ირგვლივ მიმოიხედე, აქედან თავი როგორ უნდა დააღწიო? - ხელები გაშალა.

- აბა, ასე უმოქმედოდ ვისხდეთ და ოცდამეერთე საუკუნის მონებად ვიქცეთ?

- და... შენ გგონია, ასე დიდხანს გაგრძელდება? - უცნაური ტონით მკითხა. კითხვის შებრუნება ვეღარ მოვასწარი, რომ ტერასების თავზე მანქანის ხმა გაისმა. ყველას მზერა იქით გაექცა. შავი, მაღალი გამავლობის ჯიპი გაჩერდა და სამი ადამიანი გადმოვიდა. მანქანის მარკა მეცნო... მძღოლი გალეული ბიჭი იყო. მეორეც მაშინვე ვიცანი, მორიელი გემიდან... მესამე მაღალი და ძალიან ლამაზი ქალი აღმოჩნდა. გრძელი, სწორი და შავი თმა კეფაზე „ცხენის კუდად“ შეეკრა და თავაწეული ამაყად გადმოგვყურებდა. საჯირითო ჩაცმულობა ჰქონდა. შარვალი მიმზიდველ, შოლტივით სხეულზე მჭიდროდ ეკვროდა და მუხლამდე ჩექმაში ჰქონდა ჩატანილი. რამდენიმე წუთს სათვალით გვიმზერდა, მაგრამ შემდეგ მოიხსნა და მისი სახის მშვენიერი ნაკვთები უფრო თვალსაჩინო გახდა. ვუყურებდი და რატომღაც მეგონა, რომ ისიც მხოლოდ მე მიყურებდა. რამდენადაც მანძილი საშუალებას მაძლევდა, თვალი არ ამირიდებია. გონებაში საყურიანის სიტყვები ამოტივტივდა, ბოსი თუ დონი და მისი ბრძანება რომ ახსენა ჩემთან დაკავშირებით. მამაკაცები უკან ამოსდგომოდნენ და მის უპირობო ლიდერობას თითქოს ასე გამოხატავდნენ. მათი დანახვისას, ჩემი ფიქრის პასუხად, ჩვენი მეთვალყურეც ელვის უსწრაფესად ფეხზე წამოხტა და დაფასთან გასული მოსწავლესავით გაიჭიმა. უსიტყვო ომი თვალებით, ალბათ, ათ წუთს გაგრძელდა, ან მე მომეჩვენა ასე. ჯიუტად ფეხი არ მომიცვლია და გამართული ვიდექი. ინტუიცია მკარნახობდა, რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი. რატომ?! ვერ ვიტყოდი.

სხვებს მუშაობა გაეგრძელებინათ. გასაგები იყო რომ მათთვის ამ ქალის ხილვა სიახლეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ამ წუთას, თვითონაც არ ვიცი, რატომ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ზუსტად ჩემ სანახავად მოვიდა. სტუმრები უსიტყვოდ შებრუნდნენ და წავიდნენ. საქმეს მივუბრუნდი. რომ დავფიქრდი, საკუთარ სიჯიუტეზე მწარედ გამეცინა: ტყვედ მყოფს რომ კიდევ საკუთარი სიამაყე მადარდებდა... მაგრამ ვერ ვხსნიდი იმ გრძნობას, რომელიც მკარნახობდა,  რომ სწორად მოვიქეცი.

უსაშველოდ დაცხა. მზე შუბისტარზე დაეკიდა და მიდამო სარკესავით აბრჭყვიალდა. სულის მოთქმა გაჭირდა. ჩემი ყურადღება სოფის მოძრაობამ მიიპყრო. ხშირ-ხშირად იხრებოდა და სპორტული კედების თასმებს ისწორებდა, რომლებსაც, ჩემი აზრით, გასწორება სულაც არ სჭირდებოდათ. ხოლო ანტონის გამომეტყველებამ უარესად შემაშფოთა. სახეზე ოფლის მსხვილი წვეთები ღვარად ჩამოსდიოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებდა მუშაობას. ჩემს კითხვას, ნამდვილად კარგად იყო თუ არა, თავის დაქნევით უპასუხა. ისევ სოფისთან გადავინაცვლე. გაჩენილი კითხვები მოსვენებას მიკარგავდა.

- ვინ იყო ის ქალი?

- შენ, ვფიქრობ, საერთოდ არაფერი იცი, სად მოხვდი, არა?! - წელში გასწორდა და გამომცდელად დამაკვირდა.

- არა!

- მგონი, ჯობს შეეგუო ჩვენსავით მდგომარეობას და გაქცევაზე ფიქრი თავიდან ამოიგდო!

ვერაფერი გავიგე.

- კი მაგრამ, რატომ?

- იმიტომ, რომ მალე არცერთი ჩვენგანი ცოცხალი აღარ იქნება!

თვალები გამიფართოვდა და ხმა ვეღარ ამოვიღე.

- ნუ, თუ გაგვიმართლა, შესაძლოა რაღაც პერიოდი დანაწევრებულებმა ვიცოცხლოთ.

- ღმერთო, რას ამბობ?!

- ხო, ასეა! ჩვენ ორგანოებით მოვაჭრეთა ტყვეები ვართ... მანამდე ვიცოცხლებთ და ვიმუშავებთ, სანამ ვინმესთვის საჭირო დონორი გავხდებით. იქამდე კი, მათთვის უბრალოდ უფასო მუშახელი ვართ.

მოსმენილისგან თავბრუ დამეხვა.

- შენთვის ანალიზები ჯერ არ აუღიათ? - უარის ნიშნად თავი გავიქნიე.

- აჰა, გასაგებია! ამიტომაც ვერ მიხვდი, ვის ხელში ჩავარდი.

მუხლებში ძალა გამომეცალა და იქვე ჩავჯექი. ამ წუთას გასაგები გახდა მარკოს თავგანწირული ბრძოლა, გადავერჩინე და ამ ქვეყნიდან გავეყვანე. მან მშვენივრად იცოდა ის საფრთხე, რაც მელოდა.

მეთვალყურეს ჩემი უმოქმედობა არ გამორჩენია და ხმადაბლა შემიღრინა, ავმდგარიყავი და მუშაობა გამეგრძელებინა. წელი ძლივს ავითრიე და საქმეს შევუდექი. თავში ყველაფერი ამერია, თითქოს ტვინს ვიღაცამ ხელი მოურიაო, აზრებს ვეღარ ვალაგებდი. სწორედ ამიტომ ცდილობდა მარკო ჩემ გადარჩენას... წარმოვიდგინე, რამდენი ადამიანი იყო ასე უგზოუკვლოდ დაკარგული; რამდენი უდანაშაულო შეიწირა უსისხლო და უგულო ბოროტმოქმედების სიხარბემ.

შოკური მდგომარეობიდან ანტონის წაბორძიკებამ და მიწაზე დაშვებამ გამომიყვანა. მისი ნელი მოძრაობით გაღიზიანებულმა მეთვალყურემ ფეხი ამოუქნია და ხმამაღლა შეაგინა, რომ ყოჩაღად ემოძრავა. მამაკაცის თავმოყვარეობამ მეტი ვეღარ აიტანა... ფეხზე უმალ წამოვხტი და მისკენ გავექანე. დანარჩენები გაოგნებული სახით გვიყურებდნენ, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მოხდა. სწრაფად მივვარდი და უკვე მიწაზე ჩაჩოქილი, ხელით შევაკავე. სოფის ვუყვირე, რომ მოსულიყო და დამხმარებოდა.

თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, მაშინღა ამოძრავდა და წამში ჩვენთან გაჩნდა. ვთხოვე, ავადმყოფს ზურგს უკან დასჯდომოდა და მისი სხეული მჯდომარე პოზიციაში შეეკავებინა. ანტონს მარჯვენა ხელით, გულის მხარეს პერანგი მთელი ძალით ჩაებღუჯა. სახეზე ოფლის წვეთები ჩამოსდიოდა, ნაცრისფერი ედო და ტუჩები გალურჯებოდა. უმალ მივხვდი, გულის შეტევასთან მქონდა საქმე. ჩემი საყვარელი ბაბუაც სწორედ ასე დაიღუპა, პირველადი დახმარების გაწევაც მაშინ ვისწავლე. თვალწინ მისი კეთილი სახე დამიდგა და გაშეშებულ მეთვალყურეს ბოლო ხმით ვუკივლე, ასპირინის აბები ეშოვა ჩემთვის და სასწრაფო გამოეძახებინა. იმ წუთას ნამდვილად ვერ გავიაზრე, რამდენად სისულელე ვთხოვე. აქ სასწრაფოს ვინ მოგვიყვანდა?! ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და სადღაც დარეკა.

ქერა შორიახლოს იდგა და უემოციოდ გვიყურებდა, თითქოს სრულებით არ ადარდებდა, მის თვალწინ რაც ხდებოდა. ანტონს სახე ტკივილისგან მოღრეცოდა და ხმადაბლა გმინავდა. მისი მუხლები შევაერთე, პერანგი და ქამარი შევუხსენი. მაჯა გავუსინჯე, პულსი სწრაფად და ძლივსგასაგონად ფეთქავდა.

რამდენიმე წუთში საყურიანმა ქშენით მოირბინა და ხელში ასპირინის ორი აბი ჩამიდო. ღმერთს გულში მადლობა შევწირე, რომ სასწაულის ძალით, ამ გადაკარგულში საჭირო წამალი აღმოაჩნდათ. ანტონს პირი გავაღებინე და რადგან აბები დაბალდოზიანი იყო, ორივეს გაღეჭვა ვაიძულე. მის მაჯას ისტერიულად ვიყავი ჩაფრენილი და პულსს მთელი გულისყურით ვუსმენდი. მძიმედ, მაგრამ ცოტა ხანში სახეზე ოფლის წვეთები გაუქრა, გულისცემა ნორმას უბრუნდებოდა. შვებით ამოვისუნთქე.

ჩვენ ზემოთ მანქანა შეჩერდა და ვიღაც ქვემოთ დაეშვა. ექიმის ხელჩანთიანი მამაკაცი სწრაფად მოგვიახლოვდა და განზე გაგვწია. მისმა შესახედაობამ შემზარა. შეშუპებული თვალები და ირონიული გამოხედვა ჰქონდა. რატომღაც ვიფიქრე, რომ სასმელთან ახლო ურთიერთობა ექნებოდა. მისმა შეწითლებულმა ცხვირის წვერმა მაშინვე ეს აზრი მომაწოდა. თვალწინ ნამდვილი ყასაბი მედგა. პაციენტი სხარტად გასინჯა და მისი შენობაში გადაყვანა ბრძანა. უმალ შეასრულეს და ჩვენც მის გზას გაგვიყენეს.

მარტოდ დარჩენილმა უცნაური, შვების სიხარული ვიგრძენი. ჩემმა სწრაფმა რეაქციამ ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მქონდა. სჭირდებოდა თუ არა ჩემი დახმარება მაინც განწირულ ანტონს, ამაზე არ მინდოდა მეფიქრა. გონებაში გამამხნევებელი მიზეზი გაჩნდა. იქნებ რაღაც გარკვეული მიზნით მოვხვდი ამ კონტინენტზე. იქნებ ჩემი ამოჩემება რაიმე მიზანს ემსახურებოდა და ეს მიზანი, სწორედ ადამიანის დახმარება იყო. თუ ამ კუთხით მივუდგებოდი პირად ტრაგედიას, შესაძლოა აღსასრული არცთუ იმდენად მტკივნეული ყოფილიყო.

დღის განმავლობაში გადატანილი დაღლილობისა და დაძაბულობის შედეგად, მხარმა თავი შემახსენა და ყრუდ დამიწყო ტკივილი. მივწექი და თვალები მივლულე. ალბათ ჩამეძინა, რადგან კარის ხმაურზე ფეთიანივით გამოვფხიზლდი. სანამ აზრზე მოსვლა მოვასწარი, ყასაბი-ექიმი უკვე ჩემ წინ იდგა. გამჭოლი მზერით მბურღავდა და მის შემხედვარეს შიშის არსებობა კიდევ ერთხელ გამახსენდა. ჩემ წინ ჩაიმუხლა და ჩანთიდან ინსტრუმენტების ამოლაგება დაიწყო. ჩემდაუნებურად უკან დავიხიე, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავდი, ვერსად გავექცეოდი. მისი მოსვლის მიზეზიც სრულიად ნათელი იყო. მას ჩემი სისხლი სჭირდებოდა, რომელსაც უამრავ დაავადებაზე შეამოწმებდნენ და თუ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა, შესაფერისი პაციენტის, უფრო კი კლიენტის ლოდინიღა გახდებოდა საჭირო. სასიკვდილოდ განწირული ადამიანი, რომელიც მსუყე თანხას გადაიხდიდა ჩემს რომელიმე ორგანოში. თუ იმდენად გაუმართლებდათ, რომ პირველი ორგანო ჩემთვის სასიკვდილო არ იქნებოდა, შემდეგ კლიენტს დაუწყებდნენ ლოდინს და ჩემგან ორმაგ თანხას იშოვიდნენ. ალბათ სწორედ იმ წამს მივიღე ახალი გადაწყვეტილება, როდესაც ჩემი სისხლით სავსე მომცრო კონტეინერი დავინახე. სწორედ იმ წამს მივხვდი, რომ ასე უბრძოლველად ვერ დავტოვებდი საომარ ველს და გაქცევა კიდევ ერთხელ უნდა მეცადა. თუ არ გამომივიდოდა და დამიჭერდნენ, არაფერს ვკარგავდი. საკუთარ თავთან მაინც ვიქნებოდი მართალი, რომ უკანასკნელადაც ვცადე. გაქცეულს თუ ზურგში ტყვიას მომაყოლებდნენ, ამ ჯოჯოხეთში ამაზე უკეთეს დასასრულს ვერც ვინატრებდი. ასეთ შემთხვევაში სწრაფი სიკვდილის შანსი უფრო მაღალი იყო და ის მაინც მომცემდა შვებას, რომ ჩემი სხეულის გამოყენებას მხოლოდ გვამურ დონორადღა შეძლებდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამიმართლებდა, რისიც ვაღიარებ და თავადაც არ მჯეროდა, მარკოს მიმართ სინდისის ქენჯნას ოდნავ მაინც შევამსუბუქებდი. მეცოდინებოდა, რომ ბოლომდე ვიბრძოლე. ჰო, იმას კარგად ვიაზრებდი, რომ ჩემი გაქცევით რამდენიმეს თუ არა, ერთ განწირულ ადამიანს მაინც ვართმევდი სიცოცხლის უფლებას, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ მტრები გაიმარჯვებდნენ და მე ვერაფრის გაკეთებას შევძლებდი, ახლა უკვე მაცოფებდა. ამ წუთას ზუსტად ვიცოდი, შუა უდაბნოში ველური ცხოველის მიერ მოსწრაფებულ სიცოცხლეს უფრო მარტივად შევეგუებოდი, ვიდრე საოპერაციო მაგიდაზე, ადამიანების ყასბის სკალპელის ქვეშ. ამდენად, უბრძოლველად დანებებას გაქცევა ვამჯობინე... უფრო სწორად, ცდა.

მომდევნო ორი დღე ამის არანაირი შანსი არ მომეცა. ანტონიც ჯერ ისევ სუსტად იმყოფებოდა და ჩვენი, ანუ დარჩენილი სამი ადამიანის მეთვალყურეობა უფრო მარტივი იყო. ინსტინქტი მკარნახობდა, რომ ჯერ დრო არ დამდგარიყო. იმას კი ვერაფრით ვარკვევდი, ეს უცნაური შეგრძნება ინსტინქტი იყო თუ რადიკალური ნაბიჯის გადადგმის შიში. მხოლოდ ის მოვახერხე, რომ საკვების ყოველი ულუფიდან მცირეოდენის გადამალვა შევძელი. სამუშაოდ გასვლის წინ მის შენახვას სპორტული მოსაცმელის შიგნით, გაჭირვებით ვახერხებდი. გაქცევის შანსი როდის მომეცემოდა, არ ვიცოდი. ამიტომ ყველაფერი თან უნდა მქონოდა. გულმა არ მომითმინა და სოფის გავენდე. ვიცოდი, ვრისკავდი, მაგრამ მაინც... გაოგნებული სახით შემომხედა. რამდენიმე წამს დამაშტერდა, თითქოს პირველად მხედავდა.

- იცი, რამდენად საშიშია?! - ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.

- იმაზე საშიში, რაც აქ დარჩენის შემთხვევაში გველის?! - კითხვა შევუბრუნე.

- არ მინდა, შენს არჩევანში ჩავერიო, მაგრამ... აქ ერთი 20 წლის ბიჭიც იყო, იგივე სცადა. ამ ტერიტორიიდან გასვლაც კი ვერ მოასწრო, რომ მორიელის ტყვიამ ადგილზევე გამოასალმა სიცოცხლეს. ჩემ თვალწინ დაიღუპა და მას შემდეგ გაქცევაზე ფიქრიც კი ავუკრძალე საკუთარ თავს.

ვიცი, რასაც მეტყვი, რომ უმოქმედობის შემთხვევაშიც სიკვდილი მელის, მაგრამ აქედან თავის დაღწევა ერთია და უდაბნოს ცოცხალი გადაურჩე - მეორე.

- მაინც უნდა ვცადო! - გავიმეორე ჯიუტად.

- მესმის, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ უდაბნოში უწყლოდ, იარაღისა და საკვების გარეშე, გადარჩენის შანსი თითქმის ნულია. დანამდვილებით ისიც არ ვიცით, ზუსტად სად ვიმყოფებით...

- აქ დარჩენას უდაბნოში სიკვდილი მირჩევნია! - მტკიცედ გავიმეორე.

- კარგი. შემიძლია რამით შენი დახმარება? - დანებების ნიშნად ამოიოხრა.

- არ მგონია, მაგრამ მაინც... როცა დრო დადგება, ეცადე, ეს მხეცი როგორმე შეაკავო. - მეთვალყურისკენ მივანიშნე. თავი უხმოდ დამიქნია.

ჩემდა სასიხარულოდ, მეორე დღეს ანტონი შევნიშნე. მისმა დანახვამ ორმაგად გამახარა. მადლობის ნიშნად, ოდნავ გამიღიმა და თავი დამიკრა. მთელ დღეს უსიტყვოდ ვიმუშავეთ. თანდათან საღამოს ბინდი ჩამოწვა. ჩემი ხელსაწყო გასაფილტრი მიწით ნახევრამდე ავავსე და მეთვალყურეს ჩემკენ მოვუხმე. უნიათოდ წამოდგა და მომიახლოვდა. თავით ჩემს ხელებში მოთავსებული მიწისკენ ვანიშნე და ხმადაბლა რაღაც ჩავიბურტყუნე. რადგან ნათქვამი ვერ გაიგო, იფიქრა, რომ კარგად უნდა დაჰკვირვებოდა და ოდნავ დაიხარა. დრო ვიხელთე, ხელები ზევით ავიქნიე და მთელი ნაშალი ქვიშა სახეში შევაყარე. ხმამაღლა დაიღრიალა და თვალებზე ხელები იტაცა. წამის უსწრაფესად, მის საქამრეში ჩამაგრებულ იარაღს დავწვდი, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და საბადოსა და უდაბნოს გამყოფი მესრისკენ მთელი მოკრებილი ენერგიით გავიქეცი. ზურგს უკან შენობიდან გამოვარდნილი, მეორე მეთვალყურეს ყვირილი რამდენიმე წამში გავიგონე. ყვირილს გასროლის ხმაც მოჰყვა. შუა გზაში უკან მოვიხედე. დავინახე, რომ ტყვეები გამომყოლოდნენ, მაგრამ სროლის ხმას სამივე ადგილზე გაეშეშებინა. მათი გაქცევის მცდელობა რატომღაც ინსტინქტს დავაბრალე, რადგან სოფის გადაწყვეტილება მეტისმეტად კატეგორიული მომეჩვენა. გაოცებულმა ისიც შევნიშნე, რომ არავინ მესროდა. ერთი ზედამხედველი მიწაზე ჩაჩოქილიყო და თვალებს ისრესდა, მეორე კი პისტოლეტს ერთ ადგილას გაშეშებულ, მაღლა ხელებაწეულ სამეულს უმიზნებდა.

გაგრძელება იქნება

თინა დალაქიშვილი

ოცნება ავსტრალია - თავი 9: საბადო

ოცნება ავსტრალია - თავი 8: დევნა
ოცნება ავსტრალია - თავი 7: თავდასხმა