ოცნება ავსტრალია - თავი 14: სიმართლე - Marao

ოცნება ავსტრალია - თავი 14: სიმართლე

2023-02-27 10:09:17+04:00


სიმართლე

დაფეთებული წამოვვარდი, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, თვალები აჭრელებული მქონდა და ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი. მხოლოდ ის ვიგრძენი, რომ ვიღაც მთელი მონდომებით მაკავებდა და რაღაცას ჩამძახოდა. ტკივილის შეგრძნება წელის არეში მოგვიანებით მოვიდა. მოვიდა და ერთიანად გამთანგა. სიმწრისგან უკან გადავვარდი და ვიგრძენი, რომ რბილად დავეცი. ტკივილი მონოტონურად და მძლავრად ფეთქავდა, თითქოს გულთან ჰქონოდა შეთანხმება. რამდენიმე წუთით გავშეშდი და სუნთქვა შევაჩერე. ვცდილობდი, გამომეცნო, რა მტკიოდა ასე ძლიერად. თვალები გავახილე, მაგრამ თავი ეშმაკის ბორბალივით ტრიალებდა და ისევ დავხუჭე. შემდეგ ისევ ჩამეძინა ან ცნობიერებამ ცოტა ხნით ფუნქციონირება შეწყვიტა და ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში გადამიყვანა. მომიხდა.

საკმაოდ დასვენებულმა და შედარებით ფხიზელი აზროვნებით გავიღვიძე. ცხადად ნანახი სიზმრიდან გამოყოლილი საავადმყოფოს პალატისგან განსხვავებით, სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ, ჩვეულებრივ ოთახში გავახილე თვალი. საწოლის გვერდით ვიღაც შეინძრა. მივიხედე. სოფი აღმოჩნდა, საბადოდან... მიღიმოდა.

მისი ღიმილი რაღაცნაირი იყო, შესაბრალისი, და ის მე მეკუთვნოდა. სხეულზე დავიხედე, მკლავზე წვეთოვანი და სახეზე სასუნთქი ნიღაბი ახლაღა დავაფიქსირე. მეორე ხელით მივწვდი და ჟანგბადი სახიდან მოვიშორე. პირველ რიგში ის მაინტერესებდა, ამ ყველაფერს ისევ სიზმრად ვხედავდი თუ ამჯერად ყველაფერი ცხადი იყო. ჩახლეჩილი ხმა ტუჩებს შეუმჩნევლად გასცდა და ჩავახველე. წელის არეში ელექტროდენივით დავლილმა, ძლიერმა ტკივილმა სუნთქვა მომენტალურად შემიკრა და გამაშეშა. სოფიმ შეშფოთებულმა წამოიწია და ჩემ დასახმარებლად ხელები უმწეოდ გამოშალა. გაჭირვებით ამოვისუნთქე და აზრების დალაგება ვცადე. თავში სრული ქაოსი სუფევდა. რამდენჯერაც თვალები დავხუჭე, იმდენჯერ პიეტროს სივრცეში გაშეშებული მზერა ამოცურდა გონებაში. მწუხარებამ გული მტკივნეულად შემიკუმშა. უკვე მეორე ადამიანი დაიღუპა ჩემ გამო და მე ამის მიზეზი ჯერ კიდევ არ ვიცოდი.

მკლავზე სოფის ფრთხილი შეხება ვიგრძენი და თვალები გავახილე.

- როგორ ხარ? - მკითხა და გამომშრალ ტუჩებთან წყლით სავსე ჭიქა მომიტანა. გრილმა წვეთებმა გახურებული ყელი სწრაფად ჩაირბინეს და თითქოს გონება გადამეწმინდა.

- აქ როგორ მოვხვდი და რა მჭირს? - დავიჩურჩულე და თვალებში მივაჩერდი.

- ოპერაცია გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი თირკმელიღა გაქვს. - მითხრა და თავი დამნაშავესავით დახარა. სიმწრისგან ამოვიგმინე იმის გააზრებისას, რომ მაინც მაჯობეს და თავიანთი ჩანაფიქრი შეასრულეს. ჩემს უმწეო ბრძოლას, თურმე არაფრის გამო, სხვა ადამიანები შეეწირნენ. ამაზე ფიქრი რისხვით მავსებდა.

- და აქ რატომ ხარ?

- მე შენ მოსავლელად მომიყვანეს, ალბათ იქამდე, სანამ ჩემი ჯერი მოვა. - ირონიულად ჩაეცინა, მაგრამ მის ღიმილს ტკივილი უფრო გასდევდა.

ორი დღე თითქმის სრულ მდუმარებაში გავატარეთ. მწუხარებამ საკუთარ თავში ჩამკეტა და საუბრის სურვილი დამიკარგა. ერთ საღამოს მოულოდნელად დაიწყო ლაპარაკი და თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ მე მომმართავდა.

- გადავწყვიტე, რაც ვიცი, ყველაფერი მოგიყვე, ნაბიჯ-ნაბიჯ. ვეცდები, არაფერი გამომრჩეს. - და ჩემს გაოცებულ მზერას რომ წააწყდა, დაამატა. - შესაძლოა და მეტად სავარაუდო, რომ აქედან ცოცხალი ვეღარ გავიდე. ისიც საეჭვოა, რომ კიდევ ვინმეს ნახვის შესაძლებლობა მომეცეს. შეიძლება საბოლოოდ შენც ჩემი ბედი გეწიოს, მაგრამ იქამდე, სანამ მოვკვდები, მინდა კიდევ ვიღაცამ იცოდეს ის, რაც მე ვიცი. იქნებ გადარჩე. ფრანგი ვარ, მაგრამ მუშაობა დროგამოშვებით იტალიაშიც მიწევს ხოლმე. იცი, ჩემი პროფესია და ჩემი ძირითადი საქმიანობა ჟურნალისტური გამოძიებაა. რამდენიმე ისეთი საქმე მაქვს გამოაშკარავებული, რომ დღემდე მიკვირს, ცოცხალი როგორ გადავრჩი, მაგრამ ეს ჩემი მაცოცხლებელი ენერგიაა, ამის გარეშე თავს მოსიარულე მკვდრად ვთვლი და უბრალოდ არ შემიძლია. - როცა დარწმუნდა, რომ ყურადღებით ვუსმენდი, თხრობა განაგრძო. - დაახლოებით სამი წლის წინ იტალიური მაფიის კვალზე გავედი. სასტიკად დაუნდობელი დაჯგუფების, რომელიც ყველანაირ უკანონობას სჩადიოდა ფულის გამო. იმ დაჯგუფების, რომელთა ხელშიც ახლა მე და შენ ვიმყოფებით. ნაწილ-ნაწილ ვაგროვებდი კომპრომატებს მათ წინააღმდეგ და გარს ვუვლიდი. ისეთი უტყუარი ინფორმაციის მოპოვება მინდოდა, სადაც ჯგუფის უმეტესი ნაწილი იქნებოდა ჩართული და რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა მრავალი წლით მათი გისოსებს მიღმა გასასტუმრებლად. ჩემთან ერთად სხვა ჟურნალისტიც მუშაობდა. მას ხშირად ფოტოგრაფის ფუნქციის შეთავსებაც უწევდა და ერთად არაერთხელ გაგვირისკავს იქ, სადაც ეს რისკი სიცოცხლის ფასად შეიძლებოდა დაგვჯდომოდა. პიტერი ძალიან კარგი ადამიანი იყო და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ მის ამ საქმეში ჩართვას. მე ვთხოვე დახმარება და ისიც მაშინვე დამთანხმდა. მისი პასუხი წინასწარ ვიცოდი და თითქოს ამით ვისარგებლე. ვიცოდი, რომ ჩემსავით უარს ვერასდროს ამბობდა სახიფათო საქმეებზე და ამის გამო საკუთარი თავი მთელი არსებით მძულს. ასე წავაწყდით მათ მიერ ჩადენილ კიდევ ერთ დანაშაულს, დაჯგუფების ასაყვანად გადასროლილი სპეცრაზმისთვის დაგებულ ხაფანგს, სადაც დიდი აფეთქება მოხდა. თუმცა, ბოროტმოქმედთა სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი, გუნდისთვის მიმაგრებული თარჯიმანი დაიღუპა. როგორც ჩემი, მრავალჯერ გამოცდილი, სანდო წყარო იუწყებოდა, თარჯიმანი პოლიციის ოფიცერი და ერთ-ერთი სპეცრაზმელის საცოლე აღმოჩნდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ სპეცრაზმელი მხედველობის არედან არ გამეშვა. ვიცოდი, შურისძიების წყურვილი მომხდარის დავიწყების საშუალებას არ მისცემდა, მაგრამ მისმა პროფესიონალიზმა დამამარცხა. მწუხარების მიუხედავად, მან კუდი შენიშნა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ჩემი კონტაქტები უძლურნი აღმოჩნდნენ, ვეღარ მივაკვლიე. მის კვალდაკვალ, გაუჩინარდნენ ბოროტმოქმედებიც და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მათზე ვეღარ გავედი.

ამასობაში სხვა დავალებაზე მომიწია საფრანგეთში გამგზავრება, თითქმის გადავერთე კიდეც, მაგრამ დაუსრულებელი საქმე მოსვენებას არ მაძლევდა. ერთ დღეს ჩემი მეწყვილე დამიკავშირდა და მაუწყა, რომ სრულიად შემთხვევით, მაფიის მცირე კავშირი აღმოაჩინა, ოღონდ ავსტრალიის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ჩავეძიე, თუმცა მეტი ვეღარაფერი აღმოვაჩინე და გადავწყვიტე, გამერისკა. პიტერი არ მომეშვა და ასე ამოვყავით თავი ამ დაწყევლილ ადგილას. ამისთვის მომეზღო კიდეც, ჩემი გაუფრთხილებლობა ძვირად დამიჯდა. არასდროს, არცერთ საქმესა თუ დავალებაზე არ წავსულვარ ასეთი მოუმზადებელი. ყოველთვის იმაზე მეტ სიფრთხილეს ვიჩენდი, ვიდრე საჭირო იყო. ხანდახან პარანოიაშიც კი გადამდიოდა დეტალებში კირკიტი. მაგრამ ამ საქმემ თითქოს სულიერად შემიპყრო და და სწორად განსჯის უნარი დამიკარგა. საუბედუროდ, ეს პიტერს უფრო ძვირად დაუჯდა, ვიდრე მე...

კონტინენტზე ჩამოსულებმა ლავირება საოცრად სწრაფად მოვახდინეთ. დაჯგუფებას ფესვები წარმოუდგენლად ღრმად ჰქონდა გამდგარი, საკმაოდ მაღალ ინსტანციებამდე მივდიეთ მათ კვალს. თითქმის არ არსებობდა მნიშვნელოვანი სამართლებრივი თუ სამთავრობო პოზიციები, სადაც საკუთარი კაცი არ ჰყავდათ. - მისი ხმადაბალი საუბრის პარალელურად, თვალწინ სარკეში არეკლილმა პოლიციის ფორმამ გადამირბინა და მომენტალურად მომწყვიტა სოფის მონოტონურ ხმას. მაშინ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში, პოლიციის სანდოობასთან დაკავშირებით, საბოლოოდ დავრწმუნდი. - პიტერს, ჟურნალისტის თანდაყოლილი ალღოს გარდა, ყოველთვის ჰქონდა სხვა ადამიანად გარდაქმნის შესაშური უნარი. საჭირო კავშირებსა და კონტაქტებს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე პოულობდა, თითქოს ზუსტად იცოდა, სად ეძებნა. ბნელ და აქოთებულ ბარებში ჩასულს, დიდხანს მიდევნებია მისთვის თვალი, როგორ წამიერად გადაიქცეოდა ხოლმე იმად, ვინც იმ წუთას სჭირდებოდა, რომ ყოფილიყო. ამგვარად და ჩვენდა სასარგებლოდ, გავედით ჩემს ნაცნობ სპეცრაზმელზე. მის პროფესიონალიზმს არ გავუკვირვებივარ. გამაოცა იმან, რომ მიზანთან იმაზე ბევრად ახლოს იყო, ვიდრე ამას მე ოდესმე წარმოვიდგენდი. პირდაპირ მაფიის გულში ტრიალებდა და თან ისე, რომ არავის მასში ეჭვი არ ეპარებოდა. მივხვდი, მტკიცე კომპრომატებს აგროვებდა. თითო ტყვია შუბლში არ იყო ის სასჯელი, რაც მათთვის ჰქონდა ჩაფიქრებული. დაკავშირებას ვეცადე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი, დაგვიჭირეს. პიტერი ჩემ თვალწინ სასტიკად აწამეს. ბოლო შეხვედრისას მისი წამოყვირებული ''არა'', ახლაც ყურებში ჩამესმის. დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ რაც უნდა სიმართლე მოგვეყოლა, მაინც დაგვხოცავდნენ. ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე, ორივეს ბედი უფალს მივანდე და ასე გავწირე ისიც და ალბათ საკუთარი თავიც. ამ მეთოდით რომ ვერაფერს მიაღწიეს, ჩემი წამება დაიწყეს. დაბმული ხელებით ჭერზე საათობით მკიდებდნენ და ყინულივით წყალს მასხამდნენ. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ, რაც ვიცოდი, საფლავში წამეღო და უბრალოდ, წინააღმდეგობა შევწყვიტე. პირზე ბოქლომი დავიდე და არაადამიანურ მოპყრობას უსიტყვოდ ვითმენდი. ბოლოს მიხვდნენ, რომ არაფრის მთქმელი არ ვიყავი და თავი დამანებეს. მას შემდეგ, რაც პიტერი ჩემ თვალწინ სისხლიანი, თრევა-თრევით გაიყვანეს, მუდმივად ერთი და იგივე კითხვა მიტრიალებს, ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?! ვერც ვერაფერს გავხდით და თავებიც დავიღუპეთ. უსახელო, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჟურნალისტებად ვიქეცით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გიყვები ამ ყველაფერს, ისაა, რომ მინდა ვინმე სხვამაც იცოდეს, სად გავქრით და რა დაგვემართა. იმედს ვიტოვებ, რომ გადარჩები, მიუხედავად შენი ახლანდელი მდგომარეობისა... საბადოდან გაქცევით დამიმტკიცე, რომ ბრძოლა შეგიძლია. მეც ვეცდები, ბოლომდე ვიბრძოლო, იქნებ ერთ-ერთს მაინც გაგვიმართლოს.

მისმა მონაყოლმა ძალიან იმოქმედა. ის თავის თავს ადანაშაულებდა პიტერის გაუჩინარებაში, მე კიდევ საკუთარს, მარკოსა და პიეტროს სიკვდილში. ტკივილმა გაგვაერთიანა, უსიტყვოდ დავიწყეთ ურთიერთგაგება. მდუმარედ მივლიდა. მეც რაც შემეძლო, ვცდილობდი, ნაკლებ ტვირთად დავწოლოდი და მაქსიმუმი გამეკეთებინა. თანდათან მოვმჯობინდი, ფეხზე წამოდგომას ვახერხებდი. სისუსტე მძლევდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი. არ ვიცოდი, რატომ, უბრალოდ ვცდილობდი. ალბათ, ამჯერად სოფის იმედების გამყარება გადავწყვიტე, გაუაზრებლად... ჩემდა უნებურად... ჩემგან დამოუკიდებლად...

წელის არეში დავლილი ყოველი ტკივილი თუ უსიამოვნო შეგრძნება ჩემ დამარცხებას მწარედ მახსენებდა. დრო გადიოდა და ამასთან გამკლავებაც ვისწავლე, მთლიანად დავბლოკე და ყურადღების მიღმა ვტოვებდი, როგორც სხვა ადამიანის განცდილი წარუმატებლობა. მთელი ამ დროის განმავლობაში ყასაბმა სულ ორჯერ მომინახულა. ზედაპირულად და უგულოდ დაათვალიერა ჩემი იარა და სოფის რამდენიმე მითითება მხარს იქით, ვეტერინარივით მიუგდო. ჭრილობა მარჯვენა მხარეს მქონდა. ჩემდა უნებურად იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ პაციენტს ჩემს თირკმელს მარცხენა მხარეს გადაუნერგავდნენ. ბუნდოვნად გამახსენდა სადღაც ყურმოკრული, რომ, ანატომიური მოსაზრებით, დონორის მარჯვენა თირკმელი მარცხნივ ინერგება, ხოლო მარცხენა - მარჯვნივ. ხელის მტევანმა დამოუკიდებლად მოძებნა სახვევი წელზე.

აღარაფერზე ფიქრი მიწევდა, მხოლოდ განვლილ დღეებს ვითვლიდი. ყოველ გათენებასა და დაღამებას, ყოველ მზის ამოსვლას, ჩვეულებრივ კანონზომიერებად მივყვებოდი. ყოველდღე ერთი და იგივე, წელზე საფენების შეცვლა, ჭრილობის ანტისეპტიკური ხსნარითა და მალამოებით დამუშავება. გონება, გული, ემოციები თანმიმდევრობით გაითიშა. თავი დროს მივანდე, აღარ ვიბრძოდი, გაქცევას აღარ ვგეგმავდი და აღარც გასაქცევ გზებს ვეძებდი. სახლში დარეკვაზე ფიქრი უკანასკნელად როდის მეწვია, ვეღარ ვიხსენებდი. გარემოს უგულოდ ვათვალიერებდი. არც არაფერი იყო მნიშვნელოვანი და ხელჩასაჭიდი. გისოსებიანი ფანჯრიდან ეზოს მცირე ნაგლეჯი და მაღალი გალავანი მოჩანდა. გალავანს იქით შეუძლებელი იყო რამის დანახვა. მხოლოდ დღეებისა და ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების თვლა შემეძლო. უკან ორი ფეხითა და წინ ორი მომცრო ბორბლით, დამხმარე ხელსაწყოთი გადავაადგილდებოდი. სოფის ამჯერად აღარ ვაწუხებდი, თავადაც შემეძლო. სხვა ადგილასა და სიტუაციაში, ალბათ მთელი გულით გამახარებდა ჩემი ასეთი სწრაფი რეაბილიტაცია, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ ვითვლიდი. უკვე ოცდამეთოთხმეტე დღე გასულიყო, რაც აქ ვიყავი გამოკეტილი. ოცდამეთოთხმეტე ამოსული მზე და მანამდე რამდენი, ვინ დათვლის?! და მთელი ეს დრო... მთელი ეს დრო, რაც ამ კონტინენტმა მშთანთქა, უამრავჯერ მეცვალა გუნება და განწყობილება, გადაწყვეტილება და ემოცია. ხანდახან თვითონაც კი ვერ ვცნობდი საკუთარ თავს, მეგონა, გამომცვალეს, სხეულში სხვა ადამიანი ჩამისახლეს და ეს ჩემგან დამოუკიდებლად, ჩემი სურვილის მიუხედავად გააკეთეს. ხან წარმოუდგენელ სასოწარკვეთას ვგრძნობდი და ხან კი ბრძოლის საოცარ ჟინს.

სოფი უტყვად მაკვირდებოდა. მის მონაყოლთან დაკავშირებით, ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს, არცერთი კითხვა არ დამისვამს. ვერ გაეგო, რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და რას ვფიქრობდი. მეც ჯიუტად ვდუმდი, ახლა მისი ემოციები ჩემთვის სულერთი იყო, საკუთარი გაურკვევლობაც მყოფნიდა. ისიც კარგად მესმოდა, რომ მისი მომავალიც ჩემსავით ბუნდოვანი იყო და კარგს არაფერს გვიქადდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ემოციურად გარდავიცვალე.

ოცდამეთხუთმეტე დღე. ყველაფერი იგივე, არაფერი განსხვავებული. მე ისევ განვაგრძობდი სიარულს, ნელა. წინ ათი ნაბიჯი, უკანაც იმდენივე. ბორბლიანი დამხმარე თითქმის აღარ მჭირდებოდა, მაგრამ მაინც თან დავატარებდი, ალბათ ინსტინქტის გამო, რომ არ დავცემულიყავი. სრულიად მოულოდნელად კარი გაიღო და საბადოზე ნანახმა მაღალმა ქალმა შემოაბიჯა. თავი მაშინდელივით ამაყად ეჭირა. სოფი ცივად შეათვალიერა, მაგრამ მე ისეთი გამარჯვებული გამომეტყველებით გადმომხედა, რომ სიმწრისგან ლამის ცრემლები გადმომცვივდა. წინანდელმა უსუსურობის მტანჯველმა შეგრძნებამ ხელახლა დამრია ხელი და ჩემს საყრდენს მკლავებით ძლიერად ჩავაფრინდი. ფანჯრისკენ შევბრუნდი, ორიოდე ნაბიჯი გადავდგი და ზურგი შევაქციე. არ მინდოდა, ჩემს სახეზე აღბეჭდილი ემოციებით უფრო დიდი სიამოვნება მიმენიჭებინა. ჩასუნთქვა ვერც მოვასწარი, რომ სოფის ამოღმუვლებამ სასწრაფოდ უკან მობრუნება მაიძულა. ქალს შემოყოლილ დაცვას მისთვის მკლავებში ხელი ჩაევლო და კარისკენ მიათრევდნენ. უმწეო გოგონა ფეხებს იქნევდა და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ მისი სიფრიფანა აღნაგობა დევგმირებთან, აბა, რას გახდებოდა?! მისკენ გავიქაჩე, ველურივით მივეჭერი, თუმცა უეცრად საყრდენი გამომეცალა და იატაკს დავენარცხე. ბოსმა ფეხისკვრით ჯერ ჩემი დამხმარე გამომაცალა, შემდეგ კი საწოლისკენ მოისროლა. სანამ წამოდგომასა და წელში გამართვას მოვახერხებდი, კარს მიღმა გაუჩინარდნენ. ცხარე ცრემლებმა კიდევ ერთხელ გაიარეს კარგად ნაცნობი გზა. საკეტს ვეცი. რა თქმა უნდა, დაკეტილი დამხვდა. ყვირილი და კარზე მუშტების ცემა ავტეხე მანამ, სანამ ხმა არ წამერთვა და მუხლებმა იქვე ჩაჩოქვა არ მაიძულა.

ასე დიდხანს ვიჯექი. შენობაში ჩამიჩუმი არ ისმოდა. თვალები ცის ნაგლეჯისთვის მქონდა გაშტერებული და აღარაფერზე ვფიქრობდი. საღამოს პირზე მოახლოებულმა ბინდმა მისი ყურების შესაძლებლობაც წამართვა. საწოლთან ლასლასით მივედი და ბალიშზე მივეგდე.

გათიშულს მეძინა, მკვდარივით, უსიზმროდ. თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე, როცა მზის ანცმა სხივმა მოსვენება აღარ მომცა. წამოვჯექი, ადგომისას საწოლის ბოლოს დავეყრდენი და მაშინვე მის ფეხთან დაგდებული პატარა ნივთი შევნიშნე. ხელი წავავლე. ვერცხლისფერი მეხსიერების ბარათი აღმოჩნდა. გაკვირვებით შევათვალიერე, ვერაფრით მივხვდი, იქ საიდან აღმოჩნდა. ერთადერთი ახსნა ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ სოფისთან ბრძოლისას რომელიღაც დაცვის წევრს ამოუვარდა ჯიბიდან. დიდხანს ვიფიქრე, სად შემენახა. რა იქნებოდა მომავალში, რა ინფორმაცია იყო მასზე შენახული და რა დროს გამომადგებოდა, არავინ იცოდა. ამიტომ ვამჯობინე, ახლოს მქონოდა. ღამით ბალიშის ქვეშ ვინახავდი, დღისით კი, ოქროს გამქრალი მარცვლებივით, წინდის ყელში ვათავსებდი.

სოფის გარეშე დარჩენილს, დღეების სათვალავი ამერია. უსაქმურობისგან ძირითადად მეძინა. ამიტომ რამდენჯერ გათენდა და დაღამდა, ვეღარ ვიგებდი. ამასობაში გამოვკეთდი, აღარც თავბრუსხვევასა და სისუსტეს ვუჩიოდი და ჭრილობაც კარგად შეხორცდა. ამჯერად, მხოლოდ გაურკვეველი სქესისა და ასაკის მომვლელი მაკითხავდა ყოველდღე. მისით არც დავინტერესებულვარ. იმდენად თავისუფლად მიდი-მოდიოდა, რომ დავრწმუნდი, ისიც მათი რიგითი წევრი იქნებოდა და არა ჩემი და სოფისავით დატყვევებული მონა.

როგორც ჩანს, ბოსს ჩემი გამოჯანმრთელების ამბავი არ გამოჰპარვია და ერთ დღესაც მომაკითხეს. კართან მცირედი ხმაურის შემჩნევისთანავე, მეხსიერების ბარათი წინდის ყელში მოვათავსე და ბალიშზე გავქვავდი. ნამდვილად ისინი იყვნენ, იგივე ჯალათები, რომლებმაც სოფი წაიყვანეს და აღარ დააბრუნეს. არ შემშინებია, ბოლომდე გამქრალი ემოციებით, ნებით გავყევი. სულერთია, მაინც ისე იქნებოდა, როგორც უფლის მიერ იყო ბეჭედდარტყმული. არაფრისმომცემ ბრძოლას უკვე შევწირე ორი ადამიანი და ეს საკმარისზე მეტი იყო. დაე, მომხდარიყო ის, რაც მოსახდენია...

დიდ, გარაჟივით მოწყობილ სივრცეში შემიყვანეს. კედლების გასწვრივ, ჭერამდე რკინის თაროები ჩემწკრივებინათ, ათასი ხარახურით. თეთრი, გრძელი ნათურები თვალს მკვეთრად ხვდებოდა და მათი ხმადაბალი ზუზუნი მონოტონურად ისმოდა. ზუსტად საპირისპირო მხარეს ერთი კარი დავინახე, ხოლო გარაჟის შუაში ერთადერთი სკამი და მეც მზერა მასზე გამიშეშდა. დასაკითხი და საწამებელი სკამი... ფანტაზია ფილმებში ათასჯერ ნანახ კადრებს ერთმანეთის მიყოლებით მთავაზობდა. რამდენი ადამიანი მჯდარა აქ. შეშინებული, გაწამებული, უკანასკნელ იმედმოკლული, მარტოდმარტო დარჩენილი ამ ქვეყანაზე. რამდენი ადამიანის ბოლო ამოსუნთქვა მოუსმენია ამ მდუმარე კედლებს. ალბათ ბოლო სოფი იყო, ჩემამდე...

საშინელი ფიქრების მოსაცილებლად თავი გავიქნიე. საწამებელი სკამი აქ არაფერში სჭირდებოდათ, მათ მხოლოდ ჩვენი ცოცხალი და ჯანსაღი ორგანოები აინტერესებდათ. სოფის გაქრობას მეტი ვერაფრით ვხსნიდი, სავარაუდოდ, მისი რომელიმე სასიცოცხლო ორგანოს მსურველი გამოჩნდა, სხვა შემთხვევაში ისიც ჩემსავით საწოლზე აღმოჩნდებოდა მიჯაჭვული. ნეტა, ამჯერად ვის გადავარჩენდი?! რომელი ორგანო დატოვებდა ჩემს სხეულს და რამდენი მტანჯველი დღეღა უნდა დამეთვალა ამქვეყნად?! მაგრამ სკამის ჩემ ქვემოთ შეგრძნებამ საშინელი ფიქრები მყისიერად გამიფანტა. აქ არ მომიყვანდნენ, კვლავ დონორი რომ ვყოფილიყავი. ბოლოს საოპერაციოს განათებას დავინახავდი, გარაჟის მჭახე სინათლის ნაცვლად.

ახმახები ჩემ წინ და მოშორებით დადგნენ, წინ გადაჯვარედინებული ხელებითა და მკვლელი გამომეტყველებით. ასეთი ერთნაირები სად შეარჩიეს?! ნამდვილად ვიღაცას უცდიდნენ და თვალს არ მაშორებდნენ. მათი ყურების ნაცვლად თვალები დავხუჭე და ვეცადე, გონების თვალით ჩემი ოჯახის წევრების წარმოდგენას. ისევ ისეთების, როგორებიც უკანასკნელად ვნახე და არა ისეთების, როგორებიც ახლა იქნებოდნენ. დედაჩემი ტირილით დასიებული თვალებითა და განადგურებული სახით. მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით ხელში, საიმედო ზარის მოლოდინში. მამაჩემი ალბათ დიდი ხნის წინ გადმოფრინდებოდა და ძებნას დამიწყებდა. რომ იცოდეს, რამხელა კორუფცია ტრიალებს აქ, მარტოდმარტო, ქუჩა-ქუჩა დამიწყებდა ძებნას.

მოგონებებმა მშობლების ტკივილი უფრო ცხადად მაგრძნობინა, ვიდრე საკუთარი. საკუთარს თითქოს შევეგუე და ახლა მარტო მათი ტრაგედია მიკლავდა გულს. ერთადერთ შვილს რომ დაკარგავ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში და უკან ხელცარიელი დაბრუნდები ცოლთან. ამავე დროს, არანაირი ინფორმაცია რომ არ გაგაჩნია მომხდარის ასახსნელად. როცა არ იცი, გაუბედურებულ დედას რა უპასუხო კითხვაზე, თუ რა დაემართა მის შვილს.

მშობლებზე ფიქრი კარის ხმამ გამაწყვეტინა და თვალი გავახილე. ის ისევ ისე იდგა, წელში გამართული და გამარჯვებულის გამომეტყველებით. ასე ყურება მხოლოდ ქალებს შეგვიძლია, წარმატებით გადაკვეთილი ფირნიშის შემდეგ. ერთადერთი ის მაინტერესებდა, ჩემით რატომ დაინტერესდა. რა დავუშავე ჩემდა უნებურად ისეთი, რომ მთელ თავის რესურსს იყენებდა, დაცემული და განადგურებული ვენახე, როცა მარტივად შეეძლო ჩემით კარგი ფულის შოვნა და საიქიოში მშვიდად გასტუმრება. რამდენიმეწუთიანი დაჟინებული მზერის შემდეგ ნაბიჯი ჩემკენ მტკიცედ გადმოდგა და კარი ზურგსუკან მჭიდროდ მოიხურა.

გაგრძელება იქნება

თინა დალაქიშვილი

ოცნება ავსტრალია - თავი 13: შროშანი და პუშტუ

ოცნება ავსტრალია - თავი 12: პერთი

ოცნება ავსტრალია - თავი 11: უდაბნო