პროფესორის მკვლელობა - თავი 2 - Marao

პროფესორის მკვლელობა - თავი 2

2023-03-02 16:25:51+04:00


წინა თავი

ჯინსის შარვალსა და ბოტასებში გამოწყობილი გაბადაძე აქეთ-იქით დაბორიალობდა ეზოში და ხან რომელ ჯგუფს მიეკედლებოდა და ხან რომელს. ძირითადად, ასაკიანი ხალხი ირეოდა სახლშიც და ეზოშიც, თუმცა აქა-იქ სტუდენტებიც ჩანდნენ. საინტერესოს არაფერს ამბობდნენ, ერთსა და იმავეს ვიშვიშებდა ყველა. ჭიშკართან ტაქსი გაჩერდა და ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. მაღალი, ფართო მხრებით და გრძელი ფეხებით სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა ეზოში და პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი. გაბადაძე უკან გაჰყვა. ეზოში მეზობლების ჩურჩული გაისმა, ირაკლი ჩამოვიდაო. პილიციელმა სასწრაფოდ შეტყობინება გაგზავნა გამომძიებელთან: „შვილი ჩამოვიდა“.

შეტყობინება რომ მიიღო, ელენე ჩქარი ნაბიჯებით დიდი „აიტიშნიკებისკენ“ გარბოდა. ირაკლი მოიცდიდა, ჯერ კაცს მამა ჰყავდა დასატირებელი. აი, იმ ოთახში კი, სადაც ბევრ თანამედროვე ტექნიკას მოეყარა თავი და ნახევრის დანიშნულებას გამომძიებელი ვერც კი ხვდებოდა, საინტერესო რაღაც ელოდა.

- აბა, რა ხდება?- იკითხა ელენემ და იქვე ტახტზე მიესვენა.

- ხოოო, - შემობრუნდა სათვალიანი საბა. - დაქტილოსკოპიურმა ანალიზმა არაფერი მოგვცა. მთელი ღამე ვადარებდი თითის ანაბეჭდებს ბაზაში არსებულს, მაგრამ ვერაფერი ვნახე. მოკლულის კომპიუტერს ვამოწმებ, ძირითადად, სტუდენტებთან და უცხოელ კოლეგებთან მიმოწერაა. ორი საინტერესო „მაილი“ იკვეთება, როგორც ჩანს, რომელიღაც წიგნის იშვიათ გამოცემაზეა ლაპარაკი. ბატონი დავითი ცდილობდა ეყიდა. ინტერნეტმისამართი შვეიცარიაშია დაფიქსირებული, მაგრამ არ ჩანს,  საბოლოოდ როგორ დასრულდა მოლაპარაკება. საბანკო ანგარიშებს და გადარიცხვებს ამოწმებენ ბიჭები. აქაც ან შვილის ჩარიცხვებია, ან ხელფასის. ასევე - კომუნალური გადახდები. თუ შეიძინა რამე, ბანკით არ გადაუხდია, ანგარიშსწორება ხელზე მოხდა. სატელეფონო საუბრებშიც არაფერია განსაკუთრებული. ერთი ნომერი ფიგურირებს, ვინმე „ ბუკინისტის“, რომელთანაც ბოლო რამდენიმე კვირაა ხშირი ზარებია. რომ იცოდე, ნომერი ვის ეკუთვნის... წინ დიდი მოულოდნელობა გელით,   ქალბატონო ელენე. აი, საუბრების ამონაწერიც, - გაიცინა საბამ და რამდენიმეფურცლიანი შეკვრა მიაწოდა.

- საბა, იქნებ შვეიცარიელზე გახვიდე, თუ არადა, მერე ოფიციალურად მივწერ, მაგრამ ხომ იცი მაგ ქვეყნის ამბავი, ჯერ დროში გაწელავენ, მერე თუ მათ ქვეყანაშია, ბოლომდე დაფარავენ. მაგათი ნეიტრალიტეტი მუდმივი პრობლემაა.

- ვიცი და ვცდილობ, - მოკლედ უპასუხა საბამ და ისევ მონიტორს მიაშტერდა.

„ამიტომაც გიკეთია მაგხელა სათვალე, მაგას რომ არ აშორებ თვალს“ - ფიქრობდა ელენე და დერეფანში მიაბიჯებდა. თან საბას გამოტანებულ ფურცლებს ათვალიერებდა.

- როგორ იცის ხოლმე ამ ბიჭმა ინტრიგის ჩაგდება, ნახევრად გაგიკეთებს საქმეს, - ჩაიბურდღუნა უკმაყოფილო გამომძიებელმა.

- ქალბატონო ელენე, - მოესმა ზურგიდან და პროკურორი აესვეტა წინ.

- ააა, ბატონო ნიკო, თქვენ ბრძანდებით? როგორ ხართ? - მოიკითხა პატარა ბიჭივით გაჯგიმული გელაძე.

- კარგად, კარგად. ისეთი სახე გქონდა, ვიფიქრე, საინტერესო რამეა-მეთქი და ვეღარ მოვითმინე, რომ არ მეკითხა.

- ჰო,  ეს საბა ხომ იცით,  როგორია, მორიგი ინტრიგა ჩამიგდო. ვიღაც „ბუკინისტის“ და ჩხაიძის საუბრის ამონაწერი მომცა. არ მითხრა,  ვინაა, შენით ნახეო. ჰოდა,  სხვა გზა არაა, უნდა მივუჯდე ჩემს ჯართს და ვიქექო ბაზებში.

- წამოდი, დაგეხმარები მაგ ქექვაში, - თმაზე ხელი გადაისვა ნიკომ. - ისე, გაბადაძე სადაა, საქმე მაქვს მაგასთან.

- გამოჩნდება, რაღაცებს არკვევს. ვეტყვი, რომ ეძებთ,  - ელენემ თავის სამუშაო მაგიდასთან ადგილი დაიკავა და ე.წ. ბუკინისტის ძებნას შეუდგა.

- ოჰოოო,   - შეხედა თავზე დამდგარ პროკურორს. - ნახეთ ჩვენი „ბუკინისტი“ ვინაა, ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ლუკა დგვარელი, - მონიტორზე მიუთითა ნიკოს.

- საინტერესოა... - სათვალე შეისწორა კაცმა, - ამას ასე ადვილად ვერ მივადგებით, რა საქმე გქონდა დავით ჩხაიძესთანო. შეგვჭამენ მაგისი ადვოკატები... ერთ წამს ჩაფიქრდა. - მოდი,  ასე ვქნათ,  ელენე, საღამოს შენ და გაბადაძეს გელოდებით ჩემთან, ვილაპარაკოთ, მანამდე მე საქმეს მივხედავ, - დაუბარა გამომძიებელს და დერეფანში მიმავალმა თანამშრომელი ქალების მზერა გაიყოლა.

- მოკლედ შევაჯამოთ, რა გვაქვს და რას ვაპირებთ, - დაბალი ხმით თქვა ნიკომ და ინტერესით მიაჩერდა გამომძიებელს და მის ახლანდელ დამხმარეს.

- დავიწყოთ თავიდან, გარდაცვლილია 65 წლის დავით ჩხაიძე, მათემატიკის პროფესორი, მარტოხელა. ჰყავს შვილი ირაკლი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და როგორც ბატონი ზურა გაბადაძე ამბობს, დღეს ჩამოვიდა. ჯერ არ გავსაუბრებივარ, - ელენემ ამოისუნთქა. - მიცვალებულის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის დადგომის დრო ღამის 1 და 2 საათს შორისაა. დაქტილოსკოპიური ანალიზით ჯერ არაფერია. დნმ-ს ველოდებით, მაგრამ ბევრის არაფრის იმედი მაქვს. საბანკო ანგარიშებშიც არაფერია საეჭვო, ძირითადად, შვილის ან ხელფასის ჩარიცხვებია. მისი კომპიუტერი უფრო საინტერესო გამოდგა. საზღვარგარეთ, კერძოდ, შვეიცარიაში,  რეგისტრირებულ მისამართთან აწარმოებდა მიმოწერას რაღაც იშვიათი წიგნის ყიდვის თაობაზე. თუმცა რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკება, უცნობია. კიდევ უფრო საინტერესო მის ტელეფონში აღმოჩენილი ვინმე „ბუკინისტია“, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ლუკა დგვარელი აღმოჩნდა.

- ვიიინ? - გაკვირვებულმა იკითხა გაბადაძემ.

- ლუკა დგვარელი, რომელიც თუ წიგნებით არის გატაცებული, ფული არ გაუჭირდებოდა რამის შესაძენად და თუ არ გაყიდდნენ, არც იმისთვის, რომ მძარცველი ან მკვლელი დაექირავებინა. მაგრამ საინტერესო ისაა, რა წიგნზეა საუბარი. მიიღო ბატონმა დგვარელმა, რაც უნდოდა თუ არა.

კაბინეტში რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა.

- ჩხაიძეებთან რა ხდება? - სიჩუმე დაარღვია ნიკომ.

- არაფერია საინტერესო, - საუბარში ჩაერთო გაბადაძე. - ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს, კარგი კაცი იყოო, ეს რა დაემართაო. შვილიც არ ჩანს ცუდი ბიჭი. ძალიან განიცდის მამის სიკვდილს. დადის, დაბორიალობს აქეთ-იქით. ამბობენ, მანქანების რომელიღაც ქარხანაში მუშაობს ინჟინრადო. მამამისმა ყველაფერი გააკეთა, გერმანიაში რომ გაეშვა სასწავლებლად და გაუმართლაო.

- რაც შეიძლება მალე უნდა დაველაპარაკოთ ირაკლის. დგვარელიც საინტერესოა, მაგრამ მაგას მე მივხედავ. შენთან ერთი თხოვნა მაქვს, ზურა, - მიუბრუნდა პროკურორი პოლიციელს. - რამდენიმე დღის წინ ჩემთან ერთი ქალბატონი იყო, განცხადება დატოვა. აი,  - მიაწოდა ფურცელი ბიჭს. - მდიდარი მეზობელი ავიწროებს. თუ შეიძლება, ესტუმრე, გაესაუბრე, გაიგე, რა ხდება.

- სიამოვნებით, - გამოართვა განცხადება გაბადაძემ. - ხვალვე მივხედავ ამ საქმეს, გავარკვევ ყველაფერს და გეტყვით.

- ძალიან კარგი. ახლა ორივე სახლში წაბრძანდით, ხვალ გამოძინებული მჭირდებით... - დაამთავრა ნიკომ და საბუთებს მიუბრუნდა, რაც აუდიენციის დასრულებას ნიშნავდა.

საღამოს ტაისონთან ერთად ტახტზე წამოწოლილი ელენე საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. სიუჟეტი საკმაოდ ვრცელი გამოვიდა. ჟურნალისტი უცნობ წყაროზე დაყრდნობით ჰყვებოდა, რომ პროფესორ დავით ჩხაიძის მკვლელობაში შეიძლება ცნობილი ბიზნესმენი ლუკა დგვარელი ყოფილიყო გარეული.

- ესეც ასე, - მიუბრუნდა ტაისონს ელენე. - ახლა ვნახოთ, რას იზამს ბატონი დგვარელი, იქნებ რამე გამოჩნდეს. ძაღლმაც თავი დაუქნია, „ჰო, საინტერესოაო“ და ძილი გააგრძელა. ქალმა ტელევიზორი გამორთო და საწოლში მყოფ მამაკაცს გვერდით მიუწვა.

- იკითხება მოქალაქე ირაკლი ჩხაიძე, საქმე N… პიროვნებას განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. გაფრთხილებულია ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, ცრუ ჩვენების მიცემისთვის და განზრახ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის საქართველოს სსკ-ის 370-ე 3711 მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

- ირაკლი რას საქმიანობთ ამჟამად და რა ნათესაური კავშირი გაქვთ გარდაცვლილთან?

- ვცხოვრობ გერმანიაში. ქ. მიუნხენში და ვმუშაობ ავტოქარხანაში ინჟინრად. გერმანიაში ვცხოვრობ უკვე 10 წელზე მეტია. დავით ჩხაიძე მამაჩემია. მათემატიკის პროფესორი. თითქმის ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი მამას. წელიწადში ერთხელ-ორჯერ ან ის ჩამოდიოდა ჩემთან, ან მე ჩამოვდიოდი მასთან. როცა საქართველოში ვიყავი, მასთან ვცხოვრობდი, თუმცა მაქვს ჩემთვის ცალკე ბინა, მაგრამ გაქირავებულია და ბინის ქირას მამა იღებდა. მეც ვეხმარებოდი, მაგრამ იშვიათად. ბინის ქირა და თავისი შემოსავალი მეტ-ნაკლებად ჰყოფნიდა. ძირითადად, თავის კოლეგებთან ერთად სათევზაოდ დადიოდა, ვარჯიშობდა. ამიტომ მისი ჯანმრთელობის არ მეშინოდა. დედა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და მამამ მარტომ გამზარდა.

- ბოლოს როდის ელაპარაკეთ მამას?

- გარდაცვალების წინა დღეს. იმ დღესაც ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა და ვიფიქრე, ტელეფონი ისევ სადღაც დარჩა-მეთქი. მერე „მაილი“ გავუგზავნე, ამას მაინც ნახავდა. ტელეფონს ვერ მიეჩვია, ხან სად რჩებოდა და ხან სად. არ გამკვირვებია.

- რამდენად ხშირად იწერდა მამა საზღვარგარეთიდან წიგნებს და თუ აქვს იშვიათი გამოცემები?

- სისტემატურად. ის თავისუფლად საუბრობდა გერმანულად, ინგლისურად და რუსულად. ამიტომ უცხოენოვან წიგნებს ყოველთვის ყიდულობდა. მათ შორის იშვიათი გამოცემებიც აქვს. ხშირად მე ვყიდულობდი და ვუგზავნიდი.

- მის ელექტრონულ ფოსტაში მიმოწერა ვნახეთ წიგნის თაობაზე, შვეიცარიიდან ყიდულობდა რამეს?

- დიახ, შვეიცარიაში მამამ მიაგნო ერთ გერმანელს, რომელსაც აღმოაჩნდა ეგნატე გაბლიანის 1927 წელს გამოცემული წიგნი „ თავისუფალი სვანეთი“. ეგნატე გაბლიანი სვანურ ფოლკლორზე მუშაობდა და სულ 3 წიგნი აქვს გამოცემული. 1921-24 წლებში სვანეთში რუსების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლების ერთ-ერთი მეთაური იყო. 1937 წელს დახვრიტეს. მისი შვილი, გივი, მამამ ამერიკაში გაიცნო. ექიმია და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ტყვედ ჩავარდა, ქართველმა ემიგრაციამ გამოიხსნა. რადგან გერმანელებთან ტყვეობაში მყოფები სტალინის ბრძანებით მოღალატედ ითვლებოდნენ, ქართველთა რიგებს შეუერთდა, რომლებიც გერმანელების მხარეზე იბრძოდნენ. 1943 წელს გერმანული სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ „თამარა II“-ის ხელმძღვანელად დაინიშნა.ეს დანაყოფი გერმანელებს უნდა შემოჰყოლოდა საქართველოში და საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ ქვეყნის დაცვა აეღო თავის თავზე. გერმანიის მარცხმა გეგმები შეუცვალა და ამერიკაში წავიდა, სადაც მამამ გაიცნო კიდეც. გივისგან გაიგო მამამ ამ წიგნის შესახებ. მართალია, ეს ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც არის, მაგრამ კერძო კოლექციებში იშვიათია. შემთხვევით ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიღაცისგან გაიგო ამ წიგნის შვეიცარიაში არსებობის შესახებ და აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებას მფლობელთან. საბოლოოდ წიგნი მე ვუყიდე და გამოვუგზავნე მამას. ძალიან ბედნიერი იყო.

- ვინმე იყო კიდევ ამ წიგნით დაინტერესებული?

- არ ვიცი, თუმცა ამ გამოცემის ქონაზე არც ერთი კოლექციონერი იტყოდა უარს.

- ახლა სად არის ეს წიგნი?

- არ ვიცი, მაგისთვის ნამდვილად არ მომიცლია, მამის ნივთები მენახა. მამა იმდენ წიგნს ყიდულობდა, ზოგს ცვლიდა, წარმოდგენა არ მაქვს ამ ყველაფერზე.

- ეს წიგნი თავისთვის უნდოდა თუ ვინმესთვის მისაცემად? ან გასაყიდად, ან გასაჩუქებლად?

- ეს თავისთვის უნდოდა. ზოგჯერ ორ-სამ ეგზემპლარს ყიდულობდა ხოლმე, მათ ცვლიდა, მაგრამ ეს თავისთვის უნდოდა.

- ლუკა დგვარელის სახელი გეუბნებათ რამეს?

- არა, ასეთი არავინ გამიგონია. არ უხსენებია მამას. მას ბევრ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა, ყველას, მგონი, თვითონაც ვერ იმახსოვრებდა.

- ბოლო საუბარს როგორ გაიხსენებდით, რამის ხომ არ ეშინოდა, რამეს ხომ არ ელოდებოდა, რას ამბობდა?

- განსაკუთრებული არაფერი, ჩემთან უნდა ჩამოსულიყო და ამას ვგეგმავდით. მეტი არაფერი.

- მადლობა, შეიძლება კიდევ გაგვიჩნდეს კითხვები.

- როცა გინდათ, დამირეკეთ, მე ალბათ ცოტა ხანს კიდევ დავრჩები აქ.

სალომე ტაბატაძე

გაგრძელება იქნება