პროფესორის მკვლელობა - თავი 6 - Marao

პროფესორის მკვლელობა - თავი 6

2023-03-08 11:06:24+04:00


წინა თავი

ელენეს ტანში უსიამოვნოდ ტეხდა, მაგრამ ახლა ცუდად ყოფნის დრო არ ჰქონდა, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მისვლა უნდა მოესწრო, მერე გაბადაძე წაეყვანა მაღაზიებში. „ამ ბიჭის ძიძაობაღა მაკლდა“ - გაიფიქრა ელენემ და გაეღიმა, როცა ახალგაზრდა პოლიციელის სახე წარმოიდგინა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კარი შეაღო თუ არა, წინ ძია სოსო აესვეტა

- ელენეეე? - გაუკვირდა კაცს - აქ რა გინდა, რომ არავინ მოუყვანიათ საშენო?

ელენეს გაეღიმა, ფუმფულა ნათლიას დანახვა ყოველთვის უხაროდა, მიუხედავად მისგან მუდმივად წამოსული ფორმალინის სუნისა.

- ლაბორატორიაში მივდივარ, ქვევით, ძია.

- არ გამიკვირდა, კაცო, ჩემ სანახავად მორგში არ მოვიდოდა-მეთქი, აბა. იმ პროფესორის ამბავია? რამე არის ახალი?

- მგონი, უნდა იყოს, დამირეკეს, მოდიო.

- უფ, ძლივს, კაცო, რაღაცა კაი გავიგე, - სოსომ ფუმფულა ხელები ჯერ ერთმანეთს შემოჰკრა, მერე ელენეს შემოარტყა და გულში ჩაიკრა. - აბა, შენ იცი, ძია, აბა, შენ იცი, - და ბურდღუნით გაუყვა დერეფანს. ქალმა ერთხანს თვალი გააყოლა მიმავალ ნათლიას, მერე კიბეებს დაუყვა და ლაბორატორიის თეთრხალათიანებს შეუერთდა.

- ქალბატონო ელენე, აქეთ, - დაუძახა სათვალიანმა ბიჭმა და თავისი მაგიდისკენ იხმო.

- გამარჯობა, ხალხო, - ერთობლივად მიესალმა ელენე იქ მყოფ თანამშრომლებს, რომელთა უმრავლესობას ცხვირი ან სინჯარებში ჩაეყო და ან მიკროსკოპებს ჩაჰკირკიტებდა. თავაუწევლად დაიბუბუნა რამდენიმემ, „გაგიმარჯოსო“ და საქმე გააგრძელა. „ასეთ უჟმურ ხალხს სად პოულობენ აქაც და კომპიუტერებშიც“ - გაიფიქრა ქალმა და მითითებული მაგიდისკენ დაიძრა.

- თქვენი პროფესორი უცებ რომელიმე საიდუმლო ორდენის წევრი რომ აღმოჩნდეს, არ გამიკვირდება, -

შესავლის გარეშე დაიწყო სათვალიანმა ბიჭმა და მრავლისმეტყველი მზერით თვალები გადაატრიალა.

- ესღა მაკლდა ამ საქმეში, - ჩაიბურდღუნა ელენემ. - ისე ხომ ყველაფერი ნათელი იყო და ახლა საიდუმლო ორდენებთან მაბრძოლეთ.

- თქვენს მოტანილ წიგნებზე, მე-5 და 55-ე გვერდებზე, პენტაგრამაა გამოსახული, იგივე ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რაც ძველი ღმერთის, ვენერას ნიშანია. ბერძნული კულტების რომში გავრცელების შემდეგ ვენერა აფროდიტესთან გააიგივეს და თაყვანს სცემდნენ, როგორც სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთს. რაც შეეხება პლანეტა ვენერას, ის ცაზე რვაწლიანი მზის გარშემო მოძრაობის შედეგად პენტაგრამას ხატავს. ეს სიმბოლო ტამპლიერების ორდენს ჰქონდა გამოყენებული, რომლის დიდი მაგისტრი, ანუ წინამძღოლი, ბევრი მეცნიერი იყო...

- მოიცა, მოიცა, ახლა ისტორიის გაკვეთილზე ვარ?

- არა, - გაიბუტა ბიჭი. - წიგნებში ყოველ მე-5 და 55-ე გვერდებზე პენტაგრამა, ანუ ხუთქიმიანი ვარსკვლავია და „ჩ.დ“, ანუ დავით ჩხაიძის ინიციალები. ისინი შესრულებულია უფერული, ანუ სიმპათიკური მელნით, რომელსაც იყენებენ საიდუმლო მიმოწერაში. მჟღავნდება გახურებით, სპეციალური ფხვნილის ან ულტრაიისფერი ან რენტგენის სხივების გამოყენებით. მე რენტგენი გამოვიყენე.

- ძალიან კარგი, მშვენიერი ამბავია. ახლა მე წავალ და მთელი ამბები, რაც კი ხუთქიმიან ვარსკვლავზე, ტამპლიერებსა და ორდენებზე იცი, განყოფილებაში გამომიგზავნე. გამომადგება აუცილებლად.

- ახლავე დავიწყებ წერას, - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს.

- გელოდები, მადლობა, - ელენემ ბიჭს გამამხნევებლად მხარზე ხელი დაარტყა და ოთახიდან გავიდა.

„რა დროს ხართ მკვდარი, ბატონო დავით, როგორ ენდომებოდა ამ ბიჭს თქვენთან ლაპარაკი. ისე, ვინ იყავით, ბატონო პროფესორო, რაღაც უბრალო მათემატიკოსის ტიპაჟიდან ნელ-ნელა ვარდებით. ახლა ტამპლიერებიც რომ გამოჩნდნენ ცხენზე ამხედრებული, სულ გავგიჟდები“ - ელენე ნელი ნაბიჯით ტოვებდა შენობას და თან ფურცელზე გამოსახულ პენტაგრამას თვალს არ აშორებდა.

*****

გამომძიებელი მანქანაში ჩაჯდა თუ არა, ტელეფონზე გაბადაძის ნომერი აკრიფა.

- სად ხარ, პატრულო გაბადაძე? - ჩასძახა, როგორც კი მეორე მხრიდან სუნთქვა გაიგონა.

- სსსსახლში, ქალბატონო ელენე, არ შეიძლებოდა? - დაბნეულმა უპასუხა ბიჭმა.

- გძინავს?

- დიახ, წუხელ მორიგე ვიყავი. რა მოხდა?

- ჩქარა ჩაიცვი, ნახევარ საათში სადარბაზოსთან ვიქნები.

- რა ჩავიცვა? - ჰკითხა გაკვირვებულმა გაბადაძემ.

- რა უნდა ჩაიცვა, ბიჭო, ტანსაცმელი. ჩვეულებრივი, შენი. - ელენემ ფანჯარა ასწია და ტელეფონი გათიშა.

პატარა ბიჭივით გამოწყობილი პოლიციელი სადარბაზოსთან ელოდა ელენეს. როგორც კი მანქანა გაჩერდა, ისე გააღო კარი და დაჯდა, არაფერი უკითხავს. გამომძიებელმაც ცხელი ყავა ისე მიაწოდა, არაფერი უთქვამს. რამდენიმეწუთიანი დუმილის და ქალაქის მიხვეულ-მოხვეული გზების შემდეგ მანქანა მაღაზიის წინ გაჩერდა.

- აბა, წავედით, ვიყიდოთ ლამაზ-ლამაზი რაღაცები, - თქვა ქალმა და პირველი გადმოხტა ძირს.

- რას ვყიდულობთ, ქალბატონო ელენე? ლამაზ კაბას თუ შარვალ-კოსტიუმს? - უკან აედევნა დაბნეული პოლიციელი.

- კაბებს როდიდან იცვამ? თუ გირჩევნია, გიყიდი

- კიდევ ჩემთვის ყიდულობთ? ხომ მიყიდეთ უკვე? - თვალები გაუფართოვდა ბიჭს.

- კი, მაგრამ ორჯერ ერთი და იმავეთი ხომ ვერ შეხვდები იმ კაცს. ვინ დაიჯერებს შენს მილიონერობას. ჩათვალე, დაბადების დღის საჩუქარია, ძალიან მინდა ერთ პაემანზე მაინც წახვიდე მერე ამით. აბა, ჰე, გვჭირდება პერანგი, შარვალი, კოსტიუმი, ფეხსაცმელი. კიდევ რა გვჭირდება? არ ვიცი მე კაცის ნივთები. ოღონდ ბევრი არ იარო. არ შემიძლია დიდხანს თვალიერება. ნახა, აიღო, წამოიღო. გესმის? აი, ის გოგონა დაგვეხმარება. - ელენე კონსულტანტისკენ დაიძრა. - ქალბატონო, თუ შეიძლება ამ ბიჭს დაეხმარეთ, ყველაფერი გვინდა, ფეხსაცმლიდან პიჯაკამდე. ფასს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნურც გაგვატყავებთ...

ნახევარ საათში ჩაცმულ-დახურული გაბადაძე გამომძიებლის წინ პოზირებდა. - როგორია? - კითხულობდა გაბადრული სახით და სარკეში თავს ათვალიერებდა. - კარგია გაბადაძე, გადასარევი. ახლა გაიხადე და წავედით, - უკვე მერამდენედ უმეორებდა ელენე.

- მადლობა როგორ გადაგიხადოთ, ქალბატონო ელენე?

- ეს საქმე დამახურვინე და მეტი არაფერი მინდა შენი, - გაეღიმა ქალს და ბარათი მოლარეს მიაწოდა. - ახლა შენ ბუკინისტს დაურეკე და სადმე მყუდრო ადგილზე დაუნიშნე შეხვედრა ხვალისთვის. რა დროს იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, უკვე უთვალთვალებენ. თუ აქამდე არ მოუტანიათ წიგნი, ამიერიდან მოუტანენ. შენ შეხვდები, ფულს გადაუხდი და წამოხვალ.

- არის, შეფ, - გაიჭიმა გაბადაძე და ტელეფონს დასწვდა...

......... ........................

- აბა, რაო?

- ხვალ, 6 საათზე, „ძველ სახლში“ ვხვდებით.

- კარგია. ახლა სახლში მიგიყვან, გამოიძინე. ასე ჩაშავებული თვალებით არ დამენახო. ხვალ დაგირეკავ და მანქანა მოგაკითხავს, რომლითაც შეხვედრაზე წახვალ. აბა, წავედით, - თქვა ქალმა და მანქანა დაძრა.

პატარა ბიჭივით გულაჩქარებული პროკურორი ნიკო გელაძე სამედიცინო უნივერსიტეტის წინ იდგა და იქიდან გამოსულ სტუდენტებს ათვალიერებდა. რამდენჯერმე წასვლა მოიფიქრა და გადაიფიქრა კიდეც. თითქოს არაფრით გამორჩეული ანუკი გიგაური ნიკოს ტვინს ურევდა და მისი ნახვა ჰაერივით სჭირდებოდა. რამდენიმე დღე პროკურორი საკუთარ თავს ეჩხუბებოდა. ბაქსთანაც მართავდა დიალოგს, მაგრამ ეს ჭკვიანი არსება მხოლოდ თვალებში უყურებდა და საიმედოს ვერაფერს ეუბნებოდა. ახლაც მანქანაში იჯდა და გულშემატკივრობდა დაბნეულ პატრონს.

სტუდენტების მორიგი ჯგუფი გამოვიდა ეზოში და მათთან ერთად ანუკიც გამოჩნდა.

- ანუკი, - დაბალი ხმით დაიძახა ნიკომ. გიგაურმა ჯერ მიიხედ-მოიხედა, მერე გაკვირვებული მზერა გელაძეს გაუსწორა და თაფლისფერი თვალები ააფახურა.

- ბატონო ნიკო, აქ არ გელოდით, როგორ ბრძანდებით? - მიესალმა გოგონა და მისკენ დაიძრა.

- უნივერსიტეტში საქმე მქონდა და რომ შეგნიშნე, ვიფიქრე მივესალმები-მეთქი. - თავისი ტყუილის შერცხვა ნიკოს.

- მეც გამიხარდა თქვენი ნახვა. ბაქსი როგორაა? - უღიმოდა გოგონა და თან ფეხს ინაცვლებდა.

- აქვეა, მანქანაში, მაგრამ მგონი, გეჩქარება, მეგობრები გელოდებიან, - სტუდენტების ჯგუფზე ანიშნა პროკურორმა.

- არ დამელოდებიან, ვეტყვი, წავიდნენ. თქვენ თუ გაქვთ დრო, ბაქსს მოვეფერები. ახლავე დავბრუნდები. - ანუკი ჩქარი ნაბიჯით წავიდა მეგობრებისკენ. ნიკო თვალს ადევნებდა მათ საუბარს, წიგნები გაცვალეს, რაღაცები ჩაინიშნეს და ანუკის ჩანთაში რომ აღარ ჩაეტია ყველაფერი, ახლა გულზე ახუტებული ფურცლებით მისკენ მოდიოდა.

- დღეს გამოცდა მქონდა, ერთი დამრჩა კიდევ და ეს წიგნები მჭირდება. ბოდიში, გალოდინეთ, - თავი იმართლა გოგონამ.

- გამოცდა? როგორ ჩაიარა? - დაეკითხა ნიკო, თითქოს მისი საგამოცდო ცხრილი უკვე ზეპირად არ სცოდნოდა.

- კარგადაა ყველაფერი. ბაქსი სადაა? - ცქმუტავდა ანუკი.

- აი, მანქანაში, - ხელით ანიშნა ნიკომ. - კარგია, რომ შეგხვდი, რაღაც უნდა მეთქვა შენთვის.

- მართლა? რამე ახალია ჩვენს საქმეზე?

- არა, სახლზე არა, სხვა საქმე მაქვს. აი, ბაქსიც, - მანქანის კარები გამოაღო გელაძემ და გახარებულმა ძაღლმაც ისკუპა, ორ თათზე დადგა და სახე აულოკა ანუკის.

- მგონი, ბაქსს ჩემზე მეტად უყვარხარ.

- არ გრცხვენიათ, ბატონო პროკურორო? ჩვენზე ეჭვიანობთ? - გაეცინა ანუკის და იქვე მიწაზე ჩამოჯდა, რომ ძაღლთან ეთამაშა.

- არ შეგეფერებათ აქ ჯდომა და ხვევნა-კოცნა. წამოდით, სადმე პარკში შევიდეთ.

ნიკომ მანქანის კარი გამოაღო და ბაქსს შესვლა უბრძანა. ყურებჩამოყრილი ძაღლი დაემორჩილა და თავისი ადგილი დაიკავა, მაგრამ რომ დაინახა მის გვერდით ანუკიც, კუდი ააქიცინა და თავი კალთაში ჩაუდო.

- ამდენი იმისთვის ვისწავლე, რომ თქვენი მძღოლი ვიყო? - ბურდღუნით დაჯდა ნიკო საჭესთან და მანქანა დაქოქა.

- ანუკი, ხომ არ გშია? - მიუბრუნდა უკანა სავარძელზე ფერებაში გართულ წყვილს პროკურორი.

- არაფერი მინდა, ბატონო ნიკო, მალე სახლში მივალ და ბებია დამახვედრებს რამეს. - იუარა გოგონამ.

- შენ დაგახვედრებს, მაგრამ მე ვინ დამახვედრებს ცარიელ სახლში, ბაქსიც ჩემთანაა, ვერ მოასწრო სადილის მომზადება.

- ბაქსი გიმზადებთ ხოლმე?

- აბაა, ჩვენ ორნი ვართ მარტო და ვინ გააკეთებს სახლის საქმეს. განსაკუთრებით კარგად ტახტების და ჭურჭლის მტვრევა გამოსდის. კბილები რომ ამოსდიოდა, მაშინ სულ გამომაცვლევინა ავეჯი, ისე შეჭამა ყველაფერი.

- ასე პატარა მოიყვანეთ?

- ჰო, ერთი თვის. რძეს რომ დაანება თავი, უკვე ჩემთან იყო. იცი, რა სასაცილო და პატარა მოვიყვანე? სახლში მეკარგებოდა ხოლმე.

- სად იყიდეთ?

- ერთმა ნაცნობმა მიმასწავლა ამის პატრონი. ახალი დაბადებულები იყვნენ. მივედი და ისე მომეწონა ყველა, არჩევანი ვერ გავაკეთე. ის კაცი მეუბნებოდა, ძაღლმა თვითონ უნდა ამოგირჩიოსო. გამოუშვა და ეს ყველაზე პატარა და დიდმუცელა წამოვიდა ჩემკენ. დანარჩენებმა თამაში დაიწყეს. მეც მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე.

- მეც ასე ავირჩიო? - თვალები ააფახურა ანუკიმ.

- ჯერ მოიფიქრე, რომელი ჯიში გინდა, რომელს უფრო მოუვლი, მითხარი და მე მოგეხმარები ყიდვაში.

- მე რომელიც მინდა, ძალიან ძვირია, - გაიღიმა გოგონამ.

- ჰოდა, შენც იაფიანი მოინდომე. გოგოსთვის შესაფერისი, რომ გაპრანჭო ხოლმე. აი, აქ ჩავიდეთ, -

საუბარში გართულ ანუკის პარკზე ანიშნა ნიკომ. - პატარა რესტორანია, ღია სივრცით.

- აქ ნამყოფი ხართ? შეგვიშვებენ ძაღლთან ერთად?

- ბაქსს აქ იცნობენ, თვითონ ნახავ, - კარი გააღო გელაძემ. - ბაქს, ჭკვიანად იყავი, თუ არა, მეორედ აღარ წამოგიყვან, იცოდე...- დაარიგა ძაღლი, რომელმაც თათი დაარტყა პატრონს და გვერდში ამოუდგა.

- ასეთი ჭკვიანი მინდა მეც, - თავზე ხელი გადაუსვა ანუკიმ ბაქსს.

- ჰოდა, ასეთი ჭკვიანი ავარჩიოთ შენთვისაც.

- რაღაც უნდა გეთქვათ, ბატონო ნიკო, ჩემთვის, - შეახსენა გოგონამ.

- ნიკო დამიძახე, სულ რამდენიმე წლით ვარ შენზე უფროსი, - დაიბღვირა პროკურორი.

- ჰო, მაგრამ პროკურორი ხართ...

- ჩემს მდივანს რომ ეტყვი, ბატონ ნიკოსთან მივდივარო, პროკურორი მაშინ ვიქნები. ახლა საქმეს რაც შეეხება. პენიტენციურ სისტემაში სტაჟირება იწყება. ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ექიმებს არჩევენ. ანაზღაურებადია. 6-თვიანია. თუ მოეწონებათ კადრი, მაშინ ასაქმებენ. რეკომენდაციას გაგიწევ, მაგრამ მარტო მე არ გეყოფი, უნივერსიტეტიდანაც გინდა საბუთები. აი, ჩამონათვალი, - გულის ჯიბიდან ფურცელი ამოიღო ნიკომ. - ესენი მოაგროვე და მე დამირეკე, რომ გასწავლო, სად და ვისთან მიხვიდე. - ნიკომ პაუზა გააკეთა. - კიდევ ერთი პირობა, მე მეტს ვერაფერს გაგიკეთებ. ჩემი სახელი არ უნდა ახსენო. ყველაფერი შენზეა, მოეწონები, აგიყვანენ, არ მოეწონები, გამოგიშვებენ. მე ვერ დაგეხმარები.

ანუკი თვალებგაფართოებული უსმენდა პროკურორს.

- ძალიან დიდი მადლობა, - ჩაიჩურჩულა ბოლოს.

- მადლობა მერე იყოს, ეს ფურცელი შეინახე და ხვალვე დაიწყე საბუთების მოგროვება. ახლა კი რამე შევჭამოთ, მშია. შენ რა გინდა?

- მაშინ დღეს მე გადავიხდი.

- შენ მერე, ხელფასი რომ გექნება. ჩვენ ორიდან ჯერ მე ვმუშაობ.

ნიკო მაგიდაზე დადებულ მენიუს დასწვდა და არჩევა დაიწყო. ბაქსი ხან ერთს უყურებდა და ხან მეორეს. იმას ფიქრობდა, არ დავიწყებოდათ და მისთვისაც შეეკვეთათ რამე სასუსნავი.

„ძველ სახლში“ მყუდრო კუთხეში მოკალათებული გაბადაძე კარებს თვალს არ აშორებდა და თან საათს ამოწმებდა. ექვსს გადასცდა, მაგრამ მისი „ბუკინისტი“ არსად ჩანდა. კიდევ რამდენიმე წუთი და კარებში აქოშინებული კაცი გამოჩნდა. თვალის ერთი შევლებით მოათვალიერა დარბაზი და პოლიციელისკენ დაიძრა.

- დაგაგვიანდა, - ვითომ უდარდელად უთხრა გაბადაძემ და საათს დახედა. - კიდევ კარგი, დრო მქონდა.

- ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა მოეტანა, იმანაც დააგვიანა.

- შენ რა, დღეს მოგიტანეს წიგნი? არც შეგიმოწმებია, ისაა თუ არა, რაშიც ამდენ ფულს ვიხდი?

- ისაა, 100%-ით ვარ დარწმუნებული.

- მე არა, - მშვიდად თქვა ბიჭმა. - მომეცი, შევამოწმო, ყალბში არ გადავიხდი.

მამაკაცმა გაუბედავად გახსნა გაზეთები. პოლიციელმა მშვიდად ამოიღო პატარა ფარანი ჯიბიდან, „აქ ცუდი განათებააო“, ჩაიბურდღუნა და წიგნი გადაფურცლა. თანმიმდევრობით ათვალიერებდა ყველა გვერდს, ნელა და აუჩქარებლად. მეხუთე გვერდის კიდესთანაც იმდენი ხანი შეყოვნდა, რამდენიც სხვა ფურცლებზე, მაგრამ პენტაგრამის და ინიციალების დანახვა მაინც მოასწრო. კიდევ რამდენიმე გვერდი და ახლა უკვე ორმოცდამეათე გვერდზე გამოჩნდა ინიციალები. გაბადაძეს თავისი გულის ხმა ესმოდა. დაკვირვებით ათვალიერებდა წიგნს და ხმას არ იღებდა. ერთი ის, რომ იშვიათი გამოცემა იდო მის წინ, მეორეც, ეს დავით ჩხაიძის დაკარგული ეგზემპლარი იყო.

წიგნი ისევ გაზეთებში შეახვია, გულის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ბუკინისტს გადასცა.

- აქ იმდენია, რამდენზეც შევთანხმდით.

კაცმა კონვერტს ჩაუღიმა, ვერ მოითმინა და ოდნავ გადასწია. მწვანე ქაღალდებმა თვალი მოსჭრა. კმაყოფილმა კიდევ ერთხელ გადაუსვა ფულს ხელი. ჭიქა აიღო, გაუმარჯოს კარგად დამთავრებულ საქმესო, ჩაიბურდღუნა და წასასვლელად მოემზადა. „მომავალ პარტნიორობას გაუმარჯოს“ - სიტყვა არ დაამთავრებინა გაბადაძემ და წითელი ღვინო მოსვა.

- კიდევ დაინტერესდით რამით? - ჰკითხა უცებ კაცმა და ფეხზე წამომდგარი ისევ სკამზე დაეშვა.

- შეიძლება, - პაუზა გააკეთა ბიჭმა. - გააჩნია, კიდევ რას შემომთავაზებ და როგორ გავუგებთ ერთმანეთს, ძუნწი არ ვარ.

ბუკინისტი ცოტა ხანს ჩაფიქრდა: - ახლა არაფერი მაქვს განსაკუთრებული, მაგრამ მალე რაღაცას ველოდები. დაგირეკავ...

- სასიამოვნოა საქმიან კაცთან ლაპარაკი, - გაიღიმა პოლიციელმა. - ახლა ჯერ თქვენ წაბრძანდით, მე ცოტა ხანი კიდევ მინდა ამ სასიამოვნო მუსიკით დატკბობა.

ღიპიანი ბუკინისტი ფეხზე წამოდგა, ძლივს გაატია სხეული ახლო-ახლოს მდგარ სკამებს შორის და კარებში გაუჩინარდა.

გაბადაძემ რამდენიმე წუთი კიდევ დაიცადა. მერე ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გაგზავნა: „მე მაქვს, დარწმუნებული ვარ, ისაა“. ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა პასუხი მოუვიდა: „სასწრაფოდ ექსპერტიზის ბიუროში, გარეთ მანქანა გელოდება, ფრთხილად, შეიძლება გითვალთვალებდეს“.

ბიჭს გაეღიმა, მაგიდაზე ფული დატოვა, ხურდას აღარ დალოდებია და კარებთან გაჩერებული მანქანისკენ დაიძრა. „ქალბატონ ელენეს მართლა ყველაფერი გათვალისწინებული აქვს“ - გაიფიქრა და მისი „სტატუსისთვის“ ზედგამოჭრილი ბიზნესკლასის მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათებულმა შარვალ-კოსტიუმიან მძღოლს მიმართა: ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უნდა მივიდეთ.

- ვიცი, მანამდე მანქანა უნდა გამოიცვალო, მოგვყვება. - მოკლედ თქვა მძღოლმა და ბიჭმა ლაპარაკის სურვილი დაკარგა.

მანქანა დიდმინებიანი შენობის წინ გაჩერდა.

- სავაჭრო ცენტრის მინუს სართულზე ჩადი, გელოდებიან, - ჩაიბუბუნა კოსტიუმიანმა.

გაბადაძემ საერთოდ დაკარგა სურვილი, კიდევ რამე ეკითხა კაცისთვის. ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან და პარკინგისკენ დაიძრა. თვალებგაფართოებული ათვალიერებდა შემხვედრებს, სანამ ახალგაზრდა გაღიმებული სახე არ დაინახა, რომელიც ხელს უქნევდა და რაღაცას ანიშნებდა. ბიჭმა წიგნს კარგად ჩაბღუჯა ხელი და მოღიმარის მიმართულებით წავიდა. მანქანის მძღოლი ამჯერად ჩვეულებრივი რიგითი პოლიციელი აღმოჩნდა და გაბადაძემაც შვებით ამოისუნთქა.

მთავარი სამმართველოს დასაკითხი ოთახის მინის მიღმა პროკურორი გელაძე და ელენე იდგნენ და ოთახში მყოფ ბიჭს ათვალიერებდნენ, რომელიც ხან სკამზე დაჯდებოდა, ხან ფეხზე წამოდგებოდა და ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს. ის-ის იყო, ქალმა ტელეფონი ამოიღო "აიტიშნიკების მამის", საბასთვის დასარეკად, რომ ის სათვალის სწორებით და ნელი ნაბიჯით გამოჩნდა ოთახში. აუჩქარებლად გადაშალა საქაღალდე და ფურცელი მიაწოდა ელენეს.

- თომა გურული, სტუდენტი უკვე რამდენიმე წელია, უფრო სწორად, იმდენი შეტენილი საგანი აქვს, არა მგონია, როდისმე დაამთავროს. თბილისელი, ცხოვრობს ვარკეთილში. არ არის ნასამართლევი, ჯარიმაც კი არასდროს ჰქონია გამოწერილი. არ ფლობს რაიმე ქონებას, არ მუშაობს ოფიციალურად. ცხოვრობს მშობლებთან. დანარჩენი აქაა, - მშვიდად ჩამოარაკრაკა საბამ და სათვალე შეისწორა. - თუ რამეში დაგჭირდეთ, ოთახში ვიქნები, ვეძებ კიდევ რაღაცებს. - ნელა შებრუნდა და ისევე აუჩქარებლად წავიდა, როგორც შემოვიდა.

- შემომაკვდებიან ერთ დღეს ესენი მე, - ნიკოს მიუბრუნდა ელენე და მიმავალ საბას თვალი გააყოლა. -

ამათი ნერვები არ მაქვს.

- არც მე, მაგრამ რას ვიზამთ, საჭირო ხალხია, დაურეკე გაბადაძეს, მაგ ბიჭს მაინც რაღა დაემართა.

- მაგას არ უნდა დარეკვა. ისეთი სულსწრაფია, სანამ ეტყვიან, უკვე ჩვენ გვეცოდინება

- დაველოდოთ მაშინ ცოტა ხანიც. ეს გაჩერდეს და ფრჩხილებს თავი დაანებოს, თუ არა, შევალ და მივაბამ სკამზე, - ნერვები მოეშალა გელაძეს.

- დაწყნარდი, ბატონო პროკურორო, რა დღეში გაქვს ნერვები, - გაუცინა ელენემ.

- მაქვს კი არა, ისე ვატყობ, ეს საქმე ამ ბიჭით არ დამთავრდება, რაღაც არ ჰგავს ეს მკვლელს, თან ასეთი სისასტიკით, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი. - ნიკო ვერ იყო ფორმაში და ამას ელენეც ატყობდა. ან რაღაც ხდებოდა უკვე, ან წინათგრძნობა არ ასვენებდა პროკურორს.

.........

- გამარჯობა, ბატონო თომა, მე ელენე ჯაფარიძე ვარ, გამომძიებელი. თქვენ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებით. შეგიძლიათ ადვოკატი მოითხოვოთ, შეგიძლიათ არ მიპასუხოთ კითხვებზე. დაკავებისას განგემარტათ თქვენი უფლებები. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. კარგი?

გურული მაგიდასთან იჯდა და ისე ათვალიერებდა გამომძიებელს, თითქოს უცხო პლანეტიდან ჩამოვარდნილი არსება მჯდარიყოს მის წინ.

- რამდენი წლის ხარ, თომა?

- 27.

- რას საქმიანობ?

- არაფერს, მშობლების ხარჯზე ვცხოვრობ. მამაჩემი საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენია, - თქვა ბიჭმა და სკამზე გადაწვა. აშკარად შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა ელენეზე და მომდევნო კითხვაზეც, ვინ იყო მისი ასე გავლენიანი ბიზნესმენი მამა, სავარაუდოდ, პასუხი გამზადებული ჰქონდა, თუმცა ქალმა იმედი გაუცრუა და მოულოდნელად სულ სხვა შეკითხვა დაუსვა, რამაც ბიჭი აშკარად დააბნია.

- რამდენი სემესტრი გასწავლიდა დავით ჩხაიძე?

- ორი-სამი, ორი თუ სამი, ეგ რა შუაშია?

- მაშინ კარგად გაიცნობდი, ხომ? რას იტყვი, როგორი კაცი იყო?

- მკვდრებზე ცუდს არ ლაპარაკობენო, ამბობენ. - ამოისუნთქა გურულმა - მაგრამ მაგარი ძაღლი ტიპი იყო, - აქ კი მთლად მოეშვა. - არ მაღირსა ნიშანი. მტენიდა და მტენიდა საგნებს. თან ორს მასწავლიდა.

- რატომ არ გიწერდა ნიშანს? არ სწავლობდი თუ რამე პირადი პრობლემა გქონდათ?

- არა, რა პირადი, ვერ გავუგე მაგის სინუსს და კოსინუსს, ეგ კიდევ არ მეშვებოდა, ისე არ დაგიწერ, თუ არ ისწავლიო.

- მერე რა ქენი?

- რას ვიზამდი, ჯერ ქიმიის ლექტორს სთხოვა მამაჩემმა, მიმეგზავნეო, აი, იმას, ქერას, - თავხედურად ჩაიღიმა. ის მორცხვი და ანერვიულებული ბიჭი სადღაც გამქრალიყო და ახლა თავხედი ახალგაზრდა კაცი იჯდა გამომძიებლის წინ.

- მერე? - ჩაეკითხა ელენე.

- უარი გვითხრა, არადა, კაი რამის გაგზავნას ვუპირებდით. მერე მის შვილს მივწერე, იმან სულ არ მიპასუხა. მერე ძმაკაცის ბაბუას ვთხოვე. ის კი მივიდა, მაგრამ ბატონმა ჩხაიძემ უარით გამოისტუმრა. საკითხებს მივცემ, ისწავლოს და ჩამაბაროსო.

- ვინ იყო ის შენი ძმაკაცის ბაბუა, უარი რომ ვერ გითხრა?

- ლადო დგვარელი, გეცოდინება, ვინცაა, - გაიჭიმა ბიჭი და სკამზე შესწორდა. ელენემ ინტერესით შეხედა თავხედობის ზღვარს გადასულ ახალგაზრდას, რომელმაც ჩათვალა, რომ ის შთაბეჭდილება მოახდინა გამომძიებელზე, რაც უნდოდა და გაიღიმა.

- ესე იგი, მის შვილიშვილთან მეგობრობ, ხომ? - ჩაეკითხა ელენე.

- კი, ვძმაკაცობ, მასთანაც ვარ ხოლმე სახლში. მაგარი სახლი აქვს, სასახლე.

- კარგია გავლენიანი მეგობრები და მათი ბაბუები, - გაუღიმა ქალმა და ახალი კითხვის დასასმელად მოემზადა.

- დავით ჩხაიძის სახლში რამდენჯერ ხარ ნამყოფი?

- რამდენჯერმე. მაგიტომ დამაკავეთ? ველოდებოდი, როდის მეტყოდით. ახლა მივხვდი. თქვენ რა, მკვლელობას მტენით? - უკვე ყვირილზე იყო გადასული გურული.

- რამდენჯერ ხარ ჩხაიძის სახლში ნამყოფი და რატომ? - მშვიდად გაიმეორა ელენემ.

- რამდენჯერმე, ზუსტად არ მახსოვს. ალბათობას მიხსნიდა ის გამოტვინებული ჩხაიძე. მეც დავდიოდი, გამოცდა ხომ უნდა ჩამებარებინა.

- მეტი არაფერი?

- მეტი რა, მაინც არაფერი გამოუვიდა.

- მე კი ვიცი, რომ მისი კუთვნილი წიგნი წამოიღე და გაყიდე.

- რა წიგნი?

- გეცოდინება, დღეს გადაეცი ერთ ბუკინისტს, რაშიც საკმაოდ კარგად გადაგიხადეს კიდეც. ხომ ასეა? - ბიჭი დაიბნა, გაჩუმდა. სკამზე შესწორდა.

- ადვოკატის გარეშე სიტყვასაც არ ვიტყვი. - მხოლოდ ეს თქვა და ზურგი შეაქცია გამომძიებელს.

ნიკოს კაბინეტში გაბადაძე მორიდებულად იჯდა. ელენე ბოლთას სცემდა. პროკურორს მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, მაგრამ მოსიარულე გამომძიებელს არაფერს ეუბნებოდა.

- რას ფიქრობთ, თომა გურულზე? - სიჩუმე დაარღვია პროკურორმა. ელენე თითქოს კითხვის დასმას ელოდაო, მაშინვე ალაპარაკდა.

- მაგ ყმაწვილს მარტო ქურდობისთვის დავიჭერთ, მკვლელობას ვერაფერს ვუზამთ. ადვოკატმა თუ კარგად იმუშავა, შეიძლება საპროცესოთიც გამოძვრეს. იტყვის, მაჩუქა ეს წიგნი ჩხაიძემ და რასაც მინდოდა, იმას ვუზამდიო. ამით დამთავრდება ყველაფერი. თან არც ჩხრეკამ მოგვცა რამე და არც მოწმე გვყავს. მკვლელობაზე ხმას ვერ ამოვიღებთ. იქნებ არ მოუკლავს ამ ბიჭს. მოკლედ, არაფერი გვაქვს, სულ არაფერი.

- მე მგონია, დგვარელის სტუმრობა ღირს, იქნებ მან გვითხრას რამე, - ხმის ამოღება გაბედა გაბადაძემ.

- მივიდეთ, მაგრამ იმედი არაფრის მაქვს, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა პროკურორმა. - მე წავალ, გაბადაძე კი დამიმშვენებს მხარს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, ზურა?

პოლიციელს სახეზე სიწითლემ გადაუარა, „რა თქმა უნდა, არაო“, ჩაილაპარაკა და სავარძელში შესწორდა.

- მე დგვარელს დავურეკავ, ისე ხომ ვერ მივადგები ამხელა კაცს, - აგრძელებდა ნიკო და თან ფურცლებით გადატენილ მაგიდაზე რაღაცას გამალებით ეძებდა. - ნომერი სად ჯანდაბაში მაქვს, - აყვირდა მთელ ხმაზე. - ბოდიში, ვეღარ მოვთოკე თავი, უკაცრავად. რამდენიმე ღამეა არ მიძინია, კიდევ ერთი გაუხსნელი საქმეა, - თავი იმართლა პროკურორმა.

ოთახში ჩამოწოლილი რამდენიმეწამიანი სიჩუმე საბას ჩახველებამ დაარღვია.

- ბოდიში, ხელს ხომ არ გიშლით?

- არა, საბა, შენ მაინც გამახარე.

- გახარების რა გითხრათ, - დაიწყო ბიჭმა და სათვალე შეისწორა. - თქვენმა ბუკინისტმა დგვარელს დაურეკა, მომწოდებელი გაქრა და წიგნს ვეღარ მოგიტანო. რა წიგნზეა საუბარი, არ ვიცი. ბატონი ლადო გაბრაზდა. თუ გინდა თანამშრომლობა გავაგრძელოთ, უნდა მოძებნოო.

- საინტერესოაააა, - ჩაილაპარაკა ელენემ. - გამოდის, რომ დგვარელი ბუკინისტის საშუალებით ყიდულობს წიგნებს გურულისგან და ის კი არ იცის, რომ გურული მისი შვილიშვილის ძმაკაცია, ვისი გამოცდების ჩაბარებაზეც ნერვიულობდა.

- ნერვიულობის რა გითხრა, მაგრამ ერთი-ორი სიტყვა კი შეაწია ჩხაიძესთან და ვინ იცის, იქნებ ეს ვაჟბატონი მაგასაც ჰპარავდა წიგნებს.

- შეიძლება, - ჩაილაპარაკა ნიკომ. - დგვარელთან აუცილებლად უნდა წავიდეთ, აუცილებლად. იყოს ეს გურული ჩვენთან, კარგად არის მოწყობილი. იქნებ ამ თავხედობამაც გაუაროს. ზურა, ხვალ დაგირეკავ და ვესტუმროთ დგვარელს. არ გაინტერესებს მაგის სასახლე? ახლა კი დაისვენეთ. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს. ღამე მშვიდობის.

პოლიციელი და გამომძიებელი წამოდგნენ, პროკურორი კი აშკარად გათენებას აპირებდა.

სალომე ტაბატაძე

გაგრძელება იქნება