ბედნიერება სახლივითაა, უნდა ააშენო. ჯერ საძირკველი ჩაუყარო, მერე აგური აგურს დაადო. ამას მარტო ვერ გააკეთებ. თანაც, მარტო ცხოვრება მარტოხელობას გიქადის, მარტოხელობა კი ბედნიერების ერთი მესამედია. კიდევ ერთი მესამედი საყვარელი მამაკაცია და ბოლო ერთი მესამედიც _ შვილები… მაგრამ სადაა? მატილდას მხოლოდ ერთი მესამედი ბედნიერება ხვდა წილად… ჯერჯერობით, თუმცა დარჩენილი ორი მესამედის მოსაპოვებლად ხელსაც არ ანძრევს. არც ტვინს. არც ფიქრს. ოცნებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. კარგა ხანია, საკუთარი თავი ჩამოწერა. რაღა დროს ჩემი კაცია! ან გათხოვება! _ იტყვის, ხელს ჩაიქნევს და უღიმღამოდ ჩაიცინებს. ისეთი თამამი ვეღარ არის მამაკაცებთან, ადრე რომ იყო. ახლა მხოლოდ ღამეს უთამამდება. ისე შეუძლია კილომეტრების გავლა კუნაპეტ სიბნელეში, წარბს არ შეიხრის. ზღვის სანაპიროზე უყვარს ღამით გასვლა. იქ კი არ ბნელა, მთვარე ვერცხლისფრად აკიაფებს სამარესავით გარინდებულ ვეებერთელა წყლის მასას და მატილდაც ამ აკიაფების ყურებით ადრენალინს გამოიმუშავებს. როცა დილით გადის ზღვაზე, სხვა გრძნობა ეუფლება. აქოჩრილ ტალღებს გუგუნი გაუდით და მათი მოძრაობა ფორტეპიანოზე მორბენალ თითებს აგონებს. აქ ტალღები ყოველთვის ნაცნობ ენაზე ხმაურობენ და მატის ესმის მათი. ხან კლდის ნაპრალში ჩაჩეხილ მზის სხივს გაუსწორებს მზერას და ღიმილით ხელს უქნევს, როგორც კარგ ნაცნობს. თოლიებსაც ემეგობრება. მართალია მათი კივილი ყურს ჭრის ხოლმე, მაგრამ მიეჩვია, ამით აღარ წუხდება. ქარიან ამინდსაც არ ეპუება, პირიქით, ესეც სიამოვნებს. ხშირად ნებას რთავს ქარს, სახეში სილა შეაყაროს. რომანტიკოსია, არა? ცდებით, სულაც არა. ამის გაფიქრებაზე ღრმად ამოიოხრებს და პოულობს სიტყვას, რომელიც იმწუთას ზედგამოჭრილად გამოხატავს მის მდგომარეობას _ ის მარტოხელაა.
ახლა მხოლოდ ერთი ოცნება აქვს _ ეს ზღვისპირა სახლი გადააკეთოს, გაარემონტოს და ტურისტები მოიზიდოს. ამიტომ ხელოსანს ელოდება.
ათი წუთი დაუთმო თავს, რათა წყალი გადაევლო, შამპუნით არასასიამოვნო სუნი მოეშორებინა თმიდან, რომელიც სამი დღის დაუბანლობამ გამოიწვია, ჩაეცვა და დაბლა ჩასულიყო იმ მომენტში, როცა დურგალი მოვიდოდა _ უკვე მეოთხე! ჰმ!.. თუ გამოჩნდება საერთოდ! ისეთი ბედისაა, შეიძლება არც მოვიდეს. ამ ქვეყანაში სადღაა სამუშაო ეთიკა? ყველა ყველაფერს ფეხებზე იკიდებს!
აი, უკვე რამდენი ხანია მისი ჯიუტი „მე“ ყოყმანსა და თავმოყვარეობას შორისაა გაჭედილი _ ჯერ ამბობდა, „მე უნდა გავაკეთო“, მერე შეცვალა: „ვაპირებ გავაკეთო”, ბოლოს კი „არ შემიძლია გავაკეთო“. თვის დასაწყისიდან ბოლომდე ეს ან „სრული სვლით წინ“ იყო, ან „სრული სვლით უკან“.
კარგია, რომ სარჩენი არავინ ჰყავს. მატილდას არც კატა ჰყავს და არც ძაღლი, თუმცა სულაც არაა წინააღმდეგი, ან ერთი იყოლიოს, ან მეორე, რათა ვიღაცას მაინც დაელაპარაკოს, ღამით გაყინული ფეხები გაუთბონ ლოგინში, სანამ კითხვითაა გართული იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს ჩაეძინება. მეორე მხრივ, როდესაც გაახსენდება აცრები, რწყილებისა და ტკიპების მოსაცილებელი საშუალებები, საყელურები და ტონა საკვები, რაც ამ ცხოველებს სჭირდება, უკან იხევს. იქნებ წყვილი ოქროს თევზი მაინც ეყიდა? ჩაუთქვამდა სურვილს და…
გაეღიმა. ყურადღებით ჩაიხედა სარკეში, მოახლოებული სიბერის ნიშნებს დაეძებდა.
სამაგიეროდ, რამხელას ნიშნავს, ბინის ქირა რომ არა აქვს გადასახდელი. თუ არ ჩათვლის დენის, წყლის, გაზისა და ტელეფონის გადასახადს, არავისი არაფერი მართებს. ჰო, კიდევ 112-ის გადასახადი დაავიწყდა.
მეორე მხრივ, თავისი თმის გაყოფილი ბოლოები სასწრაფოდ უნდა წაიჭრას და ის სვიტერი, ლამის გაუხდელად რომ აცვია და ჯერ კიდევ პირველ კურსზე სწავლის პერიოდში იყიდა, გადასაგდებია. იღლიებში უკვე სამჯერ მაინც გაკერა. ამდენი ტარებით გაიცრიცა და რა სვიტერის ბრალია? ინსტრუქცია კი არ მოჰყვებოდა, 19 ზამთარი ატარეთო! თუმცა ბოლოებიც რომ წაიჭრას და გარდერობიც განაახლოს, ამით მის ხასიათში არაფერი შეიცვლება. არ აინტერესებს და იმიტომ. ინტერესის ნაკლებობა კი ყველაზე სახიფათო რამაა. წინ ციფრი 4 ჩასაფრებულა ერთი უზარმაზარი ნულით, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხ წელიწადში ორმოცი წლის გახდება და მისი სხეულის ამა თუ იმ ნაწილს სილამაზის შენარჩუნების გარანტია ამოეწურება. მართალია კბილები ჯერ კიდევ ჯანმრთელი აქვს და კითხვაც შეუძლია სათვალის გარეშე, მაგრამ ყოველდღე ორი-სამი ღერი თეთრი თმის ამოძრობა რომ უწევს თავისი ლამაზი მოყვანილობის თავიდან, მაგას რა ეშველება? ეს კიდევ არაფერი, ბოლოს და ბოლოს, თმას შეიღებავს და ამასაც მოევლება, მაგრამ ნაოჭები? ჯერ მხოლოდ მიმიკური ნაოჭები ეტყობა და თუ გულიანად არ გაიცინებს, შესაძლებელია ვერც შეამჩნიოს უცხო ადამიანმა, სამაგიეროდ მალე სევდის ნაოჭები წამოყოფს თავს, აი, ტუჩის კუთხეებიდან რომ იწყება და რკალივით რომ ჩადის ნიკაპამდე, რომლის დამალვა ყოვლად შეუძლებელია. ერთადერთი, ოდნავი გაღიმება თუ გაშლის ნაწილობრივ მაინც, მაგრამ სულ გაღიმებული ხომ ვერ ივლის? თუმცა რატომაც არა? მატი სულ იღიმის და მისი ღიმილი ყველას ეკუთვნის, მზესავით ყველას ერთნაირად ათბობს.
ბოლო დროს ზურგის ტკივილმა შეაწუხა. ექიმთან არ მისულა იმის გასარკვევად, რისი ბრალი იყო ეს ტკივილი _ უბრალოდ, მარილების თუ მისი ხერხემალი შეატორტმანა წელთა სიმრავლემ? იქნებ დისკოზია ან ოსტეოქონდროზი, ვინ იცის? თვითონ იმას აბრალებს, რომ ლამის ტონა-ნახევარი წიგნის გადაზიდვამ და მძიმე თაროების გადატანამ მოუწია სხვის დაუხმარებლად. ან კი ვინ დაეხმარებოდა? დაქალები ისეთები ჰყავს, ერთ წიგნს არ მოჰკიდებენ ხელს, არათუ ექვსს ან ცხრას ერთდროულად. სულ „პუწი-პუწი“ გოგოები არიან, წარამარა თავიანთ შილაკიან თითებს რომ დასჩერებიან. თვითონ კი ბოლოს როდის იყო ფრჩხილების გასაკეთებლად სალონში, აღარც ახსოვს. გაქლიბვასაც თავად ახერხებს და ნუნების ამოჭრასაც. ერთი ეგაა, მავნე ჩვევას ვერ შეელია _ როცა ნერვიულობს, ნუნების იჭამს და მანამ არ მოეშვება, სანამ სისხლი არ დაედინება.
და აქედან დასკვნას თუ გამოვიტანთ, გამოდის, რომ მატილდა კი არ ახალგაზრდავდება, პირიქით, ბერდება. ეს სახელი მაინც არ ერქვას. რატომ დაარქვა დედამისმა ასეთი ნაზი და ლამაზი სახელი? იმიტომ, რომ თავის დროზე დედამისზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა როალდ დალის ნაწარმოებმა „მატილდა“? ეჰ, ვიღას ახსოვს ეს საბავშვო წიგნი, რომელიც მასაც ძალიან მოსწონდა… ან იქნებ იმიტომ, რომ ინგლისის ერთ-ერთ დედოფალს ერქვა ეს სახელი, რომელმაც ერთი წელიც კი ვერ შეინარჩუნა ტახტი და ჩამოაგდეს? შესაძლებელია დედა იმ დედოფალს ქალურ სოლიდარობას უცხადებდა და თანაუგრძნობდა? ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა, რომ სახელი მატილდა პატარა და ახალგაზრდა გოგოებს უხდებათ, ან დედოფლებს, მისი ასაკის ქალებს კი არა. თუმცა ვიღა ეძახის მატილდას. დიდი ხანია მეგობრებმა და ნაცნობებმა ხელახლა „მონათლეს“ და მატი შეარქვეს.
რაც შეეხება მის შემოსავალს, ნუ იტყვით! სრულ ინფლაციას განიცდის. მხოლოდ რემონტის ფული აქვს გადანახული, სხვა მხრივ არანაირი პერსპექტივა არ ეჭყანება და თუ რამე არ მოიფიქრა, თუნდაც ტურისტების მოზიდვა, ქრონიკული დეპრესია ელოდება, რომელიც მისი სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულშია ჩასაფრებული.
მატიმ კედლის საათს ახედა და წარბები შეჭმუხნა. კიდევ ათ წუთს დაელოდება. რატომ უყვართ ამ ხელოსნებს დაგვიანება? წუხელ უკვე გვიან იყო, როცა დურგალმა დაურეკა იმის გასარკვევად, ისევ სჭირდებოდა თუ არა ხელოსანი, ხომ არ გადაიფიქრა. მატის კი დაავიწყდა ეკითხა, სად ცხოვრობდა და საიდან მოდიოდა. იქნებ სულაც სხვა ქალაქიდან ჩამოდის ან ახლომახლო რომელიმე სოფლიდან? თუ საკუთარი მანქანით არაა, შეიძლება დაიგვიანოს კიდევაც. ტრანსპორტსაც კი ვერ ენდობა ჩვენს დროში ადამიანი. რა დროს სად გაიჭედები, არავინ უწყის.
სქელი ყავისფერი თმა მსუბუქად აიჩეჩა პირსახოცით და შეეცადა იმედგაცრუებისგან თავი დაეზღვია. ხომ შეიძლება საერთოდ არ მოვიდეს ის კაცი ან მოვიდეს, ნახოს, რაცაა გასაკეთებელი და მერე უთხრას, იმდენი შეკვეთა მაქვს აღებული, უახლოს პერიოდში შენი სახლის რემონტს ვერ მოვახერხებო?
_ ჭირსაც წაუღია, _ ჩაიჩურჩულა. თუ ყველაფერს ოპტიმისტურად შეხედავს, თავისი თავის უბოროტესი მტერი თვითონაა. განა ამაში რამე ახალია? ეს დიდი ხანია მატილდამ იცის, ამიტომ ამ დრომდე მარტოა, სულ მარტო.
როცა სახლის გადაკეთების იდეა პირველად მოუფრინდა თავში, ეს ბრწყინვალედ მოეჩვენა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეჭვი შეუჩნდა.
მოიცა! გარეთ რაღაც ხმაურია. ნუთუ მანქანის კარი გაჯახუნდა?
ბოლოჯერ აჩქარებით შეიმშრალა სველი თმა და უჯრაში ხელის ფათურს მოჰყვა წინდის მოსაძებნად. ადრე ჩვევად ჰქონდა, წინდებს უჯრაში ფერების მიხედვით ალაგებდა და რადგან კარგა ხანია, ამ ჩვევას უღალატა, ორი სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა სიგრძის ცალი წინდა ამოიღო. გაბრაზებულმა ორივე უკან ჩააგდო და შიშველი ფეხების ტყაპატყუპით ხის კიბეზე ჩაირბინა.
გაგრძელება იქნება