მარტოხელა - თავი 6 - Marao

მარტოხელა - თავი 6

2023-03-17 11:00:58+04:00


წინა თავი

კიდევ კარგა ხანს ისმენდა ფიქრიას შეგონებებს უცოლო მდიდარ კაცებზე, მდიდრული იახტიდან რომ „გადმოხტნენ” და ბიბის სტუმრობდნენ. თან შედარებებს აკეთებდა, ვინ უფრო მოეწონებოდა პოტენციურ სასიძოებს - პრანჭია სოფო, მარტოხელა ნაზი მატილდა თუ მარად სევდიანი ლალო. ერთი სიტყვით, საპნის ოპერეტის მთელი სიუჟეტი შექმნა ქაქან-ქაქანით.

- მთლად სოფოს რამ დაგამსგავსა, ფიქრია, ჰა? სულ მაჭანკლობაზე როგორ ფიქრობ? - უსაყვედურა დამლაგებელს.

- შენ რა, არ მაჭანკლობდი? ხომ გამოგდიოდა? რა იცი, რა ხდება, მე…

- კარგი, კარგი. თუ გინდა მთელი ეკიპაჟი დაპატიჟე და დაე, გაჩაღდეს თამაშები, ოღონდ მე შემეშვი, - თქვა ბოლოს მისი ტირადით თავგაბეზრებულმა და ტელეფონი გათიშა.

მასთან ლაპარაკს ჯობია წიგნები დააბინაოს. კი ჩაიტანდა გარაჟში, მაგრამ იქ ობი შეჭამს. ალბათ, დროებით პირველ სართულზე რომ დაალაგოს, უკეთესი იქნება.

თავი რომ ასწია, სერგის ჩასაფრებულ მზერას გადააწყდა.

- მე მარკეტში გავალ და ვეცდები, მალე დავბრუნდე. მტვერსასრუტს დაბლა დავდებ, კიბის თავთან. თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ამ სიტყვებით დაბლა ჩაირბინა და ჰოლს მიაშურა.

ალბათ, სერგი ვერასდროს მოიპოვებს „მისტერ კომუნიკაბელურობის” ტიტულს, მაგრამ ახლა ის მატილდას ეკუთვნის - ფული გადახდილია და სერგიც - ნაყიდი. უფრო სწორად, „შეკვეთის მიცემით ადგილზე მოყვანილი”. ასე რომ, მის ხელოსანს ყველამ თავი დაანებოს! - ფიქრობდა სუპერმარკეტისკენ მიმავალი ჩათბუნული მატი.

სერგი დაელოდა, სანამ მატილდა დაბლა ჩავიდოდა, მერე კი ტანსაცმელიც გამოიცვალა, ფეხსაცმელიც და სამუშაოდ მოემზადა. თავისი საგარეო სამოსი საძინებელში შეიტანა, რომელიც ახლახან გამოათავისუფლა ავეჯისგან. ოთახში ჯერ კიდევ ტრიალებდა სუსტი სურნელი, რომელიც მისთვის ქალის სურნელთან ასოცირდებოდა, ამ ქალის სურნელთან. ეს არ იყო არც საღებავის და არც დამწვარი დარიჩინის სუნი, უფრო ყვავილებისას ჰგავდა, რომელიც ქარს ზღვის სანაპირომდე მოაქვს, როცა ზაფხულის ცხელ დღეებში მარილიან წყალში ბანაობ.

აზრზე მოდი, შე დოყლაპია! რა ზღვა, რის სურნელი! ახლა იანვრის ბოლო დღეა და გარეთ საშინლად ყინავს. გირჩევნია, თავი არ დაკარგო! - შეუძახა ფიქრებში საკუთარ თავს და წეღან მოსმენილი სატელეფონო საუბარი გონებაში გაიმეორა. ვიღაც საცოდავმა იახტის პორტში დაყენებაც ვერ მოასწრო, რომ ადგილობრივმა ტურფებმა უკვე დაადგეს თვალი და სირენებივით აკივლდნენ. ხომ არ ჯობია საღამოს შეუაროს იმ იახტის პატრონებს და კაცურად გააფრთხილოს, რა საფრთხის წინაშეც დგანან? ჰმ… უკეთესი იქნება, სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყოს და თავისას მიხედოს. რაო, როგორ თქვა? დაე, გაჩაღდეს თამაშებიო? რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მატილდაც ჩაერთოს ამ თამაშებში, მაგრამ ეს მას არ ეხება. მან აღებულ საქმეს უნდა მიხედოს, შეკვეთა შეასრულოს და მერე თავის გზას გაუდგეს. შეიძლება სულაც გადაიხვეწოს საქართველოდან, ვინ იცის.

სანამ ის თავისი ბოსის უფროს ქალიშვილზე დაქორწინდებოდა და ოფისში გადაბარგდებოდა, ყველანაირ სამშენებლო სამუშაოს ასრულებდა. ნამდვილი ჯადოქრის ხელები ჰქონდა. ყველაფერი გამოსდიოდა, კოხტად და აკურატულად იცოდა საქმიანობა. წლების განმავლობაში უფრო და უფრო დაიხვეწა და რომ არ დაქორწინებულიყო და თანამდებოდა არ მიეღო „მზითვად”, ვინ იცის, უკვე სახელგანთქმული ხელოსანი იქნებოდა. დურგლობაც ეხერხებოდა და კალატოზობაც, კაფელის დაგებაც და იატაკის მოხვეწაც, რომ აღარაფერი ვთქვათ კოსმეტიკურ რემონტზე. ისეთ ვენეციურ კედლებს აკეთებდა და ფრანგულ ჭერს, რომ ნებისმიერ პროფესიონალს შეშურდებოდა. მთავარი ის იყო, რომ მუშაობა არასდროს დაზარებია. ყოველთვის ყველაფერს გულმოდგინედ ასრულებდა, ზედმიწევნით აკურატულად და დაუღლელად, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ცემენტის მოზელაც ხშირად უწევდა და ბლოკების გადატანა-გადმოტანაც.

ალბათ, შეცდომა დაუშვა. ალბათ, აჯობებდა წინ წაწეულიყო. კიდევ ცოტა ხანს უნდა მოეთმინა და დალოდებოდა. სერგის გარეშეც მოუღეს ბოლო მის სიმამრს, ტყუილად ახტა, დახტა და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა. სამაგიეროდ, ცოლი მოიშორა, რომელსაც უკვე წლებია, ვერ ეგუებოდა. ცოლის გარდა ყველაფერი იყო! მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა, ქმარი საერთოდ არ ანაღვლებდა.

არა უშავს, კაცი შეცდომებზე სწავლობს. სამაგიეროდ, ახლა იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული ქალების მიმართ, რომელთა რჩენას უამრავი ფული სჭირდება. მათი სილამაზის სანაცვლოდ უკვე აღარ დადებს გარიგებას ბედისწერასთან. თუმცა… მატილდასთან სხვა სახის გარიგების დადებაა შესაძლებელი. ესეც ლამაზია, მაგრამ საკუთარი თავის მოსავლელად რომ ვერ იცლის, ფაქტია. არც ადარდებს, როგორ გამოიყურება. ტომარასავით ჩამოუცვამს კაბა და დაფართხუნებს. სანაძლეოს დადებს, რომ მატის ამ ფართხუნა სამოსის ქვეშ უბრალო ბამბის ტრიკო აცვია. ამის გაფიქრებაზე თავჩაღუნულმა იატაკს გაუღიმა.

შემდეგი რამდენიმე საათი სწრაფად გავიდა.

სერგიმ კედლები გაზომა, მონიშნა და მცირედზე გამოტეხა. ხანდახან ფიქრები დაესეოდა და ცოტა ხნით დააშორებდა იმ სამუშაოს, რომელსაც ბეჯითად შესდგომოდა.

უცნაურია, რა უცებ შეეჩვია მატის მას შემდეგ, „შებოლილ” სამზარეულოში რომ შეუსწრო. ჩვეულებრივ, მას დროს სჭირდებოდა ადამიანებთან შესაგუებლად. ახალგაცნობილთან სწრაფად დაახლოება ყოველთვის უჭირდა. მანამდეც კი, სანამ მისი კარიერა ქვიშის სასახლესავით ჩამოიშლებოდა, არასდროს ყოფილა კომუნიკაბელური, რომ აღარაფერი ვთქვათ მის პირად ცხოვრებაზე. ოხ, სერგი, სერგი! ნუ მიეჯაჭვები ამ ადგილს! რაღაც ძალიან მოგეწონა აქაურობა! მართალია, მოსწონს დამოუკიდებელი, უპრეტენზიო ქალები და აფასებს ამ თვისებებს, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ სამუშაოა და არა გაცნობის ბიურო.

დამაინც, მატილდა სრულლყოფილია და უპრეტენზიო. უდავოდ ჭკვიანი, მაგრამ მოკრძალებული. ამასთან, მას იუმორის გრძნობაც აქვს.

ან იქნებ მისი შეფასება გადაჭარბებულია? ჰმმმ… ერთხელ უკვე ხომ დარწმუნდა ამაში!

მართალია, კვებაზე არ უსაუბრიათ, მაგრამ მატიმ იცოდა, რომ რახან ხელოსანი მთელი დღით სახლში ჰყავდა, სადილი მაინც უნდა ეჭმია. ამიტომ სუპერმარკეტიდან დაბრუნებული მაშინვე სამზარეულოში დატრიალდა და სოუზის მომზადებას შეუდგა. აბა, უხორცო საჭმელს ხომ არ მიართმევდა პირველსავე დღეს? მერე და მერე ამოლესილი ლობიოც შეიძლება და შემწვარი კარტოფილიც. სოსისებსაც მოხარშავს და კვერცხსაც. შეიძლება ტაფამწვარიც გაუკეთოს დაჭრილი სოსისით. ვნახოთ, როგორ დაიმსახურებს.

რა თქმა უნდა, აჯობებს თვითონ დააპუროს, თორემ გარეთ თუ გავარდა შაურმის ან ჰოთ-დოგის თუ ხაჭაპურის საჭმელად, უამრავ დროს დაკარგავს და რამდენ ხანში მობრუნდება, კაცმა არ იცის. მატილდას ასე არ აწყობს. ბოლოს და ბოლოს, ერთი კაცის სადილი რა გახდა? ნამდვილად არ უჭირს ისე, რომ თავისი თავი და ერთი ხელოსანი ვერ დააპუროს. მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ის აქ იმუშავებს, მატილდას იგი მთლიანად სჭირდება. მორჩა და გათავდა!

ამაზე ფიქრი ავსებდა. სანამ თავის ფანტაზიას აამუშავებდა, წარმოდგენილმა სურათმა უკვე ფორმა მიიღო და ქალს გააჟრჟოლა. თავი გააქნია და ამოიკვნესა. ნამდვილად აკლია რაღაც მის ცხოვრებას და ეს რაღაც აშკარად მამაკაცია თავისი ს ვიტამინით.

დერეფანში, მუშაობაში გართულ სერგის რომ ჩაუარა, შეეცადა არ შეეხედა, რადგან ჯერაც გაბრაზებული იყო მასზე, როცა სთხოვა, საქმეში ხელი არ შემიშალოო.

- საჭმელი მაგიდაზეა. თუ წინააღმდეგი არ ხართ, ზემოთ ავირბენ, ცოტას მოვწესრიგდები, სანამ თქვენ დანაყრდებით, - მხოლოდ ეს უთხრა.

დაე, იფიქროს, რომ მატი სისუფთავის გიჟია. ნებისმიერ შეთხვევაში, ამის თქმით მიზეზი მაინც ექნება, რომ მასთან ერთად არ მიუჯდეს მაგიდას და არ შეხედოს მის მგრძნობიარე ტუჩებსა და იდუმალ თვალებს.

- მომისმინეთ, არ გამიბრაზდეთ, ცოტა უხეშად თუ გამომივიდა, კარგი? თქვენი წყენინება არ მინდოდა.

- უხეშად? სულაც არა, - მიუგო მატილდამ, - ძალიან მკაფიოდ გამოხატეთ თქვენი პოზიცია და დამიჯერეთ, მე მესმის თქვენი. ყველა დროებით დაქირავებულმა ხელოსანმა რომ მირჩიოს, როგორ წარვმართო ჩემი საქმეები, უკვე განიარაღებული ვიქნებოდი. თუმცა სინამდვილეში ასეც მოხდა, არა? გესმით ალბათ, რასაც ვგულისხმობ, - უხერხულად ჩაიდუდუნა.

როგორც კი მაღლა ავიდა, მისმა გაღიზიანებამ ეგრევე დაუთმო ადგილი პანიკას, რომელიც გამოთხრილმა კედელმა, ძირს დაყრილმა ბათქაშმა და აგურის ნატეხებმა გამოიწვია.

ეს ყველაფერი ასაღებია! სასწრაფოდ ასაღები! - გონებაში განგაშის სიგნალი ჩაირთო.

და უცებ თავი კვლავ იმ პატარა გოგონად იგრძნო, რომელიც ყველანაირად ცდილობს, კარგი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს, თუ ვინმეს მოეწონება და იშვილებს. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ ხომ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ჩამოუყალიბებელი ბავშვის გარეგნობის მიღმა პატარა, მოწესრიგებული, ჭკვიანი და ლამაზი გოგონა იმალება, რომლისგანაც მშვენიერი ქალი დადგება.

მატილდამ წამწამები დაახამხამა, ცრემლით სავსე თვალები მოიწმინდა და რეალობას დაუბრუნდა, როცა ცელოფნის დიდი პარკი აიღო და ჩამოყრილი ბათქაშის შიგ ჩაყრას შეუდგა.

მშვიდობით, ლამაზო ყვითელო კედლებო! ოდესღაც აქ ხის ელეგანტური მაგიდა იდგა, ხოლო კედელზე რამდენიმე გემოვნებიანი ნახატი ეკიდა. ის მაგიდა მეორე ქმრის, ბორისის „დახმარებით” ქორწინებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაქრა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ.

არადა, ეს სახლი პირველმა ქმარმა ლექსომ აჩუქა, ანდერძით დაუტოვა.

როგორც კი ავად გახდა, კაცი ეგრევე მიხვდა, რომ დიდი დღე არ ეწერა, ამიტომ ანდერძი მაშინვე შეადგინა. მატილდას არ ეგონა, ასე სერიოზულად თუ იქნებოდა საქმე, ამიტომ პირველ ხანებში ქმარს ამხნევებდა, კარგად გახდები, სისულელეებზე ნუ ფიქრობო, მაგრამ შემდეგ თვითონაც დაკარგა ყოველგვარი იმედი.

ეჰ, რამდენ საიდუმლოს ინახავს მატიც და ეს სახლიც. მხოლოდ ამ ორმა იციან, ღამისთევით დაღლილი მატილდა როგორ ნატრობდა ხანდახან, დროზე მოღებოდა ბოლო ლექსოს ტანჯვას და გარდაცვლილიყო, რადგან თვითონაც არანაკლებ იტანჯებოდა მისი მოვლით და იმის ყურებით, როგორ დღითი დღე ილეოდა მისი ახოვანი მეუღლე. ვერა, ვერ ისიამტკბილა ოჯახური ცხოვრებით ისე, როგორც თვითონ უნდოდა. არ დასცალდა. შვილი რომ შვილია, ისიც არ ეყოლა. ვერც ეს მოასწრეს. თუმცა შეუძლია იამაყოს, რომ ბოლომდე ღირსეულად გაართვა თავი ცოლქმრულ ურთიერთობას, არავისთან არასდროს დაუწუწუნია, დავიღალეო. ეს მხოლოდ ამ სახლმა, ლექსოს სახლმა იცოდა, მხოლოდ ის იყო მატის მესაიდუმლე, როცა ქალი ღამით ლოგინში თავჩარგული თავის დაკარგულ ახალგაზრდობას და ნაადრევად დატანჯულ ცხოვრებას მისტიროდა. არადა, როგორ უნდოდა იდეალური ცოლი ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ლექსო ავად გახდა, მატილდა სულ გადარბენაზე იყო. მუშაობას ვეღარ ასწრებდა ავადმყოფი ქმრის გადამკიდე. დაოთხილი ცხენივით გარბი-გამორბოდა სამსახურიდან სახლამდე. წიგნების მაღაზიას ვერ დახურავდა, რადგან თავი ამით უნდა ერჩინა, ამიტომ გამყიდველი დაიქირავა, სანამ თვითონ ლოგინად ჩავარდნილ ქმარს უვლიდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ კი თავს აიძულა, დაეძლია მწუხარება და აღედგინა თავისი ბიზნესი. ის მაინც, რაც მისგან დარჩა. რამდენიმე წელიწადში მართლა მოახერხა ვალების დაფარვა და მოგებაც კი დარჩა, თუმცა მერე ისევ იკლო შემოსავალმა და მაღაზია მაინც დახურა.

ახლა კი, თუ მისმა გეგმამ არ გაამართლა, თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდება და მძიმე მორალური და ფიზიკური გადაღლილობის გამო სხვას ვერაფერს ვერ მოაბამს თავს.

ქვედა სართულზე სერგიმ გაიგონა, როგორ ჩართო მატილდამ მტვერსასრუტი და შემდეგ გამორთო, როცა იატაკზე რაღაც ბრახუნით დავარდა. მის სმენას მატის შეშინებული წაკივლება მისწვდა. მამაკაცმა თავი გააქნია. ეს ვისთან დაიწყო მუშაობა? როგორც ჩანს, ვერ შეაფასა ეს ქალი სათანადოდ, ტყუილად გაიფიქრა, ჭკვიანი და საზრიანიაო. ან კი რატომ ეგონა ასე? განა წეღან თავის დაქალს არ უთხრა, მთელი ეკიპაჟი დაპატიჟე და დაე, გაჩაღდეს თამაშებიო? საინტერესოა, რა სახის თამაშები იგულისხმა?

რამდენიმე წუთის შემდეგ კიბეზე შეხვდნენ ერთმანეთს. სერგი განზე გადგა და მის ოდნავ წინ წამოწეულ მოხდენილ ნიკაპს მიაჩერდა.

ნაღებისფერი კანი. მქრქალი და რბილი. ნეტავ როგორი გემო ექნება კოცნისას?

- საჭმლისთვის მადლობა. მე არ გამითვალისწინებია კვების საფასური, როცა ხარჯები ჩამოვწერე.

- არაა პრობლემა, - აგდებით უპასუხა ქალმა და სამშენებლო ნაგვით სავსე ცელოფანი ისე მოწყვეტით დააგდო საფეხურზე, რომ ხელი წელზე იტაცა.

- რა იყო?

- არაფერი, წელი გამიკავა, - თქვა მატიმ და თვალები დახუჭა.

უყურებდა, როგორ ადიოდა მამაკაცი კიბეზე, მისი მსუბუქი ნაბიჯების ქვეშ ხის საფეხურები საერთოდ არ ჭრაჭუნებდა.

ეს ფართო მხრები მძიმე ტვირთის გადასატანადაა შექმნილი, ხოლო გრძელი, დაკუნთული ფეხები კი…

ოხ, მატილდა! გაჩუმდი და საქმეს მიხედე!

სწორედ იმ მომენტში, როცა მატიმ ნაგვის გასატანად კარი გააღო, ტელეფონმა დარეკა. წამით შეჩერდა, მაგრამ მერე მტკიცედ გადაწყვიტა, ვინც გინდა ყოფილიყო, ახლა არავისთან საუბრის ხასიათზე არ იყო.

- არ უპასუხებთ? - მეორე სართულზე ასულმა სერგიმ ყურმილი აიღო და მაღლა აწეული ხელით ქალს დაანახვა.

- არ მცალია, თუ გინდათ თქვენ უპასუხეთ, - ასძახა ქალმა და პარკიანად გარეთ გავიდა.

შეიძლება სოფოა, რომელსაც ფიქრიას ახალ წამოწყებაზე სურს ჭორაობა. თითქოს სხვა არაფერი ჰქონდეს საფიქრალი, გარდა მაჭანკლობისა!

როცა უკან შემობრუნდა და თავის ხელოსანს შეავლო თვალი, გაშრა. იგი მთლიანად ნაცრისფერი გამხდარიყო. ღმერთო, განა რა უთხრა ასეთი ან რა გააკეთა, რომ ასეთ შოკში ჩააგდო? ოხხხხ! ეს ხომ ბათქაშის მტვერია, რომელშიც ერთიანად ამოგანგლულა!

- კინაღამ გული გამიხეთქეთ. ისეთ დღეში ხართ, ვერ გიცანით. ვიფიქრე, ცუდად გახდა-მეთქი. ვინ რეკავდა? - შეეკითხა სერგის და ზურგს უკან კარი მიხურა.

- არ ვიცი, სახელი არ უთქვამს, კაცი იყო.

- კაცი?

სერგიმ მხრები აიჩეჩა.

- ალბათ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც რეკავს და მერე ხმას არ იღებს.

- მშვენიერია. ანონიმური ზარებიღა მაკლდა! კი მაგრამ, ხმა თუ არ ამოუღია, რა იცით, რომ კაცი იყო?

- სუნთქვაზე მივხვდი, - გაიცინა მამაკაცმა.

საღამოს, როცა მატილდამ ჩაიცვა და მესის გასასეირნებლად გასვლა დააპირა, სერგიც გაჰყვა ნარჩენებით სავსე ცელოფნით ხელში.

- სასეირნოდ გადიხართ? - შეეკითხა იგი.

- აჰა. ჯერ ხომ არ მიდიხართ?

სერგიმ მაჯის საათზე დაიხედა.

- დღეს შემიძლია დავასრულო, მაგრამ მასალა უნდა ავზიდო მაღლა, რომ ხვალიდან კედლის ამოყვანა დავიწყო. ამიტომ საქმეს ცოტა წინ წავიგდებ.

ო, ეს პერსპექტიულად ჟღერდა - როგორც ჩანს, აზრი არ შეუცვლია და მუშაობას გააგრძელებს. არა უშავს, ცუდი ტემპით ნამდვილად არ მიდის, თუ მერე არ გაზარმაცდა და ზოზინი არ დაიწყო.

მატილდა უყურებდა, როგორ მიუდო მამაკაცმა გარეთ გატანილ სხვა სავსე ცელოფანებს ბოლოს ჩამოტანილი ნაგავი და როგორ კოხტად მოუკრა ამასაც თავი, რათა წაქცევის შემთხვევაში არ გადმოცვენილიყო. არის ამ კაცში რაღაც ამაღელვებელი. ჩვენს დროში უცნაურია ასეთი აკურატული მამაკაცები. ლექსოს, მაგალითად, ჩვევად ჰქონდა, როცა გამოიცვლიდა, ტანსაცმელს იატაკზე ყრიდა და მერე მატის უნდა დაეკეცა და დაელაგებინა სკამზე. წინდებსაც ფეხსაცმელში კი არ ჩადებდა, სადღაც ოთახის კუთხეში მოისროდა ხოლმე. რაც შეეხება ბორისს, დაქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იმდენად ცოტა ხანს რჩებოდა სახლში, რომ ნივთების მისაყრელ-მოსაყრელად ვერც იცლიდა. სამაგიეროდ, როცა შეჭამდა, თავის ცარიელ თეფშს ხელუხლებლად დატოვებდა მაგიდაზე, მიუხედავად იმისა, რომ მატილდა სულ ეჩიჩინებოდა, შენი ნაჭამი თეფში, კეთილი ინებე და ნიჟარაში მაინც ჩადეო.

სერგი ეზოში შემობრუნდა და ქალს მიაჩერდა, რატომღაც ყურადღებით რომ ადევნებდა თვალს. მატის გამჭოლი ქარისგან ლოყები და ცხვირი უკვე გასწითლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავზე ქუდი ეხურა და ხელთათმანებიც ეკეთა. როგორი ნაზი და მგრძნობიარე კანი ჰქონიაო, გაიფიქრა მამაკაცმა. არა, მატის პიროვნებაში ეჭვს ვერ შეიტანდა, მაგრამ მისი გადასახედიდან ყველა ქალი ერთ ქვაბში იხარშებოდა. მადონას მერე დარწმუნებული იყო, რომ ნებისმიერი მანდილოსანი, გამონაკლისის გარეშე, ტყუილების მთებს დააყენებდა, თუ რაიმე მიზეზით მისთვის სიმართლის თქმა მომგებიანი არ იქნებოდა. მადოსთან ეს იყო დამღლელი თამაში - დამიჭირე ტყუილზე, თუ შეგიძლია!

კარგა ხნის განმავლობაში არც ცდილობდა ამის გაკეთებას.

- გამოსვლისას კარი გამოიხურეთ? - შეეკითხა ქალი, ვითომ ამიტომ უცდიდა მის უკან შემობრუნებას. აბა, იმას ხომ არ ეტყოდა, შენით მოხიბლული ვარ და თვალს იმიტომ გადევნებდიო?

- რა თქმა უნდა. ისე როგორ გამოვიდოდი? - მხრების აჩეჩით მიუგო სერგიმ.

მატილდამ გზა გააგრძელა. ახლა სერგი მიაჩერდა მიმავალ ქალს. იცოდა მატიმ, კაცი რომ თვალს ადევნებდა და ზურგი გაუხურდა. ფეხიც აერია, მაგრამ ეგ არაფერი. მოლიპულ გზაზე ისედაც ყველას უჭირდა გამართულად სიარული.

მესი მომვლელის დანახვაზე სიხარულით გადაირია. ყეფდა და ქალს ზედ ახტებოდა. ძლივს შეძლო მისი გარეთ გაყვანა. როგორც კი ქუჩაში გავიდნენ, ჯაჭვი მოხსნა და ძაღლი თავის ნებაზე მიუშვა. მესი მაშინვე გვერდით ჩაქროლილ სატვირთო მანქანას გაეკიდა.

- მესი! კა მნე! - დაუყვირა მატიმ, მაგრამ ძაღლს მისი არ ესმოდა. თავის სტიქიაში იყო. სანამ გული არ იჯერა მანქანის დევნით, მანამ არ შეჩერდა.

- წვრთნა გაკლია, ჩემო მესი, არ გივარგა პატრონიიი! - თავზე ხელი გადაუსვა მატილდამ უკან მობრუნებულ ენაგადმოგდებულ მესის, - წამო, პარკში გავისეირნოთ, თან მოისაქმე, რომ მერე აღარ შემაწუხო! - ჯაჭვი ხელზე დაიხვია ქალმა და ძაღლთან ერთად ტროტუარს გაუყვა.

როცა მატი სახლს მიუახლოვდა, უკვე ბნელდებოდა, თუმცა ჯერ ექვსის ნახევარიც არ იყო. ისევ გაჰკრა წელში, როცა ერთი ხელით მესის იჭერდა, მეორით კი მიწაზე დაგდებული ნაგვის პარკის ურნაში გადაგდებას შეეცადა. ნუთუ შემოუტია სიბერემ? ეს წელი რაღას უშეშდება? რამდენი სიმძიმე აუწევია და ასეთი პრობლემა არასდროს შეჰქმნია. ოჰ, ღმერთო! რა ცუდია, როცა წლები გემატება თურმე, როცა სხეული ბერდება, ის რაღაც კი არა. არ იცის მატილდამ, რა არის ის რაღაც - გული, სული თუ შეგრძნებები. თავი კვლავ და კვლავ 19 წლის გოგო ჰგონია. ჰო, კარგი, მთლად 19-ის თუ არა, 26-ის მაინც. ნეტავ მართლა ოცდაექვსის იყოს. ჰაჰა! რას იზამდა? რას და, მეორედ აღარ გათხოვდებოდა და იმ თავქარიანს სიცოცხლეს არ გაამწარებინებდა.

როგორ არ გაუმართლა ქმრებში. ერთი ხელიდან გამოეცალა, მეორემ რაც გააჩნდა, ყველაფერი გაუნიავა. კიდევ კარგი, დროზე მოიშორა თავიდან, თორემ შეიძლება ახლა ფსიქიატრიულში წოლილიყო ან სადმე ქუჩაში ეწანწალა ლუკმაპურის სათხოვნელად.

როგორც იქნა, წელში გაიმართა და ჭიშკარს მიაშურა. ამ დროს ქუჩის კუთხიდან ნაცრისფერი „მერსედესი” გამოსრიალდა და მატის გვერდით ჩაუარა. ქალმა თვალი შეავლო მძღოლს ისე, სხვათა შორის და თითქოს რაღაც ენიშნა. არა, კი არ ენიშნა, უბრალოდ, გაიფიქრა, რა ნაცნობი სახე აქვსო. ჰო, საიდანღაც ეცნობოდა ეს წამით ნანახი გამოხედვა და თვალები. ნეტავ საიდან?

- ხომ არ დაგეხმაროთ? - ამ დროს სერგის ხმა შემოესმა.

წამით შეკრთა. ეგონა, მარტო იყო ქუჩაში. ეს კიდევ არ წასულა? როგორ უღიმის. საინტერესოა, მაგ მარცხენა ლოყაზე რომ ჩაჩუტული აქვს, ნაოჭია თუ ღიმილისას ფოსო უჩნდება?

რა უაზრობაა! ქალის სახეზე ნაოჭები საშინელებაა, ტონა ფული გჭირდება მის მოსაშორებლად თუ გასასწორებლად. კაცებს კი ბრწყინვალედ აქვთ ამ მხრივ საქმე მოგვარებული. უხდებათ ეს ნაოჭები და მორჩა. არც პლასტიკურებზე იკლავენ თავს და არც ბოტოქსებზე.

ჭიშკარი შეაღო და სულის მოსათქმელად რამდენიმე წამით გაყინულ ბოძკინტს მიეყუდა.

- მომეცით, მე წავიყვან, - დასახმარებლად ხელი გაუწოდა სერგიმ.

მატი ისე იყო გასავათებული, უარი არ უთქვამს, ჯაჭვი მესიანად ხელოსანს გადაულოცა და შვებით ამოიგმინა.

- ოდესმე გიჭიდავიათ ოცდააკილოიან ძაღლთან, რომელიც ყველა ბუჩქთან, ყველა ქვასა თუ მანქანასთან ჩერდება და საათობით ყნოსავს თითოეულ მათგანს? დამღალა, რა. სულ უნდა ქაჩო და ქაჩო ჯაჭვზე, რომ გამოგყვეს და არ შეყოვნდეს. თან ამ სიცივეში, კაცოოო! - სიცილით დააყოლა ბოლოს, ტუჩები მოამრგვალა და პირიდან თბილი ორთქლი გამოუშვა, - ვაიმეე, რას ყინავს, არა?

- კი, ამაღამ მაგარი ყინვა იქნება, ისეთი პირი უჩანს, - დაეთანხმა სერგი და ძუნძულით გაჰყვა წინ გაჭრილ მესის.

- ყოველდღე ასეირნებთ? - თავმოუბრუნებლად გამოსძახა მამაკაცმა.

- აბა რა. დილა-საღამოს, თან. ჩემს მეგობრებს უარი ვერ ვუთხარი, რამდენი წელია, მოგზაურობაზე ოცნებობდნენ, ძლივს გამოუჩნდათ შანსი და უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი. ძაღლების სასტუმროში უნდა წაეყვანათ, მაგრამ იქ უთხრეს, ჩვენ ვოლიერიდან გარეთ არ ვუშვებთ, ძაღლებს არ ვასეირნებთო. ანუ სულ დამწყვდეული უნდა ყოფილიყო. ამხელა ძაღლისთვის კი დამწყვდევა სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ დავიტოვე.

ასე კი უთხრა სერგის, მაგრამ სინამდვილეში არც პაატა იყო მისი მეგობარი და არც ციალა. უბრალოდ, ფული სჭირდებოდა და დეკანოზიშვილებს ამიტომაც დათანხმდა მესის დატოვებაზე. იფიქრა, ორი თვე როგორმე გავიჭირვებ, დილა-საღამოს ერთი ძაღლის გასეირნება როგორ ვერ უნდა მოვახერხოო.

სერგიმ ძაღლი დააბინავა, მერე კი იქვე დადებულ ცელოფნის შავ პარკს დაავლო ხელი, ჭიშკრიდან გაიტანა და სხვა პარკებს მიუწყო გვერდით.

ოხ, როგორ სტკიოდა მატის წელი. ახლა მხოლოდ ცხელი აბაზანა, ცოტა საჭმელი და თბილი ლოგინი სჭირდებოდა, სხვა არაფერი. ისე, ზურგის მასაჟიც არ აწყენდა ვინმეს ძლიერი ხელებით. ამის გაფიქრებაზე სევდიანი გაუხდა მზერა.

რა მოცლილია, რაებზე ფიქრობს! ყველაზე ნაკლებად რაც სჭირდება ცხოვრებაში, კიდევ ერთი მამაკაცია. არა, არა, ზედმეტი თავსატეხი ნამდვილად არ სჭირდება. მშვენივრად გრძნობს თავს მარტო, ხელს არავინ უშლის და ცხოვრებას არავინ ურთულებს.

სანამ სერგი უკან მიჰყვებოდა, მატილდა გმირულად ცდილობდა წელის ტკივილს გამკლავებოდა და კოჭლობით არ ევლო.

- კიდევ სამჯერ დაგირეკეს, - ამცნო ხელოსანმა, როცა სახლში შევიდნენ.

ისე იყო გაყინული, ტუჩებს თავი ვერ მოუყარა, რათა ეკითხა, ვინ დამირეკაო. შეკითხვის ნიშნად მხოლოდ წარბები აზიდა.

- ფიქრია იყო. იმ კვირაში ნებისმიერ დღეს შემიძლია მოსვლა, რათა წიგნების დალაგებაში მივეხმაროო.

- ა! - უაზროდ წარმოთქვა მატიმ და თავი დააქნია.

- როცა დავჭირდები, დამირეკოსო, - დაასრულა მამაკაცმა.

- გაახარებს ღმერთი. მადლობა, რომ მითხარით, - ნაძალადევად გაუღიმა მატილდამ და დივანზე ფრთხილად ჩამოჯდა. მშვენივრად იცოდა ფიქრიამ, რომ ვერც იმ კვირაში და ვერც მომდევნოში ვერ მოხერხდებოდა თაროების გაწყობა და მასზე წიგნების დალაგება. სოფოსი არ იყოს, მასაც ინტერესი კლავს, რას აკეთებენ აქ ის და მისი ხელოსანი, რით არიან დაკავებული და ხან ერთი რეკავს, ხან მეორე, რომ მატი გააკონტროლონ. ჭორიკანა გოგოები!

- მეორედ ვინმე სოფომ დარეკა. რაღაც ხალიჩების ნიმუშები მაქვს, ხვალ დილით შევუვლი და ამოარჩიოსო.

- ვაიმეე! შემიკლა მაგ გოგომ ხელში! - შესძახა მატიმ, - ხომ იცის, რომ ახლა ხალიჩებისთვის არ მცალია! რა დროს ხალიჩაა, თავზე მაყრია ყველაფერი! - გაბრაზდა, - კიდევ ვინ დარეკა?

- იმ ვიღაცამ, ვინც რეკავს და მერე თიშავს.

- ჯანდაბა! როგორ ვერ ვიტან ეგეთ რამეებს. მეზიზღება. ნეტავ რამე კანონი არსებობდეს მაგ ინკოგნიტო ზარების აღსაკვეთად, რა კარგი იქნებოდა. განა ვინ უნდა დარეკოს ჩემთან, რომ ხმა არ გამცეს და მერე დაკიდოს. ალბათ ნომერი შეეშალათ, თორემ გამორიცხულია, ვინმე გამიზნულად ჩემთან რეკავდეს.

- რატომაც არა, მაგალითად, ეჭვიანი ცოლი, - გაიხუმრა სერგიმ.

- გამორიცხულია! - დააკვესა თვალები მატილდამ, - ძალიან უშნო ხუმრობა გამოგივიდათ. მეორედ მსგავსი არაფერი წამოგცდეთ, ძალიან გთხოვთ. ჩემს სიახლოვეს კაცის ჭაჭანება არ ყოფილა წლებია უკვე! - ბოლო წინადადება წარმოთქვა თუ არა, ენაზე იკბინა. რაში სჭირდება თავის მართლება? ამით რისი ხაზგასმა სურს?

- მაპატიეთ, თქვენი წყენინება არ მინდოდა, უბრალოდ, გავიხუმრე.

- ჰოდა, დაივიწყეთ! - მაინც არ დაინდო ქალმა.

მერე თვალები მილულა და რამდენიმე წამის განმავლობაში ასე იჯდა გაშეშებული. სერგი წასვლას არ ჩქარობდა. მატიმ არ იცოდა, რას ელოდებოდა მამაკაცი. საღამოსაც ხომ არ უნდა აჭამოს? იქნებ შია და იმიტომაც არ იძვრის ადგილიდან? არაა! ნამეტანი მოუვა. დღეში ერთხელ ჭამა საკმარისია. ისეთი ხალხიც იცის მატილდამ, სულ რომ არ აჭმევენ ხელოსნებს და ისე ამუშავებენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ თვალები გაახილა და მამაკაცს შეხედა. ის ისევ ოთახში იყო და რაღაცნაირად იდგა - მაღალი, ძლიერი და საიმედო - ასე თუ შეაფასებდი. ერთი სიტყვით, იმ გმირს ჰგავდა, სასიყვარულო რომანის ფურცლებზე რომ ხატავენ. თითქოს იქიდან გადმოსულაო. ეჰ, მატის ცხოვრებაში ასეთი მამაკაცი არასდროს არსებულა.

- მომისმინეთ. კარი ჩავკეტე და გამათბობელი ისევ ჩავრთე. თქვენ გაიხადეთ და მე ყავას მოგიდუღებთ. როგორც კი ჩათბებით, შეიძლება დაგჭირდეთ…

მატის მისი მომდევნო სიტყვები არ გაუგონია. თავისთვის ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე, საიდან ჩნდება სასიყვარულო მიზიდულობის ძალა ორ უცნობ ადამიანს შორის, რომლებმაც მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ფრაზა გაცვალეს ერთმანეთში?

ან თუნდაც ერთი ადამიანის სიყვარული მეორის მიმართ? აი, ცალმხრივს რომ ეძახიან?

რაღაც მსგავსზე ამწუთას ორივე მათგანი ფიქრობდა…

საუბარი იმით დასრულდა, რომ სერგი ვახშმადაც დარჩა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ სხვა არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მატილდას სახლი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უფრო კომფორტული იყო, ვიდრე თავისი კატერი, რომელსაც ობის სუნი ასდიოდა და გათბობა აშკარად არ ჰყოფნიდა.

სერგი ჯიუტად არწმუნებდა თავის თავს, რომ ამ ქალის გამო არ გადაუწყვეტია ამ ქალაქში დარჩენა, თუმცა კი მოსწონდა მასთან. სხვათა შორის, ამ დრომდე მატილდას საერთოდ არაფერი გაუკეთებია მისი ყურადღების მისაპყრობად, ერთხელაც არ უცდია არც გაპრანჭვა და არც სხვა მინიშნებით სიმპათიის გამოხატვა.

ალბათ სწორედ ამაშია მთელი საიდუმლო. ეს ქალი ბუნებრივ სატყუარას უფრო ოსტატურად იყენებს, ვიდრე ხელოვნურს.

იხილეთ ასევე:

მარტოხელა - თავი 5

მარტოხელა - თავი 4

მარტოხელა - თავი 3

გაგრძელება იქნება