მარტოხელა - თავი 11 - Marao

მარტოხელა - თავი 11

2023-03-23 11:02:23+04:00


წინა თავი

- მოდი, გახდაში მოგეხმარები, - ჩურჩულზე გადავიდა გოგა და ქალს გრძელი ლურჯი პალტო გახადა, - ახლა საჭმელ-სასმელს შევუკვეთ და წამში ამოგვიტანენ.

- არაფერი არ მინდა, - ამოიკნავლა მატიმ და ღონემიხდილი საწოლზე ჩამოჯდა.

- გვინდა. ამდენი წლის მერე ჩვენი შეხვედრა არ უნდა აღვნიშნოთ? რატომ ხარ ასე შეშინებული?

- შეშინებული არ ვარ.

- რაღაცნაირად ხარ, თითქოს უხერხულად. მოდუნდი ცოტა, აქ მხოლოდ მე და შენ ვართ.

- ჰო.

-- შენთან ხომ არ გერჩივნა? თუ გინდა, წავიდეთ, მე წინააღმდეგი არ ვარ, - მამაკაცი გვერდით მიუჯდა და მუხლზე დაადო გაშლილი ხელისგული.

მატის თვალები დაებინდა. მთელ სხეულში ცხელმა ჟრუანტელმა დაუარა მის შეხებაზე.

- არა, აქ ვიყოთ. ასე ჯობია, - რობოტივით სცემდა პასუხს პირველ სიყვარულს და ვერ აცნობიერებდა, რატომ იყო ასე - ეშინოდა, რცხვენოდა თუ ნანობდა.

იქნებ ყველაფერი ერთად? მაგრამ რისი ეშინია? გოგა მისიანია. არც რცხვენია. მასთან რატომ უნდა შერცხვეს? სინანულით კი ჯერ არაფერს ნანობს. ეს ხვალ გამოჩნდება, ზეგ, მაზეგ ან… ერთი სიტყვით, ახლო მომავალში.

და მაინც… ეშინოდა, რცხვენოდა და… არა, არ ნანობდა.

როგორც კი სასმელ-საჭმელი ამოიტანეს, გოგამ სახელდახელო სუფრა გაშალა: საწოლის გვერდით მდგარი კამოდი შუაში გამოსწია, მატის მუხლებთან დაუდგა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.

მატილდას თითქოს კრიჭა შეეკრა, ლუკმა ვერ ჩაიდო პირში, მხოლოდ მარტინი დალია. ჯერ ერთი ჭიქა, მერე მეორე, მესამე და… გაბრუვდა. უცებ მოეხსნა დაძაბულობა, სუნთქვაც შეუმსუბუქდა, გულზე ლოდიც მოეხსნა და გამხიარულდა. გაათამამა სასმელმა. ახლა ციმციმ შესცქეროდა თვალებში თავის პირველ სიყვარულს და სურვილით სავსე მზერას აფრქვევდა.

შემდეგ გოგამ კამოდა წინ გასწია, შუქი ჩააქრო და მატის კვლავ გვერდით მიუჯდა. ჯერ მხრით შეეხო, მერე მუხლით, ბოლოს ხელიც მოხვია და სახე თავისკენ შემოუტრიალა. მატილდამ თვალები დახუჭა. მისი მაჯისცემა წუთში 99-ს ასცდა. ეს ზუსტად იცოდა. იცოდა, თავისი გული რამდენ წამში რამდენ დარტყმას აკეთებდა. გული თავისი იყო და იმიტომ. შეყვარებული იყო და იმიტომ. გონებას ყურს არ უგდებდა და იმიტომ…

და აი, როცა მამაკაცმა ლოგინზე წამოაქცია და თვითონაც ზედ გადაემხო, მისმა გონებამ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი. მატი გოგას კოცნის მორევში ჩაიკარგა. ამის მერე აღარაფერი აღარ ახსოვს…

მთელი ღამის უძინარს დილით თვალები შეუშუპდა. ტუჩები სტკიოდა… მკერდიც. ვის გაუგია ამდენი კოცნა! კაცი კი არა, კონვეიერია! ვინ იცის, რამდენ ნაწილად დაშალა წუხელ მატილდა და რამდენჯერ ისევ ააწყო. მთელი ღამე არც ხელები გაუჩერებია და არც ტუჩები. ღმერთო! ამის გაძლება არ გინდა? სულ რომ ასე გაგრძელდეს? ნამდვილი გველეშაპია! ჰოპ! და უცებ ჩაყლაპა მატი! ნუთუ ისე მოენატრა, რომ ვერა და ვერ დარწყულდა ერთ ღამეში? ან დღეს სამუშაო არა აქვს? უძინარმა როგორ უნდა გაართვას საქმეს თავი? ან მატის რას უპირებს? აქ დატოვებს თუ…

თუ!

- შენი წასვლის დროა, მატი! - ზედ ყურთან უჩურჩულა გოგამ და ყვრიმალთანაც აკოცა.

ამის გაგონებაზე მის სხეულში სადღაც რაღაც ჩასწყდა. გონებამ თავში ჩაუკაკუნა, ამაზე გაფრთხილებდიო.

- ჰო… - უფრო გაიფიქრა, ვიდრე წარმოთქვა.

- მაპატიე, დღეს ბევრი საქმე მაქვს, თორემ არ გაგიშვებდი, - გააგრძელა გოგამ, - მიუსვლელობა არ იქნება. აქ კი ვერ დაგტოვებ, არ შეიძლება, ხომ გესმის?

- ჰო, - ანგარიშმიუცემლად ერთსა და იმავეს იმეორებდა ქალი.

- დაგირეკავ, - დაასრულა გოგამ და ადგა.

დაურეკავს! როდის? დრო არ უნდა ეთქვა? ან საღამოს, ან საქმეს დავამთავრებ და მერე, ან… ან… ან… უამრავი ან შეუძლია ჩამოთვალოს.

- მე დილით არ ვსაუზმობ. შენ? - ისე ელაპარაკებოდა პირველი სიყვარული, თითქოს ეს მათი სამოცდამეცხრე შეხვედრა ყოფილიყოს!

სამოცდამეცხრე! რატომ მაინცდამაინც სამოცდამეცხრე? საიდან მოაგონდა ეს ციფრი? ა, ხო! წუხელ გოგა ეჩურჩულებოდა რაღაცას 69 პოზაზე!

ღმერთო, რა გიჟია! ამასთან ქალი რას მოიწყენს! მით უფრო, მატილდა!

- არც მე, - მიუგო ფიქრებიდან გამორკვეულმა და ძლივძლივობით მოუყარა ტუჩებს თავი, რათა ღიმილი ბუნებრივად გამოსვლოდა.

- ყავას ხომ დალევ?

- არა, არც ყავას. წავალ მე, არ მინდა დაგაგვიანო, - წართმეული ხმით ამოთქვა და ჩაცმას შეუდგა. გამალებით, ფართხაფურთხით, თითქოს ეშინია, ვინმემ არ მოუსწროსო.

წუთიც არ დასჭირვებია, უკვე მზად იყო წასასვლელად. გოგამ კარამდე მიაცილა. სანამ გააღებდა, ქალი ჩაიხუტა და გემრიელად ჩაკოცნა.

- აღარ გამოგყვები, უკვე დილაა და ჯობია, ერთად არ დაგვინახონ. დაგირეკავ, - უჩურჩულა და კიდევ აკოცა.

მატილდამ მექანიკურად დაუქნია თავი და დერეფანში გავიდა. როგორ დამძიმებოდა სხეული. ფეხებიც ძლივს ემორჩილებოდა, თითქოს 9-კილოგრამიანი გირები დაჰკიდესო!

თავდახრილმა გაიარა ვესტიბიული და როგორც კი გარეთ აღმოჩნდა, ცივი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ბოლომდე გაივსო ფილტვები და გზას დაადგა…

ასე ადრე რომ მივიდეს სახლში, რას იფიქრებს სერგი? რაც უნდა, ის იფიქროს. მას წუხელ მძიმე ღამე ჰქონდა. მძიმე? ჰო, დატვირთული, ვნებებით, სიამტკბილობებით, აღმაფრენით სავსე ღვთაებრივი ღამე, რომელიც დღეიდან მრავალჯერ გამეორდება. აბა რა! როგორ ეუბნებოდა წუხელ? მე შენ ყველგან მიყვარხარ - ამ სასტუმროშიც, შენს სახლშიც, ქუჩაშიც, მანქანაშიც და ფიქრებშიცო. ყველა კაცი კი ვერ იტყვის ამას. ასეთ რამეს მხოლოდ შეყვარებული კაცები ამბობენ.

აი, სერგის რაც შეეხება, ეტყვის, რომ… რომ სოფომ გააბრაზა, აღარაფერი არ დაუჯერა, მის რჩევებს ყური არ უგდო და წამოვიდა. რომ მასთან დარჩენას აზრი არა აქვს, ტყუილად თავის საქმესაც მოსცდება. თუ შერიგება მოუნდება, დაურეკავს და მერე იფიქრებს, ღირს თუ არა მასთან ისევ გასვლა.

კარგად მოიფიქრა, ასე ეტყვის.

ეზოში შესულს კაკუნის ხმა შემოესმა. სერგი უკვე საქმეს შესდგომოდა. ნეტავ მესი თუ გაასეირნა? ახლახან გათენდა, ჯერ ვერ მოასწრებდა. ასე დილაადრიან რამ მოიყვანა?

- მოვედიიი! - ხმა წინასწარ დაიყენა და ასძახა მეორე სართულს, როგორც კი კარი შეაღო.

ზემოთ კაკუნის ხმა მიწყდა. ცოტაც და, მისი ხელოსანიც გამოჩნდა. ხელში მინიატურული ჩაქუჩი ეკავა, პატარა, პატარა. კიბის თავთან დადგა და ქალს დაჟინებული მზერით მიაჩერდა.

- რა? - მხრები ასწია მატიმ და რატომღაც, გაწითლდა, - რა იყო?

- აკი ორი-სამი დღეო? - კიბეს ჩამოუყვა სერგი და მასთან ერთად მისი მინიატურული ჩაქუჩიც.

- ოჰ, სოფოს რას გაუგებ, - ხელი აიქნია და ჩექმის გახდას შეუდგა, - დავკალით ერთმანეთი. არაფერს არ მიჯერებს და რა აზრი აქვს მასთან ყოფნას? მაინც თავისას უბერავს, - თან იხდიდა, თან ლაპარაკობდა.

- არ მეგონა, ქალებსაც თუ გიჭირდათ ერთმანეთის გაგება, - გაიცინა სერგიმ და ჩაქუჩიანი ხელი კარის ძგიდეს მიაყრდნო.

- მასთან ყველას გვიჭირს, ყველა დაქალს. კაცებზე ხომ არ მაქვს ლაპარაკი, - მატილდამაც სცადა გაცინება. გამოუვიდა.

- ანუ მორჩა?

ქალმა თავი ასწია და მიაჩერდა.

მორჩაო! რა მორჩა, ახლა იწყება თავდავიწყება!

- არ ვიცი. დარეკავს, იმედია და მერე ვნახოთ… მე წავალ, მესის გავიყვან.

- უკვე გავიყვანე.

- მართლა? ასე ადრე?

- ჰო. ადრე მოვედი, რახან შენ არ მეგულებოდი სახლში.

გაოცებულმა შეხედა მამაკაცს. რა შინაურულად უთხრა, როგორც ქმარი ეტყვის ცოლს, ზუსტად ისე.

- მე რა, დაგიშლიდი?

- შენ გამო შედარებით გვიან მოვდივარ. ვაითუ გეძინოს. არ მინდა დილის ძილი დაგიფრთხო, თორემ შემიძლია ექვსზე უკვე აქ ვიყო.

მატიმ ამოიოხრა. ღრმად. ღრმად. რომ ჩაუფიქრდა, ასე ღრმად დიდი ხანია, არ ამოუოხრია. ნეტავ რატომ?

- როცა გინდა, მაშინ მოდი ხოლმე, მე ისედაც ცოტა მძინავს, - ისე გულწრფელად თქვა, სერგიმ შუბლი შეიჭმუხნა.

- ისაუზმე? - დაღლილი ხმით შეეკითხა ქალი.

- არა.

- მაშინ ერთად ვისაუზმოთ, კარგი? მეც მგელივით მშია.

- ვისაუზმოთ. გინდა მე გავამზადო?

- არა, მე თვითონ, შენ დაისვენე.

სერგის სიცილი აუტყდა.

- რა ვთქვი სასაცილო? - განაწყენდა მატილდა.

- ჯერ არ დამიწყია წესიერად მუშაობა და რა დავისვენო? - თავისი მინიატურული ჩაქუჩი ჯიბეში ჩაიდო მამაკაცმა და ფეხი მოინაცვლა.

- მაშინ დაჯექი ჩემთან ერთად სამზარეულოში და მიყურე, სანამ საუზმეს გავამზადებ. მერე კი უნდა დავიძინო, მთელი ღამე გამათენებინა მაგ გვ… გველმა, - კიდევ კარგი, გველეშაპმაო, არ წამოსცდა.

- მაგრამ მე უნდა ვიმუშაო. ამ ხმაურში რას შეძლებ დაძინებას, - შეწუხდა მამაკაცი.

- შევძლებ. ხმაური კი არა, ქვეყანა რომ დაიქცეს, არ გამეღვიძება, ისე მებლიტება თვალები.

- მაშინ მე მომანდე საუზმე და შენ დაისვენე, - უთხრა სერგიმ და წამსვე სამზარეულოში გაუჩინარდა.

კარგა ხანს რული არ გაეკარა. მართალია, ხელოსნის კაკუნის ხმა მონოტონურად ჩაესმოდა, მაგრამ მისი ფიქრები უფრო ხმაურიანი იყო და ჩაქუჩის ხმას არად დაგიდევდათ. ბოლოს უძილობამ და მოთენთილობამ თავისი გაიტანა და ჩაეძინა ღრმა, მაგრამ შფოთიანი ძილით…

მთელი ექვსი საათი ეძინა. მკვდარივით.

ორი იყო დაწყებული, როცა გამოეღვიძა. ცხვირში სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა. ჩაქუჩის ხმა არ ისმოდა. ჩქამიც კი არ ისმოდა. ნეტავ სად გაქრა ეს კაცი?

`ეს კაცი” სამზარეულოში აღმოაჩინა. გაზქურასთან იდგა და ქვაბში რაღაცას კოვზით ურევდა.

- რა ხდება აქ? - დოინჯი შემოიყარა და კოპები შეიკრა.

- სადილის თადარიგს ვიჭერ, - კოვზით ხელში შემოტრიალდა სერგი. მთელი სახით იღიმოდა.

- ჩემი გაკეთებული სუპ-ხარჩო უნდა გაგასინჯო.

- ვაჰ, ეგეთებიც იცი?

- ე! ვიცი რომელია, მაგარი კულინარი ვარ, - ცერი შემართა მამაკაცმა და გაიჯგიმა.

- ვნახოთ, ვნახოთ, - ეჭვნარევი ხმით ჩაილაპარაკა მატილდამ და სკამზე ჩამოჯდა…

- ამაღამ როგორ ვიქცევით? - შეეკითხა სერგი, როგორც კი სუფრას მიუსხდნენ.

- ვაუ, მართლა რა გემრიელი ხარჩოა, ყოჩაღ შენ! - აღტაცება ვერ დამალა მატიმ, - კარგი ხელი გქონია.

- მადლობა, მადლობა, - სერგი ოდნავ წამოიწია და თეატრალურად წელში მოხრილმა თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა, თითქოს სცენაზე იდგა მაყურებლით სავსე დარბაზის წინ.

- ამაღამ?.. არ ვიცი. გინდა დარჩენა?

- მე კი მინდა, შენ თუ გინდა. - ორაზროვნად გაისმა პასუხი.

- წარმომიდგენია, შენი ჩაქუჩით როგორ გაუვარდები სახლში შემოპარულ ქურდს, - მატილდამ თავი ვერ შეიკავა და ატკარცალდა.

სერგის დიდად არ ესიამოვნა ქალის ირონიული ხუმრობა, მაგრამ არ შეიმჩნია.

- ანუ ვრჩები?

მატიმ მხრები აიჩეჩა.

- დარჩი, თუ მიგაჩნია, რომ პირადი მცველი მჭირდება.

- სხვა უპირატესობაც აქვს ჩემ აქ დარჩენას. დილით დროს არ დავკარგავ. როგორც კი გამეღვიძება, ეგრევე მუშაობას შევუდგები, თუ, რა თქმა უნდა, შენც გეღვიძება.

- მე? ნუ, არ ვიცი. მე შეიძლება სოფომ დამირეკოს და ისევ მომიხდეს წასვლა, - უდარდელად აიჩეჩა მხრები ქალმა და წვნიანი სიამოვნებით მოხვრიპა, - მართლა გემრიელი ხარჩოა, ჩაგეთვალა.

მამაკაცმა ჩაიცინა.

ამის მერე სადილმა ისე ჩაიარა, ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.

დღემ უღიმღამოდ ჩაიარა. მატი ადგილს ვერ პოულობდა. თვალწინ გამუდმებით წუხანდელი ღამე ედგა. მთლიანად გოგათი იყო გავსებული. პირველი სიყვარული მის ფიქრებში აღარ ეტეოდა, მთელ სხეულს მოსდებოდა, გონებასაც, გულსაც და სულსაც. ყველა და ყველაფერი გრძნობდა ამ სახლში მას, სერგის გარდა. მხოლოდ მან არ იცოდა, რა ხდებოდა…

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

მარტოხელა - თავი 10

მარტოხელა - თავი 9

მარტოხელა - თავი 8