ერთი კვირა ერთ ოთახში - პირველი თავი - Marao

ერთი კვირა ერთ ოთახში - პირველი თავი

2023-03-29 11:35:40+04:00


თათული ღვინიანიძე გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებული და ბესტსელერი წიგნის - „აღიარება ხელისგულზე“ ავტორია. წიგნი მრავალი ტირაჟითაა გამოცემული. „ერთი კვირა ერთ ოთახში“ თათული ღვინიანიძის მეორე წიგნია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ქსელში. 11 აპრილს „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის 7) გაიმართება წიგნის წარდგენა.

***

საფრანგეთში სასწავლებლად ჩავედი, მაგრამ – რომ არ დაგიმალოთ – ყველაფერი გავაკეთე სწავლის გარდა. მეცადინეობით თავს არ ვიკლავდი, რადგან ვიცოდი, შინ დაბრუნებულს „გამზადებულ ადგილს“ დამახვედრებდნენ რომელიმე სამინისტროში ან საელჩოში (დიახ, ასარჩევად მქონდა საქმე). ევროპაში მიღებული განათლებით სხვებს თავსაც კი გადავამეტებდი – მეტწილად იმ ტიპებს, დღე-ღამეს შრომაში რომ ასწორებდნენ და, ობიექტურად, ჩემზე გაცილებით კომპეტენტურებიც იქნებოდნენ; მაგრამ მე ხომ ფრანგული დიპლომი მექნებოდა?!

ვინაიდან მამაჩემის კავშირები და ქონება უზრუნველი მომავლის გარანტი იყო, უბრალოდ, ცხოვრებით ვტკბებოდი... ჩემი სტუდენტობის ეს ეპიზოდი დაუსრულებელ განცხრომას ჰგავდა... გულახდილად რომ ვთქვა, პარიზში საზიზღრად ვიქცეოდი, ანუ ზუსტად ისე, როგორც ჩემი ასაკის ბიჭების უმეტესობა: ანგარიშმიუცემლად ვხარჯავდი მშობლების გამოგზავნილ ფულს, თავს არ ვიწუხებდი საკუთარ შემოსავალზე ზრუნვით (ლექცია-სემინარებსა და საშინაო დავალებებს ვიმიზეზებდი), ვწვებოდი ყველა ლამაზ ქალთან, ვთვრებოდი თითქმის ყოველ ღამით, ვეწეოდი მარიხუანას და ვსინჯავდი ყველა ნარკოტიკს, რომელსაც „მეგობრები“ მთავაზობდნენ; ყოველთვის ვპოულობდი საბაბს აყალმაყალის ასატეხად და მონდომებით ვეხვეოდი გაუგებრობებში; სიამოვნებით ვურტყამდი სიფათში უცნობებს, ჩხუბისგან დახეთქილი მუშტები ან ყბის გაუსაძლისი ტკივილი ნამდვილად გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ... შესაძლოა იმაზეც დაგაფიქროს, რომ შენში ადამიანი და ცხოველი არცთუ ისე ჰარმონიულად თანაარსებობენ, მაგრამ სიცოცხლის შესაგრძნობად მაგ მხეცის გაცნობაც ღირს. ისე, ამხანაგისთვისაც დამირტყამს ხელი, როცა მართლა დაუმსახურებია, მერე კი აღარასოდეს მიცდია მასთან ურთიერთობის აღდგენა;

კაცი თუ თავს გაცემინებს და სიტყვით ვერ „მოგვარდებით“, იქ რაღაზე შეიძლება იყოს საუბარი? მშვენივრად მესმოდა, რომ ამ ქაოსს ჩემს ცხოვრებაში კი არ ვიზიდავდი, თავადვე ვქმნიდი და ვტკბებოდი ფრანგული, ბოჰემური ყოველდღიურობით. შეყვარებული არ მყავდა, ან როგორ უნდა ამერჩია ერთი ქალი, რომელსაც ერთგულებას დავპირდებოდი, როცა უამრავი ვნებიანი, სასიყვარულო თავგადასავალი მელოდა დედაქალაქის ვიწრო ქუჩებში. ვგიჟდებოდი ქალებზე... და ისინიც გიჟდებოდნენ ჩემზე. ყველაზე მეტად ფრანგები მომწონდა, რაღაცნაირად იდუმალებს ვერასოდეს გაუგებდი, რაზე ფიქრობდნენ, რა სურდათ ან რას აპირებდნენ... შეიძლება ჩემი ემიგრანტული საზომის ბრალი იყო, ესოდენ ამოუცნობი და წარმავალი რომ მეჩვენებოდა ყოველი მათგანი; თავისუფლების მოტრფიალენი არავის ეკუთვნოდნენ, ვერც შებედავდი დასაკუთრების სურვილს; სამაგიეროდ, მათი თავისუფლების გაზიარება მოგინდებოდა, მერე კი მარტივადვე დატოვებდი ამ თავისუფლებასთან, თუკი თვითონვე არ დაგასწრებდნენ. მნუსხავდა და მაჯადოებდა ის ფაქტი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მივეტოვებინე ნებისმიერ მათგანს; აღარასოდეს ეპასუხათ ჩემი ზარისთვის და აღარც შემხვედროდნენ – გამქრალიყვნენ ისე, როგორც კოცნის კვალი ქრება სახის ჩამობანისას...

ზომიერად ტრაგიკულები, მიმზიდველად ცინიკურები და მომნუსხველად აღვირახსნილები იყვნენ. არცერთი განმიკითხავს „მხოლოდ სექსისთვის“, რადგან სიღრმისეული წიაღსვლებისთვის არც მე მცხელოდა. ულამაზესი, ფარფატა პეპლებივით მეხვეოდნენ თავს ქალები – ზოგის თვალები მომწონდა, ზოგის – ტან-ფეხი, ზოგის – სურნელი და სიცილი, იშვიათად – ხასიათიც. იშვიათად იმიტომ, რომ სულში ხელებს არ ვუფათურებდი, არ მინდოდა მათი გაცნობა. მსიამოვნებდა საყვარლების განებივრება; მათთან ცოტა ხნით ვრჩებოდი, მაგრამ ჩვენს საერთო მოგონებებს მძაფრი შეგრძნებებით ვავსებდი (ამაზე საგულდაგულოდ ვზრუნავდი). ჭეშმარიტი შემგროვებელი ვიყავი... ქალების კი არა, დაუვიწყარი მოგონებების... რომ ოდესმე, როცა ძალიან დავიღლებოდი და ცხოვრების ტემპს შევანელებდი; ან მაშინ, როცა აუტანლად მოსაწყენი გახდებოდა ჩემი ყოფა – მქონოდა სივრცე შესახიზნად და თავის შესაქცევად. ალბათ, ეგოიზმია კოლექციონერობა, მაგრამ... C’est la vie. დღეები მიქროდნენ და ჩემს სიჭაბუკესაც თან ექაჩებოდნენ, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. სინორჩისას გგონია, რომ არასოდეს დაბერდები. იცვლებოდა სადარბაზოები, ბინები და ხედები მათი ფანჯრიდან – მოწევის შემდეგ რაფაზე ჩამოჯდომა და ქალაქის თვალიერება მიყვარდა; ნაცვლად იმისა, რომ მკლავებში მომექცია ნატიფი არსება, რომელმაც ერთი ღამით სარეცელი გამიზიარა, ვდგებოდი და უცხო ხალხს ვაკვირდებოდი – როგორ მიზოზინებდნენ ან მიიპარებოდნენ სადღაც, როგორ ცხოვრობდნენ თავიანთი პატარ-პატარა, არაფრისმთქმელი ცხოვრებით, რომელიც ვერაფერს ცვლიდა სამყაროში; ღამღამობით, როცა ზოგ ფანჯარაში შუქი ენთო, ზოგში კი ბნელოდა, უცნობებს „ვუთვალთვალებდი“; წარმოვიდგენდი, ვინ რას აკეთებდა ჩამოფარებული ფარდის მიღმა ან რას მალავდა... ცოტა მანიაკალურად კი ჟღერს, მაგრამ წარმოსახვის უნარისთვის მშვენიერი სავარჯიშოა.

იცვლებოდა სურნელებიც... კარის გაღებისთანავე, შემოსასვლელში შებიჯებისას რომ გეცემოდა; ყველა სახლს თავისი სუნი რომ აქვს, შეგიმჩნევიათ? სუნი, რომელიც ამ C’est la vie“ (ფრანგ.) კედლებში საიდუმლოდ დამარხულ ამბებს გიზიარებს; არსებობს უსუნო სახლებიც, სადაც არავინ ცხოვრობს; ხანდახან თუ მიაკითხავენ ღამის გასათენებლად – იქ ისტორიები მალევე იშლება და თავად კედლების საუკუნოვან მეხსიერებაშიც კი არაფრად რჩება. ქვეშაგებშიც სხვადასხვა სურნელი მხვდებოდა – ხან ფრანგული პარფიუმის, ხან – ძილში მოდენილი ოფლის; ზოგჯერ მამაკაცის ან მასპინძლის შინაური ცხოველის. იმ პერიოდში მოგზაურიც ვიყავი და მეცნიერიც – ცხოვრების, შეგრძნებებისა და ემოციების მიუღწეველ შრეებს რომ იკვლევს. ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ არა მხოლოდ ადამიანებსა და სახლებს, საწოლებსაც კი საკუთარი აურა აქვთ. ამიტომ ყველა ლოგინში ვერ ვახერხებდი, მშვიდად მიმეცა ძილისთვის თავი. საწოლი მოვლენათა ენერგეტიკას იკრავს: თუ ქალი ლოგინში ბევრს ტირის, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი სექსი გქონდათ, გათ* ვების შემდეგ აუხსნელი სევდა შემოგაწვება... ყველა მომენტი გაგახსენდება, რომელიც ოდესღაც დარდად დაგწოლია გულზე... და ერთი სული გაქვს, საწოლიდან წამოდგე. თუ ქალი ლოგინში ხშირად განიცდის ორგაზმს, შენც იმუხტები და არ გყოფნის – უფრო და უფრო მეტი გინდა... გარიჟრაჟამდე და ზოგჯერ მთელი დღეც; ხოლო, თუ – ბედნიერია ხოლმე, შენც ანც ბიჭად გადაიქცევი და იქამდე ოხუნჯობ, სანამ სიცილისგან მუცელი არ ასტკივდება.

ნაბახუსევზე გავიღვიძე და ვერ მივხვდი, სად ვიყავი ან იქ როგორ აღმოვჩნდი. საშინელი გულძმარვა მქონდა და პირში მძაღე გემოს ვგრძნობდი. ჯაგრისი ვინატრე. უეცრად, ბალიშს შერჩენილმა უცხო სურნელმა ფილტვებში შემოაღწია; წესით, იმ „ფარვანის“ უნდა ყოფილიყო, გვერდით რომ მეწვა. დამძიმებული თავი წამოვწიე თუ არა, იმწუთასვე მეცა ტკივილი – უხილავი ხელები შუბლსა და კეფაზე შემომაჭდო. მომაგონდა, რომ გასულ ღამეს, მორიგი სანაძლეოს დადების შემდეგ, ბარში გამოვტყვერი. ძმაკაცებს ხშირად ვეჯიბრებოდი და ვაგებდი. ბოლოა, აწი აღარ დაგენაძლავებით, გამაკოტრეთ-მეთქი, დავიჩივლე მორიგი „გულაობისას“. მოგვიანებით, პარიზში ჩამოფრენის დღიდან პირველად, ამ ტიპებს მოვუხაზე. ისიც იმიტომ, რომ ქალის გულის მოგებაში შემეჯიბრნენ, ამ ამბავში კი „ოსტატს“ ვერავინ მჯობნიდა. „სამიზნე“ ნახევრად ფრანგი, ნახევრად გერმანელი იყო. მის ხელში ჩასაგდებად ორიოდე საათი დამჭირდა. ვერ ვიხსენებ, რა ერქვა... ახლა არც სახე მახსოვს და არც – ტანი, მხოლოდ თმა – გრძელი, ხშირი, ოქროსფერი დალალები. ფანჯრიდან დაშვებული სხივები იდუმალად ჩახვეულ კულულებში ეღვრებოდა და თვალისმომჭრელად უბზინავდა, თითქოს ყველა მეკობრისთვის მიუწვდომელ განძს მალავდა მასში, მარტო მე შემეძლო ამეღო, მაგრამ – არ მინდოდა.

შარვალზე დაგდებული სიგარეტის კოლოფი შევამოწმე – ცარიელი იყო; ეტყობა, გუშინ ძალიან გამიტკბა და ღერს ღერზე ვქაჩავდი-მეთქი, გავიფიქრე. ისე ჩავიცვი, წყალი არ გადამივლია. არც ყავა დამილევია და არც ის გოგო გამიღვიძებია დასამშვიდობებლად; უბრალოდ, კარი გამოვიხურე და წამოვედი. რა თქმა უნდა, მის ნახვას აღარ ვაპირებდი... არც შევხვედრივარ; შემთხვევითაც კი არ გადამყრია სადმე, ან შეიძლება გადამეყარა და ვერ ვიცანი. წინათ არ შემიწუხებია თავი იმაზე ფიქრით, რას გრძნობდნენ ქალები, როცა იღვიძებდნენ და გვერდით არ ვხვდებოდი... რომელი განცდა ეუფლებოდათ – შვების თუ იმედგაცრუების? ამჯერადაც არ მედარდებოდა. უახლოესი კაფეს ვერანდაზე მოვკალათდი და Pot-au-feu შევუკვეთე. წვნიანების დიდი მოყვარული ვიყავი, ფრანგული ნაციონალური კერძი, რომელიც მზადდება საქონლის ხორცით. ნაბახუსევზე მით უმეტეს – მშველელად მევლინებოდა; თან ბავშვობიდან მოყოლებული, ხორცს მტაცებელივით ვეტანებოდი და დღის ნებისმიერ მონაკვეთში გემრიელად შევექცეოდი. – ორმაგი ესპრესოც, თუ შეიძლება... უშაქროდ, – დავაყოლე და მიმტანს მენიუ გავუწოდე. – ყავას ახლავე ინებებთ? – დიახ. სიგარეტი გაქვთ? – გვაქვს. ამოჩემებული ბრენდი დავუსახელე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და კარისკენ დაიძრა. თვალი გავაყოლე. სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო, იასამნისფერი უნიფორმა, როგორც იტყვიან, ზედ აკვდებოდა. მსუბუქი ნაბიჯები და თვალშისაცემად ელეგანტური მიხრა-მოხრა ჰქონდა. ჩემზე ათი წლით უფროსი მაინც იქნებოდა – მიმიკური ნაოჭები ლამის დავუთვალე თვალებთან – თუმცა ასაკი არასდროს მიმიჩნევია ხელისშემშლელ ფაქტორად. თავის ტკივილი თუ გამივლიდა, შეიძლება გამეცნო კიდეც... ხოლო თუ გავიცნობდი, ამბის ვნებიანი გაგრძელებაც წარმომედგინა და ტრაგიკულად გარდაუვალი დასასრულიც.

ოჰ, რა ტკბილი იქნებოდა ჩვენი წამიერი გაელვება სამყაროში... ძველი ფრანგული სიმღერა ჩამესმა – ხშირად გაიგონებდით ამ ჰანგებს კაფე-ბარებში; ბგერების ნიაღვარი ნახევრად შეღებულ, შემინულ კარს ეხლებოდა, შემდეგ კი ქალაქის ჯერაც მინავლებულ ხმაურს ერწყმოდა, თითქოს ოკეანეში ჩაიღვარაო. აკრძალულ სიყვარულზე მღეროდა ქალი – ნაზი და სევდიანი ხმა ჰქონდა; მოგინდებოდა, რომ გეპოვა და ძლიერად ჩაგეკრა გულში; მისთვის ახალი სიყვარული გეჩუქებინა ძველის დასავიწყებლად. ახლა არ დამიწყოთ, სიყვარული ერთადერთხელ მოდისო; ეგ არის ტყუილი, რომელსაც ლიტერატურა, ხელოვნება თუ მუსიკა მონდომებით გვიბეჭდავს გონებაში.

სინამდვილეში, სიყვარული რამდენჯერმე მოგაკითხავთ: არსებობს პირველი სიყვარული – გულუბრყვილობითა და ფუჭი განცდებით სავსე, ღამეებს რომ გათენებინებს და სიგიჟისკენ გიბიძგებს. განწირულია იმედგაცრუებისთვის, ტკივილისა და დანაკარგისთვის; მოულოდნელი სიყვარული – მაშინ დაგატყდება თავს, როცა არ ელი, არ გცალია და არ გჭირდება; როცა გგონია, რომ ვეღარასოდეს გაუღებ ვინმეს გულის კარს; შეგხვდებათ მეგობრობით დაწყებული სიყვარულიც – ვერც კი მიხვდებით, „დაძმობა“ სხვა გრძნობაში როგორ გადაგეზრდებათ... ნურც ტოქსიკურ სიყვარულს დავივიწყებთ, რომელიც ღრმად ჩაბუდებულ დემონებს აცოცხლებს; ზედაპირზე ჩირქივით ამოაქვს ჩვენი საშინელი თვისებები, და მაინც, ამ სიყვარულის დათმობა განსაკუთრებით გვეძნელება... არის კიდევ რაციონალური („გონიერი“) სიყვარული, რომელსაც გააზრებულად ირჩევ და, უმეტესწილად, ოჯახით გვირგვინდება; ზოგჯერ მას უწოდებენ – „უკანასკნელ სიყვარულსაც“; ბოლოს კი, უსათუოდ უნდა ვახსენოთ მისი უდიდებულესობა – აკრძალული სიყვარული...

მტკივნეულად რომ გზრდის, ცხოვრებას თავდაყირა გიყენებს და გაეჭვებს ყველაფერში, რისიც გჯეროდა; გაიძულებს დაინახო და აღიარო, ვინ ხარ. სიყვარული ყოველ ჯერზე განსხვავებული სახით გვსტუმრობს, ამიტომ ვერ იტყვი, რომელი უფრო მეტად გიყვარდა ყოფილ შეყვარებულებს შორის. იცით, როდის გავაცნობიერე, რომ ეს გრძნობა არც ერთადერთხელ მოდის და არც სამარადჟამოდ ბინავდება ჩვენში? პირველ ცოლს რომ დავშორდი. სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ძალიან ახალგაზრდამ ვიქორწინე და, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ოჯახი რამდენიმე თვეში დასამარდა... მიყვარდა თუ არა ევა? რა თქმა უნდა, მიყვარდა. ასე რომ, სიყვარული გვაკითხავს, გვავსებს ან გვაცარიელებს, გვაბედნიერებს ან წუხილად სახლდება ჩვენში... მერე კი, მიდის... მიდის და ეს ხშირად გარდაუვალია.

ზოგჯერ, უბრალოდ, ისეთ ასაკში გვიყვარდება, როცა სიყვარული წასვლას ვეღარ ასწრებს; მე ამას „ბედის გაღიმებას“ ვუწოდებ, ანდა, უფრო მარტივად – „გამართლებას“. სიმღერა რომ დამთავრდა, ზუსტად მაშინ დარეკა ჩემმა მობილურმაც. ისე შევკრთი, თითქოს ინტიმურ მომენტში წამასწრეს და ეკრანს შემცბარმა დავხედე. რამდენიმე წამით გაოგნებული დავჩერებოდი კონტაქტის სახელს – „მატილდა“. ვერ ვიჯერებდი – მართლა ის იყო... მომეჩვენა, რომ საუკუნე გავიდა ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ და ამასობაში მთელმა ცხოვრებამაც გაიფრინა... სხვა ადამიანებადაც ვიქეცით ორივენი. უკანასკნელად რომ შევხვდი, ჯერ კიდევ საქართველოში ვცხოვრობდი და საფრანგეთში გამგზავრებაც შეუმჩნევლად დაილანდებოდა ჩემი გონების რომელიღაც კუნჭულში. მამაჩემის დამსახურებით, მშვენიერი სამსახური მქონდა; ხოლო დედაჩემის ხათრით, ბაკალავრის დამამთავრებელ საფეხურზე წარჩინებით ვსწავლობდი. იმ ღამით შევთანხმდით, რომ დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო ჩვენი ურთიერთობა – ასე იქნებოდა მიზანშეწონილი (გამუდმებით მართებული ნაბიჯებისკენ მიბიძგებდა)...

ისე, შეგინიშნავთ, რომ სწორი არჩევანის გაკეთების შემდეგ, სიამაყის ნაცვლად, სევდა გეუფლებათ? რამდენიმე წამით იმ ბნელ სადარბაზოში დავბრუნდი, სადაც ერთმანეთს დავემშვიდობეთ; მიტოვებული ვიდექი პირველ სართულზე და დაძაბული ვუსმენდი მატილდას ნაბიჯების ექოს. მთხოვა, არ ამეცილებინა და წავსულიყავი... არ ავაცილე, აი, წასვლა კი ვერაფრით ვაიძულე გახევებულ ფეხებს. საშინლად ვგრძნობდი თავს; მეგონა მანქანამდე ვერ მივაღწევდი. მერე კი... უეცრად, სადარბაზოს სიბნელიდან გამოვაღწიე. თვალწინ გამიკრთა სინათლე, ხორბლისფერი გოგონას უძირო, ცისფერი თვალები და შარმიანი მზერა. ხმამაღალი (ხან წკრიალა, ხანაც – შეუფერებლად როხროხა) სიცილი ჩამესმა წარსულიდან და გამომაფხიზლა. სანამ გათიშავდა, უნდა მეპასუხა. მობილურს დავწვდი და გული შემიფართხალდა: – ჩემზე ფიქრით დაგიწყიათ დილა, მადმუაზელ! – მოჩვენებითი უდარდელობითა და სიცილით წარმოვთქვი, სინამდვილეში კი პულსი შეშლილივით მიცემდა. – რა კარგია, რომ მიპასუხე, ლუკას! – წამოიძახა მატილდამ. სულისშემძვრელ მუსიკასავით ჩამესმოდა მისი ხმა, პირდაპირ სასულესთან მცემდა ამ სიტყვათა მელოდია. როგორ ახერხებდა ამას ყოველ ჯერზე?! ერთადერთი წინადადება გავიგონე, მაგრამ ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა მის დასანახად – უკვე ჩემ წინაშე იდგა სრული მშვენიერებით.

სიამოვნებით აღვწერდი, როგორ გამოიყურებოდა, რა ეცვა, რომელი მიმიკა დასთამაშებდა სახეზე და რას უშვრებოდა მშვიდი სიო მის ჩალისფერ თმას. – პარიზში ვარ, – გავიგონე მოულოდნელად. ხმა ვერ ამოვიღე. მინდოდა, რამე მეთქვა, ერთადერთი ბგერა მაინც გამომეცა, მაგრამ მოულოდნელობამ დამამუნჯა. ვიგრძენი, რომ სიხარულმა მძლავრად დამიარა მთელ სხეულში, ყველა უჯრედში შეაღწია, დიდი ხნის წინ დაკეტილი ოთახივით გაანიავა – ჟანგბადიც შემოუშვა და მზის სხივებიც. – ლუკას, გესმის ჩემი?! – ეგონა, რომ კავშირი გაწყდა, – ლუკას?! – მისი ტუჩებიდან საუცხოოდ ჟღერდა ჩემი სახელი. – სად ხარ?! – პარიზში ვარ-მეთქი. – მისამართი მითხარი! – ფეხზე წამოვიჭერი. – შარლ დე გოლის აეროპორტი. – მოვდივარ! დამელოდე! – თანხის გადახდაც კი დამავიწყდებოდა, სიგარეტი და ფინჯანი რომ არ შემემჩნია მაგიდაზე. საფულიდან ფული ამოვიღე და საფერფლის ქვეშ ამოვდე. კოლოფი ჯიბეში ჩავიგდე და კიბე იმ ბავშვივით ჩავირბინე, რომელსაც დიდხნიანი სასჯელის შემდეგ ეზოში ჩასვლის უფლება მისცეს. კარში რომ გავდიოდი, მიმტანი წამომეწია, თქვენი წვნიანი მზად არისო. წვნიანი? განა საჭმელზე ფიქრი შეიძლებოდა, როცა მატილდა მელოდა აეროპორტში?! ქალს მადლობა გადავუხადე; დავაყოლე, თანხა მაღლა დავტოვე-მეთქი და ნაჩქარევად გავიჭერი ქუჩაში. ღმერთო დიდებულო, ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა „ხორბალას“ სანახავად მივდიოდი! აპლიკაციით გამოძახებული მძღოლის ლოდინისთვის ნებისყოფა არ მეყო! სასწრაფოდ უნდა გამეჩერებინა ტაქსი. შეურაცხადივით ვიქნევდი ხელებს და მოუთმენლობისგან ვცახცადებდი; თან ბედნიერებისგან ისე მეღიმებოდა, ყველა კბილს დამითვლიდით. და ეს გულიც... ოხერი გული, რომელიც უფრო და უფრო სწრაფად ფეთქავდა ყოველი ამოსუნთქვისას. აფრენამდე ცოტაღა მაკლდა! ხორბლისფერი გოგონა მიტრიალებდა თავში! – გთხოვ, მატილდა... ნუ ხარ ასეთი მშვენიერი... ასეთი ლამაზი... დაუვიწყარი და მწველი...

წიგნის შეძენა შეგიძლიათ როგორც „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში, ასევე ონლაინ.