გიფიქრიათ, რომელია ყველაზე იდუმალი აქსესუარი? იდუმალი არა იმიტომ, რომ მას უკავშირდება საიდუმლოებითა და თავგადასავლებით მოცული ისტორიები, არამედ იმიტომ, რომ მისი მორგებისას თავს გრძნობთ სწორედ ასე.
ჩალის ქუდმა გამოიარა მრავალი საუკუნე ისე, რომ არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა. იგი გახდა მუზა უამრავი პოეტისა თუ ფერმწერისა. მასზე იღებდნენ ფილმებს და უძღვნიდნენ სიმღერებს.
დღესაც, როგორც რამდენიმე ათწლეულის წინ, ჩალის ქუდი არის საყვარელი და საამაყო ნივთი მოდის მოყვარულთათვის. ამ აქსესუარს ხშირად ირგებენ ჰოლივუდის მსახიობები: ბრედ პიტი, ჰიუ ჯეკმანი, შონ კონერი, დაკოტა ჯონსონი, ჯულია რობერტსი.
იმდენად რომანტიკული, საინტერესო, მოდური და მიმზიდველია, რომ ყველას უჩნდება სურვილი, ერთხელ მაინც მოირგოს იგი და მართლაც, თუ ერთხელ მოირგე, შეუძლებელია მისი დავიწყება:
მე-17 საუკუნე, ფლორენცია, მზის სხივებისგან შეწუხებული ხალხი... ჩალის ქუდების „ოქროს ხანა“ დაიწყო ზუსტად ამ დროს. მოიყვანეს განსაკუთრებული ხორბლის სახეობა ოქროსფერი ღეროებით, სპეციალურად ქუდების დასამზადებლად. როგორც მოსავალი, ასევე მისი აღების პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. მას ძირფესვიანად ხელით გლეჯდნენ, ისე, რომ არ დაზიანებულიყო არც ერთი ღერო. ასეთი მოპყრობით იგი ინარჩუნებდა ელასტიკურობას. ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო იმ დროისთვის, ამიტომაც სპეციალურადაც კი ამზადებდნენ ბავშვებს.
დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მრავალფეროვანიც ხდებოდა ის მასალა, რომლისგანაც ამზადებდნენ ე.წ. ჩალის ქუდებს.
თუ რისგან, რა დამუშავების შედეგად დამზადდა და რამხელა შრომა იყო გაწეული მის დასამზადებლად, ყველა ეს ფაქტორი აისახებოდა ფასზეც.
პირველად ასეთი ქუდების დაწვნა დაიწყეს ძველ საბერძნეთში. ეს იდეა მოუვიდა ყანაში, შუაგულ სიცხეში მომუშავე ხალხს. შემდგომ გავრცელდა აზიაში, მერე კი ევროპაში. მე-16 საუკუნემდე ჩალის ქუდებს იყენებდნენ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები. ფორმის, ფერისა და სტილის მიხედვით, მარტივად გამოიცნობდით, ვინ იყო მისი მატარებელი: მჭედელი, გამყიდველი თუ სხვა.
მე-17 საუკუნეში კი შეამჩნიეს არისტოკრატიული წრის წარმომადგენლებმაც და შეიყვარეს კიდეც. ყველაზე მეტად ამ ქუდებით დაინტერესდნენ ფრანგი ქალები და ამერიკელი მამაკაცები. სწორედ ამ დროს განიცადა დიდი ცვლილება, ვინაიდან დაიწყეს მისი გაფორმება სხვადასხვა ქვით, ლენტით, ყვავილითა და ბუმბულით.
1860 წელს დაამზადეს ე.წ. კოვბოის ქუდი. იგი განკუთვნილი იყო მამაკაცებისთვის, თუმცა ძალიან მალე მისი ტარება დაიწყეს მანდილოსნებმაც. თუ ადრე ჩალის ქუდებს აღიქვამდნენ, როგორ რომანტიკულ აქსესუარს, კოვბოის ქუდებმა შემოიტანა სულ სხვა შეხედულება და ხელი შეუწყო ფემინისტური განწყობის გაღვივებასაც. ამ ქუდის მატარებელი ქალი აღიქმებოდა, როგორც დამოუკიდებელი, თავგადასავლების მოყვარული, თამამი და ძლიერი, რომელიც არ უშინდება სირთულეებს.
1880 წელს შემოგვთავაზეს ამ ქუდის ერთ-ერთი ვარიაცია, რომლებსაც იყენებდნენ იტალიელი მენავეები, შემდგომ კი ეს სტილი შეიყვარეს უკრაინელებმა, რუსებმა, მოლდოველების და ბალტიისზღვისპირეთში მცხოვრებმა ხალხმა.
ასე, დროთა განმავლობაში იხვეწებოდა ჩალის ქუდის დიზაინი. ახლა კი შეგიძლიათ იხილოთ მისი მრავალფეროვანი არჩევანი და მოირგოთ განწყობისა და სიტუაციის მიხედვით.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ანი მაისურაძეიხილეთ: დაწნული ჩალის ან ბამბუკის ჩანთით შექმნილი შენი ორიგინალური სტილი