როცა პლანეტები დედამიწაზე სწრაფად მოძრაობენ ან, პირიქით, დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე მისი კოსმიური მეზობლები, არსებულ მოვლენას რეტროგრადულს უწოდებენ.
რეტროგრადული მოძრაობა წარსულის გამეორების ან დაბრუნების სიმბოლოა. ამ დროს ადამიანები განვლილ ცხოვრებას უფიქრდებიან და უკვე გადადგმულ ნაბიჯებს აანალიზებენ, ასწორებენ დაშვებულ შეცდომებს.
ჩვეულებრივ, რეტროგრადული ვენერას პერიოდში ადამიანებს ეცვლებათ გემოვნება, უცხოვდებიან მეორე ნახევართან, უჩნდებათ სიმპათია სხვა პიროვნების მიმართ. მიუხედავად ამისა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას - როგორიცაა ძველ პარტნიორთან დაშორება - უნდა მოერიდოთ, რადგან დიდი ალბათობით, მოგვიანებით ინანებთ. ვენერას რეტროგრადულობა უარყოფით გავლენას ახდენს პიროვნების დიპლომატიასა და ტოლერანტობაზე, რის გამოც იზრდება კონფლიქტების რაოდენობა ოჯახში, სამსახურსა და ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები არ ჩხუბობენ ხოლმე. ამ პერიოდში ასტროლოგები სასტიკად კრძალავენ ქორწინებას, კაპიტალის დაბანდებას, იმიჯის შეცვლას, კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, ხელშეკრულებების გაფორმებას, სასამართლო დავების წამოწყებას.
სამაგიეროდ, დრო უნდა დაუთმოთ დაკარგული ნივთების ძიებას, ოჯახთან და საყვარელ ადამიანთან სულიერ დაახლოებას, უსარგებლო ხარახურის თავიდან მოშორებას. თუ მარტოხელა ხართ და ჯერ კიდევ ყოფილ შეყვარებულს მისტირით, შერიგების დროა!
მნიშვნელოვანია, რომელ ნიშანში იმყოფება ვენერა. 31 ოქტომბრიდან რეტროგრადული ვენერა სასწორში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმართლეს თვალებში ჩახედავთ, მოიკრებთ სიმამაცეს მოცემულობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. გაარკვევთ საკითხებს, რომლებიც ადრე ბურუსით იყო მოცული. სასწორს მოსწონს, როცა ადამიანებისთვის ხიდად იქცევა და აკავშირებს მათ. შესაბამისად, მოსალოდნელია ძველი კავშირების აღდგენა - მეგობრული, საქმიანი, რომანტიკული... ხშირად ის ურთიერთობებში ბალანსის მომტანია, მაშინ, როცა თავად უჭირს შინაგანი ჰარმონიის მიღწევა, რადგან მუდამ ორჭოფობს და მისი აზრები ”აიწონა-დაიწონას" თამაშობენ.
მესიჯი, რომელსაც სასწორში შეჭრილი ვენერა აგზავნის, მარტივია: ”მოდი, ერთად ვიყოთ!" ეს მიემართებათ ოჯახის წევრებს, რომლებიც თავ-თავიანთი ცხოვრებით არიან გართულნი და ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებიან; კოლეგებს, რომლებსაც შემეგობრება აკლიათ; კურსელებს, რომლებიც ერთად ქალაქგარეთ დიდი ხანია არ გასულან ან ძველ კლასელებს, რომლებიც არ იკრიბებიან... მოკლედ - ყველას! ყველას! ყველას! წაიკითხეთ ვრცლად