მზე ლომის ზოდიაქოში გადავიდა. როგორი იქნება 2019 წლის აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის? ამასთან დაკავშირებით ვრცელ პროგნოზს ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვთავაზობს:
"23 ივლისს მზე ლომის ზოდიაქოში გადავიდა. ეს მისი მმართველობის ნიშანია, ანუ მისი სამბრძანებლოა და მართლაც, მზე აქ ყველაზე ბუნებრივად გრძნობს თავს.
რა არის მზის თვისება, როგორც მნათობის? სითბოსა და სინათლის გაცემა, ხომ? და მართლაც, წელიწადის ეს მონაკვეთი ყოველთვის უფრო მეტად მცხუნვარეა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ნახევარსფეროსათვის მაინც. რაც შეეხება ასტროლოგიურ დატვირთვას მზისა - აქ ის ჩვენს ეგოს გამოხატავს, ხოლო ლომი სწორედაც რომ შეუფერხებლად აძლევს საშუალებას მზეს, იამაყოს საკუთარი თავით. ის ხომ ჩვენი სისტემის ცენტრალური ფიგურაა.
ამ ერთთვიან მონაკვეთში, როდესაც მზე ლომის ზოდიაქოს გადის, ყველანი ცოტათი ლომები ვხდებით - ანუ ცოტათი უფრო ნიჭიერები და ამაყები, მაგრამ ზარმაცები. თუ სიზარმაცეს დავძლევთ, ეს პერიოდი შესანიშნავ შესაძლებლობებს მოგვცემს თავის გამოსაჩენად, მით უმეტეს, რომ მზეს აქ უკვე მარსი დახვდება, სულ მალევე კი ვენერაც დატოვებს კირჩხიბის ნიშანს და ლომის ზოდიაქოში გადმობარგდება.
ვენერას ასტროლოგები მცირე ბედნიერების პლანეტას ვეძახით. დიდი ბედნიერება, მოგეხსენებათ ალბათ, რომ იუპიტერს მოაქვს, რომელიც ახლა ასევე ცეცხლის ნიშანსა და საკუთარ მმართველობაში - მშვილდოსანში იმყოფება. თუმცა დავუბრუნდეთ ვენერას - ის განაგებს ჩვენს ურთიერთობებს, გემოვნებას და აგრეთვე, ფინანსებსაც. ჰოდა, აი, ამ სფეროებში შეიძლება, რომ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ - ვერძებს, მშვილდოსნებს და, რაღა თქმა უნდა, თავად ლომებსაც წარმატებები და ბედნიერება მოუტანოს. ეს არ იქნება ბიუჯეტის უზარმაზარი შევსება და ჯეკპოტი, რადგან როგორც ვთქვით, ვენერა მაინც მცირე ბედნიერებაა, თუმცა კმაყოფილები მაინც დავრჩებით მისი საჩუქრებით. ფრიად შესაძლოა, რომ თქვენთვის ეს პერიოდი სასიამოვნო რომანტიკული ნაცნობობის დასაწყისი აღმოჩნდეს!
მამაკაცებს შანსები მიეცემათ, თავიანთი რჩეულების გულის მოსაგებად იყვნენ მეფურად ყურადღებიანნი და გულუხვნი, ხოლო ქალბატონებს კი - იბრწყინონ საკუთარი მშვენიერების სხივებში. ყველაზე მეტად რომანტიკულ სფეროზე გავლენას ისინი შეიგრძნობენ, ვისაც მზე, მარსი ან ვენერა ლომის ზოდიაქოში ჰყავთ.