ლილიტი 8 იანვარს კირჩხიბიდან ლომში გადავიდა, სადაც 9 თვეს გაატარებს და ქალწულს 2023 წლის 3 ოქტომბერს ესტუმრება. ლილიტი ფიქტიური წერტილია, მაგრამ საკმაო გავლენა აქვს ჩვენზე. ადამიანში აძლიერებს ცდუნებას, შეცდომებს, შიშებს, კარმას. ლომში ლილიტის ყოფნის დროს გამოიკვეთება რამდენიმე თემა: სიყვარული, შემოქმედება, ბავშვები და ლიდერობა.
ლომში ყოფნის დროს ადამიანებში მოიმატებს ეგოიზმი, ნარცისიზმი. ნუ აჰყვებით მირაჟს, ილუზიებს. იყავით გააზრებული და ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. არაა გამორიცხული უსიამოვნება შვილებთან; არ გირჩევთ მათთან დაპირისპირებას, ჰიპერმზრუნველობას ან პირიქით, დაშორებას მასთან. პირიქით, შეაქეთ, შეაგულიანეთ. იყავით გულუხვი მათ მიმართ. დააინტერესეთ შემოქმედებით. თუ უკვე გაქვთ უსიამოვნებები შვილებთან, მიიყვანეთ ფსიქოლოგთან, კარგია ფსიქოთერაპიის კურსიც. ნუ უყურებთ თქვენს შვილს, როგორც თქვენს საკუთრებას, დააფასეთ მასში პიროვნება. შეიძლება გახშირდეს აბორტების, მუცლის მოშლის რაოდენობა, შვილის მიტოვების ფაქტები. გახშირდება თაობათა დაპირისპირება.
ლილიტმა შეიძლება გრძნობებზეც მოახდინოს გავლენა. თუ ხვდებით, რომ თქვენ გვერდით არსებული ადამიანი არ განიჭებთ ბედნიერებას, უმჯობესია, დაშორდეთ მას. ამასთან, მარტოხელებს ელოდებათ დიდ სიყვარულთან, კარმულ პარტნიორთან შეხვედრა და ვერ გეტყვით, რომ ეს კავშირი უპრობლემოდ განვითარდება. აქაც სასურველია მოუხმოთ გონიერებას, არ გადავარდეთ ილუზიებში და თუ ხვდებით, რომ ადამიანი გთრგუნავთ, ბედნიერებაზე მეტად ტკივილს განიჭებთ, გაეცალეთ. სიყვარულის გამო ნუ გაიღებთ მსხვერპლს, ნუ დაანგრევთ ოჯახს ან საკუთარ თავს, ცხოვრებას.
ლომში ლილიტის ყოფნის დროს ადამიანებში მოიმატებს საკუთარი თავის სხვებზე წინ დაყენების სურვილი. ეს არაა ცუდი, თუ თქვენი ამბიციები საფუძვლიანია და თუ არაფერს წარმოადგენთ, ზედმეტი ბაქიბუქობა კარგს არაფერს მოგიტანთ. ლომი არის თეატრალური ნიშანი და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანები გამორჩეულ ჩაცმულობას მიანიჭებენ უპირატესობას. მოგინდებათ გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევა თქვენი ვარცხნილობით, სამოსით, მაკიაჟით. მოერიდეთ ზედმეტ აზარტულობას და განსაკუთრებით, ფულზე თამაშის დროს. უმჯობესია, ამ სფეროს საერთოდ ჩამოშორდეთ, თუ არ გსურთ უსიამოვნებებში გახვევა.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, ლილიტის ლომში ყოფნის დროს მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდეთ გულს, გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, აკონტროლეთ წნევა. არ გირჩევთ მზეზე დიდხანს ყოფნას. ზომიერება გმართებთ მზის აბაზანების მიღებისას. და ეს გაფრთხილება განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს და ხანდაზმულებს.
საზოგადოებაში შეიძლება გამოჩნდნენ ქარიზმატული პიროვნებები, რომლებიც ლიდერ-გადამრჩენის როლს შეასრულებენ, მაგრამ გონივრულად შეაფასეთ ყველაფერი, ბრმად ნურავის ენდობით. არაა გამორიცხული, ვიღაცამ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ. ლომი ლიდერი, მეფე და ხელისუფალია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხელმძღვანელ პირებს საკუთარი ეგოიზმის გამო მოუნდებათ დაქვემდებარებულების გაწირვა. არაა გამორიცხული, რომ გამოვლინდეს ლიდერთა საიდუმლოებები, მაქინაციები და ხალხმა მისი ჩამოგდება გადაწყვიტოს. ამასთან, ზოგიერთმა შეიძლება დადგას დიდი წარმოდგენა სხვების მოტყუების მიზნით. სხვათა შორის, ამ პერიოდში გადაღებული ფილმები და დადგმული სპექტაკლებიც შეიძლება იყოს პროპაგანდისტული, მანიპულირების მოსახდენი.