ძალიან ბევრი ადამიანი მთვარეს ანდობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას – ქორწინებას, საქმიან შეხვედრებს, თავის მოვლას და სხვა... მოდი, ვნახოთ, რას გვპირდება მთვარე 2013 წლის პირველ თვეს.
7 იანვარს ემოციები ცვალებადი იქნება, ძალები კი თითქოს მოგვემატება, მაგრამ ნუ მიეცემით ილუზიას. გაატარეთ დღე სიწყნარეში, მოეშვით. შეეცადეთ, არავისთან იკამათოთ და არ გადმოანთხიოთ სიბრაზე გარშემომყოფებზე. ამ დღის გართობა ან მშვიდობიანი უნდა იყოს, ან პირიქით – უნდა მისცეთ ემოციებს საშუალება, გამოვიდეს და მოიხსნათ დაძაბულობა. თუმცა, არამც და არამც არ გააკეთოთ ეს კონკურენტული თამაშების დროს. კარგი იქნება, თუ ნახავთ რაიმე ემოციურ ფილმს.
8 იანვარს, შუადღემდე იგივე რჩევები გაითვალისწინეთ, რაც 7 იანვარს. 12.00 სთ-ის შემდეგ მთვარე მშვილდოსნის ნიშანში შედის. ამ დღეს კარგი იქნება გართობა, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. თუ ეს იქნება დაკავშირებული უცხო კულტურასა და ტრადიციებთან – უფრო უკეთესი. საღამოს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
9 იანვარს რეკომენდებულია იგივე, რაც 8 იანვარს.
10 იანვარს მთვარე თხის რქის ნიშანში შედის და თითქმის მაშინვე უერთდება ვენერას. ეს შესაფერისი დღეა თმის შესაჭრელად, მაგრამ არა ექსპერიმენტებისთვის. გამოიყენეთ პროფესიონალური და არა შინაური საშუალებები.
11 იანვარი შეძლებისდაგვარად სიწყნარეში გაატარეთ. ეს დღე არ არის გართობისთვის შესაფერისი: სავსემთვარეობის წინ ძალაც არ გექნებათ საკმარისი. თან, სადღესასწაულო განწყობას თხის რქაში შესული მთვარე არანაირად არ შეგიქმნით, ის მხოლოდ საქმისთვის განგაწყობთ. შეგიძლიათ შეაჯამოთ წინა კვირის საქმეები. ძალიან სასარგებლო იქნება, დააჯამოთ შედეგები: სულ მალე ხომ მიღწევების ახალი ციკლი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში და აუცილებელია, წარმოდგენა იქონიოთ, რა შესაძლებლობებს ფლობთ იმისათვის, რომ მთელი დატვირთვით შეუდგეთ ახლის კეთებას.
12 იანვარი. თხის რქაში მყოფი ახალი მთვარე გირჩევთ, ეს დღე დაგეგმარებას დაუთმოთ. დაისახეთ მიზნები ყველანაირ სფეროში. განსაკუთრებით კარგად განხორციელდება ამ დღეს დასახული მიზნები, რომლებიც თქვენს კარიერას ან მშენებლობას უკავშირდება.
13 იანვარი ის დღეა, როცა შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ. მთვარე მერწყულის ნიშანში იმყოფება. ამიტომაც ამ დღეს საშუალება მოგვეცემა, უარი ვთქვათ მოწყენილობაზე და გართობისთვის რაღაც ახალი, უცნაური, ექსტრავაგანტური და საოცარი რამ მოვიფიქროთ. შეხვდით ძველით ახალ წელს და შეეცადეთ, ამ დღეს გააკეთოთ ის ყველაფერი, რაც არ გიცდიათ გასულ დღესასწაულებზე. ურანი მერწყულის პლანეტაა და განსაკუთრებულ დამოკიდებულებაშია დროსთან. ის დაგეხმარებათ, გამოიყენოთ დრო ისე, რომ ყველაფრისთვის გეყოთ.
14 იანვარს მთვარე იგივე ნიშანშია 15.00 საათამდე. შეეცადეთ, სამუშაოსა და სხვა საქმეებში ახალი მეთოდები დანერგოთ. ეს ბევრად ეფექტური აღმოჩნდება. ამ დღეს მოჭარბებული ემოციები გონების მუშაობას ხელს არ შეუშლის. შეგიძლიათ ეს დღე მოკავშირის ძებნას დაუთმოთ: ძალიან ბევრი არგუმენტი გექნებათ იმისათვის, რომ ის თქვენს აზრებში დაარწმუნოთ. 15.00 სთ-ის შემდეგ აჯობებს, ცოტათი მოეშვათ. მთვარე თევზების ნიშანში გადადის. თუ კოლეგებთან ერთად ჩაის სმა გაქვთ დაგეგმილი, ის კარგად ჩაივლის.
15 იანვარს მთვარე თევზებში იმყოფება. ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარეები და შთამბეჭდავები ვიქნებით. არ ღირს ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებების გამართვა ან ინსტანციებში სიარული – თქვენს მიმართ ნებისმიერი მკაცრად გამოთქმული აზრი მტკივნეული აღმოჩნდება. შეეცადეთ, რომ აქტიური საქმით დაკავდეთ. თუ ქველმოქმედებით არ ხართ დაკავებული, მაშინ თევზებში მყოფი მთვარის ენერგია დასვენებასა და მედიტაციაზე დახარჯეთ.
16 იანვარს, 9.00 საათიდან 16.00-მდე, საუკეთესო დროა იმისათვის, რომ გამოხატოთ თქვენი გრძნობები. კარგი პერიოდია სამწერლობო საქმიანობისთვის, ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის, ახლობლებთან გულითადი საუბრებისთვის. დაახლოებით 21.00 საათისთვის მთვარე ვერძის ნიშანში გადავა და ღამით ურანს შეუერთდება. მთვარის ასეთი პოზიცია რისკისკენ გიბიძგებთ. ფრთხილად იყავით და კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ კი ეს ნამდვილად.
17 იანვარს შესანიშნავი სამუშაო დღის დასაწყისი გელით. ეს არის დრო, როცა თქვენი ქმედება პოპულარულს გაგხდით. იქნებით უშიშარი და მტკიცე მოქმედების დროს, რასაც გარშემომყოფები კარგად შეაფასებენ. შუადღის შემდეგ მოიმატებს ეგოიზმი და გაღიზიანება, განსაკუთრებით, ვერძებსა და სასწორებში. არ არის რეკომენდებული პაემანზე წასვლა. ნუ შეიჭრით თმას!
18 იანვარს ვერძში მდებარე "სუფთა" მთვარე მოგანიჭებთ გამბედაობას, მოუთმენლობასა და პრინციპულობას გრძნობების გამოვლენისას. ფრთხილად იყავით ბასრი ნივთების გამოყენებისას.
19-21 იანვარს (18.00 სთ-მდე) მთვარე კუროს ნიშანში მდებარეობს. ეს საუკეთესო დღეებია ემოციური სიმშვიდის მოსაპოვებლად. პოზიტიურია საჭმლის მოსამზადებლად, პროდუქტების საყიდლად, თავის მოსავლელად. 20 იანვარს, დღის პირველ ნახევარში, აქტიური ხდება სილამაზის პლანეტა ვენერა. თუ გსურთ რაიმე ლამაზი ნივთის ან დელიკატესის შეძენა, შეისწავლოთ ინტერიერის დიზაინი, აუცილებლად გააკეთეთ ეს.
21 იანვრის საღამო საუკეთესო იქნება გასეირნებისთვის, საუბრებისთვის და სწავლისთვის. ეს არის დრო, როცა ჩვენი რეაქციები სწრაფი იქნება, ხოლო გუნება-განწყობილება – საუკეთესო. ერთ ადგილას ჯდომა არ მოგინდებათ და შედეგად საღამოს მეგობრებთან შეხვედრა არაჩვეულებრივად ჩაივლის.
22 იანვარი წინა საღამოს ენერგეტიკას გააგრძელებს. ემოციები ზედაპირული იქნება და მალეჩავლადი, არ იქონიებს გავლენას ურთიერთობებზე. ახალ ინფორმაციასა და ცოდნას სწრაფად აითვისებთ. სასიამოვნო იქნება დაქალებთან ჭორაობა ან გასეირნება.
23 იანვარი –ინტელექტუალური აქტივობის დღეა. თუ გსურთ პრობლემების გადაწყვეტა, ეს დღე სწორედ რომ შესაფერისია ამისთვის. ერთი მინუსი დაიწერება – ამ დღეს მარტივად აფეთქდებით და შესაძლოა, კამათი მოგივიდეთ ახლობელთან. საბედნიეროდ, ყველაფერი ისევე მარტივად ჩაცხრება, როგორც დაიწყება.
24 იანვრის დილიდან მთვარე კირჩხიბის ნიშანში შევა. აქ ის ყველაზე ძლიერია. ამიტომაც ნებისმიერი თქვენი ქმედება და გადაწყვეტილება გრძნობით იქნება ნაკარნახევი. ორგანიზმში ამ დღეს მაქსიმალური ინტენსივობით წავა ყველა პროცესი. დღის პირველ ნახევარში კარგი იქნება, თუ გაიკეთებთ წყლის პროცედურებს და მიიღებთ ბევრ სითხეს. სადილის შემდეგ შესაძლოა, ნერვულმა დაძაბულობამ იჩინოს თავი. ამიტომაც საღამო წყნარ სიტუაციაში, სახლში გაატარეთ.
25 იანვარს ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ. შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვროთ, რა გაგაღიზიანებთ და რა გაგახარებთ. გრძნობები უმართავი იქნება. შესაძლოა, მოიმატოს თქვენმა კაპრიზულობამ, თუმცა მოიმატებს ინტუიციის გრძნობაც.
26 იანვარს იგივე სურათი გვაქვს დაახლოებით 18 საათამდე, როგორიც წინა დღეს. მოგვიანებით მთვარე ლომის ზოდიაქოში შევა. ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო დრო იქნება იმისათვის, რომ შაბათ საღამოს გაერთოთ. შეეცადეთ, დასვენების აქტიური საშუალება აირჩიოთ.
27 იანვარი – სავსემთვარეობაა. ეს სარისკო დღეა თავისი ემოციური დაძაბულობით. მთვარე ლომშია და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ გვიბიძგებს გრძნობების დემონსტრირებისკენ, სავსემთვარეობისას ხომ რთულია ემოციების მოთოკვა. ამიტომაც ყურადღებით იყავით და ფრთხილი ემოციების გამოვლენისას იმისათვის, რომ არ მოაწყოთ სახალხოდ სკანდალი ან რაიმე სიგიჟე არ ჩაიდინოთ. ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა შემდეგი დღისთვის გადადეთ.
28 იანვარს მთვარე უკან იხევს. მარსთან დაძაბული ასპექტი ამ დღეს ნებისმიერ ძალისმიერ სამუშაოს უსარგებლოს გახდის. ამიტომაც აჯობებს, არ გადაიტვირთოთ, დაისვენოთ დაძაბული სავსემთვარეობის შემდეგ. ენერგიის მარაგი ისედაც თითქმის ამოწურულია ამ დროისთვის და მთლიანად ნუ დახარჯავთ მას. ლომის ზოდიაქოში მყოფი მთვარე სანახაობების ინტერესს გამოიწვევს – მოიწყვეთ კონოკომედიის სეანსი ან ვიწრო სამეგობრო წრეში შეიკრიბეთ.
29-30 იანვარს მთვარე ქალწულშია. შესანიშნავი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. არ არის რეკომენდებული ზედმეტი საკვების მიღება. საქმეებში მოერიდეთ გაუმართლებელი ოპტიმიზმის გამოხატვას. თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ყველაფერს მოასწრებთ და ახალი პროექტის წამოწყება ამ დროისთვის ღირს, ნუ იჩქარებთ, კარგად აწონ-დაწონეთ, მართლაც შეძლებთ თუ არა ყოველივე ამას. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით საბუღალტრო საქმიანობის დროს.
31 იანვარს, 11.00 საათამდე, მთვარე ქალწულის ნიშანში იმყოფება. იგივე რეკომენდაციებია, რაც წინა დღეს. დღის მეორე ნახევარში მთვარე სასწორში გადადის. იწყება შესაფერისი დრო იმისათვის, რომ შეაჯამოთ და გამოიტანოთ დასკვნები, რას მიაღწიეთ ამ თვეში საქმიან და პირად ასპარეზზე. ეს სიმშვიდისა და განსჯის დღეა.