მაკიაჟის მიმართ სიყვარული საკუთარ თავში რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, Instagram-ვიდეოების დახმარებით.
იქიდან გამომდინარე, რომ Instagram-ზე 15-წამიანი ვიდეოებია და არ მყოფნიდა ინფორმაცია, პირველი, რასაც მივმართე სრული ვიდეოგაკვეთილებისთვის, ეს იყო YOUTUBE.
მოვიმარაგე, თუკი რაიმე შეიძლებოდა წამესვა სახეზე და ამის შემდეგ დაიწყო ბევრი უძილო ღამე. :) ჩავრთავდი რომელიმე ჩემთვის საინტერესო ვიდეოს და სარკის წინ მთელი ღამე ვიჯექი და იმავეს ვიმეორებდი. რაც მთავარია, პირველ რიგში, ვიყიდე მაკიაჟის მოსაშორებელი წყალი და უუუუუუუუამრავი ბამბის დისკი. :)
რამდენი ღამე მაქვს გათენებული მაკიაჟის წასმა-მოშორებაში, ვერ გეტყვით, თუმცა, სასურველ შედეგამდე მაინც მივედი - დაუზარებელი ვარჯიშის მეშვეობით. მალევე მივხვდი, რომ მჭირდებოდა მასწავლებელი და სასწრაფოდ ჩავეწერე პერსონალურ კურსებზე, რომლის პარალელურადაც ვიდეოგაკვეთილებს ვაგრძელებდი.
აღმოჩნდა, რომ ჩემი ინტერესის სფერო იყო კონტურული მაკიაჟი, რომლის საშუალებითაც ისე შეიძლება თამაში ჩრდილებით, რომ კვაზიმოდო დაამსგავსო ესმერალდას ან პირიქით... :)
აღმოჩენები ამით არ დასრულებულა... მალევე გავიგე, რომ თურმე ახალი ამერიკული კოსმეტიკური ბრენდი Anastasia Beverly Hills არსებობს, რომელსაც საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები და კონტურული მაკიაჟის მასალის დიდი არჩევანი აქვს.
რთული წარმოსადგენია, რომ რამდენიმე წლის წინ არაფერი ვიცოდით მაკიაჟის ტექნიკაზე, რომელსაც ჰქვია ,,კონტურინგი”. იგი თანამედროვეობაში კიმ კარდაშიანის საშუალებით გახდა მოთხოვნადი, როდესაც მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ღია და მუქი ჩრდილები ჰქონდა სახეზე დატანილი, გრადაციის გარეშე. თუმცა, ბევრად ადრე იყო ის გამოგონილი და ვფიქრობ, დაგაინტერესებთ კონტურინგის ისტორია.
კონტურინგის ხელოვნება ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში, ინგლისის დედოფალ ელიზაბეტის კარზე იყო ცნობილი. თეატრის მსახიობები იღებავდნენ სახეს ნაკვერჩხლით და ცარცით, იმისთვის, რომ ბოლო რიგებში მსხდომ მაყურებელს კარგად დაენახა მათი მიმიკა. გაგრძელება