ახლა რასაც გეტყვით, ამის გამო, ვიცი, მთელი საქალეთი შემრისხავს. არადა, ამ აზრამდე მარტივად არ მივსულვარ: ძალიან ბევრი ბრძოლა, ტრავმა და სტრესი გამოვიარე.
ოღონდ ეს მხოლოდ ჩემს ცხოვრებაზე დაყრდნობით არ გადამიწყვეტია - თვალი გადავავლე გარშემომყოფების ცხოვრებას, მოსმენილ ისტორიებს და მივედი დასკვნამდე, რომ... მამაკაცს სრული ბედნიერებისთვის სასიყვარულო თავგადასავლები ჰაერივით სჭირდება; ნუ, ჰაერივით თუ არა, ცივი და ქაფმორეული ლუდივით, ან დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ - ქალებს - სურნელოვანი ყავა.
იმედია, იუმორს მიმიხვდით და ღალატის პროპაგანდაში არ დამადანაშაულებთ. დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა და გადავწყვიტე, დამეწერა, რადგან ჩვენში ეს თემა ჯერ კიდევ აქტუალურია. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გარკვეულად იმედისმომცემია ახალი თაობის დამოკიდებულება პარტნიორის ერთგულებისა და ოჯახის მიმართ. ისინი გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მორალურ პრინციპებს, ვიდრე მათი წინამორბედნი, თუმცა, გახშირებული განქორწინებები იმის დასტურიც შეიძლება იყოს, რომ მათი ერთგულებაც ათეულ წლებს ვერ გაუძლებს... უბრალოდ, როგორც კი იგრძნობენ სურვილის გაქრობას, ახალგაზრდა წყვილები მაშინვე იშლებიან, რაც ვფიქრობ, ასევე უკეთესი საქციელია, ვიდრე დიდხანს თვალთმაქცობასა და ტყუილში, მაგრამ ჯიუტად ერთად ცხოვრება.
მინახავს ერთგული მამაკაცებიც, როგორ არა, ისინი რეალურად არსებობენ! მაგრამ ასევე მინახავს მათი გაქცეული მზერა, ჩუმი ოხვრა და შეკავებული ვნება, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს და გადმოინთხევა შეგუბებულ ბოღმად და აგრესიად ოჯახში... ამის თქმის უფლებას თავად მამაკაცების არაერთი ნათქვამი მაძლევს - მათ თვითონაც არ სჯერათ ისეთი კაცის არსებობის, რომელსაც სხვა ქალზე არ უოცნებია და "ცოლისთვის ერთხელ მაინც არ უღალატია".
ჩემთვის სურვილი და ქმედება ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა - თუ ოცნებებში ეროტიკულ სურათებს სხვასთან ხატავ, შე დალოცვილო, ის გდომებია და თავშეკავება და თვითგვემა რაღა საჭიროა?! განა ვინმეს სჭირდება ძალად, სიმწრით შენარჩუნებული ერთგულება, როცა ადამიანს საკუთარი თავისთვის ქეჩოში აქვს ხელი ჩავლებული და მთელ ძალისხმევას "ნამუსის შენახვას" ახმარს?! - მე ნამდვილად არა! ჩემი აზრით, ეს ისე ბუნებრივად უნდა ხდებოდეს, რომ ადამიანები ვერც კი აცნობიერებდნენ. მათ უბრალოდ, იმ დოზით უნდა უნდოდეთ ერთმანეთი, რომ სხვისი საჭიროება თუნდაც ეროტიკული ფანტაზიების დონეზე, არ უნდა არსებობდეს!
ვიცნობდი კაცს, რომელიც წლების განმავლობაში ცოლის ერთგული იყო და ამის გამო სამეგობროში გამორჩეულ პატივს სცემდნენ: უფრო ძლიერად მიაჩნდათ, რადგან როცა "ნაშები" მიჰყავდათ, ის "თავს იკავებდა". მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, როცა ამას არავინ ელოდა, ყურებამდე შეუყვარდა "პატარა გოგო", რომელიც რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო რეპუტაციით არ სარგებლობდა... ძმაკაცებმა ბრძნულად დაასკვნეს: ჩვენსავით რომ "გეგულავა", ეს არ დაგემართებოდაო. იქნებ მართლებიც არიან...
ეგებ ფსიქიკური წონასწორობისა და ოჯახური სტაბილურობისთვის კაცებს მართლაც სჭირდებათ დროდადრო გართობა და თავგადასავლები?! როგორც თავად ხსნიან, ეს მათში ჯერ კიდევ ქვის ხანიდან კოდირებული მონადირული ბუნების დამსახურებაა. თავდაჯერებულობისა და მამაკაცური "ეგოს" დაკმაყოფილებისთვის მათ მუდმივად სჭირდებათ დარწმუნება იმაში, რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ მოხიბლონ, აცდუნონ, დაიპყრონ... ესე იგი, სრულფასოვანი და ჯანმრთელი მამრები არიან და "ყველაფერი წესრიგში აქვთ"!
მეორე მხრივ, ასეთი კაცები სულ ცდილობენ, სახლში სიმშვიდე და კეთილდღეობა ჰქონდეთ: ცოლებს სურვილებს შეძლებისდაგვარად ხშირად უსრულებენ, შვილებს თან ჰყვებიან და სანათესაოშიც სამაგალითო მეოჯახეები არიან.
არაფრით მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია თქვას: მე თუ ვერ გავიგებ, გაერთოს ჩემი ქმარი, მე რა დამაკლდებაო! პირიქით, მეც თქვენსავით მძაგს ამის მოსმენა და ერთგვარ ზიზღნარევ სიბრალულს მიჩენს მთქმელის მიმართ, მაგრამ ერთხელ ერთმა ახლობელმა ქალმა მითხრა: ყველა მეგობარს ვაფრთხილებ: თუ იცი, რომ ჩემი ქმარი "ქალებში დადის", არ მითხრაო. მშვენივრად ვცხოვრობ: მაქვს სამსახური, მანქანა, დავდივარ დაქალებთან ერთად კაფეებში, შვილებთან ერთად დასასვენებლად, არ მაკლია ფული, ქმრის პატივისცემა და მისი მოკლევადიანი გართობები საერთოდ არ მაინტერესებსო... ვერ გეტყვით, მისი დამოკიდებულებით მოვიხიბლე-მეთქი, მაგრამ ჩავთვალე, რომ რადგან ადამიანს უღირს ასე ცხოვრება - ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე კი ისღა დამრჩენია, უბრალოდ, მის აზრს პატივი ვცე!
ისე, "კეთილისმყოფელებს", რომლებიც ქართულ რეალობაში ლამის ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, ცალკე "ტკბილად" მოვიკითხავ - ვერ გამიგია, რატომ უნდა გინდოდეს, შენი "სიმართლით" სიცოცხლე გაუმწარო და ტკივილი მიაყენო ადამიანს?! განა ვისაც დანახვა და გაგება უნდა, შენი დახმარების გარეშე ვერ დაინახავს და გაიგებს, რაც მის თავს ხდება?! - ამის დიდხანს დამალვა ისეთ პატარა ქვეყანაში და ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენ ვართ, ხომ თითქმის შეუძლებელია!
ჰოდა, ძვირფასო ქალებო, თუ დავიჯერებთ იმას, რომ მამაკაცებს "ეს" ფიზიოლოგიურად სჭირდებათ და მათი საქციელი არა ხასიათის ან მორალური თვისება, არამედ ერთგვარი ციებ-ცხელება, სახადია, მაშინ გამოდის, რომ ისინი კი არ გვღალატობენ, არამედ ავადმყოფობენ... და ჩვენ, როგორც ყურადღებიან და მოსიყვარულე ცოლებს შეეფერებათ, უნდა "ვუმკურნალოთ" და "მოვუაროთ". ოღონდ ეს თავად გადაწყვიტეთ, რით ან როგორ "უმკურნალებთ"...
ასევე იხილეთ: