სახლში ისე შემოვიპარე,არავის შეუმჩნევია. დაბნელებამდე ქალაქში ვიხეტიალე, მერე ეზოში"ბირჟის" დაშლას დაველოდე და ამოვედი. ახლა საბანში შევძვრები და წარმოვიდგენ, რომ გავქრი.
მე ღმერთის შეცდომის მსხვრეპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ და ვიცი, ქუჩაში ვიღაც ღორივით დამკლავს. დანარჩენები იტყვიან, რომ ჩამაძაღლეს. სიკვდილის არ მეშინია. მკვლელის - კი.
გამბედაობა რომ მეყოს, თავს თვითონაც მოვიკლავდი. როცა მოვკვდები,მინდა წითელ კაბა მეცვას. არა,მარიამ სტიუარტივით სისხლის ლაქების დასაფარად არა. ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი და ყველას ისეთი დავენახებოდი, როგორიც ვარ. მკვდარს მაინც ვეღარაფერს დამაკლებდნენ. იმ მაღალქუსლიანებსაც ჩავიცმევდი,გუშინ რომ ვიყიდე. ცოტა პატარა მაქვს. მაღაზიაში ვერ გავიზომე. შემრცხვა. და შემეშინდა.
წლების წინ დაახლოებით ასეთი ფეხსაცმელები ჰქონდა დედას. ერთხელ დაინახა,როგორ ვიცმევდი,მაგრამ ვერაფერს მიხვდა. მაშინ ვერც მე ვხვდებოდი, რატომ განვსხვავდებოდი ყველა ბიჭისგან.
დედაჩემი ისე წავიდა, არასდროს უთქვამს რომ ლამაზი ვარ. მე კი მთელი ბავშვობა ამ სიტყვების მოსმენაზე ვოცნებობდი.
ვიცი არეულად ვწერ. ისევე არეულად, როგორც თავად ვარ. ამას გარდა, დღიურების წერასაც გადავეჩვიე. 17-18 წლის ასაკში ავიღებდი ხოლმე ლურჯ რვეულს, წარწერით "ტეტრად",ტკივილით ვავსებდი და ვხევდი. მაშინაც მეშინოდა. მხოლოდ იმ ფურცლებს ვუამბე, თუ როგორ შეგვიყვარდა მე და ჩემს დას ერთი და იგივე ბიჭი. ჩემი და მისით მანიპულირებდა, მე მართლა მიყვარდა, თუმცა უპირატესობა მისკენ იყო - ის გოგონა იყო.
ამას იმიტომ არ გიყვებით,რომ შემიბრალოთ. მე არ მჭირდება თქვენი სიბრალული. მე მინდა იცოდეთ, თუ რა რთულია გეშინოდეს იყო ის, ვინც ხარ. ბავშვობიდან, როცა საკუთარ თავს ბიჭის ტანსაცმელში ვუყურებ, მეშინია.
ჰო, მე მეშინია საკუთარი თავის და კიდევ უფრო მეშინია თქვენი.
ყოველ ღამე მესიზმრება, რომ ქალი ვარ, საქორწილო კაბა მაცვია ...
თენდება. ჩემი სამყარო სადღაც ქრება და მარტოობის ეპოქაში ვიღვიძებ.
ახლა სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თვალებს მზერას ვარიდებ.
არ ვიცი, ვისი სხეული მაცვია.
არავინ თქვას, რომ ღმერთი შეუმცდარია...
მისი შეცდომების გამოსწორება ექიმების ხელთაა!
იხილეთ: "მე ვარ ის, ვისაც საკუთარი ბედნიერება უკანასკნელი ხურდასავით ამოაცალეს ჯიბიდან. თქვენ კი ერთადერთი ხართ, ვინც მომისმენს" - მკითხველის ისტორია