შოშიას ბლოგი: დედებო, როცა შვილზე ხელს ასწევთ, შეხედეთ მის თვალებს!

შოშიას ბლოგი: დედებო, როცა შვილზე ხელს ასწევთ, შეხედეთ მის თვალებს!
როდესაც ბავშვი გავაჩინე, საყოველთაო სიხარულისა და მილოცვების შემდეგ პირველი, რაც მძაფრად დამამახსოვრდა, იყო ჩემი მამამთილის ბრძნული გამომეტყველებითა და თითის აწევით ნათქვამი სიტყვები: "შვილი უნდა გაზარდო მკაცრად!" ეს ისეთი ფოლადგარეული ინტონაციით მითხრა, მახსოვს, ცივმა ჟრჟოლამ დამიარა.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მოგვიანებით მისმა გაზრდილმა შვილმა ამიხსნა: "ჩემს გარშემო ვისაც ფიზიკურად სჯიდნენ, ყველა კაცი გამოვიდა, ვისაც ანებივრებდნენ - ქურდი და ყაჩაღი!" აი, თურმე რა იგულისხმებოდა მკაცრად აღზრდაში!
ეს იყო სრული შოკი!

თავიდან ვცდილობდი საპირისპირო
დამემტკიცებინა მათთვის და ვიშველიებდი პირად მაგალითებს: როგორ მეგობრობდა ჩემთან დედა, როგორ ვანდობდი მას ყველა ჩემს საიდუმლოს, როგორ უსიტყვოდ ვკითხულობდი დედაჩემის ერთ შემოხედვაზე მის აზრებს. მამაჩემის კი, რომელსაც ხმა არასდროს აუწევია ჩემთან, ისეთი რიდი მქონდა, მის გაბრაზებას ყველაზე მძიმე სასჯელი მერჩივნა.

სულ ტყუილად - როცა ადამიანს არ სურს გაგება, როცა მისი გონება და ფსიქიკა გაუცნობიერებელი სტერეოტიპების ტყვეობაში იმყოფება, საპირისპიროს მტკიცება უაზრობაა, წყლის ნაყვაა.

გინახავთ შიშისგან დამფრთხალი ბავშვის დაფეთებული თვალები? - ნანახი გექნებათ, ქართულ რეალობაში ეს ისეთი ხშირია, "ბოთლებს ვიბარებ, ბოთლებს"-ავით ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა.

არაერთხელ შემხვედრია დედა, რომელსაც ქუჩაში ხელჩაკიდებული პატარა მოჰყავს, ის რაღაცას ითხოვს, ჭირვულობს, ტირის. დედა კარგა ხანს ყურადღებას არ აქცევს (რაც ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია), მოგვიანებით კი, როცა შეწუხდება, ბოლო ხმაზე უყვირის, ეჩხუბება და არც თუ იშვიათად წამოარტყამს კიდეც.

და როგორ გგონიათ, ვინ არის დამნაშავე ამ დროს: მხოლოდ დედა? - არა! დამნაშავე ვართ ყველა! მგონი, მიზეზის ახსნა საჭირო არ არის...
გვერდზე გადავდოთ ის ფაქტორი, რომ ფიზიკურად დათრგუნული ადამიანი სოციალურად არასრულფასოვანი, კომპლექსებით დახუნძლული და პოტენციური მოძალადეა და ამ ყველაფერს შევხედოთ ზუსტად იმ დაშინებული ბავშვის დამფრთხალი თვალებით...

...მაგრამ ჩვენ ხომ ვერ ვხედავთ ამ თვალებს, როცა სიბრაზისგან გაგიჟებულები აგრესიისგან გათავისუფლებას ყოვლად დაუშვებელი მეთოდებით ვცდილობთ! ამ დროს ვერც კი ვამჩნევთ, რომ ჩვენს წინ სრულიად უმწეო პატარა ადამიანი დგას, რომელიც კარგად ვერ აცნობიერებს, ასეთი რა დააშავა, განა რა ქვეყანა დაიქცა, რომ მისი საყვარელი ადამიანები ფიზიკურ ტკივილთან ერთად ამხელა ემოციურ სტრესს აყენებენ! ამ დროს ჩვენ ხომ უბრალოდ, ვერევით მას! დიდები მოვერიეთ პატარა, უსუსურ არსებას, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა საკადრისად არ შეუძლია! აბა, ჩვენი ტოლფასი ფიზიკური შესაძლებლობები ჰქონოდა, ნუთუ იგივეს გავუბედავდით?!

ის, რომ მას სიცოცხლე ვაჩუქეთ, ტანჯვით გავაჩინეთ და გავზარდეთ, არანაირ მორალურ და იურიდიულ უფლებას არ გვაძლევს რამე ვატკინოთ, ვავნოთ, ამგვარი სადისტური მეთოდებით " ვასწავლოთ ცხოვრება".

ჩვენ გვენანება სადილის ნარჩენები გადასაყრელად, რადგან მისი მომზადების დროს ვიწვალეთ, მაგრამ ტკივილისთვის არ გვენანებიან საკუთარი შვილები! გვენანება ჩვენი დალაგებული სახლი ასარევად, მაგრამ მძიმე ფსიქო-ემოციური სტრესისთვის არ გვენანებიან ბავშვები! გევენანება ნივთები, ცხოველები (რომლებიც, დიახაც, უნდა გვენანებოდეს!), მაგრამ არ გვენანებიან ჩვენზე სუსტი ადამიანები!

პირიქით, გამარჯვებულის სიამაყით ვიოხებთ გამეხებულ გულს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ნერვები ვერ მოვთოკეთ! ურთიერთობისთვის სწორი გზები ვერ ვიპოვეთ! და კი არ გავიმარჯვეთ, რამედ ყველაზე სამარცხვინოდ, ლაჩრულად, საზიზღრად დავმარცხდით!

ამ დროს ყველაზე სასტიკი მხეციც კი უფრო ჰუმანურია ჩვენთან შედარებით!

...და რას ვგრძნობთ ჩვენ ამის შემდეგ?! - ნუთუ ზუსტად ისევე არ გვტკივა: ყრუდ და მძიმედ, როგორც ჩვენს შვილებს?! ნუთუ ზუსტად ისე არ ვიღლებით ემოციისგან, როგორც ისინი?! ნუთუ არ გვრცხვენია მათი საყვედურით სავსე, ცრემლიანი თვალების?! მათი თოთო, პატარა გულების, მათი უპირობო სიყვარულისა და ძალადობით მიღწეული მორჩილების?!

რატომ არ ვითხოვთ მათგან პატიებას ისეთივე გულწრფელი ცრემლის ღაპაღუპით, როგორც ისინი აკეთებენ ამას?! სირცხვილი ჩვენ! - დიდებს, რომლებიც მხოლოდ ფიზიკურად ვართ დიდები და მიუხედავად იმისა, რომ ვამთავრებთ უნივერსიტეტებს, ვკითხულობთ წიგნებს, ვუყურებთ ტელევიზორს, ჩავკირკიტებთ ინტერნეტს, მაინც ვერ გავიზარდეთ და ვერ ვისწავლეთ ელემენტარული რამ, სულ მცირედი - ადამიანობა!




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
Elene
Dedachemi ityoda-cema rom adamians sworad zrdides viri yvelaze damjeri cxoveli iqnebosao. Bavshvi aucileblad unda daisajos, magram ara cemit. Mec myavs 4 da shemizlia vtqva pirvel shviltan dashvebuli shecdomebi gavitvaliswine momdevno shvilebze da uketesi shedegi momca simshvidis shenarchunebam da tbilad axsnam, rom ar iqceva kargad da tundac dges ar wava saseirnod. Gaanalizos unda bavshvma tavisi danashauli. Unda vkitxot da tviton agiareben, rom daashava. Xshirad mshoblebs zustad es gvezareba da kivili da dartyma uceb gvigvarebs gvgonia saqmes. Arada is imwutas cherdeba da radgam shegnebit ver xvdeba danashauls isev imeorebs da ufro agresiuladac. Swavlovs tyuils, radgam zustad mshoblis am agresiis eshinia. Arada mshvidad axsna chvenc simshvides gvazlevs da cemisa da nervebis datxris magivrad vigebt swor gzrdas.
08:50 / 02-08-2018
გამოხმაურება / 0 /
თამო
ნატო, მხოლოდ ბავშვი მოიქცევა მასე რომ დუხი დაღვაროს და ბოთლი ისროლოს, გასაკვირია როცა დიდი იქცევა მასე.ბავშვი კი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვია, და თუ გადაამეტა, აღზრდა აკლია...
16:56 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93