უშვილობის პრობლემა წყვილებს მთელ მსოფლიოში აწუხებთ. 2013 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ პაციენტების 93%-ში უშვილობას ფსიქიკურ და სოციალურ დისკომფორტამდე მივყავართ.
ის ამცირებს პროფესიულ აქტივობას და განქორწინებათა რიცხვს ზრდის. სამედიცინო სფეროში არსებული ინოვაციების მეშვეობით ამ პრობლემის გადაჭრაც შესაძლებელია, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. "ნიუ ლაიფ ჯორჯიის" დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით, ინვიტრო განაყოფიერება საქართველოშიც ხარისხიანად ტარდება. რა თანხებთან არის დაკავშირებული და რა პროცედურებია საჭირო ხელოვნური განაყოფიერებისთვის, ჩვენს მკითხველსაც უამბობს.
- სამწუხაროდ, უშვილობის პრობლემის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ქორწინებაში და რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ყოველ მეოთხე წყვილს აღენიშნება უშვილობის პრობლემა. მიზეზი სხვადასხვაა და განპირობებულია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ფაქტორებით. მათ შორისაა: ენდომეტრიოზი, ჰორმონული დარღვევები, აზოოსპერმია და ა.შ. ასევე არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი წყვილი მიმართავს ინვიტრო განაყოფიერებას. თითოეული კლინიკა წელიწადში 200 დან 1000-1500-მდე ინვიტრო პროცედურას ატარებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში 8 კლინიკაა, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში - 500, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ბევრ წყვილს ესაჭიროება ამ მეთოდით დახმარება.
- რა პროცედურები არის საჭირო ხელოვნური განაყოფიერებისთვის?
- ხელოვნური განაყოფიერების ჩასატარებლად წყვილები მოგვმართავენ, ხდება გამოკვლევების ჩატარება და იგეგმება ინვიტროს თარიღი. რაიმე სხვა ოფიციალური პროცედურები საჭირო არ არის.
- როდის მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?
- ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ წყვილები მაშინ, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდება. უცხოეთში თუ წყვილს 1-წლიანი მკურნალობის შემდეგ შედეგი არ აქვს, აგზავნიან ინვიტრო პროცედურაზე. საქართველოში კი, ოღონდ ექიმმა პაციენტი არ დაკარგოს, 10 წელი შეიძლება უმკურნალოს უშედეგოდ და წლები დააკარგვინოს ფუჭ იმედებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარჯებზე. ხელოვნური განაყოფიერება, მედიკამენტების თანხის გათვალისწინებით, ჯდება 5000 ლარი, რაც საკმაოდ ძვირია ქართველებისთვის. უცხოეთში ინვიტრო განაყოფიერება 3500-5000 დოლარი ჯდება, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში - 15 000 დოლარი.
- რომელი უფრო ხშირია თქვენს პრაქტიკაში, ქალისა თუ კაცის უშვილობის შემთხვევები?
- უფრო ხშირია ჩვენს პრაქტიკაში ქალის უშვილობის შემთხვევები. გაგრძელება