პოპ პრინცესა და მოდის დედოფალი - ასე უწოდებენ ავსტრალიელ დებს, მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს - კაილი და დანი მინოუგებს.
კაილი მინოუგი დასახელებულია საუკეთესო ქალ-შემსრულებლად (2002 წელი. BRIT AWARDS), მიღებული აქვს ”გრემის” პრემია საუკეთესო წარმოდგენისთვის (2004 წელი). პოპ პრინცესა სიდნეიში ხშირად მართავს კონცერტებს, აქაურებისთვის ეს მართლაც ზეიმია.
პროფესიით დიზაინერ დანი მინოუგს კი სიდნეიში საკუთარი ბრენდის - ”დანის” მაღაზია აქვს. აქ ძალიან პოპულარულია ”დანის” სახელობის ტანსაცმელი და აქსესუარები. დანი მინოუგი მომღერალიც გახლავთ. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიაში, რადიოში, მონაწილეობდა ტელესერიალებშიც. გთავაზობთ დანი მინოუგთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.
- რას გაიხსენებთ თქვენი და კაილის ბავშვობიდან?
- ჩვეულებრივი ბავშვები ვიყავით, ვთამაშობდით, ვკამათობდით, ვმეცადინეობდით, ხანდახან ვზარმაცობდით კიდეც. ჩვენ ძმაც გვყავს - ბრენდანი. კაილი უფროსია და ფიქრობდა, რომ ყოველთვის მისთვის უნდა დაგვეჯერებინა.
მახსოვს, ხშირად ვთამაშობდით კარტს და ვიდრე არ მოიგებდა, თავს არ გვანებებდა. ასე რომ, არ ვიცოდი, რა უფრო უნდა გამხარებოდა - ჩემი მოგება თუ კაილის (იცინის).
- როდის დაიწყეთ დებმა სიმღერა?
- ბავშვობიდან ვმღერით. მე მიუზიკლებში ვთამაშობდი, შემდეგ წარმატება მომიტანა ჰიტებმა - ”ლავ ენდ ქისიზ” (LOVE AND KISSES) და ”ზის იზ ით” (THIS IS IT). კაილი კი ხმის ჩამწერი სტუდიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა აღმოაჩინა. მოუსმინა კაილის, მოიხიბლა მისი ხმით, არტისტიზმით და კონტრაქტიც შესთავაზა. ასე დაიწყო კაილის კარიერა.
- თქვენ ბევრ სფეროში მოსინჯეთ ძალები, რა საქმიანობა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?
- დიდ სიამოვნებას მანიჭებს საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ - დიზაინერი ვარ, ჩემი სახელობის მაღაზიები მაქვს ავსტრალიაში, ინგლისსა და ირლანდიაში. 1988 წელს შევქმენი ბრენდი -”დანი”. ძალიან მსიამოვნებს ახალი, მოდური სამოსის შექმნა.
- რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა გამოსასვლელი კაბის შეძენისას?
- ქალმა ან მკერდი უნდა გამოაჩინოს, ან ფეხები, ამიტომ კაბა უნდა იყოს ან გრძელი, ღრმა დეკოლტით, ან მოკლე და გულდახურული. ორივე შემთხვევაში ქალი ელეგანტური და მიმზიდველი იქნება.
- კაილის მომღერლობის გარდა სხვა პროფესიაზე არასდროს უოცნებია?
- გაგიმხელთ მის ოცნებას - სურს, წარმატებული მსახიობი იყოს. 1993 წელს ცნობილმა ავსტრალიელმა რეჟისორმა ბაზ ლურმანმა კაილის ფილმ ”მულენ რუჟში” მონაწილეობა შესთავაზა. ჩემი და პატარა როლზე დააკავეს და ამით კაილი დღემდე ამაყობს. კიდევ სურს, ითამაშოს ფილმებში და საინტერესო გმირები განასახიეროს.
- ერთმანეთს თუ გამსგავსებენ?
- ძალიან ხშირად და ორივეს ძალიან გვსიამოვნებს. ვამაყობ ჩემი დით და მიხარია, რაღაცით მაინც თუ ვგავარ.
- მშობლებს ხშირად ნახულობთ?
- რა თქმა უნდა. თანაც ვცდილობთ, ერთდროულად ვესტუმროთ - მელბურნში ცხოვრობენ. მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. მამა ფინანსისტია და, შესაბამისად, ფინანსურ საკითხებში ჩვენი მრჩეველიც ის არის. დედა ყველა ტურზე დაჰყვება კაილის, მე კი ბავშვის გაზრდაში მეხმარება.
- თქვენს პატარაზეც გვიამბეთ.
- ითან ედვარდ სმიტი ერთი წლისაა. ძალიან საყვარელი ბავშვია. მე მამსგავსებენ, ჩემნაირი თვალები აქვს, ბუნებით კი უფრო მამას ჰგავს - ცოტა ჯიუტია (იცინის). მე და კრის სმიტი ერთმანეთს იბიცაში შევხვდით. ის ყოფილი მორაგბეა. ერთმანეთი შეგვიყვარდა, ბავშვმა კი უფრო დაგვაახლოვა. ჩვენთვის ითანი ცხოვრების აზრია.
- კვლავ კაილის დავუბრუნდეთ. ვიცი, რომ მას წლების წინ მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
- კაილის ეს დიაგნოზი 2005 წელს დაუსვეს. გაიკეთა ოპერაცია, შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაიტარა. კაილი ძლიერი პიროვნებაა და გაუმკლავდა ამ განსაცდელს. ახლობლები მხარში ვედექით, თუმცა აქეთ გვამშვიდებდა ყველას. საერთოდ, ყველაფერში დადებითს ეძებს და იმედს არ კარგავს.
ალბათ, ეს დაეხმარა. ამჟამად კაილი ეხმარება მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს. მისი
ინიციატივით დაარსდა ფსიქოლოგიური ცენტრიც.
- რას ეტყვით ქალბატონებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, მკერდის კიბო აქვთ?
- ყველა ქალბატონს ვურჩევ, დროულად მიხედოს ჯანმრთელობას, გაიაროს კონსულტაციები, რადგან საწყის ეტაპზე ეს დაავადება იკურნება. მიბაძეთ კაილი მინოუგს - არ დაკარგოთ იმედი.
სპეციალურად ”ყველა სიახლისთვის” ავსტრალიიდან თათული ბართაია