ამერიკაში მოღვაწე რეჟისორმა - არსენ აგადჯანიანმა ორი დღის წინ თბილისში ფილმის გადაღება დაასრულა. საკუთარ სურათში არაერთი ქართველი მსახიობი თუ უბრალოდ, ცნობილი ადამიანი მიიწვია.
მათ შორის არის ბახვა ბრეგვაძეც. როგორც ის ამბობს, ფილმის შინაარსის გამხელის უფლება არ აქვს. პროექტს ასე ჰქვია - "მან თქვა: დედა". ბახვას ინფორმაციით, ფილმს ემირ კუსტურიცას მემონტაჟე დაამონტაჟებს, ხოლო თავად მას კი უშუალო პარტნიორობას მსახიობი ვიკა კალანდია უწევს, ასევე, ბავშვები. თუმცა გადაკვეთა ფილმში მონაწილე ყველა მსახიობთან აქვს, რადგანაც ამბავი მათი ოჯახის გარშემო ვითარდება...
ბახვა გადაღებებზე კასტინგით მოხვდა: "საქართველოში თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში მოიწვიეს პროდიუსერი და კასტინგ-მენეჯერი თამარ გოგიჩაიშვილი, რომელმაც მასტერკლასები ჩაატარა. მერე რამდენიმე მსახიობს, მათ შორის, მეც, პატარ-პატარა ვიდეოები გადაგვიღო და თან წაიღო. ერთ თვეში მომწერა, რომ ამა და ამ როლზე ვიყავი დამტკიცებული. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა... ცოტა ხანში გავიგე, რომ ჩემი უშუალო პარტნიორი ვიკა კალანდია იქნებოდა, რამაც კიდევ უფრო გამახარა, - ამბობს ბახვა და ჩვენთან საუბარს განაგრძობს. - 'პროექტზე ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა, დიდი გამოცდილება მივიღე. გული იმაზე მწყდება, რომ თავის დროზე, თეატრალურ უნივერსიტეტში არ ვსწავლობდი. ბევრი საინტერესო პედაგოგი მეყოლებოდა. თუ გიზო ჟორდანიას ან თემურ ჩხეიძის ჯგუფებში მოვხვდებოდი, დიდად გამიმართლებდა, მათგან რამდენ რამეს ვისწავლიდი. მაგრამ არა უშავს, პარიზის კინოსკოლის საბუთი ხომ მაქვს, - დანარჩენს გამოცდილება მომიტანს. თან, ცნობილი რეჟისორების მოსწავლეები სხვადასხვა პროექტზე ხშირად არიან ხოლმე ჩემი პარტნიორები და მეც ვცდილობ, მათგან ის ყველაფერი ვისწავლო, რაც მჭირდება"...
ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, ფილმში მსახიობები - მზია არაბული და მამუკა ლორია ცოლ-ქმარი არიან. მათ შვილებს ანა ჯავახიშვილი და ვიკა კალანდია თამაშობენ. სიძის როლში თავად ბახვაა, ანუ ვიკას ქმარი, რომელთაც ერთი უფროსი გოგონა ჰყავთ, ტყუპი (გოგო), წლინახევრის ბიჭი და მეხუთეს ელოდებიან.
ფილმში ასევე თამაშობენ: მიშა გომიაშვილი, ლუკა თარხან-მოურავი, სოსო ლაღიძე, თამარა მაყაშვილი, ანი გიუნტერი, გია კორკოტაშვილი და სხვები. მთავარი პროდიუსერია თამარ გოგიჩაიშვილი. გაგრძელება