ინტერვიუ

ვინ არის ქართველი მერლინ მონრო და რაშია მისი სილამაზის საიდუმლო (+ ფოტოგალერეა)

 ვინ არის  ქართველი მერლინ მონრო და რაშია მისი სილამაზის საიდუმლო  (+ ფოტოგალერეა)
მარია ბლონდი ქართველი მომღერალი და მსახიობია, რომელიც არაორდინარული იმიჯით გამოირჩევა.
ცნობილი კი მერლინ მონროს იმიჯით გახდა. მსგავსება მართლა საოცარია! მარიას ყველა „ქართველ მერლინ მონროს“ ეძახის.

- მარია, რატომ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ქართველი მერლინ მონრო? როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?..

-   ეს გადაწყვეტილება თვითონ არ მიმიღია, უფრო ვიტყოდი, ხალხმა აიტაცა მერლინის ტიპაჟი. პროფესიით მსახიობი და მომღერალი ვარ, მაქვს ჩემი შოუ-პროგრამა. მრავალ ტიპაჟს შორის მერლინი ყველაზე ცნობილი გახდა. შემდეგ ტელევიზიაშიც მომიწვიეს და საზოგადოებამ უფრო ახლოს გამიცნო...

- თქვენი
ნამდვილი სახელი და გვარი?

- მარიამ ციმინტია.



- პირველად როდის გაგიჩნდათ სიმღერის სურვილი და რამდენად დიდი გარდატეხა მოახდინა სიმღერამ თქვენს ცხოვრებაში?

- ბავშვობიდან ვმღეროდი, ყოველთვის მინდოდა, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი (ისე, ტემბრით მეცო სოპრანო მაქვს), მაგრამ სამწუხაროდ, როკ-სიმღერებით ხმა გავიფუჭე. მუსიკას დიდი ძალა აქვს და უზარმაზარი მოვლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. მუსიკა რომ არა, ალბათ, ვერ გადავიტანდი რთულ პერიოდებს. მუსიკა ჩემთვის ჰაერივითაა, მის გარეშე არ შეიძლება არსებობა და მე მგონი, ყველა მუსიკოსი დამეთანხმება. როდესაც სცენაზე ვმღერი, ხალხს დადებით ემოციას ვაძლევ და ის ემოცია უკან მიბრუნდება. ამაზე სასიამოვნო გრძნობა ჩემთვის არ არსებობს. მუსიკა არის ცხოვრების რიტმი, ბიძგი და ადრენალინი.

- როგორ ფიქრობთ, გარეგნობის გარდა, რით ჰგავხართ მერლინ მონროს?

- შინაგანი სამყაროთი, ალბათ და საქმისადმი მიდგომით. მერლინ მონრომ შექმნა ისეთი ტიპაჟი, რომელზეც ყველა გიჟდებოდა. იყო სექსუალური, მიმზიდველი და არავის აინტერესებდა, როგორი იყო შინაგანად. არადა, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ნაკითხი, მათ შორის, ფსიქოლოგიის წიგნებსაც კითხულობდა, ხატავდა და წერდა ლექსებს. მიუხედავად თავისი მხიარული ხასიათისა, დიდი სევდა ჰქონდა გულში. ზუსტად მაგაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს. თუმცა, მერლინ მონრო - ნორმა ჯინი იყო და მე მარიამ ციმინტია ვარ, სხვაობა, რა თქმა უნდა, არის და უნდა იყოს, იმიტომ, რომ სულ სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვა ხასიათი გაგვაჩნია.

იხილეთ ფოტოგალერეა

- როგორ მიგიღოთ თავიდან საზოგადოებამ? არ გეშინოდათ ხალხის რეაქციის?

- საზოგადოებამ ძალიან კარგად მიმიღო. რა თქმა უნდა, იყო ხალხი, რომელსაც არ მოვეწონე და რომელიც თვლიდა, რომ არ ვგავარ მერლინს, რომ მარტო მისი ტიპაჟის განსახიერება შემიძლია, მაგრამ ეს იყო და არის მცირე რაოდენობა. ყველა ადამიანს თავისი აზრი გააჩნია და როგორც უარყოფითს, ასევე დადებით აზრს პატივს ვცემ.

- მოგვიყევით თქვენი ფსევდონიმის (მარია ბლონდი) ისტორია...

- მყავს მეგობარი, რომელსაც უკვე წლებია ვიცნობ. სულ მეუბნებოდა, რომ უნდა გამომეჩინა თავი, მეჩვენებინა ხალხისთვის ჩემი ნიჭი, მაგრამ სანამ დიდ სცენაზე და ტელევიზიაში გამოვჩნდებოდი, ფსევდონიმის მოფიქრება აუცილებელი იყო. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა და მარია ბლონდი - ეს  ფსევდონიმი შემომთავაზა (რაც ჩემს ქერა თმას უკავშირდება) - მე ძალიან მომეწონა. 5 წელია, ამ ფსევდონიმს ვატარებ.

- როგორც ვიცით, რამდენიმე იმიჯი გაქვთ მორგებული. გვიამბეთ ამაზე. კიდევ თუ აპირებთ ახალი იმიჯით გამოჩენას?

- ძალიან ბევრი იმიჯი მაქვს მორგებული, სულ ვიცვლები და არ შემიძლია ერთ სტილში სიარული. მაგრამ ძალიან მალე, საკუთარი, მარია ბლონდის იმიჯით წარვდგები. ეს გარდასახვა ახლო მომავალში მოხდება და ამისთვის კლიპის გადაღებასაც ვაპირებ. ახალი სიმღერა უკვე ჩაწერილია.

- თავად ირჩევთ, რა ჩაიცვათ სცენაზე, თუ რომელიმე დიზაინერი გეხმარებათ?

- მე თვითონ ვირჩევ ტანსაცმელს, ან ვაკერინებ ჩემს არაჩვეულებრივ მკერავს, ჩემი დიზაინით გაკეთებულ რეტრო სტილის სამოსს.

- თქვენი რომელი სცენური იმიჯი მოეწონა მაყურებელს ყველაზე მეტად და როგორ ფიქრობთ, რატომ?

- რა თქმა უნდა, მერლინ მონრო, იმიტომ, რომ თვითონ მერლინი არის ულამაზესი, მიმზიდველი, ქალური, საინტერესო და თვალშისაცემი, რასაც ჯესიკა რებითზე ვერ ვიტყოდი. ბევრს ეს ტიპაჯი არ მოსწონს და აღიზიანებს. ლედი გაგა, ელვის პრესლი, თინა ტერნერი, კრისტინა აგილერა და მადონა კი მერლინის მერე მოდიან. Marilyn is the best!


- რომ არა მუსიკოსი და მსახიობი, ვინ იქნებოდით?
- დიზაინერი, მოდელიორი. გავაკეთებდი რეტრო სტილის კოლექციას, შევქმნიდი საკუთარ ტანსაცმლის ხაზს.
reclama

- არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რომელს აირჩევთ, ოჯახს თუ კარიერას?

- ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩემ გვერდითაა. მათთვის ყველაფერს გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია ძალიან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული და ცოტა დრო მრჩება ოჯახისთვის, მაინც ყოველთვის ვცდილობ, ყოველი თავისუფალი საათი ჩემს შვილთან და მშობლებთან ერთად გავატარო.
უფრო ვიტყოდი, ავირჩევდი კარიერას - ოჯახისთვის. ჩემი ოჯახის წევრებს კარგი ცხოვრება რომ ვაჩუქო, შესაბამისად მაგარი პროფესია და სამსახური უნდა მქონდეს. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი მაწყობს.

- როგორც ვხედავთ, დიდ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში გარეგნობაზე ზრუნვა. იქნებ გაგვიმხილოთ თქვენი სილამაზის საიდუმლო? დარწმუნებული ვარ, მკითხველს ძალიან დააინტერესებს.

- კი, გარეგნობა ჩემი სავიზიტო ბარათია და აუცილებელია გამოვიყურებოდე კარგად, ლამაზად, მოვლილად და მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება გადაღება, კონცერტი თუ ჩვეულებრივი დღე. ქალი ყოველთვის ქალად უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ყველა ქალბატონმა უნდა დაიმახსოვროს, აუცილებელი არ არის, ბევრი ფული გქონდეს იმისთვის, რომ მოწესრიგებული ვარცხნილობა, სახე და ფრჩხილები გქონდეს ან გემოვნებით არჩეული ტანსაცმელი.
რაც შეეხება სახის მოვლას, მაკიაჟს მე თვითონ ვიკეთებ ყოველთვის და სხვათა შორის, ვარცხნილობაც ჩემი შესრულებულია.
კანს კი ჩვეულებრივ, მკვებავით ვუვლი. მთავარია, ბევრი წყალი სვათ. წყალს ჯადოსნური ეფექტი გააჩნია და ვფიქრობ, ყველამ უნდა სცადოს.

- ბუნებრივად რა ფერის თმა გაქვთ?
- ბუნებრივადაც ქერა თმა მაქვს, უბრალოდ, სამი ტონით მუქი.

- ყველაზე მეტად რა შთაგაგონებთ?

- ყველაზე მნიშნელოვანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში იყო ჩემი შვილის დაბადება. არასოდეს დამავიწყდება, რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიცანი ეს პატარა ანგელოზი და დედა გავხდი. მე მგონი, ყველა ქალის ცხოვრებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და უბედნიერესი მომენტია.

- რომელი ჟანრის მუსიკაა თქვენი საყვარელი?

- სიმართლე რომ გითხრათ, მე მელომანი ვარ, მიყვარს ყველა სტილი, მთავარია, გემოვნებიანი და კარგი იყოს. თუმცა სამ სტილს გამოვყოფ: როკი, ოპერა და ბლუზი.

- როგორი ხართ მაშინ, როდესაც არავინ გიყურებთ...

- ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მხიარული, ბავშვური, მეგობრული და რომანტიკული.
მიყვარს ხუმრობა, გართობა, ამავე დროს, სახლში ყოფნაც ძალიან მიყვარს და ვგიჟდები ძილზე. როგორც ყველა ადამიანს, მაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და სხვებისგან არაფრით განვსხვავდები.

- თქვენი საყვარელი ფილმი?
- ჩემი საყვარელი ფილმი არის Wuthering Heights, პირველი ეკრანიზაცია.

- სად ხედავთ საკუთარ თავს 10 წლის მერე? რა არის თქვენი მიზანი?
- მე ისევ ვიქნები ქართულ შოუბიზნესში, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო ფართო მასშტაბებში, შეიძლება საზღვარგარეთაც ვცადო ბედი. დრო გვიჩვენებს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არასოდეს გავჩერდები და ყოველთვის შევეცდები, რამე ახალი და საინტერესო შევთავაზო მაყურებელს. იხილეთ ფოტოგალერეა

მარიამ რაქვიაშვილი


ბეჭდვა
e87a93