რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში? - Marao

რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში?

2017-06-01 11:40:14+04:00

სექსუალურ და მიმზიდველ მოდელს, ნინი ონიანს მოდასა და სილამაზეზე ვესაუბრეთ. მან ასევე გაგვიზიარა თავისი შეხედულებები ქალურ ბედნიერებასა და მოვლილი ქალის თავისებურ ფორმულაზე.

- რომ არა მოდა, როგორი იქნებოდა მსოფლიო?

- ერთფეროვანი და მოსაწყენი.

- ლამაზ სხეულში ლამაზი სულია?

- არა... ყოველთვის არა.

- თქვენი ყოვედღიურობა მაკიაჟის გარეშე წარმოგიდგენიათ?

- ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ, მხოლოდ ტუჩსაცხი და ტუში.

- ქალისთვის ყველაზე ბედნიერი წლები...

- ბედნიერ წლებს, ვფიქრობ, ასე კონკრეტიკა არ აქვს... ბედნიერებას ასაკი არ აქვს.

- ქალი ყველაზე მოდური არის, როცა..

- იხდენს იმას, რაც აცვია, უსვია, ასხია და ა.შ.

- რომ არა კაცები, ქალი მოდას აჰყვებოდა?

- რა თქმა უნდა. ქალები, ჩემი აზრით, ჯერ ერთმანეთს აწონებენ თავს და შემდეგ კაცებს.

- გაქვთ ფერი, რომელსაც არ ღალატობთ?

- შავი.

- მოვლილი ქალის თქვენეულ ფორმულას ხომ არ გაგვიმხელდით?

- Happy Girls are the prettiest... საიდუმლოც ეს არის. არაფერი ალამაზებს ქალს ისე, როგორც ბედნიერი ღიმილი.

-ფიტნესი რა როლს ასრულებს თქვენს და ზოგადად, 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში?

- ვფიქრობ, აქტიური და ცხოვრების ჯანსაღი წესი საჭირო კი არა, უბრალოდ, აუცილებელია უკლებლივ ყველასათვის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სხეულს, რომელშიც ვიმყოფებით. მე ძალიან მიყვარს ვარჯიში.

- საყვარელსა და მავნე ჩვევას ხომ არ გაგვიმხელთ?

- მავნე ჩვევა სიგარეტია, რომელსაც პერიოდულად ვეტანები. მაქვს პერიოდები, როდესაც საერთოდ არ ვეწევი... 2 წელი, 3 წელი... შემდეგ ისევ ვიწყებ. ასე ვარ წლებია და ბოლომდე ვერ დავძლიე, თუმცა ახლა მეცხრე თვეში ვარ და მთელი 9 თვეა, არც კი გამიხედავს მისკენ.

საყვარელი ჩვევა და ასევე სასარგებლო, ვარჯიშია...

- ”სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო”, სტერეოტიპია თუ არა? რას იტყვით თქვენი გამოცდილებიდან ამის შესახებ?

- გააჩნია, მსხვერპლში რა იგულისხმება... ნებისყოფას მოითხოვს და ფინანსებს, ეს უფრო რეალურია, ვიდრე მსხვერპლი. კარლ ლაგერფილდმა თქვა: "ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, სისულელეა, სილამაზე მოითხოვს ფინანსებს".

- შეცვლიდით რამეს საკუთარ გარეგნობაში და თუ შეცვლიდით, რას?

- უფფ... კი შევცვლიდი... უბრალოდ ვფიქრობ, რომ რაიმეს რომ ხელი მოვკიდო, იმაზე უკეთესი ვერაფრით ვიქნები, ვიდრე ვარ. თუმცა არ მომწონს ჩემი ცხვირი, ტუჩი... ვისურვებდი, სხვანაირი მქონოდა. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სხვანაირი უფრო მომიხდება.

- მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მეტად თავდაჯერებული ხართ თუ უბრალოდ კედებში?

- რა თქმა უნდა, ქუსლიან ფეხსაცმელში. კედები არ მიყვარს.

- რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი აქსექსუარი და რაიმე მოგონებას ხომ არ უკავშირდება?

- ძალიან მიყვარს ბეჭდები, საათი და სათვალე... ძირითადად, მჩუქნიან და ავტორებიდან გამომდინარე, მოგონებაც არის და საყვარელი ნივთიც.

- ის, თუ რა დევს ჩანთაში, ხშირად ქალის ხასიათს განსაზღვრავს. გაგვიმხელთ, რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის თქვენს ჩანთაში?

- ტანსაცმლიდან დაწყებული, კოსმეტიკა, სუნამო, საფულე, სათვალე... ხშირად ბევრი სხვა უცნაური ნივთიც მოიძებნება... დიდი და ტევადი ჩანთები მიყვარს, რომ ყველაფერი ჩავტიო, რაც მჭირდება.

მერიემ კაკაურიძე